რობერტო ბაჯო

იტალიელი ფეხბურთელი

რობერტო ბაჯო (იტალ. Roberto Baggio; 18 თებერვალი, 1967, კალდონიო, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი, იტალიის ნაკრების ნახევარმცველი, რომელმაც დიდ წარმატებას იუვენტუსში თამაშისას მიაღწია. ოქროს ბურთის მფლობელი, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი. გუნდის ქარიზმატული ლიდერი, რომელსაც მთელი ცხოვრება ტრავმები სტანჯავდა, მიუხედავად ამისა, მან მაინც მოახერხა გამხდარიყო მსოფლოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 91-ე ადგილზე დასახელდა.[1]

რობერტო ბაჯო
ბაჯო 1990 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რობერტო ბაჯო
დაბადების
თარიღი
18 თებერვალი, 1967 (1967-02-18) (57 წლის)
დაბადების
ადგილი
კალდონიო, იტალია
სიმაღლე 174 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1982–1985 ვიჩენცა 36 (13)
1985–1990 ფიორენტინა 94 (39)
1990–1995 იუვენტუსი 141 (78)
1995–1997 მილანი 51 (12)
1997–1998 ბოლონია 30 (22)
1998–2000 ინტერი 41 (12)
2000–2004 ბრეშა 95 (45)
სულ 488 (221)
ეროვნული ნაკრები
1988–2004 იტალია 56 (27)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბავშვობის წლები

რედაქტირება

პროვინციულ ქალაქ ვიჩენცასთან მდებარე დაბა კალდონმიოში, მარკონის ქუჩაზე, მე-3 სახლშიფიორინდო და მატილდა ბაჯოებს მე-7 შვილი შეეძინათ, რომელსაც მამამ იმ წლების პოპულარული იტალიელი ფეხბურთელის — რობერტო ბონინსენიას პატივსაცემად რობერტო დაარქვა. ბაჯოს მამა ფლორინდო ველოსპორტის დიდი მოყვარული იყო და დიდი სურვილი ჰქონდა ვაჟიშვილიც სპორტის ამ სახეობას გაჰყოლოდა. თუმცა პატარა რობიმ ფეხბურთი ირჩია. კალდონიოს ბერთა საძმო გრძელ თმას კრძალავდა.რობერტომ კი საერთო წესრიგი უგულველჰყო და თმა გაიზარდა.ერთ დღეს მას საყდართან მჯდარმა მოხუცებმა უხმო.ისინი უხსნიდნენ გრძელი თმის სიავეს... არაფერმა რომ არ გაჭრა ერთ-ერთმა ბერმა სანაძლეო დაუდო, რომლის წაგების შემთხვევაში სამუდამოდ გამოეთხოვებოდა გრძელ თმას. რობერტო დათანხმდა და თავისსავე თანატოლს „ჩეკაჩონკაში“ („კენწვლა“) გაეჯიბრა. რობიმ ნიძლავი მოიგო და იმ დგიდან ყველაფერი დალაგდა. ჯერ კიდევ 9 წლის იყო, როდესაც საბავშვო გუნდის მწვრთნელმა ფორვარდის პოზიციაზე გაამწესა. 14 წლის ასაკში კი ერთ ერთ მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა. რის შემდეგაც იმ დროისთვის სერია ც-ში მოასპარეზე ვიჩენცის სკუატების ყურადღება მიიპყრო. პირველი პროფესიონალური კონტრაქტიც მალევე გააფორმა, რის თანახმადაც ბაჯო თვეში 170 დოლარს ღებდა. პირველი ორი სეზონი თითქმის სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

ვიჩენცა - ფიორენტინა

რედაქტირება

1984-1985 წლების სეზონში კი მის მიერ გატანილმა 12-მა გოლმა დიდი როლი ითამაშა ვიჩენცას სერია ბ-ში აღზევებაში. თავად ბაჯო უფრო ძლიერი კლუბების სელექციონერების ყურდღების ცენტრში მოექცა. მალე რობერტომ ფიორენტინას მიაშურა, სადაც ხუთი წელი გაატარა. ამ კლუბში ყველაზე წარმატებული სეზონი 1989-1990 წლებში ჩაატარა, მაშინ ფლორენციელებმა უეფას თასის ფინალში გააღწიეს, თუმცა ფინალში ტურინის იუვენტუსთან დამარცხდნენ.

ის ფინალი ბაჯომ ბრწყინვალედ ჩაატარა და ტექნიკური თამაშით მოწინააღმდეგე გუნდის მესვეურებიც მოხიბლა. მათაც საკუთარ კლუბში გადასვლა შესთავაზეს.

იუვენტუსი

რედაქტირება

1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ორი კვირით ადრე კლუბის შეცვლა ყველასათვის მოულოდნელი იყო. ეს ამბავი დიდხანს ბურუსით იყო მოცული, თუმცა ყველაფერი ბაჯოს ავტობიოგრაფიული წიგნით გახდა ნათელი. მისი თქმით, თავად ფეხბურთელს დიდი სურვილი ჰქონდა ფიორენტინაში დარჩენის და კონტრაქტიც გაახანგრძლივა ერთი წლით. თუმცა, როგორც გაირკვა, იების მაშინდელი პრეზიდენტი პონტელო იუვეს პრეზიდენტ ანიელისთან ტრანსფერის ღირებულებაზე უკვე შეთანხმებული იყო. ჟან ჟაკ ბოსმანს მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოგებული სასამართლო და ფეხბურთელებს საკუთარი სურვილით სხვა კლუბში გადასვლა არ შეეძლოთ. ბაჯო იტალიის ნაკრებთან ერთად უკვე შეკრებაზე იმყოფებოდა, როდესაც შეიტყო, რომ იუვენტუსში გადაიყვანეს. კლუბებმა ისე გააფორმეს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომ ფეხბურთელი ამ პროცესს არ დარწრებია.

ბებერ ქალბატონს რობის ყიდვა 17 მილიონი დოლარი დაუჯდათ. ბაჯოს გაყიდვით უკმაყოფილო დარჩა ფიორენტინას გულშემატკივარი, მათ კლუბის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ფლორენციის ქუჩებში საპროტესტო აქციაც კი გამართეს, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა. მისი გადასვლის მიზეზი არავის უკუთხავს და ბაჯო სათაყვანებელი ფეხბურთელიდან საძულველ მოთამაშედ იქცა. ფლორენციელები მაშინ კავერჩანოს საწვრთნელ ბაზაზეც კი შეიჭრნენ და ბაჯოსთან მისვლას ცდილობდნენ. სიტუაცია კარაბინერებმა განმუხტეს.

იუვენტუსში ბაჯოს გადასვლით ფეხბურთში დაიწყო მილიონიანი ტრანსფერების სერია, რაც დღემდე გრძელდება და კოლოსალურ თანხებს აღწევს. იმ დროისთვის ბებერმა ქალბატონმა ფეხბურეთელებისთვის ხელფასები გაანახევრა. რასაც ბაჯო არ დაეთანხმა და ჰონორარის მომატება მოისურვა. კლუბის ხელმაძღვანელობამ საყვედური გამოუცხადა ფეხბურთელს. რობიმ კლუბის შეცვლა გადაწყვიტა.

მილანი, ბოლონია, ინტერი

რედაქტირება

1995 წელს ბაჯო მილანში გადავიდა. ტურინელებს მისი წასვლა დიდად არ განუცდიათ - იქ უკვე დელ პიერო იწყებდა გაბრწყინებას. მილანში გადასულ ბაჯოს კიდევ ერთი ნოვატორული პროექტის მსხვერპლად გახდომა ელოდა. სწორედ მაშინ იდგამდა ფეხს ორი შემადგენლობის აუცილებლობის პრინციპი. ყველაფრის მოგების მსურველ მილანს ორი თანაბარი დონის შემადგენლობა სჭირდებოდა. ფაბიო კაპელომ ბაჯო იმ შემადგენლობაში გაამწესა, რომელსაც იშვიათად უწევდა მოედანზე გასვლა. საბოლოოდ რობერტო მიხვდა, რომ დიდ გუნდში უთამაშებლობას, საშუალო დონის კლუბში გადასვლა სჯობდა, იქ, სადაც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდებოდა.

