ბრონქული ასთმა
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ბრონქული ასთმა – სასუნთქი გზების დაზიანებით მიმდინარე ქრონიკული მორეციდივე დაავადებაა; ხასიათდება ბრონქების შეცვლილი რეაქტიულობით. დაავადების აუცილებელი ნიშანია ხუთვითი შეტევა და ასთმური სტატუსი.
გამოყოფენ ბრონქული ასთმის ორ ფორმას: იმუნოლოგიურსა და არაიმუნოლოგიურს, ასევე კლინიკურ-პათოგენეტიკურ ვარიანტებს:
- ატოპური,
- ინფექციურ-ალერგიული,
- ავტოიმუნური, დისჰორმონული,
- ნერვულ-ფსიქიკური,
- ადრენერგული დისბალანსის,
- ბრონქების რეაქტიულობის პირველადად ცვლადი (მათ შორის „ასპირინისმიერი“ ასთმა და ფიზიკური დატვირთვის ასთმა),
- ქოლინერგული.
ეტიოლოგია
რედაქტირებაავადმყოფთა 1/3-ში ასთმას აქვს მემკვიდრეობითი წარმოშობა. ასთმის ალერგიული ფორმების წარმოქმნაში გარკვეულ როლს ასრულებენ არაბაქტერიული (სახლის მტვერი, მცენარეების მტვერი და სხვ.) და ბაქტერიული (ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები) ალერგენები.
კლინიკური ნიშნები
რედაქტირებადაავადება იშვიათად იწყება შეტევითი ხველით, რომელსაც თან ახლავს ექსპირატორული ქოშინი, უმნიშვნელო რაოდენობის გამჭვირვალე ნახველის გამოყოფით (ასთმური ბრონქიტი). ბრონქული ასთმის გაშლილი სურათი ხასიათდება მოხრჩობის მსუბუქი, საშუალო ან მძიმე შეტევებით. შეტევებს შესაძლოა წინ უძღოდეს ცხვირიდან უხვი გამონადენი, შეტევითი ხველა და ა. შ. ასთმური შეტევა ხასიათდება მოკლე ჩასუნთქვითა და გახანგრძლივებული ამოსუნთქვით, რომელიც ისმის გარკვეულ მანძილზე ხიხინებით; გულმკერდი მაქსიმალური ჩასუნთვის მდგომარეობაშია. სუნთქვაში მონაწილეობენ მხრის სარტყლის კუნთები, ზურგის, მუცლის კედლის კუნთები. ფილტვების პერკუსიით მოისმინება კოლოფისებური ხმიანობა, მრავლობითი მშრალი ხიხინი. შეტევა მთავრდება წებოვანი ნახველის გამოყოფით. მძიმე გახანგრძლივებული შეტევები შესაძლოა გადავიდეს ასთმურ მდგომარეობაში, რომელიც წარმოადგენს დაავადების მიმდინარეობის ერთ-ერთ მძიმე ვარიანტს. ასთმური მდგომარეობა ხასიათდება ბრონქების გამაფართოებელი თერაპიისადმი მზარდი რეზისტენტობითა და არაპროდუქტიული ხველით. გამოყოფენ ასთმური მდგომარეობის ორ ფორმას: ანაფილაქსიურსა და მეტაბოლურს. ანაფილაქსიური ფორმის დროს, რომელიც განპირობებულია იმუნოლოგიური ან ფსევდოალერგიული რეაქციებით, ალერგიული რეაქციის მედიატორების დიდი რაოდენობის გამოთავისუფლებით, ვითარდება მოხრჩობის მწვავე უმძიმესი შეტევა. მეტაბოლური ფორმა ფორმირდება რამდენიმე დღის განმავლობაში. საწყის სტადიაზე წყდება ნახველის გამოყოფა, წარმოიქმნება ტკივილი მხრის სარტყლის კუნთებში, გულმკედსა და მუცლის პრესის მიდამოში. ჰიპერვენტილაცია, ამოსუნთქულ ჰაერთან ტენის დაკარგვა იწვევს ნახველის წებოვნების გაზრდას და ბრონქის სანათურის ობტურაციას წებვადი სეკრეტით. ფილტვების უკანა ნაწილებში „მუნჯი“ ფილტვის უბნების წარმოქმნა ადასტურებს სტატუსის გადასვლას II სტადიაში; დამახასიათებელია დისტანციური ხიხინების აშკარა შეუსაბამობა აუსკულტაციით მათ არარსებობასთან. ავადმყოფთა მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. გულმკერდი ემფიზემატოზურად გადიდებულია; პულსი აღემატება 120 დარტყმას წუთში. არტერიული წნევა მატულობს. ეკგ-ზე აღინიშნება გულის მარჯვენა ნახევრის გადატვირთვის ნიშნები. ფორმირდება რესპირატორული ან შერეული აციდოზი. III სტადიაში (ჰიპოქსიურ-ჰიპერკაპნური ფორმა) მატულობს ქოშინი და ციანოზი, მკვეთრი აგზნება იცვლება გონების დაკარგვით, შესაძლებელია კრუნჩხვები. პულსი პარადოქსულია, არტერიული წნევა ქვეითდება. დაავადების მიმდინარეობა ხშირად ციკლურია: გამწვავების ფაზა დამახასიათებელი სიმპტომებითა და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების მონაცემებით იცვლება რემისიით. ბრონქული ასთმის გართულებებია: ფილტვების ემფიზემა, ინფექციური ბრონქიტის თანდართვა, დაავადების ხანგრძლივი და მძიმე მიმდინარეობისას – ფილტვისმიერი გულის ჩამოყალიბება. დიაგნოზის დადგენა ხდება ექსპირატორული მოხრჩობის ტიპური შეტევებით, სისხლში და, განსაკუთრებით, ნახველში ეოზინოფილიით, დაწვრილებითი ანამნეზით, ალერგიული გამოკვლევებით, იმუნოგლობულინების I და G გამოკვლევებით.