Oxygen480-mimetypes-signature.svg ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Anry.kiknavelidze.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: თებერვალი 28, 2021.


მიმდინარეობს სტატიის აქტიური დამუშავება.


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}


გუსტავ მალერი (გერმ. Gustav Mahler [ˈmaːlɐ]; დ. 7 ივლისი, 1860, კალიშტე, ბოჰემია — გ. 18 მაისი, 1911, ვენა) — ავსტრო-ბოჰემიელი რომანტიკოსი კომპოზიტორი და თავისი თაობის ერთ-ერთი წამყვანი დირიჟორი. როგორც კომპოზიტორი, ერთმანეთთან აკავშირებს XIX საუკუნის ავსტრო-გერმანულ ტრადიციას და XX საუკუნის მუსიკალურ მოდერნიზმს. სიცოცხლის განმავლობაში მისი, როგორც დირიჟორის სტატუსი ეჭვგარეშე იყო, თუმცა, მისმა მუსიკამ აღიარება ხანგრძლივი იგნორირების შემდგ მოიპოვა, რასაც თან დაერთო მისი აკრძალვა ევროპის დიდ ნაწილში ნაცისტური გერმანიის არსებობის პერიოდში. 1945 წლის შემდეგ მალერი მსმენელთა ახალმა თაობებმა აღმოაჩინეს, რის შემდეგაც იგი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად შესრულებული და ჩაწერილი კომპოზიტორი გახდა და ამ სტატუსს XXI საუკუნეშიც ინარჩუნებს. 2016 წელს „BBC-ს მუსიკალური ჟურნალის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელშიც 151 დირიჟორი მონაწილეობდა, ყველა დროის სიმფონიების ტოპ ათეულში მალერის სამი სიმფონია დაასახელეს.[21]

გუსტავ მალერი
Photo of Gustav Mahler by Moritz Nähr 01.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 7 ივლისი 1860(1860-07-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18]
დაბ. ადგილი Kaliště, ბოჰემიის სამეფო, ავსტრიის იმპერია ან Kaliště[18]
გარდ. თარიღი 18 მაისი 1911(1911-05-18)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [18] (50 წლის)
გარდ. ადგილი ვენა, ავსტრია-უნგრეთის იმპერია[19] [18]
დასაფლავებულია Grinzinger Friedhof
ეროვნება ებრაელები[20]
ხელმოწერა Mahler-signature.svg
გუსტავ მალერი ვიკისაწყობში

მალერი ბოჰემიის სამეფოში (იმ დროს ავტრიის იმპერიის შემადგენლობაში), ებრაული წარმოშობის ღარიბ ოჯახში დაიბადა და მუსიკალური ნიჭი ადრეულ ასაკში გამოავლინა. 1878 წელს დაამთავრა ვენის კონსერვატორია, რის შემდეგაც სულ უფრო მნიშვნელოვან სადირიჟორო თანამდებობს იკავებდა, რაც 1897 წელს ვენის კარის ოპერის (Hofoper) დირექტორად მისი დანიშვნით დაგვირგვინდა. ვენაში ათწლიანი მოღვაწეობის დროს მალერი, რომელიც თანამდებობის მოსაპოვებლად კათოლიციზმზე მოინათლა, ანტისემიტური პრესის მხრიდან მუდმივ წინააღმდეგობასა და მტრულ დამოკიდებულებას განიცდიდა. მიუხედავად ამისა, ინოვაციურმა მიდგომებმა და უმაღლესი სტანდარტებისადმი დაჟინებულმა სწრაფვამ უდიდესი საოპერო დირიჟორის რეპუტაცია მოუტანა, განსაკუთრებით, ვაგნერის, მოცარტის, ჩაიკოვსკის სასცენო ნამუშევრების ინტერპრეტაციაში. სიცოცხლის ბოლო წლებში მოკლე დროით ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერის და ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრის ხელმძღვანელიც იყო.

მალერის შემოქმედება რაოდენობრივად მწირია. მისი ცხოვრების უდიდესი ნაწილის განმავლობაში საკომპოზიტორო საქმიანობა მეორეხარისხოვანი იყო, რადგან მის ძირითად სამსახურს დირიჟორობა წარმოადგენდა. ადრეული ნაწარმოებების გარდა, როგორიცაა სტუდენტობის დროს შექმნილი საფორტეპიანო კვარტეტი, მალერის ნამუშევრები დიდი საორკესტრო შემადგენლობის, სიმფონიური გუნდებისა და საოპერო სოლისტებისთვისაა განსაზღვრული. ამ ნაწარმოებთა უმეტესობას თავდაპირველად წინააღმდეგობით შეხვდნენ და კრიტიკული და პოპულარული აღიარება მათ საკმაოდ გვიან მოიპოვეს. გამონაკლისია მისი მე-2, მე-3 და მე-8 სიმფონიები (ამ უკანასკნელის ტრიუმფალური პრემიერა 1910 წელს შედგა). მალერის უშუალო მუსიკალურ მემკვიდრეებად ვენის მეორე სკოლის წარმომადგენლები მიიჩნევიან, მათ შორის, არნოლდ შონბერგი, ალბან ბერგი და ანტონ ვებერნი. დიმიტრი შოსტაკოვიჩი და ბენჯამინ ბრიტენი, XX საუკუნის ორი უმნიშვნელოვანესი კომპოზიტორი იმ შემოქმედთა შორის იყვნენ, ვინც მალერს აღმერთებდა და მის გავლენას განიცდიდა. 1955 წელს, კომპოზიტორის ცხოვრებისა და მიღწევების პატივსაცემად დაფუძნდა გუსტავ მალერის საერთაშორისო ინსტიტუტი.


ბიოგრაფიარედაქტირება

ადრეული წლებირედაქტირება

ოჯახის წარმომავლობარედაქტირება

 
იიჰლავა (გერმ. Iglau), ქალაქი, სადაც მალერი გაიზარდა

მალერის ოჯახი აღმოსავლეთ ბოჰემიიდან, მოკრძალებული წარმომავლობისა იყო — კომპოზიტორის ბებია ქუჩაში ვაჭრობდა.[22] ბოჰემია ამ პერიოდში ავსტრიის იმპერიის ნაწილი იყო. მალერების ოჯახი ბოჰემიელთა გერმანულენოვან უმცირესობას მიეკუთვნებოდა და ამავე დროს, ებრაელი იყო. მომავალ კომპოზიტორს ამ წარმომავლობამ მუდმივი განდეგილობის და უცხოობის შეგრძნება ჩამოუყალიბა („ყოველთვის შემოჭრილი, არსად მიღებული“).[23] ვაჭრის ვაჟი, ბერნჰარდ მალერი ჯერ მეეტლე, შემდეგ კი დუქნის მეპატრონე გახდა, რითიც წვრილი ბურჟუაზიის რანგში ასვლა შეძლო.[24] მან სოფელ კალიშტეში (პელჰრიმოვის რაიონი, გერმ. Kalischt) მოკრძალებული სახლი შეიძინა და 1857 წელს ადგილობრივი საპნის მწარმოებლის 19 წლის ქალიშვილზე, მარი ფრანკზე დაქორწინდა. მომდევნო წელს დაიბადა წყვილის 14 შვილთაგან პირველი, ვაჟი ისიდორი, რომელიც ჩვილობაში გარდაიცვალა. ორი წლის შემდეგ, 1860 წლის 7 ივლისს, დაიბადა მათი მეორე ვაჟი, გუსტავი.[25]

ბავშვობარედაქტირება

1860 წლის დეკემბერში ბერნჰარდ მალერი ოჯახთან და ჩვილ ვაჟთან ერთად პატარა ქალაქ იიჰლავაში (იგლაუ) გადავიდა,[25] სადაც დისტილერია და ტავერნის წარმატებული ბიზნესი ააწყო.[26] ოჯახი სწრაფად იზრდებოდა, თუმცა, ქალაქში დაბადებული 12 ბავშვიდან ჩვილობის ასაკს მხოლოდ 6 გადაურჩა.[25] იგლაუ იმ დროს წარმატებული სავაჭრო ქალაქი იყო 20,000-მდე მაცხოვრებლით. გუსტავის პირველი შეხება მუსიკასთან ქუჩის სიმღერები, საცეკვაო მელოდიები, ხალხური სიმღერები და ადგილობრივი სამხედრო ორკესტრის საყვირების ხმა იყო.[27] ყველა ამ ელემენტს მის გვიანდელ მუსიკალურ ლექსიკონში ვხვდებით.[24]