1997 წელს ბაჯო ბოლონიაში აღმოჩნდა და როგორც თვითონ ამბობს, ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარა.ერთ სეზონში 22 გოლი გაიტანა. 1998 წელს კი ინტერში გადავიდა. იმ დროს მთავარი მწვრთნელი მარჩელო ლიპი იყო, რომელსაც ბაჯო დიდად არ მოსწონდა. ეს ტრანსფერი წარუმატებელი გამოდგა. უთამაშებლობის გამო ვერც ეროვნულ ნაკრებში ხვდებოდა, ამიტომაც კლუბის შეცვლა გადაწყვიტა.

ინტერიდან ბაჯო ბრეშაში 2001 წელს გადავიდა და პირველივე სეზონში 9 მატჩში 8 გოლი გაიტანა. თუმცა შემდეგ დაშავდა და არაერთო შეხვედრის გამოტოვება მოუწია. მოედანზე გასვლა სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე შეძლო. პირველივე თამშზე ბოლონიის წინააღმდეგ საწყის 2 წუთში 2 გოლი გაიტანა. რობერტო ბაჯომ ბრეშას შემადგენლობაში 2004 წლამდე ითამაშა და კარიერაც ამ კლუბში დაასრულა

ტრავმები

რედაქტირება

რობერტო ბაჯომ პირველი სერიოზული ტრავმა, რომელმაც მთელი კარიერის განმავლობაში გაუმწარა სიცოცხლე, 18 წლის ასაკში მიიღო. ეს მაშინ მოხდა, როცა მეტოქისთვის ბურთის ართმევა სცადა. როგორც შემდეგ გაირკვა, საკმაოდ სუსტი მუხლი ჰქონდა და მსგავსი მოძრაობები არ უნდა გაეკეთებინა. მარჯვენა ფეხი გადაუბრუნდა და გაუწყდა ჯვარედინი მყესები, ამოუვარდა მუხლის თავი და დაეჭიმა გვერდითი მყესი. ამ ყველაფერთან ერთად გაუწყდა კუნთი. ოპერაცია სენტ ეტიენის კლინიკაში გაუკეთეს.

”მე გამიბურღეს დიდი ძვლის თავი, შემდეგ გამიჭრეს მყესი, გამიჭიმეს მუხლის თავამდე და გაჩენილ ხვრელში 220 მილიმეტრიანი ფიქსატორი დამიმაგრეს. როდესაც გონს მოვედი და საკუთარი ფეხი დავინახე, შემეშინდა იმ მომენტში მხოლოდ იმას ვფიქრობდი, გავივლიდი ფეხზე, თუ ინვალიდის ეტლს მივეჯაჭვებოდი.” - იხსენებს ბაჯო.

ამ ტრავმის დროს მიღებული ტკივილები მთელი კარიერის განმავლობაში ახსენებდა თავს. ყველაფერთან ერთად ტკივილგამაყუჩებლებზე ალერგია აღმოაჩნდა და რასაც სხვა ფეხბურთელები მარტივად იყუჩებენ, ბაჯოს ჯოჯოხეთურ ტკივილებს ანიჭებდა.

რობერტო ბაჯო შემდეგაც არაერთხელ დაშავდა. მის კარიერაში ტრავმები დიდ როლს ასრულებდა. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე მან კიდევ ერთი სერიოზული ტრავმა მიიღო, ბევრი მის საფეხბურთო კარიერის დასასრულზეც საუბრობდა. მაგრამ ბაჯომ იმკურნალა და რეაბილიტაცია გაიარა ბოლონიის საუკეთესო კლინიკაში. იმ პერიოდში მასთან ერთად ტრავმებს იშუშებდნენ ქართველი ფეხბურთელები, ზურაბ ხიზანიშვილი და გიორგი ნემსაძე.

ეროვნული ნაკრები

რედაქტირება

მსოფლიო ჩემპიონატში ბაჯომ პირველად 1990 წელს ითამაშა. მაშინ მუნდიალს იტალია მასპინძლობდა. ნახევარფინალურ მატჩში აძურა არგენტინელებს შეხვდნენ. იმ მატჩში აძელიო ვიჩინიმ ბაჯოს მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცა. მისი აზრით, რობი ძალიან გადაღლილი იყო, თუმცა თავად ფეხბურთელი ასე არ თვლიდა და ამბობდა - ”მე ხომ მხოლოდ 23 წლის ვარ, მზად ვარ ყველანაირი დატვირთვისთვის, მთავარია მოედანზე შემიშვან.”

ვიჩინი შეუვალი აღმოჩნდა და ბაჯო მხოლოდ მეორე ტაიმში შეუშვა. ის მატჩი იტალიელებმა პენალტების სერიით წააგეს. 1994 წლის მუნდიალზე კი ბაჯო ნამდვილად ბრწყინავდა და როგორც მაშინ ამბობდნენ, მთელი ნაკრები სწორედ მან ”ათრია” ფინალამდე. გადამწყვეტ მატჩში იტალიელები ბრაზილიელებს დაუპირისპირდნენ. აქაც თერთმეტმეტმრიანებამდე მივიდა საქმე, გადამწყვეტი პენალტი კი მანამდე გმირად შეარაცხულმა ბაჯომ ააცილა. ამის გამო სამშობლოში დაბრუნებული კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. ამ წარუმატებლობას თავად ბაჯო დიდად განიცდიდა, მატჩის შემდეგ გამართულ ბანკეტზე, სადაც მთელი გუნდი ცოლებთან ერთად მივიდა, მხოლოდ რობი არ წასულა, სასტუმროს ნომერში დარჩა. პენალტების შესრულების შიში გაუჩნდა და როგორც შემდეგ თავად ამბობდა, მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ დაძლია ეს შიში.

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთში რობერტო ბაჯო და იტალია კვლავ მეოთხედფინალში მასპინძლებთან პენალტების სერიაში დამაარცხდნენ. მართალია, მაშინ თავად რობიმ თერთმეტმეტრიანი გაიტანა, მაგრამ აძურას ვერაფრი უშველა.

ოთხი წლის შემდეგ ბაჯო იმედოვნებდა, რომ მუნდიალზე მონაწილეობას მიიღებდა, თუმცა ტრაპატონიმ კორეა- იაპონიაში მისი წაყვანა არ ისურვა. საერთოდ რობერტო ბაჯო მწვრთნელების სიმპატიით არასდროს სარგებლობდა და ხშირად მოხვედრილა დაუმსახურებელი კრიტიკის ქვეშ. დონ ტრაპიც მათ რიცხვს განეკუთვნებოდა. იმ ჩემპიონატზე იტალიამ წარუმატებლად იასპარეზა. მაშინ პრესა წერდა, რომ უღიმღამოდ ჩატარებული მუნდიალის მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ნაკრებში არ მოიძებნა ბაჯოს მსგავსი ფანტაზიორი ფეხბურთელი, რომელიც თავისი კარგი თამაშით უპირველეს ყოვლისა თანაგუნდელებს აღარფრთოვანებდა.

ბოლო მატჩები

რედაქტირება

ბაჯომ ფეხბურთიდან წასვლის ოფიციალური განცხადება 2004 წლის 31 მარტს გააკეთა. ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ჯოვანი ტრაპატონიმ მიუხედავად იმისა, რომ კორეა იაპონიაში არ წაიყვანა, შეთავაზა, რომ 28 აპრილს ესპანელებთან შეხვედრაში მიეღო მონაწილეობა, რაც ფეხბურთიდან ერთგვარი გაცილება იქნებოდა. პანუჩიმ რობერტოს დიდსულოვნად დაუთმო კაპიტნის სამკლაური. იტალიური ფეხბურთის ლეგენდა 6 წლიანი შესვენების შემდეგ პირველად გავიდა მოედანზე აძურას მაისურით. მატჩის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე ბაჯო მიკოლიმ შეცვალა. მოედანზე შეკრებილმა პუბლიკამ კი ფეხზე ამდგარმა ოვაციებით გააცილა 37 წლის ნახევრმცველი.

