ერნან კრესპო

არგენტინელი ფეხბურთელი

ერნან ხორხე კრესპო (ესპ. Hernan Jorge Crespo; დ. 5 ივლისი, 1975, ფლორიდა, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იცავდა „რივერ პლეიტის“, „პარმას“, „ლაციოს“, „ინტერის“, „ჩელსის“, „მილანის“, „ჯენოას“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას. არგენტინის ორგზის ჩემპიონი და ლიბერტადორესის თასის მფლობელი „რივერ პლეიტის“ შემადგენლობაში. იტალიის თასის, იტალიის სუპერთასის და უეფა-ს თასის მფლობელი „პარმას“ შემადგენლობაში. იტალიის სუპერთასის მფლობელი „ლაციოს“ შემადგენლობაში. იტალიის სუპერთასის მფლობელი „მილანის“ შემადგენლობაში. ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონი და ინგლისის სუპერთასის მფლობელი „ჩელსის“ შემადგენლობაში. იტალიის სამგზის ჩემპიონი და იტალიის სუპერთასის ორგზის მფლობელი „ინტერის“ შემადგენლობაში. პანამერიკული თამაშების ჩემპიონი და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1998, 2002 და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე.

ერნან კრესპო
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ერნან ხორხე კრესპო[1]
დაბადების
თარიღი
15 ივლისი, 1975 (1975-07-15) (49 წლის)
დაბადების
ადგილი
ფლორიდა,
ბუენოს-აირესი, არგენტინა
სიმაღლე 184 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1991–1993 რივერ პლეიტი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1993–1996 რივერ პლეიტი 62 (24)
1996–2000 პარმა 116 (62)
2000–2002 ლაციო 54 (39)
2002–2003 ინტერი 18 (7)
2003–2008 ჩელსი 49 (20)
2004–2005   მილანი 28 (11)
2006–2008   ინტერი 49 (18)
2008–2009 ინტერი 14 (2)
2009–2010 ჯენოა 16 (5)
2010–2012 პარმა 46 (10)
სულ 453 (198)
ეროვნული ნაკრები
1995–2007 არგენტინა 64 (35)
სამწვრთნელო კარიერა
2014–2015 პარმა (ახალგ.)
2015–2016 მოდენა
2018–2019 ბანფილდი
2020–2021 დეფენსა ი ხუსტისია
2020–2021 სან-პაულუ
2022–2023 ალ-დუჰაილი
2023–2024 ალ-აინი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

„რივერ პლეიტი“

რედაქტირება

ერნან კრესპო „რივერ პლეიტის“ აკადემიის აღზრდილია და სწორედ აქ დაიწყო თავისი პროფესიონალური კარიერა. იგი 1993–96 წლებში თამაშობდა „რივერის“ მაისურით და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.

კრესპოს დებიუტი „რივერ პლეიტში“, 18 წლის ასაკში, 1993–94 წლების სეზონში შედგა და სადებიუტო სეზონშივე დაამტკიცა, რომ ნიჭიერი თავდამსხმელი იყო, როდესაც 25 მატჩში 13 გოლი გაიტანა და თავის გუნდს არგენტინის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა (აპერტურა 1993).

მომდევნო სეზონში კრესპომ კიდევ უფრო დახვეწა თავისი თამაში და გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფორვარდად ჩამოყალიბდა. გუნდთან ერთად 1994 წლის აპერტურა მოიგო. როგორც თავდამსხმელი — სისწრაფით, ტექნიკით, მოედნის ხედვითა და თავური დარტყმებით გამოირჩეოდა.

