ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია

(გადამისამართდა გვერდიდან ენ-ბი-ეი)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (ინგლ. National Basketball Association, NBA) — ჩრდილოეთ ამერიკის მამაკაცთა პროფესიონალური საკალათბურთო ლიგა, რომელიც 30 გუნდისგან შედგება. აქედან 29 გუნდი აშშ-ის, ხოლო 1 გუნდი კი კანადის ტერიტორიაზე მდებარეობს. NBA არის ოთხი უმთავრესი ჩრდილოეთ ამერიკული პროფესიული სპორტული ლიგის წევრი, რომელიც ასევე მოიცავს NHL-ს, NFL-სა და MLB-ს. მოთამაშეების საშუალო მაჩვენებლით, NBA-ის მოთამაშეები ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები არიან.[1]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია
მიმდინარე სეზონი: 2019-20 NBA სეზონი

NBA ლოგო
სპორტი კალათბურთი
დაარსდა 1946 წლის 6 ივნისი
გუნდების რაოდ. 30
ქვეყანა აშშ (29), კანადა (1)
ამჟ. გამარჯვებული ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (17)
ყველაზე ტიტულოვანი ბოსტონ სელტიქსი (17)
ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (17)
ოფიციალური საიტი NBA.com

ლიგა ქალაქ ნიუ-იორკში დაარსდა 1946 წლის 6 ივნისს, სახელწოდებით ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია (Basketball Association of America - BAA).[2] 1949 წელს, როდესაც BAA და უფრო ადრე შექმნილი ნაციონალური საკალათბურთო ლიგა (NBL) გაერთიანდა, ლიგამ სახელი შეიცვალა და დღემდე წარმოდგენილია როგორც „ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია“ (NBA). ლიგის შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუს #645-ში მდებარე ოლიმპიკ-ტაუერში. NBA-ის გასართობი ცენტრი და NBA-ის სატელივიზიო სტუდიები განთავსებულია სიკაკუსში, ნიუ-ჯერსის შტატში.

ისტორია

შექმნა და შეერთება

 
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შტაბ-ბინა - „ოლიმპიკ-ტაუერიმეხუთე ავენიუზე, მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ.[3]

ამერიკის კალათბურთის ასოციაცია (ინგლ. Basketball Association of America, BAA) 1946 წელს ყინულის ჰოკეის არენების მფლობელების მიერ შეიქმნა. 1946 წლის 1 ნოემბერს, ტორონტოში ონტარიოს შტატში, კანადაში პირველი მატჩი შედგა, რომელზეც „ტორონტო ჰასკისმა“ „ნიუ-იორკ ნიკერბოკერსს“ მეიფლ ლივზ გარდენში უმასპინძლა — ამჟამად ეს მოვლენა აღიარებულია, როგორც NBA-ის ისტორიაში პირველი მატჩი.[4] მიუხედავად იმისა, რომ მანამდე იმართებოდა პროფესიონალური შეხვედრები კალათბურთში, ამერიკულ საკალათბურთო ლიგასა (ABL) და ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში (NBL), BAA იყო პირველი, როდესაც მასშტაბური თამაში დასწრებით შედგა. 1948 წელს, ABL ფინალისტი „ბალტიმორ ბულეტსი“ გადავიდა BAA-ში და მოიგო ლიგის ტიტული, 1948 წლის NBL-ის ჩემპიონმა „მინეაპოლის ლეიკერსმა“ კი მოიგო 1949 წლის BAA ტიტული.

1949 წლის 3 აგვისტოს BAA და NBL გაერთიანდა და შეიქმნა ახალი, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA).[5] ახალ ლიგას 17 წევრი გუნდი ჰყავდა, რომლებიც განაწილებული იყო დიდ და პატარა ქალაქებში.[5] შესაბამისად დიდ არენებზე და პატარა სავარჯიშო არენებზე. 1950 წელს NBA დავიდა 11 გუნდამდე; შემცირების პროცესი კი 1953-1954 წლებამდე გაგრძელდა, როდესაც ლიგა 8 გუნდამდე დავიდა. აღნიშნული 8 გუნდი („ნიუ-იორკ ნიქსი“, „ბოსტონ სელტიქსი“, „გოლდენ-სტეიტ უორიორსი“, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“, „როალზი/კინგსი“, „დეტროიტ პისტონსი“, „ატლანტა ჰოუქსი“, „ნეიშენალსი/სიქსერსი“) დღემდე რჩება ლიგაში. თანდათანობით, გუნდები პატარა ქალაქებიდან დიდ ქალაქებში გადადიოდნენ. „ჰოუქსი“ გადავიდა თრი-სიტიში (1951); „მილუოკი“ კი სენტ ლუისში (1955); „როიალზი“ როჩესტერიდან ცინცინატიში (1957); „პისტონსი“ ფორტ უეინიდან დეტროიტში (1957).

იაპონური წარმოშობის ამერიკელმა უატერუ მისაკამ დაამსხვრია NBA ფერების ბარიერი 1947-1948 სეზონში, როდესაც „ნიუ-იორკ ნიქსის“ რიგებში თამაშობდა, 1950 წელს კი აღიარებული იქნა NBA-ის წლის ინტეგრირებულ მოთამაშედ. ამ წელს მოხდა აფრო-ამერიკელების გადასვლა NBA რამდენიმე გუნდში. მათ შორის ჩაკ კუპერის „სელტიქსში“, ნათანიელ კლიფტონის — „ნიქსში“, ერლ ლოიდის — „კეპიტოლზში“. ამ პერიოდში „მინეაპოლის ლეიკერსს“ ჯორჯ მაიკენი ლიდერობდა, რომელმაც პირველი დინასტიის დროს 5 NBA-ის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო.[6] იმისათვის, რომ გუნდს არ გაეყვანა დიდი დრო და არ ჰქონოდა ბურთის ფლობის უფლება დიდი ხნით, 1954 წელს ლიგამ შემოიღო წესი, რომლის მიხედვითაც თითოეულ გუნდს სასროლად 24 წამი მიეცა, რომლის გასვლის შემდეგ ბურთი უმალვე გადაეცემოდა მოწინააღმდეგეს.[7]

სელტიკის დომინირება / ლიგის გაფართოება

1957 წელს ახალბედა ბილ რასელი „ბოსტონ სელტიქსს“ შეუერთდა, რომელმაც გარდ ბობ ქასისთან ერთად თამაში დაიწყო, მწვრთნელის რანგში კი რედ ორბეხი იმყოფებოდა. ამ სამმა ლიდერობა გაუწია გუნდს, რათა ჩემპიონის 11 ტიტული მოეპოვებინათ 13 სეზონის მანძილზე. ცენტრი — უილტ ჩემბერლენი ლიგას 1959 წელს შემოუერთდა, კერძოდ კი „ფილადელფია უორიორსს“ და 1960-იან წლებში უამრავი ინდივიდუალური რეკორდი დაამყარა, მათ შორის ერთ თამაშში შეძლო 100 ქულის მოგროვება და 55 მოხსნის მითვლა. რასელის და ჩემბერლენის მეტოქეობა ერთ-ერთი უდიდესი დაპირისპირება გახდა მთლიანად ამერიკული სპორტის ისტორიაში.

 
ბილ რასელი იცავს ფარს უილტ ჩემბერლენისგან 1966 წელს.

