ტყიბულის მუნიციპალიტეტი

(გადამისამართდა გვერდიდან ტყიბულის რაიონი)

ტყიბულის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, იმერეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ტყიბული.

ადმინისტრაციული ერთეული
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
ადმ. ცენტრი ტყიბული
კოორდინატები 42°18′00″ ჩ. გ. 43°01′00″ ა. გ. / 42.30000° ჩ. გ. 43.01667° ა. გ. / 42.30000; 43.01667
გამგებელი დავით ჩერქეზიშვილი     
ფართობი 478.8 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 20 839 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 43,58 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,07 %
რუსები 0,43 %
უკრაინელები 0,19 %[1]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 99,18 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი https://tkibuli.gov.ge/
ტყიბულის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტი — იმერეთის მხარე
ტყიბულის მუნიციპალიტეტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია უძველესი ადამიანის ნასახლარები მდინარე წყალწითელას ხეობაში: ცუცხვათის მღვიმოვანში, ნაქერალას ქედის ფერდობზე, ახალსოფლის ტბის მიდამოებსა და მდინარე საბელასურის ხეობაში. ანტიკური ხანის ნასახლარების არსებობა დასტურდება სოფლებში გადაღმა წყალწითელა, სოჩხეთი, ჯვარისა, ოჯოლა, გელათი, კურსები, ოხომირა. მდინარე წყალწითელას ხეობაში არსებულ „ციხე-გორაზე“ აღმოჩენილია ბრინჯაოს იარაღის საწარმოები და ანტიკური ხანის კოლხური მონეტების ზარაფხანა.

1071 წლის ნიკორწმინდის „იადიგარში“ ჩნდება სახელწოდება ოკრიბა. ფეოდალურ ხანაში ოკრიბა ნაწილი იყო ქუთაისის საერისთავოსი, რომელიც მოიცავდა იმერეთს, ოკრიბასა და ხანისწყლის დასავლეთ მხარეს გურიამდე. გვიან შუა საუკუნეებში ოკრიბა მჭიდროდ იყო დასახლებული, იმ დროისათვის იქ 50-ზე მეტი სოფელი იყო. ოკრიბაში მიწის უდიდესი ნაწილი მეფეს თუ ეკლესიას ეკუთვნოდა, თუმცა ადგილ-მამულებს და ყმა-გლეხებს ფლობდნენ საბერძნეთსა და სირია-პალესტინაში არსებული ქართული მონასტრებიც. ოკრიბის სოფლების უმეტესობა მხეიძეების საგვარეულოს ეკუთვნოდა. იმერეთის სამეფოს სამხედრო–ადმინისტრაციული დაყოფით ოკრიბა მეოთხე სადროშოში შედიოდა. სასულიერო ხელისუფალი გელათის ეპისკოპოსი იყო. ოკრიბას მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრები იყო გელათის მონასტერი და მოწამეთა. XIX საუკუნიდან ოკრიბამ სამეურნეო-ეკონომიური და კულტურული თვალსაზრისით წინსვლა განიცადა.

რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციული დაყოფით ოკრიბა მოექცა ქუთაისის მაზრაში. ცალკე რაიონად გამოიყო საბჭოთა საქართველოში 1930 წელს და ეწოდა ოკრიბის რაიონი. 1938-1963 წლებში ეწოდებოდა ტყიბულის რაიონი. 1963-1965 წლებში შედიოდა წყალტუბოს რაიონში. 1966 წლიდან ცალკე გამოიყო ტყიბულის საქალაქო საბჭოს სახით.

გეოგრაფია

რედაქტირება

ტყიბულის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ოკრიბის ქვაბულში, ზღვის დონიდან 600-800 მეტრ სიმაღლეზე,მდინარე ტყიბულას ორივე ნაპირზე, რომელიც შემოფარგლულია ტყით დაფარული მთაგორიანი ტერიტორიით. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-დასავლეთით ქალაქი ქუთაისი და დასავლეთით წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. საზღვრების საერთო სიგრძე 120 კმ-ს შეადგენს, მთლიანი ფართობი კი 478,2 კმ²-ს.

მუნიციპალიტეტის რელიეფი უმეტესად გორაკ-ბორცვიანი და დაბალმთიანია (700-800 მ.). არის ტაფობებიც. მის ფარგლებშია ნაქერალას ქედის სამხრეთ კალთის ნაწილი. აბსოლუტური მაქსიმალური სიმაღლეა 1570 მ. ქედის სამხრეთ განშტოების უმაღლესი მწვერვალი არის წითელი კლდე (1073 მ.). ნაქერალას ქედის სამხრეთით დახრილ გასწვრივ წყალგამყოფებს შორის დადაბლებების სიმაღლე 500-550 მ. არ აღემატება.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია აგებულია იურული და ცარცული წყებებით, რომელთაგან უძველესია ბაიოსური პორფირიტები და ქვიშაქვები. ზემოდან მათ ადევს ბათური თიხა-ფიქლები, რომლებიც ზედა ნაწილში იცვლება კონტინენტური ქვიშაქვებით. ამ უკანასკნელთან დაკავშირებულია ტყიბულ-შაორის ქვანახშირის საბადო. იურა მთავრდება ფერადი წყების ნალექებით (ქვიშაქვები, თიხები, მერგელები). გეოლოგიური ჭრილის ზედა ნაწილში ცარცული კირქვები, ქვიშაქვები და მერგელებია. ისინი მონაწილეობენ ნაქერალას ქედისა და მისი სამხრეთი განშტოების აგებულებაში.

მუნიციპალიტეტის რელიეფისთვის დამახასიათებელია სტრუქტურული, ეროზიული, მეწყრული და კარსტული ფორმები. განსაკუთრებით კვეთრი რელიეფით გამოირჩევა კირქვებითა და პორფირიტებით აგებული მთები.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზღვის სუბტროპიკული ტენიანი ჰავის ოლქში ერთიანდება. ზამთარი ზომიერად ცივია, ზაფხული — თბილი და ხანგრძლივი. ჰაერის საშუალო წლიუი ტემპერატურაა 12,2 °C. იანვრის (ყველაზე ცივი თვის) საშუალო ტემპერატურაა 2,6 °C, ივლისის (ყველაზე თბილი თვის) 21 °C. აბსოლუტური მინიმუმი -27 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 38 °C. ნალექები 1900-2100 წელიწადში. ნალექები უმთავრესად წვიმის სახით მოდის, თუმცა ზამთარი თოვლიანი იცის. თოვლის სისქე ზოგჯერ 1 მეტრს აღწევს. გაბატონებულია ჩრდილო-აღმოსავლეთის ფიონური ქარები, რომელთა გავლენა იწვევს ადრეულ გაზაფულზე თოვლის სწრაფ დნობას, ხოლო ზაფხულში გვალვას, უფრო იშვიათია სამხრეთ-დასავლეთის, ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის ქარები.

შიგა წყლები

რედაქტირება

მუნიციპალიტეტის ფარგლებში უმთავრესად მცირე დებიტის კარსტული მდინარეებია. მთავარი მდინარეა ტყიბულა, რომელიც წინათ ახალსოფლის ტაფობის პერიფერიაზე კარსტულ მღვიმეში ჩაედინებოდა, შემდგომ, ჰესის მშენებლობის გამო ტაფობში მდ. ტყიბულის შეგუბებით შეიქმნა ტყიბულის წყალსაცავი. დებიტის გაზრდის მიზნით მას შეუერთეს შაორის წყალსაცავის წყალი. მდინარე ტყიბულა საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით, წყალდიდობა იცის გაზაფხულზე.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სხვა მდინარეებია ლეხიდარი, ძუსა, ტყიბულა, მაღარა-ჭიშურა, წყალწითელა, ქვეხუნა. არის რამდენიმე ჩანჩქერი მუხურსა და ძმუისში.

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოდგენილია ნაირგვარი მცენარეულობა. ტყის შემქმნელი მთავარი ჯიშებია წიფელი, რცხილა, წაბლი, მუხა, ნეკერჩხალი, იფანი და სხვა არის წიწვიანებიც (ნაძვი, სოჭი). ადამიანის ზემოქმედებით ბუნებრივი მცენარეულობა ძლიერ გარდაქმნილია. ბუჩქნარიდან ბევრია როგორც ფოთოლმცვივანი (ჯაგრცხილა, შინდი, კუნელი, იელი და სხვა) ასევე მარადმწვანეები (შქერი, ბაძგი, ბზა და სხვა). კირქვიან მაღლობებზე გვხვდება ქსეროფიტული მცენარეულობის ელემენტები. მდინარეთა ტენიან ნაპირებზე გავრცელებულია მურყანი. უხვადაა ლიანები (ეკალღიჭი, მაყვალი, კატაბარდა, სურო და სხვა).

ფაუნა გაღარიბებულია. ძუძუმწოვრებიდან შემორჩენილია მგელი, მელა, დათვი, ტურა, კურდღელი და სხვა. ბევრია ფრინველი.

ნიადაგები და ლანდშაფტები

რედაქტირება

ნიადაგები უმთავრესად კორდიან კარბონატულია. არის აგრეთვე ყვითელმიწები და ტყის ყომრალი ნიადაგები, ხოლო მდინარე ტყიბულის ტერასებზე — ალუვიური ნიადაგები. ძლიერ დახრილი და კლდოვანი ადგილები ნიადაგსაფარს სრულიად მოკლებულია.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტენიანი სუბტროპიკული ბორცვიანი მთისწინეთისა და მთა-ტყის შმედეგი ლანდშაფტებია: 1. გორაკ-ბორცვები წიფლნარ-მუხნარ-წაბლნარით, ყვითელმიწა, კორდიან-კარბონატული და ტყის ყომრალი ნიადაგებით. 2. დაბალი მთები წიფლნარ-წაბლნარით და ტყის ყომრალი ნიადაგებით. 3. კარსტული დაბალი მთები რცხილნარ-მუხნარით და კორდიან-კარბონატული ნიადაგებით. 4. წიფლნარი მუქწიწვიანებით ტყის ყომრალ ნიადაგებზე.

წიაღისეული

რედაქტირება

ტყიბული მდიდარია ისეთი წიაღისეულით, როგორიცაა ქვანახშირი და ტეშენიტი. ქვანახშირი მოიპოვება ტყიბულში. ტეშენიტი კი სოფლებში: კურსები, ოხომირა, კოკა, ბუეთი და ცუცხვათი.

ასევე მოიპოვება დიპტოლიტური და ნახშიროვანი ფიქალები, ქალცედონი, ბარიტი, კვარცის ქვიშები, მარმარილო, ბაზალტი, გიშერი, ცეცხლგამძლე და საცემენტე თიხები.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოედინება მინერალური წყალი: კურსებში, ბუეთში, სოჩხეთში, კოკაში, ცუცხვათში, მუხურასა და ლეღვაში.

დემოგრაფია

რედაქტირება

სულ მუნიციპალიტეტში 1 ქალაქი და 45 სოფელია. სოფლების უმრავლესობა მდინარე წყალწითელას ხეობასა და ნაქერალას ქედის სამხრეთ მთისწინეთშია თავმოყრილი. განსახლების ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან 200-600 მეტრის ფარგლებში. მუნიციპალიტეტი განიცდის დეპოპულაციას და დეურბანიზაციას. 1987 წლის მონაცემებით, მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენდა 82 ადამიანს 1 კმ²-ზე, ხოლო მოსახლეობის 55 %-ზე მეტი ცხოვრობდა ქალაქში. 2014 წლისათვის მოსახლეობა შეადგენს 20 839 ადამიანს. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს მუნიციპალიტეტის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 46 %-ს, სიმჭიდროვეა 43,5 ადამიანი 1 კმ²-ზე. ქართველები მოსახლეობის 99,1 %-ია. გარდა ქართველებისა აქ ცხოვრობენ რუსები და უკრაინელები.

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 36 686
2002 30 684  
2014 20 839  
2021[3] 17 900  

ადგილობრივი თვითმმართველობა

რედაქტირება

ადმინისტრაციული ერთეულები

რედაქტირება

ტყიბულის მუნიციპალიტეტში შედის ათი ადმინისტრაციული ერთეული:

საკრებულო

რედაქტირება
პარტია 2017[4] 2021[5] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 19 17                                
  ნაციონალური მოძრაობა 4 8                
  საქართველოსთვის 1  
  ლელო 1  
  ევროპული საქართველო 2
  პატრიოტთა ალიანსი 1
  თავისუფალი საქართველო 1
სულ 25 27  

ეკონომიკა

რედაქტირება
 
რკინიგზა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1890-იან წლებში

მუნიციპალიტეტის ეკონომიკის წამყვანი დარგია სამთომოპოვებითი მრეწველობა. ძირითადი დარგია ქვანახშირის მოპოვება. ტყიბულში მოქმედებს ქვანახშირის მომპოვებელი ორი შახტა და ერთი ქავანახშირის გამამდიდრებელი ქარხანა. სოფელ კურსებში წარმოებს ტეშენიტის მოპოვება.

საბჭოთა პერიოდში წამყვანი დარგი იყო მეჩაიეობა, ფუნქციონირებდა ტყიბულისა და ორპირის, ცუცხვათის ჩაის ფაბრიკები. ამჟამად მოქმედებს ტყიბულის ჩაის ფაბრიკა. ტრადიციულად მნიშვნელოვანი დარგი იყო მეხილეობა, სადაც ძირითად როლს ხრესილის საკონსერვო ქარხანა ასრულებდა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის თერჯოლა-ტყიბულისა და ქუთაისი-ამბროლაურის საავტომობილო გზები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი კურორტებია ხრესილი, საწირე და ცხრაჯვარი.

განათლება და კულტურა

რედაქტირება

მუნიციპალიტეტში მოქმედებს 23 საჯარო სკოლა, ამათგან 18 სოფლად, ხოლო 5 ქალაქ ტყიბულში. ფუნქციონირებს 14 საბავშვო ბაღი, მათ შორის 8 სოფლებში. მუნიციპალიტეტში მოქმედებს სამხატვრო გალერეა, 5 საქალაქო და 20 სასოფლო ბიბლიოთეკა, 12 სოფლის კლუბი. მუნიციპალიტეტში მოქმედებს ჯანდაცვის რამდენიმე დაწესებულება: რაიონული საავადმყოფო ქალაქ ტყიბულში და 9 საექიმო ამბულატორია.

ისტორიული ძეგლები

რედაქტირება
 
გელათის მონასტერი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემორჩენილი ისტორიული ძეგლებიდან უმნიშვნელოვანესია გელათის და მოწამეთას სამონასტრო კომპლექსები, აგრეთვე კისორეთის წმინდა გიორგის ეკლესია, შუა საუკუნეების ეკლესიები ჯონიასა და ზედუბანში, ჯვარის ციხე, ცუცხვათის ციხე და შუა საუკუნეების ციხე მუხურაში.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ცუცხვათის მიდამოებში აღმოჩენილია ცუცხვათის მღვიმოვანი, რომელიც 13 სართულისაგან შედგება. რამდენიმე სართულში წარმოქმნილია სტალაქტიტები და სტალაგმიტები. მღვიმეთა შორის სჭარბობს ე.წ. „თბილი მღვიმეები“, რომლებიც საცხოვრებლად გამოუყენებიათ პირველყოფილ ადამიანებს. ეს მღვიმე საკულტო დანიშნულებისათვისაც ყოფილა გამოყენებული. მღვიმეში ნაპოვნია არქეოლოგიური ძეგლები შუა პალეოლითიდან ბრინჯაოს ხანამდე, აგრეთვე ცხოველთა ორმოცამდე სახეობის ძვლები. არქეოლოგიურმა ძიებამ დაადასტურა, რომ ეს მხარე ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის დასასრულს იყო სამთამადნო წარმოების კერა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სხვა არქეოლოგიური ძეგლებია ქვის ხანის იაზონის მღვიმე და საბელასერის შუა ქვის ხანის სადგომ-სახელოსნო.

ლიტერატურა

რედაქტირება