ევგენი ლანსერე
ევგენი ლანსერე (რუს. Евге́ний Евге́ньевич Лансере́; დ. 4 სექტემბერი, 1875, პავლოვსკი — გ. 13 სექტემბერი, 1946, მოსკოვი) — რუსი მხატვარი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი, ცნობილი მოქანდაკე ე. ა. ლანსერეს შვილი. რსფსრ-ის სახალხო მხატვარი (1945). იყო გაერთიანება „Мир искусства-ს“ წევრი და გაერთიანების ჟურნალის თანამშრომელი. განიცადა ა. ბენუასა და კ. სომოვის გავლენა.
1920-1934 წლებში ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა ეთნოგრაფიული მუზეუმში. 1922–1934 წლებში ლანსერე თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი და ფერწერის ფაკულტეტის დეკანი იყო. არის საქართველოს სსრ სახელმწიფო გერბის თანაავტორი და ასფსრ სახელმწიფო გერბის ავტორი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ფრანგული წარმომავლობის ცნობილი რუსი ხელოვანების ოჯახში. 1892-1895 წლებში სწავლობდა პეტერბურგის მხატვართა წამახალისებელი საზოგადოების სამხატვრო სკოლაში. 1895 წელს მიემგზავრება ევროპაში და პარიზში სწავლას იწყებს ჯერ ფილიპო კოლაროსის აკადემიაში (1895-1896), შემდეგ — როდოლფ ჟულიანის აკადემიაში (1896-1897). 1898 წელს იღებს დაკვეთას და ასრულებს გრაფიკულ ნამუშევრებს 1899 წელს ეკატერინე ბალაბანოვას მიერ პეტერბურგში გამოცემული წიგნისთვის „ლეგენდები ბრეტანის ძველი ციხესიმაგრეების შესახებ“. 1907-1908 წწ-ში თანამშრომლობს ნიკოლაი ევრეინოვთან და თეატრის ისტორიკოსთან, მემუარისტ ბარონ ნიკოლაი ფონ დერ ოსტენ-დრიზენთან ერთად მონაწილეობს „ძველებურ თეატრის“ დაარსებაში. ასრულებს თეატრის სპექტაკლებისთვის ესკიზებს (ბალეტი „სილვია“, „პატრიკის ტაძრები“). 1911 წელს ქმნის ნამუშევარს ტემპერაში - „პეტრე პირველის დროის ხომალდები“, რომელსაც ტრეტიაკოვის გალერეა იძენს. თანამშრომლობს არქიტექტორებთან და აპროექტებს საინტერესო ინტერიერებს („კაფე ბელგრადში“); მუშაობს კედლის მხატვრობაში (ფრესკა მოსკოვის დიდ სასტუმროში, პლაფონისა და ფრიზის მოხატულობა ტარასოვების სახლში, პეტერბურგში ფრესკა Café de France-ში). პირველი მსოფლიო ომის დროს (1914-1915) სამხედრო მხატვარი-კორესპონდენტია კავკასიაში. მისი ნახატები ღია ბარათებად იბეჭდებოდა. 1917-1919 წწ-ში ცხოვრობს დაღესტანში, თემირ-ხან-შურაში. 1919 წელს მუშაობს მხატვრად ანტონ დენიკინის მოხალისეთა არმიის სამაუწყებლო-პროპაგანდისტულ ბიუროში.