1960-იანი წლებიც „ბოსტონ სელტიქსი“ დომინირების პერიოდი გამოდგა, რომელსაც კვლავ რასელი, ქასი და ორბეხი ლიდერობდნენ. „ბოსტონმა“ 8 ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო ზედიზედ, 1959-1966 წლებში. გამარჯვებების ეს სერია ყველაზე დიდი სერიაა NBA-ის მთელს ისტორიაში. მათ ვერ შეძლეს 1966-67 წლების სეზონში გამარჯვება, თუმცა მომდევნო 2 სეზონში (1967-68 და 1968-69) კვლავ დაიბრუნეს ჩემპიონის ტიტული. საბოლოოდ, 1960-იან წლებში, მთელი ათი წლის განმავლობაში გამარჯვებულის ბანერი მათ 9-ჯერ შევხდათ.[8]

ამ პერიოდის განმავლობაში, NBA განაგრძობდა გაძლიერებას და მოხდა შემდეგი ცვლილებები: „მინეაპოლის ლეიკერსი“ გადავიდა ლოს-ანჯელესში; „ფილადელფია უორიორსი“ გადავიდა სან-ფრანცისკოში; „სირაკუს ნეიშენალსი“ გადავიდა ფილადელფიაში და სახელად „ფილადელფია სიქსერსი“ დაერქვა; „სენტ-ლუის ჰოუქსი“ გადავიდა ატლანტაში; „ჩიკაგო პეკერსი“ (ამჟამად „ვაშინგტონ უიზარდსი“) 1961 წელს გახდა მე-9 გუნდი NBA-ში; 1966-1968 წლებში ლიგა 9 გუნდიდან 14 გუნდამდე გაიზარდა, და დაემატნენ „ჩიკაგო ბულზი“, „სიეტლ სუპერსონიქსი“, „სან-დიეგო როკეტსი“ (რომელიც 4 წელში გადავიდა ჰიუსტონში), „მილუოკი ბაქსი“ და „ფინიქს სანსი“.

1967 წელს, ლიგა ამერიკული საკალათბურთო ასოციაციის (ABA) მსგავსად ახალი ფორმატით წარდგა, რამაც უფრო გაამძაფრა ამ ორი ლიგის ერთმანეთში მეტოქეობა, თუმცა NBA-ს ჰქონდა ვარსკვლავების ძლიერი სკოლა, საიდანაც წამოვიდა კარიმ აბდულ-ჯაბარი. აღსანიშნავია ისიც, რომ NBA-ის ქულების ლიდერი რიკ ბერი გადავიდა ABA-ში, ისევე როგორც 4 ვეტერანი მსაჯი — ნორმ დრაკერი, ირლ სტრომი, ჯონ ვანაკი და ჯოუ გაში.[9]

 
კარიმ აბდულ-ჯაბარი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოთამაშე NBA-ში

1969 წელს ალან სიგელმა, რომელმაც ერთი წლით ადრე შექმნა ბეისბოლის მთავარი ლიგის ლოგო (MLB), ამჯერად MLB-ს მსგავსი მოდერნიზებული NBA-ის ლოგო შექმნა. ლოგოს გამოსახულება ლეგენდარულ ჯერი ვესტს ჰგავდა, თუმცა ოფიციალურმა მხარემ ეს ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ არ სურდა ლოგო რაიმე ინდივიდუალურთან ყოფილიყო კავშირში, უბრალოდ სურვილი იყო უფრო კლასიკური და ადვილად მისახვედრი ლოგო ჰქონოდათ. ასევე დაამატეს, რომ არანაირი სურვილი არ ჰქონდათ რომელიმე კონკრეტული პიროვნების საიდენტიფიკაციო ლოგო შეექმნათ.[10][11]

1970-იან წლებში ABA-მ წარმატებით შეძლო რამდენიმე მნიშვნელოვანი ვარსკვლავის გადაბირება, მათ შორის იულიუს ირვინგის. ამ პერიოდში NBA კვლავ განაგრძობდა დიდ ქალაქებში გადასვლას და საბოლოოდ 1966 წლიდან 1974 წლამდე, გუნდების რაოდენობა 9-იდან 18-მდე გაიზარდა. 1970 წელს, „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“, „კლივლენდ კავალიერსი“ და „ბუფალო ბრეივზი“ შეუერთდნენ ლიგას, როდესაც რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.[12] „ნიუ-ორლეან ჯაზი“ კი ლიგას 1974 წელს შეუერთდა და გუნდების რაოდენობა 18-მდე გაზარდა. 1976 წლის შემდგომ პერიოდში ლიგამ წარმატებას მიაღწია და დამატებით 4 გუნდი გადმოიყვანა ABA-დან, რითაც გუნდების რაოდენობა 18-იდან 22-მდე გაიზარდა. ეს გუნდები იყვნენ „სან-ანტონიო სპურსი“, „დენვერ ნაგეტსი“, „ინდიანა პეისერსი“ და „ნიუ-იორკ ნეტსი“. ამ პერიოდში გამოჩნდა რამდენიმე ვარსკვლავიც — კარიმ აბდულ-ჯაბარი, რიკ ბერი, დეივ ქოვენსი, იულიუს ირვინგი, ელვინ ჰეიესი, უოლტ ფრეზიერი, მოსის მელოუნი, არტის გილმორი, ჯორჯ ჯერვინი, დენ ისელი და პიტ მერავიჩი. ამავე პერიოდში ასევე ადგილი ჰქონდა სატელევიზიო რეიტინგის დაცემას, მატჩებზე ნაკლებ დასწრებას, ისევე როგორც მოთამაშეების მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას, რასაც NBA მარცხისკენ მიჰყავდა.

პოპულარობის გაზრდა

1979 წელს ლიგამ დაამატა ABA-ს ინოვაცია 3-ქულიან ჩაგდების შესახებ, რაც ითვალისწინებდა, რომ მოთამაშეს თამაშის მსვლელობისას შეეძლო ჩაეგდო 3-ქულიანი, რაც ინიციატორების აზრით თამაშს უფრო ღიას გახდიდა. იმავე წელს, „ბოსტონ სელტიქსს“ ახალბედა ლარი ბირდი შეუერთდა, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსს“ კი მეჯიკ ჯონსონი, რომლის თამაშებმაც გულშემატკივრებში დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მთელ მსოფლიოში. 1984 წელს მათ პირველად ითამაშეს NBA-ის ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ. საბოლოოდ ჯონსონმა შეძლო მისი ლიდერობით გუნდს 5 NBA-ის ტიტული მოეგო, ხოლო ბირდმა კლუბისთვის 3 ტიტულის მოტანა შეძლო. 1980-იანი წლების დასაწყისში, NBA-ის კვლავ დაემატა ერთი გუნდი — „დალას მევერიქსი“ და გუნდების რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. მოგვიანებით, ლარი ბირდმა 3-ქულიანი შეჯიბრი მოიგო. ახლანდელმა რწმუნებულმა — დევიდ სტერნმა თანამდებობა 1984 წლის 1 აპრილს დაიკავა და მას დღემდე ინარჩუნებს. მისი ამ თანამდებობაზე ყოფნისას NBA მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე წარმატებულ საკალათბურთო ლიგად და ერთ-ერთ ყველაზე წარამტებულ სპორტულ ლიგად ჩამოყალიბდა.

 
მაიკლ ჯორდანი ბურთს აგდებს კალათში

1984 წელს ლიგას მაიკლ ჯორდანი შემოუერთდა „ჩიკაგო ბულზში“, რამაც ლიგა უფრო მეტად პოპულარული გახადა. საბოლოოდ ამ პოპულარობამ გამოიწვია უფრო მეტი ქალაქის სურვილი, რომ საკუთარი გუნდი ჰყოლოდათ. 1988 და 1989 წლებში, 4 გუნდი: „შარლოტ ჰორნეტსი“, „მაიამი ჰიტი“, „ორლანდო მეჯიკი“ და „მინესოტა ტიმბერვულვზი“ შემოუერთდნენ ლიგას და ჰქონდათ NBA დებიუტი, გუნდების რაოდენობა კი ლიგაში უკვე 27 გახდა. 1990 წლების პირველ წელს, „დეტროიტ პისტონსმა“ შეძლო მოეგო ზედიზედ ჩემპიონის 2 ტიტული, გუნდს კი ჩაკ დელი და ისაია თომასი ლიდერობდნენ. ჯორდანი და სკოტი პიპენი კი „ჩიკაგო ბულზს“ ლიდერობდნენ და მოახერხეს 2-ჯერ მოეგოთ ზედიზედ 3 ჩემპიონის ტიტული. ჰაკიმ ოლეიუონი კი „ჰიუსტონ როკეტსს“ ლიდერობდა და 1994 და 1995 წლებში მოეგო.

1992 წლის ოლიმპიურ თამაშებზე „ოცნების გუნდმა“ შეძლო ოქროს მედლის მოგება, გუნდში, სადაც ერთად იყვნენ თავმოყრილი: მაიკლ ჯორდანი, ლარი ბირდი, მეჯიკ ჯონსონი, დევიდ რობინსონი, პატრიკ იუინგი, სკოტი პიპენი, კლაიდ დექსტერი, კარლ მელოუნი, ჯოტ სტოკტონი, კრის მულინი, ჩარლზ ბარკლი და კრისტიან ლეტნერი.

1995 წელს NBA-ს დაემატა ორი კანადური გუნდი, — „ვანკუვერ გრიზლი“ და „ტორონტო რაპტორსი“. 2001 წელს კი ვანკუვერ გრიზლი გადავიდა მემფისში, სახელიც შესაბამისად „მემფის გრიზლი“ დაირქვა, ხოლო ტორონტო რაპტორსი კი დარჩა ერთადერთ კანადურ გუნდად NBA-ში. 1996 წელს NBA-მ შექმნა ქალთა ლიგა — ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (WNBA). 1998 წელს, NBA-ში დაიწყო ე.წ. „გაფიცვები“ (lockout), რომელიც საბოლოოდ 191 დღეს გაგრძელდა და მხოლოდ 1999 წლის 18 იანვარს შეწყდა. გაფიცვამ კი შედეგად ის მოიტანა, რომ 1998-99 წლის რეგულარული სეზონი 82 თამაშიდან ჩამოყვანილი იქნა 50 თამაშამდე, ხოლო NBA-ის ყველა-ვარსკვლავის კვირა კი გაუქმებულ იქნა. „სან-ანტონიო სპურსმა“ შეძლო მოეგო ჩემპიონის პირველი ტიტული ისტორიაში, რითაც ასევე გახდა პირველი და ყოფილი ABA ლიგის წარმომადგენელი, რომელმაც ეს შეძლო; ფინალში მან „ნიუ-იორკ ნიქსი“ დაამარცხა, ხოლო „ნიქსი“ თავის მხრივ პირველი გუნდი იყო, რომელმაც რეგულარულ სეზონში დაკავებული მე-8 ადგილით შეძლო NBA-ის ფინალში გასვლა.

ახალი ერა

მას შემდეგ, რაც 1998 წელს ჩემპიონ ჩიკაგო ბულზის შემადგენლობა დაიშალა, დომინირება დასავლეთ კონფერენციის ხელში გადავიდა, კერძოდ კი ლოს-ანჯელეს ლეიკერსის და სან-ანტონიო სპურსის, რომლებმაც ერთად 13 წლის მანძილზე 9 ფინალის მოგება შეძლეს. რაც შეეხება დასავლეთ კოფერენციას, ამ წლების მანძილზე ან ერთი გუნდი იგებდა, ან მეორე, გამონაკლისი კი 2006 და 2011 წელი იყო, როდესაც კონფერენცია დალას მევერიქსმა მოიგო. 1999 წელს სპურსს ტიმ დანკანი და დევიდ რობინსონი ლიდერობდნენ, როდესაც შეძლეს ჩემპიონობის მოგება, ხოლო ლეიკერსს კი ლიდერად ჩაუდგნენ 2000 წლიდან შაკილ ო'ნილი და კობი ბრაიანტი, რომლებმაც ჩემპიონის 3 ტიტულის მოპოვება შეძლეს გუნდისთვის. სპურსმა 2003 წელს ტიტულის დაბრუნება შეძლო ნიუ-ჯერსი ნეტსის წინააღმდეგ. 2005 წელს ლეიკერსი დაბრუნდა სუპერ ფინალში, თუმცა 5 თამაშში დამარცხდა დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ. მომდევნო სეზონისთვის ლიგას დაემატა შარლოტ ბობკეტსი, რომელიც ლიგისთვის 30-ე გუნდი გახდა. ქარიშხალი კატრინას დროს, ნიუ-ორლეან ჰორნეტსი სათამაშოდ ოკლაჰომა-სიტიში გადავიდა. რამდენიმე წლის შემდეგ სიეტლ სუპერსონიქსი ოკლაჰომა-სიტიში გადავიდა და წარდგა როგორც ოკლაჰომა-სიტი თანდერი 2008-2009 წლის სეზონისთვის.

 
დირკ ნოვიცკი და ჯონ ვოლი დალას მევერიქსი და ვაშინგტონ უიზარდსი თამაშისას 2011 წლის 26 თებერვალს.

ამის შემდეგ, 2005 წელს, სპურსმა ლარი ობრაიანის ჩემპიონის თასი აიღო, ხოლო 2006 წელს, გუნდის ისტორიაში პირველად ამ ტიტულის მოპოვება მაიამი ჰიტმა შეძლო, რომელსაც მექულე გარდი - დუეინ უეიდი და შაკილ ო'ნილი ლიდერობდნენ, ეს უკანასკნელი კი ლეიკერსიდან 2004 წელს იქნა გაშვებული, სერია კი დალას მევერიქსის წინააღმდეგ გამოდგა, სადაც დალასელებმა პირველი ორი თამაშის მოგება შეძლეს, თუმცა სერიაში საბოლოოდ 4-2 დამარცხდნენ. ლეიკერსმა/სპურსმა შემდეგ წლებში დომინირება გააგრძელეს. მეორე მათგანმა 2007 წელს კლივლენდ კავალიერსის წინააღმდეგ გაიმარჯვა, რომელსაც ლიდერად ლებრონ ჯეიმსი ედგა. 2008 წლის ფინალი, ლიგის ისტორიის ყველაზე დიდი დაპირისპირების კიდევ ერთი გადათამაშება გამოდგა, რომელშიც ბოსტონ სელტიქსი და ლოს-ანჯელეს ლეიკერსი დაუპირისპირდნენ, სადაც სელტიქსი ცდილობდა ისტორიაში მე-17 ტიტულს დაუფლებოდა და მიაღწია კიდევაც საწადელს, მის დიდ სამეულთან ერთად: პოლ პირსი, რეი ალენი და კევინ გარნეტი.

2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ამერიკის ნაკრები გამოვიდა ბევრი მოდერნიზებული ერის სუპერ ვარსკვლავთან ერთად: კობი ბრაიანტი, ლებრონ ჯეიმსი, დუეინ უეიდი, დუაიტ ჰოვარდი, ჯეისონ კიდი, დერონ უილიამსი, კრის ბოში, კრის პოლი და კარმელო ენტონი. ამ გუნდმა კი შეძლო კვლავ ოქროს მედლის მოპოვება.

 
შაკილ ონილი იყო უკანასკნელი აქტიური მოთამაშე „NBA ისტორიის 50 საუკეთესო მოთამაშეს“ შორის.

