კოზიმა ვაგნერი

(გადამისამართდა გვერდიდან კოზიმა ლისტი)

კოზიმა ვაგნერი (გერმ. Cosima Wagner; დაბადებისა: ფრანჩესკა გაეტანა კოზიმა ლისტი; დ. 24 დეკემბერი, 1837, ბელაჯიო, ლომბარდო-ვენეციის სამეფო — გ. 1 აპრილი, 1930, ბაიროითი, ბავარია, ვაიმარის რესპუბლიკა) — გერმანელი კომპოზიტორის, რიხარდ ვაგნერის მეორე ცოლი და მუზა, ბაიროითის ფესტივალის თანადამფუძნებელი და მრავალწლიანი ხელმძღვანელი.

კოზიმა ვაგნერი
გერმ. Cosima Wagner
დაბადების თარიღი 24 დეკემბერი, 1837(1837-12-24)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი ბელაჯო, ლომბარდო-ვენეციის სამეფო, ავსტრიის იმპერია[5]
გარდაცვალების თარიღი 1 აპრილი, 1930(1930-04-01)[2] [6] [3] [4] [5] (92 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაიროითი, ვაიმარის რესპუბლიკა[1] [5]
დასაფლავებულია Wahnfried
საქმიანობა კომპოზიტორი, მწერალი და რეჟისორი
მოქალაქეობა  გერმანიის იმპერია
მეუღლე რიხარდ ვაგნერი[7] და ჰანს ფონ ბიულოვი[8] [7]
შვილ(ებ)ი ზიგფრიდ ვაგნერი, იზოლდა ვაგნერი, ევა ფონ ბიულოვი[7] , დანიელა ფონ ბიულოვი და ბლანდინ გრავინა

კოზიმა უნგრელი კომპოზიტორისა და პიანისტის ფერენც ლისტის ასული იყო. 1857 წელს, იგი ცოლად გაჰყვა დირიჟორ ჰანს ფონ ბიულოვს, რომლისგანაც ორი შვილი ეყოლა. 1863 წელს, კოზიმასა და ვაგნერის რომანი იწყება, 1870 წელს კი ისინი დაქორწინდნენ. რიხარდ ვაგნერთან ერთად დააფუძნა ბაიროითის ფესტივალი, სადაც ვაგნერის ოპერები კომპოზიტორის ჩანაფიქრის მიხედვით იდგმებოდა. ვაგნერის სიკვდილის შემდგომ, 1883 წელს, კოზიმა ჩაუდგა სათავეში ბაიროითის ფესტივალს და ცხოვრება მის შენარჩუნებასა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის განთქმას მიუძღვნა.

კოზიმა ვაგნერი დარწმუნებული იყო, რომ აუცილებელია კომპოზიტორის მთავარი ჩანაფიქრის შენარჩუნება და ეწინააღმდეგებოდა ყოველგვარ თეატრალურ ინოვაციას. ამავე შეხედულებას იზიარებდნენ მისი მემკვიდრენიც, მას შემდეგ, რაც კოზიმამ 1907 წელს ფესტივალის ხელმძღვანელობიდან გადადგა. ამის გამო და იმის გამოც, რომ კოზიმა იზიარებდა თავისი მეუღლის ნაციონალისტურ და ანტისემიტურ შეხედულებებს, მისი მემკვიდრეობა იწვევს არაერთგვაროვან შეფასებებს.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბავშვობა

რედაქტირება
 
ფერენც ლისტი 1847 წელს.

ფრანჩესკა გაეტანა კოზიმა ლისტი, კომპოზიტორ ფერენც ლისტისა ფრანგი მწერალის მარია დ'აგუს მეორე ასული იყო. ფერენც ლისტი მაშინ 26 წლის იყო. ფერენცი და მარია არ იყვნენ დაქორწინებულნი; ლისტის გამო, რომელიც მასზე ექვსი წლით უმცროსი იყო, მარია თავის ქმარს — გრაფ შარლ დ'აგუს დაშორდა და პარიზი დატოვა. კოზიმა, 1837 წლის 24 დეკემბერს, იტალიური კურორტის — ბელაჯიოს სასტუმროში დაიბადა და მისი სახელი წმინდა კოზმას, ექიმთა მფარველის პატივსაცემად დაარქვეს. მშობლებმა ევროპაში მოგზაურობა გააგრძელეს, ხოლო კოზიმა და მისი უფროსი და, ბლანდინა, ძიძას დაუტოვეს, რაც მაშინ საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო. 1839 წელს, ლისტსა და დ'აგუს გაუჩნდათ მესამე შვილი, ერთადერთი ვაჟი — დანიელი.

1839 წელს, მარიამ თავის ასულებთან ერთად პარიზში დაბრუნება დააპირა, მაგრამ მისმა დედამ უარი განაცხადა ქორწინებაგარეშე ბავშვების აღიარებაზე. ეს იმას ნიშნავდა, რომ საზოგადოებაში უწინდელ სტატუსს ვერ აღიდგენდა. ლისტის ასულები მის დედასთან — ანასთან ცხოვრობდნენ, მოგვიანებით მათ დანიელიც შეუერთდა. მომდევნო წლებში ლისტსა და დ'აგუს შორის ურთიერთობები გაუარესდა და 1845 წელს, ისინი ერთმანეთთან მხოლოდ შუამავალთა მეშვეობით ურთიერთობდნენ.[9] ლისტმა აუკრძალა დედასა და ასულებს ერთმანეთთან საუბარი და მალე მარია უკვე აღარ ცდილობდა მათთან ურთიერთობას. მიუხედავად იმისა, რომ ერთსა და იმავე ქალაქში ცხორობდნენ, ერთმანეთს მხოლოდ ხუთ წელში, 1850 წელს შეხვდნენ.

ახალგაზრდობა

რედაქტირება

კოზიმას ბიოგრაფის — ჯორჯ მარეკის სიტყვების მიხედვით, ანა ლისტი იყო „ჩვეულებრივი, გაუნათლებელი, გულუბრყვილო, მაგრამ კეთილი ქალი“[10]. ბლანდინა უფრო ლამაზი იყო; კოზიმა გრძელი ცხვირითა და ფართო პირით „მახინჯ იხვის ჭუჭულს“ წააგავდა[11]. ფერენცის დამოკიდებულება შვილების მიმართ ცივი იყო, მაგრამ ზრუნავდა იმაზე, რომ მათ კარგი განათლება მიეღოთ. გოგონები მოაწყო მადამ ბერნარის პრივილეგირებულ დახურულ სკოლაში.

1847 წელს ლისტმა გაიცნო კაროლინა ვიტგენშტეინი, რუსი გენერლის ცოლი, რომელიც იმ დროს უკვე ქმრისგან განცალკევებულად ცხოვრობდა. 1848 წლის შემოდგომისკენ მათი რომანი იღებს დასაბამს, კაროლინა მისი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი გახდა. როდესაც 1850 წელს ლისტმა გაიგო, რომ მისი ქალიშვილები დედას ხვდებიან, მისი მითითებით კაროლინამ გოგონები სკოლიდან გამოიყვანა და 62 წლის აღმზრდელის — მადამ პატერსის მეთვალყურეობის ქვეშ მოაქცია[12]. მადამ პატერსი კოზიმასა და ბლანდინას აღმზრელი ოთხი წლის განმავლობაში იყო.

1853 წლის 10 ოქტომბერს ლისტი მადამ პატერსის სახლს ეწვია, 1845 წლის შემდეგ პირველად მოინახულა თავისი ასულები. ლისტს ორი კომპოზიტორი ახლდა — ჰექტორ ბერლიოზი და რიხარდ ვაგნერი. როგორც კაროლინას შვილი — მარი, რომელიც ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა, იხსენებს, კოზიმა იყო „ახალგაზრდობის ყველაზე ცუდ დროში, მაღალი და მოუქნელი, მიწის ფერი სახით... მამას დაემსგავსა. მხოლოდ მისი გრძელი უცნაური ელფერის მქონე ოქროსფერი თმები იყო მშვენიერი“[13]. ოჯახური ნადიმის შემდგომ ვაგნერმა შეკრებილთ მომავალი „ღმერთების დაღუპვიდან“ უკანასკნელი აქტის ნაწყვეტი წაიკითხა. კოზიმას მასზე შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, დღიურში ვაგნერმა აღნიშნა, რომ ორივე გოგონა ძალიან მორცხვნი იყო[14].

ურთიერთობა ჰანს ფონ ბიულოვთან

რედაქტირება
 
ჰანს ფონ ბიულოვი

როდესაც ლისტის ასულნი წამოიზარდნენ, მან ისინი საცხოვრებლად ბერლინში გადაიყვანა, მიუხედავად დ'აგუს მკაცრი პროტესტისა[15]. ბერლინში გოგონების აღმზრდელი ფრანცისკა ფონ ბიულოვი გახდა, რომლის ვაჟიც — ჰანს ფონ ბიულოვი, პიანისტი და დირიჟორი, ლისტის ერთ-ერთი გამოჩენილი მოსწავლე იყო. ჰანსიც მონაწილეობდა გოგონების აღზრდაში — აძლევდა მათ მუსიკალურ განათლებას. ბიულოვი აღტაცებული იყო კოზიმას პროგრესით და მალე მათ შორის რომანტიკული ურთიერთობები ჩამოყალიბდა. ლისტმა ამას კეთილი განწყობით შეხედა, ხოლო 1857 წლის 18 აგვისტოს ბერლინის წმინდა იადვიგის ტაძარში კოზიმა და ჰანსი დაქორწინდენ[16]. თაფლობის თვეზე ჰანსი, კოზიმა და ლისტი ესტუმრნენ ვაგნერს მის სახლში, ციურიხის მახლობლად[17]. მომდევნო წელს ისევ ეწვიეს ვაგნერს და წასვლის წინ კოზიმამ კომპოზიტორი ემოციური სცენით გააოცა, რომლის შესახებაც კომპოზიტორი იგონებდა: „იგი მუხლებზე დაეცა და ჩემი ხელები ცრემლებითა და კოცნით დაფარა. ... მე ვფიქრობდი იმ საიდუმლოს შესახებ, რომლის ახნსაც არ შემეძლო“[18].

კოზიმა, რომელმაც განათლება პარიზში მიიღო, ვერ შეეგუა ბერლინში ცხოვრებას, მით უმეტეს იმ დროისთვის შედარებით პროვინციულ ქალაქში[19]. მის მცდელობებს, რათა მიეღო მონაწილეობა ადგილობრივ საზოგადოებრი ვცხოვრებაში, მარი ვიტგენშტეინის მოგონებების მიხედვით, ხელს უშლიდა „მისი მაღალი თვითშეფასება და თანდაყოლილი გესლიანობა“[20]. თუმცა თავდაპირველად კოზიმა ინტერესს ავლენდა მეუღლის კარიერის მიმართ და არწმუნებდა მას, რომ მეტი დრო უნდა დაეთმო მუსიკისთვის. ერთხელ კოზიმამ ქმრისთვის ჯადოქრის — მერლინის ცხორებიდან ოპერის ლიბრეტო დაწერა, რომელმაც დიდი ყურადღება არ მიიქცია[21]. ბიულოვის კონცერტირების შედეგად დატვირთვის გამო კოზიმა სახლში ხშირად რჩებოდა მარტო; ამ დროს ის სტატიებს წერდა და ფრანკულენოვანი ჟურნალიდან — Revue germanique თარგმნიდა ჩანაწერებს[22]. 1859 წლის დეკემბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგად გარდაიცვალა მისი ძმა — დანიელი. მის პატივსაცემად კოზიმას ასულს, რომელიც 1860 წლის 12 ოქტომბერს დაიბადა, დანიელა დაარქვეს[23]. 1862 წელს მას ახალი სამწუხარო ამბავი გადახდა: ბლანდინა, რომელიც იურისტსა და საფრანგეთის მომავალ პრემიერ-მინისტრს — ემილ ოლივიეს გაჰყვა ცოლად, მშობიარობისას გარდაიცვალა. კოზიმას მეორე შვილმა, რომელიც 1863 წლის მარტს დაიბადა, მიიღო სახელი ბლანდინა ელიზაბეტ ვერონიკა[24].

ბიულოვი ვაგნერის დიდი თაყვანისმცემელი იყო; 1858 წელს იგი ამზადებდა ვოკალურ პარტიტურას „ტრისტანი და იზოლდასთვის“, ხოლო 1862 წელს ფონ ბიულოვები ვაგნერს ვისბადენში ეწვივნენ. დღიურში ვაგნერი აღწერს, თუ როგორ „გარდაიქმნა“ კოზიმა, როდესაც „ვალკირიიდან“ „ვოტანის გამომშვიდობებას“ ასრულებდა. თავად ვაგნერის პირადი ცხოვრება იმ დროს სიმშვიდეს მოკლებული იყო: მაშინ მისი ცოლი ჯერ კიდევ მსახიობი მინა პლანერი იყო (იგი გარდაიცვალა 1866 წელს) და, ამავე დროს, რამდენიმე სხვა რომანიც ჰქონდა[25]. 1863 წლის 28 ნოემბერს ვაგნერი ბერლინს ეწვია. სანამ ფონ ბიულოვი კონცერტს რეპეტირებდა, ვაგნერი და კოზიმა ეკიპაჟით ხანგრძლივ მოგზაურობაში გაემგზავრნენ. მათ შორის მძაფრი ურთიერთობები ჩამოყალიბდა[26].


