ბოსნიელები (ბოსნ. Bošnjaci), ან მუსლიმები (ბოსნ. Muslimani) — ერი, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის უმსხვილესი ეთნიკური ჯგუფი. ასევე ბოსნიელები ისტორიულად ცხოვრობენ მიმდებარე სანჯაყის რეგიონში, ასევე ანატოლიაში – XIX საუკუნეში ოსმალეთის იმპერიის მიერ ბალკანური ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად მრავალი მუსლიმი იძულებული შეიქნა გადასახლებულიყო ოსმალეთის ტერიტორიაზე, თუმცა მათ უმრავლესობას დღეს ბოსნიური თვითშეგნება აღარ აქვს. ბოსნიის ომის მიმდინარეობისას კი ასევე მრავალი ბოსნიელი იძულებული იქნა ბოსნია და ჰერცეგოვინა დაეტოვებინა და სხვა ქვეყნებში გადასახლებულიყო.

ბოსნიელები
Bošnjaci
საერთო მოსახლეობა
2,8 – 4,6 მლნ
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ბოსნია და ჰერცეგოვინა 1 858 388[1]
თურქეთი 101 000
2 000 000 ბოსნიური წარმომავლობით[2]
ევროპის კავშირი 400 000[3]
სერბეთი 145,278[4]
მონტენეგროს დროშა მონტენეგრო 53,605[5]
ხორვატია 31,479[6]
ენები ბოსნიური ენა (სერბოხორვატულის შტოკავურ-იეკავური დიალექტი)
რელიგიები სუნიტური ისლამი[7]

ეთნონიმი

რედაქტირება

ეთნონიმი ბოსნიელი შუა საუკუნეების ბოსნიის სამეფოს გაჩენას უკავშირდება და პირველად წყაროებში მეთხუთმეტე საუკუნეში გვხვდება.[8] იგივე სახელი მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოსთვის აქტიურად გამოიყენებოდა ბოსნიის მცხოვრებთა აღსანიშნავად.[9] იგივეს აღნიშნავს ევლია ჩელებიც.

ეთნოგენეზი და ისტორია

რედაქტირება

ბოსნიის ტერიტორიაზე სლავები მეშვიდე საუკუნიდან გამოჩნდნენ. მათ მოახდინეს ადგილობრივი მოსახლეობის ასიმილაცია და ბოსნიის ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები შექმნეს. ამას დაერთო კირილესა და მეთოდეს მოღვაწეობაც, რომლებმაც აღმოსავლეთ ბოსნიაში ქრისტიანობა გაავრცელეს. ამის შემდეგ სხვადასხვა მეზობელი სახელმწიფოები მუდმივად ცდილობდნენ თავისი გავლენის გავრცელებას ბოსნიაზე, რაშიც მათ ხელს უწყობდა ბოსნიური ეკლესიის კავშირი ბოგომილებთან. ბოგომილობა ერესად იყო მიჩნეული და მისი მიმდევრები ორივე ოფიციალური ქრისტიანული ეკლესიის მიერ სასტიკად იდევნებოდნენ, თუმცა მათი რიცხვი მთიან ბოსნიაში საკმაოდ ბევრი იყო, რადგან ვერც რომაული, რომლებმაც მკვიდრად მოიკიდეს ფეხი ხორვატიასა და დალმაციაში, და ვერც ბიზანტიური მისიები, რომლებმაც მოაქციეს ბულგარეთი და სერბეთი, ბოსნიის ტერიტორიაზე ვერ აღწევდნენ.[10]
XV საუკუნიდან ბოსნია ოსმალეთის იმპერიის მფლობელობაში ხვდება. ბოგომილები, რომლებიც საკმაოდ ბევრ საერთოს ნახულობენ ისლამთან, ოსმალეთის მილეთის სისტემით წახალისებულნი აქტიურად იღებენ ისლამს. 1520-იანი წლებისთვის ბოსნიაში მოსახლეობის მესამედი უკვე მუსლიმია. ისლამიზაცია შედარებით ნელა მიდიოდა ჰერცეგოვინაში, სადაც კათოლიციზმი საკმაოდ იყო ფეხმოკიდებული. ყალიბდება ბოსნიურ–მუსლიმური ეროვნება, რომლის იდენტობის განსაზღვრა-ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა ჰუსაინ გრადაშჩევიჩის აჯანყებამ (1831-33).[11]