ოთხი წლის ასაკში გუსტავმა ბებიის ფორტეპიანო აღმოაჩინა და მისით მაშინვე დაინტერესდა.[28] საშემსრულებლო უნარები მალევე დახვეწა იმდენად, რომ ადგილობრივი „ვუნდერკინდის“ სტატუსიც მოიპოვა და პირველი საჯარო გამოსვლაც იქვე, 10 წლის ასაკში ჰქონდა.[24][26] გუსტავს მუსიკა უყვარდა, თუმცა, მისი სკოლის ჩანაწერების მიხედვით დაბნეული მოსწავლე და არასაიმედო აკადემიური მოსწრებისა იყო.[28] 1871 წელს, ამის გამოსწორების იმედით, მამამ პრაღის ახალი ქალაქის გიმნაზიაში გაგზავნა, თუმცა, გუსტავი იქ თავს უბედურად გრძნობდა და იგლაუში მალევე დაბრუნდა.[26] 1875 წლის 13 აპრილს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მისი უმცროსი ძმა, ერნსტი (დ. 1862 წლის 18 მარტს) გარდაიცვალა, რაც გუსტავისთვის მძიმე გადასატანი აღმოჩნდა. იგი გრძნობების მუსიკით გადმოცემას შეეცადა, რისთვისაც, მეგობრის, იოზეფ შტაინერის დახმარებით ოპერაზე დაიწყო მუშაობა, სახელად „შვაბიის ჰერცოგი ერნსტი“ (Herzog Ernst von Schwaben), რომელიც მის ძმას ეძღვნებოდა. ამ ნაწარმოების არც ლიბრეტო და არც მუსიკა შემორჩენილი არაა.[28]

სტუდენტობის წლებირედაქტირება

ბერნჰარდ მალერი მხარს უჭერდა შვილის ამბიციებს მუსიკალურ კარიერასთან დაკავშირებით და თანახმა იყო, გუსტავს ბედი ეცადა ვენის კონსერვატორიაში მოსახვედრად.[29] ახალგაზრდა მალერს მოსმენა განთქმულმა პიანისტმა, იულიუს ეპშტაინმა ჩაუტარა და იგი 1875–76 სასწავლო წლებისთვის კონსერვატორიაში ჩაირიცხა.[26] ეპშტაინთან კარგ პროგრესს მიაღწია და პირველი ორი სასწავლო წლის ბოლოს ჯილდოებიც მოიგო. ბოლო, 1877–78 სასწავლო წელს კომპოზიციასა და ჰარმონიაზე კონცენტრირდა. მისი პედაგოგები რობერტ ფუქსი და ფრანც კრენი იყვნენ.[30][31] მალერის სტუდენტობის დროინდელი კომპოზიციებიდან თითქმის არაფერია შემორჩენილი, რადგან მათი უმეტესობა კომპოზიტორმა წერის პროცესში მიატოვა, რადგან მათით უკმაყოფილო იყო. მან გაანადგურა სიმფონიური ნაწარმოები, რომელიც სემესტრის დამაბოლოვებელი შეჯიბრისთვის იყო განსაზღვრული მას შემდეგ, რაც იგი კონსერვატორიის ავტოკრატმა დირექტორმა, იოზეფ ჰელმესბერგერმა გადაწერაში დაშვებული შეცდომების გამო უარყო.[32] შესაძლოა, მალერმა პირველი სადირიჟორო გამოცდილება კონსერვატორიის ორკესტრთან, რეპეტიციების და პერფორმანსების დროს მიიღო, თუმცა, როგორც ჩანს, მისი ძირითადი ფუნქცია ორკესტრში დასარტყამ ინსტრუმენტებზე შესრულებით შემოიფარგლებოდა.[33]

 
სტუდენტობის დროს მალერი რიხარდ ვაგნერის გავლენას განიცდიდა, ხოლო მოგვიანებით მისი ოპერების წამყვანი შემსრულებელი გახდა.