ურთიერთობები ვაგნერთან

რედაქტირება

მიუნხენი და ტრიბშენი

რედაქტირება
 
ლუდვიგ მეორე ბავარიელი.

1864 წელს ვაგნერის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა ახალი პატრონის — ლუდვიგ II-ს დამსახურებით. მან დაფარა კომპოზიტორის ვალები და დაუნიშნა ყოველწლიური უხვი სარჩო[27]. მონარქმა მიუნხენში ვაგნერს ცალკე სახლი უბოძა და კიდევ ერთი სახლი შტარნბერგის ტბის სანაპიროზე[28]. ვაგნერის რჩევის მიხედვით, ბიულოვმა მიიღო წინადადება, გამხდარიყო „სამეფო პიანისტი“ ლუდვიგის სასახლეში[29], იგი ცოლთან ერთად გადავიდა მიუნხენში და შეიძინა სახლი, რომელიც ვაგნერის სახლის მახლობლად მდებარეობდა, თითქოს იმისათვის, რათა კოზიმას შეეძლო რიხარდის მდივნად მუშაობა[28]. 1864 წლის 29 ივნისიდან კოზიმა და რიხარდი კვირაზე მეტხანს იყვნენ ერთად შტარნბერგის ტბასთან, სანამ მათ ჰანსი არ შეუერთდა. ვაგნერის მოახლე იხსენებს, „თვალსაჩინო იყო, რომ ფრაუ კოზიმასა და რიხარდ ვაგნერს შორის რაღაც ხდებოდა“. იგი ასევე ყვება, თუ როგორ შენიშნა ჰანსმა კოზიმა რიხარდ ვაგნერის საძინებელ ოთახში, მაგრამ ახსნა არ მოსთხოვა არც ცოლსა და არც ვაგნერს[30]. ცხრა თვის შემდგომ, 1865 წლის 10 აპრილს, კოზიმას დაებადა გოგონა - იზოლდა. ბიულოვი იმდენად აღმერთებდა ვაგნერს, რომ ბავშვი თავის შვილად აღიარა და დაარეგისტრირა როგორც ჰანსისა და კოზიმა ფონ ბიულოვის „კანონიერი შვილი“[31]. ამავე წლის 10 ივნისს ფონ ბიულოვი დირიჟორობდა „ტრისტანსა და იზოლდას“ ბავარიის ოპერაში[32].

ვაგნერის გავლენა ლუდვიგზე მონარქის გარემოცვაში სულ უფრო დიდ აღშფოთებას იწვევდა. როდესაც ვაგნერმა მეფეს მოსთხოვა, ერთდროულად მოეხსნა თანამდებობიდან კაბინეტის მდივანი და პრემიერ-მინისტრი, უკმაყოფილებამ იმატა და ლუდვიგი ვალდებული გახდა, რომ ვაგნერი ბავარიიდან გაესახლებინა[33]. მაგრამ მატერიალურად იგი მაინც მხარში ედგა კომპოზიტორს. 1866 წლის მარტში ვაგნერი ჟენევაში გაემგზავრა, მოგვიანებით კი ლუცერნში და იქ, ტრიბშენში, ქალაქისგან მოშორებით აიღო სახლი, რომელიც ტბის სანაპიროზე მდებარეობდა, ხარჯები კი მეფემ დაფარა[34].

 
ვილა ტრიბშენი შვეიცარიაში, სადაც ვაგნერი 1866 წლიდან 1872 წლამდე ცხოვრობდა

ვაგნერის მოწვევით ფონ ბიულოვები ბავშვებთან ერთად საზაფხულოდ ესტუმრნენ კომპოზიტორს[35]. ხანმოკლე დროით ფონ ბიულოვები მიუნხენში დაბრუნდნენ, შემდგომ ჰანსი ბაზელში გაემგზავრა, ხოლო კოზიმა ტრიბშენში დაბრუნდა[36]. ამ პერიოდში ფონ ბიულოვი ერთ-ერთ მეგობარს სწერს: „1865 წლის თებერვლიდან ოდნავი ეჭვიც არ გამჩენია ამ სიტუაციის უკიდურესად დელიკატური ბუნების შესახებ“. იმისათვის, რათა კოზიმა საჯარო სკანდალისგან აერიდებინა, ვაგნერმა ტყუილით დაარწმუნა ლუდვიგი, რომ 1866 წლის ივნისს განცხადება გაკეთებინა, რომლის მიხედვითაც მეფე აღიარებდა ფონ ბიულოვთა ქორწინების სისუფთავეს, ხოლო ის, ვინც საწინააღმდეგო აზრის იქნებოდა, დაისჯებოდა[37]. ამავე დროს, კოზიმა მეორე ბავშვით იყო ფეხმძიმე, ისევ რიხარდისგან; იგი დაიბადა 1867 წლის 17 თებერვალს, ტრიბშენში, და მიიღო სახილი ევა. ბიულოვი, რომელიც ბავარიის ოპერის დირექტორად იყო დანიშნული და ისევ დიდ პატივს სცემდა ვაგნერს, ხელმძღვანელობდა მზადებას „ნიურბერგის მეისტერზინგერების“ პრემიერისთვის. 1868 წლის 21 ივნისს პრემიერა ბიულოვის მართვის ქვეშ წარმატებით ჩაიარა. მალევე კოზიმა ისევ დაბრუნდა ტრიბშენში. ვაგნერმა მეფეს ეს იმით ახუსნა, რომ კოზიმას არ შეეძლო მუდმივი შეურაცხყოფების მოთმენა მიუნხენში და განმარტოება სურდა[38].

 
რიხარდი და კოზიმა. 1872 წელი.

1868 წლის ოქტომბერს კოზიმამ ქმარს განქორწინება მოსთხოვა. თავდაპირველად ბიულოვი ამის წინააღმდეგი იყო, ხოლო ცოლის არყოფნას ნაცნობებთან დედინაცვლის შვილთან ვერსალში გამგზავრებით ხსნიდა[39][40]. 1869 წლის ივნისში, რიხარდისგან მათი მესამე და უკანასკნელი შვილის - ზიგფრიდის გაჩენისთანავე, კოზიმამ მისწერა ფონ ბიულოვს, მისი სიტყვებით, „გაგების მოპოვების უკანასკნელი მცდელობით“[41]. საპასუხო წერილში ბიულოვი აღიარებდა, რომ კოზიმამ „საკუთარი გულისა და გონების საგანძური უმაღლეს არსებას მიუძღვნა“[42]. ისინი ოფიციალურად 1870 წლის 18 ივლისს განქორწინდნენ[43]. განქორწინების შემდგომ ბიულოვმა შეწყვიტა ვაგნერთან და კოზიმასთან ურთიერთობა[44].

1870 წლის 25 აგვისტოს რიხარდმა და კოზიმამ ჯვარი პროტესტანტულ ეკლესიაში დაიწერეს, თუმცა კათოლიკურად მონათლული კოზიმა ლუთერანელი მხოლოდ ორი წლის შემდგომ გახდა[45]. ლისტს დაქორწინების შესახებ წინასწარ არ აცნობეს და ამის შესახებ გაზეთებიდან გაიგო[46]. 25 დეკემბერს, როდესაც კოზიმა თავის დაბადების დღეს აღნიშნავდა (თუმცა დაბადების დღე 24 დეკემბერს ჰქონდა), იგი მუსიკის ხმამ გააღვიძა. ტრიბშენის სახლში კიბეებზე ვაგნერის მიერ მოწვეული კამერული ორკესტრი ნაწარმოებს ასრულებდა, რომელიც შემდგომ ცნობილი ხდება როგორც „ზიგფრიდ-იდილია“[47].

ბაიროითი

რედაქტირება

ტყუილი, რომელიც რიხარდისა და კოზიმას ურთიერთობებთან იყო დაკავშირებული, არსებითად აისახა ვაგნერისა და ლუდვიგის მეგობრობაზე. გარდა ამისა, ლუდვიგი, კომპოზიტორის წინააღმდეგობის მიუხედავად, ითხოვდა, რომ ორი დასრულებული ოპერა ციკლიდან „ნიბელუნგის ბეჭედი“, „რეინის ოქრო“ და „ვალკირია“ რაც შეიძლება სწრაფად დადგმულიყო. თავად კომპოზიტორის აზრით, დადგმა მხოლოდ ციკლის მთლიანად დასრულების შემდგომ იქნებოდა შესაძლებელი[48]. მიუხედავად ამისა, ვაგნერის ნების წინააღმდეგ ორივე ოპერა დაიდგა 1869 წლის 22 სექტემბერსა და 1870 წლის 26 ივნისს ფრანც ვიულნერის ხელმძღვანელობით[49]. ამ ფაქტმა გაამყარა კომპოზიტორის აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია პირადი თეატრი და შესაძლებლობა, რომ მთლიანად თავად აკონტროლებდეს სამხატვრო პროცესს. 1870 წლის 5 მაისს კოზიმამ, როგორც მისი დღიურიდან ჩანს, ვაგნერს ურჩია „წაიკითხოს ენციკლოპედიაში სტატია ბაიროითის შესახებ“ (ქალაქის სახელწოდება კი შეცდომით დაწერა: Baireuth)[50]. 1871 წლის აპრილში გაემგზავრნენ ბაიროითში და მაშინვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იქვე დასახლებულიყვნენ და აეშენებინათ თეატრი[51].

თავისი პირველი ფესტივალი ვაგნერმა 1873 წელს დანიშნა. სწორედ ბაიროითში დაიდგა ნიბელუნგების ციკლის პრემიერა[51]. საქალაქო საბჭომ, რომელმაც ეს პატივისცემად მიიღეს, კომპოზიტორს გორაკზე, საიდანაც მთელი ქალაქი ჩანდა, უზარმაზარი მიწის ნაკვეთი აჩუქა, რათა მასზე აეშენებინათ თეატრი. ლუდვიგმა უარყო პროექტის დაფინანსება, თეატრის მშენებლობისა და პირველი ფესტივალის თარიღი გადაიწია, მაგრამ 1874 წელს მეფემ გასცა საჭირო თანხები[52]. თეატრთან ერთად ქალაქგარეთ სახლიც (ვანფრიდი) აშენდა, რომელშიც ვაგნერთა ოჯახი 1874 წლის 18 აპრილს დასახლდა[53]. 1875 წელს თეატრის მშენებლობა დასრულდა[54].

ამ პერიოდში კოზიმამ ლუთერანობა მიიღო. ამის ერთადერთი მიზეზი, სავარაუდოდ, ვაგნერის შეხედულებები იყო; ჰილმსის სიტყვებით, „კოზიმა სიცოცხლის ბოლომდე კათოლიკედ დარჩა“[55].

 
ვაგნერთა ოჯახი ბაიროითის ფესტივალზე. კოზიმა, რომელიც ხელით ზიგფრიდს ეფერება, წინა პლანზე მარცხნივ ზის. რიხარდი უკანა პლანზე მისგან მარჯვნივ. ლისტი მარჯვნი, როიალთან.

1876 წლის მარტში კოზიმამ გაიგო, რომ მარია დ'აგუ პარიზში გარდაიცვალა. კოზიმა ქმართან ერთად ბერლინში იმყოფებოდა და დაკრძალვას ვერ დაესწრო[56]. ივნისიდან მისი დღიურის ჩანაწერები თითქმის მთლიანად „ნიბელუნგის ბეჭედის“ რეპეტიციებს ეხება[57]. ფესტივალი იმართებოდა 1876 წლის 13-დან 30 აგვისტომდე და ნიბელუნგის ციკლის სამი საპრემიერო წარდგენისგან შედებოდა; ყოველ დადგმაზე ოპერებს ჰანს რიხტერი დირიჟორობდა[58][59].

ფესტივალის დასრულების შემდგომ რიხარდი, კოზიმა და ბავშვები ვენეციაში გაემგზავრნენ და წლის ბოლომდე იქ გაჩერდნენ. ფესტივალმა დიდი წაგება მოიტანა და კომპოზიტორის იმედგაცრუება გამოიწვია, ამიტომ ვაგნერი პროექტის დახურვაზე ფიქრობდა[60]. მომდევნო წელს რიხარდმა ლონდონიდან საკონცერტო მოწვევა მიიღო. ვაგნერებმა ბავშვები დატოვეს და ლონდონში ორი თვე გაატარეს. კოზიმა ხვდებოდა მწერალ ჯორჯ ელიოტს, პოეტ რობერტ ბრაუნინგს და მხატვარ ედვარდ ბიორნ-ჯონსონს; ამ უკანასკნელმა კოზიმას პორტრეტის რამდენიმე მონახაზი გააკეთა. 17 მაისს ვაგნერებმა დედოფალ ვიქტორიასთან ვინდზორის სასახლეში აუდიენცია მიიღეს[61].

