წოფის ციხეშუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, ისტორიულ სომხითში, მდინარე ბანოშისწყლის (ძვ. ხოჟირნა) მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. სადახლოს დასავლეთით 7 კმ-ზე). წოფის ციხის მიდამოებში ადამიანის ცხოვრების კვალი ქვედა პალეოლითის ხანიდან დასტურდება. აქაური დანგრეული გამოქვაბული - მუსტიეს ხანის სადგომია. წოფის ციხის მიდამოებშივეა ზედა პალეოლითისა და ენეოლითის ხანის, გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის ნამოსახლარები.

წოფის ციხე ფუნქციონირებდა VI-XIII საუკუნეებში. სიმაგრე კლდოვან მთაზეა აგებული. შემორჩენილია ზედა ციხის ნანგრევები და გალავნის ფრაგმენტები, რომლითაც კლდოვანი ფერდობის დიდი ტერიტორია იყო შემოზღუდული. ზედა ციხეში 2 სათავსია და 4 ნახევრად წრიული ბურჯი. აქვეა საცხოვრებელი კომპლექსების ნაშთები და მცირე ეკლესიის ნანგრევები. კლდეკარში, ზღუდის წყობაში და სხვა ნაწილების შენებისას გამოყენებულია უფრო ადრეული „ციკლოპური“ კედლები.

წოფის ციხესთან ნასოფლარია. შემორჩენილია ორი დარბაზული ტიპის საყდარი, რომლებიც VI-VII საუკუნეებით თარიღდება.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ბერძენიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 344.
  • „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 354.