უსტაშები (ხორ. Ustaše - აჯანყებული) — ხორვატული ნაცისტური მოძრაობა. დააარსა ანტე პაველიჩმა 1929 წელს იტალიაში. ორგანიზაცია ჩამოყალიბდა სხვადასხვა ულტრანაციონალისტური ხორვატული ჯგუფებიდან რომლებიც 1920-ან წლებში აქტიურ ბრძოლას ეწეოდნენ იუგოსლავიის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ.

უსტაშების სიმბოლო

წინარეისტორია

რედაქტირება

ნაციონალისტურ დაჯგუფებებს შორის ყველაზე ძლიერი იყო ხორვატული სამართლის პარტია, რომლის წევრიც იყო უსტაშების მოძრაობის დამაარსებელი ანტე პაველიჩი, თუმცა 1920-ან წლებში ხორვატიაში ყველაზე გავლენიანი იყო ხორვატიის გლეხთა პარტია სტეფან რადიჩის ხელმძღვანელობით. 1928 წლის 8 აგვისტოს სერბმა ნაციონალისტებმა პარლამენტის შენობის წინ მოკლეს რადიჩი, რასაც სახელმწიფო კრიზისი მოჰყვა. 1929 წლის 6 იანვარს იუგოსლავიის მეფემ ალექსანდრე I კარაგეოგიევიჩმა სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა, გააუქმა 1921 წლის კონსტიტუცია, დაშალა პარლამენტი და აკრძალა ყველა ნაციონალისტური ორგანიზაციის საქმიანობა.

ერთი დღის შემდეგ ანტე პაველიჩმა დააარსა უსტაშების მოძრაობა და წავიდა ემიგრაციაში იტალიაში, საიდანაც ეწეოდა თავის საქმიანობას 1941 წლამდე (ფაშისტური გერმანიის მიერ იუგოსლავიის ოკუპაციამდე). უსტაშების მიზანს წარმოადგენდა მონოეთნიკური ხორვატული სახელმწიფოს შექმნა, ხოლო ხორვატიის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა სხვა ერის ან განადგურება, ან ხორვატიიდან გაძევება. უსტაშებს სხვა ოპოზიციური დაჯგუფებებიდან განასხვავებდა ის, რომ ისინი ძალადობრივი მეთოდების გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევდნენ. მათ ათობით ტერორისტული აქტი მოაწყვეს იუგოსლავიის რკინიგზაზე, ისინი ნაღმავდნენ ავსტრიიდან მიმავალ მატარებლებს. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ უსტაშები ავსტრიიდან გააძევეს, თუმცა მათ ტერორისტულ საქმიანობაში ყველაზე ცნობილი ფაქტი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლუი ბარტუსა და იუგოსლავიის მეფის ალექსანდრე I კარაგეოგიევიჩის მკვლელობაა, რომელიც მათ მაკედონელ ტერორისტებთან ერთად განახორციელეს მარსელში 1934 წელს. უშუალო შემსრულებელი იყო მაკედონელი ტერორისტი ვლადო ჩერნოზემსკი (ველიჩკო კერინი). თუკი 1934 წლამდე უსტაშები მუსოლინის მხარდაჭერით სარგებლობდნენ, მას შემდეგ რაც დადგინდა, რომ ტერორისტულ აქტში უსტაშები მონაწილეობდნენ დუჩემ პაველიჩს შინაპატიმრობა მიუსაჯა და დროებით ტერორისტული საქმიანობის შეწყვეტა აიძულა, რათა განემუხტა იტალია-საფრანგეთს შორის წარმოშობილი კრიზისი.

ამის შემდეგ უსტაშების მთავარ საქმიანობად ხორვატულ ემიგრაციაში მხარდაჭერის მოპოვება იქცა, ელოდნენ რა ხელსაყრელ დროს, როდესაც იტალია ან გერმანია იუგოსლავიაში შეიჭრებოდნენ. 1940 წლის იანვარში მუსოლინის გაუჩნდა იუგოსლავიის დაშლის და იტალიის პროტექტორატის ქვეშ მარიონეტული ხორვატული სახელმწიფოს შექმნის იდეა. ეს საკითხი განიხილეს პაველიჩმა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გალეაცო ჩიანომ იმავე წლის ბოლოს, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა 1941 წლის მარტში, როდესაც იუგოსლავია შეურთდა სამთა პაქტს. ამ საკითხთან დაკავშირებით იტალიის საგარეო საქმეთა სამინიტროს თანამშრომელმა ბარონმა ფერარისმა რომიდან გამოიძახა პაველიჩი და მოსთხოვა ყოველგვარი ანტიიუგოსლავიური საქმიანობის შეწყვეტა, თუმცა იუგოსლავიაში ამ პაქტის გაფორმება სახელმწიფო ინტერესების ღალატად აღიქვეს, რასაც 26-27 მარტის ღამეს სახელმწიფო გადატრიალება მოჰყვა ცვეტკოვიჩ-მაჩეკის მთავრობის დაემხობით. ამ პირობებში 1941 წლის 6 აპრილს ჰიტლერმა მიიღო იუგოსლავიაში შეჭრის გადაწყვეტილება.

1941 წლის 28 მარტს იტალიაში, ქალაქ პოსტოიაში გამოცხადდა უსტაშების შეკრება. 10 აპრილს პაველიჩმა ჩაატარა უსტაშების დათვალიერება, იმავე დღეს პაველიჩმა და მისმა თანამებრძოლებმა რადიოში მოისმინეს განცხადება ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შესახებ. ეს მოხდა გერმანიის მოწინავე ჯარების ზაგრებში შესვლის დღეს. საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს 12 აპრილს, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიბენტროპმა შეატყობინა გერმანიის საგანგებო წარმომადგენელს ზაგრებში სს-ის შტანდარტფიურერ ედმუნდ ვეეზერშტაინს, რომ გერმანია ხორვატიის საკითხში უპირატესობას ანიჭებდა იტალიას და მარიონეტული ხორვატული სახელმწიფოს მეთაური იქნებოდა არა სლავკო კვატერნიკი, რომელმაც 10 აპრილს ზაგრების რადიოში გამოაცხადა ხორვატიის დამოუკიდებლობა, არამედ ანტე პაველიჩი. პაველიჩი გამოცხადდა ბელადად, ხოლო იმავე წლის 18 მაისს სახელმწიფოს ფორმალურ მეთაურად გამოცხადდა ტომისლავ II.

1941 წლის 6 ივნისს ჰიტლერისა და პაველიჩის შეხვედრისას საბოლოოდ განისაზღვრა ხორვატიის საზღვრები. საკუთრივ ხორვატიის გარდა ახლადშექმნილი სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა ბოსნია, ჰერცეგოვინა და სანჯაკი, რომლებიც უსტაშებმა ისტორიულ ხორვატულ მიწებად გამოაცხადეს. მიუხედავად იმისა, რომ ხორვატიას მოუწია იტალიისთვის დაეთმო დალმაციის დიდი ნაწილი 400 ათასი მოსახლით. 1943 წელს, მას შემდეგ რაც იტალიაში ფაშისტური რეჟიმი დაემხო, პაველიჩმა დალმაცია ისევ ხორვატიის შემადგენლობაში შეიყვანა. ხორვატიაში გერმანიის სს-ის მაგალითზე შეიქმნა უსტაშების სპეციალური ჯგუფები, მათ უნდა ეკონტროლებინათ სავალდებულო გაწვევის პრინციპზე შექმნილი ჯარი, რომელსაც უსტაშები არ ენდობოდნენ. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დამყარდა ერთპარტიული დიქტატურა და დაიწყო პაველიჩის პიროვნების კულტის შექმნა. ამას ემატებოდა ისიც, რომ გერმანიის და იტალიის საჯარისო შენაერთები განაგრძობდნენ ხორვატიის ტერიტორიაზე ყოფნას, ხოლო თავად უსტაშებს თავიანთი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არ ჩაუტარებიათ არანაირი არჩევნები, რაც მათ ლეგიტიმურობას მიანიჭებდა მოსახლეობის თვალში. ყოველივე ამან გამოიწვია მოსახლეობაში უსტაშების მიმართ უკმაყოფილების ზრდა და ხორვატიის ტერიტორიაზე მასშტაბური პარტიზანული მოძრაობის გაჩაღება, 1942 წელს პარტიზანებმა შეძლეს მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა და ზოგიერთ ტერიტორიაზე საკუთარი ძალაუფლების გავრცელება.

1945 წლამდე ხორვატია იყო ჰიტლერული გერმანიის ერთგული მოკავშირე, მან საკუთარი ჯარებიც კი გააგზავნა აღმოსავლეთ ფრონტზე საომრად. იმის მიუხედავად, რომ უსტაშებისთვის მთავარ საფრთხეს მაინც ბროს ტიტოს სახალხო-განმათავისუფლებელი ჯარი და ეროვნულ-მონარქისტი ჩეტნიკები წარმოადგენდნენ. 1943 წელს ხორვატიის შინაგან საქმეთა მინისტრს მლადენ ლორკოვიჩს და თავდაცვის მინისტრს ანტე ვოკიჩს ჰქონდათ მცდელობა დაემხოთ უსტაშების ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი აწარმოებდნენ მოლაპარაკებას მოკავშირეებთანაც, მაგრამ მათი შეთქმულება გაიხსნა და ისინი დასაჯეს სიკვდილით 1944 წლის ზაფხულში. უსტაშების ყველაზე ცნობილი შენაერთი იყო შავი ლეგიონი, რომელსაც მეთაურობდა იური ფრანცეტიჩი.