 
ბალკანელი მუჰაჯირები ოსმალეთში

1878 წელს ბოსნიას იკავებს ავსტრია–უნგრეთი. მრავალი მუსლიმი ტოვებს ბოსნიას და ანატოლიისკენ მიემართება. 1908 წელს ავსტრია ახდენს ბოსნიის ანექსიას, რაც სერბიასა და ჩერნოგორიაში დიდ უკმაყოფილებას იწვევს. სერბ ნაციონალისტთა აზრით, ბოსნია სერბეთის განუყოფელი ნაწილი იყო და ისევე, როგორც ნოვიპაზარის სანჯაყი, სერბეთს უნდა შეერთებოდა. სწორედ ეს იყო სარაევოს მკვლელობისა და შემდგომ, პირველი მსოფლიო ომის მიზეზი. ავსტრიული მმართველობის პერიოდში ბოსნიელებს, როგორც ცალკე ეთნოსს, პირველად ცნობენ და მათგან ელიტურ სამხედრო ნაწილებს აკომპლექტებენ,[12] რომლებმაც ყველა შენაერთზე მეტი მედალის მიღება მოახერხეს პირველი მსოფლიო ომის პერიოდში.[13]
პირველი მსოფლიო ომისა და ავსტრია–უნგრეთის დაშლის შემდეგ, მისი სამხრეთ სლავური მიწებიდან იქმნება სლოვენების, ხორვატების და სერბების სახელმწიფო, რომელიც 1918 წლის 1 დეკემბერს უერთდება სერბეთს და ქმნის სლოვენების, ხორვატებისა და სერბების სამეფოს. ბოსნიელთა ეთნოსი უგულებელყოფილია და ბოსნიელებს ეძლევათ არჩევანი თავი ამ სამი ეთნოსიდან რომელიმეს მიაკუთვნონ. (ეს პრაქტიკა კომუნისტური იუგოსლავიის პერიოდშიც გაგრძელდა)[14] იდენტობა უფრო და უფრო რელიგიურისკენ იწევა, ბოსნიელი მუსლიმები ქმნიან იუგოსლავიის მუსლიმთა ორგანიზაციას (ბოსნ. Jugoslovenska Muslimanska Organizacija), რომელიც იბრძვის ბოსნიის ავტონომიისთვის და შესაბამისად, ბოსნიელთა, როგორც ეთნოსის, სახელმწიფომქმნელი სტატუსისთვის.
იუგოსლავიის ოკუპაციის შემდეგ ბოსნია ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნაწილი ხდება. უსტაშების რეჟიმის ანტი-სერბულ კამპანიას მოჰყვა სერბებს შორის ჩეტნიკური მოძრაობების გაჩენა, რომლებიც საპასუხოდ ყველა არასერბს სდევნიდნენ, მათ შორის ბოსნიელებსაც. ამ მიზეზის გამო მრავალი ბოსნიელი (რომლებსაც უსტაშები ხორვატ მუსლიმებად თვლიდნენ) უერთდება უსტაშების ფორმირებებს და მონაწილეობს სერბების დევნაში, თუმცა ბოსნიელთა სასულიერო წრეები უარყოფითად ეკიდებიან ამ საქმეს. 1941 წლის 14 აგვისტოს ბოსნიელ მუსლიმ სწავლულთა ორგანიზაცია "ალ–ჰიდაია" (ბოსნ. El-Hidaje) იღებს გადაწყვეტილებას, რომელშიც ისინი მოუწოდებენ მუსლიმებს არ მიიღონ მონაწილეობა სერბების, იუდეველებისა და ბოშების დევნასა და ხოცვაში. ამ გადაწყვეტილებას იღებენ მუსლიმთა სასულიერო საბჭოები ქალაქებში: პრიედორი (1941 წლის 23 სექტემბერს), სარაევო (1941 წლის 12 ოქტომბერს), მოსტარი (1941 წლის 21 ოქტომბერს), ბანია ლუკა (1941 წლის 12 ნოემბერს), ბიელინა (1941 წლის 2 დეკემბერს), ტუზლა (1941 წლის 11 დეკემბერს) და ზენიცა (1942 წლის 26 მაისს).[15] მიუხედავად უსტაშების რეჟიმის მცდელობისა, ეიძულებინათ ამ გადაწყვეტილების მიმღებნი უარეყოთ ის და ამისთვის ორჯერ გაგზავნეს სპეციალური წარმომადგენლები (იოზო დუმანჯიჩი და მოგვიანებით ჯაფერ–ბეგ კულენოვიჩი, ხორვატიის მუსლიმი ვიცე–პრეზიდენტი), ბოსნიელებმა ეს გადაწყვეტილება არ უარყვეს.[16] მეორე მხრივ, ბოსნიელებისგან ყალიბდება სს დივიზია, ხოლო მეორე დივიზიის ჩამოყალიბება ვეღარ მოესწრო.[17]
მეორე მსოფლიო ომის დროს მრავალი ბოსნიელი იბრძოდა კომუნისტი პარტიზანების მხარდამხარ, მათ შორის ჯემალ ბიედიჩი, ჰამდია პოზდერაცი, ბრანკო მიკულიჩი, რეუფ სელმანაღიჩი და სხვ. იოსიპ ბროზ ტიტოს კომუნისტური მმართველობის პერიოდში სწორედ მათ შემოიტანეს კულტურული მუსლიმის ცნება და 1971 წლის იუგოსლავიის კონსტიტუციაში შემადგენელ ერებს შორის გაჩნდა მუსლიმი. იმჟამინდელი ბოსნიის პრეზიდენტის, ჰამდია პოზდერაცის თქმით: მათ უარი გვითხრეს ბოსნიელობაზე, მაგრამ შემოგვთავაზეს ვიყოთ მუსლიმები. ეს არ არის სწორი ტერმინი, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.[14]
იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ბოსნია სისხლიანმა ბოსნიის ომმა მოიცვა. ამ ომში ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკას ბოსნიელ სერბთა და ხორვატთა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები – სერბთა რესპუბლიკა და ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკა, რომელთაც სერბეთი (იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის სახით) და ხორვატია უჭერდნენ მხარს – დაუპირისპირდნენ. ომმა ოთხი წელი გასტანა და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მთელ ტერიტორიას შეეხო, ბოსნიელი სამოქალაქო პირები მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებული ეთნიკური წმენდებისა[18] და გენოციდის სამიზნე გახდნენ.[19] ომის შედეგად ბოსნიური დიასპორა გაჩნდა დასავლეთ ევროპაში, ამერიკასა და ავსტრალიაში.

 
მუჰამმად ჰევაი უსკუფის მიერ შედგენილი ბოსნიურ-თურქული ლექსიკონი. ბოსნიური სიტყვები ჩაწერილია არებიცით.

ბოსნიელები საუბრობენ ენაზე, რომელსაც ოფიციალურად ბოსნიური ენა ეწოდება, თუმცა რეალურად სერბოხორვატულის ერთ-ერთი შტოს – შტოკავურის იეკავური დიალექტია, თუმცა დატვირთულია ნასესხობებით თურქულიდან, სპარსულიდან და არაბულიდან.
განსხვავებით სერბებისა და ხორვატებისგან, ოსმალურ და შედარებით პასიურად – გვიანდელ პერიოდშიც ბოსნიელები იყენებდნენ არაბული ანბანის მოდიფიკაციას სერბოხორვატული ენისთვისარებიცას. ბოსნიის ავსტრია-უნგრული ოკუპაციის შემდეგ არებიცას სტანდარტიზაცია მოახდინა ჯამალუდდინ ჩაუშევიჩმა, ბოსნიელები ცდილობდნენ ის სერბოხორვატულის ლათინურ და კირილიცასთან ერთად ექციათ ერთ–ერთ ოფიციალურ ფორმად, მაგრამ მათი რიცხვის სიმცირისა და არაბული დამწერლობის სირთულის გამო ეს ვერ მოახერხეს. არებიცაზე წიგნი 64 წლიანი წყვეტის შემდეგ 2005 წელს გამოიცა.[20]

 
ფერხად-ფაშას მეჩეთი (ფერხადია) ბანია-ლუკაში, რომელიც 1579 წელს აიგო და 1993 წლის 6 მაისს სერბებმა ააფეთქეს.

