მე-13 სამთო სს დივიზია ხანჯარი (1 ხორვატული)

(გადამისამართდა გვერდიდან 13-ე სამთო სს დივიზია ხანჯარი (1 ხორვატული))

მე-13 სამთო სს დივიზია „ხანჯარი“ (1 ხორვატული) (გერმ. 13. Waffen-Gebirgs-Division der SS „Handschar“ (kroatische Nr. 1); ბოსნ. 13. SS oružana brdska divizija „Handžar“ (hrvatska br. 1); ხორ. 13. SS oružana gorska divizija „Handschar“ (hrvatska br. 1)) ვაფენ-სს სამთო დივიზია, რომელიც მონაწილეობას იღებდა როგორც იუგოსლავიის ტერიტორიაზე პარტიზანების საწინააღმდეგო მოქმედებებში, ასევე დასავლეთ უნგრეთში, ტბა ბალატონთან გერმანულ კონტრშეტევაში საბჭოთა არმიაზე.
დივიზიას სახელი ეწოდა მოკლე ხმლის მიხედვით, რომელიც ბოსნიაში ოსმალებმა შეიტანეს და რომელსაც ადგილობრივები ხანჯარს ეძახდნენ (ბოსნ. , ხორ. Handžar; სერბ. Ханџар; არაბ. , ოსმ. خنجر; ხანჯალი). დივიზიის მეომრების დიდ ნაწილს ბოსნიელები (რომლებსაც უსტაშები მუსლიმ ხორვატებად განიხილავდნენ) შეადგენდნენ, ამიტომაც მისი მებრძოლები ფესს ატარებდნენ, დივიზიის საკვები რაციონიდან ამოღებული იყო ღორის ხორცი, მათ მიეცათ საშუალება შეესრულებინათ ხუთჯერადი ლოცვა. დივიზიის ყოველ ბატალიონში იყო იმამი, გარდა კავშირგაბმულობის ბატალიონისა, რომელიც გერმანელებით იყო დაკომპლექტებული.
დივიზია მონაწილეობდა ხორვატთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში, მათ შორის სერბების, ებრაელებისა და ბოშების დეპორტაციებსა და მასობრივ განადგურებაში.

მე-13 სამთო სს დივიზია (1 ხორვატული)

დივიზიის ლოგო
აქტიური 1943-1945
ქვეყანა მესამე რაიხი

ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფო

შემადგენლობა ბოსნიელები

ხორვატები
ალბანელები

ტიპი სამთო ქვეითი
როლი კონტრპარტიზანული
ნაწილი სს
მეტსახელი ხანჯარი (ბოსნ. Handžar;
გერმ. Handshar)
დევიზი ხანჯალო, დასცხე!
ბოსნ. Handžaru udaraj!
ფერები      სს

     სს სამთო ნაწილები

ბრძოლები მეორე მსოფლიო ომი
დაიშალა 1945
მეთაურები
ცნობილი
მეთაურები
კარლ გუსტავ ზაუბერცვაიგი
დეზიდერიუს ჰამპელი
განმასხვავებელი ნიშნები
საიდენტიფიკაციო
სიმბოლო

იუგოსლავიის ოკუპაცია

რედაქტირება

1941 წლის 6 აპრილს გერმანიამ და მისმა მოკავშირე ქვეყნებმა დაბომბეს იუგოსლავია, 8 აპრილს იწყება სახმელეთო ოპერაცია. 12 აპრილს გერმანელები იკავებენ ბელგრადს. 14 აპრილს გერმანია და მისი მოკავშირეები უარყოფენ იუგოსლავიის საზავო ინიციატივას და ითხოვენ კაპიტულაციას. 18 აპრილს იუგოსლავიის მთავრობამ ხელი მოაწერა კაპიტულაციას.[1]

 
ოკუპირებული იუგოსლავიის დაყოფა

ოკუპირებული ტერიტორია დამპყრობლებმა გაინაწილეს – ცენტრალური სლოვენია გერმანიამ შეიერთა, დალმაცია და დასავლეთ სლოვენია – იტალიამ. ბულგარეთმა მოახდინა აღმოსავლეთ მაკედონიისა და აღმოსავლეთ სერბიის ნაწილის ანექსია, ხოლო უნგრეთმა – ვოივოდინის ნაწილისა. კოსოვო და ჩერნოგორიის აღმოსავლეთი იტალიის პროტექტორატ ალბანეთს შეუერთდა. დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნა ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფო, სერბეთის ეროვნული ხსნის მთავრობა და ჩერნოგორიის სამეფო.
იუგოსლავიის ოკუპაციის შემდეგ ბოსნია ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნაწილი ხდება. ხორვატთა ლიდერი, უსტაშების პოგლავნიკი ანტე პაველიჩი, თუმცა კათოლიკე იყო, თვლიდა რომ ბოსნიელები მუსლიმი ხორვატები იყვნენ. ასევე თვლიდა ბოსნიელთა ნაწილიც, მაგალითად ადემ აღა მეშიჩი.[2] უსტაშები თავის უპირველეს მტრებად სერბებს მიიჩნევდნენ. მათ სურდათ ხორვატიის გაწმენდა სერბებისგან და სერბული გავლენისგან, რაშიც უპირველესად სერბული ეკლესია მოიაზრებოდა. კირილიცა აიკრძალა, სერბული სკოლები დაიხურა, სერბები ვალდებული იყვნენ ეტარებინათ საიდენტიფიკაციო სამკლაურები. მილე ბუდაკის, იმჟამად ხორვატიის განათლების მინისტრის აზრით, სერბების მესამედი უნდა განადგურებულიყო, მესამედი გადასახლებულიყო, ხოლო მესამედი – გაკათოლიკებულიყო.[3] ებრაელებისა და ბოშების დევნაც არანაკლებ სასტიკი მეთოდებით მიდიოდა ხორვატიაში, მაგრამ ამ უკანასკნელებს არც კომპაქტური დასახლებები ჰქონდათ და არც იმდენად მრავალრიცხოვანნი იყვნენ, რომ საპასუხო ზომები მიეღოთ.[4]
უსტაშების რეჟიმის ანტი–სერბულ კამპანიას მოჰყვა სერბებს შორის წინააღმდეგობის მოძრაობების გაჩენა, რომელთა ბირთვს ჩეტნიკები შეადგენდნენ. ისინი სერბებზე თავდასხმის საპასუხოდ ყველა არასერბს სდევნიდნენ, მათ შორის ბოსნიელებსაც. 1941 წლის 14 აგვისტოს ბოსნიელ მუსლიმ სწავლულთა ორგანიზაცია „ალ–ჰიდაია“ (ბოსნ. El-Hidaje) იღებს გადაწყვეტილებას, რომელშიც ისინი მოუწოდებენ მუსლიმებს არ მიიღონ მონაწილეობა სერბების, იუდეველებისა და ბოშების დევნასა და ხოცვაში. ამ გადაწყვეტილებას იღებენ მუსლიმთა სასულიერო საბჭოები ქალაქებში: პრიედორი (1941 წლის 23 სექტემბერს), სარაევო (1941 წლის 12 ოქტომბერს), მოსტარი (1941 წლის 21 ოქტომბერს), ბანია ლუკა (1941 წლის 12 ნოემბერს), ბიელინა (1941 წლის 2 დეკემბერს), ტუზლა (1941 წლის 11 დეკემბერს) და ზენიცა (1942 წლის 26 მაისს).[5] მიუხედავად უსტაშების რეჟიმის მცდელობისა, ეიძულებინათ ამ გადაწყვეტილების მიმღებნი უარეყოთ ის და ამისთვის ორჯერ გაგზავნეს სპეციალური წარმომადგენლები (იოზო დუმანჯიჩი და მოგვიანებით ჯაფერ–ბეგ კულენოვიჩი, ხორვატიის მუსლიმი ვიცე–პრეზიდენტი), ბოსნიელებმა ეს გადაწყვეტილება არ უარყვეს.[6]