2009 წელს, ლოს-ანჯელეს ლეიკერსი კობი ბრაიანტთან ერთად კვლავ დაბრუნდა NBA ფინალში, სადაც ამჯერად დუაიტ ჰოვარდი დაამარცხეს, რომელიც ორლანდო მეჯიკს ლიდერობდა.[13] კობი ბრაიანტმა პირველად მოიგო ბილ რასელის NBA ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო ონილთან მეწყვილეობის შემდეგ, ეს კი მას შემდეგ რაც 13 სეზონის მანძილზე ლიდერობდა გუნდს.[14]

2010 წლის NBA All Star ჩატარებული იქნა Cowboys Stadium-ზე, პირველად ისტორიაში უამრავი მაყურებლის წინაშე (108 713).[15] სეზონის დასასრულს, ისტორიის №1 მეტოქეობა კვლავ შედგა ფინალში და სარეკორდ მაჩვენებლით მე-12-ჯერ. ლეიკერსმა მე-7 თამაშში შეძლო 83-79 გამარჯვება.[16] სანამ 2010-11 წლის სეზონი დაიწყებოდა, NBA-ში ზაფხულში თავისუფალ აგენტებად იმდენი ვარსკვლავი კალათბურთელი იყო, რომ ისტორიაში ანალოგიური რამ არ მომხდარა. მათ შორის ორი მათგანის აყვანა მაიამი ჰიტმა მოახერხა - ლებრონ ჯეიმსი და კრის ბოში. სეზონი კულმინაცია - სუპერ ფინალი კი 2006 წლის ფინალის გადათამაშება იყო, სადაც ერთმანეთს მაიამი ჰიტი თავის 3 სუპერ-ვარსკვლავით შეხვდა დალას მევერიქსს, რომელსაც დირკ ნოვიცკი ლიდერობდა, საბოლოოდ კი ნოვიცკიმ ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდოს მოპოვება შეძლო, სერია კი დალასელებმა 6 თამაშში დაამთავრეს და გამარჯვებულები გამოვიდნენ, რად მევერიქსისთვის პირველი ტიტული გამოდგა ისტორიაში. სხვა ვეტერანებისთვის როგორებიც არიან შაუნ მერიონი, ჯეისონ კიდი და ჯეისონ ტერი ეს ტიტული პირველი იყო ისევე როგორც დირკ ნოვიცკისთვის.

2011 წლის 1 ივლისს, NBA-მ ისტორიაში მეორე გაფიცვა (lockout) გამოაცხადა.[17] რამდენიმე კვირა სეზონი არ დაიწყო, რადგან გუნდის მფლობელები და მოთამაშეები შეთანხმებას ვერ აღწევდნენ, ოდნავ მოგვიანებით კი ყველაფერი დალაგდა, 2011 წლის 8 დეკემბერს შეთანხმების მიღწევის შესახებ გამოაცხადეს, სეზონი კი კვლავ შემცირდა და 82 თამაშის მაგივრად თითოეულმა გუნდმა 66 მატჩი ჩაატარა.[18]

ტრავმებით სავსე გამოდგა შემოკლებული 66 მატჩიანი 2011-12 წლების სეზონი, რადგან გუნდებს ძალიან მჭიდრო გრაფიკში მოუწიათ თამაში. სეზონი 25 დეკემბერს დაიწყო და პირველი ტური მეტად საინტერესო წყვილებმა გახსნეს, ბოსტონ სელტიქსი 104-106 ნიუ-იორკ ნიქსი, ჩიკაგო ბულზი 88-87 ლოს-ანჯელეს ლეიკერსი, და ყველაზე დიდ ინტერესს, NBA 2010-11 წლის ფინალისტებს შორის თამაში იწვევდა, სადაც მაიამი ჰიტი და დალას მევერიქსი დაუპირსპირდნენ ერთმანეთს დალასში, თამაში კი 105-94 მოიგო ჰიტმა. წინა წლის სეზონის მსგავსად, ამჯერადაც პლეი-ოფში პირველ ნომრად გასული ჩიკაგო ბულზი გამოვარდა პირველივე რაუნდიდან ფილადელფია სიქსერსის მიერ. ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში მაიამი ჰიტი, სადაც ამჯერად მას ახალგაზრდა შემადგენლობით დაკომპლექტებული ოკლაჰომა-სიტი თანდერი შეხვდა, ჰიტმა კი ამჯერად შეძლო სერიის 4-1 გამარჯვება.

სხვა განვითარებები

2001 წელს მოკავშირე მეორე ლიგას, რომელსაც ნაციონალური საკალათბურთო განვითარების ლიგა ერქვა, სახელი შეეცვალა და NBA განვითარების ლიგა (ან D-ლიგა) ეწოდა.[19] სანამ ლიგა დაიწყებოდა, ძალიან დიდი ლაპარაკი მიდიოდა იმის შესახებ, რომ NBA იყიდდა CBA-ს, და დაარქმევდა მათ განვითარების ლიგას. კონტინენტალური საკალათბურთო ასოციაცია მეორე მოკავშირე ლიგა იყო და არსებობდა წლების მანძილზე. NBA-ს მოთამაშეების 20% დროს ამ ლიგაში ატარებდნენ, ხოლო 143 მოთამაშე ამ ლიგიდან გამოძახებული იქნა NBA-ში.

2004 წელს, მას შემდეგ რაც ჰორნეტსი გადავიდა ნიუ-ორლეანში, NBA ჩრდილოეთ კაროლინაში დაბრუნდა, როდესაც დამატებით გუნდად ლიგას 30-ე გუნდი - შარლოტ ბობკეტსი შეემატა.

2005 წელს, ჰორნეტსი 2 სეზონით ოკლაჰომა-სიტიში გადავიდა, რადგან ქარიშხალ კატრინას ზიანი დიდი იყო ნიუ-ორლეანში. 2007 წელს, ჰორნეტსი დაბრუნდა ნიუ-ორლეანში.

2006 წლის 28 ივნისს, წარდგენილ იქნა ახალი ოფიციალური მატჩის ბურთი 2006-07 წლების სეზონებისთვის. ეს ცვლილება პირველი იყო უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში და მეორე ბურთი 60 სეზონის განმავლობაში.[20] ახალი ბურთი შექმნა სპოლდინგის (Spalding) ფირმამ, რომელმაც ახალი დიზაინი და ახალი სინთეტიკური მატერიისგან უფრო უკეთესად გამოყენებადი, უკეთ შესაგრძნობი ბურთი შექმნა ვიდრე ეს მანამდე იყო. მაგრამ ბევრი მოთამაშე ამ ბურთს უარყოფითად ახასიათებდა და აცხადებდა, რომ იგი ძალიან კრობადი იყო, როცა ის მშრალი იყო, ხოლო როდესაც სველდებოდა, ხელში ძალიან ცურავდა.

2006 წლის 11 დეკემბერს, რწმუნებულმა სტერნმა განაცხადა, რომ 2007 წლის 1 იანვრიდან, NBA დაიბრუნებდა ტრადიციულ ტყავის ბურთს, 2006-07 წლების სეზონისთვის. ეს ცვლილება გამოწვეული იყო მოთამაშეების ხშირი ტრავმებისგან (ჭრიდა ხელს), რომელსაც მიკროფიბირული ბურთი იწვევდა.[21] მოთამაშეების ასოციაცია NBA-ს ახალი ბურთისა და ახალი ფორმების წინააღმდეგ გამოვიდა.[22] 2006 წლიდან მოყოლებული NBA გუნდების მაისურების შეკერვაზე Adidas-ი იზრუნებდა, რომელსაც Reebok-ი ჩაანაცვლა.

2008 წლის 2 ივლისს გამოცხადდა, რომ სიეტლ სუპერსონიქსი ოკლაჰომა-სიტიში გადავიდოდა. ოკლაჰომა-სიტი თანდერმა ახალი სახელით თამაში 2008-09 წლების სეზონიდან დაიწყო.