ბოსნიელები ტრადიციულად თავს აკუთვნებიან სუნიტური ისლამის ჰანაფი მაზჰაბს, რომელიც სახელმწიფო რელიგიას წარმოადგენდა ოსმალეთში, თუმცა ოსმალეთის პერიოდშივე გავრცელებული იყო მრავალი სუფი სწავლება და სექტა.
მეთექვსმეტე საუკუნეში ბოსნიელმა დერვიშმა, ჰამზა ორლოვიჩმა დააარსა სინკრეტული სწავლება, რომელშიც ქრისტიანობის, ისლამისა და ბოგომილობის ელემენტები შეიტანა. ეს სწავლება ჰამზავიას ტარიყას სახელით გახდა ცნობილი და საკმაოდ დიდი გავრცელებაც ჰპოვა ბოსნიაში, ვიდრე ოსმალებმა არ შენიშნეს ამ სექტის არსებობა და ჰამზა სტამბოლში დაიბარეს. 1573 წლის 6 ივნისს დიდმა ვეზირმა, ბოსნიური წარმოშობის მეჰმედმა საიდუმლოდ მოაკვლევინა ჰამზა, რომელიც 1579 წლის 11 ოქტომბერს მოკლა დერვიშმა, რომელიც გადმოცემით ჰამზას მიურიდი ყოფილა. (თუმცა სხვადასხვა გადმოცემები ასევე დერვიშის ფსიქიკურ ავადმყოფობაზე, სასახლის კარის ინტრიგებზე და მსგავს ვერსიებზეც საუბრობენ)
კომუნისტურ პერიოდში ბოსნიელები ეთნონიმად დაადგინეს მუსლიმი. ამგვარად, ოფიციალურად ათეისტი ან სხვა რელიგიის მიმდევარი ეთნიკური ბოსნიელები ეროვნებად მუსლიმს უთითებდნენ ვიდრე 90იან წლებამდე, როდესაც იუგოსლავია დაიშალა და ეთნონიმი ბოსნიელი დაბრუნდა ოფიციალურ დოკუმენტებში. კომუნისტურ პერიოდში რელიგიური პრაქტიკის სიმცირემ ბოსნიელთა დიდი ნაწილის სეკულარული ცხოვრების წესის ჩამოყალიბება განაპირობა, რაც ბოსნიის ომის შემდეგ შეიცვალა. უცხოეთიდან ბოსნიელების დასახმარებლად ჩამოსულმა მუჯაჰიდებმა ჩამოიტანეს შედარებით აქტიური და პრაქტიკული ისლამის ფორმა – სალაფიზმი. მუჯაჰიდთა დიდი ნაწილი სალაფიტი იყო, ხოლო ისინი ელიტურ ფორმირებად განიხილებოდნენ ბოსნიის არმიაში და ასევე აქტიურად ეწეოდნენ ქადაგებას. ომის დასაწყისიდანვე ბევრი არმიელი გადმოდიოდა მუჯაჰიდთა დაჯგუფებაში, ომის შემდეგ კი ისინი თავის მხრივ აგრძელებდნენ ქადაგებას.
1998 წლის გამოკითხვის თანახმად, ბოსნიელთა 78,3%მა თავი გამოაცხადა რელიგიურად.[21]

სიმბოლიკა

რედაქტირება
 
შროშანებიანი გერბი

ბოსნიელთა ეროვნული სიმბოლოა შუა საუკუნეების ბოსნიის სამეფოს მმართველი, კათოლიკე კოტრომანიჩების დინასტიის სიმბოლიკა – ექვსი ოქროსფერი შროშანა (რომელიც ბოსნიის ენდემურ, ოქროს შროშანას (ბოსნ. Zlatni Ljiljan) ან ბოსნიურ შროშანას (ბოსნ. Bosanski Ljiljan; ლათ. Lilium bosniacum) გამოხატავს) ლურჯ ფარზე, თეთრი დიაგონალური ხაზით, რომელიც მეფე ტვტრკოს ხმლის სიმბოლოა.[22] ეს სიმბოლიკა ასახული იყო ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოებში, როგორც რელიგიურად ნეიტრალური და ყველა ბოსნიელისთვის მისაღები, თუმცა იგი სერბებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და 1998 წელს მათი მოთხოვნით ბოსნიისა და ჰერცეგოვინის დღევანდელი სახელმწიფო სიმბოლიკა იქნა მიღებული.[23]

 
დროშა ნახევარმთვარით

ასევე ბოსნიური სიმბოლოა ნახევარმთვარე დროშაზე – თეთრისა და მწვანის სხვადასხვა კომბინაციებითა და განლაგებით, ზოგჯერ ვარსკვლავის დართვით. ამ დროშას იყენებდა ბოსნია ოსმალურ პერიოდში, ასევე ჰუსაინ გრადაშჩევიჩის აჯანყების დროს. ასევე აქტიურად გამოიყენებოდა ასეთი დროშები მეორე მსოფლიო ომის დროს და ბოსნიის ომის პერიოდშიც.

