ბოსნია და ჰერცეგოვინის რესპუბლიკა
ბოსნია და ჰერცეგოვინის რესპუბლიკა — თანამედროვე ბოსნია და ჰერცეგოვინის იურიდიული წინამორბედი.[1]
ბოსნია და ჰერცეგოვინის რესპუბლიკა Republika Bosna i Hercegovina | ||||||
გარდაიქმნა ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ფედერაციად | ||||||
| ||||||
| ||||||
ჰიმნი Jedna si jedina ერთო და ერთადერთო | ||||||
სიტუაცია ბოსნიაში ვაშინგტონის შეთანხმების შემდეგ
| ||||||
დედაქალაქი | სარაევო | |||||
ენები | სერბოხორვატული ენა | |||||
რელიგია | სეკულარული | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
პრეზიდენტი | ||||||
- | 1992–1994 | ალია იზეთბეგოვიჩი | ||||
ისტორიული ერა | იუგოსლავიის დაშლა | |||||
- | დამოუკიდებლობა გამოცხადდა | 3 მარტი 1992 | ||||
- | ბოსნიის ომის დასაწყისი | 6 აპრილი 1992 | ||||
- | ვაშინგტონის შეთანხმება | 18 მარტი 1994 | ||||
- | დეიტონის შეთანხმება | 14 დეკემბერი 1995 | ||||
- | კონფედერაციად გარდაქმნა | 14 დეკემბერი 1995 | ||||
ფართობი | ||||||
- | 1991 | 51 129 კმ² (19 741 მლ²) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 1991 წელი | 4 364 649 | ||||
სიმჭიდროვე | 85,4 /კმ² (221,1 /მლ²) | |||||
დღეს ამ ტერიტორიაზე | ბოსნია და ჰერცეგოვინა |
იურიდიულად ბოსნია და ჰერცეგოვინის რესპუბლიკა არსებობდა დეიტონის შეთანხმების ხელმოწერამდე. დეიტონის შეთანხმებას ხელი მოეწერა 1995 წლის 14 დეკემბერს, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკას წარმოადგენდა პრეზიდენტი ალია იზეთბეგოვიჩი, ბოსნიელ სერბებს წარმოადგენდა იუგოსლავიის ფედერაციის პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი, ბოსნიელ ხორვატებს კი ხორვატიის პრეზიდენტი ფრანიო ტუჯმანი. შეთანხმების მიხედვით მიიღეს ბოსნიის ახალი კონსტიტუცია. ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკა გაუქმდა, ხოლო სახელმწიფო ბოსნია და ჰერცეგოვინა დაიყო ორ სუბიექტად – ბოსნიის კონფედერაციად (ბოსნიელებისა და ხორვატების) და სერბთა რესპუბლიკად. ბოსნიის ომის მიმდინარეობისას ბოსნიის ორმა მსხვილმა ეთნიკურმა უმცირესობამ – ბოსნიელმა სერბებმა და ხორვატებმა – შექმნეს თავისი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები – სერბთა რესპუბლიკა და ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკა, რომლებიც აგრესიულ სეპარატისტულ მოქმედებასა და ეთნიკური წმენდის კამპანიას ეწეოდნენ მათ კონტროლქვეშ მდებარე ტერიტორიებზე. ვაშინგტონის შეთანხმების შემდეგ ბოსნიელი ხორვატები შეუერთდნენ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკას კონფედერაციულ საწყისებზე, ხოლო დეიტონის შეთანხმების შემდეგ – ბოსნიელი სერბებიც.
