ფერენც ლისტი

უნგრელი რომანტიკოსი კომპოზიტორი და ვირტუოზი პიანისტი
(გადამისამართდა გვერდიდან ანა ლისტი)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ფერენც ლისტი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ფერენც ლისტი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
სათაურით „ლისტი“ ეს სტატია იძებნება. იხ. ლისტი (გვარი).

ფერენც (ფრანც) ლისტი[შ 1] (დ. 22 ოქტომბერი, 1811 — გ. 31 ივლისი, 1886) — რომანტიზმის ეპოქის უნგრელი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი და პედაგოგი. ექვს ათწლეულზე მეტ დროში შექმნილი ნამუშევრებით, იგი მიიჩნევა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნაყოფიერ კომპოზიტორად და დღემდე პოპულარულია თანამედროვე საფორტეპიანო რეპერტუარში.[1]

ფერენც ლისტი

ლისტი 1858 წელს, ფრანც ჰანფშტენგლის ფოტო
დაიბადა 22 ოქტომბერი, 1811
დობორიანი, უნგრეთის სამეფო, ავსტრიის იმპერია
გარდაიცვალა 31 ივლისი, 1886 (74 წლის)
ბაიროითი, ბავარიის სამეფო, გერმანიის იმპერია
ოჯახი
ისტორიული პერიოდი რომანტიზმი
ნამუშევრების სია ნაწარმოებების სია

ლისტმა, როგორც პიანისტმა, თავისი ვირტუოზული შესაძლებლობებით ევროპაში სახელი ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში გაითქვა.[2] იგი იმ დროისთვის უკვე მიიჩნეოდა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო პიანისტად. 1830-იან და 1840-იან წლებში ლისტი ევროპაში კონცერტების ჩასატარებლად მოგზაურობდა და ხშირად ქველმოქმედებისთვის უკრავდა.[3] ცხოვრების ამ პერიოდში, ლისტმა თავისი გამორჩეული შესრულებითა და ფიზიკური მიმზიდველობით რეპუტაცია შეიქმნა.[4] მისმა თაყვანისმცემლებმა გამოავლინეს ისტერიული ქმედებებისა და რეაქციის ფენომენი, ლისტომანია, რაც მისი წინამორბედი ვირტუოზების შემთხვევაში არასდროს მომხდარა. როდესაც ადრეული შემსრულებლები მხოლოდ ზედა კლასს ემსახურებოდნენ, ლისტმა მოიზიდა უმეტესწილად უბრალო ადამიანებისგან შემდგარი აუდიტორია.[5][6] ლისტი მეგობრობდა და მფარველობდა თავისი დროის მრავალ კომპოზიტორს, რომელთა შორის არიან: ფრიდერიკ შოპენი, ჩარლზ-ვალენტინ ალკანი, რიხარდ ვაგნერი, ჰექტორ ბერლიოზი, რობერტ შუმანი, კლარა შუმანი, კამილ სენ-სანსი, ედვარდ გრიგი, ულე ბული, იოაჰიმ რაფი, მიხეილ გლინკა და ალექსანდრე ბოროდინი.[7]

ლისტი ახალი გერმანული სკოლის (გერმ. Neudeutsche Schule) ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისმა ვრცელმა და მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა გავლენა იქონია მის თანამედროვეებზე და განჭვრიტა XX საუკუნის იდეები და მიმართულებები. ლისტის მუსიკალურ წვლილს შორისაა: სიმფონიური პოემა, თემატური ტრანსფორმაციის შემუშავება, როგორც მუსიკალური ფორმის ექსპერიმენტების ნაწილი, და რადიკალური ინოვაციები ჰარმონიაში.[8] ლისტი ასევე მიიჩნევა მუსიკალური იმპრესიონიზმის მამად. „Années de pèlerinage“, რომელსაც ხშირად მის შედევრად მოიაზრებენ, შეიცავს მრავალ იმპრესიონისტულ ელემენტს.[9] ლისტის გვიანი ნამუშევრები, რომლებიც რადიკალურად განსხვავდება თავისი ადრეული სტილისგან, შეიცავს ექსპერიმენტებს ატონალობაში, რამაც მოასწავა XX საუკუნის სერიალისტური მოძრაობა.

ცხოვრება

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება
 
ფერენც ლისტის დედა, ანა ლისტი

ფერენც ლისტი დაიბადა 1811 წლის 22 ოქტომბერს შოპრონის ოლქის სოფელ დობორიანში (გერმ. Raiding), უნგრეთის სამეფოში, ავსტრიის იმპერიაში.[შ 2] მისი მშობლები იყვნენ ანა ლისტი (ქალიშვილობის სახელი — მარია ანა ლაგერი)[10] და ადამ ლისტი. ადამი უკრავდა ფორტეპიანოზე, ვიოლინოზე, ჩელოსა და გიტარაზე. იგი ემსახურებოდა ესტერჰაზის პრინც ნიკოლას II-ს და პირადად იცნობდა იოზეფ ჰაიდნს, იოჰან ნეპომუკ ჰუმელსა და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს. ლისტი ექვსი წლის ასაკიდან ყურადღებით უსმენდა მამამისის ფორტეპიანოზე შესრულებას. ფერენცს მუსიკასთან შეხება ასევე საეკლესიო წირვებზე და უნგრეთის ქალაქგარეთ ბოშების ჯგუფების კონცერტებზე დასწრებით ჰქონდა.[11] ადამმა მას ფორტეპიანოზე დაკვრა 7 წლის ასაკში ასწავლა და ფერენცმა 8 წლის ასაკიდან მუსიკის ელემენტარულ დონეზე დაწერა დაიწყო. 1820 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში 9 წლის ლისტი გამოდიოდა კონცერტებზე შოპრონსა და პრესბურგში (უნგრ. Pozsony; დღევანდელი ბრატისლავა, სლოვაკეთი). კონცერტების შემდეგ მდიდარი სპონსორების ჯგუფმა ფერენცს ვენაში მუსიკალური განათლების მიღების დაფინანსება შესთავაზა.[12]

ვენაში ლისტს ფორტეპიანოს გაკვეთილებს უტარებდა კარლ ჩერნი,[13] რომელიც ბავშვობაში ბეთჰოვენისა და ჰუმელის მოწაფე იყო. მუსიკის წერაში გაკვეთილებს ასევე უტარებდნენ ფერდინანდო პაერი და ანტონიო სალიერი, უკანასკნელი მოგვიანებით ვენის სახელმწიფო ოპერის მუსიკალური ხელმძღვანელი გახდა. ლისტის საჯარო დებიუტი ვენაში 1822 წლის 1 დეკემბერს შედგა კონცერტზე „Landständischer Saal“ და დიდი წარმატებით ჩაიარა. მას მიესალმნენ ავსტრიელი და უნგრელი არისტოკრატები და ლისტი პირადად შეხვდა ბეთჰოვენსა და შუბერტს.[შ 3] 1823 წლის გაზაფხულზე, როცა ადამ ლისტის ერთ-წლიანი დათხოვნა სრულდებოდა, მან ესთერჰაზის პრინცს კიდევ ორი წელი სთხოვა. 1823 წლის აპრილის დასასრულს ოჯახი უნგრეთში ბოლოჯერ დაბრუნდა. 1823 წლის მაისის მიწურულს ოჯახი ვენაში კიდევ ერთხელ გაემგზავრა.

1823 წლის დასასრულსა და 1824 წლის დასაწყისში ლისტის პირველი ნაწარმოები, დიაბელის ვალსის ვარიაცია (აწ S.147), გამოქვეყნდა, როგორც ვარიაცია 24 Vaterländischer Künstlerverein-ის მეორე ნაწილში. ეს ანთოლოგია, რომელიც თავად ანტონ დიაბელის ორკესტრირებით შეიქმნა, შეიცავს თავისი ვალსის 50 ვარიაციას 50 განსხვავებული კომპოზიტორისგან (მეორე ნაწილი), ხოლო პირველი ნაწილი შედგება ბეთჰოვენის 33 ვარიაციისგან იმავე თემაზე, რომელიც უკეთ არის ცნობილი „დიაბელის ვარიაციების“ (Op. 120) სახელწოდებით. დიაბელის პროექტში ლისტის მოხვედრა (იგი აღწერილი იყო, როგორც „უნგრეთში დაბადებული 11 წლის ბიჭი“), დიდი ალბათობით, ჩერნის დამსახურება იყო. ლისტი ანთოლოგიაში ერთადერთი მცირეწლოვანი კომპოზიტორი იყო.[14]

სიყმაწვილე

რედაქტირება

1827 წელს მამამისის გარდაცვალების შემდეგ ლისტი პარიზში გადავიდა;[15] მომდევნო 5 წელი იგი დედამისთან ერთად პატარა ბინაში ცხოვრობდა. მან კონცერტების შესასრულებლად მოგზაურობა შეწყვიტა და ფულის საშოვნელად ფორტეპიანოზე დაკვრისა და მუსიკის წერის გაკვეთილებს ატარებდა, ხშირად დილიდან დაღამებამდე. მისი მოსწავლეები მთელ ქალაქში ცხოვრობდნენ და დიდი მანძილის გავლა უწევდა. ამის გამო, ლისტს დროის არეული განრიგი ჰქონდა და მოწევისა და დალევის ჩვევები გაიჩინა, რაც მას სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა.[16][17]

მომდევნო წელს ლისტს თავისი ერთ-ერთი მოსწავლე, კაროლინა დე სენ-კრიკი, შარლ X-ის ვაჭრობის მინისტრის, პიერ დე სენ-კრიკის, ქალიშვილი შეუყვარდა. პიერი ურთიერთობას წინ აღუდგა.[18]

მალევე ლისტი იმდენად ავად გახდა, რომ პარიზის გაზეთებში მისი ნეკროლოგი გამოქვეყნდა. მან გაიარა რელიგიური ეჭვებისა და პესიმიზმის ხანგრძლივი პერიოდი. მას კვლავ გაუჩნდა ეკლესიაში აღკვეცის სურვილი, თუმცა დედამისმა აზრი გადაათქმევინა. ლისტმა საკითხი უამრავჯერ განიხილა ფელისიტე რობერ დე ლა მენესთან, თავის სულიერ მამასთან, და კრეტიენ ურანთან, წარმოშობით გერმანელ ვიოლინისტთან, რომელმაც მას სენსიმონიზმი გააცნო.[16] ურანი ასევე წერდა ანტიკლასიკურ და მეტად სუბიექტურ მუსიკას, რომელთა სათაურიც იყო, მაგალითად, „Elle et moi, La Salvation angélique“ და „Les Regrets“, რამაც შესაძლოა გააღვივა ლისტის გემოვნება მუსიკალური რომანტიზმში. მისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო ურანის მიერ მოწყობილი შუბერტის ჩემპიონატი, რომელმაც, სავარაუდოდ, ლისტს უბიძგა, შუბერტის მუსიკით მთელი ცხოვრება დაინტერესებულიყო.[19]

ამ პერიოდის განმავლობაში ლისტი ზოგადი განათლების არქონის დასაძლევად განუწყვეტლივ კითხულობდა და მალევე გაიცნო თავისი დროის არაერთი წამყვანი მწერალი და ხელოვანი, მათ შორის ვიქტორ ჰიუგო, ალფონს დე ლამარტინი და ჰაინრიხ ჰაინე. ამ წლებში მას პრაქტიკულად მუსიკა საერთოდ არ დაუწერია. 1830 წლის ივლისის რევოლუციამ იგი შთააგონა, „სამ დიდებულ დღეში“ მომხდარ მოვლენებზე რევოლუციური სიმფონია დაეწერა, რის შემდეგაც ლისტი მის გარშემო მიმდინარე მოვლენებით დაინტერესდა. 1830 წლის 4 დეკემბერს, ფანტასტიკური სიმფონიის დებიუტამდე ერთი დღით ადრე, იგი შეხვდა ჰექტორ ბერლიოზს. ბერლიოზის მუსიკამ ლისტზე დიდი კვალი დატოვა, რაც განსაკუთრებით ორკესტრის მუსიკის წერის დროს გამოიხატა. ლისტმა ბერლიოზისგან ასევე გადმოიღო მისი გავეშებული სტილი.[16]

პაგანინის გავლენა

რედაქტირება
 
ლისტის პორტრეტი, მხატვარი: ანრი ლემანი (1839)

ნიკოლო პაგანინის მიერ 1832 წლის 20 აპრილს პარიზის ქოლერას ეპიდემიის მსხვერპლთათვის ჩატარებულ საქველმოქმედო კონცერტზე დასწრების შემდეგ,[20] ლისტმა მიზნად დაისახა, ფორტეპიანოს ისეთივე ვირტუოზი შემსრულებელი გამხდარიყო, როგორიც პაგანინი იყო ვიოლინოსთვის. პარიზი 1830-იან წლებში პიანისტური აქტივობების ცენტრად იქცა, ათობით პიანისტი დაკვრის ტექნიკის სრულყოფას თავგამოდებით ცდილობდა. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, ზიგიზმუნდ თალბერგი და ალექსანდრე დრეიშოკი, ყურადღებას ამახვილებდა კონკრეტულ ასპექტებზე, როგორიცაა, შესაბამისად, „სამი ხელის ეფექტი“ და ოქტავები. მართალია, ამ თაობას დღეს ფორტეპიანოზე დაკვრის „მფრინავ ტრაპეციას“ უწოდებენ, მაგრამ ფაქტია, მათ გადაჭრეს პიანინოს ტექნიკის არაერთი უდიდესი პრობლემა, რითაც შესრულების დონე იმ დრომდე წარმოუდგენელ სიმაღლეებამდე აიყვანეს. ლისტმა შეძლო ფორტეპიანოს ტექნიკის არა კონკრეტული ერთის, არამედ აბსოლუტურად ყველა ასპექტის დაუფლება, რამაც იგი მეტოქეებისგან გამოარჩია.[21]