 
დიასპორის ემბლემა

ბოსნიური დიასპორა აქტიურად იყენებს ოდნავ სახეცვლილ შროშანებიან ემბლებას, სადაც ფარის ზედა მარჯვენა ნაწილში გამოსახულია სამი თეთრი ნახევარმთვარე მწვანე ფონზე, რაც ბოსნიელთა რელიგიურ კუთვნილებასაც უსვამს ხაზს.[24][25]

  1. CIA Fact Book. Cia.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-15. ციტირების თარიღი: 2015-05-08.
  2. Milliyet. (2008-06-06) Türkiye'deki Kürtlerin sayısı!. http://www.milliyet.com.tr.
  3. 2 DEMOGRAFIA 2006.pmd (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-25. ციტირების თარიღი: 2015-05-08.
  4. Попис становништва, домаћинстава и станова 2011. у Републици Србији: НАЦИОНАЛНА ПРИПАДНОСТ (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-08. ციტირების თარიღი: 2015-05-08.
  5. Popis stanovništva, domaćinstava i stanova u Crnoj Gori 2011. godine (July 12, 2011).
  6. Popis stanovništva, kućanstava i stanova 2011. godine (July 12, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 25, 2014. ციტირების თარიღი: მაისი 8, 2015.
  7. Bagherzadeh, Alireza (2001). "L’ingérence iranienne en Bosnie-Herzégovine," in Xavier Bougarel and Nathalie Clayer, eds., Le Nouvel Islam balkanique. Paris, გვ. 397–428. 
  8. Pål Kolstø (2005). Myths and boundaries in south-eastern Europe. Hurst & Co.. 
  9. (September 2005) „Bosniak“, Oxford English Dictionary, 3rd, Oxford University Press. ISBN 0198611862. 
  10. Pinson, Mark (1994). The Muslims of Bosnia-Herzegovina: Their Historic Development from the Middle Ages to the Dissolution of Yugoslavia. Harvard University Press. ISBN 0-932885-09-8. 
  11. Malcolm, Noel (1994). Bosnia: A short history New York University Press. ISBN 0-8147-5520-8.
  12. Neumayer, Christoh. The Emperor's Bosniaks. 
  13. Wheatcroft, Andrew. The Enemy at the Gate: Habsburgs, Ottomans and the Battle for Europe, p. 264. 
  14. 14.0 14.1 Banac, Ivo (1988). The National Question in Yugoslavia: Origins, History, Politics. Cornell University Press, გვ. 376. ISBN 0-8014-9493-1. 
  15. Ulema u odbrani života i čovjeka. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-21. ციტირების თარიღი: 2015-05-08.
  16. Muhamed Hadzijahic, Muslimanske rezolucije iz 1941. godine; 241
  17. Lepre, George (1997). Himmler's Bosnian Division: The Waffen-SS Handschar Division 1943–1945. Schiffer Publishing. ISBN 0-7643-0134-9. 
  18. UNSC Resolution 780; 1992
  19. ICTY THE PROSECUTOR OF THE TRIBUNAL AGAINST RADOVAN KARADZIC & RATKO MLADIC; INDICTMENT
  20. Predgovor knjige "Epohe fonetske misli kod arapa i arebica" დაარქივებული 2015-12-08 საიტზე Wayback Machine. ; Aldin Asim Mustafić; 27 04 2013.
  21. Velikonja, Mitja (2003) Religious separation and political intolerance in Bosnia-Herzegovina. Texas A&M University Press, გვ. 365. ISBN 1585442267. ციტირების თარიღი: 6 January 2011. 
  22. Lilium bosniacum is a lily native to Bosnia and Herzegovina
  23. Flag of Bosnia and Herzegovina
  24. 11. maj – Dan bošnjačke nacionalne zastave. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-23. ციტირების თარიღი: 2015-05-08.
  25. Bošnjaci u Sandžaku obilježili Dan zastave