კუნელი (ლათ. Crataegus) — ეკლიანი ხეებისა და ბუჩქების გვარი ვარდისებრთა ოჯახისა.

კუნელი
Crataegus laevigata
Crataegus laevigata
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ვარდისებრნი
გვარი:  კუნელი
ლათინური სახელი
Crataegus

მოიცავს 200-მდე სახეობას (სხვა მონაცემებით 1000-ზე მეტ სახეობას), რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერსა და ნაწილობრივ სუბტროპიკული ჰავის ზონაში (ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკაში). ყოფილ სსრკ-ში 50-მდე ველური და 75-მდე ეგზოტური სახეობაა.

კავკასიაში ბუნებრივად გავრცელებული 20-მდე სახეობიდან საქართველოში იზრდება 9. მათგან კავკასიური კუნელი (ლათ. Crataegus caucasica) და კოლხური კუნელი (ლათ. Crataegus colchica, Crataegus pentagyna supsb. pentagyna) ენდემებია, პირველი სამხრეთ-აღმოსავლეთ კავკასიისა, მეორე — კოლხეთის. მოშენებულია ზოგიერთი ველური კუნელიც. ინტროდუცირებულია აგრეთვე 30-მდე სახეობა. ველური სახეობიდან ჩვენში ყველაზე უფრო გავრცელებულია შავი ანუ ხუთბუშტუკოვანი კუნელი, შავი კუნელი (ლათ. Crataegus pentagyna) და ირიბჯამფოთოლაკიანი კუნელი (ლათ. Crataegus curvisepala, Crataegus kyrtostyla).

კუნელი საქართველოში ყველგან იზრდება, ბარიდან მოკიდებული მთის შუა სარტყლამდე, მშრალ და ღია ფერდობებზე, გამეჩხერებულ ტყეებსა (ქვეტყედ) და ნაკაფებზე, ზოგჯერ სუბალპურ სარტყელშიც აღწევს. გვხვდება უფრო ბუჩქნარების — კუნელიანების სახით, რომელიც მეტწილად ტყის მოჭრის შედეგად ჩნდება და ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა აქვს. ნიადაგისადმი კუნელი საკმაოდ განურჩეველია, თუმცა უფრო ხაროს ღრმა, საშუალოდ ტენიან და დაწრეტილ ნიადაგზე. ყვავილობს აპრილ-ივლისში. ნაყოფი მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში. საკმაოდ ყინვაგამძლე და სინათლის მოყვარულია. მრავლდება თესლით და ძირკვის ამონაყრით, ზოგჯერ ფესვის ნაბარტითაც. ცოცხლობს 200-300 წელს. დეკორატიულია. გამოსადეგია ცოცხალ ღობედ. მშრალი ფერდობების გასამწვანებლად, ვაშლის, მსხლის, კომშის, ზღმარტლის ქონდარა საძირედ. აქვს მკვრივი და მაგარი ღია ვარდისფერი ან მურა-მოწითალო მერქანი, რომელსაც იყენებენ წვრილმანი ნივთების დასამზადებლად, ნუჟრებს — სადურგლოდ. ზოგი სახეობის (ყამბრო — (Crataegus pontica), კნაპა — (ლათ. Crataegus orientalis) და სხვა) ნაყოფი იჭმევა. ზოგან გამხმარ ნაყოფს ფქვავენ და პურის ფქვილში ურევენ ნორჩი ფოთლებისაგან აყენებენ ჩაისმაგვარ სასმელს. კუნელი თაფლოვანია.

ლიტერატურა

რედაქტირება