1996 წელს კრესპომ „რივერ პლეიტის“ მაისურით ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია — კლუბი სამხრეთ ამერიკის საუკეთესო გუნდი გახდა, როდესაც ლიბერტადორესის თასი მოიგო. კრესპო განმეორებითი ფინალური მატჩის მთავარ გმირად იქცა, მან კოლუმბიური „ამერიკა დე კალის“ წინააღმდეგ ორივე გოლი გაიტანა, რაც პირველ ფინალურ მატჩში 0–1 განცდილი მარცხის შემდეგ, „რივერისთვის“ ისტორიულ გამარჯვებად შეფასდა.[2] მთლიანობაში აღნიშნულ ტურნირზე არგენტინელმა 10 გოლი გაიტანა,[3] გუნდის მთავარი ბომბარდირი გახდა და ფინალის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. ეს იყო მისი უკანასკნელი თამაში „რივერ პლეიტში“, რადგან სამხრეთამერიკული ტრიუმფის შემდეგ, მან ევროპაში, კერძოდ იტალიურ „პარმაში“ განაგრძო საკლუბო კარიერა.

საერთო ჯამში, ერნან კრესპოს კარიერა „რივერ პლეიტში“ შედარებით მოკლე, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი გამოდგა. მის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტად, არგენტინის ორგზის ჩემპიონობის მოპოვების მიუხედავად, მაინც 1996 წლის ლიბერტადორესის თასის ფინალი იქცა, როდესაც მან ისტორიული დუბლი შეასრულა. ამის შემდეგ მან ევროპაში გადაინაცვლა, სადაც მსოფლიო დონის ვარსკვლავად ჩამოყალიბდა.

„პარმა“ 1996–2000

რედაქტირება

1996 წელს, ლიბერტადორესის თასის მოგების შემდეგ, კრესპო იტალიურ „პარმაში“ გადავიდა. პირველ სეზონში, 1996–97 წლებში, კრესპომ სერია A-ში 12 გოლი გაიტანა და სწრაფად მოიპოვა მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ნდობა. „პარმას“ რიგებში მის გვერდით თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ ჯანლუიჯი ბუფონი, ლილიან ტურამი და ფაბიო კანავარო.

1997–98 წლების სეზონში „პარმამ“ მეორე ადგილი დაიკავა სერია A-ში, რაც იმ დროისთვის კლუბის საუკეთესო შედეგი იყო.

1998–99 წლების სეზონში „პარმას“ ძირითადი თავდამსხმელი გახდა და გუნდს უეფა-ს თასის, იტალიის თასისა და იტალიის სუპერთასის მოგებაში დაეხმარა. ამ სეზონში ყველა ტურნირზე 28 გოლი გაიტანა, მათ შორის უეფა-ს თასის ფინალში, სადაც „პარმამ“ „მარსელი“ 3–0 დაამარცხა.[4][5][6]

1999–2000 წლების სეზონში ერნან კრესპომ კვლავ ბრწყინვალედ ითამაშა, 22 გოლი გაიტანა სერია A-ში და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა შორის იყო. „პარმას“ ფინანსური სირთულეების გამო, 2000 წლის ზაფხულში კლუბი იძულებული გახდა მის გაყიდვაზე ეზრუნა და კრესპოც „ლაციოში“ გადავიდა. „პარმაში“ გატარებული პერიოდი დღემდე ითვლება მისი კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო ეტაპად.

2000 წელს „ლაციომ“ კრესპოსთვის 35.5 მილიონი ფუნტი გადაიხადა, რაც იმ დროისთვის მსოფლიოს რეკორდული ტრანსფერი იყო.[7][8] კრესპოსთვის სერია A უკვე კარგად ნაცნობი იყო და იგი სწრაფად მოერგო „ლაციოს“ სათამაშო სტილს. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ვერ შეძლო სკუდეტოს დაცვა, კრესპომ თავისი მაღალი კლასი გამოავლინა და პირველივე სეზონში 26 გოლით სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მომდევნო სეზონში „ლაციომ“ შეტევაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტრიო შექმნა — კრესპო, კლაუდიო ლოპესი და სიმონე ინძაგი. მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა ვერ შეძლო ტიტულების მოგება, კრესპო ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე იყო.

თეთრ-ცისფრების მაისურით 2 სეზონის განმავლობაში სერია A-ში ერნანმა 54 მატჩი ჩაატარა და 39 გოლი გაიტანა, მათ შორის 30 გოლი ჩემპიონატში მხოლოდ — 2001 კალენდარულ წელს. საერთო ჯამში, ორ სეზონში კრესპომ რომაული კლუბის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 48 გოლი გაიტანა. გარკვეული მიზეზების გამო გუნდი ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა და 2002 წელს კრესპო „ინტერში“ გადაბარგდა.