2008 წლის 11 ოქტომბერს, ფინიქს სანსის და დენვერ ნაგეტსის მატჩი ჩატარდა პირველად ღია ცის ქვეშ, რაც ახალი მოდერნიზებული ერის დასაწყისი იყო NBA-ში. მატჩი Indian Wells Tennis Garden-ში შედგა.[23]

2009 წლის 1 სექტემბერს, NBA-სა და მსაჯებს შორის კონტრაქტს ვადა ამოეწურა, რამაც მსაჯების გაფიცვა გამოიწვია. 2009 წლის 1 ოქტომბერს, პირველი პრე-სეზონის მატჩში მსაჯობის როლი ითავსეს WNBA და NBA განვითარების ლიგის მსაჯებმა. ანალოგიური მსაჯების ჩანაცვლება მოხდა 1995-96 წლების სეზონში.[24] NBA-მ და რეგულარულმა მსაჯებმა შეთანხმებას 2009 წლის 23 ოქტომბერს მიაღწიეს.[25]

2011 წელს, პირველი ოფიციალური NBA ლიგის მატჩი ჩატარდა ევროპის მიწაზე. ნიუ-ჯერსი ნეტსი და ტორონტო რაპტორსი ერთმანეთს ლონდონში O2 არენაზე შეხვდნენ 20 000 გულშემატკივრის თვალწინ.

2011 წლის ივლისში, NBA-მ ლიგის 114 თანამშრომელი გაუშვა (დაახლოებით 11% მთლიანი ლიგის ოფისის თანამშრომლებისა), რათა დაეზოგა თანხები.[26]

2011-12 წლების სეზონი, რომლის დაწყებაც დაგეგმილი იყო 2011 წლის 1 ნოემბერს მოქმედ ჩემპიონ დალას მევერიქსა და ჩიკაგო ბუზლს შორის, დიდი კამათის შედეგად გადატანილი იქნა. ლოკაუტი ოფიციალურად 2011 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა, როდესაც მოთამაშეებმა და მფლობელებმა კონტრაქტების თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. საბოლოოდ სეზონი შობის დღეს დაიწყო.

2012 წლის 30 აპრილს, ნიუ-ჯერსი ნეტსმა ოფიციალურად შეიცვალა სახელი და ბრუკლინ ნეტსი გახდა. 2012-13 წლების სეზონიდან ისინი ნიუ-იორკ სიტის ქალაქ ბრუკლინში ითამაშებენ.

2012 წლის ოქტომბერში, NBA-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ დაიწყებდა მოთამაშეების დაჯარიმებას, სიმულიანტობის შემთხვევაში.[27]

გუნდები

1946 წელს დაწყებული NBA მოიცავდა 11 გუნდს, მას შემდეგ ზოგი გუნდი დაემატა, ზოგი გუნდი გაუქმდა, ზოგმაც ქალაქი შეიცვალა და ახალი სახელით მოგვევლინა და საბოლოოდ ამჟამად ლიგაში 30 გუნდია. აქედან 29 გუნდი აშშ ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო 1 გუნდი კი კანადის ტერიტორიაზე. ბოსტონ სელტიქსი არის ამჟამად ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, რომელმაც არსებობის მანძილზე 17 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მეორე ყველაზე წარმატებულ გუნდად კი ლოს-ანჯელეს ლეიკერსი ითვლება, რომელსაც საბოლოოდ 16 ჩემპიონის ტიტული ეკუთვნის (11 როგორც ლოს-ანჯელესი და 5 როგორც მინეაპოლისი). ლეიკერსის შემდეგ კი მოდის ჩიკაგო ბულზი, რომელსაც 6 ჩემპიონობა აქვს მოპოვებული, ეს 6 ტიტული კი 8 წლის მანძილზე შეაგროვა 1990 წლიდან მოყოლებული. ასევე აღსანიშნავია სან-ანტონიო სპურსი, რომელმაც 1999 წლიდან მოყოლებული 4 ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო.

ახლანდელი ლიგის ორგანიზაცია 30 გუნდს ანაწილებს 2 კონფერენციაში, ხოლო თითო კონფერენციაში 3-3 დივიზიონია თავისი 5-5 გუნდიანად. უახლოესი (და უკანასკნელი) კონფერენციის და დივიზიონის ცვლილებები მოხდა 2004-05 სეზონის დასაწყისში.

შენიშვნები
  1. ფიფქი (*) აღნიშნავს გუნდების გადასვლებს. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.
  2. ფორტ უეინი პისტონსი, მინეაპოლის ლეიკერსი, როჩესტერ როიალზი გადმოვიდნენ NBA-ში 1948 წელს NBL-დან (National Basketball League-ნაციონალური კალათბურთის ლიგა).
  3. სირაკუს ნეიშენალსი და თრი სიტიზ ბლექჰოუქსი გადმოვიდნენ NBA-ში 1949 წელს, როდესაც BAA და NBL გაერთიანდა.
  4. ინდიანა პეისერსი, ნიუ-ჯერსი ნეტსი, სან-ანტონიო სპურსი და დენვერ ნაგეტსი შემოუერთდნენ NBA-ს 1976 წელს, როდესაც ABA და NBA გაერთიანდა.

გაუქმებული

ლიგები

დივიზიონი

გუნდები

NBA-ში სულ 15 გაუქმებული გუნდია. ანდერსონ პეკერსი, პირველი დენვერ ნაგეტსი, ინდიანაპოლის ჯეტსი, შებოიგენ რედ სკინსი და ვატერლოო ჰოუქსი სანამ NBA-ში გადავიდოდნენ, NBL-ში თამაშობდნენ,[28][29] მაშინ როდესაც ბალტიმორ ბულეტსი თამაშობდა ამერიკის საკალათბურთო ლიგაში, სანამ NBA-ს შეუერთდებოდა.[30] 15 გაუქმებული გუნდიდან, 9 მათგანს მხოლოდ NBA-ში აქვს ნათამაშები. პეკერსი, რედ სკინსი და ჰოუქსი ნაციონალურ პროფესიონალურ საკალათბურთო ლიგაში გადავიდნენ და წარმოადგენენ მხოლოდ იმ გაუქმებულ გუნდებს, რომლებმაც ლიგა დატოვეს და სხვა ლიგაში გადავიდნენ.[31] ბულეტსი უკანასკნელი გაუქმებული გუნდი იყო, რომელმაც NBA 1954-55 წლების სეზონში დატოვა და ამავე დროს ერთადერთი გუნდია, რომელმაც NBA ჩემპიონის ტიტული მოიგო. ჩიკაგო სტეგსი, ინდიანაპოლის ოლიმპიანსი, კლივლენდ რებელსი, პეკერსი და რედ სკინსი პლეი-ოფში ყოველ წელს გადიოდნენ, როდესაც ლიგაში აქტიურები იყვნენ. გაუქმებული გუნდების ქალაქებიდან, ჩიკაგო, კლივლენდი, დენვერი, დეტროიტი, ინდიანაპოლისი, ტორონტო და ვაშინგტონი არიან მხოლოდ ის ქალაქები, რომლებსაც ამჟამად კვლავ ჰყავთ NBA-ში გუნდები.

