ბოსნიის ომი
იუგოსლავიის ომების ნაწილი

აღმასრულებელი საბჭოს შენობა სარაევოს დაბომბვის შემდეგ.
რადკო მლადიჩი თავის ჯარისკაცებთან ერთად.
ნორვეგიელი მშვიდობისმყოფელი სარაევოში.
თარიღი 1 მარტი 199214 დეკემბერი 1995.
მდებარეობა ბოსნია და ჰერცეგოვინა
Casus belli ბოსნიის დამოუკიდებლობა.
შედეგი დეიტონის შეთანხმება.
ბოსნიის ფედერალიზაცია.
მხარეები
ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკა
ხორვატია

ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკა

იფრ

სერბთა რესპუბლიკა

დასავლეთ ბოსნია

მეთაურები
ალია იზეთბეგოვიჩი
სეფერ ხალილოვიჩი
რასიმ დელიჩი
ანვარ შა'ბანი
აბუ 'აბდულ–'აზიზი
იოვან დივაკი
ბლაჟ კრალევიჩი
ფრანიო ტუჯმანი
გოიკო შუშაკი
მათე ბობანი
მილივოი პეტკოვიჩი
სლობოდან პრალაკი
სლობოდან მილოშევიჩი
ჟივოტა პანიჩი
ჟელკო რაჟნატოვიჩი
ვოისლავ შეშელი
რადოვან კარაჯიჩი
რადკო მლადიჩი
ფიქრეთ აბდიჩი
ძალები
100–110 ათასი მებრძოლი
40 ტანკი
30 ჯავშანმანქანა[1]
50–60 ათასი მებრძოლი
75 ტანკი
200 ჯავშანმანქანა
200 ქვემეხი[2]
50–80 ათასი მებრძოლი
300 ტანკი
400 ჯავშანმანქანა
800 ქვემეხი [3]
დანაკარგები
31 270 მებრძოლი
33 071 სამოქალაქო პირი [4]
5 439 მებრძოლი
2 163 სამოქალაქო პირი [4]
20 649 მებრძოლი
4 075 სამოქალაქო პირი [4]
1992 წლის 19 ივნისიდან 1994 წლის 23 თებერვლამდე ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკა ხორვატიის მხარდაჭერით ებრძოდა როგორც სერბთა რესპუბლიკის, ასევე ბოსნიისა და ჰერცეგოვინის არმიას.
ბოსნიის ომი ვიკისაწყობში

ბოსნიის ომი (ბოსნ. ხორ. Rat u Bosni i Hercegovini; სერბ. Рат у Босни и Херцеговини, ასევე ცნობილი ბოსნიელებში როგორც თავდასხმა ბოსნიაზე (ბოსნ. Agresija na Bosnu i Hercegovinu); სერბებში სამამულო–თავდაცვითი ომი (სერბ. Одбрамбено-отаџбински рат); ხორვატებში სამამულო ომი (ხორ. Domovinski rat) იყო შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლიდან 1995 წლამდე ერთი მხრივ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკასა და მეორე მხრივ, ბოსნიელ სერბთა და ხორვატთა სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს, სერბთა რესპუბლიკა და ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკას შორის, რომელთაც სერბეთი (იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის სახით) და ხორვატია უჭერდნენ მხარს.

სლოვენიისა და ხორვატიის კვალდაკვალ იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკამაც, რომელიც ეთნორელიგიურად ყველაზე ჭრელი იყო. 1991 წლის 31 მარტის აღწერით, მისი მოსახლეობის (4,4 მლნ) სამ ძირითად ჯგუფს შეადგენდნენ ბოსნიელები (მუსლიმები, 1,9 მლნ, 44%), რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ 45 რაიონში (13 მათგანში ფარდობითი, ხოლო 31–ში აბსოლუტური) სერბები (1,4 მლნ, 31%), რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ 34 რაიონში (5 ფარდობითი და 29 აბსოლუტური) და ხორვატები (752 ათ., 17%), რომლებიც უმრავლესობა იყვნენ 20 რაიონში (6 ფარდობითი და 14 აბსოლუტური). მოსახლეობის დანარჩენ 8% შეადგენდნენ სხვა ეროვნების წარმომადგენლები და ასევე იუგოსლავები (ძირითადად შერეული ქორწინების შთამომავლები).[5]

XV საუკუნიდან ბოსნია ოსმალეთის იმპერიის მფლობელობაში ხვდება. ადგილობრივი მოსახლეობის ისლამიზაციის პროცესიც ამ დროიდან იწყება, განსაკუთრებით კი ბოგომილთა გნოსტიკური სწავლების მიმდევრებში, რომლებსაც ისლამთან ბევრი საერთო ჰქონდათ, ხოლო ორივე ოფიციალური ქრისტიანული ეკლესიის მიერ სასტიკად იდევნებოდნენ. ოსმალთა მმართველობის დროს ყალიბდება ბოსნიურ–მუსლიმური ეროვნება, რომლის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა ჰუსაინ გრადაშჩევიჩის აჯანყებამ (1831-33).[6]
1878 წელს ბოსნიას იკავებს ავსტრია–უნგრეთი. 1908 წელს კი ახდენს მის ანექსიას, რაც სერბიასა და ჩერნოგორიაში დიდ უკმაყოფილებას იწვევს. სერბ ნაციონალისტთა აზრით, ბოსნია სერბეთის განუყოფელი ნაწილი იყო და ისევე, როგორც ნოვიპაზარის სანჯაყი, სერბეთს უნდა შეერთებოდა. სწორედ ეს იყო სარაევოს მკვლელობისა და შემდგომ, პირველი მსოფლიო ომის მიზეზი.
პირველი მსოფლიო ომისა და ავსტრია–უნგრეთის დაშლის შემდეგ, მისი სამხრეთ სლავური მიწებიდან იქმნება სლოვენების, ხორვატების და სერბების სახელმწიფო, რომელიც 1918 წლის 1 დეკემბერს უერთდება სერბეთს და ქმნის სლოვენების, ხორვატებისა და სერბების სამეფოს. ბოსნიელი მუსლიმები ქმნიან იუგოსლავიის მუსლიმთა ორგანიზაციას (ბოსნ. Jugoslovenska Muslimanska Organizacija), რომელიც იბრძვის ბოსნიის ავტონომიისთვის.
იუგოსლავიის ოკუპაციის შემდეგ ბოსნია ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნაწილი ხდება. უსტაშების რეჟიმის ანტი–სერბულ კამპანიას მოჰყვა სერბებს შორის ჩეტნიკური მოძრაობების გაჩენა, რომლებიც საპასუხოდ ყველა არასერბს სდევნიდნენ, მათ შორის ბოსნიელებსაც. ამ მიზეზის გამო მრავალი ბოსნიელი (რომლებსაც უსტაშები ხორვატ მუსლიმებად თვლიდნენ) უერთდება უსტაშების ფორმირებებს და მონაწილეობს სერბების დევნაში, თუმცა ბოსნიელთა სასულიერო წრეები უარყოფითად ეკიდებიან ამ საქმეს. 1941 წლის 14 აგვისტოს ბოსნიელ მუსლიმ სწავლულთა ორგანიზაცია "ალ–ჰიდაია" (ბოსნ. El-Hidaje) იღებს გადაწყვეტილებას, რომელშიც ისინი მოუწოდებენ მუსლიმებს არ მიიღონ მონაწილეობა სერბების, იუდეველებისა და ბოშების დევნასა და ხოცვაში. ამ გადაწყვეტილებას იღებენ მუსლიმთა სასულიერო საბჭოები ქალაქებში: პრიედორი (1941 წლის 23 სექტემბერს), სარაევო (1941 წლის 12 ოქტომბერს), მოსტარი (1941 წლის 21 ოქტომბერს), ბანია ლუკა (1941 წლის 12 ნოემბერს), ბიელინა (1941 წლის 2 დეკემბერს), ტუზლა (1941 წლის 11 დეკემბერს) და ზენიცა (1942 წლის 26 მაისს).[7] მიუხედავად უსტაშების რეჟიმის მცდელობისა, ეიძულებინათ ამ გადაწყვეტილების მიმღებნი უარეყოთ ის და ამისთვის ორჯერ გაგზავნეს სპეციალური წარმომადგენლები (იოზო დუმანჯიჩი და მოგვიანებით ჯაფერ–ბეგ კულენოვიჩი, ხორვატიის მუსლიმი ვიცე–პრეზიდენტი), ბოსნიელებმა ეს გადაწყვეტილება არ უარყვეს.[8]
მეორე მსოფლიო ომის დროს მრავალი ბოსნიელი იბრძოდა კომუნისტი პარტიზანების მხარდამხარ, მათ შორის ჯემალ ბიედიჩი, ჰამდია პოზდერაცი, ბრანკო მიკულიჩი, რეუფ სელმანაღიჩი და სხვ. ტიტოს კომუნისტური მმართველობის პერიოდში სწორედ მათ შემოიტანეს კულტურული მუსლიმის ცნება და 1971 წლის იუგოსლავიის კონსტიტუციაში შემადგენელ ერებს შორის გაჩნდა მუსლიმი. იმჟამინდელი ბოსნიის პრეზიდენტის, ჰამდია პოზდერაცის თქმით: მათ უარი გვითხრეს ბოსნიელობაზე, მაგრამ შემოგვთავაზეს ვიყოთ მუსლიმები. ეს არ არის სწორი ტერმინი, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.

იუგოსლავიის დაშლა

რედაქტირება

იუგოსლავიის დაშლის პროცესის დასაწყისში, როცა ნაციონალისტური ძალები გააქტიურდნენ და მოახერხეს არჩევნებში გამარჯვებაც, ბოსნიაში გამოიკვეთა სამი ძირითადი ძალა – დემოკრატიული მოქმედების პარტია (ბოსნ. Stranka demokratske akcije; SDA), რომელსაც ბოსნიელი ალია იზეთბეგოვიჩი ედგა სათავეში, სერბთა დემოკრატიული პარტია (სერბ. Српска демократска Странка; СДС) რომლის ლიდერი იყო რადოვან კარაჯიჩი და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატების დემოკრატიული გაერთიანება (ხორ. Hrvatska demokratska zajednica Bosne i Hercegovine; HDZ BiH), სტეპან კლუიჩით სათავეში. სამივე მათგანი ანტიკომუნისტი იყო და იდევნებოდა დისიდენტობისთვის იუგოსლავიის პერიოდში, თუმცა კარაჯიჩს, ისევე როგორც ბოსნიელ სერბთა დიდ ნაწილს, სურდა იუგოსლავიის შენარჩუნება, სადაც დომინანტი სერბეთი იყო. იზეთბეგოვიჩი კი პირიქით, კატეგორიული წინააღმდეგი იყო დარჩენილიყო იუგოსლავიის ნაწილად, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ხორვატია და სლოვენია, რომლებიც მეტ–ნაკლებად აბალანსებდნენ სერბეთის გავლენას, გამოეყვნენ ფედერაციას. კლუიჩი მხარს უჭერდა იზეთბეგოვიჩის მთავრობას, თუმცა ბოსნიის ხორვატთა უმეტესობას ხორვატიასთან შეერთება სურდა, რასაც მხარს უჭერდა ხორვატიის პრეზიდენტი ტუჯმანიც.
მასსა და მილოშევიჩს შორის 1991 წლის 25 მარტს კარაჯორჯევოს ნაკრძალში მომხდარი შეხვედრის დროს ისინი შეთანხმდნენ იუგოსლავიის გაყოფაის გეგმაზე. ამ გეგმის თანახმად, სერბეთისა და ხორვატიის საზღვრები გადაიხედებოდა ეთნიკური საზღვრების გასწვრივ იმგვარად, რომ სერბებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონები ხორვატიაში სერბეთის შემადგენლობაში შევიდოდა, ხოლო ხორვატია მიიღებდა ბოსნიას მდინარე ნერეტვამდე, სადაც ძირითადად ხორვატები ცხოვრობდნენ. დანარჩენი ბოსნია სერბეთის კუთვნილება გახდებოდა. ზუსტი დეტალები უცნობია, რადგან ხრვოიე შარინიჩის, იმჟამად პრეზიდენტ ტუჯმანის მრჩევლის თქმით, პრეზიდენტები დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ განმარტოებით.[9]
დაპირისპირება ხორვატებსა და სერბებს შორის მწვავდებოდა და მალე ხორვატიის ომმა იფეთქა, რაც ბოსნიასაც გადაედო. 1991 წლის 20 სექტემბერს იუგოსლავიის სახალხო არმიამ ვუკოვარის ფრონტზე დამატებითი ძალები გადაისროლა ჩრდილო–აღმოსავლეთ ბოსნიის გავლით. ადგილობრივმა ბოსნიელებმა და ხორვატებმა ბარიკადები აღმართეს და კოლონა, რომელიც 60 ტანკისგან შედგებოდა, შეაჩერეს. ძალის გამოყენებით კოლონამ მაინც შეძლო გავლა მეორე დღეს. ხუთი დღის შემდეგ არმიის არტილერიამ დაბომბა ხორვატული სოფელი რავნო აღმოსავლეთ ბოსნიაში, რომელიც აყოვნებდა დუბროვნიკისკენ მიმავალ სამხედრო ნაწილებს.[10]
1991 წლის 25 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭო იღებს 731–ე რეზოლუციას, რომელიც აწესებს იარაღის ემბარგოს იუგოსლავიის შემადგენელი რესპუბლიკების მიმართ.[11]
1991 ბოლოს სერბი დეპუტატები ტოვებენ ბოსნიის პარლამენტს და 1992 წლის 9 იანვარს აცხადებენ სერბთა რესპუბლიკას. მათი განცხადებით, ბოსნიელ სერბთა უმცირესობაში ყოფნა მეორე მსოფლიო ომის დროს უსტაშების მიერ განხორციელებული გენოციდის შედეგი იყო, ხოლო ისინი ამგვარი გენოციდის გამეორებას არ დაუშვებდნენ. სერბთა პოზიციის დასაძლევად იზეთბეგოვიჩმა ბოსნიაში დანიშნა საყოველთაო რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ. რეფერენდუმი 1992 წლის 29 თებერვალსა და 1 მარტს ჩატარდა. სერბებმა მას ბოიკოტი გამოუცხადეს, მაგრამ რეფერენდუმზე ბოსნიის მოსახლეობის 64% გამოცხადდა, მათმა 93%–მა კი ხმა მისცა ბოსნიის დამოუკიდებლობას.[12]
1992 წლის 3 მარტს გამოცხადდა ბოსნიის დამოუკიდებლობა. იზეთბეგოვიჩმა მოითხოვა გაეროს ჯარების შეყვანა ქვეყანაში, რადგან მის ხელთ აღმოჩნდა მხოლოდ მსუბუქად შეიარაღებული ტერიტორიული თავდაცვის ძალები, რომლებსაც იუგოსლავიაზე საგარეო აგრესიის დროს პარტიზანული ბრძოლა უნდა ეწარმოებინათ, ხოლო იუგოსლავიის სახალხო არმიის მთავარი შტაბი ბელგრადში იმყოფებოდა. მათ ბოსნიაში მყოფი სამხედრო ნაწილები ბოსნიელი სერბებით შეავსეს, ამგვარად ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკამ მიიღო სამხედრო უპირატესობა როგორც ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიასა და ტერიტორიული თავდაცვის ძალებზე, ასევე ხორვატთა ადგილობრივ ფორმირებებზე. იარაღის ემბარგო, რომელიც ბოსნიას დაუწესდა, რეალურად სწორედ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიას აზარალებდა, რადგან სერბები და ხორვატები ახერხებდნენ იარაღის შემოტანას თავისი მხარდამჭერი ქვეყნებიდან – სერბეთიდან და ხორვატიიდან.
ეთნიკური დაძაბულობა იმატებდა. 1992 წლის 25–26 მარტს სიეკოვაცში, ხორვატიის საზღვართან მოკლეს 12 სერბი სამოქალაქო პირი, თუმცა მათი მიზანმიმართული დახოცვა არ დადასტურდა, თვითმხილველების (მათ შორის სერბების) განცხადებით, ისინი სროლაში მოყვნენ, ან იარაღს ატარებდნენ.[13]
1992 წლის 1 აპრილს სერბ მოხალისეთა გვარდიამ იუგოსლავიის არმიის დახმარებით დაიკავა ქალაქი ბიელინა სერბეთის საზღვართან, რომლის მცხოვრებთა 59% სერბები იყვნენ, 31% ბოსნიელები, ხოლო 10% სხვა ეროვნების. მოხალისეთა გვარდიის წევრებმა დაიწყეს არასერბებისა და იმ სერბების ხოცვა, რომლებსაც ისინი არასანდოდ მიიჩნევდნენ ან ცდილობდნენ არასერბების შეფარებას[14]. მკვლელობები ორი დღე გრძელდებოდა, მოკლულთა ზუსტი რიცხვი უცნობია[15], თუმცა ჰააგის ტრიბუნალის მონაცემებით, უტყუარად დადგენილი იქნა 48 სამოქალაქო პირის მკვლელობა, მათ შორის 45 არასერბისა [16]. ქალაქის მეჩეთებზე სერბული დროშები აღმართეს. 3 აპრილს ბოსნიის სამთავრობო დელეგაცია ეწვია ბიელინას. მათ დასახვედრად ქალაქის ქუჩები გვამებისგან გაიწმინდა, თუმცა სერბ მოხალისეთა გვარდიის ლიდერმა, ჟელკო რაჟნატოვიჩმა ბოსნიის საპრეზიდენტო საბჭოს სერბ წევრს, ბილანა პლავშიჩს უარი უთხრა გაეყვანა თავისი მებრძოლები ბიელინიდან. რაჟნატოვიჩის თქმით, მისი მებრძოლები სერბ ერს ახალი იასენოვაცისგან იცავდნენ. პლავშიჩმა მას "ნამდვილი სერბი, რომლისნაირებიც ბევრი გვჭირდება ... სერბი ერის გმირი." უწოდა, სახალხოდ გადაეხვია და აკოცა.[17] სამთავრობო დელეგაციამ ქალაქი სრულად ვერ დაათვალიერა, ისინი წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით ატარეს ქალაქში, ხოლო მათი წასვლის შემდეგ ძალადობა გაგრძელდა – არასერბებს აიძულებდნენ ხელი მოეწერათ ქონების ნებაყოფლობით დათმობაზე. ვინც თანხმდებოდა, საშუალებას აძლევდნენ ქალაქიდან გასულიყო. ქალაქის შვიდივე მეჩეთი დანაღმეს და ააფეთქეს.[15]
3 აპრილიდან 11 აპრილამდე ბოსნიის ხორვატულ ქალაქ კუპრესთან მიმდინარეობდა ბრძოლა ბოსნიელ ხორვატ მებრძოლებსა და იუგოსლავიის არმიას (ბოსნიელ სერბთა მხარდაჭერით) შორის. ბოსნიელ ხორვატებს სურდათ დახმარებოდნენ თავის თანამემამულეებს, რომლებიც კნინის კრაინაში სერბ სეპარატისტებს ებრძოდნენ და მოეხდინათ მათი ბლოკირება. ბრძოლა იუგოსლავიის არმიის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ბრძოლას ორივე მხრიდან 200–ზე მეტი ადამიანი შეეწირა.[18]

ომის დასაწყისი

რედაქტირება

ომის პირველ მსხვერპლად სერბები 1992 წლის 1 მარტს სარაევოს ბაშჩარშიას უბანში სერბთა ქორწილზე თავდასხმისას მოკლულ ნეფის მამას, ნიკოლა გარდოვიჩს მიიჩნევენ[19], ხოლო ბოსნიელები და ხორვატები სუადა დილბეროვიჩსა და ოლგა სუჩიჩს, სარაევოელ დემონსტრანტებს, რომლებიც 1992 წლის 5 აპრილის სამშვიდობო დემონსტრაციაზე მოკლეს სერბმა სნაიპერებმა სერბთა დემოკრატიული პარტიის შტაბბინის (რომელიც დღევანდელ სასტუმრო Hotel Holiday Sarajevo–ის შენობაში მდებარეობდა) წინ.[20]

 
ერთ–ერთი სახლი ფოჩაში, სადაც სერბული ფორმირებები ტყვე ქალებს აუპატიურებდნენ

1992 წლის 6 აპრილს ბოსნიელმა სერბებმა, რომელთა ხელშიც აღმოჩნდა იუგოსლავიის სახალხო არმიის საჭურველი და საბრძოლო მასალა, დაიწყეს თანდათანობითი დაკავება იმ რეგიონების, სადაც სერბები არა მხოლოდ უმრავლესობას, არამედ მნიშვნელოვან უმცირესობას შეადგენდნენ. ქალაქის ოკუპაციის შემდეგ ადგილობრივი არასერბი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბოსნიელების ბედი შემდეგნაირი იყო: სერბული არმია, პოლიცია, მოხალისეთა ფორმირებები და ადგილობრივი სერბებიც კი ძარცვავდნენ მათ, აიძულებდნენ უარი ეთქვათ ქონებაზე და დაეტოვებინას ის მხარე, უარის შემთხვევაში კლავდნენ ან გადაჰყავდათ საკონცენტრაციო ბანაკებში, სადაც ქალებსა და კაცებს აცალკევებდნენ, ქალები და გოგონები დატყვევებული იყვნენ საშინელ პირობებში ყოფილ სტადიონებზე, სამრეწველო შენობებში ან არმიის ბარაკებში, სადაც მათ ყველანაირად ამცირებდნენ, მათ შორის მრავალჯერ აუპატიურებდნენ. არსებობდა დატყვევების ადგილები, სადაც მსურველი სერბი ჯარისკაცი ან პოლიციელი მიდიოდა, არჩევდა გოგონებს და შემდეგ "თამაშობდა" მათთან.[21][22]
მიუხედავად დიდი მატერიალურ–ტექნიკური უპირატესობისა, სერბებმა სარაევოს აღება ვერ შეძლეს, ქალაქის ბრძოლებში მსუბუქად შეიარაღებულმა დამცველებმა შეძლეს ჯავშანტექნიკის შეკავება, რაშიც არა მხოლოდ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმია, არამედ ადგილობრივი კრიმინალებიც მონაწილეობდნენ მაგ: იუკას მგლები (ბოსნ. Jukini vukovi, კრიმინალურ ავტორიტეტ იუსუფ პრაზინას დაჯგუფება, რომელიც მოგვიანებით რესპუბლიკის მთავრობაზე განაწყენდა, ხორვატების მხარეს გადავიდა და ბოსნიელ ტყვეთა ბანაკებს ზედამხედველობდა)[23], ასევე მუშან ტოპალოვიჩის, რამიზ დელალიჩის, ისმეთ ბაირამოვიჩის ბანდები. სერბებმა დაიკავეს სარაევოს გარშემო მაღლობები, სადაც განალაგეს არტილერია და ბომბავდნენ ქალაქს. სარაევოს ალყამ ომის დასაწყისიდან დასასრულამდე გასტანა, ომის დასრულებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, 1996 წლის 9 იანვარს სერბების მიერ კონტროლირებადი გრბავიცას უბნიდან ტრამვაის რეაქტიული ჭურვი ესროლეს, რამაც ერთი მგზავრის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 19 დაიჭრა.[24]

