ედუარდ შევარდნაძე

ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი
(გადამისამართდა გვერდიდან შევარდნაძე, ედუარდ)

ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე (დ. 25 იანვარი, 1928, სოფელი მამათი, ოზურგეთის მაზრა, საქართველოს სსრ — გ. 7 ივლისი, 2014, თბილისი, საქართველო) — ქართველი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. საქართველოს მეორე პრეზიდენტი. 1972-1985 წლებში საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. 1985-1990 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი. 1995–2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკას ჩამოსცილდა.

ედუარდ შევარდნაძე
ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს მე-2 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 მაისი, 1995 – 23 ნოემბერი, 2003
წინამორბედიზვიად გამსახურდია
მემკვიდრენინო ბურჯანაძე (დროებითი)
მიხეილ სააკაშვილი

სსრკ
სსრკ
სსრკ
სსრკ
საბჭოთა კავშირის
მე-6 საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 ივლისი, 1985 – 20 დეკემბერი, 1990
წინამორბედიანდრეი გრომიკო
მემკვიდრეალექსანდრე ბესმერტნიხი

საქართველოს სსრ
საქართველოს სსრ
საქართველოს სსრ
საქართველოს სსრ
საქართველოს სსრ კომპარტიის ცკ მე-15 პირველი მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 სექტემბერი, 1972 – 6 ივლისი, 1985
წინამორბედივასილ მჟავანაძე
მემკვიდრეჯუმბერ პატიაშვილი

საქართველოს სსრ
საქართველოს სსრ
საქართველოს სსრ
საქართველოს სსრ
საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 მაისი, 1965 – 1 აგვისტო, 1972
წინამორბედიოთარ ქავთარაძე
მემკვიდრეკონსტანტინე კეთილაძე

დაბადებული25 იანვარი, 1928
მამათი, ოზურგეთის მაზრა, საქართველოს სსრ
გარდაცვლილი7 ივლისი, 2014 (86 წლის)
თბილისი, საქართველო
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაკომპარტია (1948-1991)
სმკ (1993-2003)
მეუღლენანული ცაგარეიშვილი
შვილებიპაატა შევარდნაძე
მანანა შევარდნაძე
განათლებაქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
წოდებაგენერალ-მაიორი
პროფესიადიპლომატი, პოლიტიკოსი
რელიგიაათეისტი
(1992 წლამდე) მართლმადიდებელი ქრისტიანი
(1992 წლიდან)
ჯილდოებიიხილეთ სია
ხელმოწერა

იყო სსრკ-ის IX-XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. სოციალისტური შრომის გმირი (1981), სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი (1978), წევრი 1985 წლის ივლისიდან. 1964–1965 წლებში იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის მოადგილე. 1965–1972 წლებში საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. 1985 წელს შევარდნაძე სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. 1990 წელს იგი გადადგა. 1991 წელს მიხეილ გორბაჩოვის მიწვევით კვლავ დაუბრუნდა მინისტრის პოსტს. 1992 წელს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი, 1992–1995 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე. მონაწილეობდა გერმანიის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებში. 1990 წელს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯეიმზ ბეიკერთან ერთად ხელი მოაწერა აშშ-სათვის ბერინგის ზღვის აკვატორიის გადაცემას შევარდნაძე-ბეიკერის გამყოფი ხაზის მიხედვით. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2003 წლის ნოემბერში, შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკას ჩამოსცილდა. სიცოცხლის ბოლო წლები კრწანისის რეზიდენციაში გაატარა. ავტორია ავტობიოგრაფიული წიგნებისა „ჩემი არჩევანი“ და „ფიქრი წარსულსა და მომავალზე“.

