იუვენტუსის ისტორია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იუვენტუსის ისტორია მოიცავს 110 წელზე მეტს, მას შემდეგ რაც დაარსდა ტურინში, იტალია. 1897 წელს დაარსებულმა კლუბმა სწრაფადვე გაითქვა სახელი და გახდა წარმატებული კლუბი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში.

ტრაპატონის დაბრუნება

რედაქტირება

1991 წლის ზაფხულში ჯამპიერო ბონიპერტიმ ჯიჯი მაიფრედის ადგილზე ჯოვანი ტრაპატონი მოიწვია. ხუთწლიანი განშორების შემდეგ ტრაპი დაუბრუნდა „ბებერ ქალბატონს“. ტრაპმა გუნდის გამარჯვების გზებზე დაბრუნება დაისახა მიზნად. „რომადან“ ახალგაზრდა მეკარე ანჯელო პერუცი გადმოვიდა. დაცვის ხაზი მასიმო კარერას შეძენით გაძლიერდა. ნახევარდაცვაში საინტერესო სახეები გამოჩნდნენ ანტონიო კონტეს და შტეფან როიტერის დამატებით. გუნდი დატოვა გერმანელმა ფორვარდმა თომას ჰესლერმა. სხვა ძირეული საკადრო გადანაცვლებები არ მომხდარა, ბირთვი იგივე იყო თითქმის. დაცვის ცენტრს ჟულიო სეზარის და იურგენ კოლერის ტანდემი ქმნიდა ხოლო შემტევი ტრიო რობერტო ბაჯოს, სალვატორე სკილაჩის და პიერლუიჯი კაზირაგის შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული.

ჩემპიონატმა სტარტი 1 სექტემბერს აიღო. კაზირაგის თავურით „იუვემ“ სადებიუტო შეხვედრაში „ფიორენტინა“ დაამარცხა. მომდევნო ტურში გასვლაზე ზდენეკ ზემანის „ფოჯა“ იქნა დამარცხებული. მიუხედავად „მილანთან“ საკუთარ კედლებში ჯანკარლო მაროკის ავტოგოლით გაშვებული გამარჯვებისა (1–1) სტარტი დამაჯერებელი გამოვიდა და მეხუთე ტურში „იუვენტუსი“ ერთპიროვნულად ლიდერობდა ცხრილს რვა ქულით. 13-ე ტურში ტრაპატონიმ თავის ყოფილ გუნდს „ინტერს“ უმასპინძლა, ლოთარ მათეუსის თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გატანილი გოლი არ ეყოთ მილანელ სტუმრებს შეხვედრის გადასარჩენად, „იუვემ“ 2–1 იმარჯვა. მოქმედ ჩემპიონ „სამპდორიას“ კრიზისი ჰქონდა და ქვედა ათეულში იმყოფებოდა ცხრილში. გათამაშებას ფაბიო კაპელოს „მილანი“ ლიდერობდა, „როსონერიმ“ ზედიზედ ექვს მატჩიანი მოგებათა სერია გამოცხო და ცხრილის პირველ პოზიციაზეც აღზევდა. შემოდგომის ჩემპიონიც „მილანი“ გახდა, კაპელოს გუნდი დაუმარცხებელი იყო. პირველი წრე გუნდმა სარეკორდო რაოდენობის ქულებით დაასრულა, 17 შეხვედრაში მათ 29 ქულა აიღეს. „იუვენტუსმა“ 26 მიითვალა აქტივში. აშკარა იყო, რომ სეზონის ბოლოს გამარჯვებული ამ ორ გუნდს შორის იქნებოდა.

მეორე წრეში მდგომარეობა თითქმის იგივე სცენარით გაგრძელდა, „იუვენტუსი“ საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა მაგრამ „მილანი“, რომელმაც დაუმარცხებლად გაიარა მთელი დისტანცია, მიუწვდომელი იყო. შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა „იუვემ“ სან სიროზე „ინტერთან“. იტალიის თასზე ნახევაფინალში ტრაპატონის გუნდმა „მილანის“ გაგდება შეძლო, მაგრამ ფინალი წააგო ნევიო სკალას „პარმასთან“. სერია A „ბებერმა ქალბატონმა“ მეორე ადგილზე დაასრულა. ჩემპიონ „მილანს“ ექვსი ქულით ჩამორჩა. მთლიანობაში სეზონი დამაკმაყოფილებად შეფასდა, რადგან ტრაპატონიმ მაიფრედის ჩაგდებული სეზონის შემდეგ კვლავ შეძლო „იუვენტუსის“ ჩვეულ დონეზე ათამაშება. თუმცა ამაზე გაჩერებას ჯანი ანიელი არ აპირებდა, გუნდის გაძლიერება აუცილებელი იყო, რადგან „მილანთან“ ბრძოლა მხოლოდ არსებული რესურსებით საკმაოდ რთული იქნებოდა. ხუთ წელზე მეტი იყო გასული უკანასკნელად მოგებული „სკუდეტოს“ შემდეგ, „იუვენტუსი“ მდგომარეობას არ ეგუებოდა და მხოლოდ უმაღლეს მიზანს ისახავდა. 1991-92 წლების სეზონში დაკავებული მეორე ადგილი გუნდს მომდევნო წელს უეფას თასის გათამაშებაში აძლევდა მონაწილობის უფლებას.

1992 წლის ზაფხული ნაყოფიერად გამოიყენა „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობამ სატრანსფერო ოპერაციებისათვის. იმ დროისათვის სარეკორდი თანხის £12.5 მილიონის სანაცვლოდ „სამპდორიამ“ თავისი ლიდერი ჯანლუკა ვიალი დაუთმო „ბებერ ქალბატონს“. ვიალის ტრანსფერისათვის „იუვენტუსს“ თანხის გარდა ოთხი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების დათმობაც მოუხდა გენუელთათვის, მათ შორის იყვნენ ეუჯენიო კორინი და მიკელე სერენა. გარდა ვიალისა ტრაპის თხოვნით კლუბმა „რეჯანადან“ ფაბრიციო რავანელი დაიმატა. ასევე ამავე ზაფხულს ჩაირიცხნენ მორენო ტორიჩელი, გერმანელი ანდრეას მიოლერი და ინგლისელი დევიდ პლატი. „ინტერში“ განათხოვრებული დინო ბაჯო უკან იქნა გამოძახებული. გუნდი დატოვეს სალვატორე სკილაჩიმ და თითიქმის დეკადის მანძილზე „იუვეს“ მთავარმა კარის დარაჯმა სტეფანო ტაკონიმ.

წარუმატებელი სეზონების შემდეგ „იუვენტუსს“ ევროპაში ხმაურიანი დაბრუნება სურდა ამიტომ უეფას თასის გათამაშებაზე გამოსვლამ მნიშვნელოვნად იმოქმედა გუნდის შედეგებზე სერია A-ში. მიუხედავად შემადგენლობის საგრძნობლად გაძლიერებისა ორ ფრონტზე ბრძოლა ტრაპატონის შეგირდებს გაუჭირდათ. სტარტზე რამდენიმე ფრე ითამაშეს და მეხუთე ტურში უკვე მდევრის როლში იყვნენ, ლიდერი კი ისევ და ისევ კაპელოს „მილანი“ იყო.

ზედიზედ ორ ტურში იუვენტუსმა ერთნაირი ანგარიშით 5–1 გაანადდგურა ჯერ „ანკონა“ შემდეგ „უდინეზე“. ამ შეხვედრებში ბრწყინავდა რობერტო ბაჯო. ტრაპატონი ექსპერიმენტებსაც ხშირად მიმართავდა, მაგალითისათვის ისიც კმარა რომ დინო ბაჯოს მარცხენა მცველად ათამაშებდა ხოლმე. ჩემპიონატში გადამწყვეტი ტური ახლოვდებოდა. „იუვენტუსს“ გათამაშების ლიდერი „მილანი“ უნდა მიეღო საკუთარ კედლებში და მოგების შემთხვევაში ჩამორჩენას მინიმუმადე დაიყვანდა. 29 ნოემბერს დელე ალპიზე „მილანმა“ მარკო სიმონეს გოლით სძლია „ბებერ ქალბატონს“. ამ შეხვედრაში „იუვეს“ აკლდა ბაჯო. გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი ჯანლუკა ვიალის მიეცა მეორე ტაიმში, მაგრამ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან „იუვეს“ მეცხრე ნომრის დარტყმული „მილანის“ კიპერმა სებასტიანო როსიმ მოიგერია. „მილანთან“ მარცხი და ექვს ქულამდე გაზრდილი სხვაობა ფსიქოლოგიურად რთული მისაღები აღმოჩნდა გუნდისთვის და მომდევნო ორი ტურიც დათმეს ტრაპატონის შეგირდებმა 0–2 „ფიორენტინასთან“ და 1–2 „ფოჯასთან“. ტრაპმა აღიარა რომ საჩემპიონო ბრძოლაში მათ თეორიული შანსებიღა ჰქონდათ და პრიორიტეტად უეფას და იტალიის თასებზე გამოსვლა დაისახა.

პირველი წრე მილანმა საოცარი სხვაობით მოიგო. გუნდმა 34 შესაძლებელდან 31 აიღო და ნახევარი დისტანცია, ისევე როგორც მთელი წინა სეზონი დაუმარცხებლად გაიარა. იუვემ მდგომარეობა მეორე წრეშიც ვერ გამოასწორა. 22-ე ტურში ტრაპის გუნდი მეექვსე პოზიციაზე იყო და პირველ ადგილთან 14 ქულას აგებდა. ზღაპრული თამაში აჩუქეს ეხბურთელებმა მაყურებლებს იუვე-ნაპოლი დაპირისპირებაში, მასპინძლებმა 4–3 იმარჯვეს. მომდევნო ტურში ბებერმა ქალბატონმა მილანის ინტერს უმასპინძლა. რუბენ სოსას და იგორ შალიმოვის გოლებით ინტერმა ისტორიული გამარჯვების მოპოვება შეძლო. ამ შეხვედრამდე, ლეგენდარული ელენიო ერერას დროიდან მოყოლებული 28 წლის მანძილზე ინტერი იუვეს ტურინში დამარცხებას ვერ ახერხებდა და ამ შავ სერიას წერტილი ოსვალდო ბანიოლიმ დაუსვა. მილანის პარმასთან მარცხის შემდეგ 58 მატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტის და მომდევნო ტურებში იუვენტუსის მიერ სან სიროზე როსონერის 3–1 დამარცხებით ჩემპიონატში ინტრიგა დაბრუნდა, მაგრამ ტრაპატონის გუნდი საკმაოდ ჩამორჩებოდა მილანს, კაპელოს გუნდის მდევარი ინტერნაციონალე იყო. მილანის დამარცხებაში წვლილი შეიტანეს ორი გოლით მიოლერმა და ერთით ბაჯომ, საბოლოო ანგარიში 3–1 დაფიქსირდა. დარჩენილ ტურებში დასამახსოვრებელი იყო ფიორენტინას განადგურება 3-0 სადაც რობერტო ბაჯომ თავის ყოფილ გუნდს გაუტანა პენალტიდან. იუვენტუსი უკვე მთლიანად უეფას თასზე იყო გადართული და ჩემპიონატის თამაშებს ნაკლები მოტივაციით ატარებდა. ამ სეზონში მილანის შეჩერება ვერავინ შეძლო. ტრაპატონის გუნდმა გათამაშება მეოთხე პოზიციაზე დაასრულა.

უეფას თასზე პირველივე ეტაპიდან იუვენტუსი საქმეს სერიოზულად მიუდგა. ადვილად იქნდა დაძლეული ანორთოსისის, პანათინაიკოსის და ოლომუცის ბარიერები. მეოთხედ ფინალში ლისაბონის ბენფიკას სძლია ტრაპატონის გუნდმა ორი მატჩის ჯამში. ნახევარფინალში ორივე შეხვედრა მოუგეს ფრანგულ პარისენჟერმენს. ფინალში იუვეს ოტმარ ჰიტცფელდის ბორუსია დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა დორტმუნდში გაუმართა. შეხვედრაში მასპინძლები დაწინაურდნენ მეორე წუთზე რუმენიგეს ბურთით, თუმცა ამის შემდეგ სადავეები სრულად ეპყრო ხელთ ბებერ ქალბატონს და პირველივე ტაიმში დინო და რობეტო ბაჯოს გოლებით მატჩის შემოტრიალება შეძლო გუნდმა. მეორე ტაიმში ბაჯო საბოლოო წერტილი დასვა შეხვედრაში 3-1. ტურინში განმეორებითი შეხვდერა უკვე თითქმის ფორმალობა იყო. დინო ბაჯომ ამჯერად დუბლით დაამახსოვრა თავი გულშემატკივარს. მესამე ბურთი ანდრეას მიულერმა გაუტანა თანამემამულეებს და იუვემ დამაჯერებლად 3-0 იმარჯვა. ტრაპმა ისტორიაში მესამედ მეაგებინა იუვენტუსს უეფას თასი. მთელი სეზონის მანძილზე და განსაკუთრებით გადამწყვეტ შეხვედრებში, მათ შორის უეფას თასის ფინალში ბრწყინვალე თამაშისათვის იუვენტუსის ლიდერმა რობერტო ბაჯომ წლის ბოლოს ფრანს ფუტბოლის ოქროს ბურთი მიიღო.

უეფას თასის მოგებაზე იუვენტუსი გაჩერებას არ აპირებდა. ახალ სეზონს ოპტიმიზმით ხვდებოდა რომ ბოლოს და ბოლოს მილანის ჰეგემონიის დამხობას შეძლებდა. პიერლუიჯი კაზირაგიმ, პაოლო დი კანიომ და დევიდ პლატმა გუნდი დატოვეს. იუვენტუსში მოვიდნენ ანჯელო დილივიო, ანდრეა ფორტუნატო, სერჯო პორინი და ახალგაზრდა იმედის მომცემი თავდამსხმელი ალესანდრო დელ პიერო.

ჩემპიონატმა სტარტი 29 აგვისტოს აიღო. პირვე ტურში ტრაპატონის გუნდმა კრემონეზე დაამარცხა 1-0. პირველი მარცხი უკვე მეორე ტურში იგემეს ტურინელებმა კარლო მაცონეს რომასგან. ყველაზე მტკივნეული ამ შეხვედრაში ჯანლუკა ვიალის დაშავება იყო, რომელიც გუნდს რამდენიმე თვით გამოაკლდა. მომდევნო ტურში დელე ალპის სამპდორია სტუმრობდა. მილანიდან მოულოდნელად გაშვებულმა რუუდ გულიტმა პირველ ტაიმში დააწინაურა გენუელები, მაგრამ ამის შემდეგ ანტონიო კონტეს, ანდრეას მიოლერის და რობერტო ბაჯოს გოლებით იუვემ მნიშვნელოვანი თამაში შემოატრიალა.

1993 წლის 19 სექტემბერს, იუვემ რეჯანას უმასპინძლა. აუტსაიდერი დიდი ანგარიშით 4-0 დაამარცხეს მასპინძლებმა. აღნიშნულ შეხვედრაში სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა ჯერ კიდევ თვრამეტი წლის ალესანდრო დელ პიერომ. ამავე ანგარიშით გაანადგურა ბებერმა ქალბატონმა ჯენოა. ამჯერად ბაჯოს ბენეფისი იყო. იუვეს მეათე ნომერმა სამი გოლი გაიტანა და სერია A-ში 100 გოლიან ზღვარს გადააბიჯა. მეათე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ზედა პოზიციებზე დიდი სიმჭიდროვე იყო. ხუთი გუნდი ერთი ქულიან სხვაობაში განლაგდა ერთმანეთისგან. იუვეს და მილანის გარდა, საკმაოდ დამაჯერებლად თამაშობდნენ ნევიო სკალას პარმა და სვენ გორან ერიქსონის სამპდორია. მომდევნო ტურებში ლიდერი რამდენიმეჯერ შეიცვალა. რომელიმე კლუბი წინ გაჭრას ვერ ახერხებდა. იუვემ პარმასთან დათმო გასვლაზე შეხვედრა 0-2. მომდევნო ტურებში რამდენიმე ფრე ითამაშა, მათ შორის სან სიროზე ინტერთან, სადაც 90-ე წუთზე საჯარომოს ხაზზე, დენის ბერგკამპის წინააღმდეგ დინო ბაჯოს მხრიდან მეტად საეჭვო სიტუაციაში დააფიქსირა მსაჯმა პენალტი, რომელიც თავის მხრივ რუბენ სოსამ გარდასახა გოლად.

პირველი წრის შედეგებით კვლავ მილანი იყო პირველ ადგილზე. მეორე წრის სტარტზე იუვეს გარკვეული პრობლემები ჰქონდა და 21-ე ტურამდე ვერ ახერხებდა გამარჯვების მოპოვებას. მილანმა ოთხ ქულიანი ჰანდიკაპი შეიქმნა, რაც უკვე სერიოზული განცხადი იყო ჩემპიონობაზე. ფოჯასთან მატჩის შემდეგ უმბერტო ანიელიმ საზოგადოებას იუვეს ახალი ვიცე-პრეზიდენტი წარუდგინა, ეს იყო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი რობერტო ბეტეგა.

1994 წლის 6 მარტს დელე ალპიზე იუვემ მილანი მიიღო და სტეფანო ერანიოს გოლით დამარცხდა, რამაც ფაქტობრივად დაასამარა საჩემპიონო იმედები, მილანი ევროპის დომნანტი ძალა იყო და მასთან ჭიდილი კვლავ აღემატებოდა იუვენტუსის ძალებს. 1994 წლის 20 მარტს იუვემ პარმას უმასპინძლა და 4-0 გაანადგურა. ეს იყო შეხვედრა როდესაც 19 წლის ალესანდრო დელ პიერომ პირველად მოირგი იუვენტუსის მეათე ნომერი და სამი გოლიც გაიტანა ხსენებულ შეხვედრაში.

იტალიის თასზე ადრეულ ეტაპზე გამოვარდა იუვე. უეფას თასის გათამაშებაშიც გაუწირდათ ტურინელებს ტიტულის შენარჩუნება. მეოთხედფინალში ტრაპატონის გუნდი კალიარიმ გამოთიშა ასპარეზობას. ტრაპმა სამი წლის მანძილზე მაქსიმუმი გააკეთა, გუნდს უეფას თასი მოაგებინა, ხოლო სკუდეტოს მოგება კაპელოს მილანის წლებში ეს გადაუჭრელ ამოცაონად დარჩა. სეზონის ბოლოს ლეგენდარული მწვრთნელი გულშემატკივრებს დაემშვიდობა. იუვენტუსში მნიშვნელოვანი ცვლილებების დრო დგებოდა. გუნდი 1986 წლიდან ვერ ახერხებდა იტალიის შემპიონის ტიტულის მოპოვებას და ამასთან შეგუებას არავინ არ აპირებდა.

მარჩელო ლიპი

რედაქტირება

1994 წელი ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი იყო იუვენტუსის ისტორიაში. ანიელების ოჯახმა კლუბი სამართავად რობერტო ბეტეგას, ლუჩანო მოჯის და ანტონიო ჯირაუდოს ჩააბარა. აღნიშნულმა ტრიომ, მიუხედავად იმისა რომ სკანდალურად დაასრულა საბოლოოდ მოღვაწეობა იუვენტუსში, გუნდს გრანდიოზული წარმატებები მოუტანა, როგორც იტალიის ფარგლებში ასევე მსოფლიო მასშტაბებით. ტრაპატონის ნაცვლად ტურინის იუვენტუსის თავკაცად მარჩელო ლიპი იქნა დანიშნული. ბევრისთვის უცნობმა სპეციალისტმა უდიდეს წარმატებებთან მიიყვანა იუვე. სატრანსფერო ბაზარზე იუვენტუსს კაშკაშა ვარსკვლავი არ შეუძენია. გუნდში რამდენიმე ახალი სახე გამოჩნდა. ჩირო ფერარა ლიპის ნაპოლიდან გამოყვა, დიდიე დეშანი მარსელის ოლიმპიკიდან გადმოვიდა, ლისაბონის სპორტინგიდან პაულო საუზა დაიმატა გუნდმა, აგრეთვე მოვიდნენ რობერტ იარნი და ახალგაზრდა ალესიო ტაკინარდი. კლუბი დატოვეს ანდრეას მიოლერმა, და დინო ბაჯომ. გუნდის შემტევი ტრიო იგივე იყო. ბაჯო, ვიალი და რავანელი კვლავინდებურად მთავარ დამრტყმელ ძალას წარმოადგენდნენ იუვენტუსის შეტევაში. თუმცა ახალგაზრდა ალესანდო დელ პიეროს ვარსკვლავიც ნელ ნელა ამოდიოდა და ლიპის პირველმა სეზონმა კიდე უფრო მეტად გაზარდა დელ პიეროს როლი იუვენტუსში.

1994-95 წლების სეზონიდან რეგლამენტში ცვლილება შევიდა. გამარჯვების შემთხვევაში გუნდებს 2-ის ნაცვლად 3 ქულა დაერიცხებოდათ. პირველ ტურში ბრეშასთან გასვლით შეხვედრაში კონტეს თავურით იუვენტუსი დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლებმა შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და ლიპის გუნდმა პირველი ორი ქულა დაკარგა. საწყის ტურებში ნაჩვენები შედეგები უკეთესის სურვილის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მე-6 ტურში ფოჯასთან გასვლითი შეხვედრა წააგო გუნდმა. ამას დაემატა რამდენიმე ფრედ ნათამაშები შეხვედრა და დაკარგული ქულები. შედეგად მე-11 ტურში ცხრილის პირვე პოზიციაზე პარმა იყო, რომელსაც იუვე ერთი ქულით ჩამორჩებოდა. წინა წლების ტრიუმფატორი მილანი კრიზისში იმყოფებოდა და ცხრილის ქვედა ნაწილში დასტაბილურდა. კრემონეზესთან სტუმრად მოგებულ შეხვედრაში ულამაზესი მაკრატელა გოლი გაიტანა ჯანლუკა ვიალი. ექს სამპდორიელს ლიპი ცენტრ ფორვარდად ათამაშებდა და ეს უკანასკნელიც კარგი შედეგიანობით გამოირჩეოდა. 30 ოქტომბერს მერვე ტურში, იუვენტუსმა მილანი მიიღო და 1-0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი რობერტო ბაჯომ გაიტანა. ამ გატანილი ბურთით იუვეს ლიდერმა მიშელ პლატინის გადაასწრო გატანილი გოლების რაოდენობით, ეს იყო ბაჯოს მიერ იუვენტუსის მაისურით გატანილი 104-ე გოლი.

12-ე ტურში ტურინში სათამაშოდ ფიორენტინა ჩამოვიდა. შეხვედრა სტუმრების უპირატესობით დაიწყო და მალე ისინი დაწინაურდნენ. მოგვიანებით ფლორენციელებმა ანგარიშის სხვაობა ორამდე გაზარდეს. ლიპის გუნდი არ დანებებულა, ბოლომდე იბრძოლა და ვიალის დუბლით შეხვედრა შემოატრიალა. მიმდინარეობდა შეხვედრის ბოლო წუთები როდესაც დელ პიერომ გრძელი დიაგონალური პასი მიიღო მეტოქის საჯარიმოში, ორი მცველი გარემოცვასი მყოფმა პინტურიკიომ ერთი შეხებით ულამაზესი ტრაექტორიით გადაგზავნა ბურთი ტოლდოს კარში. იუვემ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა აიღო. მომდევნო ტურში რომში ლაციოს დამარცხებაში ლომის წილი დაიდო ახალგაზრდა ფორვარდმა, მისმა ულამაზესმა წყვილმა გოლმა იუვნეტუსს სამი ქულა და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი მოუტანა. თუმცა ლიდერობა ხანმოკლე აღმოჩნდა. ჯენოასთან დელე ალპიზე დაკარგულმა ქულებმა ისევ ნევიო სკალას პარმა მოგვივლინა ცხრილის პირველ პოზიციაზე. გადამწყვეტი ურთიერთშეხვედრა ახლოვდებოდა. იუვე მდევრის როლში იყო. 8 იანვარს ენიო ტარდინიზე წარდგნენ გუნდები ერთმანეთის პირისპირ. ანგარიში პარმამ გახსნა. ექს იუვენტუსელმა და წინა ზაფხულს გუნდიდან გაშვებულმა დინო ბაჯომ დააწინაურა მასპინძლები. მეორე ტაიმში იუვემ საჩემპიონო თამაში აჩვენა და რავანელის დუბლით თამაშის მოგება შეძლო. ჭაღარა ფორვარდმა დუბლი მომდევნო ტურშიც გაახერხა და რომას 3-0 განადგურებაში დაეხმარა გუნდს. პირველი წრის ბოლო შეხვედრაში იუვემ მოულოდნელად 0-3 წააგო შეხვედრა სარდინიაზე კალიარის წინააღმდეგ. 26 თებერვალს, 21-ე ტურში იუვემ ურთულესი თამაში მოიგო გენუაში სამპდორიას წინააღმდეგ. შეხვედრის ერთადერთი გოლი ჯანლუკა ვიალიმ გაიტანა თავისი ყოფილი გუნდის კარში. დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვა იუვემ 2 აპრილს, სან სიროზე, მიუძლურებული მილანის წინააღმდეგ, ვიალის და რავანელის გოლებით 2-0. კაპელოს გუნდი 2 ოქტომბრიდან მოყოლებული ვერ ახერხებდა სახლში გამარჯვების მოპოვებას. მეორე წრეში პარმამ უკლო. სკალას გუნდმა ბევრი ქულა გაფანტა და ჩემპიონატის დასრულებამდე 10 ტურით ადრე იუვე სატურნირო ცხრილს ცხრა ქულიანი უპირატესობით ლიდერობდა. უპირატესობის გაზრდის შანსი გაუშვა ლიპის გუნდმა მომდევნო ტურში, როდესაც ტურინულ დერბიში ტორინოს ეთამაშებოდნენ. თუმცა პირველი წრის მსგავსად იუვემ მეორე დერბიც წააგო სეზონში. მიუხედავად ამისა სხვაობა შენარჩუნდა რამდენადაც, პარმამ საკუთარ კედლებში დათმო შეხვედრა მილანთან. 29 ტურის წინ იუვენტუსი შეძრა შემზარავმა ინფორმაციამ. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ პნევმონიით გარდაიცვალა იუვეს ახალგაზრდა 23 წლის მცველი ანდრეა ფორტუნატო. საჩემპიონო დავაში გადამწყვეტი 21 მაისს იუვეს და პარმას შეხვედრა აღმოჩნდა. ბებერმა ქალბატონმა უშანსოდ 4-0 გაანადგურა პარმა და 23 სკუდეტო მოიპოვა. ტურინელთაგან გოლები დეშანმა, ვიალიმ და ორჯერ რავანელიმ გაიტანეს.

იუვეს და პარმას დაპირისპირებამ 1994-95 წლების სეზონში ერთი ფრონტი არ იკმარა. სერია A-ში პირველი ადგილის დათმობისათვის პარმელებმა რევანში უეფას თასზე აიღეს. ამჯერადაც გაიტანა დინო ბაჯომ გოლი თავისი ყოფილი გუნდის კარში და იუვე 0-1 დამარცხდა ენიო ტარდინიზე გამართულ პირველ შეხვედრაში. განემეორებით მატჩში ვილიმ 33 წუთზე აღადგინა ორრაუნდიანი წონასწორობა მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა ისევ ყოფილმა იუვენტუსელმა დინო ბაჯომ თქვს. მეორე ტაიმში პარმას ნახევარმცველმა ანგარიში გაათანაბრა და უეფას თასი პარმას დარჩა. ტურინელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლო სიტყვა ამ დაუსრულებელ დაპირისპირებაში ისევ მათ თქვეს. ივნისის თვეში, იტალიის თასის ფინალში ისევ იუვე და პარმა გადეყარნენ ერთმანეთს და ამჯერად იუვემ დინო ბაჯოსგან გაშვებული გოლების გარესე შეძლო ორივე შეხვედრის მშრალად მოგება ისტორიაში მეცხრედ მოიპოვა იტალიის თასი.

სკუდეტოს მოგების შემდეგ ზაფხულში იუვენტუსმა რამდენიმე საკადრო გადაადგილება განახორციელა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი რობერტო ბაჯოს მილანში გაყიდვა იყო. ბოლო სეზონი ლეგენდარულ მეათე ნომერს არასრული ჰქონდა. ტრავმის გამო ბაჯომ რამდენიმე თვე გამოტოვა, ამან გაუხსნა გზა ძირითად შემადგენლობაში ახალგაზრდა ალესანდრო დელ პიეროს და სამომავლო პერსპექტივაში იუვენტუსის ხელმძღვანელობამ აქცენტი სწორედ პინტირიკიოზე გააკეთა შეელია რა ეპოქის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელს, მილიონობით გულშემატკივრს კერპს - ბაჯოს. ახალწვეულთა შორის იყვნენ ვლადიმერ იუგოვიჩი, ატილიო ლომბარდო და პიეტრო ვერხოვოდი. ეს ტრიო ლიპიმ გენუის სამპდორიადან გადაიბირა. მათ გარდა გუნდში მოვიდა მიკელე პადოვანო. იუვეს გამოემშვიდობნენ მცველები ხორვატი რობერტ იარნი და გერმანელი იურგენ კოლერი. გუნდის ბირთვი შენარჩუნდა და ლიპი შეტევაში აქცენტს ვიალი, რავანელი, დელ პიეროს ტრიოზე გააკეთა.

ტიტულის შენარჩუნება საგრძნობლად გაუჭირდებოდა ბებერ ქალბატონს. ჩაგდებული სეზონის შემდეგ მილანმა მნიშვნელოვნად გააძლიერა თავის რიგები ბაჯოს და ვეას შეძენით. მილანის ინტერნაციონალეში ახლად დანიშნულ მასიმო მორატის დიდი ამბიციები ჰქონდა და გუნდის გასაძლიერებლად გაუგონარ თანხებს ხარჯავდა. გაძლიერდნენ სხვა გუნდებიც, მათ შორის კალიარი ჯოვანი ტრაპატონის მისვლით, პარმა ხრისტო სტოიჩკოვის გადაბირებით, დიდ ძალას წარმოადგენდნენ ზემანის ლაციო, ერიქსონის სამპდორია, რანიერის ფიორენტინა და მაცონეს რომა. სერია A თავის საუკეთესო წლებს ითვლიდა.

სასტარტო სამ ტურში იუვემ ქულათა მაქსიმუმის აღება შეძლო. აშკარა იყო რომ მთავარი კონკურენტი ფაბიო კაპელოს მილანი იქნებოდა რომელსაც ასევე დამაჯერებელი სტარტი ჰქონდა და თვით რობერტო ბაჯოს სასტარტოდან ამოვარდნის მიუხედავად შეტევაში ვეას, სავიჩევიჩის და სიმონეს ტრიოთი დიდ ძალას წარმოადგენდა და საკმაოდ მრისხანედ გამოიყურებოდა. 15 ოქტომბერს მე-6 ტურში გუნდები ერთმანეთის პირისპირ სანსიროზე წარდგნენ. მარკო სიმონეს ჯარიმით მილანი დაწინაურდა, მოგვიანებით ჟორჟ ვეას საჯარიმოში შეჭრა ვერ შეაჩერეს ტურინელმა მცველებმა და მილანის უპირატესობა ორბურთიანი გახდა. მეორე ტაიმში დელ პიერომ ანგარიშის გაქვითვა შეძლო. ბოლო წუთებზე იუვეს თამაშის გადარჩენის შანსი მიეცა მაგრამ სერჯო პორინიმ ვერ გამოიყენა შესაძლებლობა, მილანმა უმნიშვნელოვანეს თამაშში იმარჯვა. მომდევნო გასვლითი შეხვედრა ლიპის გუნდმა ლაციოსთან წააგო გამანადგურებელი ანგარიშით 0-4 და სატურნირო ცხრილში 8 ტურის შემდეგ იუვე მეექვსე იყო, თუმცა ჩამორჩენა ლიდერებისგან არც ისე დიდი ჰქონდათ.

მდგომარეობა გართულდა მომდევნო ტურში როდესაც გერმანელი ოლივერ ბირჰოფის გოლით გუნდმა უდინეშიც დათმო შეხვედრა, ჩამორჩენა ექვს ქულამდე ავიდა რაც უკვე საგანგაშო იყო. დელე ალპიზე ფიორენტინას დამარცხებით და ტორინოს 5-0 განადგურებით იუვე დაუბრუნდა საჩემპიონო რბოლას. ტურინულ დერბიში ჰეტტრიკის გახერხება შეძლო ჯანლუკა ვიალიმ. 17 დეკემბერს ასევე ვიალის გოლით დაამარცხა იუვემ როი ჰოჯსონის ინტერი 1-0.

პირველი წრის გამარჯვებული მილანი გამოვიდა, მის გარდა ბებერი ქალბატონი ნევიო სკალას პარმას და ფიორენტინას ჩამორჩებოდა სატურნირო ცხრილში. 23-ე ტურში ლიპის გუნდს შანსი ჰქონდა ჩამორჩენა სამი ქულით შეემცირებინა გათამაშების ლიდერ მილანთან ურთიერთ შეხვედრაში დელე ალპიზე მაგრამ ანტონიო კონტეს გოლს ახლად გამომცხვარმა ოქროს ბურთის მფლობელმა ჟორჟ ვეამ აუღებელი თავურით უპასუხა და შეხვედრა 1-1 დასრულდა.

მეორე წრეში უკლო პარმამ. აშკარა პრობლემები ჰქონდა წინა წლის ოქროს ბურთის მფლობელ ახალწვეულს ჰრისტო სტოიჩკოვს. კალუდიო რანიერის ფიორენტინა, რომლის შემადგენლობაში ბრწყინავდნენ ბატისტუტა და რუი კოშტა, ყველაზე ახლოს იყო ლიდერ მილანთან. მილანურ დერბიში ინტერთან 0-1 დამარცხების შემდეგ თითქოს ინტრიგა გაცოცხლდა გათამაშებაში. მაგრამ მომდევნო ტურებში პარმას 3-0 და პანუჩის გოლით ნაპოლის 1-0 დამარცხების შემდეგ ინტრიგა თითქმის მოკვდა. 3 ტურით ადრე ჩემპიონატის დასრულებამდე იუვენტუსი მილანს ექვსი ქულით ჩამორჩებოდა და მარჩელო ლიპიმ აღიარა რომ ჩემპიონის ტიტულს გუნდი დიდი ალბათობით დათმობდა. 32-ტურში რომში კარლო მაცონეს რომასთან 2-2 დაასრულა შეხვედრა იუვემ, ულამაზესი გოლი გაიტანა პადოვანომ ოცდათხუთმეტი მეტრიდან. ამასობაში სანსიროზე მილანმა 3-1 სძლია ფიორენტინას და ისტორიაში მეთხუთმეტედ დაეუფლა სკუდეტოს.

გაცილებით უკეთ ჰქონდა გუნდს მდგომარეობა ევროპაში. ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფურ ეტაპზე ბებერი ქალბატონი დორტმუნდის ბორუსიასთან, გლაზგო რეინჯერსთან და ბუქარესტის სტიაუასთან მოხვდა. პირველ ოთხ შეხვედრაში დამაჯერებლად, დიდი ანგარიშებით იმარჯვა ლიპის კრებულმა. აშკარა იყო რომ 8 წლიანი ლოდინის შემდეგ სკუდეტოს მოგებით იუვეს მთავარ პრიორიტეტად ევროპის უპრესტიჟულეს გათამაშებაში ხმაურიანი დაბრუნება იყო. საკუთარ კედლებში დორტმუნდელებთან მარცხის მიუხედავად იუვემ ჯგუფის მოგება საკმაოდ ადვილად მოახერხა. მეოთხედ ფინალში ტურინელებს მეტოქედ მადრიდის რეალი ერგოთ. მადრიდში პირველი შეხვედრის 0-1 წაგების შემდეგ, განმეორებით მატჩის 2-0 მოგება შეძლო იუვემ. ნახევარფინალში მძიმე გამოცდის ჩაბარება მოუხდათ ფრანგული ნანტის წინააღმდეგობის დასაძლევათ 2-0, 2-3. ფინალში ლიპის გუნდს ოთხმოცდაათიანი წლების ერთ-ერთი უძლიერესი კოლექტვი, ლუის ვან გაალის აიაქსი ეცილებოდათ ტიტულს. შეხვედრა იტალიაში, რომის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა. მეთორმეტე წუთზე ფავრიციო რავანელიმ ისარგებლა დებურის და ვანდერსაარის უყურადღებობით და მახვილი კუთხიდან ანგარიში გახსნა. ორმოცდამეერთე წუთზე, ამსტერდამელთა მოწოდებული ჯარიმა ანჯელო პერუციმ უხერხულად მოიგერია, ბურთი საჯარიმოში მდგომ ფინელ იარი ლიტმანენს მიუგორდა და ამ უკანასკნელმაც ახლო მანძილიდან დარტყმულით ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში ისევე როგორც დამატებით ტაიმებში გუნდებს კარის აღების რამდენიმე შანსი ჰქონდათ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. გამარჯვებულის ვინაობა მატჩის შემდგომ თერთმეტმეტრიანების სერიას უნდა გამოევლინა. ედგარ დავიდსის და სონი სილოის გაცუდებული პენალტების შემდეგ, ვლადიმერ იუგოვიჩმა გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი გაიტანა და იუვენტუსი ისტორიაში მეორედ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგას.

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, 1996 წლის ზაფხულში მარჩელო ლიპიმ რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელთან განშორება გადაწყვიტა. კლუბი დატოვა იუვენტუსის რამდენიმე ლიდერმა. ჯანლუკა ვიალი ჩელსიში გადავიდა, ფაბრიციო რავანელი მიდლსბროში, პაულო სოუზა დორტმუნდის ბორუსიაში. ადგილსამყოფელი გამოიცვალეს აგრეთვე ჯანკარლო მაროკიმ, პიეტრო ვერხოვოდმა და მასიმო კარერამ. მათ ნაცვლად პერპექტიული ახალგაზრდები დაიმატა გუნდმა. რომელთაგან უმრავლესობამ უდიდეს აღიარებებს მიაღწია მომდევნო წლებში. ახალწვეულთაგან აღსანიშნავი იყო ბორდოდან ზინედინ ზიდანის შეძენა £3 მილიონად, ატალანტადან ნიჭიერი ახალგაზრდა ფორვარდის კრისტიან ვიერის დამატება, ლაციოდან ალენ ბოკშიჩის გადმოყვანა. იუვენტუსში ჩაირიცხნენ აგრეთვე პაოლო მონტერო და მარკ იულიანო და ნიკოლა ამორუზო.

სკუდეტოსათვის უშეღავათო ბრძოლას გვპირდებოდა ახალი სეზონი. ინტერნაციონალემ მწვრთნელად როი ჰოჯსონის მოწვევის შემდეგ შემადგენლობაც საგრძნობლად გააძლიერა იური ჯორკაეფით, ივან სამორანოთი და არონ ვინტერით. ჩემპიონ მილანში კაპელოს წასვლის შემდეგ ოსკარ ტაბარესზე დიდ იმედებს ამყარებდა ხელმძღვანელობა. პირველ წრეში რამდენიმეჯერ შეიცვალა ლიდერი. კონკურენტუნარიან თამაშს აჩვენებდა მილანის ინტერი, საკმაოდ მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობდა გენუის სამპდორია ახალგაზრდა ვინჩენცო მონტელათი შეტევაში, ანგარიშ გასაწევი ძალა იყო კარლო ანჩელოტის პარმა. მაგრამ მთლიანობაში იუვენტუსის უპირატესობა საგრძნობი იყო, განსაკუთრებით იმ ფონზე რომ გრანდიოზული წლების შემდეგ მილანს სერიოზული, უმწვავესი კრიზისი ჰქონდა და გუნდს პირველ ათეულში უჭირდა მოხვედრა. ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა დეკემბერში საბოლოოდ დამკვიდრდა სატურნირო ცხრილის სათავეში.

ევროპის სუპერთაზე იუვენტუსს ფრანგულ პარისენჟერმენთან მოუხდა უძლიერესის ვინაობის გარკვევა. პირველ შეხვედრაში ტურინელებმა ქვა ქვაზე არ დატოვეს მეტოქისაგან პარკ დე პრენსზე 6-1. განმეორებითი შეხვედრა პალერმოში ჩატარდა, იუვემ ამ თამაშშიც გაანადგურა ფრანგული კლუბი და დაეუფლა ევროპის სუპერთასს. 1996 წლის 26 ნოემბერს ლიპის კრებულმა, ტოკიოში საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში არგენტინულ რივერპლეიტს ალესანდრო დელ პიეროს მატჩის მიწურულს გატანილი დაუვიწყარი გოლით მოუგო და შეიქმნა მსოფლიოს ჩემპიონი კლუბებს შორის. სერია A-ში მეორე წრეც დამაჯერებლად განვლო გუნდმა. ყველაზე დასამახსოვრებელი 6 აპრილს, 26 ტურში სანსიროზე არგიგო საკის მიუძლურებული მილანის ისტორიული ანგარიშით 6-1 განადგურება იყო. ჩემპიონობა ბებერმა ქალბატონმა ატალანტასთან ფრედ 1-1 ნათამაშევი შეხვედრის მერე მოიპოვა. იუვენტუსი ოცდამეოთხედ დაეუფლა სკუდეტოს. ევროპაში ბადალი არ ჰყავდა გუნდს. ძალიან ძნელად თუ მოისაზრებოდა რომელიმე კლუბი ლიპის გუნდის გამჩერებლად. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მანჩესტერ იუნაიტედთან, ფენერბახჩესთან და ვენის რაპიდთან ძალიან ადვილად გამოვიდა გამარჯვებული. აღსანიშნავია ინგლისის მოქმედი ჩემპიონის ორივე შეხვედრაში დამარცხება. მეოთხედფინალში იუვენტუსმა ჭკუა ასწავლა მილანის ჯგუფში ჩამტოვებელ როსენბორგს. საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა ნახევარფინალში ამსტერდამის აიაქსს ორივე შეხვედრაში 4-1, 2-1 და ფინალში, მიუნხენის ოლიპიაშტადიონზე, მას ოტმარ ჰიტცფელდის დორტმუნდის ბორუსია ელოდებოდა. შეხვედრაში იუვენტუსი ფავორიტად ითვლებოდა. დამაჯერებელი სეზონის მერე ყველა გამარჯვების მოლოდინში იყო. ზედიზედ მეორე გამარჯვების ჩემპიონთა ლიგაში. მაგრამ 28 მაისის საღამოს საფეხბურთო ფორტუნა გერმანელთა მხარეს იყო. კარლ ჰაინც რიდლეს 5 წუთში გატანილი ორი გოლის შემდეგ ტურინელები ფსიქოლოგიურად გატყდნენ. გუნდმა ბოლომდე იბრძოლა. მეორე ტაიმში ლიპიმ მოედანზე ახლად ტრავმამოშუშებული ალსანდრო დელ პიერო გამოუშვა. მიმდინარეობდა 64 წუთი როდესაც ალენ ბოკშიჩი დორტმუნდელთა საჯარიმოში შეიჭრა და დელ პიეროს უზადო პასი გაუკეთა. იუვეს მეათე ნომერმა ულამაზესი ილეთით, ქუსლით შეძლო ბურთის კარის ბადეში გადაგზავნა. ანგარიშის გაქვითვამ იუვენტუსს შანსები გაუზარდა შეხვედრის გადასარჩენად, მაგრამ იმ დღეს ტურინელებს მოგება არ ეწერათ. ლეგენდარულმა ოტმარ ჰიტცფელდმა ახალგაზრდა ლარს რიკენი გამოუშვა მოედანზე, რომელმაც შემოსვლიდან დაახლოებით 19 წამში ბურთთან პირველივე შეხება გოლით დაასრულა, გადაუგდო რა წინ გამოსულ პერუცის თავზე ბურთი. იუვე დამარხდა ღირსეულ მეტოქესთან.

1997 წლის ზაფხულში იუვენტუსის შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადახალისდა. გუნდი დატოვეს ალენ ბოკშიჩმა, ვლადიმერ იუგოვიჩმა, ატილიო ლომბარდომ, მიკელე პადოვანომ, სერჯო პორინიმ. $24 მილიონად მადრიდის ატლეტიკოში გადავიდა კრისტიან ვიერი. ახალწვეულთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ფილიპო ინძაგის გადმოყვანა ატალანტადან $12 მილიონად. პიპოს გარდა გუნდში ლიპიმ მოიყვანა ალესანდრო ბირინდელი, დანიელ ფონსეკა, ფაბიო პეკია, მარსელო სალაიეტა. მოგვიანებით დეკემბერში, იუვენტუსის ისტორიაში პირველად კლუბში ჩაირიცხა ნიდერლანდელი ფეხბურთელი ედგარ დავიდსი.

ბიანკონერის წინ ურთულესი სეზონი ელოდა. მილანის ინტერნაციონალეს პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ათეულობით მილიარდი ლირა დახარჯა კლუბის გასაძლიერებლად. ახალი მწვრთნელის ლუიჯი სიმონის დანიშვნის შემდეგ ინტერმა რამდენიმე მსოფლიო დონის ფეხბურთელი დაიმატა. მათ შორის უმთავრესი იყო ბარსელონადან ბრაზილიელი ფენომენის რონალდოს გადმოყვანა სარეკორდო $37 მილიონად. ცხადი იყო რომ იუვენტუსს ტიტულის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებოდა.

1997-98 წლების სეზონი ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური იყო სერია A-ს ისტორიაში. ყურადღების ცენტრში რამდენიმეჯერ მოხვდა იუვენტუსი, მიკერძოებული მსაჯობის გამო. სტარტზე ლიპის გუნდს რტული გასვლითი თამაშები ჰქონდა მათ შორის ზდენეკ ზემანის რომასთან. იუვემ რამდენიმე ფრე ითამაშა, მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და ინტერს, რომელსაც ოთხი თამაშიდან 100% შედეგი ჰქონდა, წინ გაჭრის საშუალება მისცა.

მეორე წრეში ლიპის გუნდმა ნელ-ნელა გაზარდა უპირატესობა. 23 ტურში ინტერი რომში სვენ გორან ერიქსონის ლაციოსთან განადგურდა 0-3 და მეორე ადგილიც დაუთმო ბიანკოჩელესტეს, თუმცა დროებით. სკუდეტოსათვის გადამწყვეტი ბრძოლა 26 აპრილს ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, დელე ალპიზე შედგა. სკანდალური მატჩი, რომელმაც არნახული მითქმამოთქმა გამოიწვია იტალიაში იუვენტუსის გამარჯვებით 1-0 დასრულდა. ერთადერთი გოლი ალესანდრო დელ პიერომ გაიტანა. იუვეს მეათე ნომერი მარცხენა ფრთიდან შეიჭრა ინტერის საჯარიმოში, მოხდენილად აუარა გვერდი მეტოქის მცველს და პალიუკას შანსი არ დაუტოვა.

შეხვედრამ სკანდალური ხასიათი მას შემდეგ მიიღო როდესაც მთავარმა არბიტრმა პიერო ჩეკარინიმ რონალდოს წინააღმდეგ მარკ იულიანოს ბლოკირება არ დააფიქსირა იუვენტუსის საჯარიმოში. აშკარა პენალტის არ დანიშვნის შემდეგ რამდენიმე წამში იუვენტუსის კონტრშეტევა განვითარდა. ალესანდრო დელ პიერო ინტერის საჯარიმოში მცველთან მცირე კონტაქტის შემდეგ საეჭვოდ წაიქცა და მსაჯმა არ დააყოვნა პენალტის დადება. ინტერის მთელი შემადგენლობა მიიჭრა მსაჯთან და გააპროტესტა ორმაგი სტანდარტებით ქმედებები მაგრამ ამაოდ. სამართალმა პური მაინც ჭამა. პალიუკამ დელ პიეროს ჰიპნოტიზირება შეძლო და თერთმეტმეტრიანი მოიგერია. ამ გამარჯვების შემდეგ იუვენტუსს სკუდეტო ხელიდან აღარ გაუშვია. ჩემპიონობა ბოლო ტურში ბოლონიას 3-2 დამარცხებით გაიფორმა ბიანკონერიმ.

ჩემპიონთა ლიგაშიც საკმაოდ წარმატებული სეზონი ჰქონდა იუვენტუსს. ჯგუფურ ეტაპზე მანჩესტერ იუნაიტედთან, ფეინოორდთან და კოშიცესთან მოხვდა ლიპის გუნდი. ნიდერლანდებშიში და ინგლისში წაგებულმა შეხვედრებმა იუვენტუსის პლეიოფში გასვლის შანსები ძალზედ შეამცირა, ჯგუფში მოერე ადგილის დაკავება არ იძლეოდა შემდეგ ეტაპზე გასვლის გარანტიას. საჭირო იყო ექვსი ჯგუფის მეორე ადგილოსნებს შორის საუკეთესო ორეულში მოხვედრა. ლიპის გუნდს იღბალი დაეხმარა და ბოლო ტურში უმოტივაციო მანჩესტერის 1-0 ძლევის პარალელურად საბერძნეთში ოლიმპიაკოსმა ბოლო წუთებზე გაუთანაბრა ანგარიში ნორვეგიის როსენბორგს და იუვენტუსი სასწაულებრივად გავიდა მეოთხედფინალში. პლეიოფის პირველ დაპირისპირებაში ლიპის გუნდს ძალიან გაუჭირდეა კიევის დინამოსთან. დელე ალპიზე შეხვედრა 1-1 დასრულდა, ხოლო განმეორებით თამაშში ინძაგის და დელ პიეროს მეცადიენობით ტურინელებმა კერკეტი კაკალი მეორე ნახევარში გატეხეს საბოლოოდ 4-1. ნახევარფინალში ფრანგული მონაკოს დელე ალპიზე 4-1 გაცამტვერების შემდეგ, განმეორებითში 2-3 მარცხიც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის რომ იუვენტუსს ზედიზედ მესამედ ეთამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. 1998 წლის 20 მაისს, ამსტერდამ არენაზე ბებერ ქალბატონს ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი მადრიდის რეალი დაუპირისპირდა. ფავორიტად იუვე ითვლებოდა. იუპ ჰაინკენსის გუნდს არასტაბილური თამაში ჰქონდა, რეალის ფინალში გასვლის მიუხედავად ხელმძღვანელობა მწვრთნელის საქმიანობით მაინც უკმაყოფილო იყო და სეზონის ბოლოს ემშვიდობებენენ გერმანელ სპეციალისტს. მიუხედავად ამისა მადრიდის რეალმა ერთ კონკრეტულ შეხვედრაში იუვენტუსთან მთელი თავის მაღალი კლასის დემონსტრირება შეძლო. არ წაუვიდა თამაში იუვეს ლიდერებსაც, ზიდანს, დელ პიეროს და ინძაგის საკმაოდ ცუდი შეხვედრა ჰქონდათ. მთლიანობაში მატჩი საკმაოდ არასანახაობრივი გამოდგა და ერთადერთი გოლი პრედრაგ მიატვიჩმა გაიტანა 67 წუთზე, მას შემდეგ რაც რობერტო კარლოსის უძლიერესი დარტყმული პაოლო მონტეროსგან რიკოშეტით სერბთან მიგორდა საჯარიმოში. იუვემ ზედიზედ მეორედ წააგო ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მაგრამ სეზონი მაინც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. კლუბმა 25-ე სკუდეტოს მოპოვება შეძლო და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო გათამაშების ფინალში ითამაშა ღირსეულად.

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთში ჩეზარე მალდინის ხუთი იუვენტუსელი ჰყავდა ოცდაორკაციან განაცხადში. საყოველთაო ყურადღების ცენტრში იუვენტუსის ლიდერი ალესანდრო დელ პიერო იყო, რომელსაც კლუბში ჩატარებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ ბევრი მუნდიალზე გაბრწყინებას უწინასწარმეტყველებდა. სასტარტო შეხვერდა ტრავმის გამო გამოტოვა პინტურიკიომ. მომდევნო თამაშებში ძირითადად მას ანდობდა ადგილს სასტარტოში მწვრთნელი თუმცა დელ პიერო ძალზედ სუსტად გამოიყურებოდა და მის ნაცვლად მეორე ნახევარში შემოყვანილი რობერტო ბაჯო ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ნაკრებში. გადამწყვეტ შეხვედრაშიც ეს სცენარი გათამაშდა, ბაჯო სათადაროგოზე დასვა მალდინიმ ხოლო დელ პიერო პირველივე წუთებიდან გამოიყვანა საფრანგეთის წინააღმდეგ. რობერტო 67 წუთზე შემოვიდა აღნიშნულ შეხვედრაში სკუადრა აძურას ყველაზე სახიფათო მომენტიც მან შექმნა. დელ პიერომ ვერ გაამართლა მასზე გაცემული ავანსები. მან გულშემატკივარს თავი ვერაფრით დაამახსოვრა. იტალია მეოთხედფინალში გამოეთიშა ასპარეზობას.

სკუდეტოს მომგებ და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამსვლელ გუნდს ხელმძღვანელობის აზრით რადიკალური ცვლილებები არ ესაჭიროებოდა. სატრანსფერო ბაზარზე იუვენტუსმა უმნიშვნელო გარიგებები მოახდინა. ფიორენტინაში გაყიდა მორენო ტორიჩელი და ახალგაზრდა ხორვატი იგორ ტუდორი დაიმატა ჰაიდუკიდან. სერია A-ში კონკურენცია გაზრდილი იყო წინა წელთან შედარებით. მილანის ინტერნაციონელემ ბოლონიიდან რობერტო ბაჯო დაიმატა და ბაჯო რონალდოს მრისხანე ტანდემის შექმნის შემდეგ ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად ითვლებოდა. გადახალისდა მილანიც. ახალი მწვრთნელის ალბერტო ძაკერონის და უდინეზელი ოლივერ ბირჰოფის მოსვლის შემდეგ როსონერიც ჩაება საჩემპიონო ბრძოლაში ახალი სეზონიდან.