იუგოსლავიის დაშლა
რედაქტირებასლოვენიისა და ხორვატიის კვალდაკვალ იუგოსლავიისგან გამოყოფის მსურველები გააქტიურდნენ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკაშიც, რომელიც ეთნორელიგიურად ყველაზე ჭრელი იყო. 1991 წლის 31 მარტის აღწერით, მისი მოსახლეობის (4,4 მლნ) სამ ძირითად ჯგუფს შეადგენდნენ ბოსნიელები (მუსლიმები, 1,9 მლნ, 44%), რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ 45 რაიონში (13 მათგანში ფარდობითი, ხოლო 31–ში აბსოლუტური) სერბები (1,4 მლნ, 31%), რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ 34 რაიონში (5 ფარდობითი და 29 აბსოლუტური) და ხორვატები (752 ათ., 17%), რომლებიც უმრავლესობა იყვნენ 20 რაიონში (6 ფარდობითი და 14 აბსოლუტური). მოსახლეობის დანარჩენ 8% შეადგენდნენ სხვა ეროვნების წარმომადგენლები და ასევე იუგოსლავები (ძირითადად შერეული ქორწინების შთამომავლები).[2]
ბოსნიაში გამოიკვეთა სამი ძირითადი ძალა, რომელიც ძირითადად თავიანთი ეთნიკური ჯგუფების ინტერესებს გამოხატავდნენ – დემოკრატიული მოქმედების პარტია (ბოსნ. Stranka demokratske akcije; SDA), რომელსაც ბოსნიელი ალია იზეთბეგოვიჩი ედგა სათავეში, სერბთა დემოკრატიული პარტია (სერბ. Српска демократска Странка; СДС) რომლის ლიდერი იყო რადოვან კარაჯიჩი და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატების დემოკრატიული გაერთიანება (ხორ. Hrvatska demokratska zajednica Bosne i Hercegovine; HDZ BiH), სტეპან კლუიჩით სათავეში. სამივე ლიდერი წარსულში ანტიკომუნისტი იყო და იდევნებოდა დისიდენტობისთვის იუგოსლავიის პერიოდში, თუმცა კარაჯიჩს, ისევე როგორც ბოსნიელ სერბთა დიდ ნაწილს, სურდა იუგოსლავიის შენარჩუნება, სადაც დომინანტი სერბეთი იყო. იზეთბეგოვიჩი კი პირიქით, კატეგორიული წინააღმდეგი იყო დარჩენილიყო იუგოსლავიის ნაწილად, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ხორვატია და სლოვენია, რომლებიც მეტ–ნაკლებად აბალანსებდნენ სერბეთის გავლენას, გამოეყვნენ ფედერაციას. კლუიჩი მხარს უჭერდა იზეთბეგოვიჩის მთავრობას, თუმცა ბოსნიის ხორვატთა უმეტესობას ხორვატიასთან შეერთება სურდა, ბოსნიის ხორვატთა ამ სურვილს ასევე მხარს უჭერდა ხორვატიის ახალარჩეული პრეზიდენტი ფრანიო ტუჯმანიც.
ტუჯმანსა და ჯერ კიდევ იუგოსლავიის პრეზიდენტ მილოშევიჩს შორის 1991 წლის 25 მარტს კარაჯორჯევოს ნაკრძალში მომხდარი შეხვედრის დროს, მოხდა შეთანხმება იუგოსლავიის გადანაწილების გეგმაზე. ამ გეგმის თანახმად, სერბეთისა და ხორვატიის საზღვრები გადაიხედებოდა ეთნიკური საზღვრების გასწვრივ იმგვარად, რომ სერბებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონები ხორვატიაში სერბეთის შემადგენლობაში შევიდოდა, ხოლო ხორვატია მიიღებდა ბოსნიას მდინარე ნერეტვამდე, სადაც ძირითადად ხორვატები ცხოვრობდნენ. დანარჩენი ბოსნია სერბეთის კუთვნილება გახდებოდა. ზუსტი დეტალები უცნობია, რადგან ხრვოიე შარინიჩის, იმჟამად პრეზიდენტ ტუჯმანის მრჩევლის თქმით, პრეზიდენტები დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ განმარტოებით.[3]
დაპირისპირება ხორვატებსა და სერბებს შორის მწვავდებოდა და მალე ხორვატიის ომმა იფეთქა, რაც ბოსნიასაც გადაედო. 1991 წლის 20 სექტემბერს იუგოსლავიის სახალხო არმიამ ვუკოვარის ფრონტზე დამატებითი ძალები გადაისროლა ჩრდილო–აღმოსავლეთ ბოსნიის გავლით. ადგილობრივმა ბოსნიელებმა და ხორვატებმა ბარიკადები აღმართეს და კოლონა, რომელიც 60 ტანკისგან შედგებოდა, შეაჩერეს. ძალის გამოყენებით კოლონამ მაინც შეძლო გავლა მეორე დღეს. ხუთი დღის შემდეგ არმიის არტილერიამ დაბომბა ხორვატული სოფელი რავნო აღმოსავლეთ ბოსნიაში, რომელიც აყოვნებდა დუბროვნიკისკენ მიმავალ სამხედრო ნაწილებს.[4]
1991 ბოლოს სერბი დეპუტატები ტოვებენ ბოსნიის პარლამენტს და 1992 წლის 9 იანვარს აცხადებენ სერბთა რესპუბლიკას. მათი განცხადებით, ბოსნიელ სერბთა უმცირესობაში ყოფნა მეორე მსოფლიო ომის დროს უსტაშების მიერ განხორციელებული გენოციდის შედეგი იყო, ხოლო ისინი ამგვარი გენოციდის გამეორებას არ დაუშვებდნენ.
