მაურო კამორანეზი

იტალიელი ფეხბურთელი

მაურო ხერმან კამორანეზი სერა (იტალ. Mauro Germán Camoranesi Serra; დ. 4 ოქტომბერი, 1976, ტანდილი, ბუენოს აირესი, არგენტინა) — არგენტინული წარმოშობის იტალიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

მაურო კამორანეზი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მაურო ხერმან კამორანეზი სერა
დაბადების
თარიღი
4 ოქტომბერი, 1976 (1976-10-04) (48 წლის)
დაბადების
ადგილი
ტანდილი, ბუენოს აირესი
არგენტინა
სიმაღლე 173 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1995–1996 ალდოსივი 31 (0)
1996 სანტოს ლაგუნა 13 (1)
1997 ვანდერერსი 6 (1)
1997–1998 ბანფილდი 38 (16)
1998–2000 კრუს ასული 75 (21)
2000–2002 ელას ვერონა 54 (7)
2002–2010 იუვენტუსი 224 (27)
2010–2011 შტუტგარტი 7 (1)
2011–2012 ლანუსი 35 (0)
2012–2014 რასინგი 39 (3)
ეროვნული ნაკრები
2003–2010 იტალია 55 (5)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

მაურო კამორანეზი არგენტინაში, ბუენიოს აირესში დაიბადა, ამიტომაც ბავშვობაში „რივერ პლეიტს“ გულშემატკივრობდა, თუმცა ფეხბურთის თამაში „ალდოსივის“ შემადგენლობაში დაიწყო. ეს კლუბი ახლოს მდებარეობდა მის საცხოვრებელ ადგილთან, ამიტომაც პატარა ფეხბურთელი ამ გუნდში მიიყვანეს.

პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერის გასაკეთებლად მაურო მალე მექსიკაში გადავიდა და იქაურ „სანტოს ლაგუნაში“ ჩაირიცხა. ამ კლუბის მაისურით პირველი ტიტული 1996 წელს მოიგო — მექსიკის ჩემპიონი გახდა. კამორანეზიმ 13 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანა შეძლო. მექსიკიდან ახალგაზრდა ნახევარმცველი ურუგვაიში გადაბარგდა და „მონტევიდეო უონდერერსთან“ გააფორმა კონტრაქტი. ცოტა ხანს ითამაშა „ბანფილდში“, სადაც 38 მატჩში 16 გოლი გაიტანა.

ურუგვაიდან კვლავ მექსიკას დაუბრუნდა. იქაურ „კრუს ასულში“ 1999–2000 წლებში ითამაშა. თავისი კარგი თამაშით იტალიის სერია A-ს კლუბ „ვერონას“ სელექციონერების ყურადღება მიიპყრო. „კრუს ასულის“ მაისურით მაუროს 79 შეხვედრაში 21 გოლი ჰქონდა გატანილი, რაც ნახევარმცველისთვის შესანიშნავი შედეგია. კლუბებმა შეთანხმებას მალე მიაღწიეს და არგენტინელი კამორანეზიც 2000 წელს ევროპაში გადმოვიდა სათამაშოდ.

„ვერონას“ შემადგენლობაში საკმაოდ კარგი სტარტი ჰქონდა, სეზონის ბოლოს კი ნახევარმცველისთვის მშვენიერი გოლების რაოდენობა მოაგროვა. კლუბში 2 წელი გაატარა, შემდეგ კი „იუვენტუსში“ გადავიდა.

2002 წელს „იუვენტუსმა“ კამორანეზის სანაცვლოდ „ვერონას“ 4,8 მილიონი ევრო გადაუხადა და მიანათხოვრა მაქს ვიერი, მაუროს თანამფლობელი „ვერონას“ ერთად „იუვენტუსიც“ გახდა. ერთი წლის შემდეგ კი სამუდამოდ გამოისყიდა.

იუვენტუსი

რედაქტირება

„იუვენტუსის“ შემადგენლობაში კამორანეზიმ 2002–2003 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატი მოიგო, ითამაშა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც „მილანს“ დაუპირისპირდა, მაშინ ტურინელებმა პენალტების სერიაში წააგეს და მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდნენ. იტალიის სუპერთასზეც ორჯერ იმარჯვეს 2002 და 2003 წლებში. კამორანეზიმ „იუვენტუსის“ შემადგენლობაში კიდევ ორჯერ (2005, 2006) მოიგო იტალიის სერია A, თუმცა 2006 წელს იტალიურ ფეხბურთში მომხდარი სკანდალის გამო სკუდეტო ჩამოართვეს. „იუვენტუსი“ კი იტალიის სერია B-ში დააქვეითეს.

იმ პერიოდში კლუბიდან ბევრი ფეხბურთელი წავიდა, არაერთი შეთავაზება მიიღო კამორანეზიმაც. მისი გადაბირება |„ლივერპულმა“ და |„ვალენსიამ“ სცადეს, თუმცა მაურომ ბუფონისთან და დელ პიეროსთან ერთად „იუვენტუსში“ დარჩენა გადაწყვიტა.

იტალიის სერია B-შიც შესანიშნავად თამაშობდა, დიდი წვლილი შეიტანა უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად. კამორანეზიმ ტრადიციული 16 ნომრიანი მაისურის ნაცვლად 8 ნომერი ჩაიცვა, თავისი მაისური კი ერთი წლის შემდეგ იტალიის სერია A-ში აღზევების შემდეგ დაიბრუნა. ელიტაში დაბრუნებულ „იუვენტუსში“ მაურო კვლავ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლებოდა.

ეროვნული ნაკრები

რედაქტირება

მაურო კამორანეზიმ ორმაგი მოქალაქეობა მიიღო, რაც საშუალებას აძლევდა ეთამაშა როგორც არგენტინის, ისე იტალიის საფეხბურთო ნაკრებში. მისით პირველად სკუადრა აძურას ხელმძღვანელები დაინტერესდნენ და ნაკრებში გამოიძახეს. მას შემდეგ მაურო აპენინელების მასურით გამოდიოდა და სამხრეთ ამერიკელების შემადგენლობაში არ უთამაშია.

ნაკრებში დებიუტი 2003 წელს შედგა, კამორანეზიმ პორტუგალის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ტრაპატონის ნაკრებმა მაშინ 1:0 მოიგო. მაურო იტალიის ნაკრების შემადგენლობაში იყო ევრო 2004-ზეც, მარჩელო ლიპიმ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონაზეც წაიყვანა. იტალიელებმა მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედ მოიგეს, გულშემატკივრებს კამორანეზი გარდა კარგი თამაშისა კიდევ ერთი ეპიზოდით დააამახსოვრდათ. მაურო გრძელ უკანშეკრულ თმას ატარებდა და მუინდიალის დაწყებამდე ნათქვამი ჰქონდა, თუ იტალია ჩემპიონი გახდებოდა თმას შევიჭრიო. აპენინელებმა ფინალში საფრანგეთის ნაკრები პენალტების სერიით დაამარცხეს. ბოლო დარტყმა ფაბიო გროსომ შეასრულა და როდესაც ცნობილი გახდა, რომ ტურნირი აძურამ მოიგო, თანაგუნდელმა მასიმო ოდომ კამორანეზის პირდაპირ მოედანზე მაკრატლით თმის ”კუდი” მოაჭრა. მაურო მოჭრილი თმით ხელში კამერებთან მივიდა და ესპანურად წარმოთქვა : "Para los pibes del barrio..." (მეზობელი ბიჭებისთვის).

კამორანეზი ევრო 2008-ზეც იღებდა მონაწილეობას. მაშინ იტალია მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში კამორანეზიმ ირლანდიის წინააღმდეგ გოლიც გაიტანა.

საერთო ჯამში იტალიის ნაკრების მაისურით მაურო კამორანეზიმ 51 შეხვედრა ჩაატარა და 5-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება.

ტიტულები

რედაქტირება
იუვენტუსი
რასინგი

სანაკრებო

რედაქტირება

რესურსები ინეტრნეტში

რედაქტირება