მალერთან ერთად კონსერვატორიაში სწავლობდა კომპოზიტორი ჰუგო ვოლფი, რომელიც მისი ახლო მეგობარიც გახდა. ვოლფი კონსერვატორიის მკაცრ დისციპლინას ვერ ეგუებოდა და გარიცხეს. მალერმა, რომელიც ზოგჯერ ასევე მეამბოხე იყო, მსგავსი ბედი ჰელმესბერგერისთვის საბოდიშო წერილის გაგზავნით აიცილა.[32] იგი ესწრებოდა ანტონ ბრუკნერის ლექციებსაც და მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად მისი მოსწავლე არასოდეს ყოფილა, მის გავლენას განიცდიდა. 1877 წლის 16 დეკემბერს დაესწრო ბრუკნერის მე-3 სიმფონიის კატასტროფულ პრემიერას, რომლის დროსაც კომპოზიტორს უყვიროდნენ, ხოლო აუდიტორიის დიდმა ნაწილმა დარბაზი დატოვა. მალერმა და ბრუკნერის მიმართ სიმპათიით განწყობილმა სხვა სტუდენტებმა, მოგვიანებით, სიმფონიის საფორტეპიანო ვერსია მოამზადეს და კომპოზიტორს წარუდგინეს.[33] მისი თაობის მუსიკოსების დიდი ნაწილის მსგავსად, მალერიც მოჯადოვებული იყო რიხარდ ვაგნერით, თუმცა, მისი ინტერესი მეტწილად მუსიკის ჟღერადობით შემოიფარგლებოდა და არა სასცენო ხელოვნებით. უცობია, ნახა თუ არა მან ვაგნერის რომელიმე ოპერა სტუდენტობის დროს.[34]

მალერმა კონსერვატორის დიპლომი 1878 წელს მოიპოვა, თუმცა, ვერ მიიღო ვერცხლის მედალი, რომელიც განსაკუთრებული მიღწევისთვის გაიცემოდა.[35] მამის მოთხოვნით და სიმწიფის ატესტატის ურთულესი გამოცდის გავლის შემდეგ, ჩააბარა ვენის უნივერსიტეტში, სადაც გადიოდა კურსებს, რომელიც ლიტერატურითა და ფილოსოფიით მის მზარდ დაინტერესებას ასახავდა.[26] უნივერსიტეტი 1879 წელს დაამთავრა და თავს ფორტეპიანოს სწავლებით ირჩენდა, აგრძელებდა კომპოზიციას და 1880 წელს დაასრულა დრამატული კანტატა „გოდების სიმღერა“ (Das klagende Lied). მის ამ პირველ დიდი ზომის ნაწარმოებში ჩანს ვაგნერისა და ბრუკნერის გავლენები, თუმცა, გვხვდება ელემენტები, რომელსაც მუსიკოლოგი დერიკ კუკი „სუფთა მალერს“ უწოდებს.[36] მისი პრემიერა 1901 წლამდე არ მომხდარა, როდესაც ნაწარმოები რევიზიის შემდეგ, შემოკლებული ფორმით შესრულდა.[37]

მალერი დაინტერესდა გერმანული ფილოსოფიით და მეგობრის, ზიგფრიდ ლიპინერისგან გაიცნო არტურ შოპენჰაუერის, ფრიდრიხ ნიცშეს, გუსტავ ფეჰნერის და ჰერმან ლოტცეს ნამუშევრებს. ამ მოაზროვნეთა გავლენა მალერზე სტუდენტობის შემდეგაც გაგრძელდა. მისი ბიოგრაფის, ჯონათან კარის მიხედვით, კომპოზიტორის თავი სავსე იყო „არა მხოლოდ ბოჰემიური ანსამბლების, საყვირების და მარშების ხმით, ბრუკნერის ქორალებითა და შუბერტის სონატებით, არამედ ფილოსოფიისა და მეტაფიზიკის იმ პრობლემებით, რომელთაც, უპირველეს ყოვლისა, ლიპინერთნ ერთად განიხილავდა“.[38]

სადირიჟორო კარიერის დასაწყისირედაქტირება

პირველი თანამდებობებირედაქტირება

1880 წლის ივნისიდან აგვისტომდე მალერს პირველი პროფესიონალური სადირიჟორო თანამდებობა ეკავა პატარა საკურორტო ქალაქ ბად ჰალში, ლინცის სამხრეთით.[35] რეპერტუარი ექსკლუზიურად ოპერეტებისგან შედგებოდა. კარის სიტყვებით, ეს „საცოდავი პატარა სამსახური“ იყო, რომელსაც მალერი მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ იულიუს ეპშტაინმა დაარწმუნა, რომ უკეთეს თანამდებობებს მალევე მიიღებდა.[38] 1881 წლის სექტემბრიდან აპრილამდე ლაიბახის (ახლანდელი ლუბლიანა, სლოვენია) ლანდესთეატრში იყო დაკავებული. თეატრის მცირერიცხოვანი, მაგრამ კარგი დასი მზად იყო ამბიციური პროექტებისთვისაც. აქ იდირიჟორა მალერმა პირველი სრულმეტრაჟიანი ოპერა, კერძოდ, ვერდის „ტრუბადური“, ერთ-ერთი 10 ოპერიდან, რომელიც ლაიბახში მუშაობის დროს იდირიჟორა.[39] ამის შემდეგ მალერი ვენაში დაბრუნდა და ვენის კარლთეატრში გუნდის ხელმძღვანელად მუშაობდა.[40]

1883 წლის იანვრიდან მალერი მორავიის ქალაქ ოლმიუცის (ახლანდელი ოლომოუცი) სამეფო მუნიციპალური თეატრის დირიჟოქი გახდა.[39] იგი მოგვიანებით წერდა: „როგორც კი ოლმიუცის თეატრის ზღურბლს გადავაბიჯე, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს წინ ღვთის რისხვა მელოდა.“[41] ორკესტრთან ცუდი ურთიერთობის მიუხედავად, მალერმა თეატრს რეპერტუარში ცხრა ახალი ოპერა შეიტანა, მათ შორის, ბიზეს „კარმენი“ და შეძლო სკეპტიკურად განწყობილი პრესის გულის მოგებაც.[41] 1883 წლის აგვიტოში, ერთკვირიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ, ჰესენის ქალაქ კასელის სამეფო თეატრის „მუსიკალური და საგუნდო დირექტორი“ გახდა.[40] ამ თანამდებობის უკან იმალებოდა მალერის სუბორდინაცია თეატრის კაპელმაისტერის, ვილჰელმ ტრაიბერის მიმართ, რომელსაც კომპოზიტორი არ მოსწონდა (გრძნობა ორმხრივი იყო) და ცდილობდა, მისი ცხოვრება გაემწარებინა.[42] უსიამოვნო ატმოსფეროს მიუხედავად, მალერს კასელში წარმატებული მომენტებიც ჰქონდა. აქ მან იდირიჟორა თავისი საყვარელი ოპერის, ვებერის „თავისუფალი მსროლელის“[43] და 25 სხვა ოპერის პერფორმანსი. 1884 წლის 23 ივნისს იდირიჟორა თავისივე ინციდენტური მუსიკა იოზეფ ვიქტორ ფონ შეფელის პიესისთვის „ზეკინგენელი მესაყვირე“ (Der Trompeter von Säckingen), რაც მალერის ნაწარმოების პირველი პროფესიონალური საჯარო შესრულება იყო.[შ 1] მგზნებარე, მაგრამ წარუმატებელი სასიყვარულო ურთიერთობა სოპრანო იოჰანა რიხტერთან აღმოჩნდა შთაგონება სასიყვარულო ლექსებისათვის, რომლებიც, მოგვიანებით გამოიყენა ვოკალურ ციკლში „მგზავრის სიმღერები“ (Lieder eines fahrenden Gesellen).[42]

1884 წლის იანვარში კასელს გამორჩეული დირიჟორი, ჰანს ფონ ბიულოვი და მისი მაინინგენის კარის ორკესტრი ორი კონცერტით ეწვია. მალერმა, თეატრში სამსახურიდან გაქცევის იმედით, ბიულოვის მუდმივი ასისტენტის პოსტის მიღება სცადა, თუმცა, წარუმატებლად. მიუხედავად ამისა, უკეთესი სამსახურის ძებნის მცდელობები მომდევნო წელს კარგად დასრულდა და მან მიიღო ექვსწლიანი კონტრაქტი ლაიფციგის პრესტიჟულ ოპერასთან, რომელიც 1886 წლის აგვისტოში უნდა დაწყებულიყო. არ სურდა რა კასელში კიდევ ერთი წლის გატარება, მალერი 1885 წლის 22 ივნისს თანამდებობიდან გადადგა და პრაღის ახალი გერმანული თეატრის ახლადდანიშნული დირექტორის, ცნობილი ბარიტონის, ანჯელო ნოიმანისგან დროებითი დირიჟორის პოსტი მიიღო.[44]

პრაღა და ლაიფციგირედაქტირება

 
მალერის სახლი ლაიფციგში, სადაც პირველი სიმფონია დაწერა.