სერბთა პოზიციის დასაძლევად იზეთბეგოვიჩმა ბოსნიაში დანიშნა საყოველთაო რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ. რეფერენდუმი 1992 წლის 29 თებერვალსა და 1 მარტს ჩატარდა. სერბებმა მას ბოიკოტი გამოუცხადეს, მაგრამ რეფერენდუმზე ბოსნიის მოსახლეობის 64% გამოცხადდა, მათმა 93%–მა კი ხმა მისცა ბოსნიის დამოუკიდებლობას.[5]
რესპუბლიკის გამოცხადება
რედაქტირება1992 წლის 3 მარტს, ცხადდება ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.[6] ამ დროს სარაევო დაყოფილია ეთნიკური ნიშნით და მიმდინარეობს სისხლიანი დაპირისპირება – 1992 წლის 1 მარტს სერბული ქორწილის დროს მექორწილეებმა სერბული დროშით გაიარეს ბაშჩარშიას ბაზართან. შეიარაღებულმა პირებმა ისინი გააჩერეს და მოსთხოვეს დროშის ჩამოხსნა. შელაპარაკება სროლაში გადაიზარდა, რასაც ნეფის მამა, ნიკოლა გარდოვიჩი (რომელსაც დროშა ეკავა) ემსხვერპლა.[7] სერბული ცნობებით, მკვლელობა ჩაიდინეს მწვანე ბერეტების ოთხმა მებრძოლმა – მუჰამმად შვრაკიჩმა (მწვანე ბერეტების ფორმირების მეთაურის, ემინ შვრაკიჩის ვაჟი), სუად შაბანოვიჩმა, ტაიბ ტორლაკიჩმა და რამიზ დელალიჩმა.[8] მეორე დღეს სერბული ფორმირებები იკავებენ სერბულ უბნებს და აწყობენ ბლოკპოსტებს, ხოლო მათი ნაწილი ცდილობს ბოსნიის პარლამენტის შენობის ბლოკირებას, თუმცა სარაევოს ათასობით მცხოვრები ახერხებს მათ განეიტრალებას. შეტაკებებში ოთხი ადამიანი დაიღუპა.[6]
სიმბოლიკა
რედაქტირებასახელმწიფო გერბად გამოცხადდა შუა საუკუნეების ბოსნიის სამეფოს მმართველი, კათოლიკე კოტრომანიჩების დინასტიის სიმბოლიკა – ექვსი ოქროსფერი შროშანა (რომელიც ბოსნიის ენდემურ, ოქროს შროშანას (ბოსნ. Zlatni Ljiljan) ან ბოსნიურ შროშანას (ბოსნ. Bosanski Ljiljan; ლათ. Lilium bosniacum) გამოხატავს) ლურჯ ფარზე, თეთრი დიაგონალური ხაზით, რომელიც მეფე ტვტრკოს ხმლის სიმბოლოა.[9] ეს სიმბოლიკა შეირჩა, როგორც რელიგიურად ნეიტრალური და ყველა ბოსნიელისთვის მისაღები, თუმცა იგი სერბებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და 1998 წელს მათი მოთხოვნით ბოსნიისა და ჰერცეგოვინის დღევანდელი სახელმწიფო სიმბოლიკა იქნა მიღებული.[10]
კრიზისი
რედაქტირებადამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე იზეთბეგოვიჩმა მოითხოვა იუგოსლავიის არმიის ქვეყნიდან გასვლა და იქ მათ ნაცვლად გაეროს სამშვიდობო ძალების შესვლა, რადგან რესპუბლიკის დამცველი აღმოჩნდა მხოლოდ მსუბუქად შეიარაღებული ტერიტორიული თავდაცვის ძალები, რომლებსაც იუგოსლავიაზე საგარეო აგრესიის დროს პარტიზანული ბრძოლა უნდა ეწარმოებინათ, ხოლო იუგოსლავიის სახალხო არმიის მთავარი შტაბი ბელგრადში იმყოფებოდა. ისინი მხარს უჭერდნენ სერბთა გამოყოფას ბოსნიიდან სერბეთთან შეერთების მიზნით და მათ დასახმარებლად მოიმოქმედეს შემდეგი – ბოსნიაში მყოფი რეგულარული სამხედრო ნაწილები ბოსნიელი სერბებით შეავსეს, ამგვარად ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკამ მიიღო აბსოლუტური სამხედრო უპირატესობა როგორც ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიასა და ტერიტორიული თავდაცვის ძალებზე, ასევე ხორვატთა ადგილობრივ ფორმირებებზე. იარაღის ემბარგო[11], რომელიც ბოსნიას დაუწესდა, რეალურად სწორედ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიას აზარალებდა, რადგან სერბები და ხორვატები ახერხებდნენ იარაღის შემოტანას თავისი მხარდამჭერი ქვეყნებიდან – სერბეთიდან და ხორვატიიდან.