1833 წელს ლისტმა ბერლიოზის არაერთი ნამუშევრის, მათ შორის „ფანტასტიკური სიმფონიის“ ტრანსკრიფცია შექმნა, რისთვისაც ლისტს გაღატაკებული ბერლიოზის დახმარების სურვილი ამოძრავებდა. ბერლიოზის სიმფონია გამოუქვეყნებელი და უცნობი იყო. ლისტმა ტრანსკრიფცია თავისი ხარჯით გამოაქვეყნა და ნაწარმოები არაერთხელ შეასრულა იმ მიზნით, რომ ორიგინალი ნამუშევარი პოპულარული გაეხადა.[22] ამ დროისთვის ლისტი უკვე დაუმეგობრდა მესამე კომპოზიტორს, რომელმაც მასზე გავლენა იქონია, ფრიდერიკ შოპენს. შოპენის გავლენის ქვეშ ლისტის პოეტურმა და რომანტიკულმა მხარემ განვითარება დაიწყო.[16]

ურთიერთობა გრაფინია მარი დ'აგუსთან

რედაქტირება
 
ლისტის მიერ წყალდიდობის მსხვერპლთა დასახმარებლად გამართული საფონდო კონცერტი პეშტში, რომელსაც თავად უხელმძღვანელა. ვიგადოს საკონცერტო დარბაზი, პეშტი, უნგრეთი, 1839 წელი

1833 წელს ლისტმა ურთიერთობა გრაფინია მარი დ'აგუსთან დაიწყო. ამასთან ერთად, 1834 წლის აპრილის ბოლოს მან გაიცნო ფელისიტე რობერ დე ლა მენე.[23] მათი გავლენის ქვეშ ლისტი ნაწარმოებებს ინტენსიურად ქმნიდა.[24]

1835 წელს გრაფინიამ თავისი ქმარი და ოჯახი მიატოვა, რათა ლისტთან ერთად ჟენევაში გადასულიყო. იქ მათი ქალიშვილი, ბლანდინა, 18 დეკემბერს დაიბადა.[25] ლისტი ასწავლიდა ახლად დაარსებულ ჟენევას კონსერვატორიაში, დაწერა საფორტეპიანო ტექნიკის სახელმძღვანელო (რომელიც მოგვიანებით დაიკარგა)[26] და დაწერა ესეები პარიზის გაზეთისთვის „Revue et gazette musicale“. ამ ესეებში მან განიხილა ხელოვანების ზრდა მსახურებიდან საზოგადოების პატივსაცემ წევრებამდე.[16]

მომდევნო ოთხი წელი ლისტი და გრაფინია ერთად ცხოვრობდნენ. 1837 წლის აგვისტოდან 1839 წლამდე მათ იმოგზაურეს იტალიასა და შვეიცარიაში, გაჩერდნენ ბელაჯოში, მილანში, ლუგანოში, მოდენაში, ფლორენციაში, ბოლონიასა და რომში. სწორედ ამ მოგზაურობებმა შთააგონა კომპოზიტორი, დაეწერა თავისი საფორტეპიანო კრებულის ციკლი სახელწოდებით Années de pèlerinage.[27][28] მათი მეორე ქალიშვილი, კოზიმა ვაგნერი, დაიბადა ტბა კომოზე. ისინი პარიზს დროგამოშვებით სტუმრობდნენ. 1839 წლის 9 მაისს დაიბადა ლისტისა და გრაფინიას ვაჟი, დენიელი, თუმცა იმ შემოდგომაზე მათი ურთიერთობა დაიძაბა.[29] ლისტმა შეიტყო, რომ ბონის ბეთჰოვენის მონუმენტი სახსრების უქონლობის გამო ჩამონგრევის საშიშროების პირას იყო, რის გამოც მან დახმარების სურვილი გამოთქვა. ეს ნიშნავდა, რომ ლისტი მოგზაური ვირტუოზის ცხოვრებას უბრუნდებოდა.[30] გრაფინია პარიზში თავის შვილებთან ერთად დაბრუნდა, ხოლო ლისტმა ვენაში ექვსი კონცერტი ჩაატარა, რის შემდეგაც უნგრეთში გაემგზავრა.[16]

მოგზაურობა ევროპაში

რედაქტირება
 
ლისტის ყველაზე ძველი ცნობილი ფოტოსურათი (1843). ფოტოგრაფი: ჰერმან ბიოვი

მომდევნო 8 წელი ლისტი ევროპაში კონცერტების ჩასატარებლად მოგზაურობდა, ხოლო 1841 და 1843 წლების ზაფხულებს გრაფინიასა და შვილებთან ერთად ნონენვერტის კუნძულზე, რაინზე, ატარებდა. 1844 წლის გაზაფხულზე წყვილი ერთმანეთს საბოლოოდ დაშორდა.[24] ეს იყო ლისტის, როგორც საკონცერტო პიანისტის, ბრწყინვალების პერიოდი. მას ყველგან დიდი პატივითა და აჟიოტაჟით ხვდებოდნენ.[16] 1845-1849 წლებში ლისტმა დაწერა თავისი სამი საკონცერტო ეტიუდი.[31] ვინაიდან იგი კვირაში სამ-ოთხ კონცერტს ატარებდა, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამ რვა წლიან პერიოდში მან 1000-ზე მეტი კონცერტი ჩაატარა. მეტიც, მისი, როგორც პიანისტის, პოპულარულობა და დიდება, რომელიც მას კონცერტების ჩატარების ოფიციალურად შეწყვეტის შემდეგაც დიდხანს შეუნარჩუნდა, სწორედ ამ დროის მიღწევების დამსახურება იყო.[32]

ლისტი თავისი ვირტუოზობის ზენიტში მწერალმა ჰანს კრისტიან ანდერსენმა აღწერა, როგორც „გამხდარი ახალგაზრდა მამაკაცი... ფერმკრთალი სახის გარშემო გადმოკიდებული მუქი თმით“. მას უამრავი ადამიანი სიმპათიურად მიიჩნევდა,[4][6][33] გერმანელმა პოეტმა ჰაინრიხ ჰაინემ კონცერტების დროს ლისტის გარეგნობაზე დაწერა: „როგორი ძლიერი, როგორი განმაცვიფრებელია თუნდაც მისი ფიზიკური გარეგნობა“.[34]

1841 წელს ლისტი მიიღეს მასონთა ლოჟაში „Zur Einigkeit“ ფრანკფურტში. იგი დააწინაურეს მეორე ხარისხით და აირჩიეს ლოჟის „Zur Eintracht“ ხელმძღვანელ წევრად ბერლინში. 1845 წლიდან იგი ასევე იყო ლოჟის „Modestia cum Libertate“ საპატიო წევრი ციურიხში და 1870 წელს — პეშტში მდებარე ლოჟის (ბუდაპეშტ-უნგრეთი).[35][36] 1842 წლის შემდეგ XIX საუკუნის გერმანელმა პოეტმა და ლისტის თანამედროვემ, ჰაინრიხ ჰაინემ, ტერმინი „ლისტომანია“ შექმნა და იგი მთელ ევროპაში გავრცელდა.[6] გამოხმაურება, რომელსაც ლისტი იღებდა, შეიძლება აღიწეროს, როგორც ისტერიული. ქალები კინკლაობდნენ მისი აბრეშუმის ხელსახოცებისა და ხავერდის ხელთათმანებისთვის, რომლებიც დააქუცმაცეს და სუვენირებად შეინახეს. ამ ატმოსფეროს ქმნიდა და აძლიერებდა ლისტის ჰიპნოზური პიროვნება და სასცენო მომხიბვლელობა. არაერთმა დამსწრებმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ლისტის შესრულებას აუდიტორიის ხასიათი მისტიკურ აღტყინებამდე მიჰყავდა.[37]

1842 წლის 14 მარტს ლისტს კიონიგსბერგის უნივერსიტეტიდან საპატიო დოქტორის ხარისხი გადაეცა, რაც ამ დრომდე უპრეცედენტო შემთხვევა იყო, განსაკუთრებით გერმანული ტრადიციების გადმოსახედიდან. ლისტმა არასდროს გამოიყენა ტიტული „დოქტორი ლისტი“ ან „დოქტორი ფერენც ლისტი“ საჯაროდ. ფერდინანდ ჰილერი, ლისტის იმდროინდელი მეტოქე, ცნობების თანახმად, უნივერსიტეტის გადაწყვეტილების გამო ძლიერ ეჭვიანობდა.[38][39]

მის რეპუტაციას ემატებოდა ის ფაქტი, რომ ლისტი მთელი თავისი ცხოვრება შემოსავლების უმეტესობას გასცემდა ქველმოქმედებასა და ჰუმანიტარულ საქმიანობაში. მეტიც, ლისტს 45 წლის ასაკისთვის უკვე იმდენი ფული ჰქონდა გამომუშავებული, რომ 1857 წლიდან კონცერტების მთლიანი შემოსავალი ქველმოქმედებაში მიდიოდა.[40] ბეთჰოვენის მონუმენტისა და უნგრეთის მუსიკის ეროვნული სკოლისთვის გაღებული სახსრების გარდა, ლისტმა ასევე გულუხვად დააფინანსა კელნის საკათედრო ტაძრის, დორტმუნდის გიმნაზიისა და პეშტის ლეოპოლდის ეკლესიის მშენებლობა. მან ასევე არაოფიციალურად გაიღო შემოწირულებები საავადმყოფოების, სკოლებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, ლაიფციგის მუსიკოსთა საპენსიო ფონდი.[40] როცა ლისტმა შეიტყო ჰამბურგის დიდი ხანძრის შესახებ, რომელიც 1842 წლის მაისში სამი დღე გაგრძელდა და ქალაქის დიდი ნაწილი გაანადგურა, მან ათასობით უსახლკაროდ დარჩენილის დასახმარებლად კონცერტების ჩატარება დაიწყო.

ლისტი ვაიმარში

რედაქტირება
 
ფერენც ლისტი. უნგრელი მხატვრის, მიკლოშ ბარაბაშის, პორტრეტი (1847)

1847 წლის თებერვალში ლისტმა კიევში დაუკრა. იქ მან გაიცნო პოლონელი პრინცესა კაროლინა ვიტგენშტაინი, რომელიც ლისტის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი გახდა. მან ლისტი დაარწმუნა, მთელი ყურადღება მუსიკის წერაზე გადაეტანა, რაც მისი, როგორც მოგზაური ვირტუოზის, კარიერის დასასრულს ნიშნავდა. იმ ზაფხულს ბალკანეთში, თურქეთსა[41] და რუსეთში მოგზაურობის შემდეგ ლისტმა თავისი ბოლო ფასიანი კონცერტი ელისავეტგრადში სექტემბერში ჩაატარა. ზამთარი მან პრინცესასთან ერთად ვორონინცში გაატარა.[42] 35 წლის ასაკში, ჯერ კიდევ ძალაუფლების მწვერვალში ყოფნისას, კონცერტების შეწყვეტის მიუხედავად, ლისტმა ლეგენდები თავის შესრულებაზე შეულახავად შეინარჩუნა.[43]

მომდევნო წელს ლისტი რუსეთის ჰერცოგინია მარია პავლეს ასულმა ვაიმარში დასასახლებლად მოიწვია, რაზეც იგი დათანხმდა. იქ ლისტი 1842 წელს „ექსტრაორდინარ კაპელმაისტერად“ დაინიშნა. იგი ვაიმარში 1861 წლამდე ცხოვრობდა.[44] ამ პერიოდის განმავლობაში ლისტი კონცერტებისა და, განსაკუთრებულ შემთხვევებში, თეატრების დირიჟორად მუშაობდა. იგი გაკვეთილებს უტარებდა მრავალ პიანისტს, მათ შორის დიდ ვირტუოზ ჰანს ფონ ბიულოვს, რომელიც ლისტის ქალიშვილ კოზიმაზე 1857 წელს დაქორწინდა (რამდენიმე წლის შემდეგ კოზიმა რიხარდ ვაგნერზე დაქორწინდა). მან ასევე დაწერა სტატიები, რომლებშიც ბერლიოზსა და ვაგნერს აქებდა. ლისტს საბოლოოდ ჰქონდა მუსიკის დასაწერად საკმარისზე მეტი დრო და მომდევნო 12 წლის განმავლობაში გადააკეთა და შექმნა ის საორკესტრო და საგალობელი ნაწარმოებები, რომლებმაც მისი, როგორც კომპოზიტორის, რეპუტაცია განაპირობა.[45]

ამ თორმეტი წლის განმავლობაში ლისტი ქვეყნიდან დევნილი ვაგნერის პროფილის ასამაღლებლად კონცერტებზე მის უვერტიურებს დირიჟორობდა. ლისტსა და ვაგნერს ახლო მეგობრობა უკანასკნელის სიცოცხლის ბოლომდე (ვაგნერი 1883 წელს ვენეციაში გარდაიცვალა) აკავშირებდათ.[46]