მანამდე ბრეშას შემადგენლობაში ერთგვარ გამოსათხოვარ გასტროლებად აქცია ყველა შეხვედრა. თითოეულ მატჩში მისი შეფასების კოეფიციენტები 7-8 ბალი იყო. ბოლო 205-ე გოლი ლაციოს გაუტანა ბოლოსწინა ტურში.

იტალიურმა გულშემატკივარმა მოედანზე ბაჯო ბოლოს 16 მაისს იხილა. მაშინ ბრეშა გასვლით მატჩს ატარებდა მილანთან. რაც უფრო ცოტა დრო რჩებოდა თამაშის დამთავრებამდე ტიფოზები მით უფრო ხმამაღლა სკანდირებდნენ ბაჯოს სახელს. 83-ე წუთზე რობი კოლუჩიმ შეცვალა. დიდმა ნახევარმცველმა თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი 80 ათასი გულშემატკივრის ტაშის თანხლებით.

გამომშვიდობებისას რობერტო ბაჯოს გადასცეს პრემია ”სან სიროს ჯენლტმენი” 2004 წლისთვის. გულშემატკივრის აზრით იმ წელს ყველაზე ერთგულად სწორედ ბაჯო იცავდა ”ფეარ ფლეის” პრინციპებს.

მიღწევები

რედაქტირება

ვიჩენცა

  • სერია ც1: 1984-1985
  • სერია CA: 1985-1986

ფიორენტინა

  • უეფას თასის ფინალისტი: 1990

იუვენტუსი

  • სერია ა: 1994-1995
  • იტალიის თასი: 1995
  • უეფას თასი: 1993

მილანი

  • სერია ა: 1995-1996

ბოლონია

  • ინტერტოტოს თასი: 1998

ინტერი

  • იტალიის თასი: 2000

სანაკრებო

რედაქტირება
  • მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი: 1994
  • მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი: 1990

ინდივიდუალური

რედაქტირება
  • წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი: 1990
  • უეფას თასის საუკეთესო ბომბარდირი: 1990-1991
  • ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი: 1993
  • მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი: 1993 ფიფა
  • პლატინის ბურთის მფლობელი: 1992
  • საუკეთესო ფეხბურთელი: 1993 ონზ მუნდიალი
  • ბრავოს მფლობელი: 1990
  • შედის საუკუნის იტალიის ნაკრებში: 2000
  • შედის ფიფას ასეულში
  • ჯუზეპე პრისკოს ჯილდოს მფლობელი: 2004

ოქროს ფეხის მფლობელი: 2003

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

რობერტო ბაჯოს 7 დედმამიშვილი ჰყავს. ბავშვობაში ძმებთან ერთად ბურთს დასდევდა, თუმცა ფეხბურთელი მხოლოდ თვითონ გახდა. დედამისი მატილდა დიასახლისია. ცოლი ანდრეინა კი პირველად 1982 წლის თებერვალში ნახა. მაშინ ორივე 15 წლის იყო. მაშინ მათ სიყვარულს რომეოსა და ჯულიეტასას ადრებენ. ბედნიერ წყვილს ორი შვილი ჰყავს - 18 წლის ვალენტინი და 14 წლის მატია. ფეხბურთის სხვა არაერთი ვარსკვლავისგან განსხვავებით, რობერტო ბაჯოს პოპულარობის მოსაპოვებლად საკუთარი პერსონის გარშემო ნარკოტიკებთან, ალკოჰოლთან, დოპინგთან დაკავშირებული ან სექსუალური სკანდალების აგორება არ დასჭირვებია. დიდი საფეხბურთო ნიჭის გარდა, ბაჯო პიროვნული თვისებებითაც გამოირჩევა. ამასთან თავისი გარეგნობითაც იქცევს ყურადღებას. მას მარჯვენა ხელზე ინდური სვირინგი აქვს, ბოშურ საყურესა და გრძელ შეკრულ თმას ატარებს. რობერტო ბაჯო აღმსარებლობით ბუდისტია. ამ რელიგიით სტრესულ მდგომარეობაში ყოფნის დროს მეგობრის რჩევით დაინტერესდა.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.