ბრძოლები და შეტაკებები მთელი ბოსნიის ტერიტორიაზე ხდებოდა. 1992 წლის 25–26 მარტს სიეკოვაცში, ხორვატიის საზღვართან მოკლეს 12 სერბი სამოქალაქო პირი, თუმცა მათი მიზანმიმართული დახოცვა არ დადასტურდა, თვითმხილველების (მათ შორის სერბების) განცხადებით, ისინი სროლაში მოყვნენ, ან იარაღს ატარებდნენ. [12]
სერბულ ფორმირებებსა და ადგილობრივებს შორის შეტაკებები მოხდა ცაპლინასთან 7 მარტს, ბოსანსკი ბროდში 15–24 მარტს და გორაჟდესთან 15 მარტს, არმიის არტილერიამ დაბომბა ნეუმი 19 მარტს, ხოლო მარტის ბოლოს სერბებმა დაიკავეს ბიელინა, სადაც სერბ მოხალისეთა გვარდიის შენაერთებმა ჩაატარეს ეთნოწმენდა – ადგილობრივი ბოსნიელები აიძულეს ქალაქი დაეტოვებინათ.[13]
ბოსნიის ომი
რედაქტირებაეთნიკურმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია აპრილის დასაწყისში. სარაევოში უკვე მოაღწია ხმებმა ბიელინაში ბოსნიელების ეთნიკური წმენდის შესახებ. ამას დაერთო 5 აპრილს ეროვნებით სერბი პოლიციელების მიერ თავდასხმა სარაევოს პოლიციის განყოფილებებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლებელზე. შეტაკებაში 2 პოლიციელი და 1 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ბოსნიის საპრეზიდენტო საბჭომ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა.[12] საღამოს სერბულმა ფორმირებებმა კვლავ აღმართეს ბლოკპოსტები და ეცადნენ მოეხდინათ ბოსნიის ხელისუფლების ბლოკირება აღმასრულებელი საბჭოს შენობაში. სარაევოს მოქალაქეები ამჯერადაც ქუჩებში გამოვიდნენ მათ შესაჩერებლად. სერბული ფორმირებები 100 ათასამდე ყველა ეროვნების სარაევოელი დემონსტრანტის პირისპირ აღმოჩნდნენ. გაიხსნა ცეცხლი, რომელმაც იმსხვერპლა ორი დემონსტრანტი სუადა დილბეროვიჩი და ოლგა სუჩიჩი, რომლებიც ემსხვერპლნენ სერბთა დემოკრატიული პარტიის შტაბბინის (რომელიც დღევანდელ სასტუმრო Hotel Holiday Sarajevo–ის შენობაში მდებარეობდა) წინ, ვრბანას ხიდზე ნასროლ ტყვიებს.[7]
დემონსტრანტებმა სასტუმრო დაიკავეს, სერბული დემოკრატიული პარტიის ოფისი დაარბიეს, დაატყვევეს ექვსი ადამიანი, რომლებიც სერბ სნაიპერებად მიიჩნიეს.[14] მოწინააღმდეგე მხარეების დასაშოშმინებლად მოქმედება დაიწყო იუგოსლავიის სახალხო არმიის 49-ე მექანიზებული ბრიგადის ნაწილებმა (იუგოსლავიის სახალხო არმიის ნაწილები ბოსნიის ტერიტორიაზე მთლიანად ბოსნიელი სერბებით იყო დაკომპლექტებული 1991 წლის ბოლოდან). მათ დაიკავეს სარაევოს აეროპორტი, ტრამვაების დეპო და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლებელი. დაბომბეს სარაევოს აღმასრულებელი საბჭოს შენობა.[15]
მეორე დღეს, 6 აპრილს, 12–მა ევროპულმა ქვეყანამ გამოაცხადა, რომ ისინი აპირებდნენ ეცნოთ ბოსნიის დამოუკიდებლობა. 7 აპრილს ბოსნიის დამოუკიდებლობა ცნო აშშ–მ.[6] ამის შემდეგ ომმა მთელი ბოსნიის ტერიტორიაზე იფეთქა – სერბები ფედერალური არმიის ნაწილების დახმარებით ზედიზედ იკავებდნენ იმ ქალაქებს, სადაც სერბები არა მხოლოდ უმრავლესობას, არამედ მნიშვნელოვან უმცირესობას შეადგენდნენ. მათ დაიკავეს თითქმის მთელი აღმოსავლეთ ბოსნია სარაევოს, ჟეპისა და გორაჟდეს ანკლავების გამოკლებით (სადაც თავი მოიყარეს მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოდევნილმა ბოსნიელებმა), ხოლო დასავლეთ ბოსნია ბიჰაჩისა და ველიკა კლადუშას რაიონების გარდა.
ხორვატული სეპარატიზმი
რედაქტირებაბოსნიის ხორვატები, თუმცა მხარს უჭერდნენ ბოსნიელების დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას, მალე აღმოჩნდნენ სერბების აბსოლუტური რიცხობრივ-ტექნიკური უპირატესობის წინაშე.ამიტომ მათმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა კარაჯორჯევოს შეთანხმების თანახმად ემოქმედათ. უპირველეს ყოვლისა, ხორვატიის მთავრობის ზეწოლის ქვეშ ხორვატთა დემოკრატიული გაერთიანების ლიდერობიდან გადააყენეს სტეპან კლუიჩი და მის ნაცვლად აირჩიეს მათე ბობანი. 1992 წლის 6 მაისს სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი რადოვან კარაჯიჩი და ბობანი ხვდებიან ერთმანეთს გრაცში, სადაც თანხმდებიან გაიყონ ბოსნია და ჰერცეგოვინა. ხორვატულ და სერბულ ნაწილებს შორის რჩებოდა მცირე ბუფერი, რომელსაც "ალიას საფაშო" უწოდეს. შეთანხმების მიხედვით, ბოსნიელების კონცენტრაცია აქ უნდა მომხდარიყო მას შემდეგ, რაც სერბები და ხორვატები თავის ტერიტორიებს გაწმენდდნენ მათგან.[16] შეხვედრაზე ბობანმა განაცხადა: სერბები ჩვენი ძმები არიან ქრისტეში, ხოლო მუსლიმები კი – არაფერი! გარდა იმისა რომ ასწლეულების განმავლობაში აუპატიურებდნენ ჩვენს დედებსა და დებს! კარაჯიჩმა კვერი დაუკრა მას და განაცხადა: ხორვატებსა და სერბებს გასაყოფი არაფერი აქვთ, 1918 წლამდე ჩვენ არასდროს გვქონია კონფლიქტი. როდესაც ჩვენი ტერიტორიების გამიჯვნა მოხდება, ჩვენ აღარასდროს გვექნება კონფლიქტი. [17]
შეთანხმებამ ორად გაყო ბოსნიის ხორვატები – ნაწილი მხარს უჭერდა ბოსნიის ერთობას, ხოლო ნაწილი ემხრობოდა გრაცის შეთანხმებას. ბოსნიის ერთობის მომხრეთა ლიდერები: ბლაჟ კრალევიჩი, სტეპან კლუიჩი, ტომისლავ დრეტარი ბობანმა მიზანში ამოიღო. 1992 წლის 9 აგვისტოს მისმა მომხრეებმა მოლაპარაკების საფარქვეშ მოიწვიეს ბლაჟ კრალევიჩი და გზაში მოკლეს, მისი ორგანიზაცია ხორვატთა თავდაცვის ძალები დაიშალა, მისი მეომრების ნაწილი ბოსნიის არმიას შეუერთდა, ნაწილი კი – ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს[18]. დრეტარი რამდენიმე მკვლელობის მცდელობას გადაურჩა და შეუერთდა ბოსნიელების ბიჰაჩის გარნიზონს. კლუიჩი სარაევოში იმყოფებოდა და მასზე თავდასხმის ორგანიზება ბობანის ხალხმა ვერ მოახერხა. [19]
ხორვატები თანდათანობით გადავიდნენ იგივე ტაქტიკაზე, რაზეც სერბები. 1992 წლის ოქტომბერში ხორვატები თავს დაესხნენ ქალაქ პროზორს, გადაწვეს ბოსნიელთა სახლები და აიძულეს ბოსნიელები დაეტოვებინათ იგი, რასაც შემდეგ მოჰყვა ლაშვას ხეობის ეთნიკური წმენდა და სრულმასშტაბიანი დაპირისპირება ხორვატებსა და ბოსნიელებს შორის სამხრეთ ბოსნიაში.[20][21]
ამგვარად, თუმცა რესპუბლიკა აცხადებდა სუვერენიტეტს ყოფილი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის სოციალისტური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, რეალურად იგი აკონტროლებდა მისი ტერიტორიის დაახლოებით 20%-ს, როდესაც სერბები აკონტროლებდნენ 70%-ს, ხოლო ხორვატები – 10%-ს.