პირველი ბოსნიური ფორმირებები

რედაქტირება

1941 წლის შემოდგომაზე ბოსნიელი ოფიცერი, ყოფილი იუგოსლავიის სამეფოს არმიის მაიორი ჰაჯიეფენდიჩი ხორვატიის მთავრობისგან ითხოვს ტუზლაში, ბოსნიელი მოსახლეობის ჩეტნიკებისგან დასაცავად შეიარაღებულ რაზმს. მას ტუზლაში განლაგებულ III ქვეითი ბატალიონის მეთაურად ნიშნავენ, რომელიც ძირითადად სლავონიელი ხორვატი ახალწვეულებისგან შედგება. ნოემბრის დასაწყისში ჩეტნიკების შეტევისას III ბატალიონი ვერ ახერხებს წინააღმდეგობის ორგანიზებას და დემორალიზებული, უწესრიგოდ იხევს უკან, ჰაჯიეფენდიჩი ახერხებს წესრიგის აღდგენას, მაგრამ ცხადია, რომ ხორვატ ახალწვეულებს არ სურთ სახლიდან მოშორებით ბრძოლა. 1941 წლის 7 დეკემბერი ჰაჯიეფენდიჩი კვლავ ეწვევა ხორვატიის თავდაცვის სამინისტროს, უხსნის სიტუაციას და ითხოვს ადგილობრივებისგან მოხალისეთა რაზმის ჩამოყალიბების ნებართვას. სლავკო კვატერნიკი, ხორვატიის თავდაცვის მინისტრი ეთანხმება მის მოთხოვნას. 1941 წლის 20 დეკემბერს ჰაჯიეფენდიჩი კრებს ტუზლისა და ასევე მისი მიმდებარე სოფლების წარმომადგენლებს და აცნობს ხორვატიის მთავრობის ნებართვას. ორ დღეში იკრიბება პირველი მოხალისეთა ასეული, რომელიც ტუზლასა და მიმდებარე სოფელ ჟივინიცეში განლაგდება, რომლებსაც პირდაპირ ემუქრებოდნენ ჩეტნიკები. ოთხ თვეში, 1942 წლის მაისში მოხალისეთა რაზმი უკვე ექვსი ბატალიონისგან შედგება, რომლებიც განლაგებულია ჩრდილოეთ ბოსნიის ქალაქებში ტუზლა, გრაჩანიცა, ბრჩკო, ბიელინა, ზვორნიკი და პურაჩიჩუ.[7]
ხორვატიის მთავრობა ოფიციალურად ცნობს ამ რაზმს, როგორც დომობრანის სპეციალურ დანაყოფს ჰაჯიეფენდიჩის ლეგიონის სახელით (ბოსნ. , ხორ. Hadžiefendićeva legija), ხოლო ჩეტნიკებსა და პარტიზანებში იგი მუსლიმთა ლეგიონის (სერბ.-ხორ. Muslimanska legija, სერბ. Муслиманска легија) სახელითაა ცნობილი.[7]

ბოსნიის ავტონომისტური მოძრაობა

რედაქტირება

ჰაჯიეფენდიჩის ლეგიონი შეიარაღებისა და წვრთნის ნაკლებობას განიცდიდა, ამიტომ მას მხოლოდ თავდაცვითი ოპერაციების განხორციელება შეეძლო, ხოლო აღმოსავლეთ ბოსნიაში ჩეტნიკების თავდასხმები ბოსნიელთა სოფლებზე გრძელდებოდა.[8] როცა ადგილობრივმა ბოსნიელმა ლიდერებმა დაინახეს, რომ ხორვატთა დამოუკიდებელი სახელმწიფო ვერ ახერხებდა, ან არ სურდა მათი დაცვა, მათ 1942 წლის ბოლოს პეტიციით მიმართეს ჰიტლერს, რომ შექმნილიყო ბოსნიური გვარდია ჰაჯიეფენდიჩის ლეგიონის საფუძველზე, რომელიც პირდაპირ გერმანიის კონტროლქვეშ იქნებოდა. პეტიცია ასევე ითხოვდა დომობრანისა და უსტაშების ბოსნიელი წევრების გადმოყვანას ბოსნიურ გვარდიაში.[9]
გერმანელებს არ სურდათ ხორვატიის დასუსტება, შესაბამისად ბოსნიური გვარდიისა და ავტონომიის იდეა უარყვეს. თუმცა ბოსნიელთა უკმაყოფილება არ გამოჰპარვია ჰიმლერს, რომელიც სიმპათიით ეკიდებოდა ისლამს, როგორც პრაქტიკულ რელიგიას.[10] მან შესთავაზა ჰიტლერს ჩამოეყალიბებინათ ბოსნიური დივიზია, რომელიც ვაფენ-სს ნაწილი გახდებოდა. ამან საშუალება მისცა გერმანელებს ბოსნიელთა უკმაყოფილება და იმედგაცრუება ხორვატიის მთავრობით თავის სასარგებლოდ გამოეყენებინათ. ხორვატიის მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბოსნიური დივიზიის ჩამოყალიბების გეგმა საბოლოოდ მიიღეს 1943 წლის თებერვალში. ჰიმლერმა არტურ ფლეპსს, მე–7 სს სამთო დივიზიის მეთაურს დაავალა ახალი, პირველი არაგერმანული სს დივიზიის ორგანიზება, ხოლო ჰაჯიეფენდიჩს დაევალა დახმარებოდა ესესელებს მოხალისეების მოძიებაში.[7][9] ჰაჯიეფენდიჩის ლეგიონის დაახლოებით ექვსი ათასი წევრი შეირჩა და მათგან ჩამოყალიბდა მე–13 სამთო სს დივიზია. როდესაც ბოსნიელებმა დაინახეს, რომ მათ უკვე არა საკუთარი სახლების დაცვა, არამედ გერმანული ინტერესებისთვის ბრძოლა უწევდათ, ჰაჯიეფენდიჩის ლეგიონში დაიწყო დეზერტირობა და პარტიზანების მხარეს გადასვლა. გერმანელებს თავად ჰაჯიეფენდიჩის ხილვაც სურდათ ამ დივიზიის ოფიცრად, მაგრამ იგი არ დათანხმდა, 1943 წლის 2 ოქტომბერს კი პარტიზანების ჩასაფრებაში მოჰყვა ტუზლასთან და მოკლეს.[7]

დივიზიის ორგანიზება

რედაქტირება

1943 წლის 18 თებერვალს ფლეპსი ჩავიდა ზაგრებში, რათა ხორვატიის მთავრობასთან მოლაპარაკებები დაეწყო. იგი შეხვდა გერმანიის წარმომადგენელს, ზიგფრიდ კაშეს და ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრს, მლადენ ლორკოვიჩს, რომელიც პოგლავნიკ პაველიჩს წარმოადგენდა. პაველიჩი თანახმა იყო ახალი სს დივიზიის შექმნაზე, მაგრამ ვაფენ სს ხელმძღვანელობასა და ხორვატიის მთავრობას სრულიად განსხვავებული იდეები ჰქონდათ მის შემადგენლობასა და კონტროლზე. ლორკოვიჩის თქმით, ახალი დივიზიის სახელი „უსტაშა“ უნდა ყოფილიყო, მისი შემადგენელი პოლკებისა კი – ბოსნა, კრაინა და უნა. მისი პირადი შემადგენლობა კი ხორვატიის მოსახლეობისგან უნდა შეკრებილიყო. ეს პაველიჩის შეშფოთებას გამოხატავდა, რომლის აზრითაც ბოსნიური დივიზია ბოსნიელთა ხორვატიისგან დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას გააძლიერებდა. კომპრომისი შედგა – დივიზიის სახელში შევიდა „ხორვატული“, ხოლო დივიზიის პირად შემადგენლობაში ხორვატებიც შევიდნენ.[9] თუმცა ფლეპსმა, ჰიმლერის დავალებისამებრ, იზრუნა ბოსნიურ დივიზიაზე და ხორვატიის მთავრობა საბოლოო ჯამში მაინც უკმაყოფილო დარჩა ახალი დივიზიის ეთნიკური შემადგენლობით.[7]
3 მარტს ფლეპსი შეხვდა კარლ ფონ კრემპლერს, იუგოსლავიელ გერმანელს, რომელსაც პირადად უნდა მოეძიებინა მოხალისეები. 20 მარტს კრემპლერი და ალია შულაკი, ხორვატიის მთავრობის წარმომადგენელი, იწყებენ მოგზაურობას ბოსნიაში მოხალისეების მოსაძებნად. 18 დღის განმავლობაში ისინი ეწვივნენ ბოსნიის 11 რაიონს. ამავე პერიოდში გერმანელები ბერლინში ქმნიან დივიზიის შტაბს, რომელსაც სათავეში უყენებენ ჰერბერტ ფონ ობერვურცერს, რომელიც მანამდე მე-6 სს სამთო დივიზიაში მსახურობდა.[7]
შულაკი და ფონ კრემპლერი მალევე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შულაკი, რომელიც ხორვატიის მთავრობას წარმოადგენდა, უკმაყოფილო იყო კრემპლერის სერბული საუბრით (კრემპლერი აღმოსავლეთ სერბეთში, ქალაქ პიროტში იყო დაბადებული) ხორვატულის ნაცვლად, მის მიერ გამოყენებული ტრადიციული ბოსნიურ–ისლამური სიმბოლიკით (მწვანე დროშებითა და ნახევარმთვარეებით) უსტაშების სიმბოლიკის ნაცვლად და ა.შ. როცა ისინი ტუზლაში მივიდნენ, ისინი შეხვდნენ ჰაჯიეფენდიჩს. 28 მარტს ჰაჯიეფენდიჩმა გააცილა კრემპლერი სარაევოში და წარადგინა ბოსნიის სულიერ წინამძღვართან, რეის–ულ–ულემა ჰაფიზ მუჰამმად ფანჯასთან. სწორედ ფანჯა იყო იმ რეზოლუციების მოთავე, რომლებიც უსტაშებს სერბების დევნისგან თავის შეკავებას ურჩევდა. ხორვატიის მთავრობამ, რომელიც მეტად შეშფოთდა ამ შეხვედრით, სასწრაფოდ მოითხოვა კრემპლერის გაწვევა, თუმცა ესესელებმა არ შეასრულეს მათი მოთხოვნა და კრემპლერმა გააგრძელა მოხალისეების შეკრება, რომელთა შორის ხორვატიის სამთავრობო ძალებიდან გაქცეული დეზერტირების იყვნენ.[7]

იერუსალიმის მუფთის ვიზიტი ბოსნიაში

რედაქტირება
 
მუჰამმად ამინ ალ-ჰუსაინი ბოსნიელ მოხალისეებთან ვიზიტისას

1943 წლის აპრილში ბოსნიაში მიიწვიეს იერუსალიმის მუფთი, მუჰამმად ამინ ალ-ჰუსაინი. მას უნდა გადაერწმუნებინა ის ბოსნიელები, რომლებიც იცავდნენ ბოსნიელი სასულიერო ელიტის უსტაშებთან თანამშრომლობის ამკრძალავ რეზოლუციებს. მუფთის აცილებდა კრემპლერი, რომელმაც თურქული ენაც იცოდა. ვიზიტისას მუფთიმ მოახერხა დაერწმუნებინა ბოსნიელები, რომ ახალ დივიზიაში სამსახურით ისინი არ არღვევდნენ უსტაშებთან სერბების წინააღმდეგ თანამშრომლობის ამკრძალავ რეზოლუციებს.[11] თუმცა იგი ითხოვდა, რომ დივიზიას ბოსნიის ფარგლები არ დაეტოვებინა და მხოლოდ ბოსნიელთა დასაცავად ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ გერმანელებს სხვა მიზნები ჰქონდათ.[7]

ხორვატი წევრები

რედაქტირება

ყველა ამ ღონისძიების მიუხედავად ვერ მოხერხდა დივიზიის სრულად ბოსნიელებით დაკომპლექტება, ამიტომ ჰიმლერმა, თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ნება დართო 2800 ხორვატი შეეყვანათ დივიზიის პირად შემადგენლობაში.[7]

ოფიცერთა შემადგენლობა

რედაქტირება

დივიზიის ოფიცრები უმეტესად გერმანელები იყვნენ როგორც საკუთრივ გერმანიიდან, ასევე იუგოსლავიიდან.[12] ბოსნიელი ოფიცერი, ჰუსაინ ბიშჩევიჩი, რომელმაც მოხალისეობის სურვილი გამოთქვა, სს ობერშტურმბანფიურერის წოდებით სათავეში ჩაუყენეს დივიზიის საჰაერო თავდაცვის ბატალიონს, თუმცა მოგვიანებით იგი გადააყენეს და მის ნაცვლად გერმანელი ოფიცერი დანიშნეს. ბოსნიელი იყო ასევე 'აბდულ–ჰალიმ მალკოჩი, რომლის ძალისხმევითაც მოხერხდა დივიზიაში შიდა ამბოხების ჩახშობა. ამ დამსახურების გამო იგი რკინის ჯვრით დაჯილდოვდა.[7]

ფორმირება და წვრთნები

რედაქტირება

დივიზია ჩამოყალიბების შემდეგ გაგზავნილი იქნა სამხრეთ საფრანგეთში, სადაც იგი განლაგდა ავერონისა და ლოზერის დეპარტამენტების ტერიტორიაზე სოფლებსა და ქალაქებში. მისი ფორმირებიდან დიდი ხნის განმავლობაში მას სახელი არ ჰქონდა და სს ხორვატ მოხალისეთა დივიზიას (გერმ. Kroatische SS-Freiwilligen-Division) ან მუსლიმების დივიზიას (გერმ. Muselmanen Division) ეძახდნენ.[13] ვაფენ სს–ს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, რომ დივიზიის ფორმირება და წვრთნა ბოსნიის ფარგლებს გარეთ მომხდარიყო, ედმუნდ გლაიზე ფონ ჰორსტენაუს რჩევის საწინააღმდეგოდ იქნა მიღებული, რომელიც ხორვატიაში გერმანიის წარმომადგენელი იყო.
9 აგვისტოს პოლკოვნიკმა კარლ–გუსტავ ზაუბერცვაიგმა გადაიბარა დივიზიის მეთაურობა ფონ ობერვურცერისგან. ზაუბერცვაიგი ვაფენ სს–ს შემადგენლობაში გადმოიყვანეს ობერფიურერის ჩინით. იგი წარმატებული ორგანიზატორი იყო, პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი, რომელშიც 18 წლისამ უკვე ასეულის მეთაურობას მიაღწია, ასევე მსახურობდა პოლკის მეთაურად ოპერაცია ბარბაროსას მიმდინარეობისას. თუმცა მან არ იცოდა თავისი ახალი ქვეშევრდომების ენა, მან მალე მოიპოვა მათი პატივისცემა.[7]

