ჯანლუიჯი ბუფონი

იტალიელი ფეხბურთელი

ჯანლუიჯი ბუფონი (იტალ. Gianluigi Buffon; დ. 28 იანვარი, 1978, კარარა, ტოსკანა, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი, მეკარე. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2012 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში. 1998, 2002, 2010 და 2014 წლების მსოფლიო ჩემპიონატების, ასევე, 2004, 2008. 2012 და 2016 წლების ევროპის ჩემპიონატების მონაწილე. საყოველთაოდ აღიარებულია მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მეკარედ.[1][2]

ჯანლუიჯი ბუფონი
ჯანლუიჯი ბუფონი 2016 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჯანლუიჯი ბუფონი
დაბადების
თარიღი
28 იანვარი, 1978 (1978-01-28) (46 წლის)
დაბადების
ადგილი
კარარა
ტოსკანა
იტალია
სიმაღლე 192 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
1991–1995 პარმა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1995–2001 პარმა 169 (0)
2001–2018 იუვენტუსი 509 (0)
2018–2019 პარი სენ-ჟერმენი 17 (0)
2019–2021 იუვენტუსი 17 (0)
2021–2023 პარმა 43 (0)
ეროვნული ნაკრები
1995–1997 იტალია 16-წლ. 3 (0)
1995 იტალია 17-წლ. 3 (0)
1994–1995 იტალია 18-წლ. 3 (0)
1995–1997 იტალია 21-წლ. 11 (0)
1997 იტალია 23-წლ. 4 (0)
1997–2018 იტალია 176 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბავშვობის წლები

რედაქტირება

ჯანლუიჯი ბუფონი სპორტულ ოჯახში დაიბადა. დედა, მარია სტელა, მძლეოსანი იყო, მამა, ადრიანო კი — ძალოსანი. მისი ორი და, ვერონიკა და გუენდალინა, პროფესიონალი ფრენბურთელები არიან, ხოლო ბიძა, ანჯელო მასოკო, დიდი წარმატებით გამოდიოდა ადგილობრივ საკალათბურთო კლუბში. მისი პაპის ძმა იყო ლორენცო ბუფონი, რომელიც ცნობილი მეკარე იყო და გასული საუკუნის 50-იან წლებში „მილანის“ ღირსებას იცავდა. პატარა ჯიჯისაც ძალიან უყვარდა ფეხბურთის თამაში. საფეხბურთო სკოლაში ის ნახევარდაცვაში თამაშობდა, თუმცა, მისივე თქმით, მალე მობეზრდა გაუთავებელი სირბილი და კარში წყნარად დგომა არჩია. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, სიზარმაცემ ბუფონი კი არ დაღუპა, მსოფლიოში ცნობილ ადამიანად აქცია.

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

მომავალი მეკარის დებიუტი სერია A-ში 1995 წლის ნოემბერში შედგა. მაშინ ბუფონი 17 წლის იყო და „პარმას“ კარს „მილანთან“ მატჩში იცავდა, რომელმაც მანამდე, ერთი წლით ადრე, იტალიის ჩემპიონატსა და ჩემიპონთა ლიგაში გაიმარჯვა. ბუფონი ისეთი დაბნეული იყო, რომ მატჩის წინ თანაგუნდელებთან ერთად ფოტოს გადაღებაც დაავიწყდა. მიუხედავად იმისა, ახალბედა მეკარემ შეხვედრა გოლის გაუშვებლად დაამთავრა. ის მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა.

ამის შემდეგ ბუფონმა „პარმას“ ძირითადი მეკარის ადგილი დაისაკუთრა და იმ დრიოსთვის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი, ლუკა ბუჩი იმედგაცრუებილი დატოვა. „პარმაში“ ჯანლუიჯი ბუფონმა 6 წარმატებული სეზონი ჩაატარა. 1998-1999 წლების სეზონში უეფას თასის გათამაშების ფინალში, რომელსაც მოსკოვი მასპინძლობდა, პარმამ „მარსელს“ სძლია და საპატიო ევროპულ საკლუბო ჯილდოს დაეუფლა. გარდა ამისა, ბუფონი პარმასთან ერთად იტალიის თასს და იტალიის სუპერთასს დაეუფლა. საერთო ჯამში მან „პარმას“ მაისური 168 შეხვდრაში მოირგო.