ეთნიკური წმენდები აღმოსავლეთ ბოსნიაში

რედაქტირება

აღმოსავლეთ ბოსნია, სადაც ბოსნიელების დასახლებები ხელს უშლიდა ჰომოგენური დიდი სერბეთის ჩამოყალიბებას, ეთნიკური წმენდების პირველი მიზანი გახდა. ბოსნიელთა წმენდის კამპანია დაიწყო ვიშეგრადის, ზვორნიკის, ფოჩას რაიონებში. დაშინების მიზნით კლავდნენ რამდენიმე ბოსნიელს, შემდეგ კი დანარჩენებს აიძულებდნენ ქონება დაეთმოთ, შემდეგ კი საპატიმრო და საკონცენტრაციო ბანაკებში გადაჰყავდათ, სადაც მამაკაცების მკვლელობა და ქალებზე ძალადობა გრძელდებოდა. მოკლულთა რიცხვი ათასებს აღწევდა.[25][26] იგივე ხდებოდა დასავლეთ ბოსნიაში, პრიედორის რაიონში,[27] სადაც ფუნქციონირებდა საკონცენტრაციო ბანაკები, მათ შორის ომარსკასთან,[28] ტერნოპოლესთან [29] და სხვა.
1992 წლის ნოემბერში ბოსნიელებმა დაატყვევეს სერბთა რესპუბლიკის არმიის მოხალისე ბორისლავ ჰერაკი, სარაევოელი სერბი. მათ თვითონ აღიარა თავისი დანაშაულები ბოსნიელების წინააღმდეგ, რის შედეგადაც მას ბრალი წაუყენეს 32 მკვლელობასა და 16 გაუპატიურებაში. მისი აღიარების ვიდეოჩანაწერი, სათაურით "ურჩხულის აღსარება" (ბოსნ. Ispovijest monstruma) გადაიცა ბოსნიის ტელევიზიით. ჰერაკის შემთხვევა იყო პირველი, როდესაც ბოსნიაში სამხედრო დანაშაულის ბრალი იქნა წაყენებული.[30]

ბოსნიელებისა და ხორვატების დაპირისპირება

რედაქტირება

ხორვატები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – როგორც ხორვატიაში, ისე ბოსნიაში სერბები მათ სჯაბნიდნენ როგორც ცოცხალი ძალით, ისე შეიარაღების რიცხოვნებითა და ხარისხით. ამიტომ მათმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა კარაჯორჯევოს შეთანხმების თანახმად ემოქმედათ. უპირველეს ყოვლისა, ხორვატიის მთავრობის ზეწოლის ქვეშ ხორვატთა დემოკრატიული გაერთიანების ლიდერობიდან გადააყენეს სტეპან კლუიჩი და მის ნაცვლად აირჩიეს მათე ბობანი. 1992 წლის 6 მაისს სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი რადოვან კარაჯიჩი და ბობანი ხვდებიან ერთმანეთს გრაცში, სადაც თანხმდებიან გაიყონ ბოსნია და ჰერცეგოვინა. ხორვატულ და სერბულ ნაწილებს შორის რჩებოდა მცირე ბუფერი, რომელსაც "ალიას საფაშო" უწოდეს. შეთანხმების მიხედვით, ბოსნიელების კონცენტრაცია აქ უნდა მომხდარიყო მას შემდეგ, რაც სერბები და ხორვატები თავის ტერიტორიებს გაწმენდდნენ მათგან.[31] შეხვედრაზე ბობანმა განაცხადა: სერბები ჩვენი ძმები არიან ქრისტეში, ხოლო მუსლიმები კი – არაფერი! გარდა იმისა რომ ასწლეულების განმავლობაში აუპატიურებდნენ ჩვენს დედებსა და დებს! კარაჯიჩმა კვერი დაუკრა მას და განაცხადა: ხორვატებსა და სერბებს გასაყოფი არაფერი აქვთ, 1918 წლამდე ჩვენ არასდროს გვქონია კონფლიქტი. როდესაც ჩვენი ტერიტორიების გამიჯვნა მოხდება, ჩვენ აღარასდროს გვექნება კონფლიქტი.[32]
შეთანხმებამ ორად გაყო ბოსნიის ხორვატები – ნაწილი მხარს უჭერდა ბოსნიის ერთობას, ხოლო ნაწილი ემხრობოდა გრაცის შეთანხმებას. ბოსნიის ერთობის მომხრეთა ლიდერები: ბლაჟ კრალევიჩი, სტეპან კლუიჩი, ტომისლავ დრეტარი ბობანმა მიზანში ამოიღო. 1992 წლის 9 აგვისტოს მისმა მომხრეებმა მოლაპარაკების საფარქვეშ მოიწვიეს ბლაჟ კრალევიჩი და გზაში მოკლეს, მისი ორგანიზაცია ხორვატთა თავდაცვის ძალები დაიშალა, მისი მეომრების ნაწილი ბოსნიის არმიას შეუერთდა, ნაწილი კი – ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს[33]. დრეტარი რამდენიმე მკვლელობის მცდელობას გადაურჩა და შეუერთდა ბოსნიელების ბიჰაჩის გარნიზონს. კლუიჩი სარაევოში იმყოფებოდა და მასზე თავდასხმის ორგანიზება ბობანის ხალხმა ვერ მოახერხა.[34]
ხორვატები თანდათანობით გადავიდნენ იგივე ტაქტიკაზე, რაზეც სერბები. 1992 წლის ოქტომბერში ხორვატები თავს დაესხნენ ქალაქ პროზორს, გადაწვეს ბოსნიელთა სახლები და აიძულეს ბოსნიელები დაეტოვებინათ იგი.

ოპერაცია ვრბას '92

რედაქტირება

ბოსნიელმა სერბებმა დაგეგმეს დაეკავებინათ ქალაქი იაიცე, რომლის 45 ათასი მცხოვრებიდან მხოლოდ 8 ათასი იყო სერბი. მისგან კონტროლდებოდა ორი ჰიდროელექტროსადგური მდინარე ვრბასზე, რომლებიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ შენაძენს წარმოადგენდა სერბთა რესპუბლიკის დასავლეთ ნაწილისთვის. იაიცეს დასაკავებლად სერბებმა თავი მოუყარეს 8 ათას მებრძოლს, 25 ტანკსა და 100–მდე ქვემეხს. იაიცეს იცავდა ბოსნიელებისა და ხორვატების დაჯგუფება, რომელიც როგორც რიცხობრივად, ასევე ტექნიკით ჩამოუვარდებოდა მოწინააღმდეგეს, რასაც ემატებოდა შიდა დაპირისპირება. სერბებმა იაიცეს შვერილის დაკავების ოპერაცია დაიწყეს 3 ივლისს, ხოლო 18 ნოემბრისთვის მათ მოახერხეს იაიცეს შვერილის სრულად დაკავება. 40 ათასამდე ბოსნიელმა და ხორვატმა ლტოლვილმა დატოვა მხარე.[35]

1993 წლის 7 იანვარს ალყაში მოქცეულ ქალაქ სრებრენიცის გარნიზონის ნაწილებმა ნასერ ორიჩის მეთაურობით იერიში მიიტანეს სერბულ სოფლებზე კრავიცაზე, იეჟესტიჩზე და შილკოვიჩიზე, ალყის გარღვევისა რესპუბლიკის არმიის ნაწილებამდე გზის გახსნის მიზნით. თავდასხმისას დაიღუპა 45 სერბი. ჰააგის ტრიბუნალის და Human Rights Watch მტკიცებით, მოკლულთა შორის 35 სამხედრო და 10 სამოქალაქო პირი იქნა იდენტიფიცირებული.[36] სერბების მტკიცებით 49 მოკლულიდან ყველა სამოქალაქო პირი იყო, რომლებიც სადღესასწაულო წირვიდან ბრუნდებოდნენ.[37]

ჰაკია ტურაილიჩის მკვლელობა

რედაქტირება

1993 წლის 8 იანვარს სერბთა რესპუბლიკის არმიის ჯარისკაცებმა სარაევოს აეროპორტთან მოკლეს ჰაკია ტურაილიჩი, ბოსნიის პრემიერ–მინისტრის მოადგილე. ტურაილიჩი აეროპორტში თურქულ ჰუმანიტარულ ტვირთს უნდა დახვედროდა, ხოლო აეროპორტამდე გადაადგილების უსაფრთხოებას გაეროს სამშვიდობოები უზრუნველყოფდნენ. გაეროს კოლონა სერბებმა შეაჩერეს, საათნახევრიანი საუბრის შემდეგ ფრანგმა მშვიდობისმყოფელებმა სერბებს გაუღეს ჯავშანმანქანის კარები. ერთ–ერთმა სერბმა მაშინვე ავტომატით მოკლა ტურაილიჩი, რომელსაც 7 ტყვია მოხვდა. ფრანგებმა თავდამსხმელებს ცეცხლი არ გაუხსნეს, არც რაიმე ზომები მიუღიათ მკვლელის დასაკავებლად. ხოლო სროლის ადგილას მისულ ბრიტანელებს სთხოვეს უკან დაბრუნებულიყვნენ.[38]

ლაშვას ხეობა

რედაქტირება
 
ვიტეზში ხორვატების მიერ მოკლულ ბოსნიელთა დასაფლავება

ცენტრალურ ბოსნიაში ხორვატებმა სცადეს ნოვი ტრავნიკისა და გორნი ვაკუფის აღება, თუმცა ბოსნიელთა წინააღმდეგობის დაძლევა ვერ შეძლეს. ეს ორივე ქალაქი მნიშვნელოვანი იყო მათთვის, რადგან მათი სეპარატისტული წარმონაქმნის ორ ძირითად ნაწილს – ლაშვის ხეობასა და ჰერცეგოვინას შორის მდებარეობდა.
1993 10 იანვარს ხორვატთა ძალების ადგილობრივმა ლიდერმა, ლუკა შეკერიამ მოითხოვა პოლკოვნიკ ტიხომირ ბლაშკიჩისა და ჰერცეგ–ბოსნიის პრემიერ–მინისტრ დარიო კორდიჩისგან ნაღმმტყორცნის ჭურვები, ხოლო მეორე დღეს ხორვატები შეეცადნენ ბოსნიის რესპუბლიკის არმიის შტაბის აფეთქებას გორნი ვაკუფში. წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ქალაქში ატყდა სროლები, ხოლო ღამით ქალაქი ხორვატთა არტილერიამ და ნაღმმტყორცნებმა დაბომბეს.[39]
ხორვატების განცხადებით, გორნი ვაკუფში თავს აფარებდნენ ელ–მუჯაჰიდის რაზმის მეომრები, მაგრამ გაეროს სამშვიდობო ძალების ბრიტანულმა ბატალიონმა, რომელიც გორნი ვაკუფში იყო განლაგებული, უარყო იქ მუჯაჰიდების ყოფნა. ხორვატებმა ბოსნიის არმიას მოსთხოვეს იარაღის დაყრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქის მიწასთან გასწორებით დაიმუქრნენ. ბოსნიის არმიამ მოთხოვნა უარყო და ხორვატებმა საარტილერიო დაბომბვის შემდეგ რამდენიმეჯერ სცადეს ქალაქი აღება, მაგრამ წარუმატებლად. მათ დაიკავეს გორნი ვაკუფის გარშემო მყოფი ბოსნიელების სოფლები – ბისტრიცა, უზრიჩე, დუშა, ჟდრიმცი, ჰრასნიცა. ამ სოფლებში მათ დახოცეს ბოსნიელები, გადარჩენილები ზოგი დაატყვევეს და ტყვეთა ბანაკებში გადაიყვანეს, ზოგი კი აიძულეს დაეტოვებინათ საცხოვრებლები.[39] 1993 წლის 13 აპრილს ელ–მუჯაჰიდის მეომრებმა, რომლებიც ზენიცასთან ახლოს იყვნენ განლაგებული, ტყვეებში გადაცვლის მიზნით მოიტაცეს რამდენიმე ხორვატი ოფიცერი – თავდაცვის ვეჩეს ბრიგადის მეთაურის მოადგილე სამ თანხმლებ ოფიცერთან ერთად, ხოლო 15 აპრილს ვეჩეს სამხედრო პოლიციის უფროსი ჟივკო ტოტიჩი.[40]

 
აჰმიჩის მეჩეთი აფეთქების შემდეგ.