ცხოვრება თბილისში
რედაქტირება1920 წელს გადავიდა თბილისში, სადაც 14 წელს დაჰყო. 1920 წელს მუშაობას იწყებს მხატვრად საქართველოს ისტორიისა და ბუნების ცენტრალურ მუზეუმში (შემდგომში სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი), რაც მას საშუალებას აძლევს გაეცნოს საქართველოს კულტურას, ისტორიას, მატერიალურ ძეგლებს. როგორც გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ (11. VI. 1920) იუწყება, მხატვრები ლანსერე, ნიკოლაძე, შევარდნაძე, ერისთავი და შარლემანი შეუდგნენ დამოუკიდებელი საქართველოსთვის ახალი ფულის ნიშნების პროექტის შედგენას. მაგრამ 1921 წლის ანექსიის შემდეგ ე. ლ. იოსებ შარლემანთან ერთად უკვე ქმნის გასაბჭოებული საქართველოს გერბს. 1920-იანი წწ-ის დასაწყისში აფორმებს ეგნატე ნინოშვილის „პალიასტომის ტბას“; 1921 წელს ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის დროს, ის გიორგი ჩუბინაშვილის მიერ ორგანიზებულ დავით გარეჯის ექსპედიციაშია. ქმნის ფერწერულ ნამუშევრებს: „ლავრას საგუშაგო კოშკი მზის ჩასვლისას“, „უდაბნოს მონასტერი.საერთო ხედი მთის წვერიდან. თბილისის მხარეს“, „ლავრას შიდა ეზო“ და სხვ. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ექსპედიციებშია: შიო მღვიმეში, გურიაში, მცხეთაში, ზედაზენზე, ბეთანიაში, ქუთაისში, დაღესტანში, სომხეთში, აზერბაიჯანში. უნიკალური იყო მისი ექსპედიცია 1927 წელს სვანეთში, სადამდეც 30-კმ-იანი ლეჩხუმის უღელტეხილის ფეხით გადასვლით მიაღწია და სადაც აწარმოა დღიურის ჩანაწერები, პირადი წერილები და უმდიდრესი სახვითი მასალა (ჩანახატების 3 ალბომი, 30 ნამუშევარი ტემპერით, სანგინით, ნახშირითა და აკვარელით), რომელიც ძირითადად ასახავს ზემო სვანეთის 14 თემის ყოფას. ამზადებს მაკეტებს წიგნებისთვის თბილისზე, სადაც შედის 12 ლითოგრაფია თბილისის ხედებით და სვანეთში ექსპედიციისას შესრულებული სერიისთვის (არც ერთი წიგნი არ გამოიცა). 1922 წელს ვალერიან სიდამონ-ერისთავთან ერთად მუშაობს მხატვრად ივანე პერესტიანის ფილმზე „სურამის ციხე“. 1922 წელს მონაწილეობს თბილისის სამხატვრო აკადემიის დაარსებაში. იყო მისი პროფესორი, ფერწერის ფაქულტეტის დეკანი. 1927 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიის მივლინებით ნახევარი წლით მიემგზავრება პარიზში. 1930 წელს მოხატა საქართველოს ისტორიის მუზეუმის ვესტიბიული. 1937 წელს გიორგი ჩუბინაშვილმა უკვე მოსკოვში მცხოვრები ე. ლანსერე მოიწვია შოთა რუსთაველის საიუბილეო გამოფენაზე მონაწილეობისთვის. სერია მიძღვნილი რუსთაველის ეპოქის ქართული ხუროთმოძღვრებისადმი სწორედ ამ გამოფენასთან დაკავშირებით შეიქმნა.
1934 წლიდან ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც ასწავლიდა არქიტექტურულ ინსტიტუტში და სამხატვრო აკადემიაში, ასევე პეტერბურგში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ყიფიანი ნ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 237-238.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 122.
- კუკულაძე, კ. ევგენი ლანსერე, თბილისი, 1979
- მასხარაშვილი, მ. „ევგენი ლანსერე და კავკასია“, თბილისი, 1972
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ევგენი ლანსერე – Evgeni Lansere. ინტერნეტ ჟურნალი „ბურუსი“. ციტირების თარიღი: 2011-01-09.
- Лансере Евгений Евгеньевич. Энциклопедия русских художников, ArtOnline.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-29. ციტირების თარიღი: 2011-01-09.
- ЛАНСЕРЕ, ЕВГЕНИЙ ЕВГЕНЬЕВИЧ. ენციკლოპედია. Онлайн Энциклопедия Кругосвет. ციტირების თარიღი: 2011-01-09.
- Евгений Евгеньевич Лансере. Проект «Картина недели», centre.smr.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-06. ციტირების თარიღი: 2011-01-09.
- Лансере Евгений Евгеньевич. Русские художники. Русская живопись. ციტირების თარიღი: 2011-01-09.
- Лансере Евгений Евгеньевич. ენციკლოპედიური ლექსიკონი. Лермонтовская энциклопедия, Академик. ციტირების თარიღი: 2011-01-09.