2000 წელს ჯანლუიჯი ბუფონს 88 ნომრიანი მაისურით ასპაზობის სურვილი გაუჩნდა, რის გამოც დიდი სკანდალი აგორდა. საქმე ის იყო, რომ ეს რიცხვი იტალიაში ნეონაცისტების კუთვნილებად ითვლება, ამიტომ „პარმას“ გოლკიპერი იძულებული იყო, განზრახვაზე ხელი აეღო.

მალე ბუფონმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა და არჩევანი მსოფლიო ფეხბურთის გრანდ ტურინის „იუვენტუსზე“ გააკეთა.

იუვენტუსი

რედაქტირება

ტურინულ კლუბს ბუფონის შეძენა საკმაოდ ძვირი — 33 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა. ეს რეკორდული თანხა იყო, რაც კი მეკარეში ოდესმე გადაუხდიათ. ამიტომაც ბუფონიც ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოექცა, ყველა ნდობის გამართლებას მოითხოვდა, რათა „იუვეს“ მესვეურებს ამხელა თანხა წყალში გადაყრილად არ ჩაეთვალათ.

„იუვენტუსში“ ჯანლუიჯი ბუფონმა მალე დაიმკვიდრა ადგილი და გუნდთან ერთად ზედიზედ ორჯერ მოიგო სკუდეტო. საგულისხმოა ისიც რომ 2002-2003 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატში, „ბებერი ქალბატონის“ კარში მეტოქე გუნდებმა მხოლოდ 26 გოლის გატანა შეძლეს, რაც ცხადია, იუვეს მცველებთან ერთად, მეკარის დამსახურებაც იყო. ამავე სეზონში იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაღწევა მოახერხა. გადამწყვეტ მატჩში ტურინელები „მილანს“ დაუპირისპირდნენ. თამაში ფრედ, 0:0, დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ბუფონმა თერთმეტმეტრიანების სერიაში ორი პენალტის მოგერიება მოახერხა, საბოლოო გამრჯვება მაინც „მილანს“ დარჩა და ბუფონს მხოლოდ ვერცხლის მედალი ერგო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ მოახერხა, ის სეზონი ტიტულის გარეშე მაინც არ დაუმთავრებია. „იუვენტუსმა“ 2002–2003 წლების სეზონში სკუდეტო მოიგო. მალე ბებერმა ქალბატონმა ოლდ ტრაფორდზე განცდილი მარცხისთვის მინირევანში აუღო „მილანს“. ნიუ ჯერსიში გამართულ იტალიის სუპერთასის გათამაშებაში იუვემ „მილანი“ პენალტების სერიაში დაამარცხა. ამ მატჩშიც ტურინელთა გოლკიპერმა ბრწყინვალედ ითამაშა. საერთო ჯამში მთელი სეზონი ბუფონმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ამიტომაც იმ წლის ჩემპიონთა ლიგის გალა დაჯილდოებაზე არამარტო საუკეთესო მეკარედ, არამედ ყველაზე სასარგებლო მოთამაშედაც დასახელდა. დაჯილდოების ცერემონიალზე გოლკიპერმა განაცხადა: ჩემი ჯილდო მთელი „იუვენტუსის“ დამსახურებაა და ტურინული კლუბი მომავალში კიდევ უფრო გაძლიერებული წარდგება საფეხბურთო სამყაროს წინაშეო.

თუმცა მეკარის იმედები არ გამართლდა, მომდევნო სეზონი კლუბმა ტიტულის გარეშე დაამთავრა, შემდეგ კი დიდ სკანდალში გაეხვია და მთელი საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა. „იუვენტუსს“ გარიგებულ მატჩებში დასდეს ბრალი და სერია ბ-ში დააქვეითეს. კლუბი ისეთმა წამყვანმა ფეხბურთელება დატოვეს, როგორიცაა ზლატან იბრაგიმოვიჩი, ფაბიო კანავარო და სხვები. ბუფონმაც არაერთი შეთავაზება მიიღო, თუმცა კლუბში დარჩენა და სერია A-ში გადასვლაში დახმარება გადაწყვიტა.

ბუფონმა და „იუვენტუსმა“ წარმატებას კვლავ მიაღწიეს 2012 წელს, როცა კლუბი ჩემპიონატში დამარცხების გარეშე, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ გახდა იტალიის ჩემპიონი.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

1997–2004 წლები

რედაქტირება

იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელობას შეუმჩნეველი არ დარჩენია ნიჭიერი მეკარე და ის 1996 წელს კონტინენტის პირველობაზე წაიყვანეს თანატოლ ახალგაზრდებთან ერთად, რომელთა შორის ალესანდრო ნესტა, ფრანჩესკო ტოტი და ალესანდრო დელ პიერო იყვნენ. ბუფონმა პირველად ითამაშა იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში მომდევნო წელს, 1997 წლის ოქტომბერში, მოსკოვში გამართულ შეხვედრაში. მაშინ იგი 19 წლის იყო. შეხვდრისას ტრავმა მიიღო ნაკრების ძირითადმა გოლკიპერმა ჯანლიუკა პალიუკამ, მის ნაცვლად კი ბუფონი შევიდა.

ბუფონი ნელ-ნელა ნაკრების ძირითად მეკარედ ყალიბდებოდა. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთშიც წაიყვანეს, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა. სამაგიეროდ შეუდარებელი იყო ევრო 2000-ის შესარჩევ ციკლში. ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ძირითად მეკარედ სწორედ ბუფონი უნდა წასულიყო, თუმცა ზუსტად ჩემპიონატის მოსამზადებელ შეხვედრაში ხელი მოიტეხა და მის ნაცვლად ძირითად მეკარედ ახალგაზრდა ფრანჩესკო ტოლდო იქცა, რომელმაც შანსი გამოიყენა და ფანტასტიკური შეხვდრები ჩაატარა.

 
მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე.

გერმანია 2006

რედაქტირება

ბუფონი ნაკრების ძირითადი მეკარე იყო ფიფა 2002-სა და ევრო 2004-ზე. თუმცა იტალიის ნაკრები ამ ტურნირებზე უფერულად გამოვიდა.

სამაგიეროდ ბრწყინვალე თამაშები ჩაატარა ბუფონმა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე. მაშინ ბუფონმა შეუცვლელად ითამაშა ყველა მატჩი. გერმანიაში მუნდიალის ფინალში ერთმანეთს იტალიისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩის განმავლობაში ბუფონმა რამდენიმეჯერ გადაარჩინა ნაკრები გაშვებულ გოლს. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, დამატებით დროში ბუფონმა კვლავ შესანიშნავად ითამაშა და ზიდანის რამდენიმე ბრწყინვალე დარტყმა მოიგერია. როგორც შემდეგ იხსენებდა ფრანგი იმ ფინალში მდგომარეობიდან სწორედ ბუფონის ფანტასტიკურმა თამაშმა გამოიყვანა.

პენალტების სერიაში ბუფონს არც ერთი დარტყმა არ აუღია, ფრანგთაგან ბურთი ტრეზეგემ ააცილა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ იტალია მეოთხედ გამხდარიყო მსოფლიო ჩემპიონი. ჯანლუიჯი ბუფონი კი ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.

2008 წლიდან დღემდე

რედაქტირება

ევრო 2008-ზე ბუფონი რობერტო დონადონიმ ნაკრების კაპიტნად დანიშნა. ამ ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებმა მეოთხედფინალამდე მიაღწია, ხოლო ბუფონი ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ბუფონი ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე უნდა ყოფილიყო 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც, მაგრამ პირველივე მატჩში ტრავმა მიიღო და და შეცვალეს. ევრო 2012-ზე ბუფონიმ ნაკრებთან ერთად ფინალამდე მიაღწია. ბუფონი მეოთხედფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

პირადი და ოჯახური ცხოვრება

რედაქტირება

ჯიჯი ბუფონს საშუალო სკოლის დიპლომი არ აქვს. მან საფეხბურთო კარიერა საკმაოდ ადრე დაიწყო და სკოლის დამთავრება ვეღარ მოახერხა. ბუფონი აკურატულობით უდგება თავის საქმეს, თუმცა ამავდრიულად საშინლად არაპუნქტუალურია, რეგულარულად არღვევს დისციპლინას. როგორ არ სცადეს მისი გამოსწორება - სიტყვიერი გაფრთხილებით თუ ფულდი ჯარიმით, მაგრამ არაფერმა უშველა. ბუფონი არც რეჟიმის მოყვარულთა შორისაა. პრესაში ხშირად დაბეჭდილა ფოტოები, სადაც ის ხან სიგარეტით და ხანაც სასმელით ხელშია აღბეჭდილი, არაერთხელ უნახავთ ტურინულ დისკოთეკებზე და კინოს ღამეულ სეანსებზე.

ახალგაზრდობაში მომავალი ვარსკვლავი თანატოლებს შორის პოპულარობით არ სარგებლობდა და მას უშნოსაც კი ეძახდნენ, მაგრამ ცნობილი მეკარე გახდა თუ არა, მის გვერდით ლამაზმანებიც გაჩნდნენ. სერიოზული ურთიერთობა არავისთან ჰქონია, სანამ არ გამოჩნდა ჩეხი ფოტომოდელი ალიონა სერედოვა, რომელმაც „მის ჩეხეთის“ ტიტულის მოპოვების შემდეგ იტალიურ შოუ ბიზნესში განაგრძო მოღვაწეობა. სერედოვას ბუფონის გაცნობამდე მის თანაგუნდელთან, კრისტიან ვიერისთან ჰქონდა ურთიერთობა. ვიერი სერედოვასთან ერთად მალდივიზე ისვენებდა. დროს იმდენად კარგად ატარებდა, რომ ჯერ „მილანის“ ფორვარდს, ფილიპო ინძაგის დაურეკა, ჩამოდიო, შემდეგ - ბუფონის. ვიერის წასვლა მოუხდა და სერედოვა ინძაგისთან და ბუფონთან დარჩა. გოლკიპერს იმდენად მოეწონა მოდელი, რომ ინძაგიმ ისინი მარტო დატოვა და თვითონ მილანში დაბრუნდა. მას შემდეგ ბუფონი და ალიონა ასერედოვა ერთად ცხოვრობენ. მსოფლიო ჩემპიონატზე სერედოვა ბუფონს საცოლის რანგში გაჰყვა. ჩემპიონატის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ და ორი შვილი ჰყავთ.

ტიტულები

რედაქტირება
  პარმა
  იუვენტუსი
  პსჟ

სანაკრებო

რედაქტირება
  იტალია

ინდივიდუალური

რედაქტირება
  • ბრავოს ჯილდო: 1999
  • საუკეთესო ევროპელი მეკარე: 2003
  • უეფას კლუბის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2003
  • ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარე: 2003
  • ფიფა 100
  • იაშინის ჯილდო: 2006
  • 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესოთა გუნდი
  • ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (ვერცხლის ბურთი): 2006
  • სერია A-ს წლის საუკეთესო მეკარე (8): 1999, 2001, 2002, 2003, 2005, 2006, 2008, 2012
  • უეფას წლის საუკეთესოთა გუნდი (3): 2003, 2004, 2006
  • პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ფედერაცია (FIFPro World XI): 2006, 2007
  • ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით, მსოფლიოს წლის საუკეთესო მეკარე (4): 2003, 2004, 2006, 2007
  • ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით, ათწლეულის საუკეთესო მეკარე: 2000-2010
  • ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით, 21-ე საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე: 2012
  • ევროპის ჩემპიონატის საუკეთესოთა გუნდი (2): 2008, 2012
  • სერია A-ს წლის საუკეთესოთა გუნდი: 2012

პერიოდიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Ranker (2017). The Best Soccer Goalies of All Timeranker.com. წაკითხვის თარიღი: 15 თებერვალი, 2018.
  2. Gianluigi Buffon (2018). ჯანლუიჯი ბუფონის ოფიციალური საიტიgianluigibuffon.it. წაკითხვის თარიღი: 15 თებერვალი, 2018.