პრინცესა კაროლინა ლისტთან ერთად ვაიმარში ცხოვრობდა. მას ლისტთან დაქორწინებაც კი უნდოდა, თუმცა იგი უკვე გათხოვილი იყო და ვინაიდან მისი ქმარი, რუსი სამხედრო ოფიცერი პრინცი ნიკოლაუს საინ-ვიტგენშტაინ-ლუდვიგსბურგი (1812-1864), ცოცხალი იყო, იგი რომაული კათოლიკური ავტორიტეტისთვის მათი ქორწინების უკანონობის დამტკიცებას ცდილობდა. უზარმაზარი ძალისხმევისა და ჩახლართული პროცესების შემდეგ მან დროებით წარმატებას მიაღწია (1960 წლის სექტემბერი).[47] დაიგეგმა, რომ წყვილი დაქორწინდებოდა რომში 1861 წლის 22 ოქტომბერს, ლისტის 50-ე იუბილეზე. ლისტი რომში 21 ოქტომბერს ჩავიდა, თუმცა ქორწილი შეუძლებელი გახდა რომის პაპთან ერთი დღით ადრე მისული წერილის გამო. როგორც ჩანდა, ქმარმა და რუსეთის მონარქმა ქორწინების უფლება ვატიკანის მეშვეობით გააუქმეს. რუსეთის მთავრობამ პრინცესა კაროლინას პოლონეთ-უკრაინაში არაერთი საკუთრება ჩამოართვა, რამაც მისი მომავალი ქორწინებები შეუძლებელი გახადა.[48]

რომი, ვაიმარი, ბუდაპეშტი

რედაქტირება
 
ლისტი, ფრანც ჰანფშტენგლის ფოტო (შებრუნებული), 1870 წლის ივნისი

1860-იანი წლები ლისტის პირადი ცხოვრების უმძიმესი პერიოდი იყო. 1859 წლის 13 დეკემბერს გარდაიცვალა მისი 20 წლის ვაჟი, დენიელი, ხოლო 1862 წლის 11 სექტემბერს — ქალიშვილი, ბლანდინა. მეგობრებთან მიწერილ წერილებში ლისტმა განაცხადა, რომ განდეგილ ცხოვრებას აპირებდა. რომის გარეთ მდებარე ვარდის ღვთისმშობლის (იტალ. Madonna del Rosario) მონასტერში 1863 წლის 20 ივნისს გადავიდა, სადაც მოკრძალებულ სამყოფელში ცხოვრობდა. 1857 წლის 23 ივნისიდან იგი უკვე გაწევრიანებული იყო წმინდა ფრანცისკეს მესამე ორდერში.[49]

1865 წლის 25 აპრილს ლისტმა ტონზურა კარდინალ ჰოენლოეს ხელით მიიღო. 1865 წლის 31 ივლისს მას გადაეცა ოსტიარის, მედავითნის, ეგზორცისტისა და აკოლიტის ტიტულები. ორდინაციის შემდეგ მას ხშირად მიმართავდნენ, როგორც „აბე“ ლისტს. 1879 წლის 14 აგვისტოს იგი დაინიშნა ალბანოს საპატიო კანონიკად.[48]

ლისტი ზოგჯერ რომის მუსიკალურ ცხოვრებაში მონაწილეობდა. 1863 წლის 26 მარტს პალაცო ალტიერიში ჩატარებულ კონცერტზე უხელმძღვანელა რელიგიური მუსიკის პროგრამას. შესრულდა თავისი ნაწარმოების „Christus“ მონაკვეთი „Seligkeiten“ და „Cantico del Sol di Francesco d'Assisi“, აგრეთვე ჰაიდნის „შექმნა“ და ბახის, ბეთჰოვენის, იომელის, მენდელსონისა და პალესტრინას ნაწარმოებები. 1866 წლის 4 იანვარს უხელმძღვანელა თავისი „Christus-Oratorio“-ის „Stabat mater“-ს და 1866 წლის 26 თებერვალს — დანტე-სიმფონიას. ლისტმა მრავალ მსგავს კონცერტში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მისი რომში ცხოვრების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ისინი გამონაკლისი შემთხვევები იყო.

1866 წელს ლისტმა ფრანც იოზეფისა და ელისაბედ ბავარიელისთვის კორონაციის ცერემონიისთვის დაწერა „Missa coronationalis“. იგი პირველად 1867 წლის 8 ივნისს წმინდა მატიაშას ეკლესიაში კორონაციის ცერემონიაზე 6-ნაწილიანი ფორმით შესრულდა. პირველ შესრულებაზე ნაწარმოებს ოფერტორი დაემატა, ხოლო ორი წლის შემდეგ — გრადუალი.[50]

1869 წელს ლისტი ვაიმარში ფორტეპიანოს პროფესიონალური გაკვეთილების ჩასატარებლად მიიწვიეს. ორი წლის შემდეგ მას იგივე თხოვნით მიმართეს ბუდაპეშტის მუსიკალური აკადემიიდან. იგი ამ მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე რეგულარულად მოგზაურობდა რომში, ვაიმარსა და ბუდაპეშტში — ეწეოდა, როგორც თავად უწოდებდა, „vie trifurquée“-ს, ანუ სამმხრივ არსებობას. ნავარაუდევია, რომ ლისტი სიცოცხლის ამ პერიოდში წელიწადში მოგზაურობდა მინიმუმ 4000 მილს (6537 კმ), რაც გასაოცარია მისი ასაკის მატებისა და 1870-იანი წლების რკინიგზასა და გზებზე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით.[51]

მუსიკის სამეფო აკადემია ბუდაპეშტში

რედაქტირება
 
ფერენც ლისტის მუსიკალური აკადემია ბუდაპეშტში

1860 წლის დასაწყისიდან ადგილი ჰქონდა ლისტისთვის უნგრეთში პოზიციის მოპოვების მცდელობას. 1871 წლის 4 ივნისს უნგრეთის პრემიერ მინისტრმა დიულა ანდრაშიმ უნგრეთის მეფეს (ავსტრიის იმპერატორი ფრანც იოზეფ I) წერილით სთხოვა, რომ ლისტისთვის დაენიშნა ყოველწლიური ანაზღაურება 4000 გულდენის ოდენობით და ებოძა „Königlicher Rat“-ის („გვირგვინის მრჩეველი“) ჩინი, სანაცვლოდ იგი ბუდაპეშტში დასახლდებოდა და ეროვნული თეატრის ორკესტრისა და სხვა მუსიკალური დაწესებულებების ხელმძღვანელად იმუშავებდა.[შ 4]

1872 წელს უნგრეთის პარლამენტმა სამეფო აკადემიის დაარსების გეგმა დაამტკიცა. 1875 წლის მარტში ლისტი აკადემიის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა. აკადემია ოფიციალურად 1875 წლის 14 ნოემბერს გაიხსნა, რომლის ხელმძღვანელადაც ლისტის კოლეგა ფერენც ერკელი დაინიშნა, ხოლო პედაგოგებს შორის იყვნენ კორნელ აბრანი და რობერტ ფოლკმანი. ლისტი აკადემიაში გაკვეთილების ჩასატარებლად და საქველმოქმედო კონცერტის ჩასატარებლად 1876 წლის მარტში მივიდა.[52]

ჩინის მიღების პირობების მიუხედავად, ლისტი არც ეროვნული თეატრის ორკესტრს ხელმძღვანელობდა, და არც უნგრეთში დასახლდა. როგორც წესი, იგი ბუდაპეშტში შუა ზამთარში ჩადიოდა, ხოლო თავისი მოსწავლეების ორიოდე კონცერტის შემდეგ, გაზაფხულის დასაწყისში, მიემგზავრებოდა. მას მონაწილეობა არასდროს მიუღია ფინალურ გამოცდებში, რომლებიც ყოველი წლის ზაფხულში ტარდებოდა. ბუდაპეშტის მოსწავლეთა ნაწილი ლისტის ზაფხულის გაკვეთილებს ვაიმარში ესწრებოდა.[53]

1873 წელს ლისტის, როგორც შემსრულებლის, კარიერის 50-ე წლისთავის აღსანიშნავად ბუდაპეშტის მერიამ მოაწყო „Franz Liszt Stiftung“ („ფერენც ლისტის ფონდი“), რომლის მიზანიც აკადემიის სამი წარჩინებული მოსწავლისთვის (უნგრული მუსიკის კატეგორიაში) 200 გულდენის ოდენობის სტიპენდიის გადაცემა იყო. ლისტმა ეს სამი მოსწავლე თავად დაასახელა.

ლისტს ჩვევად ჰქონდა, თავის გაკვეთილებზე დამსწრე მოსწავლეების პირად მოსწავლეებად გამოცხადება. შედეგად, თითქმის არცერთი მათგანი არ იხდიდა აკადემიის საფასურს. 1884 წლის 13 თებერვალს მინისტრის ბრძანებამ ლისტის მოსწავლეებს წლიური 30 გულდენის გადასახადი დააკისრა. აკადემიის მიზანი, ნებისმიერ შემთხვევაში, მოგების გაზრდა იყო, რადგან ლისტი საქველმოქმედო კონცერტებიდან აღებულ თანხას სრულიად ქველმოქმედებას ახმარდა.

ბოლო წლები

რედაქტირება
 
ლისტი 1886 წლის მარტში, გარდაცვალებამდე 4 თვით ადრე. ფოტოგრაფი: ნადარი

1881 წლის 2 ივლისს ლისტი ვაიმარის სასტუმროში კიბეზე დაგორდა. მიუხედავად იმისა, რომ მეგობრებმა და კოლეგებმა წინა თვეში ლისტის ვაიმარში ჩასვლისას მის ფეხებზე შესივება შენიშნეს (გულის უკმარისობის ერთ-ერთი სიმპტომი), იგი ამ დრომდე ჯანმრთელი და ფიზიკურად აქტიური იყო. ლისტი ინციდენტიდან მომდევნო რვა კვირა ვერ დადიოდა და ტრავმისგან ბოლომდე არასდროს გამოკეთებულა. თავი იჩინა არაერთა დაავადებამ: წყალმანკი, ასთმა, უძილობა, მარცხენა თვალის კატარაქტა და გულის დაავადება. უკანასკნელი საბოლოოდ ლისტის გარდაცვალების მთავარი მიზეზი გახდა. იგი უფრო და უფრო დანაღვლიანდა მარტოობის, სასოწარკვეთისა და სიკვდილის შეგრძნებით, რაც გამოხატა ამ პერიოდის ნამუშევრებში. მან ლინა რამანს უთხრა: „გულით ღრმა სევდას დავატარებ, რომელიც დროდადრო მუსიკაში უნდა გამომჟღავნდეს“.[54]

1886 წლის 13 იანვარს, როცა კლოდ დებიუსი ვილა მედიჩიში (რომი) რჩებოდა, ლისტი მას პოლ ვიდალთან და ერნესტ ებერტთან, ფრანგული აკადემიის ხელმძღვანელთან, ერთად შეხვდა. ლისტმა მუსიკოსებისთვის დაუკრა „Au bord d'une source“ თავისი „Années de pèlerinage“-იდან და შუბერტის „ავე მარიას“ თავისი საფორტეპიანო ვერსია. დებიუსიმ ბოლო წლებში ლისტის მიერ პედალის გამოყენება „სუნთქვის ფორმად“ აღწერა. დებიუსიმ და ვიდალმა ლისტისთვის შეასრულეს მისი ფაუსტ სიმფონიის თავიანთი საფორტეპიანო დუეტის ვერსია. ცნობების თანახმად, ლისტს ამის დროს ჩაეძინა.[55]

კომპოზიტორმა კამილ სენ-სანსმა, ძველმა მეგობარმა, რომელსაც ლისტმა ერთხელ „მსოფლიოში საუკეთესო ორგანისტი“ უწოდა, თავისი სიმფონია №3 ლისტს მიუძღვნა. ნაწარმოების პრემიერა ლონდონში ლისტის გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე გაიმართა.

ლისტი გარდაიცვალა 1886 წლის 31 ივლისს, 74 წლის ასაკში, ბაიროითში (გერმანიაში) პნევმონიისგან, რომელიც მას შესაძლოა თავისი ქალიშვილის, კოზიმას მიერ მოწყობილ ბაიროითის ფესტივალზე გადაედო. გაჩნდა კითხვები, შეიტანა თუ არა სამედიცინო პერსონალის არაკომპეტენტურობამ მის გარდაცვალებაში წვლილი.[56] იგი დაკრძალეს 1886 წლის 3 აგვისტოს ბაიროითის მუნიციპალურ სასაფლაოში [de], მისი სურვილის საწინააღმდეგოდ.[57]

პიანისტი

რედაქტირება

მრავალი მუსიკოსი ლისტს ყველა დროის უდიდეს პიანისტად მიიჩნევს.[58][59] კრიტიკოსმა პიტერ გრეფემ დეივისმა განაცხადა: „შესაძლოა [ლისტი] ყველა დროის ყველაზე ტრანსცენდენტური ვირტუოზი არ ყოფილა, მაგრამ მისი აუდიტორია ასე მიიჩნევდა.“[60]

შესრულების სტილი

რედაქტირება
 
ფერენც ლისტი ფანტაზიორობს ფორტეპიანოსთან (1840), დანჰაუზერის მიერ კონრად გრაფის დაკვეთით შესრულებული ნახატი. წარმოსახვით შეკრებაზე წარმოჩენილნი არიან: დამსხდარი ალფრედ დე მიუსე ან ალექსანდრ დიუმა, ჟორჟ სანდი, ლისტი, მარი დ'აგუ; ფეხზე მდგარი ჰექტორ ბერლიოზი ან ვიქტორ ჰიუგო, ნიკოლო პაგანინი, ჯოაკინო როსინი; როიალზე („Graf“) მოთავსებული ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ბიუსტი, კედელზე ჩამოკიდებული ლორდი ბაირონის პორტრეტი და მარცხნივ მდებარე ჟანა დ'არკის ქანდაკება.[61][62][63]