ინგლისურმა გასტროლებმა დიდი შემოსავალი არ მოიტანა, მაგრამ ვაგნერის შთაგონების წყაროდ იქცა. დაბრუნებისთანავე „პარსიფალზე“ დაიწყო მუშაობა, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გაგრძელდა[62]. კომპოზიტორის სიტყვებით, მას ერთი ნოტის დაწერაც არ შეეძლო, როდესაც ცოლი ახლოს არ იყო. როდესაც ვაგნერი კრედიტორებმა შეაწუხა, რომლებიც ფესტივალისთვის აღებული ვალის დაბრუნებას ითხოვდნენ, კოზიმამ ლუდვიგი დაარწმუნა, რომ თანხა გამოეყო, რომლითაც იგი ვალებს დაფარავდა და პერსპექტივას გაუხსნიდა ბაიროითის მეორეს ფესტივალის გატარებას[63][64]. კოზიმას დაბადების დღეზე 1878 წელს ვაგნერმა დაიქირავა ორკესტრი, რომელმაც „პარსიფალი“ და „ზიგფრიდ-იდილია“ შეასრულა[65].

„პარსიფალზე“ მუშაობა კომპოზიტორის სუსტი ჯანმრთელობის გამო დაყოვნდა, მაგრამ 1880 წელს მან გამოაცხადა, რომ მომდევნო ფესტივალი 1882 წელს დაიდგმება და მთლიანად ახალ შემოქმედებას მიეძღვნება[66]. რიხარდი ითხოვდა, რომ „პარსიფალი“ მხოლოდ ბაიროითში დადგუმლიყო[67], მაგრამ სამაგიეროდ ლუდვიგმა მოითხოვა, რომ ფესტივალზე დირიჟორობა სამეფო კარის პირველ კაპელმეისტერს — გერმან ლევის უნდა გაეწია. ამან ვაგნერის აღშფოთება გამოიწვია, იგი წინააღმდეგი იყო, რომ „ქრისტიანული“ ოპერის დირიჟორი „იუდაისტი“ ყოფილიყო[68]. როგორც რიხარდი, ისე კოზიმაც ანტისემიტისტები იყვნენ. ჰილმსის ვარაუდით, კოზიმას ანტისემიტური შეხედულებები მამისგან, კაროლინა ვიტგენშტეინისაგან და, შესაძლოა, მადამ პატერსისგან, მოგვიანებით კი — ფონ ბიულოვისგან („პირველხარისხოვანი ანტისემიტისგან“) გადაეცა[69]. მარეკის აზრით, კოზიმას ანტისემიტისტურ შეხედულებებზე მნიშვნელოვანწილად ვაგნერმა იქონია გავლენა. კოზიმას დღიურში ებრაელთა შესახებ ნეგატიური დამოკიდებულება ხუთი ათასი ფურცლიდან საშუალოდ ყოველ მეოთხე ფურცელზე გვხვდება[70]. ჰილმსი აღნიშნავდა განსხვავებას კომპოზიტორსა, რომლის ანტისემიტური შეხედულებებიც დროდადრო იცვლებოდა, და კოზიმას შორის, რომლის ანტისემიტიზმიც უცვლელი დარჩა[71]. მუსიკათმცოდნის — თომას გრეის აზრით, ვაგნერის გარდაცვალების შემდგომ კოზიმას ანტისემიტისტური შეხედულებები უფრო გამძაფრდა.

მიუხედავად კომპოზიტორის პროტესტებისა, ლევი დირიჟორად დაინიშნა[72]. მოგივანებით ლევის ხელმძღვანელობით შესრულებული „პარსიფალი“ ეტალონად იქნა აღიარებული[73]. ბაიროითის მეორე ფესტივალზე „პარსიფალი“ თექვსმეტჯერ შესრულდა. უკანასკნელ წარდგენაზე პირადად ვაგნერი დირიჟორობდა[74]. კომპოზიტორიცა და მისი მეუღლეც კმაყოფილნი იყვნენ მეორე ფესტივალით, გარდა ამისა, მათ შემოსავალიც აკმაყოფილებდა[75]. ახალი ოპერა კრიტიკულად შეაფასა ფრიდრიხ ნიცშემ, ვაგნერის ყოფილმა მეგობარმა და თაყვანისმცემელმა, ხოლო მომავალში მოწიანაღმდეგემ: იგი „პარსიფალს“ საზიზღრობად თვლიდა და ამაში კოზიმას დანაშაულს ხედავდა, ამ უკანასკნელმა კომპოზიტორი გარყვნა და შეიჭრა გერმანულ კულტურაში, რომელსაც თავად არ მიეკუთვნებოდა[60].

ვენეცია და ქვრივობა

რედაქტირება

ფესტივალის დასრულებისთანავე ვაგნერთა ოჯახი ვენეციაში გაემგზავრა. ვაგნერებს დიდი სახლი ესაჭიროებოდათ, რათა მას ბავშვები და მოსამსახურეები დაეტია და რათა სტუმრების მიღება შეეძლოთ, ამიტომ ცალკე სახლი — პალაცო ვენდრამინ კალერჯი დაიქირავეს, რომლის ფასადიდანაც გრანდ-კანალზე იხსნებოდა ხედი[76]. შემოდგომასა და ზამთარში ვაგნერის ჯანმრთელობა გაუარესდა. 12 თებერვალს კოზიმამ თავის დღიურში უკანასკნელი ჩანაწერი გააკეთა: იგი იუწყებოდა, რომ ვაგნერი ფუკეს „უნდინას“ კითხულობდა და ფორტეპიანოზე „ოქროს რეინიდან“ რეინის ასულთა ტირილს უკრავდა[77]. 13 თებერვალს, როგორც იზოლდა ვაგნერი იგონებს, რიხადმა და კოზიმამ ცხარედ იკამათეს: კოზიმა ეჭვიანობდა კერი პრინგლზე, ინგლისელ-სოპრანოზე, რომელიც „პასიფალზე“ მღეროდა და რომელთანაც კომპოზიტორს თითქოსდა რომანი ჰქონდა. ჩვენამდე არ მოსულა იმის მტკიცებულება, რომ ეს რომანი მართლაც არსებობდა[78]. დაახლოებით შუადღით ვაგნერმა გულის შეტევა გადაიტანა და იმავე დღეს გარდაიცვალა[77][79].

კოზიმამ ქმრის სხეულთან დღეზე მეტხანს გაჩერდა, უარს ამბობდა შესვენებასა და საჭმელზე (თუმცა, კარი ვარაუდობს, რომ კოზიმას წუხილი შეიძლება გაზვიადებული იყოს)[80]. მომდევნო ორი დღის განმავლობაში, სანამ მკვდარს დაკრძალვისთვის ამზადებდნენ, კოზიმა თითქმის არ სცილდებოდა მიცვალებულს. მან თავის ასულებს სთოხვა, რომ თმები მოეჭრათ, რომლებიც შემდგომ პატარა ბალიშში შეფუთეს და მიცვალებულს მკერდზე დაადეს[81]. 16 თებერვალს სამგლოვიარო კორტეჟმა ვენეცია დატოვა და ორ დღეში ვანფრიდში ჩავიდა. კომპოზიტორი თავისი სახლის ბაღში დაასაფლავეს. ქმრის გარდაცვალების შემდგომ კოზიმამ მომდევნო თვეები განმარტოებულად გაატარა, შვილებთანაც კი იგი ძირითადად მიმოწერით ურთიერთობდა[82]. ტელეგრამა გაუგზავნა ფონ ბიულოვმაც, რომელმაც მისწერა: „დაო, უნდა იცხოვრო“[83].

ბაიროითის ფესტივალის ხელმძღვანელობა

რედაქტირება
 
ვანფრიდი (1995)

ვაგნერს არ დაუტოვებია არც ანდერძი, არც არავითარი განკარგულება, რომელიც ბაიროითის ფესტივალის ბედს გადაწყვეტდა[84]. ის წერდა: „მე ... არ შემიძლია არავის წარმოდგენა, ვინც იმას იტყოდა, რასაც მე ვფიქრობ ხოლმე ... მე პრაქტიკულად არ შემიძლია დავეყრდნო ვინმეს აზრს“[85]. ფესტივალის მომავალი უფრო უცნობი დარჩა, როდესაც მას კოზიმაც ჩამოსცილდა. ეს უკანასკნელი არავის ესაუბრებოდა, გარდა თავისი ასულებისა და მეგობრისა — ადოლფ ფონ გროსისა. 1883 წლის ფესტივალი კოზიმას გარეშე ჩატარდა და შედგებოდა, როგორც ვაგნერს ჰქონდა ჩაფიქრებული, „პარსიფალის“ თერთმეტი წარმოდგენისგან. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ბას-ბარიტონი ემილ სკარია იყო, ხოლო დირიჟორად ისევ ლევი დარჩა[86].

ფესტივალის დასრულებისთანავე კოზიმამ საკმაოდ გრძელი ანონიმური წერილი მიიღო, რომელშიც აღწერილი იყო ფესტივალის ორგანიზაციაში დაშვებული მრავალრიცხოვანი შეცდომა. მარეკის აზრით, ეს წერილი იქცა მოვლენად, რომელმაც კოზიმას ცხოვრების მთავარი მისია განსაზღვრა: ვაგნერის მემკვიდრეობის დაცვა მის პირველად ფორმაში. გროსის დახმარებით, კოზიმა და ზიგფრიდი ვაგნერის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრეებად აღიარეს და, შესაბამისად, მხოლოდ მათ ჰქონდათ უფლება ფესტივალის ორგანიზებისა[86].

1885 წელს კოზიმამ გამოაცხადა, რომ 1886 წლის ფესტივალი მისი ხელმძღვანელობით ჩატარდება. იგი ხელმძღვანელობდა 22 წლის განმავლობაში, 1907 წლამდე. ამ ხნის განმავლობაში 13 ფესტივალი ჩატარდა, ხოლო რეპერტუარს ვაგნერის სხვა შემოქმედებებიც ავსებდა, რომლებმაც საბოლოოდ ჩამოაყალიბეს ე.წ. ბაიროითული კანონი, იგი შედგებოდა ვაგნერის ათი შედევრისგან. 1894 წლამდე ფესიტვალზე დირიჟორთა ტრიუმვირატი მუშაობდა: ლევი, რიხტერი და ფელის მოტლი. 1894 წელს ლევი წავიდა, დარჩნენ მხოლოდ მოტლი და რიხტერი, რომელთაც შემდგომ სხვა წამყვანი დირიჟორებიც შეუერთდნენ[87]. ფონ ბიულოვმაც არაერთხელ მიიღო მოწვევა, მაგრამ ყოველ ჯერზე უარყოფდა მას[88]. კოზიმა უარყოფდა ნიცშეს მიერ ოდესღაც გამოთქმულ და შემდგომ ვაგნერის თაყვანისმცელმების მიერ ატაცებულ აზრს, რომლის თანახმადაც ვაგნერის მუსიკის მართვა მხოლოდ გერმანელებს შეუძლიათ[89]. კოზიმას ხელმძღვანელობით ფესტივალმა მდგრადი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო და შემოსავლიან საწარმოდ იქცა, რომელმაც ვაგნერების ოჯახი გაამდიდრა[90].

 
ზიგფრიდ ვაგნერი (1896)

თავის პირველ ფესტივალზე 1886 წელს კოზიმამ „ტრისტანი და იზოლდა“ კანონს მიუერთა. ფესტივალის მსვლელობა არ დააყოვნა ფერენც ლისტის სიკვდილმაც კი, რომელიც „ტრისტანსა და იზოლდაზე“ დასწრების შემდგომ ავად გახდა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. კოზიმა ხელმძღვანელობდა მის დაკრძალვას, მაგრამ უარი თქვა, რომ კოცნერტი მისთვის მიეძღვნა ან სხვა ფორმით ეცა პატივი. ლისტის მოსწავლის — ფელიქს ვეინგარტნერის სიტყვებით, „ლისტის გარდაცვალება არ ყოფილა იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენა, რომ თუნდაც წამით დაეყოვნებინა ფესტივალი“[91].

„პარსიფალი“ ყველა ფესტივალზე იდგმებოდა, რომელიც კოზიმას ხელმძღვანელობით ტარდებოდა, გარდა 1896 წელს დადგმული ფესტივალისა, რომელიც სრულიად „ნიბელუნგების ბეჭედს“ მიეძღვნა. 1888 წელს დაემატა „ნიურნბერგის მეისტერზინგერები“, 1891 წელს — „ტანგეიზერი“, 1894 წელს — „ლოენგრინი“ და 1901 წელს — „მფრინავი ჰოლანდიელი“[87]. 1894 წელს სამსახურიდან გადადგა ლევი, რომელიც ამ დროის განმავლობაში ანტისემიტურ გარემოში მუშაობდა[92]. 1896 წელს ბაიროითში პირველად დირიჟორობდა ზიგფრიდი; ის დარჩა ფესტივალის ერთ-ერთ მუდმივ დირიჟორად, სანამ კოზიმამ ხელმძღვანელობა არ დატოვა. ისევე, როგორც მისი ქმარი, კოზიმა პრიორიტეტს ბაიროითის ინტერესებს აძლევდა (თუნდაც ზოგჯერ თავისი ანტისემიტური შეხედულებების საწინააღმდეგოდ) და ლევი, რომლის მიმართაც როგორც მუსიკოსისადმი პატივისცემას გრძნობდა, კიდევ დიდხანს რჩებოდა ბაიროითის დირიჟორად. 1897 წელს, როდესაც ვენას სახელმწიფო ოპერის დირექტორის თანამდებობაზე პრეტენდირებდა გუსტავ მალერი, ებრაელი, რომელმაც კათოლიციზმი მიიღო, კოზიმა წარუმატებლად ცდილობდა, რომ ხელი შეეშალა ამ დანიშნვაზე. ამავე დროს, ის ხვდებოდა, რომ მალერი ვაგნერის ინტერპრეტატორებს შორის თავისი დროის ერთ-ერთი გამოჩენილი დირიჟორი იყო და კოზიმას თხოვნით 1894 წელს მალერი პარსიფალის როლისთვის ტენორ ვილი ბირენკოვენას ამზადებდა.

