თამარ ვახვახიშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვახვახიშვილი.

თამარ ნიკოლოზის ასული ვახვახიშვილი (დ. 4 იანვარი, 1894, ვარშავა — გ. 31 ოქტომბერი, 1976, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

თამარ ვახვახიშვილი იყო პოლკოვნიკ ნიკოლოზ ვახვახიშვილის ქალიშვილი, ისტორიკოს ივანე ჯავახიშვილის ბიძაშვილი (დედის მხრიდან).

სწავლობდა (1912-1917) პეტროგრადის კონსერვატორიაში, შემდეგ (1926-1927) დაამთავრა პარიზის კონსერვატორიის პაულ ვიდალის (1863-1931) საკომპოზიციო კლასი. 1921–1926 წლებში იყო თბილისის მუსიკალური სკოლის დირექტორი, ამავე დროს რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების მუსიკალური ნაწილის გამგე. 1933–1971 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში, რომლის წამყვან თეატრებში მუსიკალურად გააფორმა მრავალი სპექტაკლი.

თამარ ვახვახიშვილი იყო კოტე მარჯანიშვილის უახლოესი თანამშრომელი. მან დიდ ხელოვანთან ერთად საფუძველი ჩაუყარა და ტრადიცია შეუქმნა თბილისის დრამატულ თეატრში მუსიკალური ხელოვნების ფართოდ დამკვიდრებას. შექმნა მუსიკა 100-მდე დრამატული სპექტაკლისათვის. მათ შორის: „ცხვრის წყარო“, „ურიელა კოსტა“, „კაკალ გულში“, „გუშინდელნი“, „როგორ?“, „ხატიჯე“, „ყვარყვარე თუთაბერი“, „თეთრები“, „ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ“, „ბეატრიჩე ჩენჩი“, „მასკარადი“ და სხვა.

თამარ ვახვახიშვილი ავტორია ასევე სხვადასხვა ჟანრის ორიგინალური ნაწარმოებების, მაგალითად მის კალამს ეკუთვნის ბალეტები: „ბახუსის დღესასწაული“, „სიყვარულის ბანგი“, „სპარტაკი“, პანტომიმები: „მზეთამზე“, „ხანძარი“, მუსიკალური კომედია „დონ ჰილი — მწვანე შარვალი“ და მრავალი სხვა. თამარ ვახვახიშვილმა დაგვიტოვა შესანიშნავი მოგონებები „თერთმეტი წელი კოტე მარჯანიშვილთან“.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 149, თბ., 1994
  • ჯავახიშვილი ნ., ივანე ჯავახიშვილი, ნაწ. I, ჟურნ. „ისტორიანი“, 2014, №2 (38). — გვ. 28-34.