ბიოგრაფია

ადრეული წლები და განათლება

ედუარდ შევარდნაძე დაიბადა 1928 წლის 25 იანვარს, ოზურგეთის მაზრაში, სოფელ მამათში, ამბროსი შევარდნაძისა და სოფიო პატეიშვილის ოჯახში. შევარდნაძის ოჯახი წარმოშობით იყო სოფელ ასკანიდან. მისი მამის ბიძაშვილი იყო ცნობილი ფირალი დათიკო შევარდნაძე. მისი მამა პედაგოგი იყო და მამათის სკოლაში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, ხოლო დედა აზნაურ გლახუნა პატეიშვილის ქალიშვილი. ჰყავდა და და სამი ძმა: ევგრაფი, აკაკი და იპოკრატე. უფროსი ძმა, ევგრაფი, პოლიომიელიტით დაავადდა და ადრეულ ასაკში შეეზღუდა მოძრაობის უნარი. მისი მამა დააპატიმრეს სტალინური რეპრესიების დროს 1937 წელს, მაგრამ გათავისუფლდა მისი ნამოწაფარის დახმარებით, რომელიც შინსახკომის თანამშრომელი იყო. დაწყებითი რვაკლასიანი განათლება მამათის სკოლაში მიიღო. 1941 წელს, დიდი სამამულო ომის დაწყების შემდეგ ფრონტზე გაიწვიეს აკაკი შევარდნაძე. ის დაიღუპა ომის ადრეულ წლებში, ბრესტის ციხესიმაგრის დაცვისას. 1943 წლის 1 ოქტომბრიდან 1946 წლის 25 ივნისამდე იყო თბილისის მეორე საფერშალო სკოლის მოსწავლე. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ტექნიკუმი. თბილისში ცხოვრბოდა ფასანაურის ქუჩაზე, თავის დასთან, ძველ სახლში, სარდაფის მსგავს ოთახში. ახალგაზრდა ასაკში შევარდნაძე ტუბერკულოზით დაავადდა და რამდენიმე თვე ბახმაროში მკურნალობდა. 1960 წელს დაამთავრა ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი დაუსწრებლად, ისტორიკოსის სპეციალობით.

მოღვაწეობა საქართველოს სსრ-ში

 
კომუნისტური რუმინეთის ლიდერი ნიკოლაე ჩაუშესკუ მეუღლესთან ერთად თბილისში, სამხატვრო აკადემიაში სტუმრობისას, 1976 წ.

1946 წლის 29 აგვისტოდან 18 ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს ალკკ თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის ინსტრუქტორად, შემდეგ იქვე 1946 წლის 18 ნოემბრიდან 1949 წლის 29 აგვისტომდე კადრების და საორგანიზაციო განყოფილების გამგედ. 1948 წელს, 20 წლის ასაკში შევიდა კომპარტიაში. 1949 წლის 29 აგვისტოდან 1951 წლის 29 ივნისამდე იყო პარტიული სკოლის მსმენელი. 1951 წლის 31 ივლისიდან 1952 წლის 7 თებერვლამდე მუშაობდა საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის კომკავშირული ორგანოების განყოფილების ინსტრუქტორად, 1952 წლის 27 თებერვლიდან 20 სექტემბრამდე — საქართველოს ალკკ ქუთაისის საოლქო კომიტეტის მდივანი კადრების დარგში, 1952 წლის 20 სექტემბრიდან 1953 წლის 1 ივნისამდე — იმავე კომიტეტის მეორე მდივანი, 1953 წლის 1 ივნისიდან 16 დეკემბრამდე — საქართველოს კომპარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის პარტიული, პროფკავშირული და კომკავშირული ორგანოების განყოფილების ინსტრუქტორი, 1953 წლის 16 დეკემბრიდან 1956 წლის 11 მაისამდე — საქართველოს ალკკ ქუთაისის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი.

1956 წლის 11 მაისიდან 1957 წლის 31 დეკემბრამდე ედუარდ შევარდნაძე იყო საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი, ხოლო 1957 წლის 31 დეკემბრიდან 1961 წლის 30 აგვისტომდე — პირველი მდივანი. 1961 წლის 30 აგვისტოდან 1963 წლის 12 თებერვლამდე — საქართველოს კომპარტიის მცხეთის რაიკომის პირველი მდივანი, 1963 წლის 12 თებერვლიდან 1964 წლის 7 ივლისამდე — საქართველოს კომპარტიის თბილისის ორგანიზაციის პირველი მაისის რაიკომის პირველი მდივანი, 1964 წლის 7 ივლისიდან 1965 წლის 21 მაისს — საქართველოს სსრ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, 1965 წლის 21 მაისიდან 1972 წლის 1 აგვისტომდე — საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. ამ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე დაიწყო კამპანია ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კორუფციის წინააღმდეგ. კამპანია კარგად იყო რეკლამირებული, თუმცა მნიშვნელოვანი შედეგები არ მოჰყოლია. ედუარდ შევარდნაძეს 1967 წლის 12 აპრილს მიენიჭა შინაგანი სამსახურის მე-3 რანგის გენერლის წოდება (გენერალ-მაიორი).

1972 წლის 1 აგვისტოდან 4 ოქტომბრამდე იყო საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, 1972 წლის 29 სექტემბრიდან 1985 წლის 6 ივლისამდე — საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. მან შეცვალა კორუფციაში მხილებული ვასილ მჟავანაძე. 1978 წელს შევარდნაძემ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი ქართული ენისთვის საქართველოს სსრ-ში სახელმწიფო ენის სტატუსის სენარჩუნებისთვის. 1978 წლის 27 ნოემბერს აირჩიეს საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატად. კანდიდატი იყო 1985 წლის 1 ივლისამდე. 1981 წელს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება. 1984 წელს შევარდნაძემ მიიღო თვითმფრინავის ბიჭების საქმეზე გამტაცებელთა დახვრეტის გადაწყვეტილება, რის გამოც ძალიან არაპოპულარული გახდა.[1] ამავე პერიოდში შევარდნაძემ ხელი შეუწყო ფილმ „მონანიების“ გადაღებას.

საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი

 
შევარდნაძე რეიკიავიკის სამიტზე, 1986 წ.

საქართველოს სსრ-ს ხელმძღვანელობის დროს შევარდნაძემ აბაშასა და ფოთში ჩაატარა საბაზრო რეფორმის ექსპერიმენტები. აბაშაში მან მისცა საშუალება გლეხებს, ხანგრძლივი ვადით სარგებლობის უფლებით მიეღოთ სახელმწიფო მიწები, ხოლო ფოთში რეეფორმის შედეგად საწარმოების მოგების დიდი ნაწილი მათვე რჩებოდათ, ხოლო ნაწილი კი ფოთის ბიუჯეტში ირიცხებოდა. რეფორმებმა მიიქცია მიხეილ გორბაჩოვის ყურადღება.[1] გორბაჩოვმა 1985 წლის 2 ივლისს „გარდაქმნის“ წამოწყების პარალელურად, შევარდნაძე დანიშნა სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად. 1985 წლის 1 ივლისიდან 1990 წლის 13 ივლისამდე შევარდნაძე სკკპ XXV-XXVII ყრილობებზე აირჩიეს პოლიტბიუროს წევრად. ედუარდ შევარდნაძე მონაწილეობდა გერმანიის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებში. 1990 წელს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯეიმზ ბეიკერთან ერთად ხელი მოაწერა აშშ-სათვის ბერინგის ზღვის აკვატორიის გადაცემას შევარდნაძე-ბეიკერის გამყოფი ხაზის მიხედვით. 1990 წლის 20 დეკემბერს მან „მოსალოდნელი დიქტატურისადმი“ პროტესტის ნიშნად დატოვა პოსტი, რის შემდეგაც ხელმძღვანელობდა საგარეო პოლიტიკურ ასოციაციას. იყო მოძრაობა „დემოკრატიული რეფორმებისათვის“ დაფუძნების ერთ-ერთი ინიციატორი. საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე, 1991 წლოს 20 ნოემბერს, გორბაჩოვის მიწვევით კვლავ დაუბრუნდა სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლამდე ერთი თვის განმავლობაში 26 დეკემბრამდე იმუშავა.

საქართველოში დაბრუნება

1992 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია პუტჩის შედეგად თანამდებობიდან ჩამოაგდეს. პუტჩისტების მიერ შექმნილმა ორგანომ საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭომ საქართველოში შეავარდნაძე მოიწვია. 1992 წლის 7 მარტს შევარდნაძე საქართველოში დაბრუნდა. აეროპორტში შევარდნაძეს დახვდნენ ჯაბა იოსელიანი და 2000-მდე მხარდამჭერი, ძირითადად ინტელიგენციის წარმომადგენლები, წითელი მიხაკებით ხელში.[2]. 10 მარტს შევარდნაძე სათავეში ჩაუდგა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს. შევარდნაძე საკუთარ დაბრუნებას სამშობლოში ადარებდა შარლ დე გოლის დაბრუნებას საფრანგეთში მეოთხე რესპუბლიკის მარცხის შემდეგ.

 
ჯეიმზ ბეიკერი და ედუარდ შევარდნაძე თბილისში, 1992 წლის მაისი

შევარდნაძე პირველ რიგში სიმბოლურად ეწვია სიონის ტაძარს, სადაც პატრიარ ილია II-ისგან მიიღო კურთხევა. ნოემბერში ყოველთა წმიდათა ტაძარში შევარდნაძე მოინათლა მართლმადიდებლური წესით და ეწოდა ნათლობის სახელი გიორგი. რიტუალი შეასრულა მღვდელმა თეიმურაზ ბერიშვილმა. მისი ნათლიები იყვნენ ილია II საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და პოეტი ანა კალანდაძე.[3]

შევარდნაძეს მოუწია ქვენის მართვა რუსული ინტერვენციის, განადგურებული ეკონომიკის და საზოგადოების შიდა პოლარიზაციის პირობებში. სწრაფად და უსისტემოდ ხდებოდა სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, რასაც თან ერთვოდა დეინდუსტრიალიზაცია. ყველაზე მწვავე პრობლემა მშვიდობის დამყარება და შეიარაღებული ფორმირებების აღკვეთა იყო. შევარდნაძემ მოახერხა დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების სწრაფად დამყარება.[4] 1992 წლის მარტის ბოლოს საქართველომ განაცხადი შეიტანა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრობაზე. 23 მარტს საქართველო აღიარა ევროპის ეკონომიკურმა თანამეგობრობამ. აპრილში გაიხსნა აშშ-ის საელჩო საქართველოში. 25 მაისს საქართველოს ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯეიმზ ბეიკერი. საქართველოში ჩამოვიდნენ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს-დიტრიხ გენშერი და თურქეთის პრეზიდენტი სულეიმან დემირელი. 30 ივლისს გაფორმდა საქართველო-თურქეთის ხელშეკრულება, 31 ივლისს საქართველო გახდა გაეროს წევრი.

24 ივნისს შევარდნაძემ ხელი მოაწერა დაგომისის შეთანხმებას ბორის ელცინთან, რომლითაც დასრულდა სამხრეთ ოსეთის ომი. 1992 წლის 11 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებით მოხდა შევარდნაძის ხელმძღვანელობის ლეგიტიმაცია. შევარდნაძემ იცოდა საკუთარი არაპოპულარობის შესახებ, ამიტომ არ ცდილობდა ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლების ჩამოყალიბებას.[5] 1992 წლის 4 ნოემბერს ის აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარედ და სახელმწიფო მეთაურად. ამ დროიდან იყო ქვეყნის სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. 1992 წლის დეკემბერში მან შექმნა 19 სამინისტრო და 10 სახელმწიფო კომიტეტი საბჭოთა მოდელზე დაყრდნობით. შევარდნაძემ ეტაპობრივად, მეტწილად 1993 წლის მეორე ნახევრიდან, მოახერხა საკუთარი ძალაულფების გაძლიერება. მას პერიოდულად ეკავა შინაგან საქმეთა, თავდაცვის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობები. შევარდნაძემ იგრვლივ შემოიკრიბა ძველი, კომუნისტური პარტიის და სახელმწიფო აპარატის ელიტა და დასავლურად განწყობილი ახალგაზრდები და მათი გაერთიანებით შემნა პარტია საქართველოს მოქალაქეთა კავშირი.[6]. 1993 წელს მისი ინიციატივით საქართველო შევიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. დსთ-ში შესვლამ კიდევ უფრო დასცა შევარდნაძის რეიტინგი. მასთან მკვეთრ ოპოზიციაში გადავიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. საქართველოში 20 000-კაციანი რუსული შენაერთი განთავსდა. 1994 წელს შევარდნაძემ დაიწყო საქართველოს ხარეებში გუბერნატორების დანიშვნა კონსტიტუციური საფუძვლის გარეშე. 1993-1995 წლებში მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა საქართველოს კონსტიტუციის მიღება იყო. 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული კონსტიტუცია ამერიკული საპრეზიდენტო მოდელის მსგავსი იყო და მორგებული იყო შევარდნაძის ძალაუფლებაზე, გაუქმებულ იქნა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, პრეზიდენტს მიეცა მინისტრების დანიშვნა-გათავისუფლების უფლება, ამოღებულ იქნა ქვეყნის ფედერაციული მოწყობის შესახებ დებულებები.[7]

1995 წლის 5 ნოემბერს ხმათა 72,9%-ით გაყალბებულ არჩევნებში[8] პირველი ვადით აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად. 1995 წელს პირველად ოთხწლიანი ვარდნის შემდეგ საქართველოს ეკონომიკამ ზრდა დაიწყო.[9]

ტერაქტები

შევარდნაძეზე სამჯერ განხორციელდა ტერაქტი:

  • 1992 წლის 3 ოქტომბერს რუსი სამხედროების მიერ აფხაზეთში;
  • 1995 წლის 29 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის იმდროინდელი შენობის ეზოში. შევარდნაძეს იმ დღეს ხელი უნდა მოეწერა საქართველოს კონსტიტუციისთვის, რომელიც ახალმიღებული იყო. ტერაქტის ორგანიზება ჯაბა იოსელიანს და იგორ გიორგაძეს დაბრალდა. იოსელიანი დაიჭირეს, მხედრიონი დაიშალა, ხოლო გიორგაძე რუსეთში გაიქცა.[10]
  • 1998 წლის 9 თებერვალს რეზიდენციისკენ მიმავალ გზაზე შევარდნაძის აფეთქება სცადეს ქართველმა შეთქმულებმა და ჩეჩენმა დაქირავებულმა ტერორისტებმა.[11]

გადადგომა

2000 წლის 9 აპრილს შევარდნაძე ხმათა 82%-ით მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად. 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობოს არჩევნებში საქართველოს მოქალაქეთა კავშირი დამარცხდა. იმავე წლის სექტემბერში შევარდნაძემ განაცხადა, რომ 2005 წელს, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, აპირებს პენსიაზე გასვლას და მემუარების დაწერას. 2003 წელს საპარლამენტო არჩევნებში ოფიციალურად გამარჯვებულად გამოცხადდა შევარდნაძის ბლოკი „ახალი საქართველოსთვის“ ხმათა 21.32 %-ით, ხოლო მეორე ადგილზე პროსამთავრობოდ განწყობილი "დემოკრატიული აღორძინების კავშირი” ხმათა 18.84 %-ით.[12] საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებში დარღვევები დააფიქსირეს. ოპოზიციამ შევარდნაძეს არჩევნების ბათილად ცნობისკენ მოუწოდა, მისი შედეგების გაყალბების გამო. პრეზიდენტმა უარი განაცხადა არჩევნების შედეგების გაუქმებაზე. რის გამოც ზოგიერთი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიწყეს საპროტესტო კამპანია და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. დემონსტრაციებს შედეგად 2003 წლის 22 ნოემბერს საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის შენობებში მოწინააღმდეგეთა შეჭრა მოჰყვა. შევარდნაძემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მაგრამ უარი განაცხადა არმიის გამოყენებაზე და 23 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.

გარდაცვალება

ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა 2014 წლის 7 ივლისს, 86 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ[13][14]. დაკრძალულია კრწანისის რეზიდენციაში, თავისი მეუღლის გვერდით[15].

რელიგია

შევარდნაძე საკუთარ ავტობიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ ის ათეისტი იყო და ათეისტურ საზოგადოებაში ცხოვრობდა. ათეისტი იყო მისი მამაც, ხოლო დედა მორწმუნე ადამიანი იყო და ჩუმად ლოცულობდა ხოლმე. შევარდნაძის ავტობიოგრაფიის მიხედვით ის ღმერთზე დაფიქრდა მოსკოვში გადასვლის შემდეგ. 1992 წელს საქართველოში დაბრუნებული შევარდნაძე პირველ რიგში სიმბოლურად ეწვია სიონის ტაძარს, სადაც პატრიარქ ილია II-ისგან მიიღო კურთხევა. 1992 წლის ნოემბერში ყოველთა წმიდათა ტაძარში შევარდნაძე მოინათლა მართლმადიდებლური წესით და ეწოდა ნათლობის სახელი გიორგი. რიტუალი შეასრულა მღვდელმა თეიმურაზ ბერიშვილმა. მისი ნათლიები იყვნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და პოეტი ანა კალანდაძე. ნათლობის შემდეგ შევარდნაძე თან ატარებდა წმინდა ნიკოლოზის პატარა ხატს, რომელმაც, მისი რწმენით, ის გადაარჩინა მესამე ტერაქტის დროს. 1995 წელს შევარდნაძემ ხელი შეუწყო სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობას. „ვერ ვიტყვი, რომ ღრმად მორწმუნე გავხდი, მაგრამ სული ჩემი ისწრაფვის ღვთისკენ“ — აღნიშნავდა შევარდნაძე ავტობიოგრაფიაში. შევარდნაძის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს პატრიარქმა ილია II–მ განაცხადა, რომ ედუარდ შევარდნაძე ამ ქვეყნიდან მონათლული, მაზიარებელ ქრისტიანად წავიდა[16]

ოჯახი

ედუარდ შევარდნაძეს ჰყავდა მეუღლე — ნანული ცაგარეიშვილი-შევარდნაძე. შევარდნაძემ მომავალი მეუღლე გაიცნო 1951 წელს წაღვერში. ნანული ცაგარეიშვილი–შევარდნაძე 2004 წელს გარდაიცვალა. შევარდნაძის ვაჟიშვილი, პაატა, იუნესკოს თბილისის ბიუროს ხელმძღვანელია, ხოლო ქალიშვილი, მანანა, სატელევიზიო ფილმების სტუდიის დირექტორია.

ჯილდოები და წოდებები

ჯილდოები

ეროვნული ჯილდოები

უცხოური ჯილდოები

  •   გერმანია:
    •   გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენის სპეციალური კლასის დიდი ჯვარი
  •   უკრაინა:
    •   მთავარ იაროსლავ ბრძენის I ხარისხის ორდენი- ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის ტრადიციული მეგობრობის განმტკიცების, საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის.[18]
  •   თურქეთი
    •  : თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს პირველი კლასის ორდენი.[19]
  •   საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი:
    • ოქროს ოლიმპიური ორდენი უდიდესი დამსახურებისათვის მსოფლიოში სპორტის განვითარების საქმეში და ოლიმპიური იდეალების ერთგულებისათვის.[20][21]
  • 2000 წლის 30 სექტემბერს მალტის რაინდთა წმინდა იოანე იერუსალიმელის დიდი ორდენის საერთაშორისო მარშალმა ოტოი ოკლიკმა საქართველოს პრეზიდენტს გადასცა უმაღლესი ჯილდო `დიდი ჯვარი~, რომელიც ორდენის წევრების გადაწყვეტილებით, `ედუარდ შევარდნაძეს მიენიჭა კაცობრიობის საკეთილდღეოდ გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის, კერძოდ: ბერლინის კედლის დანგრევისა და ევროპაში მშვიდობის განმტკიცებისათვის“.
  •   საბერძნეთი:
    •   მაცხოვრის მხედრობის დიდი ჯვრის ორდენი.[20]
  •   დიდი ბრიტანეთი:
    •   წმინდა მიხეილისა და წმინდა გიორგის დიდი ჯვრის ორდენი. დედოფალმა ელისაბედ მეორემ პირადად გადასცა საქართველოს პრეზიდენტს უცხოელებისათვის განკუთვნილი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო და რაინდად აკურთხა.[20]
  •   აზერბაიჯანი:
    •   იშთიგლალის (დამოუკიდებლობის) ორდენი საქართველოსა და აზერბაიჯანის შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განუხრელ განვითარებაში დიდი დამსახურებისათვის, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გასაფართოებლად ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის.[22]
  •   სომხეთი:
    •   წმინდა მესროპ მაშტოცის ორდენი სომხეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარებაში თვალსაჩინო მიღწევებისათვის.[20]
  •   უზბეკეთი:
    •   ორდენი გამოჩენილი დამსახურებისათვის.[23]