„ინტერი“ 2002–2003

რედაქტირება
 
კრესპო „ინტერში“ 2007 წელს.

„ინტერში“ გადასვლისთანავე მან შთამბეჭდავი სტარტი აიღო, თუმცა სეზონის მეორე ნახევარში ტრავმებმა ხელი შეუშალა, რის გამოც იძულებული გახდა 2003 წელს 3 თვეზე მეტი გამოეტოვებინა. 2002–03 წლების სეზონში სერია A-ში — 18 მატჩში 7 გოლი, ხოლო უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე — 12 მატჩში 9 გოლი გაიტანა, მათ შორის ბრწყინვალე გოლები „რუსენბორგის“,[9][10] ლიონის „ოლიმპიკისა“[11] და „აიაქსის“ კარებში.[12][13] მიუხედავად ინდივიდუალური წარმატებისა, გუნდი სკუდეტოს ვერ იგებდა, რის გამოც კრესპო 2003 წელს „ჩელსიში“ გადავიდა.

2003 წლის აგვისტოში კრესპო ლონდონის „ჩელსიში“ 16.8 მილიონ ფუნტ სტერლინგად გადავიდა, თუმცა იქ ყველაფერი კარგად ვერ აეწყო. კრესპომ ყველა ტურნირის ჩათვლით 31 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. 2004–05 წლების სეზონში „მილანში“ გაანათხოვრეს, სადაც მან ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულს“ ორი გოლი გაუტანა (სტამბულის ფინალი, 3–3), მაგრამ გუნდი საბოლოოდ დამარცხდა.[კომ. 1]

2005–06 წლების სეზონში „ჩელსიში“ დაბრუნდა და პრემიერლიგა მოიგო, თუმცა ჟოზე მოურინიოს გეგმებში, რომელიც „ჩელსის“ სათავეში 2004 წლის ზაფხულში ჩაუდგა, მაინც ვერ ჩაჯდა და საბოლოოდ კლუბის დატოვება მოუწია.

„ინტერი“ 2006–2009

რედაქტირება

2006 წელს „ჩელსიმ“ კრესპო კვლავ „ინტერში“ გაანათხოვრა, სადაც მან ზედიზედ სამი სკუდეტო მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ძირითად შემადგენლობაში ყოველთვის ვერ ხვდებოდა, მნიშვნელოვანი გოლების გატანას მაინც ახერხებდა. 2006 წლის დეკემბერში კრესპომ სერია A-ში თავისი 125-ე გოლი გაიტანა.

2009 წელს გადავიდა „ჯენოაში“, სადაც 16 საჩემპიონატო შეხვედრაში 5 გოლი შეაგდო. გენუელთა მაისურით თავისი სადებიუტო გოლი იმავე წლის 13 სექტემბერს, სერია A-ს მესამე ტურის შეხვედრაში გაიტანა. „ჯენოამ“ „სტადიო ლუიჯი ფერარისზე“ „ნაპოლის“ უმასპინძლა და ანგარიშით 4–1 დაამარცხა. კრესპო მოედანზე 58-ე წუთზე იტალიელი სერჯო ფლოკარის ნაცვლად გამოჩნდა, ნეაპოლელთა კარი კი არგენტინელი როდრიგო პალასიოს გადაცემის შემდეგ, 75-ე წუთზე აიღო.[14]

„ჯენოადან“ წასვლის შემდეგ ისევ „პარმაში“ დაბრუნდა და 2012 წელს ამავე კლუბში დაასრულა პროფესიონალური კარიერა.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

1995–2007 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 64 მატჩი ითამაშა და 35 გოლი გაიტანა. ერნან კრესპო არგენტინის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იყო, რომელიც 12 წლის განმავლობაში 35 გოლით, გაბრიელ ბატისტუტასა და ლიონელ მესის შემდეგ, მესამე საუკეთესო ბომბარდირი გახდა — იქამდე, ვიდრე მოგვიანებით აგუერომ არ გადაასწრო. მიუხედავად მისი ბრწყინვალე ინდივიდუალური სტატისტიკისა, ნაკრებთან ერთად დიდი საერთაშორისო ტიტულის მოგება ვერ შეძლო.

