იტალიის სერია B — მნიშვნელობით მეორე საფეხბურთო ლიგა იტალიაში. 2004–05 წლების სეზონიდან მონაწილეობას იღებს 22 გუნდი. ამჟამინდელი წესის მიხედვით, სამ გუნდს აქვს შესაძლებლობა გადავიდეს სერია A-ში, რომლებიც ჩაანაცვლებენ სერია A-ში ბოლო სამ ადგილზე გასულ კლუბებს. თუ გუნდი დაასრულებს ჩემპიონატს პირველ ან მეორე ადგილზე, ის ავტომატურად გადავა სერია A-ში, ხოლო მესამე სავარაუდო გადამსვლელი ირკვევა პლეიოფით — მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე ადგილზე გასული კლუბები მართავენ ერთმანეთში შეხვედრებს, სადაც ირკვევა მათგან საუკეთესო კლუბი, რომელიც უნდა გადავიდეს სერია A-ში. სერია B-დან 4 კლუბი ქვეითდება ქვედა ლიგაში – სერია C-ში. ბოლო სამ ადგილზე გასული კლუბები ავტომატურად ქვეითდება დაბალ ლიგაში, ხოლო მეოთხე კლუბი ირკვევა ბოლოდან მეოთხე და მეხუთე ადგილზე გასულ კლუბებს შორის, რომლებიც გამართვენ ორ მატჩს – შინ და სტუმრად.