ხორვატებმა შეტევა განაახლეს, დაიკავეს მდინარე ლაშვას ხეობაში მდებარე ბოსნიელთა სოფლები და ქალაქები: ბუსოვაჩა, აჰმიჩი, კრუშჩიცა, ლონჩარი, მერდანი, პუტიში და სხვები. წმენდის მეთოდიკა სერბების ანალოგიური იყო – დასახლების დაკავების შემდეგ რამდენიმე ბოსნიელს კლავდნენ, დანარჩენებს კი აძევებდნენ და ატყვევებდნენ,[41][42] დატყვევებულები გადაჰყავდათ ჯერ ადგილობრივ ბანაკებში კაონიკთან და ვიტეზთან, შემდეგ კი დიდ ბანაკებში ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე, როგორებიც იყო ჰელიოდრომი, დრეტელი, ჩელებიჩი, გაბელა და სხვა. მამაკაცების მკვლელობა და ქალებზე ძალადობა აქაც ხდებოდა, თუმცა უფრო მცირე მასშტაბებში. ხეობის წმენდის კულმინაცია იყო აჰმიჩის ხოცვა–ჟლეტა 1993 წლის 16 აპრილს. აჰმიჩის 1178 მცხოვრებიდან 509 იყო ბოსნიელი, 592 ხორვატი, 30 სერბი და 47 სხვა ეროვნების. 16 აპრილს გამთენიისას ხორვატთა თავდაცვის ვეჩემ იერიში მიიტანა სოფელზე, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი და მომზადებული, რადგან ხორვატი ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია ბრძოლის დაწყებამდე მოხდა. სოფლის აღების შემდეგ მოკლეს 120 ბოსნიელი, მათ შორის 32 ქალი და 11 ბავშვი.[39] ხორვატებმა გადაწვეს ბოსნიელთა სახლები და ააფეთქეს მეჩეთი[43] დარიო კორდიჩმა უარყო აჰმიჩის ხოცვაში მისი ჯარისკაცების მონაწილეობა და განაცხადა, რომ მისი ჯარისკაცები კარგი ქრისტიანები იყვნენ და ამგვარ რამეს არ იკადრებდნენ.[44] თუმცა მოგვიანებით ხორვატიის პრეზიდენტმა სტეპან მესიჩმა ჰააგის ტრიბუნალს გადასცა ჩანაწერები, რომლებიც ამტკიცებს, რომ მის წინამორბედს, ფრანიო ტუჯმანს, სურდა მოეწყო აჰმიჩის მსგავსი შეტევა, რომელსაც ლაშვას ხეობის ბოსნიელებში შიში უნდა დაეთესა და ეიძულებინა ისინი დაეტოვებინათ ლაშვას ხეობა, ხოლო მოგვიანებით იგი მონაწილეობდა ამ და სხვა დანაშაულების მიჩქმალვაში.[45][46]

ჰერცეგოვინა

რედაქტირება

იგივე პერიოდში ხორვატიის თავდაცვის ვეჩე სამხრეთიდან აქტიურად უტევდა იაბლანიცას, რომელიც ასევე დიდი ბოსნიური ქალაქი იყო ლაშვას ხეობასა და ჰერცეგოვინას შორის. არტილერიის დახმარებით მათ მოახერხეს დაეკავებინათ სოფლები სოვიცი და დოლიანი, თუმცა თავად იაბლანიცაზე შეტევა ვეღარ მოახერხეს.

გაეროს უსაფრთხო ზონები

რედაქტირება

1993 წლის 6 მაისს გაერომ მიიღო რეზოლუცია 836, რომლის თანახმადაც განისაზღვრა უსაფრთხო ზონები ბოსნიაში. ასეთ ზონებად განისაზღვრა ტერიტორია ქალაქების – სარაევოს, სრებრენიცას, გორაჟდეს, ჟეპას, ტუზლასა და ბიჰაჩის გარშემო.[47] აქ შეფარებულ ლტოლვილთა დასაცავად გაეროს სამშვიდობო ძალებს შეიარაღებული მეთოდების გამოყენების ნება დაერთოთ 1993 წლის 6 ივნისს.

1993 წლის 9 მაისს ხორვატთა თავდაცვის ვეჩემ ალყაში მოაქცია მოსტარის აღმოსავლეთ უბანი, სადაც ბოსნიური უმრავლესობა ცხოვრობდა. დაიწყო ქალაქის ამ ნაწილის დაბომბვა არტილერიით. მოსტარისკენ მიმავალი ყველა გზა გადაიკეტა ვეჩეს ძალების მიერ, გაეროს სამშვიდობო ძალებს აეკრძალათ მოსტარში შესვლა. ხორვატებმა მოსტარის რადიოს საშუალებით გამოაცხადეს, რომ ყოველ ბოსნიელს სახლზე თეთრი დროშა გამოეფინა დანებების ნიშნად.[48]

 
ბოგირი ხორვატების მიერ დანგრეული ხიდის ადგილას

დასავლეთ მოსტარიდან ბოსნიელები აღმოსავლეთ მოსტარში განდევნეს, რასაც თან ახლდა ძალადობა, გაუპატიურებები, მკვლელობები, დაშინება და ა.შ.[49] მოსტარის ალყამ 9 თვე გასტანა, ხორვატთა საარტილერიო ცეცხლმა შეიწირა აღმოსავლეთ მოსტარის შენობების უმრავლესობა, ხოლო 1993 წლის 9 ნოემბერს ხორვატებმა გაანადგურეს მოსტარის ძველი ხიდი, რომელიც მოსტარის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებს ერთმანეთთან აკავშირებდა (დანარჩენი სამი ხიდი – ცარინსკის, ტიტოვისა და ლუცკის ხიდები იუგოსლავიის სახალხო არმიამ დაანგრია).[50] ძველი ხიდის ნაცვლად ომის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ და დასავლეთ მოსტარს ბოგირი აკავშირებდა, 2004 წელს კი ხიდი პირვანდელი სახით აღადგინეს.

ნერეტვა '93

რედაქტირება

1993 სექტემბერში ბოსნიელებმა წამოიწყეს შეტევა მოსტარის ალყის მოხსნის მიზნით, რომელსაც ნერეტვა '93 ეწოდა (მდინარე ნერეტვას მიხედვით, რომელზეც მდებარეობს მოსტარი). გეგმის მიხედვით, ბოსნიის არმიას იაბლანიციდან უნდა მიეღწია მოსტარამდე და გაერღვია ხორვატების ალყა. შეტევისთვის სარაევოდან იაბლანიცაში გადაისროლეს რესპუბლიკის არმიის მეათე კორპუსი, რომელიც მოხალისეებისგან შედგებოდა, რომელთა საკმაო ნაწილს კრიმინალები შეადგენდნენ. შეტევა წარმატებით დაიწყო, მაგრამ 1993 წლის 9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მეათე კორპუსის წევრებმა ხორვატულ სოფელ გრაბოვიცაში დახვრიტეს 35 ხორვატი, რომელთაგან 13 იდენტიფიცირება მოხერხდა – სამოქალაქო პირები და სამხედრო ტყვეები.[51] სეფერ ხალილოვიჩმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ოპერაციას, გასცა განკარგულება ოპერაცია შეწყვეტილიყო, ხოლო მეათე კორპუსი სარაევოში დაებრუნებინათ.[52] ომის შემდეგ გამოძიების შედეგად 3 დამნაშავეს, ვისი ბრალიც ამ მკვლელობაში დამტკიცდა – ნიჰად ვლახოვლიაკს, საიდ კარაგიჩს და ჰარის რაიკიჩს 13–13 წლით პატიმრობა მიესაჯათ.[53]
მიუხედავად ცენტრალურ ბოსნიაში რესპუბლიკის არმიასა და ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს შეიარაღებული კონფლიქტისა, ვეჩეს ის ნაწილები, რომლებიც ტომისლავ დრეტარის მეთაურობით ბიჰაჩის ალყაში იმყოფებოდნენ, ბოსნიელებთან ერთად ებრძოდნენ სერბთა რესპუბლიკის არმიას. იგივე მდგომარეობა იყო ბოსანსკა პოსავინაში.

სერბთა მიერ თავისი კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ბოსნიელებისა და ხორვატების გაძევება გრძელდება, ხორვატია, რომელშიც უკვე ნახევარ მილიონამდე ლტოლვილია, 1994 წლის ზაფხულში იძულებული ხდება უარი თქვას ახალ ლტოლვილთა მიღებაზე.[54]

მარკალეს ბაზრის დაბომბვა

რედაქტირება

1994 წლის 5 თებერვალს სერბთა რესპუბლიკის არმიამ, რომელიც სარაევოს გარშემო ტერიტორიებს აკონტროლებდა, სარაევოს დაბომბვის (რაც ჩვეულებრივი ამბავი იყო 1992 აპრილიდან) დროს გამოიყენა 120 მმ ნაღმმტყორცნი. ნაღმმტყორცნის ჭურვი მარკალეს ბაზარს დაეცა, რომელიც სარაევოს ცენტრში მდებარეობდა. 68 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 144 დაიჭრა.[55][56] 6 თებერვალს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბუტრუს ბუტრუს ღალიმ ნატოს გაუგზავნა თხოვნა, რომ მომავალში გაეროს სამშვიდობო ძალების მოთხოვნები საჰაერო დარტყმების შესახებ მყისიერად დაკმაყოფილებულიყო.[57] 9 თებერვალს ნატომ დაავალა სამხრეთ მიმართულების მეთაურს ემოქმედა გაეროს მითითებების შესაბამისად და მყისიერად განეხორციელებინა საჰაერო დარტყმები.[58] ნატოს ქვეყნებიდან მხოლოდ საბერძნეთმა არ დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილებას. ნატომ ასევე იმავე დღეს წაუყენა ულტიმატუმი სერბთა რესპუბლიკის არმიას მძიმე შეიარაღება გაეტანა სარაევოს გარშემო სიმაღლეებიდან 21 თებერვლამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში საჰაერო დარტყმებით დაემუქრა. 17 თებერვალს სერბებმა დაიწყეს მძიმე შეიარაღების მოხსნა სარაევოს ალყიდან.[57]

ვაშინგტონის შეთანხმება

რედაქტირება

1994 წლის 18 მარტს ვაშინგტონსა და ვენაში ხელმოწერილი იქნა შეთანხმება ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკასა და ჰერცეგ–ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკას შორის. შეთანხმებას ხელს აწერდნენ ჰარის სილაიჯიჩი ბოსნიის რესპუბლიკის მხრივ, კრეშიმირ ზუბაკი ჰერცეგ–ბოსნიის მხრივ და მათე გრანიჩი ხორვატიის მხრივ. ეს შეთანხმება ასრულებდა ომს ბოსნიის ხორვატებსა და ბოსნიელებს შორის, ქმნიდა ფედერაციას, რომელიც ათ კანტონად იყო დაყოფილი. ჰერცეგ–ბოსნია, რომელიც არაღიარებულ წარმონაქმნს წარმოადგენდა, ნებაყოფლობით შედიოდა ბოსნიის რესპუბლიკის შემადგენლობაში. ამ შეთანხმებამ დაასრულა ხორვატებსა და ბოსნიელებს შორის ომი სამხრეთ ბოსნიაში.[59]

