ხოჟორნი — ისტორიული დასახლებული პუნქტი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, მდინარე დებედის შენაკად ბანოშისწყლის ხეობაში, ახლანდელი სოფელი ხოჯორნის (მარნეულის მუნიციპალიტეტი) მახლობლად.

ხოჟორნის გუმბათოვანი ეკლესია

IV-VII საუკუნეებში ქართლის სამეფოს ადმინისტრაციული ერთეულის, წოფის ხევის (წოფოფორი) ერთ-ერთი სოფელი იყო. ვარაუდით ამ დროს აქ უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი საკულტო ცენტრი (შემორჩენილია X საუკუნის ეკლესიის კედლებში ჩაშენებული ადრინდელი ქრისტიანული ხანის სტელების ბარელიეფებიანი ფრაგმენტები). X საუკუნეში აქ ციხესიმაგრე აშენდა და მხარის ცენტრი წოფის ციხიდან ხოჟორნში გადმოიტანეს. ნასოფლარის თავზე სამხრეთით აღმართულ მაღალ კლდოვან მთაზე შემორჩენილია ხოჟორნის ციხესიმაგრის კომპლექსი („მენზილ კახი“) მცირე ეკლესიითურთ. ნასოფლარის ტერიტორიაზეა ადრინდელი შუა საუკუნეების სამი ეკლესია. მოზრდილი ჯვაროვან-გუმბათოვანი ტიპისაა (X საუკუნე), ერთ-ერთ სარკმელზე შემორჩენილია ქტიტორების გამოსახულება დაზიანებული სომხური წარწერით, სამხრეთის კარის თავზე კიდევ ერთი სომხური წარწერა. აქვეა „მარმარილოს“ ეკლესია, დარბაზული ეკლესია და სხვა ნაგებობები.

ლიტერატურა რედაქტირება