ამბოხება

რედაქტირება

1943 წლის 17 სექტემბრის ღამეს, ბოსნიელი და ხორვატი უმცროსი ოფიცრების (ფერიდ ჯანიჩის, ბოჟო ელინეკის, ნიკოლა ვუკელიჩისა და ლუტფია დიზდარევიჩის) მეთაურობით, დივიზიის საინჟინრო ბატალიონში (რომელიც ვილფრანშ-დე-რუერგში იყო განლაგებული) დაიწყო ამბოხება. აჯანყებას ჯანიჩი დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა. ივლისში მას უკვე შექმნილი ჰქონდა ანტიფაშისტური უჯრედი. ამბოხებულებმა დაიკავეს ქალაქი, დაატყვევეს გერმანელები და დახვრიტეს ხუთი ოფიცერი, მათ შორის ბატალიონის მეთაური, ობერშტურმბანფიურერი ოსკარ კირხბაუმი.[14]
ამბოხების ჩახშობა ბატალიონის იმამის, 'აბდულ–ჰალიმ მალკოჩისა და ბატალიონის ექიმის, ვილფრიდ შვაიგერის ძალისხმევით მოხერხდა. მალკოჩმა ბატალიონის პირველ ასეულს უთხრა, რომ მოატყუეს, გაათავისუფლებინა მათ დატყვევებული გერმანელები და აჯანყების მოთავეების დასაჭერად დარაზმა ისინი. შვაიგერმა იგივე მოახერხა ბატალიონის მეორე ასეულში. დიზდარევიჩი და ჯანიჩი ბრძოლაში მოკლეს, ვუკელიჩი დაატყვევეს, ხოლო ელინეკმა გაქცევა მოახერხა.[7]
ეს იყო ვაფენ სს ისტორიაში ერთადერთი ამბოხება. მიუხედავად იმისა, რომ ომის დასასრულს ვაფენ სს თითქმის მესამედი არაგერმანელებისგან შედგებოდა, მეტი ამბოხება არ მომხდარა.
ამბოხების ჩახშობის შემდეგ ჰიმლერმა დააჯილდოვა მალკოჩი და შვაიგერი მეორე ხარისხის რკინის ჯვრებით. ხუთი სხვა ჯარისკაცი ასევე დაჯილდოვდა. სხვადასხვა წყაროები სხვადასხვა ინფორმაციას გვაწვდიან ამბოხებისას დაღუპულებზე, რომელთა რიცხვი 14–დან[7] 150-მდე[15] მერყეობს. გერმანელებმა ამბოხება დააბრალეს კომუნისტების აგენტებს, რომლებიც ტიტოს ინსტრუქციის თანახმად მოქმედებდნენ. ამ ინსტრუქციის მიხედვით, პარტიზანები უნდა ჩაწერილიყვნენ საპოლიციო სამსახურებში, რათა იარაღი და უნიფორმა მიეღოთ. დაიწყო წმენდა, რომლის შედეგად 825 პირი არასანდოდ ცნეს და გერმანიაში, ტოდტის სამუშაო ბატალიონებში გაგზავნეს. მათგან 265–მა უარი თქვა სამუშაო ბატალიონში შრომაზე და ისინი ნოიენგამეს საკონცენტრაციო ბანაკში დაატყვევეს, სადაც ათეულობით მათგანი დაიღუპა.[7]
მოგვიანებით ვილფრანშ–დე–რუერგის მთავარ ქუჩას ეწოდა ხორვატთა ქუჩა (ფრანგ. Avenue des Croates; ადგილობრივებს ბოსნიელები მუსლიმ ხორვატებად წარუდგინეს), ხოლო ყოველ 17 სექტემბერს მოსახლეობა აღნიშნავს ანტიფაშისტური ამბოხების დღეს. იუგოსლავიის მთავრობამ მოითხოვა ქუჩისთვის სახელი შეეცვალათ და მისთვის იუგოსლავთა ქუჩა ეწოდებინათ, მაგრამ ფრანგებმა მოთხოვნა უარყვეს.[15]

ნოიჰამერი

რედაქტირება
 
დივიზიის მებრძოლები ნოიჰამერში ლოცვის დროს

ამბოხების შემდეგ დივიზია სილეზიაში, ნოიჰამერში გადაიყვანეს (ამჟამად სვენტოშუვი, პოლონეთი) წვრთნების დასასრულებლად. წვრთნების დასრულების შემდეგ დივიზიამ ფიცი დადო როგორც ჰიტლერის, ასევე პაველიჩის მიმართ.[9] 9 ოქტომბერს სს შტაბმა დივიზიას ოფიციალურად უწოდა მე–13 სს მოხალისეთა სამთო დივიზია (ხორვატია) (გერმ. 13. SS-Freiwillingen b.h. Gebirgs-Division (Kroatien)), მაგრამ მალევე, როგორც არაგერმანულ შენაერთს, სახელი შეუცვალეს და მე–13 სამთო სს დივიზია ხანჯარი (1 ხორვატული) (გერმ. 13. Waffen-Gebirgsdivision der SS „Handschar“ (kroat. Nr. 1)) უწოდეს.[13] დივიზიის სახელი მოკლე ხმლის მიხედვით შეირჩა, რომელიც ბოსნიაში ოსმალებმა შეიტანეს და რომელსაც ადგილობრივები ხანჯარს ეძახდნენ.[7][9]
1944 წლის 15 თებერვალს დივიზიის წვრთნები დასრულდა და ისინი ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დააბრუნეს.

კონტრპარტიზანული მოქმედებები 1944 წლის გაზაფხულზე

რედაქტირება

გერმანელთა მიერ დივიზიის ფორმირების უპირველესი მიზანი ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩრდილო–აღმოსავლეთით, სრემში (სირმია) მდებარე გერმანული დასახლებების დაცვა იყო, რომელიც მნიშვნელოვან აგროკულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. ეს უსაფრთხოების ზონა მდინარეებს – სავას, ბოსნას, დრინასა და სპრეჩას შორის მდებარე დაახლოებით 6 ათასი კვ. კმ ფართობი იყო.

ვეგვაიზერი

რედაქტირება

დივიზიამ პირველი საბრძოლო ოპერაცია განახორციელა 1944 წლის 9 მარტს. პარტიზანები ბოსუტის გარშემო ტყეებში და სავას ხეობის სოფლებში იყვნენ გამაგრებული და ზაგრებ–ბელგრადის რკინიგზის ხაზს საფრთხეს უქმნიდნენ. პარტიზანებმა თავი აარიდეს შეტაკებას და უკან დაიხიეს, თუმცა ზაუბერცვაიგის მტკიცებით, მისმა ჯარისკაცებმა 573 პარტიზანი მოკლეს და 82 დაატყვევეს.[7] დივიზიამ განურჩევლად დახოცა პარტიზანობაში ეჭვმიტანილები სერბულ სოფლებში, 200–მდე მოკლეს ბოსუტში, 352 სრემსკა რაჩაში და 70 იამენაში.[2] ოპერაცია წარმატებით დასრულდა, ბოსუტის ტყეები გაწმენდილი იქნა, თუმცა პარტიზანების ცოცხალი ძალის ძირითადი ნაწილი გადარჩა და ისინი დაბრუნდნენ ძველ ადგილებში ოპერაციის დასრულების შემდეგ.

15 მარტს დივიზიამ წამოიწყო ოპერაცია სავა. მისმა ნაწილებმა გადალახეს მდინარე სავა, რომლის სამხრეთ ნაპირსაც პარტიზანები აკონტროლებდნენ, ბრჩკოსთან და რაჩასთან. 16 მარტს 27–ე პოლკმა დაიკავა ბიელინა. 28–ე პოლკმა დაიკავა ჩელიჩი და კორაი. 17 მარტს ჩელიჩ–ლოპარეს გზას დივიზიის ნაწილები აკონტროლებდნენ. იმავე ღამით პარტიზანებმა სცადეს დაებრუნებინათ კორაი, მაგრამ მძიმე დანაკარგებით უკუიქცნენ.[7]

ოპერაცია სავას დასრულების შემდეგ ბოსნიელი პარტიზანები მასიურად ყრიდნენ იარაღს.[2] 26 მარტს დივიზიის მებრძოლებმა დაიკავეს გორნი რაჰიჩი. 12 აპრილს დაიწყო ოპერაცია ოსტერაი, რომლის მიზანი იყო მაიევიცას ქედისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გათავისუფლება. 27–ე პოლკმა დაიკავა იანა, დონა ტრნოვა და მიაღწია უგლევიკის მაღაროებს, რომელიც დიდ მნიშვნელობას ატარებდა გერმანული სამხედრო მანქანისთვის. 28–ე პოლკმა დაიკავა სრებრნიკი, გრადაჩაცი და შეხვდა ხორვატიის 1 სამთო ბრიგადას. ოპერაცია წარმატებით დასრულდა მინიმალური დანაკარგებით.
ოსტერაის დასრულების შემდეგ 28–ე პოლკი, რომელშიც საკმაოდ დიდი რაოდენობით იყვნენ ალბანელები, დივიზიიდან მოხსნეს და გადაიყვანეს პრიშტინაში, სადაც მის საფუძველზე სკანდერბეგის დივიზია ჩამოყალიბდა.[7]