ლისტის შესრულების შესახებ 1820-იანი წლებიდან ცნობების არც ისე დიდი რაოდენობა მოიპოვება. კარლ ჩერნიმ თქვა, რომ ლისტი იყო ბუნებრივი შემსრულებელი, რომელიც უკრავდა გრძნობით, ხოლო მისი კონცერტების მიმოხილვებში განსაკუთრებით შექებულია ლისტის დაკვრის დიდებულება, სიძლიერე და სიზუსტე. ერთ-ერთი მიმოხილვა ასევე ხაზს უსვამს ლისტის აბსოლუტური ტემპის შენარჩუნების უნარს,[64] რაც შესაძლოა მამამისის დამსახურება იყო, რადგან იგი მეტრონომით მეცადინეობას დაჟინებით ითხოვდა.[65] მისი რეპერტუარი შემდგომ ძირითადად მოიცავდა ვენის დიდებული სკოლის სტილის ნაწარმოებებს, როგორებიცაა, მაგალითად, იოჰან ნეპომუკ ჰუმელის კონცერტები და მისი ყოფილი მასწავლებლის, ჩერნის, ნამუშევრებს, რომლებიც მოზარდ ლისტს შანს აძლევდა, თავისი იმპროვიზაციის დიდებული ნიჭი გამოევლინა. ლისტი ასევე ფლობდა ნოტების კითხვის შესანიშნავ უნარებს.[66]

1827 წელს მამის გარდაცვალებისა და ლისტის, როგორც მოგზაური ვირტუოზის, ცხოვრებისგან შესვენების აღების შემდეგ, მისმა დაკვრამ, დიდი ალბათობით, თანდათან უფრო პირადი სტილი განივითარა. ამ დროში მისი შესრულების შესახებ ყველაზე დეტალური ცნობები 1831-32 წლების ზამთრიდან მოდის, როცა ლისტი თავს პარიზში მასწავლებლად მუშაობით ირჩენდა. მისი ერთ-ერთი მოსწავლე იყო ვალერი ბუასიე, რომლის დედაც, კაროლინა, გაკვეთილების შესახებ დღიურში წერდა:

მუსიე ლისტის დაკვრა შეიცავს მიტოვებას, თავისუფლების გრძნობას, მაგრამ როცა იგი ხდება მგზნებარე და ენერგიული ფორტისიმოში, უხეშობა და სიმშრალე მაინც არ შეინიშნება. [...] [ის] ფორტეპიანოსგან იღებს ნოტებს, რომლებიც იმაზე წმინდა, მოალერსე და ძლიერია, რაც კი ვინმეს ოდესმე მიუღია; მის შეხებას აქვს ენით აღუწერელი მომხიბვლელობა. [...] იგი მტერია გავლენის ქვეშ მოქცეული, უხამსი, გამრუდებული გამოხატულებისა. ყველაზე მეტად მას სურს ჭეშმარიტება მუსიკალურ გრძნობაში, ამიტომაც იგი ფსიქოლოგიურად სწავლობს თავის ემოციებს, რათა ისინი სიზუსტით გადმოსცეს. ამგვარად, ძლიერ გამოვლინებას ხშირად თან ახლავს დაღლა და მელანქოლია, ერთგვარი სიცივე, რადგან სწორედ ასეთია ბუნება.[67]

ლისტს დაკვრის დროს სახის გამომეტყველებისა და ჟესტებისთვის ზოგჯერ პრესაში დასცინოდნენ.[შ 5] ცნობილია აგრეთვე ექსტრავაგანტური ცვლილებები, რომლებსაც ლისტი ნაწარმოებებში შეიტანდა ხოლმე. ბერლიოზი ჰყვება, თუ როგორ ამატებდა ლისტი კადენციებს, ტრემოლოებსა და ტრელებს ბეთჰოვენის პირველი მთვარის სონატის დაკვრისას და როგორ ქმნიდა დრამატულ სცენას ლარგოსა და პრესტოს შორის ტემპის ცვლილებით.[შ 6] თავის „ბაკალავრის წერილში“, რომელიც ჯორჯ სენდის 1837 წლის დასაწყისში მისწერა, ლისტმა აღიარა, რომ ეს აპლოდისმენტებისთვის გააკეთა და პირობა დადო, რომ შემდეგში წერილსაც და ნოტებსაც უპირობოთ დაიცავდა. სადავოა, შეასრულა თუ არა მან ეს პირობა. 1840 წლის ივლისში ბრიტანულ გაზეთში „The Times“ დაიწერა:

მისი შესრულება დაიწყო ჰანდელის ნაწარმოებით „ფუგა მი მინორში“, რომელიც ლისტმა მოჩვენებითი მოკაზმულობის არიდებითა და თითქმის არანაირი დამატებით დაუკრა, თუ არ ჩავთვლით დიდძალ შესაფერის ჰარმონიას, რომელმაც ნაწარმოების სილამაზეს შუქი მოჰფინა და აღმოაცენა იმ ელფერით, რომელიც ნაწარმოებს აქამდე არცერთი ხელისგან მიუღია.[68]

რეპერტუარი

რედაქტირება
 
ლისტი ატარებს კონცერტს იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ისთვის Bösendorfer-ის ფორტეპიანოზე

მოგზაურობის წლებში ლისტმა მთელ ევროპაში აურაცხელი მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულა,[69] თუმცა მისი უმთავრესი რეპერტუარი ყოველთვის საკუთარი ნაწარმოებების, პერიფრაზებისა და ტრანსკრიფციების ცენტრში იყო. 1840-1845 წლებში გერმანიაში ჩატარებულ კონცერტებზე ხუთი ყველაზე ხშირად შესრულებული ნაწარმოებები იყო: „Grand galop chromatique“, შუბერტის „Erlkönig“-ის ტრანსკრიფცია, „Réminiscences de Don Juan“, „Réminiscences de Robert le Diable“ და „Réminiscences de Lucia di Lammermoor“.[70] სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებთა შორის იყო: ვებერის „ცეკვის მოსაწვევი“; შოპენის მაზურკები; იგნაც მოშელესის, შოპენისა და ფერდინანდ ჰილერის ეტიუდები; აგრეთვე ბეთჰოვენის, შუმანის, ვებერისა და ჰუმელის ცნობილი ნამუშევრები და დრო და დრო ბახის, ჰანდელისა და სკარლატის შერჩეული ნაწარმოებები.

კონცერტთა უმეტესობა ტარდებოდა სხვა მუსიკოსებთან ერთად, ამიტომაც ლისტი ხშირად უკრავდა მომღერლებთან ერთად, მონაწილეობას იღებდა კამერულ მუსიკაში, ან თავის სოლო მონაკვეთთან ერთად ორკესტრის თანხლებითაც უკრავდა. ყველაზე ხშირად შესრულებულ ნამუშევართა შორის იყო: „კონცერტ-შტიუკი“, ბეთჰოვენის „იმპერატორის კონცერტი“ და „საგუნდო ფენტეზი“, და „ჰექსამერონის“ ლისტის მიერ გადამუშავებული საფორტეპიანო და საორკესტრო ვერსია. მისი კამერული მუსიკა შეიცავდა იოჰან ნეპომუკ ჰუმელის „სეპტეტს“, ბეთჰოვენის „ერცჰერცოგის ტრიოსა“ და „კროიცერის სონატას“, და ჯოაკინო როსინის, გაეტანო დონიცეტის, ბეთჰოვენისა და განსაკუთრებით ფრანც შუბერტის მრავალ ნაწარმოებს. ზოგ კონცერტზე ლისტი პროგრამის გასაზიარებლად მუსიკოსებს ვერ პოულობდა და გახდა ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც ფორტეპიანოს სოლოკონცერტების ჩატარება დაიწყო. ტერმინი ფორტეპიანოს სოლოკონცერტი, იგივე „piano recital“, შექმნა გამომცემელმა ფრედერიკ ბილმა 1840 წლის 9 ივნისს ლისტის ჰანოვერის კვადრატულ ოთახებში ჩატარებული კონცერტისთვის,[71] თუმცა ლისტი სოლოკონცერტებს 1839 მარტისთვის უკვე ატარებდა.[72]

ინსტრუმენტები

რედაქტირება
 
ლისტის ერთ-ერთი ფორტეპიანო თავის ბინაში, ბუდაპეშტი

ვაიმარში ლისტის ფორტეპიანოთა შორის იყო ერარისა და ბახშტაინის პიანინოები, ბეთჰოვენის ბროდვუდისა და ბოისელოტის როიალები. ცნობილია, რომ ლისტი ბოისელოტის ფორტეპიანოებს იყენებდა პორტუგალიაში მოგზაურობისას[73] და მოგვიანებით, 1847 წელს, კიევსა და ოდესაში. იგი ფორტეპიანოს ვაიმარში თავის ვილა ალტენბურგში ინახავდა.[74] ეს ინსტრუმენტი დღეს დაკვრის მდგომარეობაში არ არის და 2011 წელს ვაიმარის კლასიკური ფონდის შეკვეთით პოლ მაკნალტმა ბოისელოტის ფორტეპიანოს ასლი დაამზადა, რომელიც დღეს ლისტის ორიგინალი ფორტეპიანოს გვერდით დგას.[75]

1840-იან წლებში ბახის ორგანის მუსიკისადმი გაღვივებული ინტერესის შედეგად ლისტმა ფორტეპიანო-ორგანი პარიზული კომპანია „Alexandre Père et Fils“-ისგან შეუკვეთა. ინსტრუმენტი — ფორტეპიანოსა და ფისჰარმონიის კომბინაცია კლავიშთა სამი რიგითა და პედლებით — 1854 წელს ერარის 1853 წლის ფორტეპიანოს გამოყენებით ბერლიოზის ზედამხედველობის ქვეშ დამზადდა. კომპანიამ ინსტრუმენტს „ფორტეპიანო-ლისტი“ დაარქვა და ვილა ალტენბურგში 1854 წლის ივლისში დადგა,[76] რომელიც ამჟამად გამოფენილია კოლექციაში „მუსიკის მეგობრების საზოგადოება ვენაში“.[77][74]

ლისტი ფლობდა კიდევ ორ ორგანს, რომლებიც თავის ბუდაპეშტის რეზიდენციაში მოგვიანებით დაიდგა. პირველი ვაიმარში მყოფი ინსტრუმენტის პატარა ვერსია იყო — ფორტეპიანოსა და ფისჰარმონიის კომბინაცია კლავიშთა ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი რიგით: ზედა 1864 წლის ერარის ფორტეპიანოსთვის, ქვედა კი ფისჰარმონიისთვის — კვლავ Alexandre Père et Fils-ის მიერ 1865 წელს აწყობილი. მეორე „კაბინეტის ორგანი“ იყო — დიდი საკონცერტო ფისჰარმონია, რომელიც დეტროიტსა და ბოსტონში „მესონმა და ჰამლინმა“ ააგო და ლისტს 1877 წელს გადასცა.[77] „მესონმა და ჰამლინმა“ მოგვიანებით ამ ორგანის განახლებული ვერსია სახელწოდებით „ლისტის ორგანი“ გაყიდვაში შემოიტანა. ეს ფისჰარმონია საბოლოოდ იყიდა ამერიკაში მცხოვრებმა ინგლისელმა „მისტერ სმითმა“. მისტერ სმითმა იგი 1911 წელს ამერიკელ კოლექციონერს 50 000 დოლარად მიჰყიდა.[78]

მუსიკალური ნამუშევრები

რედაქტირება

ლისტი ნაყოფიერი კომპოზიტორი იყო. იგი ფართოდ ცნობილია თავისი საფორტეპიანო მუსიკისთვის, მაგრამ ასევე ქმნიდა მუსიკას ორკესტრისთვისა და სხვა ანსამბლებისთვის, რომლებიც ყოველთვის შეიცავდა კლავიშებიან საკრავებს. ლისტის საფორტეპიანო ნამუშევრებზე საუბრისას ხშირად ხაზი ესმება მათ სირთულეს. მისი ზოგიერთი ნამუშევარი საპროგრამოა, რომლებიც შთაგონებულია პოეზიითა თუ ხელოვნებით. ლისტს მიაწერენ სიმფონიური პოემის შექმნას.

საფორტეპიანო მუსიკა

რედაქტირება
 
(აუდიო)
უნგრული რაფსოდია №2
noicon
შეასრულა მართა გოლდშტაინმა 1851 წლის ერარის ფორტეპიანოზე
ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

ლისტის ყველაზე ფართოდ ცნობილი მუსიკა თავისი საფორტეპიანო ნაშრომებია. ვაიმარში ცხოვრებისას მან დაწერა 19 უნგრული რაფსოდია, რომლებიც თავისივე „მადიარ დალოკის/რაფსოდიაკის“ გადამუშავებული ვერსიებია. მისი საგულდაგულოდ გადამუშავებული შედევრი „Années de pèlerinage“ („პილიგრიმობის წლები“) შეიცავს უდავოდ ყველაზე გამომწვევ და ამაღელვებელ ნამუშევრებს. სამი სუიტის კრებული მოიცავს როგორც „Suisse Orage“-ის („შტორმი“) ვირტუოზულ დონეს, ისევე მიქელანჯელოსა და რაფაელის ნამუშევრების სათუთ და წარმოსახვით ვიზუალიზაციას (მეორე კრებულში). „Années de pèlerinage“-ში გადმოცემული ზოგიერთი ნაწარმოები ლისტის ადრინდელი ნამუშევრების ტრანსკრიფციაა; პირველ „წელში“ ცოცხლდება ლისტის მიერ ადრე დაწერილი „Album d'un voyageur“, ხოლო მეორე წიგნი უბრუნდება სიმღერების ტრანსკრიფციებს, რომლებიც ერთხელ ცალკე გამოქვეყნდა სახელწოდებით „Tre sonetti di Petrarca“ („პეტრარკას სამი სონეტა“). ლისტის ნამუშევრების უმეტესობის ნაკლები ცნობადობა აიხსნება მათი უზომო რაოდენობითა და ტექნიკური სირთულის დონით.

ლისტის საფორტეპიანო ნამუშევრები ძირითადად იყოფა ორ კატეგორიად: ორიგინალური ნამუშევრები და სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებების ტრანსკრიფციები, პარაფრაზები ან ფანტაზიები. მისი ორიგინალური ნამუშევრების მაგალითია 1833 წლის მაისის „Harmonies poétiques et religieuses“ („პოეტური და რელიგიური ჰარმონიები“) და 1853 წლის სონატა სი მინორში. ლისტის ტრანსკრიფციებს შორისაა შუბერტის სიმღერები, ფენტეზები საოპერო მელოდიებზე და ჰექტორ ბერლიოზისა და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სიმფონიების საფორტეპიანო ვერსიები. ლისტმა ფორტეპიანოსთვის ასევე ააწყო თავისი ინსტრუმენტული და ვოკალური ნამუშევრები, როგორიცაა „ფაუსტ სიმფონიის“ მონაკვეთი „Gretchen“, პირველი „მეფისტო ვალსი“ და „Liebesträume №3“, ასევე „Buch der Lieder“-ის („სიმღერების წიგნი“) ორი ტომი.

ტრანსკრიფციები

რედაქტირება

ლისტმა მრავალი სახეობის მუსიკის საფორტეპიანო ტრანსკრიფცია დაწერა. მართლაც, მისი ნამუშევრების თითქმის ნახევარი სხვა კომპოზიტორთა მუსიკის ფორტეპიანოსთვის არანჟირებული ვერსიებისგან შედგება.[79] მათ დიდ ნაწილს ლისტი ღონისძიებებზე უკრავდა. XIX საუკუნის შუა ხანებისთვის საორკესტრო შესრულებები, დღევანდელობასთან შედარებით, გაცილებით უფრო იშვიათი იყო და მნიშვნელოვანი ქალაქების გარეთ — არარსებული; ამიტომაც ლისტის ტრანსკრიფციებმა დიდი როლი ითამაშა მრავალფეროვანი მუსიკის პოპულარიზაციაში, როგორიცაა, მაგალითად, ბეთჰოვენის სიმფონიები.[80] პიანისტმა სიპრიან კაცარისმა განაცხადა, რომ ორიგინალ სიმფონიებს ლისტის ტრანსკრიფციები ურჩევნია,[81] ხოლო ჰანს ფონ ბიულოვმა აღიარა, რომ თავისი „დანტე სონეტის“ „Tanto gentile“-ის ლისტისეული ვერსია საკუთარ დაწერილ ორიგინალზე უკეთესი იყო.[შ 7] ლისტის ტრანსკრიფციების სხვა ცნობილი მაგალითია შუბერტის სიმღერები, საოპერო მელოდიები და ბერლიოზისა და ბეთჰოვენის სიმფონიების ფორტეპიანოსთვის არანჟირებული ვერსიები.

საფორტეპიანო ტრანსკრიფციებთან ერთად, ლისტმა ასევე დაწერა საორგანო ტრანსკრიფციები, მაგალითად ოტო ნიკოლაის „საეკლესიო ფესტივალის უვერტიურა გალობაზე 'Ein feste Burg'“, ორლანდო დი ლასოს მოტეტი „Regina coeli“, შოპენის ზოგიერთი პრელუდია, ბახის კანტატა №21 და ვაგნერის „Tannhäuser“.[82]

საორგანო მუსიკა

რედაქტირება

ლისტმა თავისი ორი უდიდესი საორგანო ნაწარმოები 1850-1855-იან წლებში ვაიმარში ცხოვრებისას შექმნა, ქალაქში, რომელშიც საორგანო მუსიკის ხანგრძლივი ტრადიცია არსებობდა, მაგალითად, იოჰან სებასტიან ბახი. ჰამფრი სირლი ამ ნაწარმოებებს — ფენტეზი და ფუგა გალობაზე „Ad nos, ad salutarem undam“ და პრელუდია და ფუგა ბ-ა-ხ-ზე — უწოდებს ლისტის „უმნიშვნელოვანეს ორიგინალურ საორგანო ნამუშევრებს“,[83] ხოლო დერეკ უოტსონი თავის წიგნში „ლისტი“ ნაწარმოებებს მიიჩნევს XIX საუკუნის უმნიშვნელოვანეს საორგანო ნამუშევრებად, რომლებმაც მოასწავა ისეთი ორგანისტების ნამუშევრები, როგორებიც არიან: რეგერი, ფრენკი, სენ-სანსი და სხვები.[84] „Ad nos“ არის გახანგრძლივებული ფანტაზია, ადაჯიო და ფუგა, რომელიც ნახევარ საათზე ხანგრძლივია, ხოლო პრელუდია და ფუგა ბ-ა-ხ-ზე შეიცავს ქრომატულ ელემენტებს, რაც ზოგჯერ ტონალობის შეგრძნებას აქარწყლებს. ლისტმა თავისი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ, 1862 წელს, დაწერა ვარიაციების მონუმენტური კრებული, რომელიც დააფუძნა ბახის კანტატის „ვაინენი, კლაგენი, ზორგენი, ცაგენი, BWV 12“ (რომელიც ბახმა მოგვიანებით გადააკეთა სახელწოდებით „Crucifixusმესა სი მინორში) მეორე მოქმედების პირველ სექციაზე.[48] მან ასევე დაწერა რეკვიემი საორგანო სოლოსთვის, რომელიც სრულდებოდა ლიტურგიულად სიტყვიერი რეკვიემის მესის თანხლებით.[83]

სიმღერები

რედაქტირება

ლისტმა დაწერა დაახლოებით ექვსი დუჟინი ორიგინალური სიმღერა ფორტეპიანოს თანხლებით. უმეტეს შემთხვევებში, ტექსტი გერმანული ან ფრანგული იყო, თუმცა ზოგიერთი სიმღერა იტალიურ და უნგრულ ენებზეა, ხოლო ერთი — ინგლისურზე. ლისტმა პირველი სიმღერა „Angiolin dal biondo crin“ 1839 წელს დაწერა, ხოლო 1844 წლისთვის სიმღერათა რაოდენობამ დაახლოებით ორ დუჟინს მიაღწია. ზოგიერთი მათგანი ცალკეულ ნაწარმოებად გამოქვეყნდა. ამასთან ერთად, 1843-1844 წლებში გამოსცა „Buch der Lieder“-ის („სიმღერების წიგნი“) სერიები. თავდაპირველად სამი ტომის გამოცემა იგეგმებოდა, თითოში ექვსი სიმღერით, მაგრამ მხოლოდ ორი ტომი გამოიცა.

დღესდღეობით ლისტის სიმღერები შედარებით უცნობია. სიმღერას „Ich möchte hingehn“ ხშირად მხოლოდ ერთი ტაქტის გამო მოიხსენიებენ, რომელიც წააგავს ვაგნერის „ტრისტან და იზოლდას“ გამხსნელ მოტივს. ხშირად გამოითქმის აზრი, რომ ლისტმა ეს მოტივი 10 წლით ადრე დაწერა, ვიდრე ვაგნერმა „ტრისტანზე“ მუშაობა დაიწყო 1857 წელს.[შ 8] „Ich möchte hingehn“-ის ორიგინალური ვერსია უდავოდ 1844 ან 1845 წელს დაიწერა; თუმცა არსებობს ოთხი ხელნაწერი, რომელთაგან ერთი, ავგუსტ კონრადის მიერ შექმნილი ასლი, შეიცავს „ტრისტანის“ მოტივის ტაქტს. იგი ლისტმა საკუთარი ხელით ჩაამატა. ვინაიდან 1858 წლის მეორე ნახევარში ლისტი თავისი სიმღერების გამოსაქვეყნებლად ემზადებოდა და ვაგნერის „ტრისტანის“ პირველი მოქმედება ახალი მიღებული ჰქონდა, ლოგიკურია, რომ ჩამატებული ვერსია ვაგნერის ციტირება იყო.[შ 9]

საპროგრამო მუსიკა

რედაქტირება
 
(აუდიო)
ტოტენტანცი
noicon
ლისტის მიერ 1838 წელს დაწერილი „მკვდართა ცეკვა“ მიიჩნევა ძალიან მოდერნისტულ ნაწარმოებად, განსაკუთრებით, დარტყმითი მონაკვეთისა და მოგონებების აღმძვრელი სტილის გათვალისწინებით.[85]
ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

ლისტი თავის ზოგიერთ ნამუშევარში იყენებდა შედარებით ახალ საპროგრამო მუსიკის იდეას — მუსიკის ამ ჟანრის მიზანი არის პეიზაჟის, პოემისა ან კონკრეტული პერსონაჟის აღწერა. (ამის საპირისპიროა აბსოლუტური მუსიკა, რომლის მიზანია მხოლოდ მუსიკის აღწერა, და იგი არ მიემართება გარე სამყაროს არცერთ სხვა ელემენტს.)

ლისტის თვალით დანახული საპროგრამო მუსიკა იკვეთება ჯერ კიდევ თავის ახალგაზრდობაში დაწერილი „Album d'un voyageur“-ის (1837) შესავალში. მასზე დაყრდნობით, პეიზაჟს კონკრეტული სახეობის ხასიათის აღძვრა შეუძლია. ვინაიდან მუსიკასაც შეუძლია ხასიათის აღძვრა, პეიზაჟთან მისტიკური მსგავსების წარმოსახვა შესაძლებელია. ამ ნააზრევში მუსიკა პეიზაჟს არ ხატავს, არამედ იგი მას ემთხვევა მესამე კატეგორიაში, ხასიათში.

1854 წლის ივლისში ლისტმა თავის ესეში, რომელშიც ბერლიოზსა და ნაწარმოებზე „ჰაროლდი იტალიაში“ საუბრობს, განაცხადა, რომ ყველა მუსიკა საპროგრამო არ იყო. თუკი კამათისას ვინმე საპირისპიროს მტკიცებას დაიწყებდა, უმჯობესი იქნებოდა, საპროგრამო მუსიკის ყველანაირი იდეის გვერდით გადადება. მაგრამ შესაძლებელი იქნებოდა მუსიკალური მოტივის ბედი განსაზღვრულიყო ისეთი ელემენტების გამოყენებით, როგორიცაა ჰარმონია, მოდულირება, რიტმი, ინსტრუმენტიზაცია და მისთ. ნებისმიერ შემთხვევაში, მუსიკის ნაწარმოებს პროგრამა მხოლოდ მაშინ შეიძლება დაემატოს, როცა ეს ამ ნაწარმოების ადეკვატური გააზრებისთვის აუცილებელია.

მოგვიანებით, 1864 წელს, ლისტმა მარი დ'აგუსთან მიწერილ წერილში განაცხადა:

თავშეკავების გარეშე სრულიად ვეთანხმები იმ წესს, რომლის ჩემთვის შეხსენებაც ასე კეთილად გსურს, რომ მუსიკალურმა ნამუშევრებმა, რომლებიც ზოგადი აღქმით მიჰყვებიან პროგრამას, წარმოსახვასა და ემოციებზე გავლენა უნდა მოახდინონ ნებისმიერი პროგრამისგან დამოუკიდებლად. სხვა სიტყვებით: ყოველი ლამაზი მუსიკა უნდა იყოს პირველხარისხოვანი და ყოველთვის უნდა დააკმაყოფილოს მუსიკის დაუწერელი აბსოლუტური წესები, რომელთა დარღვევა მიუღებელია.[შ 10]

სიმფონიური პოემები

რედაქტირება
 
ვილჰელმ ფონ კაულბახის „Die Hunnenschlacht“ („ჰუნების ბრძოლა“), რომელიც ლისტის ერთ-ერთი სიმფონიური პოემის შთაგონების წყაროდ იქცა

სიმფონიური პოემა ან ტონალური პოემა არის ერთმოქმედებიანი საორკესტრო ნაწარმოები, რომლის ექსტრამუსიკალური პროგრამა მოიცავს ამბის თხრობას ან ილუსტრირებულ ელემენტს. ეს პროგრამა შეიძლება ეფუძნებოდეს პოემას, მოთხრობას ან რომანს, ნახატს, ან სხვა წყაროს. ტერმინი პირველად ლისტმა თავისი 13 ერთმოქმედებიანი საორკესტრო ნაწარმოების აღსაწერად გამოიყენა. კლასიკური თვალსაზრისით, ისინი არ წარმოადგენდნენ სიმფონიის წმინდა მაგალითს, ვინაიდან მათში აღწერილი იყო მითოლოგიიდან, რომანტიკული ლიტერატურიდან, ბოლოდროინდელი ისტორიიდან ან წარმოსახვითი ფენტეზიდან აღებული მოვლენები, საგნები ან პირები. სხვა სიტყვებით, ეს ნამუშევრები უფრო პროგრამული იყო, ვიდრე აბსტრაქტული.[86] ეს ფორმა რომანტიზმის დამსახურებით ჩამოყალიბდა, რამაც მუსიკაში ლიტერატურული, მხატვრული და დრამატული კავშირების დამყარებას უბიძგა. იგი საპროგრამო მუსიკის მნიშვნელოვან ფორმად XIX საუკუნის მეორე ნახევარში იქცა.[87]