სტარტი არადამაჯერებელი ჰქონდა ბებერ ქალბატონს. პირველ ტურში დიდი გაჭირვებით დაამარცხეს სტუმრად პერუჯა. პირველი მარცხის გემო ლიპის შეგირდებმა უკვე მესამე ტურში გასინჯეს. 8 ნოემბერს, მერვე ტურში უდინეზესთან შეხვედრაში უმძიმესი ტრავმა მიიღო ალესანდრო დელ პიერომ და გუნდს მთელი სეზონით დააკლდა. ლიდერის დაკარგვა უპირველეს ყოვლისა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო რთული მისაღები გუნდისთვის, მით უმეტეს ბოლო სეზონის შემდეგ როდესაც დელ პიერო უგოლოდ ძალიან იშვიათად გადიოდა მოედნიდან. ამასთან აშკარა იყო რომ ტრიუმფალური სეზონების შემდეგ ბებერ სინიორას აშკარა დაღმასვლა ჰქონდა და ეს გარდაუვალი იყო. გუნდი ზედიზედ სამი სეზონის მანძილზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ახერხებდა თამაშს და უკანასკნელი ოთხი სეზონიდან სამჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი.

სერია A-ს სერჯიო კრანიოტის ინვესტიციებით გაძლიერებული რომის ლაციო ლიდერობდა. მისი მთავარი კონკურენტი მილანი იყო. იუვენტუსს პრობლემები ჰქონდა და უეფას თასის ზონაში დასტაბილურდა. ჩემპიონთა ლიგაზე კლუბი როსენბორგთან, ბილბაოს ატლეტიკთან და გალათასარაისთან მოხვდა. პარადოქსული ხუთჯერ ნათამაშები ფრის შემდეგ, ბოლო ტურში საკუთარ კედლებში როსენბორგის დამარცხებით იუვემ მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. იტალიის ჩემპიონატში უჩვეულოდ სუსტად გამოდიოდა ლიპის გუნდი. იუვემ მტკივნეული დამარცხებები განიცადა ბოლონიასთან, ლაციოსთან, ფიორენტინასთან, კალიარისთან. 7 თებერვალს მეოცე ტურში, პარმასთან დელე ალპიზე წაგებული შეხვედრის შემდეგ მარჩელო ლიპი პოსტიდან გადადგა. მის ადგილას ხელმძღვანელობამ კარლო ანჩელოტი მიიწვია.

კარლო ანჩელოტი

რედაქტირება

იუვენტუსი 1998-99 წლების სეზონის მეორე ნახევარში საშინელ კრიზისში იყო. გუნდი ოთხეულში ვერ ახერხებდა გასვლას რაც ჩემპიონთა ლიგის საგზურს იძლეოდა. ახლად დანიშნულ გამოუცდელ კარლო ანჩელოტის მეტისმეტად გაუჭირდა შედეგების გაუმჯობესება. კლუბს ვერც იანავარში მონაკოდან შეძენილმა ტიერი ანრიმ უშველა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე რამდენიმე დასამახსოვრებელი შეხვედრა მაინც გამართა ბებერმა ქალბატონმა. პლეიოფში ლიპის გუნდს პირეოსის ოლიმპიაკოსი დაუპირისპირდა. ურთულეს ორაუნდიან დუელში იუვენტუსი ანტონიო კონტეს გოლმა იხსნა საბრძნეთში ლიგიდან გავარდნისაგან.

ბერძნული ბარიერის დაძლევის შემდეგ ნახევარფინალში ანჩელოტის შეგირდებს მანჩესტერ იუნაიტედი ერგოთ კენჭისყრით. ალექს ფერგიუსონის გუნდი ბრწყინვალე სეზონს ატარებდა. შეუჩერებელი იყო იორკი კოულის ტანდემი. პირველ შეხვედრში ოლდ ტრაფორდზე კარლო ანჩელოტიმ ნახევარდაცვის გაძლიერების ხარჯზე მეტისმეტად ჩაკეტილი თამაში დაუპირისპირა ინგლისელებს. 25 წუთზე ანტონიო კონტემ ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ იუვე გმირულად იბრძოდა და იგერიობდა მასპინძელთან გააფთრებულ იერიშებს. იუნაიტედის ფეხბურთელებმა გასაღები მხოლოდ ბოლო წუთებზე მოარგეს იუვეს კარს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში უელსელმა რაიან გიგსმა ანგარიში გაათანაბრა და მანჩესტერს შანსი დაუტოვა. განმეორებით შეხვერდაში იუვენტუსი დებიუტშივე დაწინაურდა ინძაგის დუბლით, თუმცა ამან ცუდი სამსახური გაუწია ბიანკონერის. მანჩესტერს დებიუტშივე მოეჭრა ყველა უკან დასახევი გზა და უკან მოუხედავ შეტევებსი გადავიდა. იუვენტუსის მორყეულმა დაცვის რგოლმა ვერ გაუძლო წითელი ეშმაკების მასირებულ სტურმებს და როი კინმა და დუაიტ იორკმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს ანგარიში. „ბებერ ქალბატონს“ შეტევების ორგანიზებისათვის აღარც მორალური და აღარც ფიზიკური ძალები აღარ ჰქონდა. წერტილი შეხვერდას ენდი კოულმა დაუსვა ოთხმოცდამეოთხე წუთზე და მანჩესტერმა 3-2 გაიმარჯვა.

სერია A ში საბოლოოდ 54 ქულა აიღო იუვენტუსმა, 16ით ნაკლები ვიდრე ჩემპიონმა მილანმა. ამ შედეგით ანჩელოტის გუნდმა 5-7 ადგილები გაიყო რომასთან და უდინეზესთან. კლუბს მხოლოდ ინტერტოტოს თასზე გამოსვლით მოუწევდა დაკმაყოფილება.

1999 წლის ზაფხულში კარლო ანჩელოტიმ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განახორციელა. იუვენტუსის რიგებში ჩაირიცხნენ - დარკო კოვაჩევიჩი რეალ სოსიედადიდან ($19), ჯანლუკა ძამბროტა ბარიდან (€16), ედვინ ვან დერ საარი და სანდეი ოლისე აიაქსიდან, ჯონათან ბაკინი უდინეზედან. გუნდი დატოვეს ლიპის ფორმაციის რამდენიმე საკვანძო მოთამაშემ, დეშანმა, დილივიომ, ანჟელო პერუციმ. იანვარში მონაკოდან გადმოსული ანრი, რომელსაც სერია A-სთან ადაპტაცია გაუჭირდა, ლონდონის არსენალმა შეიძინა (£10). წინა სეზონში დაკავებული პოზიცია იუვეს მხოლოდ ინტერტოტოს თასზე გამოსვლის საშუალებას აძლევდა, განსხვავებით სხვა გუნდებისგან კლუბს არ უთქვამს უარი ამ ტურნირზე მონაწილეობაზე. ინტერტოტოს თასი ადვილად იქნა მოგებული, ეს კი უეფას თასის საგზურს იძლეოდა.

სერია A ძალიან მძიმედ დაიწყო ბებერი ქალბატონისათვის. პირველივე ტურში დებიუტანტ რეჯინასთან მოჰამედ კალონის თავურმა ანჩელოტის გუნდს პირველი 2 ქულა დააკარგვინა. საერთოდ სეზონი ისტორიაში შევიდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაბალშედეგიანი იუვესთვის, თითქმის საშუალოდ 1 ბურთს იტანდა ანჩელოტის გუნდი. გვიანი შემოდგომისათვის მდგომარეობა დასტაბილურდა და იუვე სატურნირო ცხრილს მოექცა სათავეში. კარგად შეეეწყო გუნდს ახალწვეული ჯანლუკა ძამბროტა, როგორც ყოველთვის შეუდარებელი იყო ზიდანი, ფილიპო ინძაგი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, თუმცა ხშირად ძალიან ხელსაყრელ მომეტებს ვერ იყენებდა პიპო და ამით გუნდს, რომელსაც გოლის გატანის სერიოზული პრობლემა ჰქონდა, ძალიან ღალატობდა. იუვეს ლიდერი, დელ პიერო, მიუხედავად ანჩელოტის მხრიდან გამოცხადებული სრული ნდობისა, თამაშიდან ბურთის გატანას ბოლო ტურებამდე ვერ ახერხებდა, მის აქტივში მხოლოდ თერთმეტმეტრიანებიდან გატანილი გოლები იყო. ხელმძღვანელობამ სეზონის სტარტზევე აქცენტი სკუდეტოზე გააკეთა, შესაბამისად შემადგენლობა შეიძლება ითქვას, რომ ერთ ტურნირზე დააკომპლექტეს და ხშირად იყო შემთხვევები სეზონში როდესაც მოკლე სათადარიგო სკამის გამო ანჩელოტის შეზღუდული შემადგენლობიდან ირჩევდა უძლიერეს თერთმეტს, ეს იმ დროს როდესაც ერიქსონის ვარსკვლავურ ლაციოსში ორი, ზოგ პოზიციაზე კი 3 მსოფლიო დონის მოთამაშე ირიცხებოდა. მთელმა სეზონმა დავიდსი-ტაკინარდის ზურგზე გადაიარა, მნიშვნელოვანი იყო ძველი გვარდიელის ანტონიო კონტეს როლიც, დაცვაში ძველ კადრებს ეყრდნობოდა კარლეტო, ჩირო ფერარას, პაოლო მონტეროს, მარკ იულიანოს.

დუბლ შემადგენლობით მოასპარეზე იუვემ უეფას თასზე მხოლოდ 1/8 მდე შეძლო გაღწევა, სადაც ვიგოს სელტასთან განადგურდა (1-0, 0-4). იტალიის თასზე, სადაც იუვე ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ტრადიციით ნაკლებად მოტივირებული გამოდიოდა, 1/4 დათმო დაპირისპირება მომავალ ჩემპიონ ლაციოსთან.

სერია A ში მდგომარეობა შედარებით სტაბილური იყო, იუვე დამაჯერებლად ლიდერობდა გათამაშებას ბოლო ტურებამდე. გუნდი საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა. ძალიან რთული იყო ანგარიშში წინ გასული იუვენტუსისათვის ბურთის გატანა, მაინდამაინც დიდი დამაჯერებლობით ვან დერ საარმა პირველი სეზონი ვერ ჩაატარა, თუმცა მთლიანობაში გაშვებული ბურთების საკმაოდ კარგი მაჩვენებელი ჰქონდა(20, სერია A-ში საუკეთესო), რაც ბევრ წილად ანჩელოტის მიერ დანერგილი დაცვითი სტილის დამსახურება უფრო იყო.

2000 წლის 19 მარტს, 26 ტურში ურთულეს ტურინულ დერბიში 3-2 გამარჯვების და ლაციოს ვერონასთან 0-1 მარცხის შემდეგ ბევრს ჩემპიონატი დასრულებული ეგონა, იუვეს ნაადრევი ტრიუმფით. მაგრამ მომდევნო ტურებში სანსიროზე შევჩენკოს დუბლით და დელე ალპიზე სიმეონეს გოლით ბიანკონერიმ ზედიზედ ორი მატჩი დათმო მდევრებთან, მილანთან და ლაციოსთან. თუმცა ლიდერობა მაინც შეინარჩუნა, რამდენადაც გაბრიელ ბატისტუტას ზღაპრულმა თამაშმა ლაციოს მნიშვნელოვანი ორი ქულა დააკარგვინა. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ინტრიგა უკიდურესად დაიძაბა, იუვემ ვერონაში დათმო 0-2, ხოლო ლაციომ საკუთარ კედლებში ვენეცია დაამარცხა. 32 ტურში იუვენტუსმა სახლში პარმას უმასპინძლა და პირველად სეზონში დელ პიერომ თამაშიდან გაიტანა გოლი, იუვე დაწინაურდა 1-0. მატჩი ამ ანგარიშითვე სრულდებოდა რაც დამახასიათებელი იყო ანჩელოტის იუვესათვის, მიმდინარეობდა ბოლო წუთები როდესაც პარმელთა მცველმა ფაბიო კანავარომ თამაშის წესების სრული დაცვით შეძლო ვან დერ საარის კარის დალაშქვრა, მაგრამ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, მასიმო დე სანტისმა, რომელიც 7 წლის შემდეგ კალჩოპოლის სკანდალში აღმოჩნდა გარეული, გოლი არ ჩათვალა. ბოლო ტურის წინ ბებერ ქალბატონს ორ ქულიანი უპირატესობა ჰქონდა ერიქსონის გუნდთან და პერუჯაში გამარჯვების შემთხვევაში ეუფლებოდა სკუდეტოს. 14 მაისს, თავსხმა წვიმაში მოუწიათ პერუჯას და იუვეს თამაში, სადაც არათუ ბურთს, ფეხბურთელებსაც კი უჭირდათ გადაადგილება, ამასობაში ლაციომ რომის მცხუნვარე მზის ქვეშ ადვილად დაამარცხა რეჯინა 3-0 და ელოდებოდა მატჩის დასრულებას უმბრიაში. პერუჯა-იუვეს პიერლუიჯი კოლინა მსაჯობდა, ლეგენდარულმა რეფერიმ რამდენიმეჯერ ტელეკამერების წინ ბურთის დაგდება სცადა მოედნის სხვადასხვა მონაკვეთებზე იმ მიზნით, რომ გაეგოთ საფარის მდგომარეობა და შეიძლებოდა თუ არა თამაშის გაგრძელება, ბურთი აბსოლუტურად ყველგან წყალში ვარდებოდა, შეუძლებელი იყო მისი გაგორება, მაგრამ მიუხედავად ამისა ტელეეკრანებთან მიმწყდარ საფეხბურთო იტალიას და სრულიად საფეხბურთო სამყაროს ჩემპიონობის ვინაობა აინტერესებდა და კოლინამაც რენატო კურიზე მატჩი გააგრძელა. მძიმე კლიმატური მდგომარეობის გამო მოედანზე სახიფათო მომეტები ძალიან ძნელად იქმნებოდა, კედელივით იდგა პერუჯელთა დაცვის ბურჯი მარკო მატერაცი, რჩებოდა შთაბეჭდილება რომ შეხვედრის ბედს შემთხვევითი ბურთი გადაწყვეტდა. მიმდინარეობდა 49 წუთი როდესაც შეტევაში ჩართულმა მასპინძელთა მცველმა ალესანდრო კალორიმ გახსნა ანგარიში. ამის შემდეგ იუვე ბევრს ეცადა, ყველა მის ხელთ არსებული რესურსი გამოიყენა, ანჩელოტიმ კოვაჩევიჩიც შეიყვანა და ბოლო მეოთხე ფორვარდი ესნაიდერი დაამატა გუნდის გააფთრებულ შეტევებს ,მაგრამ იმ წარღვნაში ბებერ ქალბატონს გოლის გატანა არ ეწერა, წინა სეზონში ასევე ბოლო ტურში სკუდეტოს წამგები ლაციოს დღე იყო 14 მაისი და კოლინას სასტვენმა იტალიის 1999-00 წლების ჩემპიონად რომის ლაციო მოგვივლინა.

2000 წლის ზაფხულში ევროპის პირველობაზე, როგორც საუკეთესო ტრადიციებს შეეფერებოდა სკუადრა აძურას უმრავლესობას იუვეს ფეხბურთელები შეადგენდნენ. 22 კაციანი შემადგენლობიდან 7 იუვენტინო ჰყავდა დინო ძოფს. თუმცა რომელიმე მათგანს განსაკუთრებული როლი არ ჰქონია, მით უმეტეს, რომ კონტემ 1/4-ში მძიმე ტრავმა მიიღო და ძამბროტა 1/2-ში გააძევეს ნიდერლანდებთან და ფინალი გამოტოვა. ნაკრების საკვანძო პოზიციებზე სხვა მოთამაშეები უფრო იყვნენ. ფიორენტინას კიპერი ტოლდო, დაცვაში ნესტა, მალდინი, კანავარო, წინა ხაზში ტოტი-ფიორეს ტანდემი, რომელთაც უფრო ენდობოდა ძოფი ვიდრე მეათე ნომერ დელ პიეროს. ფინალში, 1-0 ზე, მეორე ტაიმში მოედანზე შემოსულ იუვეს ლიდერს, რომელსაც აშკარად ჭარბი წონის პრობლემა ჰქონდა, ხელსაყრელი მომენტები შეექმნა უპირატესობის გაზრდისათვის, მაგრამ ერთიერთზე გასულმა ვერ მოახერხა ბარტეზის დამწუხრება, საბოლოოდ იტალიას ეს ძვირად დაუჯდა და ბოლო წუთებზე ჯერ ვილტორმა გაათანაბრა ანგარიში, ხოლო ექსტრა ტაიმში ახლად გამომცხვარმა იუვენტუსელმა, დავიდ ტრეზეგემ ოქროს ბურთის გატანით საფრანგეთს ჩემპიონობა მოუტანა.

წინა სეზონის გამოცდილებით იუვეს გოლეადორი თავდამსხმელი ესაჭიროებოდა. ასეთად მოჯიმ მონაკოს 22 წლის ფორვარდი დავიდ ტრეზეგე მიიჩნია. მისი ტრანსფერი $22 დაუჯდა გუნდს. ტრეზეგეს გარდა, იუვემ კალიარიდან საყრდენი ნახევარმცველი ფაბიან ო'ნილი დაიმატა. სხვა მნიშვნელოვანი ტრანსფერები არ მომხდარა, ნაკლებად ცნობილ მცველებს - ძანკის და ატირსონს დიდი როლი არ უთამაშიათ. გუნდის ბირთვი იგივე იყო.