ნატოს ჩარევა

რედაქტირება

ნატო პირველად ჩაერია კონფლიქტში 1994 წლის 28 თებერვალს, როდესაც მისმა გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს სერბული თვითმფინავები, რომლებმაც დაარღვიეს ბოსნიის არასაფრენი ზონა და ბომბავდნენ ნოვი ტრავნიკს.[60]
1994 წლის 20 მარტს გაეროს კოლონა შევიდა მაგლაიში, რომელიც 1993 წლის მაისიდან სერბების არმიის ალყაში იმყოფებოდა და ჰაერიდან მარაგდებოდა. 11 აპრილს ნატოს საჰაერო დარტყმა განხორციელდა გორაჟდეს უსაფრთხო ზონის დასაცავად, რომელსაც სერბთა რესპუბლიკის არმია უტევდა. საჰაერო დარტყმისას განადგურდა სერბთა საველე შტაბი, რასაც მოჰყვა 150 გაეროს მშვიდობისმყოფელის დატყვევება სერბების მიერ, რომლებიც დაიმუქრნენ მათი მოკვლით, თუ მათ არმიაზე გორაჟდეს გარშემო საჰაერო დარტყმები არ შეწყდებოდა. 16 აპრილს სერბებმა ჩამოაგდეს ბრიტანული თვითმფრინავი Sea Harrier.[57]
29 აპრილს გაეროს ძალების დანიის სამშვიდობო ბატალიონმა ტუზლასთან მდებარე სოფელ კალესიასთან მდებარე შვედური სათვალთვალო პუნქტის დახმარება სცადა, რომელიც სერბული არტილერიის ცეცხლქვეშ იმყოფებოდა. გზაში სერბებმა დანიელებს ჩასაფრება მოუწყვეს, მაგრამ საპასუხო ცეცხლის შემდეგ დაიფანტნენ. დაიღუპა 9 სერბი, თუმცა ზოგიერთი წყარო დაღუპულთა რაოდენობად 150–ს ასახელებს.[61]

ოპერაცია ვეფხვი 94

რედაქტირება

1994 წლის 2 ივნისს დასავლეთ ბოსნიაში რესპუბლიკის არმიამ წამოიწყო შეტევა სეპარატისტ ფიქრეთ აბდიჩის პოზიციაზე. აბდიჩი 1992 წლიდან გამოეყო დემოკრატიული მოქმედების პარტიას, როდესაც მის ნაცვლად იზეთბეგოვიჩმა ვიცე–პრეზიდენტად ეიუბ ღანიჩი დანიშნა. იგი წავიდა მშობლიურ ველიკა კლადუშაში, სადაც სერბებისა და ხორვატების დახმარებით შეძლო თავისი ხელისუფლების დამყარება. თავის კონტროლირებად ტერიტორიას დასავლეთ ბოსნიის ავტონომიური პროვინცია უწოდა. ხორვატებსა და სერბებს აწყობდათ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ცენტრალური მმართველობის შესუსტება დასავლეთ ბოსნიაში, ამიტომ ისინი აბდიჩს დაუზავდნენ (1993 წლის 14 სექტემბერს ხორვატები და 22 ოქტომბერს სერბები). დაზავების შემდეგ აგროკომერცს (თავად აბდიჩი იუგოსლავიის დაშლამდე ამ კომპანიის დირექტორი იყო, რომელიც უბრალო აგროკომპანიიდან თანამედროვე საკვებისა და მსუბუქი მრეწველობის კორპორაციად აქცია)თავისუფალი ვაჭრობის ნებას აძლევდნენ როგორც ხორვატები, ასევე სერბები, რის შედეგადაც ამ კომპანიას აბდიჩის მინი–სახელმწიფოსთვის საკმარისი დოვლათის მოტანა შეეძლო.[62]
გარდა აბდიჩისა, დასავლეთ ბოსნიაში იყო ბოსნიის რესპუბლიკის არმიის მეხუთე კორპუსი ატიფ დუდაკოვიჩის ხელმძღვანელობით. თუმცა ისინი სრულიად გარშემორტყმული იყვნენ სერბთა რესპუბლიკის, სერბული კრაინისა და მათი მოკავშირე აბდიჩის ძალებით, 1994 წლის ზაფხულისთვის დუდაკოვიჩმა გადაწყვიტა, რომ დადგა დრო აბდიჩის მოშორებისა.
ოპერაცია გარდამავალი წარმატებით მიმდინარეობდა, რადგან აბდიჩი შეუფერხებლად იღებდა იარაღსა და საბრძოლო მასალას სერბებისგან, ხოლო რესპუბლიკის არმია ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაში იყო. აბდიჩის მომხრეებმა მეხუთე კორპუსი ქალაქ პეჩიგრადთან შეაჩერეს.
აბდიჩის ძალების განადგურების გეგმა შეიმუშავეს დუდაკოვიჩმა და ჰამდია აბდიჩმა, მეხუთე კორპუსში შემავალი 502–ე ქვეითი ბრიგადის მეთაურმა. ჰამდია აბდიჩი საიდუმლოდ წარდგა ფიქრეთ აბდიჩთან და უთხრა, რომ იგი იმედგაცრუებული იყო რესპუბლიკის ხელმძღვანელობით, ის და მისი ბრიგადა შიმშილობდნენ, გამარჯვების იმედი კი არ ჩანდა. ჰამდიას თქმით, მასაც სურდა თავისი მოგვარის მსგავსად, კარგად ეცხოვრა. ფიქრეთი ეჭვობდა, მაგრამ დაუჯერა ჰამდოს და გადასცა ფული იარაღისთვის, რომლითაც მას დუდაკოვიჩის წინააღმდეგ ბიჰაჩში ამბოხება უნდა დაეწყო, ხოლო ამბოხების დაწყებისთანავე თავისი არმიით დახმარებას დაჰპირდა. 7 ივლისს ჰამდო ბიჰაჩში დაბრუნდა და დუდაკოვიჩს ყველაფერი შეატყობინა. დუდაკოვიჩმა ყველა გაეროს წარმომადგენელი და დამკვირვებელი ბაზაზე გამოკეტა, ვითომდა მათივე უსაფრთხოების მიზეზით. მეხუთე კორპუსის მეომრებს კი უბრძანა, ჰაერში სროლა დაეწყოთ და წინასწარ მომზადებული საბურავები დაეწვათ, რაც ამბოხების იმიტაციას შექმნიდა. აბდიჩი და მისი სერბი მხარდამჭერები, რომლებმაც დაინახეს კვამლის ბოლქვები და გაიგეს სროლა, უსმენდნენ გაეროს წარმომადგენლების ხმას, რომლებიც რადიოთი ითხოვდნენ გაყვანას, ასევე გადმოსცემდნენ რომ ესმოდათ ბრძოლების ხმა მაგრამ გამოკვლევის საშუალება არ ჰქონდათ, დარწმუნდნენ რომ დუდაკოვიჩის წინააღმდეგ მართლაც დაიწყო ამბოხება. ფიქრეთ აბდიჩმა სერბების არტილერიის დახმარებით წამოიწყო კონტრშეტევა, ხოლო სერბებმა სატვირთო მანქანებით გაგზავნეს იარაღი და ტყვია–წამალი "აჯანყებულების" დასახმარებლად, მაგრამ რეალურად სატვირთო მანქანები ტვირთიანად დუდაკოვიჩის ხელში ჩავარდა. სერბი კონტრდაზვერვის ოფიცრები, რომლებიც ტვირთს აცილებდნენ, დახოცეს ან ტყვედ ჩაიგდეს.
10 ივლისს დუდაკოვიჩმა სატელევიზიო გამოსვლაში განმარტა საქმის რეალური ვითარება. სერბებმა დახმარების გარეშე დატოვეს აბდიჩი, რომლის არმიამაც ვერ შეძლო მეხუთე კორპუსის შეკავება და 1994 წლის 21 აგვისტოს მეხუთე კორპუსმა დაიკავა ველიკა კლადუშა.[63][64]

ბიჰაჩის ალყაზე დაწოლის შესასუსტებლად ხორვატებმა და ბოსნიელებმა წამოიწყეს შეტევა სამხრეთიდან კუპრესის მიმართულებით 1994 წლის 20 ოქტომბერს. ვაშინგტონის შეთანხმების შემდეგ ეს პირველი ერთობლივი ოპერაცია იყო. შეტევის მიმდინარეობისას მოკავშირეებმა გაათავისუფლეს კუპრესი 3 ნოემბერს, რომელიც 1992 წლის აპრილიდან სერბების კონტროლქვეშ იყო. მოკავშირეთა კონტროლქვეშ აღმოჩნდა სპლიტ–ლივნო–კუპრეს–ბუგოინოს გზატკეცილი, რაც მებრძოლი მხარეების მომარაგების პრობლემებს ხსნიდა. დუდაკოვიჩის მეხუთე კორპუსი ბიჰაჩის ალყიდან ასევე ცდილობდა ალყის გარღვევას მოკავშირეთა მიმართულებით.

ოპერაცია ფარი 94

რედაქტირება

ოპერაცია ვეფხვის მიმდინარეობისას დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად სერბებმა წამოიწყეს ოპერაცია ფარი 94 1994 წლის 4 ნოემბერს. ბოსნიისა და ხორვატიის სერბების შეთანხმებული მოქმედებით 20 ნოემბრისთვის ისინი უკვე აკონტროლებდნენ ქალაქ კულენ ვაკუფს და დრენოვო ტესნოს გზაჯვარედინს კრუპა–ბიჰაჩის გზატკეცილზე. ბოსნიელების პოზიციებს და ქალაქ ბიჰაჩს ბომბავდა სერბული ავიაცია სერბული კრაინის ტერიტორიაზე მდებარე აეროდრომ უდბინიდან.
18 ნოემბერს მორიგი დაბომბვისას ჩამოვარდა სერბული თვითმფრინავი J-22, რომელსაც მართავდა პილოტი ბორო ნოვიჩი. სერბები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ, რომ გაეროს სამშვიდობო ძალებს არ აღმოეჩინათ. თვითმფრინავის ნამსხვრევები კი უტყუარი მტკიცებულება იყო, რადგან ბიჰაჩი გაეროს უსაფრთხო ზონას წარმოადგენდა, ასევე ბოსნიის საჰაერო სივრცეში აკრძალული იყო საბრძოლო გაფრენები, გაეროს მითითებით ნატოს ძალებმა განახორციელეს თავდასხმა უდბინას აეროდრომზე. აეროდრომის ასაფრენი ზოლი მწყობრიდან გამოვიდა, ასევე განადგურდა სერბების სარადარო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის პოზიციები.[65][66]

ოპერაცია ზამთარი '94

რედაქტირება

ხორვატებმა ბოსნიელების მხარდაჭერით გააგრძელეს შეტევა კუპრესის ჩრდილოეთით ბიჰაჩის ალყის გასარღვევად. თუმცა მათ მოახერხეს გარკვეული წარმატებების მიღწევა, სერბებმა აბდიჩის მომხრეებთან ერთად წამოიწყეს კონტრშეტევა, მოახერხეს ბიჰაჩში შეღწევა და ბრძოლა საკუთრივ ქალაქში მიმდინარეობდა.

ოპერაცია ობობა

რედაქტირება

10 ნოემბერს დაიწყო სერბებისა და აბდიჩის მომხრეების კონტრშეტევა მეხუთე კორპუსზე. 16 ნოემბერს ბრძოლები უკვე ველიკა კლადუშას მისადგომებთან მიმდინარეობდა, ხოლო 27 ნოემბერს სერბთა რესპუბლიკის არმია ბიჰაჩის უსაფრთხო ზონის მესამედს აკონტროლებდა. მათ შესთავაზეს ბოსნიელებს დანებება იმ პირობით, რომ ისინი აბდიჩის მომხრეებს ჩაბარდებოდნენ, მაგრამ ჰამდია კაბილაგიჩმა, ბიჰაჩის მერმა უარი განაცხადა – ეს მასობრივი ჟლეტის დასაწყისი იქნებაო. ბიჰაჩის მცხოვრებლებმა ქალაქის ქუჩები მანქანებითა და ხეებით ჩახერგეს.[67]
სერბების შეტევა შეჩერდა ჯიმი კარტერის მიერ შეთავაზებული საყოველთაო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით 1995 წლის 1 იანვარს.

ოპერაცია ნახტომი

რედაქტირება

ოპერაცია ზამთარი '94 გაგრძელების მიზნით და ბიჰაჩის დასახმარებლად ხორვატებმა და ბოსნიელებმა გაზაფხულზე ჩაატარეს ოპერაცია ნახტომი 1 და ნახტომი 2. მათი მიზანი იყო სერბების იძულება რეზერვები ბიჰაჩიდან კუპრესისა და ლივნოსკენ გადმოესროლათ, თუმცა სერბთა რესპუბლიკის შტაბის უფროსმა, რადკო მლადიჩმა, გადაწყვიტა, რომ ბიჰაჩი უფრო მნიშვნელოვანი იყო და ბიჰაჩზე შეტევა არ შეუჩერებია. ამის მიუხედავად სერბებმა ბიჰაჩის აღება ვერ მოახერხეს.[68]

ორაშეს ბრძოლა

რედაქტირება

5 მაისიდან 10 ივნისამდე სერბები ცდილობდნენ დაეკავებინათ ხორვატული ქალაქი ორაშე ჩრდილოეთ ბოსნიაში. ერთთვიანი ბრძოლების შემდეგ ხორვატთა თავდაცვის ვეჩემ ხორვატიისა და ბოსნიის მხარდაჭერით შეძლო სერბთა რესპუბლიკის არმიის უკუგდება.[69]

25 მაისს სერბებმა დაბომბეს ქალაქი ტუზლა, რომელიც გაეროს უსაფრთხო ზონად იყო გამოცხადებული. საარტილერიო დაბომბვას 71 ადამიანი შეეწირა, 240 კი დაიჭრა.[70][71]

სრებრენიცა

რედაქტირება

სრებრენიცა ერთ–ერთი იყო გაეროს უსაფრთხო ზონებიდან. იგი ალყაში იყო და მასში იყვნენ შეფარებული მახლობელი სოფლების ბოსნიელი მცხოვრებლებიც. გაეროს მანდატის გამო სერბებს არ შეეძლოთ აქტიურად შეეტიათ სრებრენიცისთვის, თუმცა თავად სრებრენიცაში საშინელი მდგომარეობა იყო – არ იყო საკვები, მედიკამენტები. სერბების მიზანი იყო ალყით უბრძოლველად აეღოთ სრებრენიცა.[72]
ბოსნიელთა დაჯგუფება ნასერ ორიჩის სარდლობით ხშირად აწყობდა თავდასხმებს სრებრენიცის გარშემო სერბულ სოფლებზე ნადავლის, ძირითადად საკვების მოტაცების მიზნით. ამგვარი ანკლავების არსებობა სერბთა რესპუბლიკის შიგნით რესპუბლიკის ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი იყო, ამიტომ პრეზიდენტმა კარაჯიჩმა უბრძანა სერბთა რესპუბლიკის არმიას რომ ჟეპის, გორაჟდესა და სრებრენიცის ანკლავების სრული იზოლაცია მოეხდინათ, თვით ანკლავებში შეექმნათ შიშისა და დაუცველობის აუტანელი განცდა, უიმედობა, რაც საბოლოოდ მათი წასვლის მიზეზი უნდა გამხდარიყო.[73]
6 ივლისს სერბებმა დაიწყეს შეტევა სრებრენიცის ზონაზე. გაეროს სამშვიდობო ძალების ნიდერლანდური ბატალიონი უძლური აღმოჩნდა შეეჩერებინა სერბების შემოტევა.
8 ივლისს ნიდერლანდელი მშვიდობისმყოფელების ჯავშანმანქანა სერბების ცეცხლქვეშ მოექცა და დაიწყო გასვლა ცეცხლის ზონიდან. იქვე მყოფმა ბოსნიელებმა მოითხოვეს, რომ მშვიდობისმყოფელებს დაეცვათ ისინი და არ წასულიყვნენ, თუმცა ჯავშანმანქანა არ შეჩერებულა. ბოსნიელებმა ჯავშანმანქანას ხელყუმბარა ესროლეს, რისგანაც ერთი ნიდერლანდელი მშვიდობისმყოფელი, რავივ ვან რენსენი დაიღუპა.[74]
9 ივლისს, საერთაშორისო ყურადღების ნაკლებობითა და ანკლავში მყოფი ბოსნიელებში იარაღის მწვავე დეფიციტით შეგულიანებულმა კარაჯიჩმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეკავებინათ სრებრენიცა.[75] მეორე დღეს სრებრენიციდან დაიწყო ლტოლვილების მასობრივი გადინება, ისინი ძირითადად გაეროს მშვიდობისმყოფელთა ბაზის (პოტოჩარიში სრებრენიცის ახლოს) მიმართულებით წავიდნენ. გაეროს სამშვიდობო ძალების ბატალიონის მეთაურმა ტომ კარემანსმა მოითხოვა საჰაერო დარტყმები სერბთა შესაჩერებლად, ნატოს ორმა თვითმფრინავმა მართლაც მიიტანა იერიში სერბებზე, მაგრამ სერბები დაიმუქრნენ ნატოს მშვიდობისმყოფელებისა და ფრანგი მძევლების დახოცვით. საჰაერო დარტყმები შეჩერდა, სერბებმა სრებრენიცა დაიკავეს.

 
ერთ–ერთი მასობრივი საფლავის ექსჰუმაცია სრებრენიცასთან

სერბებმა დაიწყეს დატყვევებული ბოსნიელების გადარჩევა – 13–14 წლის ზემოთ მამაკაცებს ცალკე ატყვევებდნენ პოტოჩარის "თეთრ სახლში".[76][77][78] კლადანში (სრებრენიცასთან ყველაზე ახლოს მდებარე ბოსნიის არმიის პოზიცია) დისლოცირებული გაეროს სამშვიდობო ძალების ოფიცერი, მაიორი ფრანკენი შენიშნავს, რომ სრებრენიციდან მოსულ ლტოლვილთა კოლონებს ძირითადად ქალები და ბავშვები შეადგენდნენ.[79]
კლადანისკენ მიმავალ გზაზე ლტოლვილებს სერბები მიჰყვებოდნენ. ისინი უმისამართოდ ესროდნენ კოლონას, იტაცებდნენ გოგონებსა და ქალებს, რომლებსაც შემდეგ აუპატიურებდნენ და კლავდნენ, ძარცვავდნენ ლტოლვილებს და ა.შ.[80]
მამაკაცების ნაწილი, მათ შორის ანკლავის დამცველები და ადმინისტრაცია ტყიანი მასივებით გაემართა კლადანისა და ჟეპას ანკლავისკენ. გზად მათ სერბთა პატრულები ეძებდნენ და ხოცავდნენ. ასე მოხდა კამენიცას გორაკთან, სანდიჩისთან. 15 ივლისს მათ ბალკოვიცასთან გაარღვიეს სერბების ხაზი და შეუერთდნენ ტუზლასთან არსებულ ბოსნიის არმიის პოზიციებს. ბალკოვიცას კორიდორი დაახლოებით 3 საათის განმავლობაში იყო ღია, შემდეგ კი სერბებმა მოახერხეს პოზიციების დაბრუნება.[81]
დატყვევებულ მამაკაცებს სერბები სასტიკად გაუსწორდნენ. მათ მიტოვებულ შენობებში აგროვებდნენ, სადაც ხელყუმბარებით ხოცავდნენ. დახოცილები გამოჰქონდათ და თხრილებში, ან მდინარე იადარში ყრიდნენ. 13–18 ივლისს 8 373 ბოსნიელი იქნა მოკლული სრებრენიცის გარშემო.[82] სერბული პუბლიკაციების ნაწილი უარყოფს სრებრენიცის ხოცვა–ჟლეტის ფაქტს და მას უწოდებს საერთაშორისო ყურადღების მისაქცევად ბოსნიელების დადგმულ სპექტაკლს. მათი თქმით, სრებრენიცაში სულ რამდენიმე ბოსნიელი დახვრიტეს, რომლებსაც სამხედრო დანაშაულობები ჰქონდათ ჩადენილი სრებრენიცის გარშემო სერბული სოფლების წინააღმდეგ.[83][84] აღსანიშნავია, რომ სერბი ულტრამემარჯვენეებისა და ნეოფაშისტების ჯგუფები (მაგალითად ობრაზი[85], მოძრაობა 1389[86], სერბეთის რადიკალური პარტია[87]) იყენებენ სლოგანს "დანა, თოკი, სრებრენიცა" (სერბ. Нож, жица, Сребреница). ხოლო 2010 წელს სერბეთის პარლამენტმა მიიღო ოფიციალური მიმართვა, სადაც მოუბოდიშა სრებრენიცის მსხვერპლთა ოჯახის წევრებს, რომ "ყველაფერი არ იქნა გაკეთებული ტრაგედიის ასაცილებლად", გამოთქვა თანაგრძნობა და მწუხარება.[88] 2012 წელს სერბეთის პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა გამოთქვა მწუხარება სრებრენიცის ტრაგედიაზე.[89]

სრებრენიცის ანალოგიური ბედი ემუქრებოდა აღმოსავლეთ ბოსნიის ორ ანკლავს – გორაჟდესა და ჟეპას. ჟეპაში განლაგებულმა უკრაინელმა მშვიდობისმყოფელებმა მოახერხეს ჟეპას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია[90], თუმცა ქალაქის აღებისას 1995 წლის 25 ივლისს სერბებმა მოკლეს 116 ბოსნიელი, მათ შორის ანკლავის ადმინისტრაცია და ანკლავის დამცველი 285–ე ბრიგადის მეთაური, ავდო პალიჩი.[91]

ოპერაცია ქარიშხალი

რედაქტირება
 
სერბ ლტოლვილთა კოლონა

1995 წლის ზაფხულში ხორვატებმა გადაწყვიტეს გადამჭრელი ზომები მიეღოთ ხორვატიის ტერიტორიაზე არსებული სეპარატისტული კრაინის რესპუბლიკის წინააღმდეგ. დაიგეგმა ოპერაცია ქარიშხალი, რომლის მიხედვითაც ხორვატულ არმიას მთელი კრაინის ტერიტორია უნდა დაეკავებინა, ხოლო ბოსნიური არმიის მეხუთე კორპუსს აბდიჩის სეპარატისტები უნდა გაენადგურებინა. ოპერაცია დაიწყო 1995 წლის 4 აგვისტოს და 5 დღის შემდეგ ხორვატებისა და ბოსნიელების გამარჯვებით დასრულდა. კრაინის რესპუბლიკა ლიკვიდირებული იქნა, ისევე როგორც აბდიჩის ფორმირებები. ბიჰაჩის ალყა გაირღვა.[92]

მარკალეს ბაზრის მეორე დაბომბვა

რედაქტირება

1995 წლის 28 აგვისტოს სერბებმა მარკალეს ბაზარს ესროლეს ხუთი ჭურვი. მოკლულთა რიცხვმა 43 შეადგინა, ხოლო 75 დაიჭრა.[93] სერბები ამტკიცებდნენ, რომ ეს ბოსნიელთა პროვოკაცია იყო და არა მათი არმიის ნამოქმედარი,[94] მაგრამ გაეროს გამოძიებამ დაადგინა, რომ ჭურვები სერბული პოზიციებიდან იყო ნასროლი.[95]

ნატოს ჩარევა

რედაქტირება

30 აგვისტოს, სერბთა რესპუბლიკის არმიის მიერ გაეროს უსაფრთხო ზონებში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო გაერომ და ნატომ დაიწყეს საჰაერო დარტყმები სერბთა რესპუბლიკის წინააღმდეგ. დარტყმებში 400–მდე თვითმფრინავი მონაწილეობდა. გადასატანი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსით სერბებმა ჩამოაგდეს ფრანგული Mirage 2000D, ორივე პილოტმა მოასწრო კატაპულტირება და ისინი სერბებმა დაატყვევეს.[96] 1 სექტემბერს საჰაერო დარტყმები შეწყდა. გაერომ და ნატომ სერბებს წაუყენეს ულტიმატუმი, 4 სექტემბრამდე დაეწყო მძიმე შეიარაღების გაყვანა სარაევოს გარშემო მაღლობებიდან, მოეხსნათ სარაევოს ბლოკადა და შეეწყვიტათ თავდასხმები გაეროს უსაფრთხო ზონებზე. სერბებმა ულტიმატუმი არ მიიღეს და დარტყმები 5 სექტემბერს განახლდა. დაბომბვები 14 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. სერბები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და დათანხმდნენ გაეროს პირობებს, რითაც ოპერაციის აქტიური ფაზა დასრულდა. 20 სექტემბერს ნატოსა და გაეროს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ სერბების მხრიდან გაეროს პირობების შესრულების გამო აქტიური ჩარევის საჭიროება აღარ არსებობდა და ოპერაცია შეწყვიტა.

ბოსნიელებისა და ხორვატების შეტევა

რედაქტირება

4 სექტემბერსნატოს მიერ ბოსნიელ სერბთა დაბომბვის პარალელურად ბოსნიელებმა და ხორვატებმა წამოიწყეს შეტევა სერბულ პოზიციებზე. ბოსნიის რესპუბლიკის არმიამ გაათავისუფლა ოზრენის შვერილი ცენტრალურ ბოსნიაში, ხოლო დასავლეთ ბოსნიაში ხორვატებთან ურთიერთქმედებით იაიცე და შიპოვო. მეხუთე კორპუსმა ასევე გაათავისუფლა სანსკი მოსტი და კლიუჩი. ხორვატებმა გაათავისუფლეს მრკონიჩ გრადი. 1995 წლის 12 ოქტომბერს როცა ბოსნიაში საყოველთაო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შევიდა ძალაში, ბოსნიელები და ხორვატები 14 კმ–ზე მიუახლოვდნენ სერბთა რესპუბლიკის დედაქალაქ ბანია ლუკას.[97][98]

დეიტონის შეთანხმება

რედაქტირება
 
ტერიტორიული ცვლილებები დეიტონის შეთანხმების შემდეგ

12 ოქტომბრის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები, რომლებიც დასრულდა 21 ნოემბერს. ამ მოლაპარაკებების შედეგად გამოიკვეთა სამივე ეთნიკური ჯგუფისთვის მეტ–ნაკლებად მისაღები ვარიანტი ბოსნიის მომავალი მოწყობისა. ამის საფუძველზე შედგა შეთანხმების ვარიანტი. დეიტონის შეთანხმებას ხელი მოეწერა 1995 წლის 14 დეკემბერს, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკას წარმოადგენდა პრეზიდენტი ალია იზეთბეგოვიჩი, ბოსნიელ სერბებს წარმოადგენდა იუგოსლავიის ფედერაციის პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი, ბოსნიელ ხორვატებს კი ხორვატიის პრეზიდენტი ფრანიო ტუჯმანი. შეთანხმების მიხედვით ბოსნია და ჰერცეგოვინა დაიყო ორ სუბიექტად – ბოსნიის კონფედერაციად (ბოსნიელებისა და ხორვატების) და სერბთა რესპუბლიკად. გაეროს სამშვიდობო ძალებს უნდა უზრუნველეყოთ შეთანხმების შესრულება და მშვიდობის დაცვა ბოსნიის ტერიტორიაზე. სერბთა რესპუბლიკის არმიისა და ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს ინტეგრაცია უნდა მომხდარიყო ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიაში.[99]

უცხოელი მეომრები

რედაქტირება

ბოსნიის ომმა მრავალი მოხალისე მიიზიდა უცხო ქვეყნებიდან. რადგან ომი რელიგიურ შტრიხებს ატარებდა, მოხალისეთა ჯგუფები ძირითადად სწორედ მებრძოლი მხარის ერთმორწმუნე კულტურული გარემოს წარმომადგენლებისგან შედგებოდა.

ბოსნიელების მხარეს

რედაქტირება

მუსლიმი მოხალისეები ბოსნიაში მოვიდნენ მთელი მსოფლიოდან. მრავალი მუსლიმი იმამი და მქადაგებელი მოუწოდებდა მუსლიმებს დახმარებოდნენ ბოსნიელებს, მათ შორის სალმან ალ–'ავდა, ჰასან აიუბი, აჰმად ალ–ყატტანი, ბიშრ ალ–ბიშრი და სხვები. ბოსნიაში პირადად ჩავიდა ეგვიპტელი მქადაგებელი ანვარ შა'ბანი. მანვე დაუდო საფუძველი მუჯაჰიდების შენაერთს (არაბ. كتيبة المجاهدين ბოსნ. odred "El Mudžahedin"), რომლის ბირთვიც ავღანეთის ომის ვეტერანებისგან შედგებოდა. მისი წევრები მსოფლიოს ყველა კუთხიდან იყვნენ, მათ შორის ბრიტანეთისა და გერმანიის პაკისტანური და თურქული წარმოშობის მოქალაქეები, ასევე ადგილობრივი ბოსნიელები, რომლებიც სურვილს გამოთქვამდნენ ამ შენაერთში ებრძოლათ.[100]
მუჯაჰიდები გამოირჩეოდნენ რელიგიური შეუწყნარებლობით. დატყვევებულ სერბებს ისინი ხშირად აიძულებდნენ ისლამის მიღებას და იძულებით წინდაცვეთასაც კი უტარებდნენ (იძულებით რელიგიის შეცვლის შემთხვევები ბოსნიის ომის მანძილზე იშვიათობა იყო მიუხედავად იმისა, რომ მთელ კონფლიქტს დაჰყვებოდა რელიგიური შტრიხები. მებრძოლ მხარეებს მიაჩნდათ რომ ადამიანი ტრადიციულად მისდევდა რელიგიას და სხვა რელიგიის მიმდევრებს სხვა ეთნოსად განიხილავდნენ, ამგვარად მათი "მოქცევა" შეუძლებლად მიაჩნდათ, მხოლოდ მათი განადგურება სურდათ). მუჯაჰიდები ასევე მონაწილეობდნენ ზოგიერთ სამხედრო დანაშაულში, რაც ბოსნიის არმიამ ჩაიდინა. 1993 ივნისში ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს წინააღმდეგ განხორციელებული გუჩა გორას ოპერაციის დროს მათ დაიკავეს სოფელი გუჩა გორა, დაარბიეს იქ ფრანცისკანული მონასტერი და მთავარ ტაძარში იკითხეს აზანი, თუმცა ეკლესია არ დაუნაღმავთ და დაუწვავთ, როგორც ხორვატები ირწმუნებოდნენ.[39]
გარდა მოხალისეებისა, ბოსნიელებს ეხმარებოდა პაკისტანის უწყებათშორისი დაზვერვის სამსახური (ISI) და ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი. ისინი ახერხებდნენ ბოსნიელებისთვის მეტად დეფიციტური ტანკსაწინააღმდეგო იარაღის კონტრაბანდულად შეტანას და რესპუბლიკის არმიისთვის გადაცემას.

ხორვატების მხარეს

რედაქტირება

ბოსნიის ხორვატები მასობრივად იღებდნენ დახმარებას თავისი თანამემამულეებისგან ხორვატიაში. უცხოელ მოხალისეებს ძირითადად დასავლური ქრისტიანული კულტურის მქონე ქვეყნებიდან წამოსული, მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე შეხედულებების მებრძოლები შეადგენდნენ. მათგან სამი დანაყოფი იყო შედგენილი – ინტერნაციონალური ბრიგადა, გარიბალდის სახელობის ბატალიონი იტალიელებისთვის და ჟაკ დორიოს სახელობის ბატალიონი ფრანგებისთვის.[101] სერბების წინააღმდეგ ხორვატების მხარეს იბრძოდნენ ალბანელი მოხალისეებიც.
ხორვატების მხარეს იბრძოდა შვედი ნეონაცისტი ჯეკი არკლოვი (შვედ. Jackie Arklöv), რომელიც მონაწილეობდა ხორვატულ ბანაკებში ბოსნიელი ტყვეების წამებაში.[102] მოგვიანებით იგი შვედეთში დააპატიმრეს, მაგრამ მტკიცებულებების არქონის გამო გაათავისუფლეს. 1999 წლის 28 მაისს არკლოვმა სხვა ორ ნეონაცისტთან ერთად მალექსანდერში (შვედეთი) ბანკის გაძარცვისას მოკლა ორი პოლიციელი.[103][104]

სერბების მხარეს

რედაქტირება

სერბებს მხარს უჭერდნენ თავისი მოძმეები სერბეთიდან და ჩერნოგორიიდან. მოხალისეები მათ დასახმარებლად ძირითადად აღმოსავლური ქრისტიანული კულტურის მქონე ქვეყნებიდან მიიღეს. რუსი მოხალისეები ორ მოხალისეთა რაზმში იყვნენ განაწილებული – რუს მოხალისეთა რაზმი (რუს. Русский Добровольческий Отряд) და მეფის მგლები (რუს. Царские волки). ასევე იქ იყო კაზაკ მოხალისეთა რაზმი – პირველი კაზაკური ასეული (რუს. Первая Казачья Сотня). ასევე სერბების მხარდამხარ იბრძოდა ბერძნული დაჯგუფება – ბერძენ მოხალისეთა გვარდია (ბერძ. Ελληνική Εθελοντική Φρουρά). ცალკეული მოხალისეები იბრძოდნენ რუმინეთიდან, მაკედონიიდან და სხვა.[105]

სამხედრო დანაშაულები

რედაქტირება
 
მოსახლეობის გადაადგილების შედეგი ომის შემდეგ

გენოციდი

რედაქტირება

ევროპაში პირველი გენოციდი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სწორედ აღმოსავლეთ ბოსნიაში, სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტას ეწოდა. შემდგომ ეს განზოგადდა სერბთა რესპუბლიკის დამოკიდებულებაზე მის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არასერბული წარმოშობის ადამიანების მიმართ, რაც განსაკუთრებულად სასტიკი მეთოდებით მათ დაშინებას ისახავდა მიზნად, შემდგომი გაძევების მიზნით. სერბთა რესპუბლიკის ლიდერების, რადოვან კარაჯიჩისა და რადკო მლადიჩის მიმართ სწორედ გენოციდის ბრალდებაა წაყენებული ჰააგის ტრიბუნალის მიერ.[106]

ეთნიკური წმენდა

რედაქტირება

ეთნიკური წმენდის დეფინიცია გაერომ სწორედ ბოსნიასთან დაკავშირებით მიღებულ 780–ე რეზოლუციაში მოახდინა.[107] ბოსნიის ტერიტორიაზე მყოფი სხვადასხვა ეთნოსები ცდილობდნენ მათ კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორია გაეწმინდა სხვა ეთნოსებისგან, რომლებსაც ისინი არ ენდობოდნენ. რისი ნათელი მაგალითებიცაა ბოსნიელების მიერ ხორვატების გაძევება ბუგოინოდან და ხორვატების მიერ ლაშვას ხეობის სოფლების წმენდა ბოსნიელებისგან. თუმცა სერბების ქმედებაც იმავე ხასიათს ატარებდა, ისინი უფრო მძიმე, გენოციდის კატეგორიაში არიან კვალიფიცირებული.

ისლამური კულტურული მემკვიდრეობის ბედი ბოსნიაში

რედაქტირება
ისლამური შენობა–ნაგებობების განადგურება ბოსნიაში 1992–95 [108]
დანგრეული სერბების მიერ დანგრეული ხორვატების მიერ დაზიანებული სერბების მიერ დაზიანებული ხორვატების მიერ სულ დანგრეული სულ დაზიანებული სულ საერთო რიცხვი ომამდე პროცენტული რაოდენობა დანგრეული და დაზიანებული ნაგებობებისა
დიდი მეჩეთი 249 58 540 80 307 620 927 1,149 81%
პატარა მეჩეთი 21 20 175 43 41 218 259 557 47%
მედრესე 14 4 55 14 18 69 87 954 9%
დერვიშების სამლოცველო 4 1 3 1 5 4 9 15 60%
მავზოლეუმი 6 1 34 3 7 37 44 90 49%
რელიგიური ფონდების შენობები 125 24 345 60 149 405 554 1,425 39%
Total 419 108 1,152 201 527 1,353 1,880 4,190 45%
  1. http://books.google.ca/books?id=oFXdiS25N78C pp. 130
  2. http://books.google.ge/books?id=FTw3lEqi2-oC pp. 450
  3. http://books.google.ca/books?id=Y7mwpWxqXIUC pp. 21
  4. 4.0 4.1 4.2 Rezultati istraživanja "Ljudski gubici '91-'95". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-04. ციტირების თარიღი: 2015-02-17.
  5. http://pod2.stat.gov.rs/ObjavljenePublikacije/G1991/pdf/G19914013.pdf
  6. http://books.google.com.pk/books?id=ACvJHam2_-oC pp. 29
  7. Ulema u odbrani života i čovjeka. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-21. ციტირების თარიღი: 2015-02-17.
  8. http://www.scribd.com/doc/47323922/Muhamed-Hadzijahic-Muslimanske-rezolucije-1941 pp. 241
  9. http://www.icty.org/x/cases/slobodan_milosevic/trans/en/040122ED.htm
  10. http://books.google.com/books?id=FTw3lEqi2-oC
  11. http://www.refworld.org/cgi-bin/texis/vtx/rwmain?docid=3b00f16f1c
  12. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-22. ციტირების თარიღი: 2015-02-17.
  13. Nizich, Ivana (1993). War crimes in Bosnia-Hercegovina, გვ. 45. ISBN 1-56432-083-9. 
  14. Weitz, Eric D. (2003). A Century of Genocide: Utopias of Race and Nation. Princeton: Princeton University Press. ISBN 978-0-691-00913-1. 
  15. 15.0 15.1 http://www.hrw.org/reports/2000/bosnia/BOSN005.pdf
  16. http://www.icty.org/x/cases/krajisnik/tjug/en/kra-jud060927e.pdf
  17. http://news.bbc.co.uk/2/hi/1108604.stm
  18. http://books.google.ge/books?id=FTw3lEqi2-oC pp. 382
  19. http://books.google.ge/books?id=ACvJHam2_-oC pp. 291
  20. http://books.google.ge/books?id=ACvJHam2_-oC pp. 284
  21. http://www.icty.org/x/cases/kunarac/acjug/en/kun-aj020612e.pdf
  22. http://www.icty.org/x/cases/stankovic/cis/en/cis_jankovic_stankovic_en.pdf
  23. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-05-25. ციტირების თარიღი: 2015-02-17.
  24. http://www.nytimes.com/1996/01/10/world/sarajevo-grenade-leaves-one-dead-and-19-wounded.html
  25. http://www.nytimes.com/1996/03/25/world/from-one-serbian-militia-chief-a-trail-of-plunder-and-slaughter.html?pagewanted=all&src=pm
  26. http://edition.cnn.com/2010/WORLD/europe/08/12/bosnia.bodies.found/index.html?iref=allsearch
  27. http://usatoday30.usatoday.com/news/nation/2008-01-18-3032725234_x.htm
  28. http://www.theguardian.com/world/2001/nov/03/warcrimes.balkans
  29. http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/4834938.stm
  30. http://www.nytimes.com/1992/11/27/world/a-killer-s-tale-a-special-report-a-serbian-fighter-s-path-of-brutality.html
  31. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-10. ციტირების თარიღი: 2015-02-17.
  32. https://books.google.ge/books?id=wXooH0vZVd4C pp. 45
  33. http://www.hsp1861.hr/vijesti/201129erra.htm
  34. Klip, André; Sluiter, Göran (2001) Annotated leading cases of international criminal tribunals. Hart Publishing, გვ. 348. ISBN 90-5095-375-1. 
  35. Очерки военной истории конфликта в Югославии (1991—1995). ArtOfWar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-05. ციტირების თარიღი: 2013-03-30.
  36. http://www.hrw.org/en/news/2006/07/11/orics-two-years
  37. http://www.b92.net/info/vesti/index.php?yyyy=2013&mm=01&dd=06&nav_category=64&nav_id=675116
  38. LeBor, A. (2006). "Complicity with Evil": The United Nations in the Age of Modern Genocide. Yale University Press. ISBN 9780300111712. 
  39. 39.0 39.1 39.2 39.3 http://www.icty.org/x/cases/kordic_cerkez/tjug/en/kor-tj010226e.pdf
  40. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-02-17.
  41. ICTY: Initial indictment for the ethnic cleansing of the Lasva Valley area - Part I. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-09. ციტირების თარიღი: 2015-02-17.
  42. ICTY: Initial indictment for the ethnic cleansing of the Lasva Valley area - Part II. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-25. ციტირების თარიღი: 2015-02-17.
  43. http://www.icty.org/x/cases/blaskic/acjug/en/bla-aj040729e.pdf
  44. https://books.google.ge/books?id=NlRD4yaHrEYC pp. 396
  45. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-15. ციტირების თარიღი: 2015-02-17.
  46. http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/europe/bosnia/1343702/Tudjman-tapes-reveal-plans-to-divide-Bosnia-and-hide-war-crimes.html
  47. http://www.refworld.org/cgi-bin/texis/vtx/rwmain?docid=3b00f15330
  48. http://www.icty.org/x/cases/naletilic_martinovic/cis/en/cis_naletilic_martinovic_en.pdf
  49. http://www.icty.org/x/cases/prlic/cis/en/cis_prlic_al_en.pdf
  50. Coward, Martin (2009). Urbicide: The Politics of Urban Destruction. London: Routledge, გვ. 1–7. ISBN 0-415-46131-6. 
  51. http://books.google.ca/books?id=a7cOQ9Nch2AC
  52. http://www.icty.org/x/cases/halilovic/cis/en/cis_halilovic.pdf
  53. http://www.klix.ba/vijesti/bih/vlahovljak-rajkic-i-karagic-osudjeni-na-po-13-godina-zatvora-za-zlocine-u-grabovici/070808035
  54. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-07. ციტირების თარიღი: 2015-02-17.
  55. http://www.icty.org/x/cases/galic/acjug/en/gal-acjud061130.pdf
  56. http://www.icty.org/x/cases/dragomir_milosevic/acjug/en/091112.pdf
  57. 57.0 57.1 57.2 Bethlehem, Daniel L.; Weller, Marc (1997) The 'Yugoslav' Crisis in International Law, Cambridge International Documents Series. Cambridge University Press, გვ. liii. ISBN 978-0-521-46304-1. 
  58. Carnes, Mark Christopher (2005). American national biography. Oxford University Press, გვ. 29. ISBN 978-0-19-522202-9. 
  59. http://www.usip.org/sites/default/files/file/resources/collections/peace_agreements/washagree_03011994.pdf
  60. http://www.krajinaforce.com/kforce/knjige/hronika_rsk.html
  61. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-05. ციტირების თარიღი: 2015-02-17.
  62. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2015-02-17.
  63. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-27. ციტირების თარიღი: 2015-02-17.
  64. Anthony Loyd (February 1, 2001). My War Gone By, I Miss It So. ISBN 0-14-029854-1. 
  65. http://www.nato.int/cps/en/natohq/news_24220.htm?selectedLocale=fr
  66. http://www.kommersant.ru/doc/95753
  67. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-09. ციტირების თარიღი: 2015-02-17.
  68. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-08. ციტირების თარიღი: 2015-02-17.
  69. http://vojnapovijest.vecernji.hr/broj-16-vp/operacija-osveta-i-pobjeda-hvo-a-907871
  70. http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/8097918.stm
  71. http://www.sudbih.gov.ba/?id=1281&jezik=e
  72. http://www.nytimes.com/interactive/2014/05/29/magazine/srebrenica-life-in-the-valley-of-death.html?_r=3&smid=tw-share
  73. https://iwpr.net/global-voices/bosnian-serb-officer-unaware-make-life-unbearable-order
  74. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-27. ციტირების თარიღი: 2015-02-17.
  75. http://edition.cnn.com/WORLD/Bosnia/updates/july95/7-11/index4.html
  76. http://www.icty.org/x/cases/krstic/trans/en/000726ed.htm
  77. http://www.icty.org/x/cases/popovic/trans/en/070206ED.htm
  78. http://www.icty.org/x/cases/krstic/trans/en/000411ed.htm
  79. http://www.icty.org/x/cases/krstic/acjug/en/krs-aj040419e.pdf
  80. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-25. ციტირების თარიღი: 2015-02-17.
  81. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2015-02-17.
  82. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-18. ციტირების თარიღი: 2015-02-17.
  83. http://www.srpska.ru/article.php?nid=2086
  84. http://www.srpska.ru/article.php?nid=12033
  85. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-09. ციტირების თარიღი: 2015-02-17.
  86. http://www.slobodnaevropa.org/content/ultradesnicari_1389_pred_ustavnim_sudom_srbije_/24243504.html
  87. http://www.slobodnaevropa.org/content/na_mitingu_podrske_mladicu_prstale_uvrede_i_govor_mrznje_/24209012.html
  88. http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/8594625.stm
  89. http://www.aljazeera.com/news/europe/2013/04/2013425102523848273.html
  90. http://www.usva.org.ua/mambo3/index.php?option=com_content&task=view&id=3054&Itemid=1
  91. http://www.nytimes.com/2012/12/13/world/europe/zdravko-tolimir-former-commander-of-bosnian-serb-army-is-convicted-of-genocide.html?_r=1&
  92. http://www.coldwar.ru/conflicts/yugoslaviya/flash-and-storm.php
  93. http://www.rts.rs/page/stories/sr/story/135/Hronika/1252690/Svedok%3A+Markale+nisu+inscenirane.html
  94. http://rusk.ru/newsdata.php?idar=172251
  95. UNPROFOR investigation scheduled shelling incident of 28 August 1995; Dragomir Milosevic ICTY Exhibit P00357
  96. Shot-down French pilots 'held captive' დაარქივებული 2015-07-14 საიტზე Wayback Machine. The Independent, 19 September 1995
  97. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-09. ციტირების თარიღი: 2015-02-17.
  98. http://www.srpska.ru/article.php?nid=4266
  99. http://www.state.gov/p/eur/rls/or/dayton/
  100. http://www.saaid.net/leqa/8.htm
  101. Srebrenica - a 'safe' area. Netherlands Institute for War Documentation (10 April 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 17 February 2010.
  102. Karli, Sina. (11 November 2006) Šveđanin priznao krivnju za ratne zločine u BiH Croatian. Nacional (weekly). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 17 February 2010.
  103. Lindström, P. O. (28 July 2004). „Bakgrund: Polismorden i Malexander“. Svenska Dagbladet. ციტირების თარიღი: 23 March 2012.
  104. Mattsson, Anna (28 May 2007). „Fakta: Malexandermorden“. Expressen. ციტირების თარიღი: 23 March 2012.
  105. Granić, Mate. (30 June 1995) Letter dated 30 June 1995 from the Deputy Prime Minister and Minister for Foreign Affairs of the Republic of Croatia addressed to the Special Rapporteur of the Commission on Human Rights on the question of the use of mercenaries. UN. ციტირების თარიღი: 17 February 2010.
  106. http://www.icty.org/x/cases/mladic/ind/en/kar-ii950724e.pdf
  107. http://www.ohr.int/other-doc/un-res-bih/pdf/s92r780e.pdf
  108. Islam and Bosnia: Conflict Resolution and Foreign Policy in Multi-Ethnic States, Maya Shatzmiller, page 100, 2002