გენოციდი

რედაქტირება

1941-1945 წლებში უსტაშებმა ანტე პაველიჩის ხელმძღვანელობით განახორციელეს სერბების, ებრაელებისა და ბოშების მასობრივი გენოციდი. გერმანიის მაგალითზე შეიქმნა საკონცენტრაციო ბანაკები, რომლებს შორისაც ყველაზე დიდი იყო იასენოვაცი. საკონცენტრაციო ბანაკებში განადგურებული სერბების რაოდენობა მერყეობს 330 000-390 000 ადამიანამდე. ასევე გერმანელებმა და ხორვატებმა დახოცეს დაახლოებით 32 000 ებრაელი და 26 000 ბოშა (დახოცილი ებრაელების რიცხვში არ შედიან ის ებრაელები, რომლებიც უსტაშებმა გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში გადაგზავნეს). უსტაშები უსწორდებოდნენ ასევე რეჟიმის მოწინააღმდეგე ხორვატებს და ბოსნიელებს. მხოლოდ იასენოვაცში დაიღუპა რეჟიმის დაახლოებით 5000-12 000 პოლიტიკური მოწინააღმდეგე. უსტაშებმა გაანადგურეს დაახლოებით 450 მართლმადიდებლური ეკლესია. სერბი და ებრაელი მოსახლეობიდან ამოიღეს 350 მილიონი ფრანკი, რომლიდანაც შემდგომში 150 მილიონი ვატიკანის ხელში მოხვდა.

 
სერბო მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელსაც კათოლიციზმის მიღებას აიძულებენ

უსტაშების გეგმით ხორვატიის ტერიტორიაზე მცხოვრები სერბების 1/3 უნდა განადგურებულყო,1/3 უნდა გაძევებულიყო ხორვატიიან ხოლო 1/3 იძულებით უნდა გაკათოლიკებულიყო. გენოციდის პოლიტიკის ერთ-ერთი ინიციატორი და აქტიური მხარდამჭერი იყო ხორვატი მწერალი, განათლების მინისტრი და პაველიჩის მოადგილე მილე ბუდაკი. გენოციდის მასშტაბები იმდენად დიდი იყო, რომ ამისთვის უსტაშებს მუსოლინი და ჰიტლერელებიც აკრიტიკებდნენ, ხოლო დუჩე ებრაელებს და სერბებს იტალიაში თავშესაფარსაც კი აძლევდა. სერბებისგან გასნსხვავებით, ბოსნიელები მუსლიმ ხორვატებად გამოცხადდნენ, მათ ისევე იწვევდნენ ჯარში, როგორც ხორვატებს მათგანვე ჩამოყალიბდა სს-ის ორი დივიზია "ხანჯარი" და "კამა".რადგან ხორვატები სლავები იყვნენ, ხოლო ნაცისტური იდეოლოგიის თანახმად სლავები მეორეხარისხოვან ხალხად მიიჩნეოდა, უსტაშების ოფიციალური პროპაგანდა ცდილობდა ხორვატების წარმოშობის გოთებთან დაკავშირებას. უსტაშების პერიოდის ხორვატიაში ჩატარდა ასევე ენის რეფორმა, ხორვატული ენა გამოცხადდა ცალკე ენად და გამოიყო სერბოხორვატულ ენას. ასევე ცდილობდნენ ენაში დაემკვიდრებინათ ცალკეული ნეოლოგიზმები, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო და მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ენის ხელოვნურად გამოყოფის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. კათოლიკური ეკლესიის როლი სერბების გენოციდში სხვადასხვაგვარად ფასდება. იყო შემთხვევები როდესაც კათოლიკე სასულიერო პირები ცდილობდნენ გადაერჩინათ საკონცენტრაციო ბანაკებში მყოფი მოსახლეობა, ასევე იყო შემთხვევები როდესაც კათოლიკე ბერები თავად მონაწილეობდნენ გენოციდში.

უსტაშების დასასრული

რედაქტირება

1945 წელს საბჭოთა და პარტიზანულმა ჯარებმა სრულად გაათავისუფლეს ხორვატიის ტერიტორია, უსტაშები გადარჩენის მიზნით ბარდებოდნენ ინგლისელებს ავსტრიაში, მაგრამ ისინი ინგლისელებმა გადასცეს კომუნისტებს რის შემდეგაც უსტაშების უმრავლესობა დახვრიტეს. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ისინი დახვრიტეს ქალაქ ბლიაბურგში. ამ მოვლენამ ბლიაბურგის ხოცვა-ჟლეტის სახელწოდება მიიღო. თვითონ პაველიჩი ემიგრაციაში წავიდა არგენტინაში, სადაც ხუან პერონის მრჩევლად მუშაობდა 1950-ანი წლების ბოლომდე. გადარჩენილი უსტაშების უმრავლესობა ესპანეთში, არგენტინაში, კანადაში და აშშ ემიგრირდა. ემიგრაციაში მყოფმა უსტაშებმა შექმნეს მთავრობა დევნილობაში, რომელიც არცერთ სახელმწიფოს არ უღიარებია და რომელიც შიდა წინააღმდეგობების გამო მალე დაიშალა. უსტაშების მემკვიდრე ორგანიზაციებმა რამდენიმე ტერორისტული აქტი მოაწყვეს, მათ შორის ყველაზე ცნობილია შვედეთში იუგოსლავიის ელჩის მკვლელობა(1971) და აფეთქება იუგოსლავიური ავიაკომპანიის ბორტზე (1972). 1991 წელს ხორვატიის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უსტაშების მემკვიდრე ულტრანაციონალისტურმა ორგანიზაციებმა არსებობა შეწყვიტეს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება