ოთარ ალექსანდრეს ძე ქავთარაძე (დ. 20 აპრილი, 1921, თბილისი, ტფილისის გუბერნია — გ. 10 მაისი, 1992, თბილისი, საქართველოს რესპუბლიკა) — ქართველი სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ოთარ ქავთარაძე დაიბადა 1921 წლის 20 აპრილს, თბილისში. 1939 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ამიერკავკასიის რკინიგზის ტრანსპორტის ინსტიტუტში, რომელიც არ დაუსრულებია 1941 წელს გამოცხადებული მობილიზაციის გამო. 1941 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მილიციის ერთწლიანი სკოლა.

მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სისტემაში, სადაც განვლო გზა რიგითი ოპერმუშაკიდან სამმართველოს უფროსობამდე. 1951 წელს ექსტერნად დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. ოთარ ქავთარაძე 1953 წლის 31 ივლისიდან ამავე წლის 21 ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-5 განყოფილების უფროსის მოადგილედ, 1953 წლის 21 ნოემბრიდან 1954 წლის 10 აპრილამდე — საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-5 განყოფილების უფროსად, 1954 წლის 10 აპრილიდან 1 ივნისამდე — საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ-ის) მე-5 განყოფილების უფროსად, 1954 წლის 1 ივნისიდან 1956 წლის 24 ივლისამდე — აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ, 1956 წლის 24 ივლისიდან 1957 წლის 28 იანვრამდე — საქართველოს სსრ სუკ-ის მე-5 განყოფილების უფროსად. 1957 წლის 28 იანვრიდან 1958 წლის 18 ნოემბრამდე იყო საქართველოს სსრ სუკ-ის პარტიული კომიტეტის მდივანი, 1958 წლის 18 იანვრიდან 1961 წლის 15 აგვისტომდე კი საქართველოს სსრ სუკ-ის თავმჯდომარის მოადგილე. ოთარ ქავთარაძე 1961 წლის 15 აგვისტოს საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. 1962 წლის 18 სექტემბერს, სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით, ის საქართველოს სსრ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრი გახდა და ამ პოსტზე 1965 წლის 21 მაისამდე იმუშავა. 1961 წლის 15 აგვისტოდან იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა კოლეგიის წევრი. 1962 წლის 21 ოქტომბერს მიენიჭა შინაგანი სამსახურის მე-3 რანგის გენერლის (გენერალ-მაიორის) წოდება. ო. ქავთარაძე 1965 წლის 8 ივნისიდან 1971 წლის 16 მარტამდე მუშაობდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული უცხოეთის ტურიზმის სამმართველოს უფროსად. 1971 წლის 16 მარტიდან 1973 წლის 13 მარტამდე იყო საქართველოს სსრ კომუნალური მეურნეობის მინისტრის მოადგილე. 1973 წლის 13 მარტიდან 1974 წლის 9 ივლისამდე — საქართველოს სსრ კომუნალური მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, 1974 წლის 9 ივლისიდან 1985 წლის 19 ნოემბრამდე კი საქართველოს სსრ საყოფაცხოვრებო-კომუნალური მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე. 1990 წლიდან სპორტსაზოგადოება „დინამოს“ ჩოგბურთის ასოციაციის პრეზიდენტი გახლდათ.

ოთარ ქავთარაძე იყო საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის წევრი (11.12.1955 — 17.01.1958), საქართველოს კპ კალინინის რაიკომისა და ბიუროს წევრი (06.01.1957 — 04.12.1958), საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის წევრი (17.01.1958 — 19.09.1961), საქართველოს კპ ცკ-ის წევრი (29.01.1961 — 04.03.1966). იყო თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს დეპუტატი (19.03.1961 — 17.03.1963), საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს IV (27.02.1955 — 15.03.1959) და VI მოწვევის დეპუტატი (17.03.1963 — 19.03.1967). მიღებული ჰქონდა შრომის წითელი დიდების ორდენი და 12 მედალი.

ოთარ ქავთარაძე 1992 წლის 10 მაისს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება