კონსტანტინე კეთილაძე

კონსტანტინე იერემიას ძე კეთილაძე (დ. 10 ნოემბერი, 1919, სოფელი ზედა ჭყეპი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 20 სექტემბერი, 1996) — ქართველი, საბჭოთა უშიშროების თანამშრომელი, შინაგანი სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი (1975).

ბიოგრაფია

რედაქტირება

კონსტანტინე კეთილაძე დაიბადა 1919 წლის 10 ნოემბერს ქუთაისის მაზრის სოფელ ზედა ჭყეპში, გლეხის ოჯახში. 1926 წელს სწავლა დაიწყო სოფელ ორპირის ოთხკლასიან სკოლაში, რომელიც შემდგომ საშუალო სკოლად გადაკეთდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1936 წელს სწავლა განაგრძო ქუთაისის ა. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, უცხო ენის სექტორზე, ფრანგული ენის სპეციალობით, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1941 წელს.

1941 წლის 3 ივლისს კონსტანტინე კეთილაძე გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სასწავლებელში, სადაც 1947 წლის მარტის ბოლომდე იმყოფებოდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, 1941 წლის 17 ივლისიდან 20 ოქტომბრამდე, სწავლობდა ქალაქ მურომის რადიოკავშირის სამხედრო სასწავლებელში, შემდგ კი სამხედრო სამსახურს გადიოდა მოქმედი არმიის სხვადასხვა ნაწილში: 1941 წლის 20 ოქტომბრიდან კურსანტის წოდებით — 28-ე მსროლელთა ბრიგადაში. აღნიშნული ბრიგადა ამავე წლის ნოემბრის დამლევს მონაწილეობდა ქალაქ მოსკოვის დაცვაში. 1942 წლის 16 მარტს მიენიჭა უმცროსი ლეიტენანტის წოდება და სამსახური განაგრძო 53-ე მსროლელი დივიზიის 475-ე მსროლელთა პოლკში, რომელიც იბრძოდა ჯერ დასავლეთ ფრონტზე, ხოლო 1943 წლის თებერვლიდან გადასროლილ იქნა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტზე, ქალაქ იზიუმის მისადგომებთან. 1943 წლის ზაფხულში დივიზია, რომელშიც კონსტანტინე კეთილაზე მსახურობდა, მონაწილეობდა შეტევით ოპერაციებში, რომლებსაც საბჭოთა არმია ორიოლ-კურსკის ცნობილი ბრძოლების პარალელურად აწარმოებდა. 1943 წლის 18 ივლისს კონსტანტინე კეთილაძე დაიჭრა და სამკურნალოდ გაიგზავნა სამხედრო ჰოსპიტალში. გამოჯანმრთელების შემდეგ, 1943 წლის დეკემბერში, იგი კვლავ დაბრუნდა ფრონტზე და სამსახური განაგრძო გვარდიის მსროლელთა დივიზიის 60-ე პოლკში, უკრაინის მესამე ფრონტზე. მონაწილეობდა უკრაინის სამხრეთი რაიონების, კერძოდ, დნეპროპეტროვსკის, კრივოი როგისა და მოლდოვეთის გათავისუფლებაში. შემდგომში მონაწილეობდა გერმანელებისაგან რუმინეთის, ბულგარეთის, იუგოსლავიის, უნგრეთისა და ავსტრიის გათავისუფლებაში. სამხედრო სამსახური დაასრულა 1947 წლის მარტში, ავსტრიის ქალაქ გრაცში.

საბჭოთა არმიიდან დაბრუნებისთანავე, მუშაობა დაიწყო ქალაქ ტყიბულში საქართველოს რადიოს ადგილობრივი გადაცემების რწმუნებულის თანამდედობაზე, 1947 წლის დეკემბრიდან 1952 წლის 1 აპრილამდე კი მუშაობდა ქალაქ ტყიბულის რუსული საშუალო სკოლის დირექტორად.

1952 წლის აპრილში პარტიული ორგანოების მიერ სამუშაოდ გაგზავნილ იქნა უშიშროების სამინისტროს ორგანოებში, სადაც ათი წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე, კერძოდ: 1952 წლის აპრილიდან 1960 წლის მარტამდე — საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს ოპერრწმუნებულად, ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილედ, ცენტრალური აპარატის ოპერრწმუნებულად, უფროს ოპერრწმუნებულად და განყოფილების უფროსად.

1960 წლის 7 ივნისიდან კონსტანტინე კეთილაძე იყო აჭარის ასსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე, ხოლო 1962 წლის 27 მარტიდან 1965 წლის 28 აპრილამდე — აჭარის ასსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. 1965 წლის 28 აპრილიდან სამუშაოდ გადაიყვანეს თბილისის შს სამმართველოს უფროსად, ხოლო 1970 წლის 24 თებერვალს დაინიშნა საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. ამ თანამდებობაზე მან 1972 წლის 14 აგვისტომდე იმუშავა. 1972 წლის 14 აგვისტოდან 1979 წლის მაისამდე კონსტანტინე კეთილაძე იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი.

1965 წლის 28 აპრილიდან 1979 წლის 26 მაისამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლეგიის წევრი. 1979 წლის 29 მაისიდან 1981 წლის 22 სექტემბრამდე მუშაობდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობის პირველი განყოფილების უფროსად, ხოლო 1981 წლის 22 სექტემბრიდან დაინიშნა მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობის მეორე განყოფილების უფროსად.

კონსტანტინე კეთილაძე იყო საქარველოს კპ აჭარის საოლქო კიმიტეტის წევრი (01.12.1963 — 02.02.1966), საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის წევრი (11.02.1966 — 15.01.1971), საქართველოს კპ ცკ-ის წევრი (24.01.1976 — 27.01.1980), აჭარის აასრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (17.03.1963 — 19.03.1967), თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს XI და XII მოწვევების დეპუტატი (19.03.1967 — 13.06.1071), საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს VIII და IX მოწვევების დეპუტატი (19.11.1972 — 24.02.1980).

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობისას კონსტანტინე კეთილაძე იყო სპორტსაზოგადოება „დინამოს“ თავმჯდომარე.

კონსტანტინე კეთილაძე გარდაიცვალა 1996 წლის 20 სექტემბერს.

სპეციალური წოდებები

რედაქტირება
  • შინაგანი სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი (25.04.1975);
  • მილიციის III რანგის კომისარი (გენერალ-მაიორი) — (06.11.1970).

ჯილდოები და მედლები

რედაქტირება

შს ორგანოებში სამსახურის პერიოდში კონსტანტინე კეთილაძე წახალისებულ იქნა 17-ჯერ. დაჯილდოვებული იყო სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოთი, მათ შორის: საპატიო ნიშნის ორდენით, ღირსების ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება