წმინდა სამების საკათედრო ტაძარი
თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, შემოკლებით სამება — მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში; მდებარეობს თბილისში, ელიას გორაზე, ავლაბარი. აშენდა 1996-2004 წლებში არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით.
წმინდა სამების საკათედრო ტაძარი | |
წმინდა სამების საკათედრო ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°41′51″ ჩ. გ. 44°49′00″ ა. გ. / 41.69750° ჩ. გ. 44.81667° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
ადგილმდებარეობა | ქ. თბილისი |
ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | ჯვარ-გუმბათოვანი |
თარიღდება | 2004 |
ისტორია
რედაქტირებასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავისა და ქრისტეს დაბადების 2000 წლის აღსანიშნავად ახალი საკათედრო ტაძრის აგების იდეა 1989 წელს გაჩნდა, პერიოდი, როდესაც საბჭოთა საქართველოში ეროვნული მოძრაობა მძლავრობდა. 1989 წლის მაისში, საქართველოს პატრიარქისა და თბილისის მთავრობის ხელმძღვანელობით გამოცხადდა კონკურსი „წმინდა სამების საკათედრო ტაძრის“ პროექტზე. პირველ ეტაპზე ასამდე პროექტი შემოვიდა, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. საბოლოოდ არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილის პროექტი შეირჩა. შემდგომმა სოციალურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა პროექტის განხორციელება ექვსი წლით დააყოვნა და საძირკველი ტაძრისთვის მხოლოდ 1996 წლის 3 მარტს ჩაიყარა. ტაძრის მშენებლობა დასაფინანსებლად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მიმართა რუსეთში მოღვაწე ქართველ ბანკირს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მშენებლობის ძირითადი დამფინანსებელი გახდა. მშენებლობა ათეულობით მილიონი ლარი დაჯდა.
ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა.
აღწერა
რედაქტირება
ტიპოლოგიურად წმინდა სამების ტაძარი ჯვრულ მოხაზულობაში ჩასმული ტრიკონქია, რვა ბურჯზე დაყრდნობილი გუმბათით. ტაძარში მოხვედრა შესაძლებელია სამი მხრიდან — დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავებში დატანებული პორტალებიდან. ამათგან, მთავარი კარიბჭე დასავლეთ მკლავშია, რომელსაც გარედან ვრცელი გალერეა აკრავს. ტრიკონქის მკლავები გუმბათქვეშა სივრცესთან ერთად კათედრალის ერთიანი მთავარი მოცულობას წარმოადგენს, რომელსაც მოხდენილად აგვირგვინებს მასიური გუმბათი. გუმბათის გარე რადიუსი 9,5 მეტრია. გუმბათის ყელს გარშემოსავლელი ბაქანი შემოუყვება. წმიდა სამების საკათედრო ტაძრის დასავლეთ ფასადზე სამი, სამნავიანი შვერილია, რომელთა პროპორციები მასიურს ქმნის ტაძრის საერთო მოცულობას.
წმ. სამების საკათედრო ტაძრის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადი ასევე საკმაოდ რთული კონსტრუქციითაა გადაწყვეტილი. ტაძრის ფასადის მორთულობის მხრივ, აღმოსავლეთ ნაწილი ყველაზე მდიდრულადაა გადაწყვეტილი. აღმოსავლეთ შუა შვერილზე თითქოსდა მიდგმულია მრავალწახნაგა აფსიდი, რომელზეც მასიური ჩუქურთმადამშვენებული ჯვარია გამოსახული. ოთხივე ფასადი მრავალფეროვანი ჩუქურთმის მწკრივითა და თაღებითაა შემკული.
შენობაში 9 ეკლესია და 12 სატრაპეზოა. ტაძრის 9 ზარი, მათ შორის 8200–კილოგრამიანი დედაზარი გერმანიაში ჩამოისხა.
მასშტაბები, პარამეტრები
რედაქტირებაიგი ძირითადად ორი ნაწილისაგან შედგება — მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილებისაგან. საერთო სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან ჯვრის ჩათვლით 86,1 მეტრია (უშუალოდ ჯვარი 7,5 მეტრი სიმაღლისაა). ლავრის მიწისქვეშა ნაწილში ორი სართული მდებარეობს. ტაძრის ფუნდამენტი -14,07 მეტრის სიღრმეზეა, ქვედა სართულის იატაკი -13,07 მეტრზეა. (ამას ემატება 1 მეტრიანი ფუნდამენტი). წმ. სამების ტაძრის საერთო სიმაღლე, ამ მონაცემებით, 100,17 მეტრია (86.10+14.07). წმ. სამების ტაძრის სიგრძე 70,45 მეტრი, სიგანე კი 64,68 მეტრია. ტაძრის მთლიანი ფართობი დაახლოებით 5000 კვადრატული მეტრია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ედუარდ შევარდნაძე, „ფიქრი წარსულსა და მომავალზე“, თბილისი: ნეოსტუდია, 2018 [2006]. — გვ. 106-108, ISBN 978-9941-0-9783-6.
- ჩვენი სამება : თბილისის წმიდა სამების ეკლესია / იბეჭდება... კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით - თბ., 2002 - 20გვ.; 20სმ.
- ქალაქ თბილისში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტურულ-დაგეგმარებითი გადაწყვეტის ღია კონკურსის მასალები / [შედგენილია საქ. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით] - თბ., 1989 - 30გვ. ; 19სმ. - : უფ., 150ც.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ინფორმაცია სამების ტაძარზე დაარქივებული 2008-04-23 საიტზე Wayback Machine.
- წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდი დაარქივებული 2011-02-26 საიტზე Wayback Machine. , ოფიციალური ვებ-საიტი.
- წმინდა სამების საკათედრო ტაძარი 3D განზომილებაში