მარნეულის მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტი საქართველოში
(გადამისამართდა გვერდიდან მარნეულის რაიონი)

მარნეულის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში. შედის ქვემო ქართლის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მარნეული.

მარნეულის მუნიციპალიტეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტი დროშა მარნეულის მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

მარნეული

რეგიონი

ქვემო ქართლის მხარე

სიმჭიდროვე

111,5 კაცი/კმ²

მერი

კენან ომაროვი     

ფართობი

935,2 კმ²

მოსახლეობის რაოდენობა

104 300 კაცი (2014 წელი)

ეროვნება

აზერბაიჯანელები 83,8 %
ქართველები 8,6 %
სომხები 7,0 %
რუსები 0,2 %
ბერძნები 0,1 %[1]

მარნეულის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

1917 წლამდე ახლანდელი მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ტფილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში. 1921 წლის საქართველოს სსრ-ის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისეგ ბორჩალოს მაზრაში იყო. 1929 წელს თბილისის ოლქშია ბორჩალოს რაიონის სახელწოდებით, 1930 წლიდან ლუქსემბურგის (ახლანდ. ბოლნისის) რაიონში იყო. 1947 წლიდან მარნეულის რაიონი ეწოდებოდა.

გეოგრაფია

რედაქტირება

მარნეულის მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით ესაზღვრება აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები. მუნიციპალიტეტი ფართობია 935,2 კმ².

მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულია ზომიერად მშრალი სუბტროპიკული თბილი სტეპების ჰავა. ზაფხული ცხელი იცის, ხოლო ზამთარი რბილი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 12 °C, წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის, საშუალო ტემპერატურა 0 °C-0,3 °C-ია, ხოლო ყველაზე თბილი თვის, ივლისის — 24 °C. ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში 490-550 მმ-ს შეადგენს. ნალექების მაქსიმუმი მოდის მაისში, მინიმუმი — დეკემბერში.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ცენტრალური ნაწილი გაშლილია მარნეულის აკუმულაციურ ვაკეზე (ზომები 40X18 კმ), რომელიც აგებულია თიხებით, ქვიშებით, კონგლომერატებითა და კენჭნარით. მის გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობს ასევე ჯავახეთის ქედიდან ჩამოსული უზარმაზარი ლავური ღვარის დამარხული ბოლო და თიხნარი ნალექები. ვაკის აბსოლუტური სიმაღლე მერყეობს 270 მ-იდან 400 მ-მდე. ვაკის ერთობლივი დახრილობა მიმართულია სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. მარნეულის ვაკე შემოსაზღვრულია იაღლუჯის, ლოქისა და ბაბაკარის ქედებით. ზედაპირი დანაწევრებულია ალგეთისა და ხრამის ხეობებითა და ალგეთის ნახეობარებით. მდინარეული ტერასების ამგებელ თაბაშირიან თიხებში ადგილი აქვს ფსევდოკარსტულ მოვლენებს, რაც რელიეფში გამოსახულებას ჰპოვებს სუფოზიური ძაბრების, ჭებისა და მღვიმეების, აგრეთვე ბუნებრივი ხიდების სახით.[1] ვაკეზე გაედინება მდინარეები ალგეთი, ხრამი, დებედა და სხვ.

მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ ნაწილში წარმოდგენილია იაღლუჯის მაღლობი, რომელიც ჩრდილოეთ ნაწილში ამაღლებულია და ქმნის იაღლუჯის სერს (ზომები 17X11 კმ). აბსოლუტური სიმაღლე 788 მ. იაღლუჯის სერი აგებულია ნეოგენური კონგლომერატებისა და ქვიშაქვების წყებით, რომელიც მცირე კავკასიონის მოლასურ ფორმაციას წარმოადგენს. სერის აღმოსავლური ბოლო გადასერილია უწყლო ხეობით.[1]

მარნეულის მუნიციპალიტეტის ფარგლებში შემოდის ასევე ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთის ნაწილი, რომელიც აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით და დაფარულია ცარცული და პალეოგენური ასაკის ვულკანოგენური წყებებით. მუნიციპალიტეტის ფარგლებში ლოქის ქედის აბსოლუტური სიმაღლე არ აღემატება 1400 მ-ს.

მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში აღმართულია დაბალი სიმაღლის ქედი (სერი) ბაბაკარი, რომელიც ლოქის ქედისაგან გამოყოფილია მდინარე დებედის ხეობით და გრძელდება მის აღმოსავლეთით მთა ბაბაკარამდე (700 მ). ბაბაკარის სერის სიგრძეა 18 კმ, უმაღლესი მწვერვალი თარსი (884 მ). აგებულია ვულკანოგენური ფაციესის ზედაცარცული კირქვებითა დ მერგელებით. ქედის ჩრდილო კალთა საქართველოს (მარნეულის მუნიციპალიტეტი) ფარგლებშია, ხოლო სამხრეთი აზერბაიჯანში. ზოგან გამოხატულია ტიპური ბედლენდები.

შიგა წყლები

რედაქტირება
 
მონუმენტური ძეგლი „კიდევაც დაიზრდებიან“ ავტორი: მერაბ ბერძენიშვილი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარეთა ქსელი ხშირია. აღმოსავლეთ საზღვართან ჩამოედინება მდინარე მტკვარი. სხვა დიდი მდინარეებია მტკვრის შენაკადები ხრამი და ალგეთი. ბუნებრივი ტბები არ გვხვდება.

ხრამი აქ ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან შემოედინება, ხოლო ალგეთი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან. ხრამიც და ალგეთიც მტკვრის მარჯვენა შენაკადებია. ხრამის შენაკადებიდან მუნიციპალიტეტის ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვანია დებედა (ბერდუჯი), რომელიც ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე იწყება. იგი მარნეულის მუნიციპალიტეტში გამოდის სოფელ სადახლოსთან. საშუალო წლიური ხარჯი სოფელ სადახლოსთან 29,7 მ³/წმ. დებედას შენაკადებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მდინარე ბანოშისწყალი (სიგრძე 20,4 კმ), რომელიც ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე იწყება. იკვებება თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყლით. წყალმოვარდნა ზაფხულ-შემოდგომაზეა. მდინარე ბანოშისწყლის მთავარი შენაკადია მდინარე ბურდაძორი.

ხრამის შენაკადებიდან მნიშვნელოვანია მდინარე შულავერი (სიგრძე 39,5 კმ), რომელიც ზღვის დონიდან 1622 მ-ზე იწყება, ხოლო შესართავი ზღვის დონიდან 343 მ-ზეა. შულავერს, ზემო წელში სოფელ ჩანახჩამდე ჩრდილოეთური მიმართულება აქვს, სოფელ ჩანახჩიდან სოფელ ხოჯორნის მერიდიანამდე აღმოსავლური, მერე კი ისევ ჩრდილოეთისაკენ იხრება და შულავერის ქედის მიმართულებას ემორჩილება. სოფელ სიონის ზემოთ შულავერის ხეობა ტყითაა დაფარული, ქვემო წელში ფართო კალაპოტი აქვს. ნაპირები ახალგაზრდა ნაფენებითაა აგებული. საშუალო წლიური ხარჯია 0,44 მ³/წმ.

მარნეულის ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად მშრალი სუბტროპიკული თბილი სტეპების ჰავა. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 12 °C, იანვრის 0-0,3 °C, ივლისის 24 °C, აბსოლუტურ მაქსიმუმი 40 °C. ნალექები 490-550 მმ წელიწადში. ნალექების მაქსიმუმი მაისშია, მინიმუმი დეკემბერში. ბაბაკარისა და იაღლუჯის სერებზე და ასევე ლოქის ქედზე ჰავა ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერ ნოტიოზე გარდამავალია. იცის ცხელი ზაფხული. ქალაქ მარნეულში ზომიერად თბილი სტეპების ჰავაა, იცის ცხელი ზაფხული და ზომიერად ცივი ზამთარი. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდ ნაწილში წლიურად 400-600 მმ ნალექი მოდის.