პრაღაში, ჩეხეთის ეროვნული მოძრაობის აღზევებასთან ერთად, გაიზარდა ჩეხური ეროვნული თეატრის პოპულარობა და მნიშვნელობა, რამაც, თავის მხრივ, გერმანული თეატრის დაკნინება გამოიწვია. მალერის დავალებას ამ პროცესის შეჩერება წარმოადგენდა გერმანული ოპერის ხარისხიანი წარმოდგენების შეთავაზებით.[45] მისი მოცარტი და ვაგნერი, კომპოზიტორები, რომლებთანაც იგი მთელი შემდგომი კარიერის განმავლობაში ასოცირდებოდა, წარმატებული იყო,[43] თუმცა, მისი ინდივიდუალისტური და სულ უფრო ავტოკრატიული სადირიჟორო სტილი მალევე გახდა განხეთქილების მიზეზი მის შედარებით გამოცდილ კოლეგასთან, ლუდვიგ სლანსკისთან.[45] პრაღაში 12-თვიანი მოღვაწეობის პერიოდში 14 ოპერის 68 პერფორმანსი იდირიჟორა (აქედან 12 ოპერა მის რეპერტუარში ახალი იყო), ასევე, ცხოვრებაში პირველად, იდირიჟორა ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია. სეზონის ბოლოდ, 1886 წლის ივლისში, მალერიმა პრაღა დატოვა და ლაიფციგის „ახალ შტადტთეატრში“ დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა. მისი თეატრში მისვლისთანავე დაიწყო ქიშპობა მალერსა და მის უფროს კოლეგას, არტურ ნიკიშს შორის. კონფლიქტი, მეტწილად, „ნიბელუნგის ბეჭდის“ ახალი დადგმისთვის სადირიჟორო მოვალეობების განაწილებას შეეხებოდა. ნიკიში 1887 წლის თებერვლიდან აპრილამდე ავადმყოფობდა, რაც ნიშნავდა, რომ მთლიანი ციკლის მომზადება და წარდგენა („ღმერთების დაისის“ გარდა) მალერს მოუხდა და ამას დიდი წარმატებითაც გაართვა თავი. თუმცა, ამან პოპულარობა ვერ მოუტანა ორკესტრანტებს შორის, რომელთაც სძულდათ მისი დიქტატორული მანერა და მძიმე სარეპეტიციო განრიგი.[45][46]

ლაიფციგში მალერი დაუმეგობრდა კაპიტან კარლ ფონ ვებერს (1849–1897), კომპოზიტორის შვილიშვილს. ისინი კარლ მარია ფონ ვებერის დაუმთავრებელი ოპერის, „სამი პინტოს“ (Die drei Pintos) დასრულებაზე, მომზადებასა და შესრულებაზე შეთანხმდნენ. მალერმა მოახდინა არსებული ესკიზების ტრანსკრიპცია და გაორკესტრება, გამოიყენა ვებერის სხვა ნაწარმოებიდან აღებული მასალა და დაამატა საკუთარი მუსიკაც.[47] ოპერის პრემიერა, რომელიც 1888 წლის 20 იანვარს, ლაიფციგში შედგა, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და მას გერმანიის არაერთი საოპერო თეატრის ხელმძღვანელი ესწრებოდა. (მესამე წარმოადგენას, 29 იანვარს, პიოტრ ჩაიკოვსკიც დაესწრო).[45] ნაწარმოები კარგად მიიღეს. მისმა წარმატებამ მნიშვნელოვნად გაზარდა მალერის რეპუტაცია და ფინანსური სარგებელიც მოუტანა.[47] მალერის ურთიერთობას ვებერის ოჯახთან ართულებდა მისი სავარაუდო რომანტიკული გრძნობები კარლ ფონ ვებერის მეუღლის, მარიონ მატილდას (1857–1931) მიმართ. ჭორების თანახმად, (მაგალითად, ინგლისელი კომპოზიტორის, ეთელ სმითის მიხედვით) გრძნობა ძლიერი და ორმხრივი იყო, თუმცა, უშედეგო. 1888 წლის თებერვალსა და მარტში მალერმა დაიწყო და დაასრულა თავისი პირველი სიმფონია, იმ დროს 5 ნაწილიანი. დაახლოებით იმავე პერიოდში აღმოაჩინა გერმანული ხალხური სიმღერების კრებული „ბიჭუნას ჯადოსნური რქა“ (Des Knaben Wunderhorn), რომელიც მომდევნო 12 წლის განმავლობაში მისი საკომპოზიტორო საქმიანობის უმთავრესი შთაგონება გახდა.[45][შ 2]

1888 წლის 17 მაისს მალერმა მოულოდნელად დატოვა პოსტი ლაიფციგის ოპერაში თეატრის უფრო სასცენო მენეჯერთან, ალბერტ გოლდბერგთან განხეთქილების შემდეგ.[49] თუმცა, მალერს საიდუმლოდ ჰქონდა შეთავაზება მიღებული ანჯელო ნოიმანისგან პრაღაში „მისი“ „სამი პინტოს“, მოგვიანებით კი პეტერ კორნელიუსის „ბაღდადელი დალაქის“ დადგმის თაობაზე. პრაღაში მისი ყოფნა ხანმოკლე გამოდგა (ივლისი–სექტემბერი), რადგან რეპეტიციის დროს კონფლიქტის გამო დაითხოვეს. მიუხედავად ამისა, ძველი ვენელი მეგობრის, გუიდო ადლერის და ჩელისტის, დეივიდ პოპერის მეშვეობით, მალერის კანდიდატურა ბუდაპეშტში, უნგრეთის სამეფო ოპერის დირექტორის პოსტზე დასახელდა. გასაუბრებაზე მან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და თანამდებობას ყოყმანით, მაგრამ მაინც დათანხმდა 1888 წლის 1 ოქტომბერს.[50]

მუსიკარედაქტირება

მალერი იყო ერთ-ერთი ბოლო კომპოზიტორი რომლის მუსიკაც აგრძელებდა დიდებულ გერმანულ და ავსტრიულ მუსიკალურ ტრადიციებს. მიუხედავად იმისა რომ, რამდენიმე გერმანელ კომპოზიტორს უკვე დაწერილი ჰქონდა დიდებული სიმფონიები (მაგ: ბეთჰოვენს) მალერმა აღმოაჩინა რაღაც ახალი, რითაც მუსიკაში თავისი სიტყვა თქვა. მის სიმფონიებს ხშირად საკმაოდ ხანგრძლივი მელოდია აქვს, ის მოიცავს ფოლკლორსაც და ახალ, ორკესტრის მიერ შექმნილ ჟღერადობებსაც. მალერი მისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი თეატრში მუშაობდა, რამაც ასახვა მის მუსიკალურ ენაზეც ჰპოვა. ამის კარგი მაგალითია მისი მეოთხე სიმფონია. ნაწარმოები იწყება ბედნიერ ნოტაზე, G მაჟორზე, როდესაც მუსიკა აღწერს ადრინდელ ცხოვრებას, მაგრამ მთავრდება E მაჟორით, სადაც სოპრანო ზეციური სიამოვნებების შესახებ მღერის.

მალერი საკმაოდ დაინტერესებული იყო გერმანული ხალხური სიმღერებით და მან შექმნა მრავალი საორკესტრო სიმღერა. მან გამოიყენა ლექსები კრებულიდან სახელად: Des Knaben Wunderhorn. ეს სიმღერები იყო წარმოშობით შუა საუკუნეებიდან, მაგრამ მალერმა შემოგვთავაზა მისი ახლებური ინტერპრეტაციები. ამ სიმღერების ენა იგრძნობა მის შემდგომ სიმფონიებშიც. მან 9 სიმფონია დაწერა და დაიწყო მეათეზე მუშაობა, თუმცა დასრულება ვეღარ მოასწრო.

მალერი იყო დიდებული ორკესტრატორი. რამდენიმე მის ბოლო ნამუშევარს საკმაოდ დიდი ორკესტრი სჭირდება. ის ხშირად იყენებდა უჩვეულო ეფექტებს. მის პირველ სიმფონიაში უჩვეულოდ ხმამაღლა ჟღერს ორმაგი ბასის სოლო-პარტია რომელსაც აკომპანირებას დაფდაფი უწევს.

მისი საორკესტრო სიმღერების კრებული (დედამიწის სიმღერა) წააგავს სიმფონიას, თუმცა თვითონ ასე არ უწოდებდა. ამის მიზეზი ცრურწმენა იყო, რომლის მიხედვითაც დიდი კომპოზიტორები (როგორც ბეთჰოვენი) 9 სიმფონიის დაწერის შემდეგ კვდებიან.