მაიბაუმი

რედაქტირება

ოპერაცია მაიბაუმის მიზანი იყო მესამე პარტიზანული კორპუსის განადგურება. ოპერაციაში საკმაოდ დიდი ძალები იყვნენ ჩართული როგორც გერმანიის, ისე ხორვატების მხრიდან. ხანჯარის მიზანი იყო ზვორნიკისა და ტუზლას დაკავება, შემდეგ კი დრინას გასწვრივ თავდაცვითი ზოლის შექმნა, რომ პარტიზანებს გადმოსვლა ვეღარ მოეხერხებინათ. ოპერაციის მსვლელობისას დივიზიას უსაფრთხოების ზონის გარეთ, სპრეჩას სამხრეთით უწევდა მოქმედება.
ოპერაცია 23 აპრილს დაიწყო. 28–ე პოლკი გაემართა ტუზლასკენ, ხოლო 27–ე პოლკი ზვორნიკისკენ. 28–ე პოლკმა 27 აპრილს დაიკავეს კლადანი, 28 აპრილსვლასენიცა. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა შეკოვიცისთან, რომლის აღება მხოლოდ ორდღიანი ბრძოლის შემდეგ მოხერხდა.
30 აპრილს 27–ე პოლკმა დაიკავა ნოვა კასაბა დრინაზე, სადაც შეხვდა სს 7-ე დივიზიის ნაწილებს. 6 მაისს ოპერაცია დასრულდა და დივიზიის ნაწილები დაბრუნდნენ უსაფრთხოების ზონაში. მესამე პარტიზანულმა კორპუსმა მძიმე დანაკარგები განიცადა. მისი შენაერთები დრინას დასავლეთით თითქმის მთლიანად განადგურდა ან დაიფანტა.[7]

მაიგლეკხენი

რედაქტირება

17–18 მაისს დივიზიამ მაიევიცა–ტუზლას მხარის ჩეტნიკების რაზმთან ერთად, რომლებსაც რადივოი კეროვიჩი სარდლობდა, ჩაატარა ოპერაცია მაიგლეკხენი რეგიონში რამდენიმე პარტიზანული შენაერთის გასანადგურებლად. პარტიზანები სპრეჩას გადაღმა განდევნეს და მომწყვდეულები არტილერიით დაამუშავეს. პარტიზანებმა მეორე ღამით მოახერხეს ალყიდან თავის დაღწევა, თუმცა მძიმე დანაკარგების ფასად.[7]

თანამშრომლობა ადგილობრივ ძალებთან

რედაქტირება

დივიზია თანამშრომლობდა ადგილობრივ ფორმირებებთან, მათ შორის ჩეტნიკებთან, ნეშად თოფჩიჩის მწვანე კადრებთან (ბოსნ. Zeleni kadar), უსტაშებსა და ხორვატიის დომობრანთან. მიუხედავად თანამშრომლობისა, ყოველი ეს ფორმირება, ისევე როგორც პარტიზანები, ფარულად მოუწოდებდნენ დივიზიის წევრებს მიეტოვებინათ დივიზია და მათ შეერთებოდნენ. თუმცა ეს მოწოდებები მეტწილად უნაყოფოდ სრულდებოდა.

კონტრპარტიზანული ოპერაციები ზაფხულში

რედაქტირება

ფოლმონდი

რედაქტირება

ოპერაცია რესელსპრუნგის შემდეგ, როდესაც გერმანელებმა სცადეს ტიტოს მოკვლა, ტიტომ გასცა ბრძანება საერთო აჯანყების დაწყებისა. აჯანყების ზონაში მოექცა ხანჯარის უსაფრთხოების ზონაც. როდესაც ზვორნიკ–ტუზლას გზაზე დივიზიის სადაზვერვო ნაწილებმა შენიშნეს პარტიზანების მოძრაობა, მათ განალაგეს 28–ე პოლკის ერთი ბატალიონი ლოპარესთან, რომელიც იცავდა საარტილერიო პოლკის ორ ბატარეას.
7 ივნისს პარტიზანებმა აღმატებული ძალებით დაამარცხეს პირველი ბატალიონი და თავს დაესხნენ საარტილერიო ბატარეებს, დაძლიეს მათი წინააღმდეგობა და არტილერისტები ტყეში გაიფანტნენ. 9 ივნისს მეორე ბატალიონმა კონტრშეტევით დაიბრუნა პოზიციები, მაგრამ პარტიზანებმა უკანდახევამდე გაანადგურეს ქვემეხები და ტრანსპორტი. საერთო კონტრშეტევა დაიწყო და 12 ივნისს პარტიზანები სპრეჩას გადაღმა განდევნეს. დივიზიამ მძიმე დანაკარგები განიცადა – 205 მოკლული, 528 დაჭრილი და 89 დაკარგული. თუმცა დივიზიის ხელმძღვანელობამ 3000 მოკლული პარტიზანის შესახებ განაცხადა, პარტიზანების რეალური დანაკარგი ბევრად მცირე იყო. მათი მონაცემებით დასავლეთ ფრთამ განიცადა დანაკარგი 58 მოკლულის, 198 დაჭრილისა და 29 დაკარგულის ოდენობით,[16] ცენტრმა – 12 მოკლული, 19 დაჭრილი და 17 დაკარგული,[17] ხოლო აღმოსავლეთ ფრთამ 72 მოკლული, 142 დაჭრილი და 9 დაკარგული.[18]

ფლიგენფანგერი

რედაქტირება

1944 წლის 14 ივლისს დივიზიას დაევალა ოსმაცის მახლობლად არსებული საველე აეროდრომის დაკავება, რომელსაც პარტიზანები იყენებდნენ ტვირთების მისაღებად. იგი ერთი კვირის განმავლობაში ფუნქციონირებდა უსაფრთხოების ზონაში.[19] ჩეტნიკებთან ერთად ოსმაცის მიმართულებით მოქმედებდა 27–ე პოლკის ორი ბატალიონი. ერთდღიანი ბრძოლების შემდეგ პარტიზანებმა დახმარება მიიღეს და 17 ივლისის ღამით მოკავშირეთა ავიაციამ კვლავ მოახერხა საჭურველის ჩამოტანა და დაჭრილების ევაკუაცია. რის შემდეგაც პარტიზანებმა სრებრენიცასკენ დაიხიეს და დატოვეს აეროდრომი.[20]

ჰაიდეროზე

რედაქტირება

მეორე სატანკო არმიის შტაბმა დაგეგმა ოპერაცია როზე, რომლის თანახმადაც აღმოსავლეთ ბოსნიაში მყოფი პარტიზანების ბლოკირება უნდა მომხდარიყო იმგვარად, რომ მათ დრინის გადალახვა და სერბეთში მყოფ პარტიზანებთან შეერთება ვერ მოეხერხებინათ, მაგრამ ოპერაციის განხორციელება ვერ მოხერხდა რადგან საკმარისი ძალები არ აღმოჩნდა. ამიტომ 17 ივლისიდან 23 ივლისამდე ხანჯარის დივიზია მოქმედებდა დივიზიის მეთაურ ჰამპელის მიერ დაგეგმილ ოპერაცია ჰაიდეროზეს მიხედვით, სპრეჩას სამხრეთით, შეკოვიჩის მიმართულებაზე პარტიზანების წინააღმდეგ. 19 ივლისს ოპერაციაში ჩაერთო სს მეშვიდე დივიზია და ჩეტნიკების ბატალიონი. ერთკვირიანი ბრძოლების შედეგად დივიზიამ დასახული ამოცანები შეასრულა, დაიკავა ჟივინიცეს, შეკოვიჩისა და ვლასენიცას მხარეები აღმოსავლეთ ბოსნიაში. პარტიზანებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს, მოკლული იქნა 900–ზე მეტი პარტიზანი, დივიზიამ ხელში ჩაიგდო ერთი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი, ორი ნაღმმტყორცნი, 22 ტყვიამფრქვევი, 80 შაშხანა და ნახევარ მილიონამდე ვაზნა. დივიზიის დანაკარგმა შეადგინა 24 მოკლული და 150–ზე მეტი დაჭრილი.[7] პარტიზანების მძიმე დანაკარგს თავად პარტიზანული წყაროებიც იტყობინებოდნენ,[17] თუმცა მათი შეტყობინებების თანახმად დივიზიის დანაკარგი უფრო მეტი იყო.[16]