საპატიო ხარისხი

სხვა ჯილდოები

  • 1992 წელს დეკემბერში ქეარინგის ინსტიტუტმა (აშშ) მიანიჭა ეროვნული ჯილდო უდიდესი წვლილისათვის ადამიანის უფლებების დარგში და არაჩვეულებრივი თანაგრძნობისათვის კაცობრიობის მიმართ.[20]
  • 1993 წლის 23 ივნისს მიენიჭა ჰამბურგის საქველმოქმედო საზოგადოების იმანუელ კანტის (გერმანია) სახელობის პრემია 1992 წელს ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად განსაკუთრებული დამსახურებისათვის და აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაუმჯობესებისათვის.[20]
  • 1997 წლის 2 ივლისს ონასისის საერთაშორისო ფონდის (საბერძნეთი) დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ონასისის ფონდის პრემია – საერთაშორისო ურთიერთგაგებისა და სოციალური მიღწევებისათვის.[20][27][28]
  • 1997 წლის დეკემბერში ნიქსონის სახელობის ცენტრის დირექტორთა საბჭომ (აშშ, ვაშინგტონი) მიანიჭა ნიქსონის სახელობის საგანგებო პრემია ეროვნული სახელმწიფოს აღმშენებლობისათვის - საბჭოთა კავშირში მშვიდობიანი რევოლუციის განხორციელებაში შეტანილი წვლილის, ასევე ახალი და დემოკრატიული საქართველოს მშენებლობაში შესანიშნავი მიღწევების აღსანიშნავად.[20]
  • 1998 წლის 14 იანვარს გადაეცა ისრაელის დემოკრატიული ინსტიტუტის სპეციალური პრემია საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისათვის და, აგრეთვე, ებრაელთა სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობისათვის.[20]
  • 1998 წლის 12 თებერვალს კალიფორნიის მეცნიერების, განათლების, მრეწველობის და ხელოვნების საერთაშორისო აკადემიამ წიგნისათვის ,,ჩემი არჩევანი" დააჯილდოვა ა.აინშტაინის სახელობის დიდი ოქროს მედლით განსაკუთრებული მიღწევებისათვის.[20]
  • 1998 წლის 9 ივნისს გადაეცა აშშ-ის აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტის ჯილდო ცივი ომის დასრულებასა და ქვეყნის განთავისუფლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.[20]
  • 1999 წლის 22 აპრილს რაისის უნივერსიტეტის ჯეიმზ ბეიკერის საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტში მას გადაეცა კომპანია `ენრონის~ პრემია – საზოგადოებრივი საქმიანობისათვის.[20]
  • 1999 წლის ივლისში ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) (აშშ) დააჯილდოვა ავერელ ჰარიმანის დემოკრატიის პრემიით დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სამაგალითო საქმიანობისათვის.[20][29]
  • 1999 წლის 14 ოქტომბერს გადაეცა ლუდვიგ ვიუნშეს სახელობის პრემია განსაკუთრებული ღვაწლისათვის ხალხთა შორის გაგებისა და ტოლერანტობის დამკვიდრებაში.[20]

პოპულარულ კულტურაში

1999-2000 წლებში გამოდიოდა ანიმაციური სერიალი „დარდუბალა“, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი შევარდნაძე იყო.[30][31]

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 ჯონსი, 2013, გვ. 40
  2. ჯონსი, 2013, გვ. 105
  3. Kolstø, Pål. Political Construction Sites: Nation-Building in Russia and the Post-Soviet States, p. 70. Westview Press, Boulder, Colorado, 2000.
  4. ჯონსი, 2013, გვ. 119
  5. ჯონსი, 2013, გვ. 120
  6. ჯონსი, 2013, გვ. 110-111
  7. ჯონსი, 2013, გვ. 142
  8. ჯონსი, 2013, გვ. 106
  9. ჯონსი, 2013, გვ. 144
  10. ჯონსი, 2013, გვ. 145
  11. ჯონსი, 2013, გვ. 388
  12. ცსკო-მ არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადა
  13. ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2014-07-07.
  14. გარდაიცვალა ედუარდ შევარდნაძე. „რადიო თავისუფლება“. 07.07.2014
  15. შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციის ეზოში დაკრძალეს. Civil Georgia. 14 ივლისი, 2014.
  16. პატრიარქი - მადლობა ღმერთს, ედუარდ შევარდნაძე ამ ქვეყნიდან მონათლული, მაზიარებელ ქრისტიანად წავიდა
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 „Georgian ex-president Eduard Shevardnadze dies at 86“. TASS. 7 July 2014. ციტირების თარიღი: 21 November 2017.
  18. Указ Президента України № 1257/99 від 1 жовтня 1999 року "Про нагородження відзнакою Президента України "Орден князя Ярослава Мудрого"" uk. ციტირების თარიღი: 2020-08-12
  19. Dostluk İlişkilerine Katkının Altın Sembolü: Devlet ve Cumhuriyet Nişanları (Turkish) – The Gold Symbol Contribution of Friendly Relations : State and Republic Orders. Haberler.com (February 2013). ციტირების თარიღი: 25 February 2015
  20. 20.00 20.01 20.02 20.03 20.04 20.05 20.06 20.07 20.08 20.09 20.10 20.11 20.12 20.13 20.14 ედუარდ შევარდნაძე. www.president.gov.ge. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-20. ციტირების თარიღი: 2021-10-25.
  21. Olympic Order Recipients. www.olympedia.org. ციტირების თარიღი: 2021-10-25.
  22. Gürcüstanın Prezidenti Eduard Amrosiyeviç Şevardnadzenin "İstiqlal" ordeni ilə təltif edilməsi haqqında AZƏRBAYCAN RESPUBLİKASI PREZİDENTİNİN FƏRMANI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ნოემბერი 2011. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი 2021.
  23. Выпуск № 208 (3300) | Народное слово ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-14. ციტირების თარიღი: 2021-11-03.
  24. History of honorary degrees. ჰარვარდის უნივერსიტეტი. ციტირების თარიღი: 2021-10-25.
  25. Honorary Degree Recipients 1981-2021 (pdf). Commencement Office of the ჰარვარდის უნივერსიტეტი. ციტირების თარიღი: 2021-10-25.
  26. „Una vita da Eduard Shevardnadze“. Il Post (იტალიური). 2014-07-07. ციტირების თარიღი: 2021-10-26.
  27. Gage, Eleni N. (1997-09-24). „A Philosophical Eye on Big Prizes“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2021-10-26.
  28. „Athens News Agency: Daily News Bulletin in English, 97-09-16“. Greek Press & Information Office. 1997-09-16. ციტირების თარიღი: 2021-10-26.
  29. Past Harriman Democracy Award Recipients. National Democratic Institute. ციტირების თარიღი: 2021-10-25.
  30. ედუარდ შევარდნაძე - “მე „დარდუბალას“ ვიტანდი!
  31. შალვა რამიშვილი პატიმრობიდან თავისუფალია
წინამორბედი:
ოთარ ქავთარაძე
საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი
1965–1972
შემდეგი:
კონსტანტინე კეთილაძე
წინამორბედი:
ვასილ მჟავანაძე
საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი
1972 – 1985
შემდეგი:
ჯუმბერ პატიაშვილი
წინამორბედი:
ანდრეი გრომიკო
საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი
1985 – 1991
შემდეგი:
ალექსანდრ ბესმერტნიხი
წინამორბედი:
ზვიად გამსახურდია
საქართველოს პრეზიდენტი
1995 – 2003
შემდეგი:
მიხეილ სააკაშვილი