კოზიმამ დიდი ძალისხმევით მოახერხა, რომ ბაიროითი ერთადერთი ადგილი ყოფილიყო, სადაც „პარსიფალს“ დადგამდნენ. ლუდვიგმა ეს უფლება აღიარა; ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდოგმ 1886 წელს სახელმწიფოს სათავეში ლუიტპოლდ ბავარიელი ჩაუდგა როგორც რეგენტი სულიერად დაავადებული მეფის - ოტო I-ისა, და სწორედ ამ პერიოდში იყო მცდელობა პრივილეგიების გადავებისა, მაგრამ კოზიმამ გროსის მეშვეობით მოახერხა თავისი ინტერესების დაცვა[93]. 1903 წელს თეატრმა მეტროპოლიტენ-ოპერამ ნიუ-იორკში გამოაცხადა, რომ „პარსიფალის“ დადგმა იგეგმება, მათ კანონმდებლობა ვერ შეეწინააღმდეგა, ვინაიდან აშშ-სა და გერმანიას შორის არ არსებობდა საავტორო უფლებების დაცვის შესახებ შეთანხმება. კოზიმა ცდილობდა, რომ დაებრკოლებინა დადგმა, მაგრამ 1903 წლის 24 დეკემბერს ნიუ-იორკში წარმატებით ჩაიარა „პარსიფალის“ პრემიერამ, რომელსაც შემდგომ კიდევ ათი წარმოდგენა მოჰყვა. კოზიმა ნიუ-იორკისეულ დადგმას „გაუპატიურებად“ მიიჩნევდა და ცხოვრების ბოლომდე არ გაჰქრობია სიძულვილი მეტროპოლიტენ-ოპერის მიმართ[94].

ახალი ასწლეულის დასაწყისში კოზიმას სამი ქალიშვილი გათხოვდა. ბლანდინა ცოლად გაჰყვა გრაფ ბიაჯო გრავინს, დანიელა — ხელოვნების ისტორიკოსს, ჰენრი ტოდეს, ხოლო იზოლდა, კოზიმასა და ვაგნერის პირველი ასული — 1900 წელს ცოლად გაჰყვა დირიჟორ ფრანც ბეიდლერს. უმცროსი ასული — ევა უარყოფდა თაყვანისმცემელთა უამრავ შემოთავაზებას და ფესტივალის ხელმძღვანელობისას დედის დამხმარე და მდინავი იყო.

1906 წლის 8 დეკემბერს, როდესაც კოზიმა თავად ჰერმან გოგენლოე-ლანგენბურგელს ეწვია, მან მორგან – ადამს – სტოქსის სინდრომი გადაიტანა[95]. 1907 წლის მაისისკენ ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, კოზიმა ვეღარ შეძლებს ბაიროითის ხელმძღვანელობას და დირექტორის პოსტი გადაეცა ზიგფრიდს, რომელსაც კოზიმა დიდი ხანი ამზადებდა მემკვიდრის როლისთვის. ამ გადაწყვეტილებას ბეიდლერი შეედავა, რომელიც ასევე პრეტენდირებდა პოსტზე, და იმოწმებდა, რომ უფრო მდიდარი დირიჟორული გამოცდილება აქვს და რომ მან და იზოლდამ 1901 წელს კოზიმას ერთადერთი შვილიშვილი აჩუქეს. ეს კამათი ხანგრძლივი ოჯახური მტრობის მიზეზი გახდა[96][97].

უკანასკნელი წლები

რედაქტირება
 
კოზიმა ვაგნერი 1905 წელს.

კოზიმა განმარტოვდა ვანფრიდის უკანა ნაწილის ოთახებში და ფესტივალს აღარ წვეულობდა. თავდაპირველად ზიგფრიდი მასთან ერთად დადგმებს არჩევდა. მომდევნო წლების განმავლობაში ის აგრძელებდა დედის იდეას და ვაგნერის ოპერებს მის პირველად ფორმაში დგამდა.

1908 წლის დეკემბერში ევა, რომელიც უკვე 41 წლის იყო, ცოლად ჰიუსტონ ჩემბერლენს, ბრიტანელ ისტორიკოსს გაჰყვა. ეს უკანასკნელი აღტაცებული იყო ვაგნერის შემოქმედებებით, 1888 წლიდან იცნობდა კოზიმას, ხოლო ევაზე დაქორწინებამდე ჯერ ბლანდინასთან ცდილობდა დაახლოებას, შემდომ — იზოლდასთან. ჩემბერლენის თეორიები (იგი გერმანული ნაციონალიზმის იდეების მომხრე იყო და მას საკუთარ თეორიებითაც ავსებდა) ახლო იყო კოზიმასთვის[98]. იგი დიდ როლს ასრულებდა ვაგნერთა წრეში და გავლენა იქონია ოჯახის ბეიდლერებთან ურთიერთობების გაწყვეტაზე; ჩემბერლენი და ევა კოზიმას უმალავდნენ იზოლდას წერილებს[99]. 1913 წელს იზოლდამ სასამართლოში წააგო დავა, რომელიც ვაგნერის ქონებაზე უფლების გავრცელებას ეხებოდა, რის შემდგომაც სამუდამოდ გაწყვიტა კოზიმასთან კავშირი; იგი გარდაიცვალა ექვსი წლის შემდგომ. 1915 წელს ზიგფრიდ ვაგნერი დაქორწინდა თვრამეტი წლის ვინიფრედ უილიამსზე, რომლის მამინაცვალიც — კარლ კლინდვორტი ემეგობრებოდა რიხარდ ვანგერსა და ფერენც ლისტს. 1917 წლის 5 იანვარს დაიბადა მათი პირველი შვილი და კოზიმამ ამ მოვლენის პატივსაცემად მეუღლის ფორტეპაინოზე „ზიგფრიდ-იდილიიდან“ ნაწყვეტი დაუკრა.

1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყება ფესტივალის დასრულების მიზეზი გახდა. ომი, რევოლუცია და რღვევა არ იძლეოდა ფესტივალის გატარების საშუალებას მომდევნო ცხრა წლის განმავლობაშიც. 1923 წელს ვანფრიდს პირველდა ეწვია ადოლფ ჰიტლერი, რომელსაც ახლად დაეწყო პოლიტიკური კარიერა და რომელიც ვაგნერის მუსიკას ადიდებდა. იგი კოზიმამ არ მიიღო, მაგრამ ოჯახის სხვა წევრებს დაუმეგობრდა და ხშირად წვეულობდა მათ[100][101]. ჩემბერლენები და ვინიფრედ ვაგნერი გაწევრიანდნენ NSDAP-ში. 1924 წელს შესვენების შემდგომ პირველი ფესტივალი ერთდროულად ნაცისტთა ტრიბუნადაც იქცა. ამ ფესტივალს კოზიმაც ეწვია.

1927 წელს კოზიმას ოთხმოცდაათწლიან იუბილეზე მის საპატივცემულოთ ბაიროითის ერთ-ერთ ქუჩას დაარქვეს. ამის შესახებ თავად მან არ იცოდა: მისი ჯანმრთელობა იმ დროისთვის მნიშვნელოვნად გაუარესდა და ოჯახი არ უყვებოდა კოზიმას ზეიმობის შესახებ. ბოლო წლების განმავლობაში იგი ლოგინად იყო ჩავარდნილი და დაბრმავდა. კოზიმა გარდაიცვალა 1930 წლის 1 აპრილს 92 წლის ასაკში. გამომშვიდობება შესრულდა ვანფრიდში, რის შემდეგაც სხეული კობურგში გადაასვენეს და კრემაცია გაუკეთეს. 1977 წელს კოზიმას ნეშტი გადაასვენეს ვანფრიდში, მისი მუღლის საფლავის გვერდზე.

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118628232 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Archivio Storico Ricordi — 1808.
  6. Encyclopædia Britannica
  7. 7.0 7.1 7.2 Kindred Britain
  8. Freebase — 2007.
  9. Watson, Derek (1989). The Master Musicians: Liszt. London: J.M. Dent & Sons Ltd. ISBN 978-0-460-03174-5. Pp. 69-70.
  10. Marek 1981, p. 6.
  11. Marek 1981, p. 7.
  12. Marek 1981, p. 19.
  13. Marek 1981, p. 15.
  14. Carr 2008, p. 30.
  15. Marek 1981, p. 22-23.
  16. Hilmes 2011, p. 37-43.
  17. Marek 1981, p. 28-29.
  18. Hilmes 2011, p. 46.
  19. Hilmes 2011, p. 47.
  20. Hilmes 2011, p. 50.
  21. Marek 1981, p. 30-31.
  22. Hilmes 2011, pp. 48–49.
  23. Hilmes 2011, pp. 53–55.
  24. Hilmes 2011, p. 59-61.
  25. Hilmes 2011, pp. 58–62.
  26. Marek 1981, p. 45.
  27. Hilmes 2011, p. 71.
  28. 28.0 28.1 Marek 1981, pp. 55–60.
  29. Hilmes 2011, p. 72.
  30. Hilmes 2011, p. 73-74.
  31. Hilmes 2011, p. 81.
  32. Osborne, Charles (1992). The Complete Operas of Wagner. London: Victor Gollancz Ltd. ISBN 978-0-575-05380-9. P. 131.
  33. Hilmes 2011, pp. 91–93.
  34. Marek 1981, p. 81.
  35. Marek 1981, p. 82.
  36. Hilmes 2011, pp. 98–99.
  37. Hilmes 2011, p. 97.
  38. Marek 1981, p. 98.
  39. Hilmes 2011, p. 102.
  40. Marek 1981, p. 102.
  41. Skelton 1994, p. 27.
  42. Marek 1981, p. 111.
  43. Hilmes 2011, p. 118.
  44. Marek 1981, p. 113.
  45. Hilmes 2011, pp. 119, 123–124.
  46. Watson, Derek (1989). The Master Musicians: Liszt. London: J.M. Dent & Sons Ltd. ISBN 978-0-460-03174-5. Pp. 146.
  47. Hilmes 2011, p. 119.
  48. Spotts 1994, p. 39.
  49. Osborne, Charles (1992). The Complete Operas of Wagner. London: Victor Gollancz Ltd. ISBN 978-0-575-05380-9. P. 182—183.
  50. Spotts 1994, p. 52.
  51. 51.0 51.1 Spotts 1994, p. 40.
  52. Spotts 1994, pp. 45–46.
  53. Marek 1981, p. 156.
  54. Spotts 1994, p. 54.
  55. Hilmes 2011, p. 123.
  56. Hilmes 2011, p. 133.
  57. Skelton 1994, p. 261.
  58. Hilmes 2011, p. 136.
  59. Spotts 1994, pp. 61–62.
  60. 60.0 60.1 Hilmes 2011, pp. 140–142.
  61. Marek 1981, pp. 178–179.
  62. Hilmes 2011, p. 140.
  63. Marek 1981, pp. 172–173.
  64. Hilmes 2011, pp. 143.
  65. Skelton 1994, p. 340.
  66. Hilmes 2011, p. 145.
  67. Spotts 1994, p. 79.
  68. Marek 1981, p. 178.
  69. Hilmes 2011, p. 109.
  70. Marek 1981, pp. 104–105.
  71. Hilmes 2011, pp. 107–108.
  72. Marek 1981, pp. 188–190.
  73. Spotts 1994, p. 87.
  74. Spotts 1994, p. 83.
  75. Hilmes 2011, p. 149.
  76. Hilmes 2011, p. 150.
  77. 77.0 77.1 Skelton 1994, p. 516.
  78. Carr 2008, pp. 48, 54.
  79. Hilmes 2011, p. 151.
  80. Carr 2008, p. 54.
  81. Hilmes 2011, p. 154.
  82. Marek 1981, p. 207.
  83. Marek 1981, p. 204.
  84. Hilmes 2011, p. 160.
  85. Hilmes 2011, p. 162.
  86. 86.0 86.1 Spotts 1994, p. 91.
  87. 87.0 87.1 Marek 1981, p. 279.
  88. Carr 2008, p. 62.
  89. Carr 2008, p. 55.
  90. Carr 2008, p. 111.
  91. Hilmes 2011, pp. 178–182.
  92. Spotts 1994, p. 115.
  93. Marek 1981, pp. 243–244.
  94. Marek 1981, pp. 246–251.
  95. Hilmes 2011, pp. 251–252.
  96. Carr 2008, pp. 123–124.
  97. Spotts 1994, p. 122.
  98. Carr 2008, p. 89.
  99. Hilmes 2011, pp. 263–267.
  100. Carr 2008, pp. 140–142.
  101. Hilmes 2011, p. 308.