ალერგია
ალერგია (ბერძ. αλλεργία < ἄλλος [allos] — „სხვა“ და ἔργον [ergon] — „მოქმედება“) — ორგანიზმის შეცვლილი მგრძნობელობა ამა თუ იმ ნივთიერების, ე. წ. ალერგენის მიმართ. ალერგენი შეიძლება იყოს ორგანიზმისათვის უცხო ცილა, მიკრობი, ყვავილის მტვერი, საკვები პროდუქტი, ცხოველის ბეწვი, სამკურნალო პრეპარატი (მაგალითად, ანტიბიოტიკები), ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება და სხვა. ალერგენული ბუნებისა შეიძლება გახდეს აგრეთვე თვით ორგანიზმის რომელიმე ქსოვილი (მაგალითად, თვალის ბროლი, ნერვული ქსოვილის მიელინი, ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილი და სხვა). გარკვეულ პირობებში ალერგენად შეიძლება გადაიქცეს გულის (რევმატიზმის დროს), თირკმლის (ნეფრიტის დროს), ღვიძლის (ჰეპატიტის დროს) და სხვა ქსოვილები. საკუთარი ქსოვილოვანი კომპონენტების — ავტოალერგენებისადმი განვითარებულ ალერგიას ავტოალერგია ეწოდება. ალერგენის პირველადი მოქმედება ორგანიზმზე იწვევს მის სენსიბილიზაციას, ე. ი. ალერგიულ მზადყოფნას — ლიმფოიდურ ქსოვილში (ელენთა, ლიმფური კვანძები) გამომუშავდება ალერგენის მოქმედების „გამანეიტრალებელი“ ანტისხეულები. ხოლო თუ იმავე ალერგენს განმეორებით შევიყვანთ ორგანიზმში, ანტისხეულების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება. ალერგენისა და ანტისხეულების ურთიერთმოქმედების შედეგად გამომუშავდება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ჰისტამინი, ბრადიკინინი და სხვა), რომლებიც ზრდის კაპილარების განვლადობას, აღწევს მათ კედლებში, აღიზიანებს ნერვულ რეცეპტორებს, აზიანებს ქსოვილებს და იწვევს ანთებას. ალერგენის განმეორებით შეყვანისას ვლინდება ორგანიზმის შეცვლილი რეაქცია, რაც უფრო ხშირად მისი მგრძნობელობის მომატებით გამოიხატება. მაგალითად, ჯანმრთელი ზღვის გოჭის ორგანიმში რომ უცხო ცილა — ცხენის შრატი შევიყვანოთ, ამას შესამჩნევი ცვლილე ბები არ მოჰყვება, მაგრამ 10-14 დღის შემდეგ გოჭს განმეორებით რომ შევუყვანოთ იგივე ალერგენი, დაუყოვნებლივ განვითარდება უაღრესად მძაფრი ზოგადი ალერგიული რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი. ალერგიამ გამონაყარი, ბრონქოსპაზმი, სურდო) შეიძლება თავი იჩინოს ორგანიზმში ალერგენის მოხვედრიდან რამდენიმე წუთის, საათის ან დღის შემდეგ. მკაფიოდ გამოხატულ და მწვავედ მიმდინარე ალერ გიულ რეაქციას ჰიპერერგია ეწოდება, ალერგიული აქტივობის დაქვეითებას — ჰიპერგია, ხოლო ორგანიზმის რეაქტიულობის სრულ უქონლობას — ანერგია.
ალერგიული დაავადებებია ზშრატის მიერი ავადმყოფობა, ბრონქული ასთმა, თივისმიერი ცხელება, ჭინჭრის ცხელება, ატოპიური დერმატიტი, წამლისმიერი ალერგია და სხვა. ავტოალერგიული ბუნებისაა რევმატიზმი, რევმატოიდული პოლიართრიტი, დიფუზიური გლომერულონეფრიტი. ზოგიერთი ინფექციური სნეულების დროს (ტუბერკულოზი, ბრუცელოზი, ხუნაგი და სხვა) ალერგია თან ერთვის ძირითად პროცესს. ალერგიული რეაქციის ერთ-ერთი გამოვლენაა ორგანოს ან ქსოვილის გადანერგვის შემდეგ განვითარებული ქსოვილოვანი შეუთავსებლობაც.
მკურნალობა: ჰორმონული პრეპარატები (კორტიკოსტეროიდები), ანტიჰისტამინური ნივთიერებანი, სალიცილატები და სხვა პროფილაქტიკა: ალერგენების არიდება. იმ დაავადებათა (მაგ.. ქრონ. ინფექციის კერები) მკურნალობა, რომლებიც ზოგჯერ ალერგიას იწვევს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ტატიშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 289.