რეგულარული სეზონი

საზაფხულო შესვენების შემდეგ, სექტემბრის მიწურულს გუნდები უკვე იკრიბებიან, რათა ვარჯიშები განაახლონ. ვარჯიშის ძირითადი მონაწილე სამწვრთნელო შტაბი და ღირებული მოთამაშეები (განსაკუთრებით ახალბედები), ასევე აკვირდებიან გუნდის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ხდება მომზადება მოთამაშეების გრძელვადიანი რეგულარული სეზონისთვის, სადაც წარდგენილი უნდა იყოს 12 აქტიური მოთამაშე და 3 არააქტიური, რომლითაც რეგულარული სეზონი დაიწყება. გუნდებს შესაძლებლობა აქვთ გადმოიყვანონ კალათბურთელები, რომელსაც 2 წელზე ნაკლები აქვთ NBA გამოცდილება. ვარჯიშების შემდეგ იწყება პრე-სასეზონო თამაშები, სადაც ძირითადად ერთი შტატის ან ახლო შტატის გუნდები ატარებენ ამხანაგურ მატჩებს. NBA რეგულარული სეზონი კი ოქტომბრის ბოლო კვირაში იწყება.

რეგულარული სეზონის განმავლობაში, თითო გუნდი 82 მატჩს ატარებს, თითოეული მათგანი 41 მატჩს შინ და 41 მატჩს გასვლაზე. გუნდი თავის დივიზიონის მოწინააღმდეგეს რეგულარული სეზონის განმავლობაში 4-ჯერ ხვდება (16 მატჩი სულ). ასევე, თითო გუნდი ატარებს 6 შეხვედრას სხვა 2 დივიზიონში, რომლებიც იმავე კონფერენციაში არიან 4-ჯერ (სულ 24 მატჩი), ხოლო 4 გუნდთან კი 3 მატჩს (12 თამაში). საბოლოოდ თითო გუნდი 2-ჯერ თამაშობს მეორე კონფერენციის წარმომადგენლებთან (სულ 30 მატჩს). ხუთ სეზონზე მეტს თითო გუნდი თამაშობს 80 თამაშს მის დივიზიონის მოწინააღმდეგესთან (20 თამაშს თითო მეტოქესთან, 10 სახლში და 10 გასვლაზე), ხოლო დანარჩენ იმავე კონფერენციის წამომარდგენლებთან კი 180 მატჩს (18 მატჩს თითო მათგანთან, 9 შინ და 9 გასვლაზე). რაც შეეხება მეორე კონფერენციას, მათ წარმომადგენლებთან 150 მატჩს ატარებს (10 მატჩს თითოეულთან, 5 შინ და 5 გასვლაზე).

 
მილუოკი ბაქსი თამაშობს შარლოტ ბობკეტსის წინააღმდეგ რეგულარულ სეზონში

2008 წელს, NBA გახდა იმ ორი წარმომადგენელს შორის „დიდი ოთხეულიდანჩრდილოეთ ამერიკაში, რომლის რეგულარული სეზონის დროს, ნებისმიერი გუნდი თამაშობს ყველა სხვა გუნდის წინააღმდეგ (მეორე ასეთი ლიგა არის NHL). ყველა გუნდი სულ ცოტა ერთხელ იღებს მეტოქეს და ასევე ერთხელ სტუმრობს ამავე მეტოქეს ყოველ სეზონში. 2008 წლამდე რამდენიმე სეზონით ადრე, NBA იყო ერთადერთი ლიგა, რომელშიც ერთი გუნდი ყველას წინააღმდეგ თამაშობდა.

NBA არის ერთადერთი ლიგა, რომლის გრაფიკი გაწერილია შობის დღესასწაულზეც.[32] ლიგა ატარებდა მატჩებს რეგულარულად ნებისმიერ დღესასწაულზე 1947 წლიდან მოყოლებული,[33] თუმცა შობის დღეს ჩატარებული მატჩი არ იყო ნაჩვენები ტელევიზიით 1983-84 წლამდე.[34] ამ დღეს საერთოდ დანიშნულია ისეთი შეხვედრა, რომელიც დიდ ინტერესსა და მეტოქეობას იწვევს როგორც გუნდებს, ისე ინდივიდუალურად მოთამაშეებს შორის.[32][33][34] ამ დღეს ჩატარებული მატჩები შეფასებულია მაღალი რეიტინგით მთლიანი რეგულარული სეზონის განმავლობაში.[33][34]

თებერვალში რეგულარულ სეზონში შესვენება ხდება, ყველა თამაში ჩერდება და ყველა ელოდება NBA All Star თამაშს. გულშემატკივრები აშშსა და კანადის ტერიტორიაზე ინტერნეტის საშუალებით აძლევენ ხმას. რომელი კალათბურთელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, იმ პოზიციაზე იქნება თამაშში დამწყები NBA All Star თამაშისას. ასევე, მწვრთნელებს ეძლევათ საშუალება ხმა მისცენ დანარჩენ 14 მოთამაშეს. ამის შემდეგ დასავლეთ კონფერენციის მოთამაშეები უპირისპირდებიან აღმოსავლეთ კონფერენციის მოთამაშეებს. მოთამაშე, რომელიც საკუთარ შესაძლებლობების მაქსიმუმს აჩვენებს და გამოსაჩენი პიროვნება იქნება მატჩში, მიიღებს მატჩის MVP ჯილდოს; All Star შესვენების დროს, ამ მატჩამდე არის სხვადასხვა შეჯიბრებები, სადაც ახალბედები იმათ წინააღმდეგ თამაშობენ, ვინც NBA-ში უკვე მეორე სეზონს ატარებენ; ასევე შესაძლებლობების შეჯიბრი, სადაც მონაწილეებმა უნდა აჩვენონ სროლის, პასის გადაცემის და დრიბლინგის ყველაზე სწრაფი დრო; ასევე 3 ქულიანის შეჯიბრება, სადაც მონაწილემ განკუთვნილ დროში ყველაზე მეტჯერ უნდა ჩააგდოს 3 ქულიანი ნასროლი განკუთვნილი პოზიციებიდან; და რაღა თქმა უნდა „NBA ჩატენვის“ (NBA Slam Dunk) შეჯიბრება, სადაც მოთამაშეები ცდილობენ ყველაზე გასართობი და თვალშისაცემი ჩატენვა განახორციელონ კალათში ბურთის, გამარჯვებულს კი ამჯერად ხალხი მესიჯების წყალობით ირჩევს;

 
მაიამი ჰიტი თამაშობს ორლანდო მეჯიკის წინააღმდეგ 2011 წელს.

All-Star შესვენების შემდეგ, მალევე მთავრდება კალათბურთელების გაცვლების და შეძენის დროც. ამის შემდეგ გუნდებს აღარ შეუძლიათ გაცვალონ კალათბურთელები ერთმანეთში მთელი სეზონის განმავლობაში, თუმცა აქვთ უფლება აიყვანონ ახალი კალათბურთელები. ხშირად მნიშვნელოვანი შენაძენები ხდება სატრასნფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე.[35][36]

აპრილის შუა რიცხვებში, რეგულარული სეზონი მთავრდება. ზუსტად ამ დროს იწყება ხმის მიცემა პირად ჯილდოებზე. „წლის მეექვსე კაცის ჯილდო“ - გადაეცემა იმ პიროვნებას, რომელიც სათადარიგოდან აგრძელებს თამაშს უფრო მეტს ვიდრე ძირითად შემადგენლობაში და შესაბამისად კარგად წარმოაჩენს თავს; „წლის ახალბედას ჯილდო“ - გადაეცემა იმ მოთამაშეს, რომელმაც NBA პირველი სეზონი საუკეთესოდ ჩაატარა; „ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშე“ - იღებს ის პიროვნება, რომელიც წინა სეზონთან შედარებით გაცილებით აუმჯობესებს პერსონალურ თამაშს; „წლის მცველის ჯილდო“ გადაეცემა იმ მოთამაშეს, რომელიც რეგულარულ სეზონში დაცვაში საუკეთესოდ დგას; „წლის მწვრთნელის ჯილდო“ გადაეცემა იმ მწვრთნელს, რომელმაც გუნდისგან მაქსიმალურად შეძლო პოზიტიურის გამოჩენა; „ყველაზე ღირებული მოთამაშე“ ჯილდო გადაეცემა იმ მოთამაშეს, რომელიც მისი გუნდისთვის საუკეთესო თამაშს აჩვენებს და ეხმარება გუნდს წარმატებაში; ასევე სპორტული ახალი ამბების არაოფიციალური (მაგრამ შემდგომ აღიარებული) ჯილდო გუნდის აღმასრულებელ მენეჯერს, რომელიც გუნდისთვის ბევრ და სწორ მიმართულებით გადადგავს ნაბიჯს.