პირველი 12 სიმფონიური პოემა დაიწერა 1848-58 წლებში (თუმცა გამოყენებული მასალის ნაწილი უფრო ადრე შეიქმნა); მეცამეტე კი — „Von der Wiege bis zum Grabe“ („აკვნიდან საფლავამდე“) — 1882 წელს. ლისტის მიზანი, როგორც ჰიუ მაკდონალდი „გროუვის მუსიკალური ლექსიკონში“ აღნიშნავს, იყო, ამ ერთმოქმედებიან ნაწარმოებებს „სიმფონიური ნააზრევის ტრადიციული ლოგიკა წარმოეჩინათ“.[88] ეს ლოგიკა, რომელმაც ხორცი შეისხა სონატას ფორმაში, ტრადიციულად რიტმის, მელოდიისა და ჰარმონიის ფარული შესაძლებლობების გამოვლენას გულისხმობდა, ვინაიდან მათ ერთმანეთთან შერწყმის, განცალკევებისა და კონტრასტის შესაძლებლობა მიეცათ.[89] ბეთჰოვენმა თავის მუსიკას შემატა გრძნობათა ინტენსიურობა და აუდიტორის ამ გრძნობაში ჩართულობა, სიმფონია „საგმიროდან“ მოყოლებული, იგი იყენებდა მუსიკის მარჯვე ელემენტებს — მელოდია, ბანი, კონტრაპუნქტი, რიტმი და ჰარმონია — ელემენტთა სინთეზის ახალი პრინციპით.[90]

ლისტი შეეცადა, სიმფონიურ პოემაში მუსიკის ბუნების ამგვარი მოდერნიზაცია განევრცო და დაემატებინა ფორმალური კლასიკური პრინციპებისა და გარე ლიტერატურული ცნებების ურთიერთშეთავსების რომანტიკული იდეალი. ამის მისაღწევად, მან გააერთიანა ოვერტიურისა და სიმფონიის ელემენტები აღწერით ელემენტებთან, რითაც ფორმითა და მასშტაბით მიუახლოვდა სიმფონიის პირველ მოქმედებას.[87] ლისტმა სონატას ფორმის მეტად შემოქმედებითი ცვლილებების გატარებისას გამოიყენა ისეთი კომპოზიციური ხერხები, როგორიცაა ციკლური ფორმა, ლაიტმოტივი და თემატური ტრანსფორმაცია, რითაც ამ ნამუშევრებს დამატებითი შეხმატკბილებულობა შესძინა.[91] მსგავსი კომპოზიციების შექმნა მეტად შრომატევადი და რთული აღმოჩნდა, საჭირო იყო შემოქმედებითი ექსპერიმენტების უწყვეტი პროცესი, რაც მოიცავდა კომპოზიციის მრავალ საფეხურს, რეპეტიციასა და გადამუშავებას, რათა ისეთი ვერსია ჩამოყალიბებულიყო, როგორშიც მუსიკის განსხვავებული ნაწილები გაწონასწორებული იყო.[92]

გვიანი ნამუშევრები

რედაქტირება

ვაიმარში გატარებული წლების ბოლოს შექმნილი ნაწარმოებებით, ლისტი უფრო და უფრო განუდგა თავისი დროის მუსიკალურ გემოვნებას. ამის ადრეული მაგალითია ნიკოლაუს ლენაუს პოემაზე დაფუძნებული მელოდრამა „Der traurige Mönch“ („სევდიანი ბერი“), რომელიც 1860 წლის დასაწყისში დაწერა. როცა XIX საუკუნის ჰარმონიები უმეტესად წარმოადგენდა მაჟორულ ან მინორულ ტრიადებს, რომლებსაც დისონანსები შეიძლება დამატებოდა, ლისტმა ცენტრალურ აკორდად გაფართოებული ტრიადა გამოიყენა.

სხვა მაგალითებს ვაწყდებით ლისტის „Années de Pélerinage“-ის („პილიგრიმობის წლები“) მესამე ტომში. 1877 წლის სექტემბერში დაწერილმა „Les Jeux d'Eaux à la Villa d'Este“-მ („ვილა-დ’ესტეს შადრევნები“) მოასწავა კლოდ დებიუსისა და მორის რაველის მსგავს თემებზე შექმნილი ნაწარმობების იმპრესიონიზმი. სხვა ნაწარმოებები, როგორიცაა, მაგალითად, 1867 წლის „Marche funèbre, En mémoire de Maximilian I, Empereur du Mexique“ („დამკრძალავი მარში, მაქსიმილიან I-ის, მექსიკის იმპერატორის, ხსოვნის პატივსაცემად“)[შ 11], XIX და XX საუკუნეებთან სტილისტურად დაკავშირებული არ არის.

მოგვიანებით ეტაპზე ლისტი ცდიდა „აკრძალულ“ ტექნიკებს, როგორიცაა პარალელური მეხუთეები ნაწარმოებში „Csárdás macabre“[შ 12] („სიკვდილის ჩარდაში“) და ატონალობა „Bagatelle sans tonalité“-ში („ბაგატელი ტონალობის გარეშე“). „მეორე მეფისტო ვალსი“ და მსგავსი ნაწარმოებები მრავალი გამეორებისა და მოკლე მოტივების გამო არატრადიციულია. საცდელი მახასიათებლები ასევე იკვეთება 1878 წლის „Via crucis“-ში, ისევე, როგორც „Unstern!“-ში, „Nuages gris“-სა და 1880-იანი წლების ორ ნამუშევარში სახელწოდებით „La lugubre gondola“.

ლიტერატურული ნამუშევრები

რედაქტირება

თავისი მუსიკალური ნამუშევრების გარდა, ლისტი ასევე წერდა ესეებს მრავალ საკითხზე. მისი განვითარების შესახებ ყველაზე მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის სტატიათა სერია „De la situation des artistes“ („ხელოვანთა სიტუაციის შესახებ“), რომელიც გამოაქვეყნა პარიზულმა „Gazette musicale“-მა 1835 წელს. 1835-36 წლების ზამთარში, როცა ლისტი ჟენევაში ცხოვრობდა, კიდევ დაახლოებით ნახევარი დუჟინი ესე გამოიცა. ერთ-ერთ მათგანში, რომლის გამოცემაც „ემ პრიმის“ ფსევდონიმით იგეგმებოდა, განხილული იყო ლისტის საკუთარი ნამუშევრები. იგი გადაეგზავნა მორის შლეზინგერს, „Gazette musicale“-ის რედაქტორს. შლეზინგერმა ბერლიოზის რჩევა გაითვალისწინა და ესე არ გამოაქვეყნა.[შ 13] 1837 წლის დასაწყისში ლისტმა გამოაქვეყნა ზიგიზმუნდ თალბერგის რამდენიმე საფორტეპიანო ნამუშევრის მიმოხილვა, რამაც უზარმაზარი სკანდალი გამოიწვია.[შ 14] ლისტმა ასევე გამოაქვეყნა წერილთა სერია სახელწოდებით „ბაკალავრის წერილები“, რომელიც 1841 წელს დასრულდა.

ვაიმარში ცხოვრებისას ლისტმა დაწერა ესეების სერია ოპერებზე, გლუკიდან დაწყებული ვაგნერით დამთავრებული. იგი ასევე წერდა ბერლიოზსა და სიმფონიაზე „ჰაროლდი იტალიაში“, რობერტ და კლარა შუმანზე, ჯონ ფილდის ნოქტიურნებზე, რობერტ ფრანცის სიმღერებზე, ვაიმარში დაგეგმილ გოეთეს ფონდსა და მრავალ სხვა საკითხზე. ამასთან ერთად, ლისტმა დაწერა თავისი ახლო მეგობრის, კომპოზიტორი ფრიდერიკ შოპენის, ბიოგრაფია სახელწოდებით „შოპენის ცხოვრება“[93] და წიგნი ბოშებსა და უნგრეთში მათი მუსიკის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ეს ლიტერატურული ნამუშევარი ლისტის სახელით გამოიცა, ბოლომდე ნათელი მაინც არ არის, მათი რომელი ნაწილი დაწერა თავად. ცნობილია, რომ ახალგაზრდობაში გამოქვეყნებული წერილები მარი დ'აგუსთან ერთად დაწერა. ვაიმარში ცხოვრებისას კი მას პრინცესა ვიტგენშტაინი ეხმარებოდა. ხელნაწერთა უმეტესობა დაიკარგა, რის გამოც რთულია იმის განსაზღვრა, თუ რომელი ნამუშევრები დაწერა ლისტმა პირადად. აღსანიშნავია, რომ სიცოცხლის ბოლომდე ლისტი ამ ლიტერატურული ნამუშევრების შექმნაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა.

ლისტი 1885 წლის ბოლომდე მუშაობდა თანამედროვე ჰარმონიის ტრაქტატზე. პიანისტმა არტურ ფრიდჰაიმმა, რომელიც ლისტის პირად მდივნად მუშაობდა, ვაიმარში ლისტის დოკუმენტებს შორის ტრაქტატი დაინახა. ლისტმა ფრიდჰაიმს უთხრა, რომ ჯერ ხელნაწერის, რომლის სახელწოდებაც იყო „მონახაზები მომავლის ჰარმონიისთვის“, გამოქვეყნების დრო არ დამდგარა. სამწუხაროდ, ტრაქტატი დაიკარგა.

მემკვიდრეობა

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ იყო პერიოდი, როცა ლისტის ნაწარმოებებს ბევრი მიიჩნევდა, როგორც „მკვეხარასა“ და ზედაპირულს, დღეს აღიარებულია, რომ ლისტის მრავალმა ნაწარმოებმა, როგორებიცაა, მაგალითად, „Nuages gris“, „Les jeux d'eaux à la villa d'Este“, და მისთ., რომლებიც შეიცავს პარალელურ მეხუთეებს, სრულ-ტონალურ გამას, პარალელურად შემცირებულ და გაფართოებულ ტრიადებს, გადაუწყვეტელ დისონანსებს, განაპირობა და გავლენა იქონია XX საუკუნის ისეთი კომპოზიტორების მუსიკაზე, როგორებიც არიან დებიუსი, რაველი და ბელა ბარტოკი.[94]

ლისტის მოსწავლეები

რედაქტირება

       ლისტის ცნობილი მოსწავლეებისთვის, იხილეთ მუსიკის მოსწავლეების სია მასწავლებლის მიხედვით: კ-დან ო-მდე § ფერენც ლისტი.

ადრეული მოსწავლეები

რედაქტირება

1827 წლიდან ლისტმა დაიწყო მუსიკის წერისა და ფორტეპიანოზე დაკვრის გაკვეთილების ჩატარება. 1829 წლის 23 დეკემბერს მან დაწერა, რომ მისი გაკვეთილების გრაფიკი ისე იყო გადატვირთული, რომ ყოველ დღე, დილის რვის ნახევრიდან ღამის 10 საათამდე, სუნთქვასაც ძლივს ასწრებდა.[შ 15] ლისტის ამ პერიოდის მოსწავლეთა უმეტესობა მოყვარულები იყვნენ, მაგრამ ზოგიერთმა პროფესიონალური კარიერაც შეიქმნა. პირველის მაგალითია ვალერი ბუასიე, მოგვიანებით გრაფინია დე გასპარინი. უკანასკნელის მაგალითებს წარმოადგენენ იულიუს აიხბერგი, იერ უოლფი და ჰერმან კოენი. 1835-36 წლების ზამთარში ისინი ჟენევას კონსერვატორიაში ლისტის კოლეგები გახდნენ. უოლფი მოგვიანებით სანქტ-პეტერბურგში წავიდა.

მოგზაურობის წლებში ლისტი ძალიან ცოტა გაკვეთილს ატარებდა. ამ პერიოდში მის მოსწავლეებს შორის იყვნენ იოჰან ნეპომუკ ჰუმელი და ვილჰელმ ფონ ლენცი. 1844 წლის გაზაფხულზე დრეზდენში ლისტმა გაიცნო ახალგაზრდა ჰანს ფონ ბიულოვი, რომელიც მოგვიანებით მისი სიძე გახდა.

გვიანი მოსწავლეები

რედაქტირება

მას შემდეგ, რაც ლისტი ვაიმარში დასახლდა, მისი მოსწავლეების რაოდენობა გაიზარდა. მთელი ცხოვრების განმავლობაში ლისტს ჯამში მრავალი ასეული მოსწავლე ჰყავდა. ავგუსტ გიოლერიხმა გამოაქვეყნა მათი ვრცელი კატალოგი.[შ 16] მან აღნიშნა, რომ „მოსწავლით“ გულისხმობდა სიტყვის ყველაზე ფართო აღქმას. შედეგად, მის კატალოგში შედიან როგორც პიანისტები და კომპოზიტორები, ასევე ვიოლინისტები, ჩელისტები, არფისტები, ორგანისტები, დირიჟორები, მომღერლები და თუნდაც მწერლები.

ლუდვიგ ნოლის მიერ შედგენილი კატალოგი ლისტმა თავად ჩაასწორა და დაადასტურა 1881 წლის სექტემბერში.[შ 17] მასში მოცემულია 48 სახელი, რომელთა შორისაა: კარლ ბერმანი, ფრანც ბენდელი, ჰანს ფონ ბრონზარტი, ჰანს ფონ ბიულოვი, იულიუს აიხბერგი, არტურ ფრიდჰაიმი, კარლ კლინდუერთი, უილიამ მეისონი, სოფი მენტერი, კარლ პოლიგი, დიონის პრუკნერი, იულიუს როიბკე, ედუარდ როისი, ჯოვანი სგამბატი, კარლ ტაუზიგი, ვერა ტიმანოვა, იუზეფ ვენიავსკი, ალექსანდ ვინტერბერგერი, და იულიუშ ზერემბსკი. ნოლის კატალოგში არ შევიდნენ კაროი აგაზი, აგნეს სტრიტ-კლინდუერთი და სხვები.

1886 წლისთვის მსგავსი კატალოგი გაცილებით გრძელი იქნებოდა, მასში შევიდოდა ისეთი პირები, როგორებიცაა იუჯინ დ'ალბერტი, კონრად ანზორგე, უოლტერ ბეიჩი, უილიამ დეიესი, ავგუსტ გიოლერიხი, კარლ ლახმუნდი, ჟოზე ვიანა და მოტა, მერიც როსენტალი, ემილ ზაუერი, ალექსანდრ ზილოტი, ბერნარდ სტავენჰაგენი, ავგუსტ სტრადალი, იშტვან ტომანი, და ბეტინა უოკერი.[95]

ლისტის ზოგიერთი მოსწავლე მისით უკმაყოფილო იყო.[შ 18] ამის მაგალითია იუჯინ დ'ალბერტი, რომელიც საბოლოოდ ლისტის მიმართ მტრულად განეწყო.[შ 19] ფელიქს დრეზეკე, რომელიც ლისტის მოსწავლე ვაიმარში 1857 წელს გახდა, ამის კიდევ ერთი მაგალითია.

ლისტის სწავლების მეთოდები

რედაქტირება

ლისტი თავის მოსწავლეების ძალიან ცოტა ტექნიკურ რჩევას აძლევდა, იგი მათგან მოელოდა, როგორც თავად ამბობდა, „ჭუჭყიანი სარეცხი სახლში გაერეცხათ“. ამის მაგივრად, იგი ყურადღებას ამახვილებდა მუსიკალურ ინტერპრეტაციაზე ანეკდოტის, მეტაფორისა და ჭკუამახვილობის კომბინაციით. მან ერთ-ერთ მოსწავლეს, რომელიც ბეთჰოვენის „ვალდშტაინის“ სონატას შესავალ აკორდებს ფაქიზად უკრავდა, ურჩია, რომ მათთვის „ბიფ­შტექ­სი არ დაექუცმაცებინა“. სხვა მოსწავლეს, რომელიც ლისტის „Gnomenreigen“-ს („გნომების ფერხული“) რიტმის დაცვის გარეშე, მეტისმეტად სწრაფად, უკრავდა, უთხრა: „აი, კიდევ, სალათას ურევ.“ ლისტი ასევე ცდილობდა, თავიდან აერიდებინა მოსწავლეების მის ზუსტ ასლად გადაქცევა; ამის ნაცვლად, მას შემოქმედებითი ინდივიდუალურობის შენარჩუნების სჯეროდა.[96]

ლისტი გაკვეთილებს უფასოდ ატარებდა. იგი საკმაოდ აღშფოთდა, როცა გერმანული გაზეთებიდან პედაგოგ თეოდორ კულაკის ანდერძის დეტალების შესახებ შეიტყო, როგორც გაირკვა, კულაკმა გაკვეთილებიდან ერთ მილიონ მარკაზე მეტი გამოიმუშავა. ლისტმა თავის ბიოგრაფს, ლინა რამანს, უთხრა, „როგორც ხელოვანი, მილიონ მარკას ისე ვერ გამოიმუშავებ, ხელოვნების სამსხვერპლოზე რაღაც თუ არ შესწირე“. მეორე მხრივ, კარლ ჩერნი თავის გაკვეთილებს ძალიან ძვირად აფასებდა და სტეფან ჰელერზე ხელიც კი აიღო, როცა მან გადახდა ვერ მოახერხა.[97] ლისტი თავის ყოფილ მასწავლებელზე, რომელმაც იგი უფასოდ გაწვრთნა, დადებითად საუბრობდა და მას თავისი „ტრანსცენდენტური ეტიუდებიც“ კი მიუძღვნა. ლისტმა „ზოგადი მუსიკის გაზეთს“ მიმართა და კულაკის ვაჟებს სთხოვა, ხელმოკლე მუსიკოსების დასახმარებლად ფონდი შეექმნათ, რასაც ლისტი თავად ხშირად აკეთებდა.[51]

მასობრივ კულტურაში

რედაქტირება

ლისტი ეკრანზე მრავალმა მსახიობმა განასახიერა:

სხვა განსახიერებები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბორი, რობერტი (1930). Une retraite romantique en Suisse, Liszt et la Comtesse d'Agoult (fr). ლოზანა. OCLC 407007685. 
  • ბურგერი, ერნსტი (1986). Franz Liszt, Eine Lebenschronik in Bildern und Dokumenten. მიუნხენი. OCLC 924748359. 
  • კუპერი, მარტინი (1946). „The Symphonies“, Music of Tchaikovsky. ნიუ-იორკი: W. W. Norton. OCLC 726172943. 
  • ეკჰარდტი, მარია; მუელერი, მარია შარნინი; უოკერი, ალან (2001). „Liszt, Franz“. Grove Music Online. doi:10.1093/gmo/9781561592630.article.48265. ISBN 978-1-56159-263-0.
  • გიოლერიხი, აუგუსტი (თ.უ.). Musikerbiographien, Achter Band, Liszt, Zweiter Theil. ლაიფციგი: Reclam.  (1887–1888)
  • ჰილმსი, ოლივერი (2016). Franz Liszt: Musician, Celebrity, Superstar. ლონდონი: Yale University Press. ISBN 978-0-300-21946-3. 
  • ჰიუნეკერი, ჯეიმზ (1911). Franz Liszt. ნიუ-იორკი: Charles Scribner's Sons. 
  • ლისტი, ფერენც; დ'აგუ, მარია (1934) რედ. დენიელ ოლივიერი: Correspondence – 1840–1864. პარიზი. 
  • ნოლი, ლუდვიგ (თ.უ.). Musikerbiographien, Vierter Band, Liszt, Erster Theil. ლაიფციგი: Reclam.  (1881–1882)
  • პრაჰაჩი, მარგიტ (1966). Franz Liszt, Briefe aus ungarischen Sammlungen, 1835–1886. ბუდაპეშტი. 
  • რააბე, პიტერ (1931). Liszts Schaffen. შტუტგარტი და ბერლინი: Cotta. 
  • რამანი, ლინა (1882). Franz Liszt, Artist and Man: 1811-1840. ლონდონი: W.H. Allen & Co.. ISBN 978-1-330-07220-2. 
  • რამანი, ლინა (1983). რედ. არტურ ზაიდლი: Lisztiana, Erinnerungen an Franz Liszt in Tagebuchblättern, Briefen und Dokumenten aus den Jahren 1873–1886/87. მაინცი. 
  • სეიდი, სტენლი, ed. (1980). გროუვის მუსიკალური ლექსიკონი (first ed.). ლონდონი: Macmillan. ISBN 978-0-333-23111-1.
  • სეფლი, მაიკლ (1994). Liszt in Germany, 1840–1845, Franz Liszt Studies Series. სტაივისენტი, ნიუ-იორკი: Pendragon Press. 
  • შონბერგი, ჰაროლდ ჩარლზ (1997). The Lives of the Great Composers, 3rd, ნიუ-იორკი: W. W. Norton. ISBN 978-0-349-10972-5. 
  • სირლი, ჰამფრი; ბიუხნერი, სარა დეივის (2012) The Music of Liszt. ჩელმსფორდი: Courier Corporation. ISBN 978-0486487939. 
  • სპენსერი, პირს (2002). „Symphonic poem [tone-poem]“, The Oxford Companion to Music. ოქსფორდი და ნიუ-იორკი: Oxford University Press. ISBN 978-0-19-866212-9. 
  • სტრადალი, ავგუსტ (1929). Erinnerungen an Franz Liszt. ბერნი, ლაიფციგი. 
  • უოკერი, ალან (1987). ფერენც ლისტი, ვირტუოზობის წლები, 1811–1847, revised, Cornell University Press. ISBN 0801494214. 
  • უოკერი, ალან (1987b). ფერენც ლისტი: ვაიმარის წლები, 1848–1861. Cornell University Press. ISBN 978-0-8014-9721-6. 
  • უოკერი, ალან (1997). ფერენც ლისტი, საბოლოო წლები, 1861–1886. Cornell University Press. ISBN 0801484537. 
  • უოკერი, ბეტინა (1892). My Musical Experiences, new, ლონდონი: Richard Bentley & Son; Novello, Ewer & Co.. 
  • უოტსონი, დერეკ (2000). ლისტი. ოქსფორდი: Oxford University Press. ISBN 978-0-02-872705-9. 
  • უილიამსი, ედრიენ (1990). Portrait of Liszt: By Himself and His Contemporaries. ოქსფორდი: Clarendon Press. ISBN 978-0-19-816150-9. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
არქივები
მდებარეობა მუსიკის განყოფილება, კონგრესის ბიბლიოთეკა
წყარო ჰარი როსენტალი ფერენც ლისტის კოლექციებზე, 1829–1886
როგორ გამოვიყენოთ საარქივო მასალა

შენიშვნები

რედაქტირება
  1. გერმ. Franz Liszt, [ˈlɪst]; უნგრ. Liszt Ferencz, თანამედროვე გამოყენებით ლისტ ფერენცი [ˈlist ˈfɛrɛnt͡s]. ლისტის უნგრულ პასპორტში მისი სახელი მითითებულია, როგორც „ფერენცი“ („Ferencz“). 1922 წლის უნგრული ენის რეფორმამ (რომელიც ლისტის გარდაცვალებიდან 36 წლის შემდეგ გაფორმდა) ასო-ბგერა „cz“ ჩაანაცვლა „c“-ით ყველა სიტყვაში გვარის გარდა; ამის შედეგად, ლისტის სახელი თანამედროვე უნგრულში წარმოითქმის, როგორც „ფერენცი“. 1859-1867 წლებში მისი სახელი ოფიციალურად ფრანც რიტერ ფონ ლისტი იყო; მას რაინდის („რიტერის“) წოდება ფრანც იოზეფ I-მა 1859 წელს მიანიჭა, მაგრამ ამით საჯაროდ არასდროს უსარგებლია. წოდება ლისტისთვის აუცილებელი იყო პრინცესა კაროლინა ვიტგენშტაინთან ქორწინებისთვის ისე, რომ მას პრივილეგიები არ დაეკარგა, მაგრამ 1867 წელს ქორწინების დასრულების შემდეგ ლისტი თავისი ბიძის, ედუარდის ტიტულზე გადავიდა. ედუარდის ვაჟი ფრანც ფონ ლისტი იყო.
  2. მისი დაბადების ადგილი ახლა მუზეუმია. ლისტი მთელი ცხოვრება საკუთარ თავს უნგრელად მოიხსენიებდა და უნგრეთს — თავის სამშობლოდ. ბოლო წლებში, როცა უნგრეთში საქველმოქმედო კონცერტებს ატარებდა, იგი ზოგჯერ ეროვნულ კაბას იცვამდა (უოკერი 1987, p. 48).
  3. 1823 წლის 13 აპრილს, მეორე კონცერტზე, ბეთჰოვენმა, ცნობების თანახმად, ლისტს შუბლზე აკოცა. ლისტმა ამ ამბავს ცხოვრების ბოლო ხანებში მოჰყვა და შესაძლოა, ეს შემთხვევა სხვა დროს მომხდარიყო. მიუხედავად ამისა, ლისტი ბეთჰოვენის ჟესტს არტისტულ მონათვლად მიიჩნევდა (სირლი, 11:29).
  4. იხილეთ: პრაჰაჩი 1966, გვ. 353, ნ. 1-დან 221-ე ასო-ბგერამდე
  5. მაგალითად, იხილეთ: დიუვერჟე, ფერენც ლისტი, გვ. 140.
  6. იხილეთ ბერლიოზის ესე ბეთჰოვენის ტრიოსა და სონატების შესახებ წიგნში „Musikalische Streifzüge“, მთარგმნ. ელი ელესი, ლაიფციგი 1912, გვ. 52ff
  7. იხილეთ ლისტის 1975 წლის 13 დეკემბრის წერილი ლუის ფონ ველცთან: ჰანს ფონ ბიულოვი: Briefe, ტომი 5, რედ. მარია ფონ ბიულოვი, ლაიფციგი 1904, გვ. 321.
  8. მაგალითისთვის, იხილეთ რააბე 1931, p. 127, და უოკერი 1987, p. 408.
  9. იხილეთ: მუელერი, რენა ჩარინი: ლისტის „Tasso“ წიგნაკი: სწავლა წყაროებსა და გადამუშავებებში, ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის დისერტაცია, ნიუ-იორკის უნივერსიტეტი, 1986, გვ. 118ff.
  10. გადმოთარგმნილია ფრანგულიდან, იხილეთ: ლისტი და დ'აგუ 1934, p. 411
  11. "In magnis et voluisse sat est"-ის („დიდებულ საქმეებისთვის მათი სურვილი საკმარისია“) წარწერის მიხედვით, ლისტის ახალგაზრდობა დაკავშირებული იყო თავის მეგობართან, ფელიქს ლიხნოვსკისთან.
  12. ლისტმა ხელნაწერის ყდაზე მიაწერა: „Darf man solch ein Ding schreiben oder anhören?“ („შეიძლება ასეთი რამის დაწერა ან მოსმენა?“)
  13. იხილეთ ბერლიოზის მიერ 1836 წლის 28 აპრილს ლისტთან მიწერილი წერილი: ბერლიოზი, ჰექტორი: Correspondance générale II, 1832–1842, éditée sous la direction de Pierre Citron, პარიზი 1975, გვ. 295.
  14. მაგალითად, იხილეთ ლისტის 1857 წლის 9 იანვრის წერილი ვილჰელმ ჯოზეფ ფონ ვასილიევსკისთან, : La Mara (რედ.): Liszts Briefe, Band 1, მთარგმნელი: კონსტანსია ბეიჩი, ნ. 171.
  15. იხილეთ: La Mara (რედ.) Liszts Briefe, ტომი 1, მთარგმნელი: კონსტანსია ბეიჩი, ნ. 2.
  16. იხილეთ: გიოლერიხი თ.უ., p. 131ff. გიოლერიხის შენიშვნის მიხედვით, მისი კატალოგი იმ დროისთვის ყველაზე სრულყოფილი იყო.
  17. იხილეთ: ნოლი თ.უ., p. 112ff. წიგნი შეიცავს ლისტის მიერ ნოლთან 1881 წლის 29 სექტემბერს მიწერილი წერილის ფაქსიმილეს, რომელშიც ლისტი კატალოგს ადასტურებს. ლისტის წერილი ასევე შეიცავს რჩევებს სახელთა წყობის შესახებ.
  18. იხილეთ: სტრადალი 1929, p. 158
  19. მაგალითისთვის, იხილეთ: რამანი 1983, p. 341.