ნიადაგები

რედაქტირება

მარნეულის ვაკეზე გავრცელებულია წაბლა ნიადაგები. ალაგ-ალაგ დამლაშებულ და ბიცობიან ნიადაგებთან ერთად ბიცობიანი და დამლაშებული წაბლა ნიადაგები გვხვდება. მდინარეების მტკვრისა და ხრამის გაყოლებაზე არის ალუვიური კარბონატული ნიადაგები. იაღლუჯის სერზე ნიადაგები რუხ ყავისფერი და წაბლა ტიპებისაა, ალაგ-ალაგ დამლაშებული. ლოქის ქედზე განვითარებულია ტყის ყავისფერი ნიადაგები, ყველაზე მაღალ ადგილებში კი ტყის ყომრალი ნიადაგია. ბაბაკარის სერზე გაბატონებულია ტყის ყავისფერი ნიადაგები.

ლანდშაფტები

რედაქტირება

მარნეული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ლანდშაფტის შემდეგი სახეები:

  1. სტეპური ნახევარუდაბნოს ვაკე, წაბლა და დამლაშებული ბიცობიანი ნიადაგებით;
  2. სტეპური მაღლობი ჯაგეკლიან უროიანი მცენარეულობით წაბლა ნიადაგების კომპლექსზე;
  3. ბორცვიანი მთისწინეთი მუხნარ-რცხილნარით, ტყის ყავისფერ და ყომრალ ნიადაგებზე;
  4. დაბალი მთები მუხნარ-რცხილნარით, ტყის ყავისფერ და ყომრალ ნიადაგებზე;
  5. საშუალო სიმაღლის მთები წიფლის ტყით, ყომრალ ნიადაგებზე;
  6. ტუგაის ტყის ლანდშაფტი განვითარებული მდინარისპირა სანაპიროებზე.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაბატონებულია უფრო ვაკე-დაბლობის ფლორა. გავრცელებულია უროიან-ვაციწვერიანი და ჯაგ-ეკლიანი სტეპური, ჰემიქსელური მეჩხერი, ჭალისა და ნახევარუდაბნოს მცენარეულობა.

ნახევარუდაბნოსთვის დამახასიათებელია ხვარხვარა, ავშანი და ყარღანი. ქვეტყეს ქმნის იალღუნი, ზღმარტლი, ქაცვი, შინდი, ტყემალი, კუნელი და სხვ. მარნეულის ვაკის მცენარეულ საფარში ჭარბობს უროიანი, უროიან-ავშნიანი, უროიან ჯაგეკლიანი და ხურხუმოიანი მცენარეულობა. ადგილ-ადგილ არის ნახევარუდაბნოს მცენარეულობაც კი. იაღლუჯის სერი შემოსილია უროიანი და უროიან-წივანიან-ვაციწვერიანი სტეპის ბალახეულობით, აგრეთვე ქსეროფიტული ბუჩქნარით. ლოქის ქედზე გვხვდება ფიჭვის მცირე კორომები. კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, რომლის ქვედა ნაწილში ჭარბობს მუხა და რცხილა, ზემო ნაწილში კი წიფელი. ბაბაკარის სერზე გაბატონებულია ნეკერჩხალი, ქართული მუხა, ჯაგრცხილა და კვრინჩხი.

მრავალფეროვანია აქაური ფაუნა. ტყეებში გვხვდება გარეული ღორი, მაჩვი, თეთრყელა კვერნა, დედოფალა; თითქმის ყველგანაა ლელიანის კატა, კურდღელი, მგელი, ტურა. ორნითოფაუნა უხვადაა წარმოდგენილი. არის ჩვეულებრივი ხოხობი, ტოროლა, კაკაბი, გნოლი, მწყერი და სხვ.

ბევრია ქვეწარმავალიც. იაღლუჯის მაღლობზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არის სხვადასხვა სახის ხვლიკი. არის ასევე კუ, ანკარა, გველხოკერა და ველის მახრჩობელა (იშვიათად). მდინარე დებედაში მოიპოვება წვერა, მურწა, ხრამული, გოჭალა და სხვ.

მოსახლეობა

რედაქტირება

მუნიციპალიტეტში 18 დასახლებული პუნქტია, სადაც 2014 წლის მონაცემებით 104 300 ადამიანი ცხოვრობს. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 22,3% ქალაქსა და დაბაში ცხოვრობს, დანარჩენი სოფლებში. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 111,5 კაცი/კმ². მუნიციპალიტეტში 78 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 1 დაბა და 75 სოფელი. დიდი სოფლებია: სადახლო, ყიზილ-აჯლო, ალგეთი, საბირქენდი, ქეშალო. არის როგორც მონოეთნიკური, ასევე შერეული სოფლები. აზერბაიჯანული მოსახლეობის უმრავლესობა შიიტია, უმცირესობა სუნიტი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 35 მეჩეთია.

აღწერის მონაცემები

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა აზერბაიჯანლები ქართველები სომხები
1989 124 332
2002 117 660   87% 7,8% 5,2%
2014 104 300   83,1% 8,6% 7%
2021[2] 107 800  

ადგილობრივი თვითმმართველობა

რედაქტირება
 
იუსტიციის სახლი ქალაქ მარნეულში

ადმინისტრაციული ერთეულები

რედაქტირება

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია:

საკრებულო

რედაქტირება
პარტია 2017[3] 2021[4] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 31 27                                                      
  ნაციონალური მოძრაობა 1 6            
  ევროპული საქართველო 3
სულ 35 33  

ეკონომიკა

რედაქტირება

მარნეულის მუნიციპალიტეტის ეკონომიკა ძირითადად ემყარება ადგილობრივი სასოფლო-სამერნეო პროდუქციის წარმოებას. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია მოსახლეობის 80 %. წამყვანი დარგებია მარცვლეულის მეურნეობა, მებოსტნეობა, მეთამბაქოეობა, მევენახეობა, სახორცე-სარძევე-სამატყლე მიმართულების მიმართულების მეცხოველეობა. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის თბილის-ერევნის რკინიგზის ხაზი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას კვეთს ორი ავტომაგისტრალი ს6 და ს7 ორივე სომხეთის მიმართულებით. მუნიციპალიტეტს ასევე საავტომობილო კავშირი აქვს აზერბაიჯანთან.

მუნიციპალიტეტში 75 სახელმწიფო და 2 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 2 საშუალო პროფესიული სასწავლებელი,

5 ბიბლიოთეკა (ქ. მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა და 4 სასობლო ბიბლიოთეკა) 1 ქ. მარნეულის კულტირის სახლი და 4 სასოფლო ტიპის კულტურის სახლი, 2 მუზეუმი. მარნეულიდან მაუწყებლობს ტელერადიო კომპანია „მარნეული TV“.

ღირსშესანიშნაობანი

რედაქტირება

მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ნეოლითური ნამოსახლარი ,,გადაჭრილი გორა", სადაც ადამიანმა მსოფლიოში პირველად, 8200 წლის წინათ მოაშინაურა ველური ვაზი და დაწურა ღვინო. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლაბორატორიული დასკვნების საფუძველზე დადასტურდა, რომ სწორედ ეს ადგილი ითვლება ღვინისა და ვაზის უძველეს სამშობლოდ.

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტებით აღწერილია და კულტურული მემკვიდრეობის გის პორტალზე განთავსებულია (memkvidreoba.gov.ge) 150-ზე მეტი კულტურული ძეგლი. მოკვლეულია და მარკირებულია სამთო საფეხმავლო ბილიკები.

სოფელ ახქერფის მახლობლად დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სამონასტრო კომპლექსი ჰუჯაბი (XIII ს). მნიშვნელოვანია ასევე შუა საუკუნეების მონასტერი ხოჟორნი. აღსანიშნავია ასევე წოფის ციხე, რომელიც ფუნქციონირებდა VI-XIII სს. სიმაგრე კლდოვან მთაზეა აგებული. წოფის ციხესთან არის ნასოფლარი. მნიშვნელოვანია ოფრეთის ციხე სოფელ ოფრეთთან. წყაროებში პირველად იხსენიება X ს-ში.

აღსანიშნავია ასევე წერაქვის სამონასტრო კომპლექსი, სოფელ წერაქვის მახლობლად. კომპლექსში შედის ეკლესია და სხვა ნაგებობანი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უკლება დ., ჯაოშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 448-450.
  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება, თბილისი, 1968.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მარუაშვილი ლ. (1964). საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია (საქართველოს სსრ ბუნებრივი პირობების ზოგადი დახასიათება და რეგიონული აღწერილობა). თბილისი, საქ.: ცოდნა, გვ. 264-266. 
  2. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
  3. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017 გვ. 19-21. ცესკო. ციტირების თარიღი: 2024-06-18[მკვდარი ბმული]
  4. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021 გვ. 25-27. ცესკო. ციტირების თარიღი: 2024-06-18[მკვდარი ბმული]