რეგულარული სეზონის დამთავრების შემდეგ ქვეყნდება „ყველა მოთამაშის“ გუნდს, ასევე „ყველა-მცველი“ და „ყველა-ახალბედა“ გუნდებს, სადაც თითოეულ მათგანში 5 მოთამაშეა. პირველ მათგანში All-NBA არის 3 გუნდი, რომლებშიც შედიან მოთამაშეები რომლებმაც სეზონი საუკეთესოდ ჩაატარეს თითო პოზიციაზე, პირველი გუნდის სტატუსი ყველაზე სასურველია; ყველა მცველის პოზიციაზე ორი გუნდია, რომლებმაც რეგულარული სეზონი დაცვითი მხარეებით ბრწყინვალედ წარმოაჩინა; ასევე 2 გუნდია ყველა-ახალბედას პოზიციაზე, რომლისთვისაც NBA რეგულარული სეზონი პირველი გამოდგა და ასევე კარგად წარმოაჩინა თავი;

პლეი-ოფი

NBA პლეი-ოფი იწყება აპრილის ბოლოსკენ, სადაც თითო კონფერენციიდან 8 გუნდი იღებს მონაწილეობას. 8 გუნდიდან პირველ 4 ადგილში განწესებულია 3 დივიზიონის გამარჯვებული, ხოლო დანარჩენ 5 ადგილს კი საუკეთესო შედეგით დაკავებული გუნდი იპოვებს ფლეი-ოფში ასპარეზობის უფლებას.

პირველ რაუნდში პირველი ადგილით გასული გუნდი ხვდება მე-8 ადგილით გასულ გუნდს, მე-2 და მე-7, მე-3 და მე-6, მე-4 და მე-5 ადგილები გადანაწილდება შესაბამისად. რეგულარულ სეზონში მაღალი ადგილის დაკავება ნიშნავს რომ შეხვდები ყველაზე დაბალი ადგილით გასულ გუნდს, ასევე საუკეთესო მაჩვენებლით გასულ გუნდს აქვს საშინაო არენის უპირატესობა. მაგალითად, თუ მე-5 ადგილით გასულ გუნდს უკეთესი შედეგი აქვს ვიდრე მე-4 ადგილით გასულ გუნდს (თუმცა მე-4 ადგილოასნმა დივიზიონი მოიგო), ამ შემთხვევაში მე-5 ადგილოსანს ექნება არენის უპირატესობა. ასევე აღსანიშნავია, რომ რეგულარული სეზონის საუკეთესო მაჩვენებლიანი გუნდი, რომელმაც ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა, ექნება ყოველთვის საშინაო არენის უპირატესობა. მაგალითისთვის დენვერ ნაგეტსმა 2006 წელს მოიგო 44 თამაში და ასევე მოიგო ჩრდილო-დასავლეთ დივიზიონი, ფლეი-ოფში კი მე-3 ადგილით გავიდა. მისი ოპონენტი მე-6 ადგილით გასული ლოს-ანჯელეს კლიპერსი იყო, რომელმაც 47 თამაში მოიგო და წყნარი ოკეანის დივიზიონი მე-2 ადგილზე დაასრულა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დენვერმა უფრო სუსტ დივიზიონში შეძლო გამარჯვება და ასეთ პოზიციაზე დამთავრება, თუმცა კლიპერსს ერგო საშინაო არენის უპირატესობა და სერიის გამარჯვება 5 თამაშში შეძლო.

პლეი-ოფი არის ტურნირის ფორმატის. ყოველი გუნდი თამაშობს მოწინააღმდეგესთან „საუკეთესო 7“ სერიას, სადაც პირველი გუნდი, რომელიც შეძლებს 4 გამარჯვების მოპოვებას, გადის შემდეგ ეტაპზე, მოწინააღმდეგე კი ეთიშება ასპარეზობას. მეორე რაუნდში, წარმატებული გუნდი ეთამაშება იმავე კონფერენციაში ასევე პირველ რაუნდში წარმატებულად გადალახულ გუნდს. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ ვინ ითამაშებს შინ, ასე გამოიყურება 2-2-1-1-1, ეს კი ნიშნავს რომ უმაღლესი შედეგით მყოფი გუნდი თამაშობს 1, მე-2, მე-5 და მე-7 თამაშებს შინ, ხოლო დაბალი შედეგით გასული გუნდი კი მე-3, მე-4 და მე-6 თამაშს. NBA ფინალში, კი გუნდები 2-3-2 თამაშობენ, ანუ ერთ-ერთი გუნდი ჩაატარებს საშინაო მატჩებს 1, მე-2, მე-6 და მე-7 თამაშებში, მაშინ როდესაც მეორე გუნდის საშინაო მატჩები იქნება მე-3, მე-4 და მე-5 თამაშებში. 2-3-2 წყობა უკვე 1985 წლიდან მოდის და დღემდე ძალაშია.

პლეი-ოფის ფინალური რაუნდი შედგება 7 მატჩიანი სერიისგან ორივე კონფერენციის გამარჯვებულს შორის, რომელიც ცნობილია როგორც NBA ფინალი, რომელიც ივნისში ტარდება. NBA ფინალში გამარჯვებული იგებს ლარი ობრაიანის ჩემპიონის თასს. გამარჯვებული გუნდის ყველა მოთამაშე და მნიშვნელოვანი წევრი, მათ შორის მწვრთნელები, გენერალური მენეჯერი იღებს ჩემპიონის ბეჭედს. ასევე ლიგის დაჯილდოებისას NBA ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშე (MVP) იღებს ბილ რასელის ჯილდოს.

2006 წლის 2 აგვისტოს, NBA-მ გამოაცხადა ახალი პლეი-ოფის ფორმატი. ახალი ფორმატი ითვალისწინებდა სუსტი დივიზიონის უპირატესობას და ამიტომ 8 ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდა: კონფერენციის გამარჯვებული იკავებს პირველ ადგილს შესაბამისად მაგრამ 4-ეულში (შეიძლება მე-2 ადგილზე, შეიძლება მე-3 ადგილზე და შეიძლება მე-4 ადგილზე) გავიდეს ის გუნდი, რომელმაც დივიზიონი ვერ მოიგო მაგრამ სხვა დივიზიონის ჩემპიონებზე მეტი ქულის დაგროვება შეძლო. 2 ადგილს ასევე 2 სხვა დივიზიონის გამარჯვებული იკავებს. დანარჩენი 4 ადგილი კი საუკეთესო მაჩვენებელს რომელიც დააგროვებს, შესაბამისად ისინი გადიან.[37]

საერთაშორისო შეჯიბრება

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია დროთა განმავლობაში მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო საკლუბო შეჯიბრებებზე. 1987 წლიდან 1999 წლამდე, NBA-ს ჩემპიონები თამაშობდნენ კონტინენტის ჩემპიონების წინააღმდეგ, რომლებიც იყვნენ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) ჩემპიონები, ხოლო ეს ტურნირი კი მაკდონალდსის ჩემპიონატზე ტარდებოდა. ამ ტურნირს, ყოველ წელს NBA-ის გუნდი იგებდა და სხვა კლუბებს მოგების საშუალებას არ აძლევდა. FIBA ორგანიზებას უწევს მსოფლიო ჩემპიონატს კლუბთა შორის, რომელიც დაიწყო 2010 წლიდან და გეგმებში შედის NBA ჩემპიონის მოწვევა, რომელიც 2011 წლიდან უნდა დაიწყოს.[38]

აღსანიშნავი ხალხი

პრეზიდენტები და რწმუნებული

მოთამაშეები

მწვრთნელები

ჯილდოები

NBA პირველი ინდივიდუალური ჯილდო იყო NBA All-Star მატჩის MVP-ს ჯილდო (Most Valuable Player -MVP) და წლის ახალბედას ჯილდო. ორივე მათგანი პირველად 1953 წელს გადაეცა მოთამაშეებს. 1956 წელს ასევე დაემატა MVP ჯილდო, რომელიც რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემოდა. ასევე 1969 წელს შეიქმნა ახალი პირადი ჯილდო ბილ რასელის NBA სუპერ ფინალის MVP ჯილდო. ეს ერთადერთი ჯილდოა რომელიც არ გადაეცემა NBA-სგან და გადაეცემა სპორტული სიახლეებისგან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჯილდო ოფიციალურად არის აღიარებული NBA-ს მიერ.

სურათი ჯილდო შეიქმნა აღწერა უკანასკნელი გამარჯვებული სქოლო
ლარი ობრაიანის ჩემპიონის თასი 1978 გადაეცემა NBA ფინალის გამარჯვებულს. მაიამი ჰიტი [39][40]
  უოლტერ ბრაუნის თასი 1947 გადაეცემოდა NBA ფინალის გამარჯვებულს, თუმცა ჩანაცვლებული იქნა ლარი ობრაიანის ჩემპიონის თასით არავინ, თასი გაუქმდა NBA ფინალის შემდეგ [41]

იხილეთ აგრეთვე

მოკავშირე
ვიდეო თამაშები
მაღაზია

მოქმედი მოთამაშეები

ყოფილი მოთამაშეები

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. REVEALED: The world’s best paid teams, Man City close in on Barca and Real Madrid « Sporting Intelligence. Sportingintelligence.com (2012-05-01). ციტირების თარიღი: 2012-06-11.
  2. Goldaper, Sam. The First Game. NBA. ციტირების თარიღი: August 5, 2010.
  3. National Basketball Association, Inc.. Copyright © 2012, Hoover's Inc., All Rights Reserved. ციტირების თარიღი: 2012-04-29.
  4. History of Basketball in Canada. NBA Media Ventures, LLC. ციტირების თარიღი: 2007-04-13.
  5. 5.0 5.1 NBA is born. History. ციტირების თარიღი: July 29, 2010.
  6. 1949–51: Lakers Win First NBA Finals. ციტირების თარიღი: July 30, 2010.
  7. NBA Rules History. NBA (May 8, 2008). ციტირების თარიღი: July 30, 2010.
  8. Championship Wins | Celtics.com - The official website of the Boston Celtics. Nba.com. ციტირების თარიღი: 2012-01-05.
  9. Salzberg, Charles (1998). From Set Shot to Slam Dunk. New York: McGraw-Hill, გვ. 203. ISBN 978-0-8032-9250-5. 
  10. Crowe, Jerry. (April 27, 2011) That iconic NBA silhouette can be traced back to him. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 11, 2011. ციტირების თარიღი: May 23, 2011.
  11. NBA Logo Review დაარქივებული 2011-08-13 საიტზე Wayback Machine. CompanyLogos.ws. Retrieved on May 22, 2011.
  12. 1970–71 SEASON OVERVIEW. NBA. ციტირების თარიღი: July 30, 2010.
  13. Withers, Tom. Redemption: Bryant leads Lakers to 15th NBA title. Yahoo! Sports (June 15, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 19, 2009. ციტირების თარიღი: August 5, 2010.
  14. McMenamin, Dave. Kobe leads ... and the Lakers follow. NBA (June 18, 2009). ციტირების თარიღი: August 5, 2010.
  15. MacMahon, Tim. (February 15, 2010) Record crowd at All-Star Game. ESPN. ციტირების თარიღი: July 25, 2010.
  16. Beacham, Greg. Lakers edge Celtics in Game 7, win 16th title. Yahoo! Sports (June 18, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 5, 2011. ციტირების თარიღი: July 30, 2010.
  17. Stein, Marc (2011-10-11). „NBA cancels first 2 weeks of season“. ESPN.com. ციტირების თარიღი: 2011-10-12.
  18. N.B.A. Owners and Players Ratify Labor Deal
  19. NBA D-League Frequently Asked Questions. Nba.com. ციტირების თარიღი: 2012-01-05.
  20. NBA Introduces New Game Ball. NBA (June 28, 2006). ციტირების თარიღი: July 30, 2010.
  21. Stein, Marc. (December 12, 2006) Leather ball will return on Jan. 1. ESPN.com. ციტირების თარიღი: June 13, 2011.
  22. Stein, Marc. (December 8, 2006) NBA ball controversy reaches new level. ESPN.com. ციტირების თარიღი: June 13, 2011.
  23. McMenamin, Dave. (October 12, 2008) Outdoor game sees shooting, temperature drop. NBA.com. ციტირების თარიღი: July 25, 2010.
  24. [1][მკვდარი ბმული]
  25. Sheridan, Chris. NBA refs to return for regular season. ESPN (October 26, 2009). ციტირების თარიღი: August 5, 2010.
  26. Lays off 11 percent of workforce. Philstar.com. ციტირების თარიღი: 2012-01-05.[მკვდარი ბმული]
  27. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-05. ციტირების თარიღი: 2013-01-10.
  28. Hugunin, Marc. & Thornley, Stew. (2006). Minnesota hoops: basketball in the North Star State. Minnesota Historical Society, გვ. 87. ISBN 0-87351-574-9. 
  29. Bodenhamer, David J. & Barrows, Robert Graham. (1994). The Encyclopedia of Indianapolis. Indiana University Press, გვ. 306. ISBN 0-253-31222-1. 
  30. Popper, Steve (February 14, 2004). „Pro Basketball; Rambis Is Underwhelmed by Coaching Record“. The New York Times. The New York Times Company. ციტირების თარიღი: July 7, 2009.
  31. Gould, Todd (1998). Pioneers of the hardwood: Indiana and the birth of professional basketball. Indiana University Press, გვ. 180. ISBN 0-253-21199-9. 
  32. 32.0 32.1 Schuhmann, John. (December 17, 2009) Knicks, Kobe and more part of Christmas Day lore. NBA.com. ციტირების თარიღი: December 27, 2010.
  33. 33.0 33.1 33.2 Eisenberg, Jeff (December 24, 2009). „Christmas Tradition“. The Riverside (Ca.) Press-Enterprise. p. B1.
  34. 34.0 34.1 34.2 Garcia, Art. (December 21, 2009) Christmas Day clashes bring back fond memories. NBA.com. ციტირების თარიღი: December 27, 2010.
  35. NBA Trading Deadline Trades Since 1987. NBA.com. ციტირების თარიღი: 2012-01-05.
  36. Roster Regulations, NBA.com
  37. NBA announces postseason seeding format change. ESPN (August 2, 2006). ციტირების თარიღი: July 25, 2010.
  38. New club basketball championship to debut in 2010. ESPN.com (December 9, 2008). ციტირების თარიღი: June 13, 2011.
  39. Larry O'Brien Championship Trophy. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. ციტირების თარიღი: July 26, 2008.
  40. The trophies. St. Petersburg Times (April 10, 2003). ციტირების თარიღი: July 26, 2008.
  41. NBA Legends Launch 2005 NBA Legends Tour: Destination Finals. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. ციტირების თარიღი: July 26, 2008.