ციტატები

რედაქტირება
  1. ლეონ ბოლშტაინი, რატომ არის ფერენც ლისტი დღემდე მნიშვნელოვანი, 28 ოქტომბერი, 2022
  2. სირლი, 11:29.
  3. უოკერი 1987, p. 290.
  4. 4.0 4.1 ჰენშერი, ფილიპ (29 ივლისი, 2016). „ფერენც ლისტი: მუსიკოსი, სახელგანთქმული პირი, სუპერვარსკვლავი - ოლივია ჰილმსის მიმოხილვა — კაცი, რომელმაც მუსიკა გარდაქმნა“. The Guardian. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  5. დობნი, ჯეისონ. მეცხრამეტე საუკუნის კლასიკური მუსიკა. ციტირების თარიღი: 9 ნოემბერი, 2022
  6. 6.0 6.1 6.2 ბერტონ-ჰილი, კლემენსი. დაივიწყეთ ბიტლზები – ლისტი მუსიკის პირველი 'სუპერვარსკვლავი' იყო. ციტირების თარიღი: 19 აგვისტო, 2016
  7. ცელეპი, მარილინა (2002). ფერენც ლისტი და მისი ურთიერთობები სხვა მნიშვნელოვან პირებთან. ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი, 2022. 
  8. სირლი, 11:28–29.
  9. ჩანგი, ჯოან ჩიუ-ენი (2021-12-16). ხიდი მოდერნიზმისკენ : ფერენც ლისტი და გვიანი საფორტეპიანო მუსიკა (თეზისი thesis) (ინგლისური). ინდიანას უნივერსიტეტი.
  10. ლისტის ოჯახის გენეალოგია: მარია ანა ლაგერისა და ადამ ლისტის ქორწინება: pfarre-paudorf.com დაარქივებული 2023-02-13 საიტზე Wayback Machine.
  11. რამანი 1882, p. 23.
  12. რამანი 1882, p. 45-46.
  13. უილიამსი 1990, p. 4-5.
  14. დიაბელი, ანტონ (1823-1824). Vaterländischer Künstlerverein. ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი, 2022. 
  15. შონბერგი 1997, p. 198.
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 16.5 16.6 სირლი, 11:30
  17. უოკერი 1987, p. 131.
  18. სენ-კრიკი – ფერენც ლისტისა და გრაფის ასული კაროლინა დე სენ-სანსის 1828 წლის რომანის დეტალები.
  19. უოკერი 1987, pp. 137–138.
  20. თარიღი ცნობილია ლისტის ჯიბის კალენდრის დახმარებით.
  21. უოკერი 1987, pp. 161–167.
  22. უოკერი 1987, p. 180.
  23. უოტსონი 2000, p. 33.
  24. 24.0 24.1 მარი დ'აგუ. New World Encyclopedia. ციტირების თარიღი: 2022-12-30.
  25. ბლანდინა რეიჩელ ლისტ ოლივიერი. Find a Grave. ციტირების თარიღი: 2022-12-30.
  26. დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ: ბორი 1930, p. 50ff
  27. ლისტი, ფერენც (1978). Années de pèlerinage: Deuxième année, Italie, ერნსტ ჰერტრიხი, ჰანს-მარტინ თეოპოლდი (ინგლ, გერმ, ფრანგ), მიუხენი: ჰენლე, გვ. III. OCLC 4906095. 
  28. ლისტი, ფერენც. (2020)Années de pèlerinage - Première année, Suisse. G. Henle Verlag. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-04. ციტირების თარიღი: 2023-01-28
  29. ლისტი, დენიელ (1839-1859). The Androom Archives (7 აპრილი, 2007). ციტირების თარიღი: 2022-12-30.
  30. ტორსტენ ლანდსბერგი. (5 ივლისი, 2022) გაპირალებული ბეთჰოვენი ბონში ბრუნდება. Deutsche Welle. ციტირების თარიღი: 2022-12-30.
  31. ბურკჰოლდერი, ჯ. პიტერი (2014). დასავლური მუსიკის ჩრდილო ანთოლოგია, გვ. 417. ISBN 978-0-393-92162-5. 
  32. უოკერი 1987, p. 285.
  33. გიენოვ-ჰეხთი, ჯესიკა ს. ი (2009) ხმის დიპლომატია: მუსიკა და ემოციები ტრანსატლანტურ კავშირებში, 1850–1920, გვ. 62. 
  34. ჰილმსი 2016, p. 73.
  35. ჰანეკერი 1911, pp. 389–390.
  36. Lipsius Biografie Fr. Liszt Porträt Klinkuht Musik Wesenberg St. Petersburg 1886
  37. უოკერი 1987, p. 289.
  38. სირლი & ბიუხნერი 2012, p. 131.
  39. უოკერი 1987, p. 188.
  40. 40.0 40.1 ვოლი, იანკა (1887). ფრანსუა ლისტი: კომპატრიოტის მოგონებები. 
  41. როცა ლისტი სტამბოლს ეწვია en-US (2019-02-14). ციტირების თარიღი: 2022-06-09
  42. სირლი, 11:31.
  43. უოკერი 1987, p. 442.
  44. 1848-1861 ვაიმარი. Liszt.org. ციტირების თარიღი: 2022-12-30.
  45. ფერენც ლისტი, Missa Solennis. The Choral Singer's Companion. ციტირების თარიღი: 2022-12-30.
  46. კელერი, ჯოანა (2001-01-14). „მუსიკა; ლისტის სიყვარულის ძებნაში“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2021-09-13.
  47. დი გრაცია, დონა მ. (1988). ლისტი და კაროლინა ვიტგენშტაინი: ახალი საბუთები შეუმდგარ ქორწინებაზე. ციტირების თარიღი: დეკემბერი 30, 2022. 
  48. 48.0 48.1 48.2 ეკჰარდტი, მუელერი და უოკერი 2001
  49. ბურგერი 1986, 209.
  50. მაიკლ ფენდი, მაიკლ ნოირეი: მუსიკალური განათლება ევროპაში (1770–1914): კომპოზიციური, ინსტიტუციური და პოლიტიკური ცვლილებები (ტომი II) გვ. 542
  51. 51.0 51.1 ეკჰარდტი, მუელერი და უოკერი 2001, 14:781
  52. ფერენც ლისტის მუსიკალური აკადემია. ლისტისა და ერკელის მუსიკალური აკადემია. ციტირების თარიღი: 2022-12-30.
  53. ლისტის სახლი. Kulturstadt Weimar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-30. ციტირების თარიღი: 2022-12-30.
  54. უოკერი 1997, p. [საჭიროებს გვერდის მითითებას].
  55. უოკერი 1997, pp. 475–476.
  56. უოკერი 1997, გვ. 508, გვ. 515 და ნ. 18..
  57. (2002) რედ. ალან უოკერი: ფერენც ლისტის გარდაცვალება: თავისი მოსწავლის, ლანა შმალჰაუზენის გამოუქვეყნებელი დღიურის მიხედვით. Cornell University Press. ISBN 978-0-8014-4076-2. 
  58. ჰინსონი, მორისი (1997) გაიცანით დიდი კომპოზიტორები: რეპერტუარი, წიგნი 1. Alfred Music. 
  59. ბარტონ-ჰილი, კლემენსი. დაივიწყეთ ბიტლზები. BBC. ციტირების თარიღი: 3 იანვარი, 2018
  60. დეივისი, პიტერ გრეფემ (16 მარტი, 1987). „Hit Liszt“. New York: 68, 75. ციტირების თარიღი: 3 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  61. ოქროს ხანის შემდეგ: რომანტიკული პიანიზმი და თანამედროვე შესრულებაკენეთ ჰამილტონი, გვ. 83, ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესა 2008, ISBN 978-0-19-517826-5
  62. "ლისტი ფორტეპიანოსთან" — ედუარდ სვენსონი, 2006 წლის ივნისი
  63. Die Bildagentur bpk ist ein zentraler Mediendienstleister aller Einrichtungen der Stiftung Preußischer Kulturbesitz sowie weiterer führender Kultureinrichtungen des In- und Auslands.. ციტირების თარიღი: 20 სექტემბერი, 2009
  64. 1826 წლის 11 აპრილის მარსელის კონცერტის მიმოხილვა, გადაბეჭდილი, როგორც: Eckhardt, Maria: Liszt à Marseille, in: Studia Musicologica Academiae Scientarum Hungaricae 24 (1982), გვ. 165
  65. იხილეთ ადამ ლისტის მიერ ჩერნის მისამართით 1824 წლის 29 ივლისს მიწერილი წერილი: ბურგერი 1986, 36
  66. ლისტი, ფერენც (1971). ლისტი – ტექნიკური სავარჯიშოები (სრული). Alfred Music Publishing. ISBN 978-0-7390-2212-2. 
  67. კაროლინა ბუასიე ბუტინი: ცხოვრება. CarolineBoissierButini.ch. ციტირების თარიღი: 2022-12-30.
  68. „ლისტის სოლოკონცერტები“, The Times, 2 ივლისი, 1840. გვ. 6
  69. იხილეთ: უოკერი 1987
  70. იხილეთ: სეფლი 1994, p. 187ff
  71. უოკერი 1987, p. 356.
  72. იხილეთ: ოვარი: „ფერენც ლისტი“, გვ. 147.
  73. უოკერი 1987, p. 409.
  74. 74.0 74.1 უოკერი 1987b, p. 77.
  75. Flügel, Kopie von Paul McNulty გერმანული. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი, 2021
  76. ლისტი, ფერენცი (2000). ფერენც ლისტი და აგეს სტრიტ-კლინდვორთი: მიმოწერა, 1854-1886, აგნეს სტრიტ-კლინდვორთი, პაულინ პოკნელი, ჰილსდეილი, ნიუ-იორკი: Pendragon Press, გვ. 68. ISBN 1-57647-006-7. OCLC 41404712. 
  77. 77.0 77.1 ინსტრუმენტების დედოფალი ლისტის ნამუშევრებში en. ციტირების თარიღი: 2022-10-26
  78. "იანკმა ლისტის ორგანი მოიპოვა" (PDF). The Diapason. 2 (3): 2. 1 თებერვალი, 1911.
  79. უოკერი, ალან (2011). მოსაზრებები ლისტზე. ითაკა, ნიუ-იორკი. ISBN 978-0-8014-7758-4. OCLC 1002304037. 
  80. როსენი, ჩარლზ (23 თებერვალი, 2012). „ფერენც ლისტის სუპერ ძალა“. The New York Review of Books. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  81. სიპრიან კაცარისი - ბეთჰოვენი ახალი ნათებით. Piano Street Magazine (12 დეკემბერი, 2022). ციტირების თარიღი: 2022-12-30.
  82. ზოლტან გარონი (1985), "ლისტის საორგანო მუსიკა", The New Hungarian Quarterly (ზამთარი 1985), http://www.gardonyi.de/zg_the_organ_music_of_liszt.pdf.
  83. 83.0 83.1 სირლი, 11:46
  84. უოტსონი 2000, p. 286.
  85. ლისტმა „ტოტენტანცის“ კლასიკურ თემატურობას რომანტიკული ხვეულები დაამატა. ევანსტონის სიმფონიური ორკესტრი. ციტირების თარიღი: 2022-12-30.
  86. კენედი, 711.
  87. 87.0 87.1 სპენსერი 2002, 1233
  88. მაკდონალდი, 18:429.
  89. კუპერი 1946, 29.
  90. ტემპერლეი, 18:455.
  91. სირლი, „საორკესტრო ნამუშევრები“, 281; უოკერი 1987b, p. 357.
  92. უოკერი 1987b, p. 304.
  93. (1 აგვისტო, 2003) ფერენც ლისტის „შოპენის ცხოვრება“. Gutenberg.org. 
  94. ელი ზიგმაისტერი, ახალი მუსიკის მოყვარულთა სახელმძღვანელო; Harvey House 1973, გვ. 222
  95. უოკერი 1892, pp. 85ff.
  96. ეკჰარდტი, მუელერი & უოკერი 2001, 14:780.
  97. ჰერმიონა ლაი. (15 იანვარი, 2022) ფორტეპიანოზე მეცადინეობის ცხრა ეტიუდი შოპენისგან, ჩერნისა და სხვებისგან. Interlude.hk. ციტირების თარიღი: 2022-12-30.
  98. მიტჩელი, ჩარლზ პ. „დიდი კომპოზიტორები ფილმში, 1913 წლიდან 2002 წლამდე“. ჯეფერსონი, ჩრდილოეთ კაროლინა: მაკ-ფარლანდი, გვ. 57, 293.