ჰაკფლაიში

რედაქტირება

აგვისტოს დასაწყისში მეორე სატანკო არმია მზად იყო აღმოსავლეთ ბოსნიაში პარტიზანების ძალები ბლოკირებისათვის. ხანჯარსა და მეშვიდე სს დივიზიას დაევალათ ამ ოპერაციისას ქალაქებს – კლადანს, ვლასენიცას, სოკოლაცსა და ოლოვოს შორის არსებული ტერიტორიის პარტიზანებისგან გაწმენდა. 8 აგვისტოს ოპერაცია დასრულდა, 227 პარტიზანი მოკლეს და 50 დაატყვევეს. პარტიზანების გარშემორტყმა ვერ მოხერხდა და მათმა ნაწილმა გორაჟდესკენ, ნაწილმა კი სერბეთისკენ დაიხიეს უკან. ამ ოპერაციამ პარტიზანების ძალების სერბეთში გადასვლა დააყოვნა.[8] პარტიზანების დევნისთვის 28–ე პოლკის პირველი და მესამე ბატალიონები დროებით მეშვიდე დივიზიის განკარგულებაში გადავიდა 17 აგვისტომდე. აგვისტოს ბოლომდე დივიზიას მძიმე ბრძოლები უწევდა პარტიზანებთან თავად უსაფრთხოების ზონაშიც.
სექტემბრის დასაწყისში დივიზიის საბრძოლო სულისკვეთება დაეცა. პარტიზანები, უსტაშები და ჩეტნიკები დივიზიაში ავრცელებდნენ ხმებს გერმანიის მდგომარეობის უიმედობის შესახებ.[7]

ბოლო ბრძოლები პარტიზანებთან

რედაქტირება

სექტემბრის დასაწყისში დივიზია უსაფრთხოების ზონაში დაბრუნდა, რასაც პარტიზანების შეტევის განახლება მოჰყვა. ისინი უტევდნენ დივიზიის ნაწილებს სრებრნიკში და მატკოვაცში. პარტიზანების შეტევას დაერთო ჩეტნიკების თავდასხმები მომარაგების აღალზე, რომლებიც ხედავდნენ გერმანიის მძიმე მდგომარეობას და თავის გადარჩენაზე ზრუნავდნენ. ამას დაერთო მოკავშირეებისა და პარტიზანების მიერ განხორციელებული ოპერაცია რათვიქი, რომლის დროსაც ისინი ბალკანეთში სატრანსპორტო კვანძებსა და ინფრასტრუქტურას დაესხნენ თავს. ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჯარისკაცებს შორის მასობრივი დეზერტირობის შემთხვევები დაიწყო, ხოლო მოკავშირეებმა დაბომბეს სარაევო–ბროდის რკინიგზა, საიდანაც მარაგდებოდა დივიზია.
დივიზიამ უსაფრთხოების ზონის დასავლეთში გადაინაცვლა, მათ დაიკავეს სლატნა და მეჯეჯა, ჩეტნიკებთან ერთად კი – სკურგიჩი. ამ პოზიციებზე ხორვატული ძალები განთავსდნენ, დივიზია კი დასასვენებლად ბრჩკოში გადავიდა. უსაფრთხოების ზონის სამხრეთიდან დივიზიის გასვლის შემდეგ პარტიზანებმა სწრაფად დაიკავეს იგი, შუა სექტემბრისთვის ისინი უკვე აკონტროლებდნენ ზვორნიკსა და ტუზლას.[7]

დეზერტირობა

რედაქტირება

1944 წლის 17 აგვისტოს ტიტომ გამოაცხადა საერთო ამნისტია კოლაბორაციონისტებზე. სექტემბრის დასაწყისში დივიზია მიატოვა 2000–მდე მეომარმა, რომლებიც სხვადასხვა რაზმებს შეუერთდნენ – უმეტესობა მწვანე კადრებს, ნაწილი კი უსტაშებს შეუერთდა. 700–მდე მათგანი მესამე პარტიზანული კორპუსის მხარეს გადავიდა.
დეზერტირების დიდი რიცხვის გამო ზაუბერცვაიგი, რომელიც სს მეცხრე სამთო კორპუსის სარდალი იყო, მოითხოვდა ბოსნიელების განიარაღებას როგორც ხანჯარის, ასევე ყამას დივიზიიდან. მაგრამ ამის წინააღმდეგ ჰიმლერი გამოვიდა, მან ყამას დივიზიის შემადგენლობის 2000 წევრი გაგზავნა უნგრეთიდან ბოსნიაში და ხანჯარის დივიზიას შეუერთა.

შემდგომი საბრძოლო გზა

რედაქტირება

3 ოქტომბერს პარტიზანები თავს დაესხნენ დივიზიის მზვერავებს იანასთან. მძიმე ბრძოლების შემდეგ, მზვერავების ალყიდან გამოყვანა მოხერხდა, მაგრამ პარტიზანები ამჯერად იანას გარნიზონს დაესხნენ თავს. ბრძოლამ ერთი დღე გასტანა და პარტიზანებმა სამხრეთით დაიხიეს, მაგრამ მთლიანობაში ოპერაცია წარუმატებლად შეფასდა, რადგან პარტიზანებმა ძალები შეინარჩუნეს და დრინა გადალახეს. საარმიო ჯგუფმა F დივიზიის საბრძოლო სულისკვეთებასა და საერთო მდგომარეობას მინიმალური შეფასება მისცა.
რამდენიმე დღის შემდეგ ვუკოსავცისთან 28–ე პოლკის მეცხრე ბატალიონმა პარტიზანების კოლონა გაანადგურა. ბატალიონის მეთაური ჰანს კენიგი ოქროს გერმანული ჯვრით დაჯილდოვდა.[7]

ხორვატია

რედაქტირება

დივიზიის რამდენიმე ნაწილი, ძირითადად საარტილერიო პოლკები, მეორე სატანკო არმიის განკარგულებაში გადავიდა, რომლებიც სერბეთის ტერიტორიაზე საბჭოთა არმიას ებრძოდნენ. 28–ე პოლკი და 27–ე პოლკის პირველი ბატალიონი ბრჩკოში დარჩა, დანარჩენები კი ჩრდილოეთ ხორვატიაში გადაიყვანეს რკინიგზისა და საავტომობილო გზების დასაცავად. გადაადგილების ძირითადი მიზეზი ხშირი დეზერტირობა იყო,[9] მაგრამ ამ ქმედებამ სიტუაცია უფრო დაამძიმა – ბოსნიელებს ბოსნიის დატოვება არ სურდათ, ამიტომ 16 ოქტომბერს, როცა გადაადგილება დაიწყო, დეზერტირობამ მასიური სახე მიიღო. ბევრი მებრძოლი იარაღიანად ტოვებდა დივიზიას და პარტიზანებს უერთდებოდა. ორაშეს გარნიზონის 700 წევრი იარაღიანად პარტიზანების მხარეს გადავიდა.[2]

არასაიმედოთა განიარაღება

რედაქტირება

20 ოქტომბერს საბჭოთა არმიამ და პარტიზანებმა დაიკავეს ბელგრადი. მეორე დღეს დივიზიის იმამმა, 'აბდულლაჰ მუჰასილოვიჩმა დივიზია მიატოვა და ბოსნიაში დაბრუნდა, მას ბევრი მებრძოლი გაჰყვა. 25 ოქტომბერს ჰიმლერი დათანხმდა განეიარაღებინათ არასაიმედო ბოსნიელები. 1000–მდე მებრძოლი ბრჩკოსთან დარჩენილი და 2300 მებრძოლი ჩრდილო ხორვატიაში მყოფი ნაწილებიდან განაიარაღეს და მუშათა ბატალიონებში გაანაწილეს. ნოემბრის დასაწყისში დივიზია უკვე ნახევრად გერმანული იყო (იანვარში იგი 95% არაგერმანელებისგან შედგებოდა). დივიზიის რეორგანიზაცია და შევსება აღარ მომხდარა.[7]

ბრძოლა საბჭოთა არმიასთან

რედაქტირება

10 ნოემბერს დივიზიის ნაწილები პირველად ჩართეს საბჭოთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში აპატინთან, სადაც მათ დუნაიზე პლაცდარმი ჰქონდათ. 14 ნოემბერს საბჭოთა არმიამ დაიკავა მეორე პლაცდარმი ბატინასთან. დივიზიის ნაწილები, რომლებიც ბრჩკოსთან რჩებოდნენ, სასწრაფოდ ხორვატიაში გადმოისროლეს. 25 ნოემბერს დივიზიამ ზაგრებთან დაიხია, ხოლო 29 ნოემბერს უნგრეთში, შიკლოშთან.
2 დეკემბერს ბარჩში დივიზია განლაგდა ბარჩში. მიუხედავად ოქტომბერში განიარაღებული ბოსნიელების დაბრუნებისა, დეზერტირობისა და დანაკარგების გამო მას სხვადასხვა გერმანული და უნგრული ნაწილები შეუერთეს, ასე რომ მას მეორე სატანკო არმიის სხვა ნაწილებისგან ბევრი აღარაფერი ანსხვავებდა.
დივიზია მონაწილეობდა ტბა ბალატონის სამხრეთით თავდაცვითი პოზიციების გამაგრებაში. 1944 დასასრულსა და 1945 დასაწყისში მათ მოიგერიეს საბჭოთა არმიის რამდენიმე შეტევა, ხოლო 1945 წლის მარტში მონაწილეობდა ოპერაცია ფრულინგზერვახენში, რომელიც გერმანიის შეიარაღებული ძალების ბოლო შეტევითი ოპერაცია იყო. 16 მარტს გერმანული შეტევა წარუმატებლად დასრულდა, ხოლო საბჭოთა კონტრშეტევის დროს მათ გვერდი აუარეს ბარჩს და გააგრძელეს შეტევა ვენისკენ. დივიზიამ საბჭოთა ფლანგს დაარტყა ჰერესნიესთან, ეს მისი უკანასკნელი შეტევითი მოქმედება იყო.
29 მარტს საბჭოთა და ბულგარულმა ნაწილებმა მთლიანი ფრონტით წამოიწყეს შეტევა და გააარღვიეს გერმანული თავდაცვა ნადიბაიომთან. ხანჯარის დივიზიას ნადიბაიომის სამხრეთით ეკავა პოზიცია და დაიწყო ჩრდილო–დასავლეთით უკან დახევა მდინარე მურასკენ. გამუდმებული საჰაერო და სახმელეთო დარტყმების ქვეშ მყოფმა დივიზიამ მოახერხა მურას გადალახვა მძიმე დანაკარგების ფასად. 6 აპრილს დივიზია რაიხის მიერ ანექსირებულ სლოვენიის ტერიტორიაზე შევიდა.[7]

დანებება

რედაქტირება

დივიზია განლაგდა პეტაუსთან არსებულ რაიხის თავდაცვის ხაზზე, სადაც ისინი დარჩნენ 5 მაისამდე. 8 მაისს სარდლობამ დივიზიას უბრძანა დაეხიათ ვოლფსბერგისკენ. ამ ბრძანების გამოცხადების შემდეგ, 28–ე პოლკის იმამები გამოცხადდნენ ჰანს ჰანკესთან და მოითხოვეს, რომ ისინი და მათი თანამებრძოლები გაეთავისუფლებინათ სამხედრო სამსახურიდან და მიეცათ მათთვის საშუალება, ეცადათ სამშობლოში დაბრუნება. მალევე, ყველა ბოსნიელს, რომელიც დარჩენილი იყო დივიზიაში, მიეცა საშუალება გადაეწყვიტა დაბრუნებულიყო სამშობლოში ან დარჩენილიყო.[7] ისინი, ვინც დაბრუნება გადაწყვიტა პარტიზანების მიერ დატყვევებული აღმოჩნდა და მათ შორის მრავალი დახვრიტეს, მათ შორის 1 400 კაციანი კოლონა.[21]
უკანდახევა ვოლფსბერგისკენ 11 მაისამდე გრძელდებოდა. 12 მაისს ჰამპელმა გადაწყვიტა ბრიტანულ არმიას დანებებოდა სანქტ-ფაიტ-ან-დერ-გლანთან. 15 მაისს დივიზიის დატყვევებული წევრები რიმინის ტყვეთა ბანაკში გადაიყვანეს. დივიზიის ზოგიერთი წევრი 18 მაისამდე იმალებოდა და ცდილობდა ტყვედ დანებებამდე სისხლის ჯგუფის აღმნიშვნელი სვირინგები წაეშალა, რომელიც სს წევრობის უტყუარი საბუთი იყო.

ომის შემდეგ

რედაქტირება
 
დივიზიის წევრები ეცნობიან გერმანულ პროპაგანდისტულ ბროშურას ისლამი და იუდაიზმი

დივიზიის წევრებმა აღმოსავლეთ ბოსნიის კონტრპარტიზანული ოპერაციების დროს მოიპოვეს როგორც მამაცების, ისევე დაუნდობლების რეპუტაცია,[22] არა მხოლოდ ბრძოლის[9], არამედ სამოქალაქო პირებთან დამოკიდებულების გამოც, რასაც მრავალი სამოქალაქო პირი შეეწირა მათი მოქმედების ზონებში.[23][24]
დივიზიის წევრები ექსტრადირებული იქნენ იუგოსლავიის მოთხოვნით ომის შემდეგ. მათმა ნაწილმა, მათ შორის ზაუბერცვაიგმა და ჰანს კენიგმა, თავი მოიკლეს. იმამი 'აბდულ–ჰალიმ მალკოჩი 1947 წლის 7 მარტს ჩამოახრჩვეს ბიჰაჩში. ექსტრადირებულების სასამართლო 1947 წლის 22 აგვისტოდან 30 აგვისტომდე მიმდინარეობდა სარაევოში. სასამართლო ბრალს სდებდა დივიზიას 5 ათასზე მეტი ადამიანის მკვლელობაში, თუმცა 38 განსასჯელიდან მხოლოდ შვიდს წაუყენეს კონკრეტული ბრალდება. ბრალდებულებს სამ–სამი ადვოკატი იცავდა – ორი სამოქალაქო და ერთი სამხედრო, თუმცა ყველა დამნაშავედ ცნეს. ათ უმცროს ოფიცერს სიკვდილით დასჯა მიესაჯა, დანარჩენებს კი სხვადასხვა სასჯელი 5 წლიდან უვადო პატიმრობამდე.
1952 წელს ისინი უპირობოდ გაათავისუფლეს. დივიზიის ბოლო მეთაური, დეზიდერიუს ჰამპელი, რომელმაც ფალინგბოსტელის ტყვეთა ბანაკიდან გაქცევა მოახერხა, სიცოცხლის ბოლომდე გრაცში ცხოვრობდა.[7]

მეთაურები

რედაქტირება

დივიზიის ორგანიზებასა და წვრთნას მეთაურობდნენ შემდეგი ოფიცრები:
სს გრუპენფიურერი არტურ ფლეპსი (1943 წლის 13 თებერვალს დაევალა დივიზიის ორგანიზება)
სს შტანდარტენფიურერი ჰერბერტ ფონ ობვურცერი (9 მარტი 19431 აგვისტო 1943)
დივიზიის წვრთნის ბოლოს ეტაპებსა და პირველ საბრძოლო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა სს ბრიგადენფიურერი კარლ გუსტავ ზაუბერცვაიგი (1 აგვისტო 19431 ივნისი 1944)
დივიზიას დანებებამდე მეთაურობდა სს ბრიგადენფიურერი დეზიდერიუს ჰამპელი (1 ივნისი 194412 მაისი 1945)

ორგანიზაცია

რედაქტირება

დივიზიაში შედიოდა შემდეგი შენაერთები:

  • 27–ე სამთო მსროლელი პოლკი სს (1 ხორვატული)
  • 28–ე სამთო მსროლელი პოლკი სს (2 ხორვატული)
  • მე–13 სს სამთო საარტილერიო პოლკი
  • მე–13 სს სამთო სადაზვერვო ბატალიონი
  • მე–13 სს ტანკსაწინაღო ბატალიონი
  • მე–13 სს სამთო საინჟინრო ბატალიონი
  • მე–13 სს სამთო კავშირგაბმულობის ბატალიონი
  • მე–13 სს სადივიზიო მომარაგების ბატალიონი
  • მე–13 სს ლოგისტიკის ბატალიონი (1944 წლის 24 სექტემბრიდან შეუერთდა მომარაგების ბატალიონს)
  • მე–13 სს სანიტარული ბატალიონი
  • მე–13 სს სარეზერვო ბატალიონი

უნიფორმა

რედაქტირება
 
ხანჯარის მებრძოლები საველე უნიფორმაში

ხანჯარის დივიზიის უნიფორმა იყო ჩვეულებრივი სს საველე ქურთუკი M43, რომლის სადივიზიო ეპოლეტზე გამოსახული იყო ხელი ხმლით და სვასტიკა.[25] მარცხენა მკლავზე ქურთუკს ჰქონდა ხორვატული ფარი (წითელი და თეთრი კვადრატები), ხოლო მარჯვენა მკლავზე ედელვაისი. აღსანიშნავია, რომ ხორვატული ფარი ბოსნიაში დაბრუნებისას ბევრმა დივიზიის წევრმა მოხსნა თავის ქურთუკს, მათ შორის იმამებმა.
თავსაბურავად ატარებდნენ სს საველე ფესს M43, რომლის ტარება ყველასთვის სავალდებულო იყო, გარდა გერმანელი ოფიცრებისა, რომლებსაც შეეძლოთ სამთო ქუდის (გერმ. Bergmütze) ტარება. ფესი ჰიმლერმა შეარჩია, რადგან მას ავსტრია–უნგრეთის ბოსნიური ქვეითი ჯარი ატარებდა, ისევე როგორც ავსტრია–უნგრეთის ალბანური ლეგიონი. ფესი ორნაირი იყო – საველე ნაცრისფერი და საპარადო წითელი. ფესზეც და სამთო ქუდებზეც გამოსახული იყო სს არწივი და თავის ქალა გადაჯვარედინებული ძვლებით. სამთო ქუდს ასევე ჰქონდა ედელვაისის გამოსახულება მარცხენა გვერდზე.[13][7]

  1. Müller-Hillebrand, Burkhart [1953] (1986). The German Campaigns in the Balkans (Spring 1941): A Model of Crisis Planning. Washington, D.C.: United States Army Center of Military History. CMH Pub 104-4. ციტირების თარიღი: 2015-02-23.  დაარქივებული 2009-06-19 საიტზე Wayback Machine.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Hoare, Marko Attila (Feb 1, 2014). Bosnian Muslims in the Second World War. Oxford University Press. ISBN 978-0-19-936543-2. 
  3. Judah, Tim (2000). The Serbs: History, Myth and the Destruction of Yugoslavia, 2nd, New Haven, Connecticut: Yale University Press. ISBN 978-0-300-08507-5. 
  4. Ramet, Sabrina P. (2006). The Three Yugoslavias: State-Building and Legitimation, 1918–2005. New York: Indiana University Press. ISBN 0-253-34656-8. 
  5. Ulema u odbrani života i čovjeka. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-21. ციტირების თარიღი: 2015-02-23.
  6. Muslimanske rezolucije 1941 Muhamed Hadzijahic; pp. 241
  7. 7.00 7.01 7.02 7.03 7.04 7.05 7.06 7.07 7.08 7.09 7.10 7.11 7.12 7.13 7.14 7.15 7.16 7.17 7.18 7.19 7.20 7.21 7.22 7.23 7.24 7.25 7.26 7.27 7.28 Lepre, George (1997). Himmler's Bosnian Division: The Waffen-SS Handschar Division 1943–1945. Schiffer Publishing. ISBN 0-7643-0134-9. 
  8. 8.0 8.1 Tomasevich, Jozo (1975). War and Revolution in Yugoslavia, 1941–1945: The Chetniks. San Francisco: Stanford University Press. ISBN 0-8047-0857-6. 
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 9.6 Tomasevich, Jozo (2001). War and Revolution in Yugoslavia, 1941–1945: Occupation and Collaboration. San Francisco: Stanford University Press. ISBN 0-8047-3615-4. 
  10. Heinrich Himmler's Adoration of Islam[მკვდარი ბმული] FrontPageMag; June 08, 2009
  11. Israeli, Raphael (2013). The Death Camps of Croatia: Visions and Revisions, 1941-1945. New Brunswick, New Jersey: Transaction Publishers. ISBN 978-1-4128-4975-3. 
  12. Pavlowitch, Stevan K. (2007). Hitler's New Disorder: The Second World War in Yugoslavia. New York: Columbia University Press. ISBN 1-85065-895-1. 
  13. 13.0 13.1 13.2 Stein, George H. (1984). The Waffen SS: Hitler's Elite Guard at War, 1939–45. Ithaca, New York: Cornell UP. ISBN 0-8014-9275-0. 
  14. Tko je oslobodio prvi grad u Zapadnoj Europi od Nijemaca. dnevnik.ba. დაარქივებულია ორიგინალიდან — 05-06-2014. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი 2015.
  15. 15.0 15.1 Cohen, Philip J. (1996). Serbia's Secret War: Propaganda and the Deceit of History. College Station, Texas: Texas A&M University Press. ISBN 0-89096-760-1. 
  16. 16.0 16.1 Grujić, Periša (1959). S̆esnaesta Vojvod̆anska divizija: borbena dejstva od formiranja do oslobođenja zemlje. Belgrade, Yugoslavia: Vojno delo. OCLC 13108684. 
  17. 17.0 17.1 Eremić Brenjo, Mirjana; Perić, Jeremija (1980) Sedamnaesta majevička NOU brigada (Serbo-Croatian). Tuzla: Univerzal. OCLC 38813639. 
  18. Panić, Radovan (1980). Treća vojvođanska NOU brigada. Belgrade, Yugoslavia: Vojnoizdavački zavod. OCLC 164089159. 
  19. (1989) Devetnaesta birčanska NOU brigada (Serbian). Belgrade, Yugoslavia: Vojnoizdavački i novinski centar. OCLC 440219838. 
  20. Đonlagić, Ahmet (1983). Dvadeset sedma divizija (Serbo-Croatian). Belgrade, Yugoslavia: Vojnoizdavački zavod. OCLC 11498201. 
  21. Böhme, Kurt W. (1962). Die deutschen Kriegsgefangenen in Jugoslawien 1941–1949, Volume 1 of 'Zur Geschichte der deutschen Kriegsgefangenen des Zweiten Weltkrieges' (German). Munich: Ernst and Werner Gieseking. OCLC 215816224. 
  22. Bishop, Chris (2007). Waffen-SS Divisions, 1939–45. London: Amber Books. ISBN 1-905704-55-0. 
  23. Williamson, Gordon (2004). The SS: Hitler's Instrument Of Terror. Saint Paul, Minnesota: Zenith Press. ISBN 0-7603-1933-2. [მკვდარი ბმული]
  24. Keegan, John (1970). Waffen SS: The Asphalt Soldiers. London: Pan/Ballantine. ISBN 978-0-345-09768-2. 
  25. Military Intelligence Division (1944-02-29). „Special Series No.21, German Mountain Warfare“. Carlisle, Pennsylvania: United States Army Military History Institute. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)[მკვდარი ბმული]