1996 წელს არგენტინის ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად ატლანტის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი მოიპოვა. კრესპო ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 6 გოლით და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არგენტინის ნაკრების ფინალამდე მიღწევაში. ფინალში არგენტინა ნიგერიასთან 2–3 დამარცხდა,[15] თუმცა კრესპოს, როგორც მომავალი ფორვარდის დიდი პოტენციალი, მისი შთამბეჭდავი თამაშის წყალობით ყველასთვის თვალსაჩინო გახდა.

არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კრესპოს დებიუტი, დანიელ პასარელას მთავარი მწვრთნელობის დროს, 1995 წლის 15 თებერვალს, ბულგარეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში შედგა.[16]

იმ პერიოდში არგენტინის თავდასხმას გაბრიელ ბატისტუტა და კლაუდიო ლოპესი ლიდერობდნენ, რის გამოც მას ხშირად სათადარიგოთა სკამზე უწევდა ჯდომა.

1998 წლის საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატზე კრესპო მხოლოდ ინგლისთან მერვედფინალურ მატჩში, გაბრიელ ბატისტუტას ნაცვლად, შეცვლაზე შევიდა და პენალტიც შეასრულა მატჩისშემდგომ თერთმეტმეტრიანების სერიაში, რომელიც ვერ გამოიყენა, თუმცა არგენტინელებმა სერია 4–3 მოიგეს და შემდეგ ეტაპზეც გავიდნენ.[17]

2002 წლის მუნდიალზე არგენტინა ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა. კრესპო სამივე მატჩში შეცვლაზე გამოვიდა, ნიგერიასთან მის პასს მოჰყვა გამარჯვების გოლი, ხოლო შვედეთთან შეცვლაზე შესვლის შემდეგ თავადაც გაიტანა,[18] თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ დროსაც ბატისტუტა იყო ძირითად ფორვარდად, რის გამოც კრესპოს სათამაშო დრო შეზღუდული ჰქონდა.

გაბრიელ ბატისტუტას სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ, 2006 წლის მუნდიალზე კრესპო ნაკრების ძირითადი თავდამსხმელი გახდა. გოლები კოტ-დ’ივუარის,[19] სერბეთი და მონტენეგროს[20] და მექსიკის[21] კარებში გაიტანა, ასევე სერბეთთან მატჩში გოლის გატანაში დაეხმარა კამბიასოს.[კომ. 2] თუმცა არგენტინა მეოთხედფინალში მატჩისშემდგომ თერთმეტმეტრიანების სერიაში გერმანიასთან დამარცხდა, რაც კრესპოსთვის მუნდიალის ყველაზე დიდ იმედგაცრუებად დარჩა.[22]

ორი შეხვედრა ითამაშა 2007 წლის კოპა ამერიკაზე, სადაც ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით დიეგო მარადონას გადაასწრო. თუმცა, კოლუმბიის ნაკრებთან ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში მიღებული ტრავმის გამო ტურნირის დარჩენილი მატჩები გამოტოვა. კრესპოს გარეშე დარჩენილმა არგენტინამ — პარაგვაის, პერუს და მექსიკის ნაკრებებს შედარებით იოლად სძლია და ფინალში გავიდა, სადაც დიდი მცდელობის მიუხედავად, ბრაზილიასთან ვერაფერი გააწყო და ანგარიშით 0–3 დამარცხდა.[23]

სანაკრებო სტატისტიკა

რედაქტირება
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
არგენტინა
 
1995 1 0
1996 2 0
1997 9 3
1998 3 3
1999 4 1
2000 8 4
2001 6 6
2002 4 2
2003 5 3
2004 4 1
2005 7 6
2006 6 3
2007 5 3
ჯამში 64 35

სამწვრთნელო კარიერა

რედაქტირება

2015 წლის 30 ივნისს იტალიის სერია B-ს მონაწილე საფეხბურთო კლუბ „მოდენას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.[24] 2016 წლის 26 მარტს გუნდის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო პოსტიდან გაათავისუფლეს.[25]

2018 წლის დეკემბერში არგენტინული „ბანფილდის“ მთავარი მწვრთნელი გახდა.[26][27]

2020 წლის 25 იანვარს დაინიშნა საფეხბურთო კლუბ „დეფენსა ი ხუსტისიას“ მთავარ მწვრთნელად.[28] 2021 წლის 23 იანვარს „დეფენსამ“ მისი ხელმძღვანელობით კლუბის ისტორიაში პირველი თასი — კოპა სუდამერიკანა (Copa Sudamericana) მოიპოვა. 2020 წლის სამხრეთ ამერიკის თასის ფინალში „ალკონელებმა“ „ლანუსი“ ანგარიშით 3–0 დაამარცხეს და თასს დაეუფლნენ.[29][30] თუმცა, იმავე წლის 7 თებერვალს კრესპომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.[31]

2021 წლის 12 თებერვალს კრესპო ბრაზილიურ „სან-პაულუს“ ჩაუდგა სათავეში.[32] 2021 წლის 23 მაისს, მისი თავკაცობით კლუბმა სან-პაულუს შტატის ჩემპიონატი მოიგო, როდესაც განმეორებით ფინალურ მატჩში „პალმეირასი“ დაამარცხა ანგარიშით 2–0. 2021 წლის 13 ოქტომბერს, ბრაზილიის სერია A-ს 26-ე ტურის, „სან-პაულუსა“ და „სეარას“ მატჩის წინა დღეს, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.

2022 წლის 24 მარტს კრესპომ ლუის კასტრო შეცვალა კატარის საფეხბურთო კლუბ „ალ-დუჰაილის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე. თავის პირველივე სეზონში კრესპომ ტრიპლეტი შეასრულა, როდესაც კლუბს კატარის ჩემპიონის ტიტული, კატარის თასი და კატარის ვარსკვლავების თასი მოაპოვებინა. ამასთან აზიის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდეც მიაღწია. 2023 წლის 11 ოქტომბერს, კლუბთან ორმხრივი შეთანხმების შედეგად თანამდებობა დატოვა.

„ალ-დუჰაილიდან“ წასვლის შემდეგ, კრესპომ 2023 წლის 14 ნოემბერს „ალ-აინი“ ჩაიბარა. მუშაობას არაბთა გაერთიანებული საამიროების ჩემპიონატში ოპტიმისტური განწყობით შეუდგა და იმედოვნებდა, რომ „ალ-აინი“ მისი ხელმძღვანელობით დასახული მიზნების მიღწევას შეძლებდა. კრესპოსთვის თავდაპირველად ყველაფერი კარგად წარიმართა და გუნდს აზიის ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, თუმცა ბოლო პერიოდში მის მიერ მომზადებულ კლუბს ჩავარდნა დაეწყო და 2024 წლის 7 ნოემბერს არგენტინელს პოსტი დაატოვებინეს. „ალ-აინმა“ მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 49 მატჩიდან 22 მოიგო, 20 დათმო და 7 ფრედ დაასრულა.

მიღწევები

რედაქტირება
  რივერ პლეიტი
  პარმა
  ლაციო
  მილანი
  ჩელსი
  ინტერი მილანი

სანაკრებო

რედაქტირება
  არგენტინა

ინდივიდუალური

რედაქტირება

არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურით გატანილი 35 გოლით ერნან კრესპო მეოთხე საუკეთესო ბომბარდირია ლიონელ მესის, გაბრიელ ბატისტუტასა და სერხიო აგუეროს შემდეგ.

საკლუბო დონეზე, კრესპო იყო ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მსოფლიოში, როდესაც ის 2000 წელს „ლაციომ“ „პარმადან“ 56 მილიონ ევროდ (35.5 მილიონი ფუნტი) შეიძინა.[7][8]

2004 წელს პელემ ერნან კრესპო მსოფლიოს უდიდესი ცოცხალი მოთამაშეების სიაში (FIFA 100) შეიყვანა.[34]

კარიერის განმავლობაში კრესპოს არასდროს მიუღია წითელი ბარათი.[38]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სოციალური ქსელები
Facebook · Instagram · Twitter
თემატური საიტები
AFS · BDFA · CUP2002.RU · ESPN · ESPN FC · FootballDatabase.eu · National Football Teams.com · Soccerbase · Soccerway · Sports-Reference.com · Transfermarkt · WorldFootball.net · Internet Movie Database
ლექსიკონები და ენციკლოპედიები
დიდი რუსული ენციკლოპედია

კომენტარები

რედაქტირება
  1. „მილანში“ მან სეზონის განმავლობაში 18 გოლი გაიტანა (მათ შორის თითო გოლი მერვედფინალურ მატჩებში „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ, ორივე თამაში „მილანის“ გამარჯვებით 1–0 დასრულდა).
  2. ისტორიული გოლი 24 გადაცემის შემდეგ.
  1. ერნან კრესპო საფეხბურთო კლუბ „პარმას“ მაისურით
  2. River Plate 2–0 América de Cali / Copa Libertadores final. 26 June 1996
  3. Copa Libertadores de América 1996
  4. Parma 3–0 Marseille / 1999 UEFA Cup Final
  5. 1998/99: Crespo wins prize for Parma
  6. Parma 3–0 Olympique Marseille (1999 UEFA Cup Final)
  7. 7.0 7.1 World record football transfer fees. BBC Sport.
  8. 8.0 8.1 Crespo to join Lazio in record £36m transfer. The Guardian.
  9. Rosenborg 2–2 Inter / 2002–03 UEFA Champions League
  10. Inter 3–0 Rosenborg / 2002–03 UEFA Champions League
  11. Lyon 3–3 Inter / 2002–03 UCL. 22 Oct 2002. First group stage
  12. Inter 1–0 Ajax / 2002–03 UCL. 25 Sep 2002. First group stage
  13. Ajax 1–2 Inter / 2002–03 UCL. 12 Nov 2002. First group stage
  14. Genoa 4–1 Napoli / 13/09/2009 | Serie A | Game week 3
  15. Nigeria 3–2 Argentina / Olympics Final. 3 August 1996
  16. Argentina 4–1 Bulgaria / 14 February 1995
  17. Argentina 2–2 England / Argentina won 4–3 on penalties
  18. Sweden 1–1 Argentina / FIFA World Cup. 12 June 2002
  19. Argentina 2–1 Ivory Coast / FIFA World Cup. 10 June 2006
  20. Argentina 6–0 Serbia and Montenegro / 16 June 2006
  21. Argentina 2–1 Mexico / FIFA World Cup. 24 June 2006
  22. Germany 1–1 Argentina / Germany won 4-2 on penalties. 30 June 2006
  23. Brazil 3–0 Argentina / 2007 Copa América final. 15 July 2007.
  24. Crespo è il nuovo allenatore del Modena
  25. Il tecnico Hernan Crespo sollevato dall'incarico
  26. Hernán Crespo fue presentado como entrenador del conjunto del Sur
  27. Эрнан Креспо стал новым главным тренером Банфилда.
  28. Hernán Crespo es nuevo técnico de Defensa y Justicia
  29. Lanús 0–3 Defensa y Justicia / 2020 Copa Sudamericana final
  30. Hernan Crespo's Defensa y Justicia beat Lanus to win Copa Sudamericana title
  31. Hernán Crespo anunció su salida del Halcón
  32. ერნან კრესპოს „სან-პაულუ“ ჩააბარეს
  33. The FIFA 100. theguardian.com.
  34. 34.0 34.1 Pele's list of the greatest. news.bbc.co.uk.
  35. Pelé's Choice of 125 Living Players. RSSSF.
  36. Fifa names greatest list. news.bbc.co.uk.
  37. FIFA 100 – list of the 125 greatest living footballers in 2004 created by Pelé
  38. 8 top footballers that never received a red card