ვაშინგტონის შეთანხმება
რედაქტირება1994 წლის 18 მარტს ვაშინგტონსა და ვენაში ხელმოწერილი იქნა შეთანხმება ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკასა და ჰერცეგ–ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკას შორის. შეთანხმებას ხელს აწერდნენ ჰარის სილაიჯიჩი ბოსნიის რესპუბლიკის მხრივ, კრეშიმირ ზუბაკი ჰერცეგ–ბოსნიის მხრივ და მათე გრანიჩი ხორვატიის მხრივ. ეს შეთანხმება ასრულებდა ომს ბოსნიის ხორვატებსა და ბოსნიელებს შორის, ქმნიდა ფედერაციას, რომელიც ათ კანტონად იყო დაყოფილი. ჰერცეგ–ბოსნია, რომელიც არაღიარებულ წარმონაქმნს წარმოადგენდა, ნებაყოფლობით შედიოდა ბოსნიის რესპუბლიკის შემადგენლობაში. ამ შეთანხმებამ დაასრულა ხორვატებსა და ბოსნიელებს შორის ომი სამხრეთ ბოსნიაში.[22]
დეიტონის შეთანხმება
რედაქტირება1995 წლის 30 აგვისტოს, სერბთა რესპუბლიკის არმიის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების – გაეროს უსაფრთხო ზონების სტატუსის დარღვევა, სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა, ბოსნიის არასაფრენი სტატუსის დარღვევა და სხვ. – გამო ნატომ, გაეროს ნებართვით, დაიწყო საჰაერო დარტყმები სერბთა რესპუბლიკის წინააღმდეგ. დარტყმებში 400–მდე თვითმფრინავი მონაწილეობდა. გადასატანი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსით სერბებმა ჩამოაგდეს ფრანგული Mirage 2000D, ორივე პილოტმა მოასწრო კატაპულტირება და ისინი სერბებმა დაატყვევეს. [23] 1 სექტემბერს საჰაერო დარტყმები შეწყდა. გაერომ და ნატომ სერბებს წაუყენეს ულტიმატუმი, 4 სექტემბრამდე დაეწყო მძიმე შეიარაღების სრული გაყვანა სარაევოს გარშემო მაღლობებიდან, მოეხსნათ სარაევოს ბლოკადა და შეეწყვიტათ თავდასხმები გაეროს უსაფრთხო ზონებზე. სერბებმა ულტიმატუმი არ მიიღეს და დარტყმები 5 სექტემბერს განახლდა. დაბომბვები 14 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. სერბები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, განადგურდა მათი სამხედრო–სამრეწველო კომპლექსისა და საჭურველის მარაგის დიდი ნაწილი, ამას დაერთო ბოსნიელებისა და ხორვატების საერთო შეტევითი ოპერაციები როგორც კრაინის, ისე დასავლეთ ბოსნიისა და ოზრენის შვერილის ტერიტორიაზე. სერბები დათანხმდნენ გაეროს პირობებს, ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და დაიწყეს მოლაპარაკება ბოსნიის მომავალ სტატუსზე.[24]
12 ოქტომბრის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები, რომლებიც დასრულდა 21 ნოემბერს. ამ მოლაპარაკებების შედეგად გამოიკვეთა სამივე ეთნიკური ჯგუფისთვის მეტ–ნაკლებად მისაღები ვარიანტი ბოსნიის მომავალი მოწყობისა. ამის საფუძველზე შედგა შეთანხმების ვარიანტი. ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკა გაუქმდა. მის ნაცვლად შეიქმნა ორი წარმონაქმნი – სერბთა რესპუბლიკა და ბოსნიურ–ხორვატული ფედერაცია. სახელმწიფოს ეწოდა ბოსნია და ჰერცეგოვინა.[25] ბოსნიის ომი დასრულდა და დაიწყო სამშვიდობო პროცესი.
ომის შედეგად კოლოსალური ზარალი განიცადა რესპუბლიკის დემოგრაფიამ, ინფრასტრუქტურამ და ეკონომიკამ. მას 100 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 2 მილიონამდე ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა.[26]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ CONSTITUTION OF BOSNIA AND HERZEGOVINA. The Constitutional Court of Bosnia and Herzegovina. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-28. ციტირების თარიღი: 2015-05-01.
- ↑ Становништво према националној припадности и површина насеља
- ↑ WITNESS: HRVOJE SARINIC; ICTY; Thursday, 22 January 2004
- ↑ Sabrina P. Ramet, The Three Yugoslavias: State-building and Legitimation, 1918-2005, Indiana University Press, 2006, ISBN 9780253346568.
- ↑ REPORT: THE REFERENDUM ON INDEPENDENCE IN BOSNIA-HERZEGOVINA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-22. ციტირების თარიღი: 2015-05-01.
- ↑ 6.0 6.1 6.2 Malcolm, Noel (1996). Bosnia: A Short History. New York University Press. ISBN 0-8147-5561-5.
- ↑ 7.0 7.1 Robert J. Donia, Sarajevo: A Biography, University of Michigan Press, 2006, ISBN 9780472115570.
- ↑ KRVAVA SVADBA: Zločin kojim je pre 21 godinu počeo građanski rat u BiH!
- ↑ Lilium bosniacum is a lily native to Bosnia and Herzegovina
- ↑ Flag of Bosnia and Herzegovina
- ↑ UN Security Council, Resolution 713 (1991) Adopted by the Security Council at its 3009th meeting, on 25 September 1991, 25 September 1991, S/RES/713 (1991)
- ↑ 12.0 12.1 Nizich, Ivana (1993). War crimes in Bosnia-Hercegovina. ISBN 1-56432-083-9.
- ↑ MOMČILO KRAJIŠNIK; JUDGEMENT.
- ↑ Очерки военной истории конфликта в Югославии (1991-1995)
- ↑ STANISLAV GALIĆ JUDGEMENT
- ↑ Warring Factions Agree on Plan to Divide up Former Yugoslavia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-10. ციტირების თარიღი: 2015-05-01.
- ↑ Rusmir Mahmutćehajić, The Denial of Bosnia, Penn State Press, 2000, ISBN 9780271038575.
- ↑ RAT U RATU (HRVATSKO-MUSLIMANSKI SUKOB)
- ↑ Klip, André; Sluiter, Göran (2001) Annotated leading cases of international criminal tribunals. Hart Publishing, გვ. 348. ISBN 90-5095-375-1.
- ↑ Secret recordings link dead dictator to Bosnia crimes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-15. ციტირების თარიღი: 2015-05-01.
- ↑ Tudjman tapes reveal plans to divide Bosnia and hide war crimes
- ↑ Washington Agreement
- ↑ Shot-down French pilots 'held captive' დაარქივებული 2015-07-14 საიტზე Wayback Machine. The Independent, 19 September 1995
- ↑ The Balkans; Chronology; UNPROFOR
- ↑ Dayton Accords
- ↑ Rezultati istraživanja "Ljudski gubici '91-'95". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-04. ციტირების თარიღი: 2015-05-01.