დირიჟორის მოღვაწეობარედაქტირება

როგორც დირიჟორი, მალერი უდიდესი შთაგონება გახდა ევროპულ მუსიკალურ ცხოვრებაში. ის ხშირად დირიჟორობდა საკუთარ ნაწარმოებებს. როდესაც ის დირიჟორობდა სხვის ნაწარმოებებს, ამას მაინც საკუთარი ხერხებით აკეთებდა. მან რამდენიმე ცვლილება შეიტანა ბეთჰოვენის ორკესტრირებისას. ის არ განეკუთვნებოდა იმ დირიჟორებს, ვინც ცდილობდა დაედგა მუსიკა იმგვარად რომ მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო მისი კომპოზიტორის ჩანაფიქრთან. ის მაქსიმალურად ცდილობდა მუსიკის ჟღერადობა მაქსიმალურად სუფთა ყოფილიყო.

შენიშვნებირედაქტირება

  1. „ზეკინგენელი მესაყვირის“ მუსიკა მეტწილად დაკარგულია. მისი ერთ-ერთი ნაწილი, სახელად "Blumine" შედიოდა მალერის 1-ლი სიმფონიის თავდაპირველ, ხუთნაწილიან ვერსიაში.[43]
  2. შესაძლებელია, რომ მალერი ამ კრებულს ადრეც იცნობდა, რამდენადაც პირველი მისი ლექსებიდან „მგზავრის სიმღერებისთვის“ სწორედ ამ ტექსტს ეფუძნებოდა.[48]

ლიტერატურარედაქტირება

  • The New Grove Dictionary of Music & Musicians, ed. Stanley Sadie, 1980;

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118576291 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 Find a Grave — 1995.
  6. 6.0 6.1 IMSLP — 2006.
  7. 7.0 7.1 American National Biography — 1999.
  8. 8.0 8.1 Discogs — 2000.
  9. 9.0 9.1 filmportal.de — 2005.
  10. 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  11. 11.0 11.1 Czech National Authority Database
  12. 12.0 12.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia Catalana, 1968.
  13. 13.0 13.1 GeneaStar
  14. 14.0 14.1 Roglo — 1997. — 8261991 ეგზ.
  15. 15.0 15.1 Babelio — 2007.
  16. 16.0 16.1 Musicalics
  17. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLeksikografski zavod Miroslav Krleža, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 Archivio Storico Ricordi — 1808.
  19. Малер Густав // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  20. დიდი რუსული ენციკლოპედიაБольшая российская энциклопедия, 2004. — ISBN 978-5-85270-320-0
  21. Brown, 2016
  22. Blaukopf, pp. 15–16
  23. Cooke, p. 7
  24. 24.0 24.1 24.2 Sadie, p. 505
  25. 25.0 25.1 25.2 Blaukopf, pp. 18–19
  26. 26.0 26.1 26.2 26.3 26.4 Franklin, Peter. (2007)Mahler, Gustav. Oxford Music Online. ციტირების თარიღი: 21 February 2010 (1. Background, childhood education 1860–80)
  27. Carr, pp. 8–9
  28. 28.0 28.1 28.2 Blaukopf, pp. 20–22
  29. Blaukopf, pp. 25–26
  30. Sadie, p. 506
  31. Mitchell, Vol. I pp. 33–38
  32. 32.0 32.1 Blaukopf, pp. 30–31
  33. 33.0 33.1 Blaukopf, pp. 33–35
  34. Blaukopf, pp. 39–40
  35. 35.0 35.1 Carr, pp. 23–24
  36. Cooke, p. 22
  37. Sadie, p. 527
  38. 38.0 38.1 Carr, pp. 24–28
  39. 39.0 39.1 Carr, pp. 30–31
  40. 40.0 40.1 Franklin, (2. Early conducting career, 1880–83).
  41. 41.0 41.1 Carr, pp. 32–34
  42. 42.0 42.1 Carr, pp. 35–40
  43. 43.0 43.1 43.2 Sadie, p. 507
  44. Franklin, (3. Kassel, 1883–85).
  45. 45.0 45.1 45.2 45.3 45.4 Franklin, (4. Prague 1885–86 and Leipzig 1886–88).
  46. Carr, p. 43
  47. 47.0 47.1 Carr, pp. 44–47
  48. Blaukopf, pp. 61–62
  49. Carr, p. 49
  50. Carr, p. 50