სერია A სიდნეის ოლიმპიადის გამო უჩვეულოდ გვიან, 1 ოქტომბერს დაიწყო. ანჩელოტის გუნდი ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მიიჩნეოდა. მოქმედ ჩემპიონ ლაციოს, მიუხედავად ზაფხულში ერნან კრესპოთი გაძლიერებისა აშკარად აკლდა სტაბილურობა, ახალი მწვრთნელის ძოფის თავკაცობით. მეორე სეზონს ატარებდა რომაში ფაბიო კაპელო. მაესტროს წინა წელსაც საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავდა, მაგრამ სეზონის მეორე ნახევარში ვერ შეძლო ბრძოლის გაგრძელება ჯალოროსიმ. ზაფხულში კაპელომ ფრანკო სენსის გაბრიელ ბატისტუტას დამატება სთხოვა. ტრანსფერი რომას საკმაოდ ძვირი $30 მილიონი დაუჯდა, მაგრამ ეს როგორც შემდგომ გაირკვა გამართლებული ინვესტიცია იყო.

საკმაოდ სწრაფ, შემტევ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობდა რომა 2000-01 სეზონში. ბრწყინვალედ შეეწყო არგენტინელი ახალწვეული კოლექტივს. ბატისტუტას მეწყვილედ ხან მონტელა და ხან დელ ვეკიო გამოყავდა კაპელოს. მათ უკან კი ფრანჩესკო ტოტი დირიჟორობდა. დაუღალავად იბრძოდა ბოლო წუთამდე ყველა მატჩში დამიანო ტომაზი, როგორც ყოველთვის უმწვავესი იყო შეტევებში წინ წასული ბრაზილიელი მცველი კაფუ. გუნდის მრისხანე შემტევი ტრიო უგოლოდ არ ტოვებდა მოედანს. შედეგად რომამ სტარტიდანვე მოახერხა საკამოდ კარგი ქულათა მარაგის შექმნა და მიუხედავად გარკვეული მონაკვეთებისა სეზონის მანძილზე, მისი მთავარი მდევრის - იუვენტუსის ჩამორჩენა ექვს ქულაში დასტაბილურდა. ურთიერთ შეხვედრები ორივე ფრედ დასრულდა. პირველ წრეში რომში შედეგი ნულოვანი იყო. ხოლო მეორე წრეში, 2001 წლის 6 მაისს, 29 ტურში, იუვეს რეალური შანსი ჰქონდა ჩამორჩენის მინიმუმამდე დასაყვანად, მაგრამ ზიდანის და დელ პიეროს გოლებით მოპოვებული უპირატესობა გუნდმა ვერ შეინარჩუნა. რომამ მეორე ტაიმში ბოლომდე იბრძოლა, ნამდვილი საჩემპიონო თამაში ჩაატარა და ჰიდეტოში ნაკატას და ვინჩენცო მონტელას გოლებით ქულა გადაარჩინა დელე ალპიზე.

17 ივნისს, ბოლო ტურში პარმას დამარცხებით რომა ისტორიაში მესამედ გახდა იტალიის ჩემპიონი. იუვენტუსი ზედიზედ მეორედ ვიცე ჩემპიონი. მთლიანობაში ანჩელოტის მეორე სრული სეზონი სერია A ში ნორმალური იყო, მიზეზი იმისა რომ ჩემპიონობა ამჯერადაც ვერ იქნა მოპოვებული ალბათ ფაბიო კაპელოში, მის მიერ დამოძღვილ რომაში, ტოტისა და ბატიტუტას გენიალურ თამაშში იყო.

ჩემპიონთა ლიგაზე იუვე ჰამბურგთან, პანათინაიკოსთან და დეპორტივოსთან ერთად მოხვდა ჯგუფში. ერთი შეხედვით თითქოს ბებერ ქალბატონს არ უნდა გასჭირვებოდა ჯგუფური ბარიერის დაძლევა მაგრამ ჯგუფი გადაულახავი აღმოჩნდა ბიანკონერითვის. პირველ შეხვედრაში ინძაგის ჰეთტრიკით 4-4 დასრულდა გასვლითი შეხვედრა ჰამბურგთან. ამის შემდეგ მძიმე ბრძოლაში საკუთარ კედლებში პანათინაიკოსი დაამარცხა იუვემ. 3-4 ტურებში ესპანეთის ჩემპიონ დეპორტივოსთან ორჯერ ქულები გაიყო ანჩელოტის გუნდმა, ხოლო მეხუთე ტურში მოულოდნელად დამარცხდა სახლში ჰამბურგთან 1-3. რთულ შეხვედრაში ნერვებმა უმტყუნა ზიდანს, რომელიც არასპორტული საქციელისთვის გაძევებულ იქნა მოედნიდან. ბოლო ტურში, გასვლაზე პანათინაიკოსთან ზიდანის გარეშე დარჩენილ იუვეს ბერძნები ადვილად გაუმკლავდნენ და ბებერი ქალბატონი ჯგუფში ჩატოვეს. ეს იყო იუვენტუსის ერთ ერთი უსუსტესი გამოსვლა ჩემპიონთა ლიგაში.

სეზონის მანძილზე იყო თამაშები როდესაც ანჩელოტი ორ ცენტრ ფორვარდს აყენებდა - ტრეზეგე ინძაგის და ამ შემთხვევაში დელ პიეროს სათადარიგოზე ტოვებდა. ტრეზეგე 14 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, თითქოს შედეგიანობის პრობლემაც მოხსნილი იყო, მაგრამ იუვენტუსში რევოლუციური ცვლილებები იყო საჭირო და ეს ყველაზე თვალნათლივ გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლამ ცხადყო. ამ რევოლუციისათვის მოჯის ახალი მწვრთნელი ესაჭიროებოდა, ასეთად კი უდავოდ ლიპი უნდა გამხდარიყო, რომელიც ინტერნაციონალეს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოდან ჯგუფში ვერ გაყვანის შემდეგ პოსტიდან გადადგა.

ლიპის დაბრუნება

რედაქტირება

2001 წლის ზაფხული ერთ-ერთი ყველაზე ცხელი და მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა იუვენტუსის ისტორიაში. 90-იანი წლების ევროპის დამჩოქებელი ბებერი ქალბატონი ზედიზედ 3 სეზონის მანძილზე სკუდეტოს მოგებას ვერ ახერხებდა. ძირეული ცვლილებების დრო დგებოდა. ხელმძღვანელმა ტრიადამ - მოჯის, ჯირაუდოს და ბეტეგას შემადგენლობით ანჩელოტის ადგილას მარჩელო ლიპი დააბრუნა. მალე ევროპის მასშტაბით უმთავრესი სატრანსფერო გარიგება შედგა, იუვეს ფრანგი ლიდერი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ზინედინ ზიდანი მადრიდის რეალმა შეიძინა სარეკორდო £46 მილიონად. ზიდანის წასვლაზე ბევრი ჭორი დადიოდა, ერთ ხანს ბარსელონა გამოთქვამდა სურვილს რივალდოში გაეცვალა ფრანგი. ზიდანის იუვედან ტრანსფერში არაუკანასკნელ როლს ფეხბურთელის მეუღლე, ვერონიკიც თამაშობდა, რომელსაც ესპანეთის დედაქალაქში სურდა ცხოვრება. რეალის მხრიდან სერიოზული დაინტერესების ღიად გამოხატვის შემდეგ იუვენტუსის ხელმძღვანელობა დიდი ხნის მანძილზე უარზე იყო ზიდანის გაყიდვასთან დაკავშირებით. მოგვიანებით ზიდანმა თავად გამოთქვა სურვილი გადასულიყო რეალში. იუვემ ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ ზიდანი დარჩენილიყო, მაგრამ ფეხბურთელის გადაწყვეტილება და ფლორენტინო პერესის დაჟინება საკმაოდ მტკიცე აღმოჩნდა. "გყავდეს გუნდში ფეხბურთელი, რომელიც სხვაგან წასვლაზე ფიქრობს - უსარგებლოა, მეტიც მისი ყოფნა საზიანო იქნება გუნდისათვის" - ასეთი შეფასება მისცა ზიდანის ტრანსფერს ლუჩანო მოჯიმ. ფრანგი ფლორენტინო პერესის გეგმების საკვანძო ფიგურა იყო. ესპანელმა ჩინოსანმა სამეფო კლუბი გალაქტიკოსად გადააქცია და ძალიან დიდი იყო ზიდანის როლი 2001-02 წლებში რეალის მიერ მოგებულ ჩემპიონთა ლიგაში.

17 ივნისს კარლო ანჩელოტიმ დატოვა პოსტი და მის ნაცვლად მარჩელო ლიპი დაინიშნა. ანჩელოტიმ გაკვირვება გამოთქვა მის გათავისუფლებაზე, განსაკუთრებით იმ გარემოების გამო, რომ მისი ხელმძღვანელობით იუვემ საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარა. 34 ტურის ჯამში იუვეს გაცილებით მეტი ქულა ჰქონდა დაგროვილი ვიდრე წინა წლების რამდენიმე ჩემპიონს. კარლომ პრესას არ დაუმალა, რომ მის კლუბიდან გაშვების გადაწყვეტილების შესახებ 27 მაისს პერუჯასთან 1-0 მოგებული თამაშის შემდეგ აცნობეს. "რთულია იმუშავო ქალაქში, სადაც პრესისა და გულშემატკივრების უმრავლესობა შენს წინააღმდეგ არის განწყობილი" - ასე ახსნა იუვენტუსის საპატიო პრეზიდენტმა უმბერტო ანიელიმ ანჩელოტის პოსტიდან გაშვება.

18 ივნისს იუვენტუსმა პარმადან £22 მილიონად ლილიან ტიურამი შეიძინა. 2 ივლისს $26 მილიონად ფილიპო ინძაგი მილანში გადავიდა. ზიდანის ტრანსფერზე შეთანხმების მიღწევის თარიღად 4 ივლისი ითვლება. ამავე დღეს მოხდა შეთანხმება პარმასთან £32 მილიონად ჯანლუიჯი ბუფონის ტრანსფერზე და მოკლე ხანში £25 მილიონად იუვენტუსში ლაციოდან ჩეხი პაველ ნედვედი ჩაირიცხა. 31 ივლისს £10 მილიონად ედვინ ვანდერ საარი ფულემში გადაბარგდა. უკანასკნელი მნიშვნელოვანი ტრანსფერი მოჯიმ 17 აგვისტოს გაჩარხა, £8 მილიონის და კოვაჩევიჩის სანაცვლოდ ლაციოდან მარსელო სალასი გადმოვიდა.

2001-02 სეზონმა სტარტი 25 აგვისტოს აიღო. პირველ ტურში „იუვენტუსმა“ ქვა ქვაზე არ დატოვა ვენეციასაგან 4-0. პირველ 3 ტურში 3 გამარჯვებით ლიპის გუნდი სატურნირო ცხროლს მოექცა სათავეში. ამას მოყვა 6 მატჩიანი ჩავარდნა, როდესაც იუვე ვერ ახერხებდა მოგებას. ჩემპიონატის აღმოჩენა გახდა დებიუტანტი კლუბი კიევო. ლიუიჯი დელ ნერის დამოძღვრილმა, ბევრისთვის უცნობი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა კლუბმა დიდ ხანს ატარა ლიდერის სტატუსი სერია A-ში. პრობლემები ჰქონდა მილანს, რომელმაც ხმაურიანი სატრანსფერო აქტიურობების მიუხედავად სტარტი ჩააგდო და ფათიხ თერიმის ნაცვლად კარლო ანჩელოტი მიიწვია. არასტაბილური იყო კაპელოს რომა, რომელიც ზაფხულში ანტონიო კასანოთი გაძლიერდა. ჯალოროსიმ მეხუთე ტურში დელე ალპიზე იუვე დაამარცხა 2-0. პირველ წრეში ყველაზე დამაჯერებლად ინტერი გამოიყურებოდა, ახალი მწვრთნელის ექტორ რაულ კუპერის გუნდი ნამდვილ საჩემპიონო ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას.

მოუგებელი სერია იუვენტუსმა დეკემბერში ბრეშასთან გასვლით შეხვედრაში შეწყვიტა 4-0. ახალ წელს ინტერი იყო გათამაშების ლიდერი, ხოლო ე.წ. შემოდგომის ჩემპიონი ზედიზედ მეორე სეზონის მაძილზე რომა გახდა. ადაპტაციის პერიოდი საკამოდ გაეწელა ნედვედს, რომელსაც პირველი წრე შეიძლება ითქვას რომ ჩაუვარდა. ვერ დაიმკვიდრა ადგილი ძირითადში სალასმაც. თითქმის მთელი სეზონი დელ პიეროს და ტრეზეგეს გოლებზე იყო იუვე. სეზონის სტარტზე მარჯვნივ განწესებულმა კრისტიანო ძენონიმ ვერ გაამართლა ლიპის იმედები და ცენტრიდან ტიურამი გადაისროლა ფლანგზე მწვრთნელმა. გაზაფხულზე გუნდმა საგრძნობლად მოუმატა, ზედიზედ მოიგო რამდენიმე მძიმე შეხვედრა. თუმცა ჩამორჩენა მაინც სოლიდური იყო ინტერთან. 7 აპრილს ინტერმა მოულოდნელად სახლში წააგო ატალანტასთან, 2 ტურში ნერაძურიმ ქულები დაკარგა გასვლაზე კიევოსთან, რომელიც ამ მომეტისათვის უკვე საჩემპიონთალიგო ოთხეულიდანაც გასული იყო. ბოლო ტურის წინ მეტად საინტერესო მდგომარეობა იყო სატურნირო ცხრილში. ინტერს 69 ქულა ჰქონდა, იუვენტუსს 68 და რომას 67. ინტერნაციონალე გამარჯვების შემთხვევაში 1989 წლის შემდეგ პირველად ხდებოდა ჩემპიონი. მაგრამ გუნდს მეტოქედ ლაციო ჰყავდა რომში. 5 მაისს, უმოტივაციო ბიანკოჩელესტიმ მილანელები 4-2 დაამარცხა, პარალელურად იუვემ დელ პიეროს და ტრეზეგეს გოლებით პირველივე ტაიმში მოუმთავრა საქმე უდინეზეს და ოცდამეექვსედ დაეუფლა სკუდეტოს.

ჩემპიონთა ლიგაზე იუვენტუსი პორტოსთან, როსენბორგთან და სელტიკთან მოხვდა ჯგუფში. მსაჯის მიერ მოგონილი პენალტით სძლია გუნდმა პირველ ტურში სელტიკს 3-2. ამის შემდგომ გუნდმა სტაბილურად განვლო ეტაპი და სახლში პორტოს 3-1 დამარხებით მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასვლა გაინაღდა. მომდევნო საფეხური გადაულახავი აღმოჩნდა ლიპის გუნდისთვის. ჯგუფი საკმაოდ გამოთანაბრებული შედგა. ლევერკუზენის ბაიერთან, არსენალთან და დეპორტივოსთან. მტკივეული მარცხი განიცადა ჰაიბერიზე ლიპის კრებულმა. ხავიერ ირურეტას კერკეტმა დეპორტივომ გოლი არ გაუშვა 2 მატჩის განმავლობაში. ლიგაზე გამოსვლა გერმანიაში დასრულდა, სადაც შესუსტებული შემადგენლობით იუვე ბაიერმა დაამარცხა 1-3, ბოლო ტურში არსენალის დამარცხებას აზრი აღარ ჰქონდა.

ლიპის დუბლის გაფორმების შანსიც ჰქონდა. თასის ფინალში იუვენტუსის მეტოქე პარმა იყო. ორივე შეხვედრაში გადახალისებული შემადგენლობა დააყენა მწვრთნელმა და ორი მატჩის ჯამში პარმამ მოიგო დაპირისპირება 2-1, 0-1.

მიუხედავად სირთულეებისა, 2001-02 სეზონში ლიპიმ პროგრამა მინიმუმი შეასრულა და სკუდეტო მოიგო, რაც დასაწყისისათვის არ იყო ურიგო შედეგი, თუმცა გუნდი აშკარად საჭიროებდა რიგ რგოლებში დაბალანსებას და სტაბილური თამაშის ჩვენებას. ეს უკვე დროის საკითხი იყო, მარჩელო ლიპის საქმე უკვე დაწყებული ჰქონდა. რაც მთავარია გულშემატკივარი რამდენიმე ჩაგდებული ევროსეზონის შემდეგ იუვენტუსისგან ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებულ გამოსვლას ელოდებოდა, ზედიზედ ორჯერ ჯგუფში ჩარჩენა აშკარად მიუღებელი შედეგები იყო ტურინული გრანდისათვის.

2002 წლის მუნდიალზე კორეასა და იაპონიაში ტრაპატონის განკარგულებაში გამოძახებული 23 ფეხბურთელიდან, უჩვეულოდ ცოტა, მხოლოდ 4 იყო იუვენტუსის წევრი. ძირითადში შეუცვლელად მხოლოდ ბუფონი და ძამბროტა თამაშობდნენ. მარკ იულიანო ნესტას და კანავაროს დანაკლისის გამო დააყენა ტრაპმა მერვედფინალში, ხოლო რაც შეეხება დელ პიეროს, იუვეს კაპიტანი, რომელიც უკვე 7 ნომრით აპარეზობდა უმაღლეს საფეხბურთო ფორუმებზე, კვლავ ტოტისთან ერთროულად ვერ დაყენების პრობლემის გამო სათადაროგოზე იჯდა ჯგუფში. ბოლო შეხვედრაში დელ პიერო მექსიკასთან 0-1 ზე ტოტის ნაცვლად შევიდა მოედანზე, 7 წუთში ალესანდრომ თავით შეძლო ანგარიშის გათანაბრება და ნაკრებმა ტრადიციულად მძიმედ მაგრამ მაინც დაძლია ჯგუფური ეტაპი. მერვედფინალში კორეასთან ტრაპატონიმ ძირითად შემადგენლობაში დაყენა ტოტიც და დელ პიეროც. სკანდალურ შეხვედრაში, სადაც მსაჯმა ბაირონ მორენომ აშკარა გოლი არ ჩაუთვალა აძურის, იუნ ხვან ანის 119 წუთზე გატანილი გოლით კორეამ იმარჯვა. ანი პერუჯას ფეხბურთელი იყო. მას მეორე დღესვე აცნობა კლუბის ხელმძძღვანელობამ, რომ ადგილსამყოფელის გამოცვლაზე ეფიქრა. "არ ვაპირებ ხელფასი ვუხადო ფეხბურთელს რომელმაც დაანგრია იტალიური ფეხბურთი" - განაცხადა პერუჯას პრეზიდენტმა ლუჩანო გაუჩიმ და კორეელს კონტრაქტი გაუუქმა.

სატრანსფერო ბაზარზე იუვენტუსს წინა წლის მსგავსი გრანდიოზული გარიგებები არ განუხორციელებია. ვერონადან €4 მილიონად არგენტინელი მაურო კამორანეზის სატრანსფერო უფლებების ნახევარი შეიძინა კლუბმა. დაცვას დაემატა სალვატორე ფრეზი და ემილიანო მორეტი, ნახევარდაცვაში ნაპრალების ამოსავსებად დავიდე ბაიოკო ჩაირიცხა და 31 აგვისტოს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე პარმადან €30 მილიონად მარკო დი ვაიო გადმოვიდა. სუპერთასზე მოქმედმა ჩემპიონმა იუვემ, თასის მფლობელ პარმას მოუგო ალჟირში 2-1. კლუბების სატელეტრანსლაციო საკითხებთან წამოჭრილი პრობლემების გამო სეზონი კალანდარული მეორე ტურით დაიწყო, 14 სექტემბერს. ლიპის გუნდმა კარგი სტარტი აიღო ორი გამარჯვებით, თუმცა მესამე ტურში საკუთარ კედლებში პარმასთან დაკარგა ქულები საკმაოდ მძიმე შეხვედრაში, სადაც ასევე იყო გარკვეული საფუძვლიანი შენიშვნები ტენდენციურ მსაჯობასთან დაკავშირებით დელ პიეროს გოლზე. პირველი წრე მთლიანობაში დამაჯერებლად ჩაატარა გუნდმა. ლიდერი რამდენიმეჯერ შეიცვალა სატურნირო ცხრილში. ზაფხულში საგრძნობლად გაძლიერებულმა კარლო ანჩელოტის მილანმა შთამბეჭდავი სტარტი აიღო, მძლავრად გამოიყურებოდა კუპერის ინტერიც, რომელმაც რონალდო რეალში გაყიდა და მის ნაცვლად პარმადან მოყვანილი კრესპო შეუწყვილა მრისხანე ვიერის თავდასხმაში. საკმაოდ ანგარიშასაწევ ძალას წარმოადგენდა რობერტო მანჩინის ლაციო. ბიანკო ჩელესტემ სეზონში პირველი საშინაო მარცხი აგემა იუვენტუსს დეკემბერში, საშინელ ნისლში.

მეორე წრეში მდგომარეობა შეიცვალა. „მილანს“ სერიოზული პრობლემები ჰქონდა სან სიროზე სუსტი მეტოქეების წინააღმდეგ და მნიშვნელოვან ქულებს კარგავდა გუნდი. ჩემპიონობის რეალურ კანდიდატებად იუვენტუსი და ინტერი დარჩნენ. ტრადიციულად საგრძნობლად მოუმატა ლიპის კრებულმა გაზაფხულზე. მწვრთნელმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკვანძო გადაადგილება მოახდინა სეზონის მანძილზე. ამპლუით ნახევარმცველი ჯანლუკა ძამბროტა პრობლემურ, დაცვის მარცხენა ფრთაზე გადაიყვანა, ხოლო მის ადგილზე სრული ნდობა გამოუცხადა ახალწვეულ კამორანეზის, რომლის კონტრაქტის დარჩენილი ნახევარი სეზონის დასრულებამდე გამოისყიდა ვერონასგან ხელმძღვანელობამ. გარდა ამისა ლიპიმ ნედვედს მიანიჭა სრული თავისუფლება თავდამსხმელების უკან, ამ გადაწყვეტილებამ აბსოლუტურად გაამართლა. ნედვედი გუნდის ჭეშმარიტ ლიდერად ჩამოყალიბდა. ჩეხი მალე ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად იქცა და შეიძლება ითქვას, რომ სრულად შეავსო ზიდანის წასვლით დარჩენილი სიცარიელე. დაუვიწყარი იყო ნედვედის შორი მანძილიდან გატანილი გოლები, მათ შორის თითქმის ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაში. დერბიში ტორინოსთან, სანსიროზე მილანთან, დელე ალპიზე ინტერთან, ყოფილი გუნდის, ლაციოს წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე კიევის დინამოსთან, მანჩესტერთან, ბარსელონასთან და ყველაზე დასამახსოვრებელი ნახევარფინალში მადრიდის რეალთან. ბლანკოსის კარში გატანილი ბურთის შემდეგ რამდენიმე წუთში მან ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა ჩემპიონთა ლიგის ფინალი. მიუხედავად ამისა იუვეს ლიდერს ხელი არ შეშლია დეკემბერში ფრანს ფუტბოლის პრესტიჟული ოქროს ბურთის მოპოვებაში.

ფორმის პიკზე მარტში, იუვენტუსი აშკარა ფავორიტად გამოიკვეთა სერია A-ში. 23 ტურში, 2 მარტს, დელე ალპიზე ლიპის გუნდმა მდევარ ინტერნაციონალეს უმასპინძლა და სასტიკად დაამარცხა 3-0. დარჩენილ ტურებში მოპოვებული უპირატესობა არ გაუფლანგავს ბებერ ქალბატონს და 10 მაისს, პერუჯასთან 2-2 ნათამაშები თამაშის შემდეგ ოცდამეშვიდედ მოიპოვა სკუდეტო.

ჩემპიონთა ლიგაში რამდენიმე სეზონის ჩაგდების შემდეგ იუვემ შეძლო შესაფერისი შედეგების ჩვენება, თუმცა სერიოზული ხარვეზებით. პირველ ჯგუფურ ეტაპზე ნიუკასლთან, კიევის დინამოსთან და ფეინოორდთან პირველი ადგილი მოიპოვა ლიპის კოლექტივმა. მომდევნო ჯგუფურ საფეხურზე საკმაოდ ძლიერ გუნდებთან მოუწია თამაში ბიანკონერის მანჩესტერთან, უხერხულ მეტოქე დეპორტივოსთან და სეზონის აღმოჩენა ბაზელთან იუვეს მარტო საკუთარი ძალისხმევა არ ეყო, იღბალიც დასჭირდა ჯგუფიდან გასასვლელად. კლუბს მდგომარეობა მანჩესტერთან წაგებულმა ორმა თამაშმა გაურთულა. განსაკუთრებით მტკივნეული იყო ტურინში 0-3 დამარცხება. გადამწყვეტი დეპორტივოსთან ჩასატარებელი თამაში იყო. ურთულეს მატჩში ბოლო წუთზე იგორ ტუდორის გამარჯვების მომტანმა ბურთმა გაიყვანა იუვენტუსი პლეიოფში. მეოთხედფინალში ორი მატჩის ჯამში კატალონიის ბარსელონა გააგდო იუვემ 1-1,2-1. ნახევარფინალში დაუვიწყარი თამაში აჩვენეს ნედვედმა, დელ პიერომ, ტრეზეგემ და ლიგის მოქმედი ჩემპიონი მადრიდის რეალი დაამარცხეს 1-2, 3-1. ხოლო ფინალში, ოლდ ტრაფორდზე მილანის წინააღმდეგ, ნედვედის გარეშე დარჩენილმა იუვემ პენალტების სერიით დათმო ლიგის ტიტული. შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, სახიფათო მომენტების ნაკლებობით. ეს იყო ორი დიდი სპეციალისტის მარჩელო ლიპის და კარლო ანჩელოტის დაპირისპირება. იუვენტუსმა ბოლო ორი სეზონის მანძილზე 27 ქულით მეტი აიღო სერია A-ში ვიდრე მილანმა, მაგრამ ფინალში როსონერიმ იმარჯვა. გადამწყვეტი პენლები ტრეზეგემ და მონტერომ ააცილეს. მილანიდან წერტილი ანდრეი შევჩენკომ დასვა.

ზედიზედ ორჯერ მოგებული სკუდეტოს შემდეგ იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება სწყუროდა. 2003 წლის ზაფხულში მეტად საინტერესო ტრანსფერები განახორციელა გუნდმა. იჯარით განათხოვრებული ფაბრიციო მიკოლი და ენცო მარესკა, რომლებმაც ბრწყინვალე სეზონები ჩაატარეს შესაბამისად პერუჯასა და პიაჩენცაში, უკან იყვნენ მოწვეულნი. ბრეშაში, რობერტო ბაჯოს მხარდამხარ გაბრწყინებული უნივერსალური აფრიკელი ნახევარმცველი სტეფან აპია კლუბს €8 მილიონი დაუჯდა, ხოლო დაცვის გასაძლიერებლად €7.5 მილიონად ნიკოლა ლეგროტალიე დაიმატა კიევოდან.

სეზონი ლიპიმ აშშ-ში მილანთან მოგებული სუპერთასით დაიწყო. ეს იყო მილანთან პირველი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ოფიციალურ შეხვედრაში. იუვემ როსონერი პენალტების სერიაში დაჯაბნა. ჩემპიონატში, სტარტზე ძალიან ძლიერად გამოიყურებოდა ბებერი ქალბატონი. გაცილებით ადვილად ახერხებდა მეტოქის კარის დაშამათებას, გაცილებით შედეგიანი იყო თავდასხმა. ლიპი მესამე სეზონს ატარებდა დაბრუნების შემდეგ და ბევრის აზრით მისი მუშაობის მაძილზე უძლიერესი შემადგენლობის იუვენტუსი ჰყავდა. დაცვას კარგად შეეწყო ლეგროტალიე, ახალწვეულს მონტეროს გვერდით აყენებდა ლიპი. კვლავინდებურად შეუდარებელი იყო პაველ ნედვედი. საკმაოდ კარგ შედეგიანობას აჩვენებდნენ შეტევის ლიდერები - ალესანდრო დელ პიერო და დავიდ ტრეზეგე. ძამბროტა მყარად დამკვიდრდა დაცვაში მარცხნივ, კამორანეზის რიგ თამაშებში მიკოლი ენაცვლებოდა შეტევის მარჯვენა ფრთაზე. მეორე ნახევრებში ლიპის მოედანზე მარესკა შეყავდა. ედგარ დავიდსის რთული ხასიათების გამო ნახევარდაცვა გადაახალისა მწვრთნელმა. ტაკინარდის აპია შეუწყვილდა, ხოლო ჰოლანდიელი ნელ ნელა მიეჩვია სათადარიგოზე ჯდომას. მოგვიანებით, იანვარში, დაძაბული ურთიერთობა დავიდსის ბარსელონაში გაშვებით დარეგულირდა. საწყის ტურებში იუვენტუსი მცირე უპირატესობით მაგრამ მაინც ლიდერობდა სერია A-ს. პრობლემები ნოემბრის ბოლოს დაიწყო, როდესაც ზედიზედ ორჯერ, ინტერთან სახლში და ლაციოსთან სტუმრად უშანსოდ წააგო გუნდმა. ლეგროტალიეს ძალიან ბევრი შეცდომა მოსდიოდა, გარდა ამისა მობერებული დაცვის ბირთვის ფონზე იუვეს აშკარად აკლდა ექსტრა კლასის მცველი, განსაკუთრებით ცენტრში, ტიურამი ძირითადად მარჯვნივ თამაშობდა. ნახევარდაცვაში იგრძნობოდა კრეატივის ნაკლებობა. ბოლომდე ვერ გაამართლა იმედები აპიამ. დავიდსის უხასიათობამ გუნდი თავის წილი ზარალი მიაყენა. ახალგაზრდა მარესკას ბოლომდე ვერ ენდობოდა ლიპი. მით უმეტეს, რომ მის ადგილს მწვრთნელი ვერ პოულობდა, ამ ტალანტს იუვე ჯეროვნად ვერ იყენებდა. არასტაბილური იყო კამორანეზი და მთლიანობაში გუნდს აშკარა ძირეული გაძლიერება სჭირდებოდა რიგ პოზიციებზე. განსაკუთრებით მრისხანე ფორვარდის საჭიროება იგრძნობოდა, დი ვაიო და სალაიეტა ვერ ბრწყინავდნენ.

კონკურენტმა რომამ და მილანმა ისარგებლეს ამ ექვს ქულიანი გეპით და უპირატესობა აღარ დათმეს ფაქტობრივად სეზონის ბოლომდე. წინა წლის უმძიმესი კრიზისის შემდეგ კაპელომ რომა მალე გამოიყვანა მძიმე მდგომარეობიდან. ბრაზილიელი მანსინის და რუმინელი კრისტიან კივუს მოსვლით გუნდი საჩემპიონოდ დაირაზმა. ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ მილანს სკუდეტოს მოგება სურდა. ანჩელოტიმ ბევრისთვის უცნობი ბრაზილიელი კაკა და მცველები კაფუ და პანკარო დაიმატა ზაფხულში. სეზონი ერთი ამოსუნთქვით გაირბინა როსონერიმ, ჩავარდნების გარეშე. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ოლიმპიკოზე ლიდერი რომას ბეჭებზე გაკვრა და მეორე წრეში იმავე რომასთან სახლში ანდრეი შევჩენკოს დებიუტში გატანილი გოლით გაფორმებული ჩემპიონობა იყო, საგოლე პასი უკრაინელს მილანის ახლად ჩამოყალიბებულმა ლიდერმა კაკამ გაუკეთა. იუვენტუსმა კიდევ ორი ძალზედ მძიმე მარცხი იგემა კონკურენტებისაგან, 8 თებერვალს, 20 ტურში რომში რომასთან 0-4 და 14 მარტს, 25 ტურში სახლში მილანთან 1-3. რომასთან განადგურება ლიპის იუვენტუსში მუშაობის მანძილზე გუნდის ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებული თამაში იყო. აშკარა იყო რომ მწვრთნელის რესურსი იწურებოდა. ახალი იდეები იყო საჭირო. განსაკუთრებით თვალნათლივ გამოჩნდა გუნდის ძირეული ხარვეზები ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც რეალ სოსიედადთან, ოლიმპიაკოსთან და გალათასარაისთან ჯგუფის ადვილად მოგების შემდეგ, ფლეი ოფში უშანსოდ გამოეთიშა გუნდი ასპარეზობას ისევ და ისევ დეპორტივოსთან 0-1, 0-1.

მთლიანობაში გუნდმა თითქმის იმდენივე ქულა აიღო რამდენიც ორი წლის წინ საჩემპიონო სეზონში, მაგრამ ამჯერად იუვემ მესამე პოზიციაზე დაასრულა სეზონი, რაც დიდი იმედგაცრუება იყო რადგან წინა წელს ჩემპიონ გუნდს ხელმძღვანელობამ მეტად ძლიერი მოთამაშეები დაამატა და საბოლოო ჯამში კლუბმა 13 ქულით ნაკლები აიღო მილანთან შედარებით. წარმოუდგენელი მაგრამ ჯიუტი ფაქტი იყო, მარჩელო ლიპიში აღარ ჩანდა ის რესურსი რაც გუნდს წინსვლას მოუტანდა. სამპდორიასთან ვიარეჯოელი გენია უკანასკნელად გაუძღვა საკუთარი პუბლიკის წინ ბებერ ქალბატონს, მაყურებელს დაემშვიდობა და სკუადრა აძურას თავკაცის პოსტზე მსოფლიოს დაჩოქების იდეებში ჩაიძირა.

2004 წლის 19 მაისს იტალია შეძრა სკანდალურმა და შოკის მომგვრელმა ინფორმაციამ. ბებერი ქალბატონი ფაბიო კაპელოს ჩააბარეს.

ფაბიო კაპელო

რედაქტირება

2004 წელს ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიაში, ჯოვანი ტრაპატონის იუვენტუსის ხუთი ფეხბურთელი ჰყავდა გამოძახებული. კარში ბუფონის კანდიდატურა განხილვას არ ექვემდებარებოდა, ასევე ძირითადში იყო ჯანლუკა ძამბროტა, მაურო კამორანეზი ტრაპის გუნდში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ალესანდრო დელ პიეროს რაც შეეხება, მიუხედავად კონკურენციისა მას სამივე შეხვედრაში სასტარტო თერთმეტში ანდო ადგილი მთავარმა მწვრთნელმა ადგილი. სკუადრა აძურამ გამოსვლა კრახით დაასრულა, დანიასთან და შვედეთთან ნათამაშები ფრეების შემდეგ ბულგარეთის დამარცხება საკმარისი არ აღმოჩნდა ჯგუფიდან გასასვლელად, რამდენადაც სკანდინავიელებმა მეტად საეჭვო შეხვედრა შედეგიანი, მეგობრული ყაიმით 2-2 დაასრულეს და იტალია ჯგუფში ჩატოვეს.

ფაბიო კაპელოს მოსვლას ბუნებრივად მოჰყვებოდა რევოლუციური ცვლილებები. საჭირო იყო ახალი იდებით, ახალი სისხლით, ახალი შემართებით ჩაბმა ახალ გამოწვევებში. ევროპაში უკვე არაერთი ძალიან ძლიერი გუნდი იყო და იუვენტუსს ახალ სტანდარტებზე ესაჭიროებოდა გასვლა ლიგაში ტრიუმფისათვის.

სატრანსფერო ბაზარზე მნიშვნელოვანი გარიგებები განახორციელა ხელმძღვანელობამ. ჯონათან ძებინა თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდა. კაპელოს გეგმებში საკვანძო მოთამაშე, ბრაზილიელი ემერსონი კლუბს €12 მილიონის და მატეო ბრიგის დათმობის ფასად დაუჯდა. იჯარით გაშვებული მანუელე ბლაზი უკან იქნა მოწვეული და 31 აგვისტოს, ბოლო დღეს იუვენტუსმა ორი უმნიშვნელოვანესი ტრანსფერი განახორციელა, ინტერიდან ფაბიო კანავარო გადმოიყვანა და აიაქსიდან ახალგაზრდა შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩი €19 მილიონად.

სერია A-ში, რომლის ფორმატიც შეიცვალა და მონაწილე კლუბების რაოდენობა 18 დან 20 მდე გაიზარდა, იუვენტუსმა შთამბეჭდავი სტარტი აიღო. უპრობლემოდ შეეწყო გუნდს ახალწვეული იბრაჰიმოვიჩი. შვედმა მალევე დაიმკვიდრა ადგილი. ემერსონს და ძებინას ადპტაციისთვის არავითარი დრო არ დასჭირვებიათ, კაპელოს ხელწერა იგივე იყო და თავი სახლში იგრძნეს. განსაკუთრებით გაძლიერდა იუვენტუსის დაცვის ცენტრი კანავაროს მოსვლით. კაპელომ ტიურამი ცენტრში შეწია და როგორც ერთ დროს პარმაში იყო ტიურამისა და კანავაროს რკინაბეტონის ტანდემი აღადგინა ბუფონის წინ. პირველი წრე შედარებით იოლად და ერთი ამოსუნთქვით განვლო ბებერმა სინიორამ. მდევარი მხოლოდ ანჩელოტის მილანი იყო. რობერტო მანჩინის ინტერი სარეკორდო რაოდენობის ფრეებს თამაშობდა და საჩემპიონო ბრძოლაში თეორიულად იღბდა მხოლოდ მონაწილოებას, ხოლო სპალეტის რომას პრობლემები ჰქონდა.

ახალი წლიდან მილანმა შეძლო ჩამორჩენის აღმოფხვრა. თებრვალში რამდენიმე ტური კლუბებმა თანაბარი ქულათა რაოდენობით განვლეს ცხრილის სათავეში. მდგომარეობა უკიდურესდ დაიძაბა 20 აპრილს, 32 ტურში როდესაც იუვენტუსმა დელე ალპიზე დათმო დაპირისპირება ინტერთან. სეზონის გადამწყვეტი შეხვედრა სან სიროზე 8 მაისს გაიმართა.

დავიდ ტრეზეგეს გოლით იუვემ მილანი მინიმალური სხვაობით დაამარცხა დარჩენილ ტურებში უპირატესობა აღარ გაუშვია ხელიდან. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს რომ მილანს ურთულესი ევროსეზონი ჰქონდა. კლუბმა ჯგუფში ბარსელონას არ დაუთმო პირველი ადგილი, მერვედფინალში მანჩესტერ იუნაიტედს ორივე თამაში მოუგო, მეოთხედფინალში დაძაბულ დაპირისპირებებში მილანის ინტერი გამოთიშა ასპარეზობიდან, ნახევარფინალში ურთულეს ორ რაუნდიან დუელში, გუუს ჰიდინკის პსვ ეინდჰოვენს გასდა და კლუბი აშკარად გადაღლილი და გადამწვარი იყო მაისში. როსონერის ფიქრები უკვე სტამბოლში გასამართი ფინალისკენ იყო მიპყრობილი. ამან ბევრწილად იუვენტუსის წისქვილზე დაასხა წყალი.

ჩემპიონობა იუვენტუსმა ტელე ეკრანებთან იზეიმა. მილანს გადატანილი თამაში ჰქონდა პალერმოსთან სანსიროზე. შეხვედრა 3-3 დასრულდა და ბებერი ქალბატონი 28 გახდა იტალიის ჩემპიონი. მოგვიანებით 2006 წლის იტალიური ფეხბურთის სკანდალის სკანდალის გამო ეს ტიტული კლუბს ჩამოერთვა.

ჩემპიონთა ლიგაზე ამჯერადაც ვერ მიაღწია მნიშვნელოვან შედეგებს იუვემ. ჯგუფში მიუნხენის ბაიერნი იქნა ორჯერ დამარცხებული. განსაკუთრებით სტუმრად გატანილი გოლი იყო დასამახსოვრებელი. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გერმანელთა ორ მცველს კუთხურის ალამთან თავგზა აუბნია ფინტებით, საჯარიმოში შეიჭრა და ალესანდრო დელ პიერო პირისპირ დატოვა ოლივერ კანთან. კაპიტანს ახლო მაძილიდან კარის დალაშქვრა არ გასჭირვებია. იუვენტუსმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მერვედფინალში კლუბს კენჭისყრამ მადრიდის რეალი არგუნა. პირველ შეხვედრაში ელგერას თავურით ესპანელებმა იმარჯვეს, ხოლო განმეორებით თამაშში, ტრეზეგემ შეძლო დაპიროსპირების ოვერტაიმში გადაყვანა. დამატებით დროში კი მადრიდელთა ლიგაზე გამოსვლას ესპანელთა მესაფლავემ, ურუგვაელმა მარსელო სალაიეტამ დაუსვა. მეოთხედფინალში ლივერპულის წინააღმდეგ იუვე ფავორიტად ითვლებოდა. მერსისაიდლებს არასტაბილური სეზონი ჰქონდათ. ენფილდზე ჰიიპიას და ლუის გარსიას ჯადო გოლებით მიღებული შოკიდან იუვე კანავარომ გამოიყვანა 1-2. განმეორებით თამაშში ჯერარდის გარეშე დარჩენილი ლივერპული დაცვაზე ორიენტირებულად ათამაშა რაფა ბენიტესმა და იუვემ ხეირიანი მომენტიც ვერ შექმნა 0-0. მორიგი სეზონი და მორიგი მიუღებელი შედეგი აჩვენა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე. დამდეგ ზაფხულს კლუბის უპირატესობები აშკარა ხდებოდა. საჭირო იყო ჩემპიონთა ლიგაში გამოცდილი ფეხბურთელის დამატება, სასურველი იყო იტალიის საზღვრებს გარედან, რომელიმე წამყვანი ჩემპიონატიდან.

2005-06 სეზონში იუვენტუსმა ოცდამეცხრე სკუდეტო მოიგო. თუმცა 2006 წლის მაისში აგორებული 2006 წლის იტალიური ფეხბურთის სკანდალის შემდეგ იტალიის საფეხბურთო ფედერაციამ რამდენიმე სასამართლო პროცესის და აპელაციის შედეგად ეს სკუდეტო ინტერს გადასცა, ამას გარდა იუვენტუსს ჩამოერთვა 2004-05 სეზონის ჩემპიონის ტიტული. კლუბი დაქვეითებულ იქნა სერია B-ში და გუნდს დააკლდა 9 ქულა.

 
ფაბიო კაპელო პრესკონფერენციაზე

2004-05 სკუდეტოს მოგების შემდეგ იუვენტუსის ხელმძღვანელობამ ჩემპიონთა ლიგის მოგება დაისახა მიზნად. ზაფხულში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი განხორციელდა. £13 მილიონად ლონდონის არსენალის ლიდერი პატრიკ ვიეირა გადმოიყვანა მოჯიმ. რამდენიმე წლის მანძილზე დასდევედნენ ფრანგს ევროპული გრანდები. ყველაზე დიდ ინტერესს მადრიდის რეალი იჩენდა. საბოლოოდ ტრანსფერების გურუმ - ლუჩანო მოჯიმ კაპელოს სურვილი აასრულა და იუვენტუსის ნახევარდაცვის ცენტრში ემერსონისა და ვიეირას ტანდემი შექმნა. ამას გარდა, იუვენტუსმა ლაციოდან თავისუფალი აგენტის სტატუსით ჯულიანო ჯანიკედა და ბაიერნიდან რობერტ კოვაჩი დაიმატა. იჯარით განათხოვრებული ჯორჯო კიელინი უკან დააბრუნეს. გუნდი დატოვეს მარესკამ და აპიამ. პირველმა სევილიას მიაშურა ხოლო აფრიკელი ფენერბახჩეში გადავიდა. იანვარში ჩარიცხული, ჩელსიდან კოკაინის მოხმარებისათვის გაგდებული ადრიან მუტუ სრული დატვირთვით ვარჯიშობდა და მასზედაც დიდ იმედებს ამყარებდა მწვრთნელი.

სუპერთასის შეხვედრა ინტერთან დელე ალპიზე გაიმართა. ძირითადი დრო 0-0 დასრულდა. დამატებით ექსტრა ტაიმში ხუან სებასტიან ვერონის გოლით სტუმრებმა გაიმარჯვეს. ბერლუსკონის თასზე, რომელიც მილანის გამარჯვებით 2-1 დასრულდა, მძიმე ტრავმა მიიღო ბუფონმა და გუნდს რამდენიმე თვით გამოაკლდა. მის შემცვლელად კლუბმა იჯარით კრისტიან აბიატი გადმოიყვანა მილანიდან.

სერია A-ში სეზონის სტარტი ფანტასტიკური ჰქონდა იუვეს. გუნდმა ზედიზედ ცხრა შეხვდრაში შეძლო გამარჯვების მოპოვება. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საკუთარ კედლებში სუპერთასზე მარცხისათვის მილანის ინტერთან რევანშის აღება 2-0. წარმატებული სერია 30 ოქტომბერს მე-10 ტურში მილანთან დასრულდა, როსონერიმ 3-1 შეძლო გამარჯვების მოპოვება და ჩემპიონატში ინტრიგა დააბრუნა. თუმცა, როგორც მოგვიანებით გარიკვა დროებით. იუვენტუსმა წარმატებული სვლა განგრძო და პირველ წრეში მხოლოდ ლაციოსთან სტუმრად დაკარგა ქულები, დანარჩენ შეხვედრაში ყველა მეტოქე დასცა ძირს კაპელოს მფრინავმა კრებულმა.

შესანიშნავად ჩაჯდა ნახევარდაცვის ცენტრში პატრიკ ვიეირა, მისი და ემერსონი ტანდემი, ფლანგებიდან ნედვედის და კამორანეზის მეშვეობით იყო გაძლიერებული, რუმინელ ადრიან მუტუსაც ხშირად მარცხენა ფრთაზე, ნედვედის ადგილას ათამაშებდა მწვრთნელი. შეტევაში უკონკურენტო იყო ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც გაცილებით დამაჯერებელ სეზონს ატარენდა და გუნდის ლიდერად ყალიბდებოდა, მიუხედავად გატანილი არც ისე ბევრი გოლისა. ასევე კარგი სეზონი ჰქონდა დავიდ ტრეზეგესაც, რომელიც გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 23 გოლით. ჩემპიონატში ფრანგი მხოლოდ ლუკა ტონის ჩამორჩა.

მეორე წრეში იუვენტუსმა თამაშს შედარებით უკლო, მაგრამ სოლიდური უპირატესობა და მდევრების არასათანადო კონკურირება სერია A-ში ინტრიგას ვერ აღვივებდა. კულმინაცია მარტში დადგა, როდესაც ზედიზედ ხუთი ტურის მანძილზე კაპელოს გუნდს მცირე ჩავარდნა ჰქონდა. რომასთან, ტრევიზოსთან, ლაციოსთან, ფიორენტინასთან და კალიარისთან გუნდმა ზედიზედ ხუთი ფრე ითამაშა. მილანელმა მდევრება სხვაობა მინიმუმადე შეამცირეს. ამის შემდეგ გარდამტეხი სიენასთან გასვლითი თამაში იყო. იუვენტუსმა ტოსკანელები 3-0 დაამარცხა და ბოლო ტურში რეჯინას ძლევით ისტორიის მაძილზე ოცდამეცხრედ გახდა იტალიის ჩემპიონი.

ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფურ ეტაპზე ამჯერადაც ბაიერნთან ერთად მოხვდა ბებერი ქალბატონი. მიუნხენში აბიატის შეცდომა დაისლერის გოლად დაუჯდა გუნდს და შეხვედრა დათმო 1-2, თუმცა ჯგუფის გამარჯვებული კვლავ კაპელოს სამწყსო გამოვიდა. ბაიერნი საკუთარ კედლებში ამავე ანგარიშით დაამარცხეს. ვენის რაპიდი და ბელგიური ბრიუგე კონკურენციას ვერ უწევდნენ იტალიურ და გერმანულს გრანდებს. აღსანიშნავი იყო ასევე ზლატან იბრაჰიმოვიჩის ზღაპრული ტრაექტროიის გოლი რაპიდის კარში. მერვედფინალში კენჭისყრის შედეგად იუვენტუსს მეტოქედ ბრემენის ვერდერი ერგო. პირველ შეხვედრაში მატჩის მიწურულს სადავეების დაკარგვის გამო კაპელო დაისაჯა, ვერდერმა ბოლო წუტებზე გატანილი გოლებით 3-2 იმარჯვა. განმეორებით შეხვედრაში იუვენტუსმა ამაზრზენად ითამაშა და სტუმართა მეკარის ტიმ ვიზეს ბოლო წუთზე დაშვებული ბავშვური შეცდომის ხარჯზე შემთხვევით გააღწია მომდევნო ეტაპზე, გამარჯვების გოლი ემერსონმა გაიტანა 2-1. მეოთხედფინალში ბებერ ქალაბტონს პატრიკ ვიეირას ყოფილი გუნდი ლონდონის არსენალი დაუპირისპირდა. ლონდონელები საუკეთესო პერიოდს ნამდვილად არ განიცდიდნენ, თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესი დაწყებული ჰქონდა არსენ ვენგერს და ფავორიტად იუვენტუსი ითვლებოდა, მით უმეტეს, რომ პირველი შეხვედრა ინგლისში ტარდებოდა. დისკვლიფიცირებული ნედვედის არ ყოფნაში იუვენტუსმა უსუსტესი მატჩი ჩაატარა სეზონში და სესკ ფაბრეგასის და სხვა ახალგაზრდა არსენალელების გააზრებული თამაშის შედეგად 0-2 უშანსოდ დამარცხდნენ, ძალიან ცუდად ითამაშა პატრიკ ვიეირამ. მარცხით გაღიზიანებულმა სტუმრებმა ემოციები ვერ მოთოკეს და რამდენიმე მათგანმა უხეში თამაშისათვის მსაჯისგან წითელი ბარათი მიიღო. განმეორებით შეხვედრაში არსენალმა სოლიდური უპირატესობა შეინარჩუნა და მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავიდა. კაპელოს გუნდმა ამჯერადაც აბსოლუტურად ვერაფერი ვერ დაუპირისპირა მეტოქეს რომელიც იმ დროისათვის ჩელსის მიერ დაშტორმილ პრემიერლიგაში მეოთხე პოზიციაზე ვერ ახერხებდა აღზევებას.

მორიგი სეზონი, მორიგი წარუმეტებელი გამოსვლით აღინიშნა ჩემპიონთა ლიგაში. იუვენტუსი წლიდან წლამდე თმობდა პოზიციებს ევროპაში და უკვე არაერთი კლუბის ჩრდილში იყო მოქცეული. კალჩოპოლის სკანდალის შედეგად სერია B-ში დაქვეითებამ გუნდს უდიდესი დარტყმა მიაყენა. იუვენტუსში მოჯი-ბეტეგა-ჯირაუდოს ტრიადის მმართველობა დასრულდა. გუნდს ისტორიის მაძილზე უმძიმესი პერიოდი დაუდგა. ბებერმა ქალბატონმა პირველად დატოვა იტალიის უძლიერესთა რიგები.

გამარჯვება 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

რედაქტირება
 
ტიფოზები მსოფლიო ჩემპიონობას ზეიმობენ 2006

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიაში სკუადრა აძურას შემადგენლობაში მარჩელო ლიპის ხუთი იუვენტუსელი ჰყავდა გამოძახებული. ჯანლუიჯი ბუფონი, ფაბიო კანავარო, ჯანლუკა ძამბროტა, მაურო კამორანეზი და ალესანდრო დელ პიერო. სტაბილურად ძირითადში იყვნენ ბუფონი და კანავარო, როტაციაში ხვდებოდნენ ძამბროტა და კამორანეზი, ხოლო დელ პიერო მეორე ტაიმებში შემოდიოდა, ისიც ყველა თამაშში არა რადგან თავდასხმაში ლიპის არჩევანი ლუკა ტონისა და ალბერტო ჯილარდინოს სასარგებლოდ გაკეთდა და ხშირად ერთ ფორვადრიან ტაქტიკას ირჩევდა მწვრთნელი. მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა ჯანლუკა ძამბროტამ მეოთხედფინალში უკრაინელთა წინააღმდეგ. ნახევარფინალში მასპინძელ გერმანიასთან ექსტრა ტაიმში 104 წუთზე ლიპიმ დელ პიერო შემოუშვა თამაშში. პინტურიკიომ მეორე გოლის გატანა შეძლო და იტალია ფინალში გავიდა. იუვეს კაპიტანმა ფინალშიც შეძლო თერთმეტმეტრიანების სერიაში თავისი სიტყვის თქმა, მეორე ტაიმის მიწურულს შესულმა პენალტების სერიაში მეოთხე პენალტი გარდასახა გოლად. გროსოს გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანით იტალია ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მიუხედავად იტალიურ ფეხბურთში აგორებული სკანდალისა სკუადრა აძურამ ერთ მუშტად შეკვრა მოახერხა და გმირულად მოიპოვა მსოფლიოს უძლიერესი ნაკრების ტიტული რაშიც უდიდესი დამსახურება იუვენტუსის ყოფილ თავკაც მარჩელო ლიპის მიუძღვოდა.

კალჩოპოლის შემდეგ

რედაქტირება
 
დიდიე დეშამი

სკანდალის აგორებიდან რამდენიმე დღეში მოჯიმ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა თანამდებობდა დატოვეს. საპატიო პრეზიდენტის ფრანცო გრანდე სტევენსის ნაცვლად „იუვენტუსის“ პრეზიდენტად 2006 წლის ზაფხულში ჯოვანო კობოლი ჯილი იქნა არჩეული. აღმასრულებელ დირექტორად ჯან კლოდ ბლანი დაინიშნა. ფაბიო კაპელო არ დაელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებებს და მადრიდის რეალის შეთავაზება მიიღო. 10 ივლისს „იუვენტუსის“ მწვრთნელად ახლო წარსულში წამყვანი ნახევარმცველი, დიდიე დეშამი დაინიშნა. ფრანგი პირველი არაიტალიელი მწვრთნელი იყო უკანასკნელი 33 წლის მანძილზე „ბებერი ქალბატონის“ ისტორიაში, ვიცპალეკის შემდეგ.

 
ჯანლუიჯი ბუფონი

სერია B ში დაქვეითებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია შემადგენლობაზე. მთელმა რიგმა,წამყვანმა ფეხბურთელებმა, მათ შორის უპირველეს ყოვლისა ბოლო წლებში მოსულებმა არ ისურვეს კლუბში დარჩენა და ტრანსფერზე დაყენება მოითხოვეს. €24.8 მილიონად იბრაჰიმოვიჩი ინტერმა იყიდა, ასევე ინტერში გადავიდა პატრიკ ვიეირა €10 მილიონად. დაახლოებით €20 მილიონი გადაიხადა მადრიდის „რეალმა“ ემერსონისა და კანავაროს სანაცვლოდ. თითქმის ამდენივე დაუჯდა ბარსელონას ტიურამის და ძამბროტას შეძენა. მიუხედავად ამისა კლუბში დარჩნენ ბუფონი, ტრეზეგე, კამორანეზი, ნედვედი, ბირინდელი, ძებინა, ლეგროტალიე და რა თქმა უნდა გუნდის ლიდერი და თილისმა ალესანდრო დელ პიერო. მათ შეუერთდნენ კრისტიანი ძანეტი, ვალერი ბოჟინოვი, ჟან ალენ ბუმსონგი, რაფაელე პალადინო, მარკო მარკიონი.

თავდაპირველად გუდმა ჩამოჭრილი 30 ქულით დაიწყო სეზონი. მოგვიანებით აპელაციის შედეგად სასჯელის ნორმა ჯერ 17 მდე ხოლო საბოლოოდ 9 ქულამდე დავიდა. დეშანის გუნდს სერიოზული დაბრკოლებები არ ჰქონია სერია B-ში. დასანანი მარცხი განიცადა გუნდმა იტალიის თასზე ნაპოლისთან.

 
დავიდ ტრეზეგე

თასის მოგება მომდევნო წელს იუვენტუსს უეფას თასზე გამოსვლის საშუალებას მისცემდა, მაგრამ გუნდი სერია A-ს საშუალო გუნდების დონეზეც არ გამოიყურებოდა კომპეტენტურად და გაუჭირდა ბრძოლა. უკანასკნელ წლებში, შესაძლოა დეკადების მანძილზეც იუვენტუსი ასეთი სუსტი არასოდეს ყოფილა.

2006 წლის 15 დეკემბერს კლუბის საწვრთნელ ბაზაზე არსებულ გაყინულ ტბაზე ტრაგიკულად დაიხრჩვნენ იუვენტუსის ახალგაზრდილი გუნდის წევრები 17 წლის ფეხბურთელები ალესიო ფერამოსკა და რიკარდო ნერი. კალენდარული შეხვედრა ჩეზენასთან ამ ტრაგედიის გამო გადაიდო.

ბებერმა ქალბატონმა სერია A-ს საგზური 19 მაისს არეცოს 5-1 განადგურებით მოიპოვა, გათამაშების დასრულებამდე 3 ტურით ადრე. იუვენტუსს როგორც მოსალოდნელი იყოს ჩამოჭრილი ქულების მიუხედავად არ გასჭირვებია სერია B-ს მოგება. ვეტერანების გვერდით ღირსეულად იბრძოდნენ ახალგზრდა იუვენტინოები მატეო პარო, სებასტიან ჯოვინკო, კლაუდიო მარკიზიო, რაფაელე პალადინო.

ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე მოულოდნელად კლუბმა ორმხრივი შეთანხმებით კონტრაქტი შეუწყვიტა მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშანს. მის ნაცვლად დარჩენილ ტურებში იუვენტუსს მოძღვრავდა ჯანკარლო კორადინი. 4 ივნისს იუვენტუსის ხელმძღვანელობამ ახალ მწვრთნელად კლაუდიო რანიერი დაასახელა. რანიერი მოვალეობის შესრულებას 2007 წლის 1 ივლისს შეუდგა.

კლაუდიო რანიერი

რედაქტირება
 
ნედვედი ამხანაგურ შეხვედრაში

2007 წლის ზაფხულში იუვენტუსმა შეძლო რიგი საჭირო ტრანსფერების განხორციელება. თუმცა გასაგები მიზეზების გამო შემადგენლობა ისევ უკეთესის სურვილის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ბუნებრივია რომ სერია B დან ახლად აღზევებული გუნდი მყისიერად ვერ დაბრუნდებოდა იტალიური ფეხბურთის მწვერვალზე და მით უმეტეს ევროპის მასშტაბებით ამას ნამდვილად ვერ მოახერხებდა, დრო იყო საჭირო იმისათვის რომ მძიმე შედების მომტანი სკანდალური პერიოდის შემდეგ ჭრილობები მოეშუშებინა გუნდს.

 
კლაუდიო რანიერი იუვენტუსს 2007 დან 2009 წლამდე წვრთნიდა

აიაქსიდან იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩეხი ზდენეკ გრიერა გადმოვიდა. ასევე უფასოდ ჩაირიცხა ბოსნიელი ჰასან სალიჰამიჯიჩი. €10 მილიონი დაუჯდა კლუბს დეპორტივოს პორტუგალიელი მცველი ჟორჟე ანდრადე. €9 მილიონად არგენტინელი სერხიო ბერნარდო ალმირონი შეიძინა გუნდმა. ლიონის უნივერსალური ცენტრალური ნახევარმცველის ტიაგოს გადაბირება €13 მილიონი დაჯდა, ხოლო იტალიის ნაკრების ფორვარდის ვინჩენცო იაკინტას სანაცვლოდ უდინეზემ €11 მილიონი მიიღო. გუნდი დატოვეს რობერტ კოვაჩმა, იგორ ტუდორმა, ფედერიკო ბალცარეტიმ, მარსელო სალაიეტამ, ვალერი ბოჟინოვმა, მატეო პარომ. მნიშვნელოვნად გააძლიერა გუნდის ნახევარდაცვა 2008 წლის იანვარში ლივერპულიდან €11 მილიონად დამატებულმა მალელმა მომო სისოკომ.

 
დელ პიერო ფიორენტინასთან

შემადგენლობა შედარებით დაბალანსდა. ჩემპიონობის მოლოდინი მცირე იყო, პროგრამა მინიმუმად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იქნა დასახული.

დაბრუნებულმა და სერია A-ს მონატრებულმა ბებერმა ქალბატონმა შთამბეჭდავი სტარტი აიღო ლივორნოს 5-1 განადგურებით. გუნდი დღითიდღე ძლიერდებოდა და უბრუნდებოდა ჩვეულ ცხოვრებას, თუმცა ჩამორჩენა მოქმედ ჩემპიონ მილანის ინტერთან მაინც საგრძნობი იყო და ეს სატურნირო ცხრილზეც მალევე აისახა. იუვეს სასახელოდ უნდა ითქვას რომ ამ სეზონში მათ მიუხედავად შემადგენლობაში არსებული სისუსტეებისა მაინც მოახერხეს ისეთი ბრწყინვალე გამარჯვებების მოპოვება როგორებიც იყო 17 თებერვალს რომასთან 1-0, 22 მარტს სან სიროზე ინტერთან და 23 აპრილს მილანთან 3-2. საბოლოო ჯამში გუნდმა მესამე პოზიციაზე დაასრულა გათამაშება ინტერის და რომას შემდეგ 72 ქულით და ჩემპიონს 13 ქულით ჩამორჩა. აღსანიშნავი იყო აგრეთვე დელ პიეროს და ტრეზეგეს შედეგიანი თამაში. იუვეს შემტევი ლიდერები საუკეთესოები გახდნენ ჩემპიონატში შესაბამისად 21 და 20 გოლით. იტალიის თასზე რანიერის გუნდი მეოთხედფინალამდე გავიდა სადაც ისევ და ისევ ინტერთან დათმო ორ რაუნდიანი დაპირისპირება 2-2, 2-3.

მიუხედავად არასტაბილურობისა რანიერის მიერ მოპოვებული მესამე ადგილი მაინც დამაკმაყოფილებლად შეფასდა. იუვენტუსი ევროპის უპრესტიჟულეს გათამაშებაში - ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლის უფლებას იბრუნებდა და ეს უმთავრესი იყო. მორიგი მძიმე სეზონი მოიტოვა უკან კლუბმა და მომავალს ოპტიმიზმით ხვდებოდა.

 
ვინჩენცო იაკინტა

2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ავსტრია-შვეიცარიაში სკუადრა აძურას შემადგენლობაში ოთხი იუვენტინო ჰყავდა რობერტო დონადონის. ჯანლუიჯი ბუფონი როგორც ყოველთვის აძურის განუყრელი ნაწილი იყო. დაშავებულმა კანავარომ ადგილი გაუხსნა ნაკრებში ახალგაზრდა ჯორჯო კიელინის. მაურო კამორანეზის აქტიურად იყენებდა მწვრთნელი ნახევარდაცვის მარჯვენა ფრთაზე, ხოლო ალესანდრო დელ პიერო ამჯერადაც სათადარიგოთა შორის იყო და მხოლოდ 1-2 ჯერ შეუშვა დონადონიმ იუვეს კაპიტანი.

 
ალესანდრო დელ პიერო 2008-2009 სეზონში

2008 წლის ზაფხულში იუვენტუსმა მორიგი შენაძენებით გააძლიერა შემადგენლობა. €22.8 მილიონად პალერმოდან კარვალიო ამაური გადმოვიდა. დანიელი კრისტიან პოულსენის სანაცვლოდ ხელმძღვანელობამ €9 მილიონი გადაიხადა. ასევე ჩაირიცხნენ ალბინ ეკდალი, ალექს მანინგერი, ოლაფ მელბერგი, დარიო კნეზევიჩი. გუნდი დატოვა ალმირონმა და 11 წლიანი ურთიერთობა დაასრულა ალესანდრო ბირინდელიმ.

კლუბი ახალ სეზონში პინცოლოში შეიკრიბა 5 ივლისს. 13 აგვისტოს უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ბრატისლავის არტმედია გაანადგურა რანიერის გუნდმა 4-0. განმეეორებითი შეხვედრა 1-1 დასრულდა და იუვემ 2 წლიანი პაუზის შემდეგ ლიგის კარი შეაღო. 28 აგვისტოს მონტე-კარლოში ჩატარებული კენჭისყრით ბებერ ქალბატონს მეტოქეებად მადრიდის რეალი, სანქტ პეტერბურგის ზენიტი და ბელორუსიის ბატე ერგო. მესამე კალათაში განთესილი კლუბისათვის კენჭისყრა აშკარად უარესიც შეიძლებოდა ყოფილიყო. 17 სექტემბერს ურთულეს დაპირისპირებაში იუვემ დელ პიეროს ზღაპრული ჯარიმით შეძლო დიკ ადვოკაატის ზენიტის წინააღმდეგობის გატეხვა. მეორე ტურში მოულოდნელად იუვე დიდ წინააღმდეგობას წააწყდა ბელორუსიაში და იაკინტას დუბლით მხოლოდ ქულის გადარჩენა შეძლო. ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრებში მადრიდის რეალთან დელ პიერომ, როგორც ჭეშმარიტ ლიდერს შეეფერებოდა თავისი სიტყვა თქვა. ჯერ კაპიტნის და ამაურის გოლებით საკუთარ კედლებში დაამარცხა იუვემ რეალი, ხოლო განმეორებით თამაშში პინტურიკიოს დუბლით ტურინელებმა რეალის ბერნაბეუზე დაძლევა და ჯგუფის მოგება შეძლეს.

მერვედფინალში რომას მიერ ძლეული ლონდონის ჩელსი შეახვედრა იუვენტუსს კენჭისყრამ. ლუის ფელიპე სკოლარის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ჩელსის მცირე კრიზისი დაეწყო ზამთარში და თებერვლისთვის იუვენტუსი როცა ფორმას აკრეფდა დიდი შანსი იყო, რომ ინგლისური წინააღმდეგობა დაძლეულიყო. მაგრამ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფებამდე 2 კვირით ადრე რომან აბრამოვიჩმა ბრაზილიელი მწვრთნელი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად რუსეთის ნაკრების მოქმედი თავკაცი გუუს ჰიდინკი დანიშნა. ჰოლანდიელის ხელში ჩელსი მყისიერად გარდაიქმნა ევროპის წამყვან ძალად და რანიერის გუნდს ძალისმიერ ინგლისელებთან მეტისმეტად გაუჭირდა. 25 თებერვალს იუვენტუსმა უშანსოდ დათმო პირველი შეხვედრა სტემფორდ ბრიჯზე დიდიე დროგბას გოლით 1-0. განმეორებით შეხვედრაში 10 მარტს გულშემატკივარმა ლამაზი, უხვგოლიანი თამაში იხილა. ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა, იაკინტამ ლამაზი კომბინაცია გაათამაშა დავიდ ტრეზეგესთან და პეტრ ჩეხის კარი აიღო. ტაიმის მიწურლს ახლად ტრავმა მოშუშებულმა მაიკლ ესეიენმა წონასწორობა აღადგინა. იუვეს 2 ბურთი ესაჭიროებოდა მეოთხედფინალში გასასვლელად. გუნდმა ბოლომდე იბრძოლა. 74 წუთზე დელ პიერომ თერთმეტმეტრიანით წინ აგიყვანა ბებერი ქალბატონი. იუვენტუსს სულ მცირდი აშორებდა საბოლოო გამარჯვებასთან, მაგრამ იმ დღეს ჰიდინკის ჩელსის დაძლევა გუნდის ძალებს აშკარად აღემატებოდა. 83 წუთხე დროგბამ ანგარიში გაათანაბრა და შემდეგ ეტაპზე ჩელსი გავიდა.

სერია A 30 აგვისტოს დაიწყო. სეზონი იუვენტუსმა ფლორენციაში ფიორენტინასთან ბოლო წუთებზე გაშვებული მოგებით დაიწყო. სტარტზე რამდენიმე მოგებას ფრეები ენაცვლებოდა. ფავორიტი მილანის ინტერი იყო კვლავ, რომელმაც მითვისებული 2006 წლის ტიტულის შემდეგ დასუსტებული ჩემპიონატის 2 ტიტულის მოგება მოახერხა 2006-07 და 2007-08 სეზონებში. გარდა ამისა მასიმო მორატიმ ჩემპიონობის მოპოვების მიუხედავად რობერტო მანჩინი პოსტიდან დაითხოვა და მის ნაცვლად ჟოზე მაურინიო მიიწვია. ინტერს ამჯერად უკვე ჩემპიონთა ლიგაზე გადაჰქონდა აქცენტი თუმცა კლუბი სერია A-ში მაინც მთავარ ფავორიტად რჩებოდა, რამდენადაც კარლო ანჩელოტის მილანს კვლავინდებურად არადამაჯერებელი გამოსვლა ჰქონდა. სეზონის მანძილზე იუვენტუსი საოცარ არასტაბილურობას ამჟღავნებდა. კლაუდიო რანიერის კვალიფიკაცია უკვე ვეღარ აკმაყოფილებდა მოღონიერებული კლუბის მოთხოვნებს. ერთმანეთს ენაცვლებოდა ისეთი თამაშები სადაც იუვენტუსი ქვას ქვაზე არ ტოვებდა მრისხანე მეტოქეებისაგან, ისეთი თამაშებით სადაც გუნდი გაუგებრად აგებდა ბევრ სუსტ გუნდთან.

პირველი წრის ბოლოს ბებერი ქალბატონის აქტივში ორმოცი ქულა იყო, სამით ნაკლები ვიდრე ინტერს ჰქონდა. მეორე წრეში კლუბმა იგივე ტემპით გააგრძელა და ნელ ნელა ინტერი ზრდიდა უპირატესობას. 21 მარტს 29-ე ტურში, რომში რომას 4-1 დამარცხების შემდეგ იუვენტუსი შვიდი თამაშის მანძილზე ვერ ახერხებდა გამარჯვების მოპოვებას. აშკარა კრიზისი იყო, რომელსაც რანიერი უკვე ვეღარ გაუმკლავდებოდა. ამ ჩავარდნის შედეგად სატურნირო ცხრილში მეორე პოზიცია მილანმა დაიკავა. ხელმძღვანელობამ რანიერი გაუშვა და მის ნაცვლად ახლო წარსულში გუნდის წამყვანი მცველი ჩირო ფერარა დანიშნა. ფერარას მეცადინეობით იუვენტუსმა დარჩენილი ორი შეხვედრის მშრალი ანგარიშით მოგება შეძლო და სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა, ჩამორჩა რა ინტერს ათი ქულით.

ჩირო ფერარა

რედაქტირება

„იუვენტუსში“ დანიშვნამდე ჩირო ფერარა მარჩელო ლიპის თანაშემწედ მუშაობდა. გაჩნდა ინფორმაცია რომ ფერარა დროებით უხელმძღვანელებდა გუნდს და მის ნაცვლად „ბარის“ სერია A-ში გადმომყვანი, ასევე წარსულში „იუვეს“ ერთ-ერთი ლიდერი ანტონიო კონტე გაწვრთნიდა კლუბს ახალ სეზონში. საბოლოოდ 5 ივნისს „იუვენტუსმა“ ფერარას ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა და კლუბში დატოვა.[1][2][3] ლიპიმ მისი მოწაფე სიამოვნებით გამოუშვა კონფედერაციის თასიდან.

2009 წლის ზაფხულში „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა. მადრიდის „რეალიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ფაბიო კანავარო დაბრუნდა. £21 მილიონად ბრემენის „ვერდერის“ ბრაზილიელი ნახევარმცველი დიეგო შეიძინა კლუბმა. „ფიორენტინადან“ ასევე ბრაზილიელი ფელიპე მელო გადმოიბირეს €25 მილიონად. დაცვის გაძლიერების მიზნით „ბარსელონას“ ურუგვაელი ცენტრალური მცველი მარტინ კასერესი ჩაირიცხა იჯარით. კლუბი დატოვეს დარიო კნეზევიჩმა, ოლოფ მელბერგმა, მარკო მარკიონიმ, კრისტიანო ძანეტიმ. რვა დაუვიწყარი სეზონის შემდეგ კარიერა დაასრულა ჩეხმა პაველ ნედვედმა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება