ბოსნია-ჰერცეგოვინის ქვეითი ჯარი

(გადამისამართდა გვერდიდან ბოსნია-ჰერცოგოვინის ქვეითი ჯარი)

ბოსნია-ჰერცეგოვინის ქვეითი ჯარი (გერმ. Bosnisch-hercegovinische Infanterie; ბოსნ. Bosanskohercegovačka pješadija) — ავსტრია-უნგრეთის არმიის შენაერთი, რომელიც ბოსნიელებისგან იყო დაკომპლექტებული. როგორც მუსლიმურ ნაწილსა და სამხედრო ელიტას, მათ გარკვეული პრივილეგიები და განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდათ.

ბოსნია-ჰერცეგოვინის ქვეითი ჯარი
აქტიური 1882-1918
ქვეყანა ავსტრია-უნგრეთის იმპერია
შემადგენლობა ბოსნიელები
ტიპი ქვეითი
ნაწილი ავსტრია-უნგრეთის არმია
გარნიზონი ვენა

გრაცი
ბუდაპეშტი
ტრიესტი

მეტსახელი ბოსნიელები
(გერმ. Bosniaken)
დევიზი ბოსნიელები მოდიან!
გერმ. Die Bosniaken kommen!
ფერები     
აღჭურვილობა მანლიხერი M1890
ბრძოლები პირველი მსოფლიო ომი
დაიშალა 1918
მეთაურები
ცნობილი
მეთაურები
კარლ ფონ შტეერი

შენაერთი ოთხი ქვეითი პოლკისა და ფელდეგერების ბატალიონისგან (გერმ. Feldjägerbataillon) შედგებოდა. თუმცა ორგანიზაციულად ავსტრია–უნგრეთის არმიის სხვადასხვა დანაყოფებს ექვემდებარებოდნენ, მათი დანომვრის სისტემა გამორჩეული იყო.

ბოსნიის ოკუპაცია

რედაქტირება

1878 წელს ავსტრია–უნგრეთმა ისარგებლა ოსმალეთის მძიმე მდგომარეობით და დაიკავა ბოსნია და ნოვიპაზარის სანჯაყი. თუმცა საერთაშორისო კანონებით ეს ტერიტორიები ოსმალეთს ეკუთვნოდა, ავსტრიის ხელმძღვანელობამ დაიწყო იქ თავისი კანონების გატარება და თავისი წესების შემოღება. ამას ადგილობრივი მოსახლეობა მტრულად შეხვდა და ამბოხება მოაწყო ჰერცეგოვინასა და აღმოსავლეთ ბოსნიაში. ავსტრიამ ადგილობრივ მოხალისეთაგან რაზმების ჩამოყალიბება სცადა, მაგრამ ისინი ამბოხებულების მხარეს გადადიოდნენ.[1]

სამხედრო ვალდებულების შემოღება

რედაქტირება

1881 წელს ავსტრიელებმა მიიღეს სამხედრო ვალდებულების კანონი (გერმ. Wehrgesetz), რომელიც ავალდებულებდა ყველა ბოსნიელს სამხედრო სამსახურს. ამას ბოსნიელები უკმაყოფილებით შეხვდნენ, რაც მასობრივ გამოსვლებში გადაიზარდა, რომელმაც 1881 წლის დეკემბრიდან 1882 წლის იანვრამდე გასტანა. მათ დასაშოშმინებლად სამხედრო ძალის გამოყენება გახდა საჭირო. ბოლოს კი ავსტრიელებმა სარაევოს მუფთის, მუსტაფა ჰაჯიომეროვიჩს მიმართეს. მან გამოსცა ფათვა, რომელშიც ბოსნიელებს მოუწოდა შეესრულებინათ თავიანთი ვალდებულება სამშობლოს წინაშე. ამასვე მოუწოდებდა სარაევოს ქალაქის თავი მეჰმედ–ბეგ კაპეტანოვიჩი.[2]

სამხედრო ნაწილების შექმნა

რედაქტირება

ქვეითთა პირველი ფორმირებები ჩამოყალიბდა 1882 წელს სარაევოს, ბანია-ლუკას, ტუზლასა და მოსტარის მახლობლად. თავდაპირველად ისინი თითო–თითო ასეულისგან შედგებოდნენ, მაგრამ მოხალისეთა რიცხვი იმატებდა. 1889 წელს უკვე არსებობდა რვა დამოუკიდებელი ბატალიონი. 1892 წელს დაარსდა კიდევ სამი ბატალიონი, ხოლო 1894 წელს საიმპერატორო–სამეფო სამხედრო ადმინისტრაციამ დააარსა ბოსნია–ჰერცეგოვინის ქვეით პოლკთა ასოციაცია (გერმ. Bosnisch-Hercegowinische Infanterie den Regimentsverband), რათა მათი ინტეგრაცია ავსტრიის არმიაში მომხდარიყო. 1894 წლის 1 იანვარს გამოიცა შესაბამისი უზენაესი განკარგულება, მაგრამ პრაქტიკაში განხორციელება სხვადასხვა ბიუროკრატიული მექანიზმების გამო გაიწელა 1897 წლამდე.

ფელდეგერების ბატალიონი დაარსდა 1903 წელს.

შემადგენლობა

რედაქტირება

პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ოთხივე პოლკში ირიცხებოდა 10 156 მებრძოლი (დამატებით 21 327 რეზერვისტი). ფელდეგერთა ბატალიონში იყო 434 ეგერი (1208 რეზერვისტი).[3]

პირველი მსოფლიო ომი

რედაქტირება
 
ბოსნიელი ქვეითების იმამი

ომის მსვლელობისას ბოსნია-ჰერცეგოვინის ქვეითი ჯარი მობილიზაციის ხარჯზე გააფართოვეს 35 ბატალიონამდე. ბატალიონში ნომინალურად 1 000 მებრძოლი ირიცხებოდა. მძიმე დანაკარგების გამო რეგიონალური გაწვევის სისტემა მოიშალა, ბოსნიურ პოლკებში უნგრელი, პოლონელი, ჩეხი და უკრაინელი წვევამდელები ხვდებოდნენ, ხოლო ბოსნიელებს ნომინალურად გერმანულ (ავსტრიულ) და უნგრულ ნაწილებში იწვევდნენ.[3] ამის გამო ზოგიერთი შენაერთის ეფექტურობა შემცირდა, მაგრამ ბოსნიურმა პოლკებმა შეინარჩუნეს მაღალი რეპუტაცია ომის ბოლომდე.
1916 წელს, როცა ავსტრია–უნგრეთის არმია ალბანეთის ტერიტორიაზე შეიჭრა, 5 000 ალბანელი მოხალისისგან შემდგარ შენაერთებს ბოსნიელი ოფიცრები ჩაუყენეს სათავეში.[4]

კაპიტანი გოიკომირ გლოგოვაცი ბოსნია-ჰერცეგოვინის ქვეითი ჯარიდან 1917 წელს დაჯილდოვდა მარია ტერეზიას სამხედრო ორდენით, ავსტრიის უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი, განსაკუთრებული სიმამაცისთვის. პოლკოვნიკი ჰუსაინ ბიშჩევიჩი, ბოსნია-ჰერცეგოვინის ქვეითი ჯარის ოფიცერი მოგვიანებით ხანჯარის დივიზიაში მსახურობდა. მუჰამმად ჰაჯიეფენდიჩი ასევე მსახურობდა ლეიტენანტად ბოსნია-ჰერცეგოვინის ქვეით ჯარში.[5]

უნიფორმა

რედაქტირება
 
ბოსნიელი ქვეითი საპარადო ფორმაში

ბოსნია-ჰერცეგოვინის ქვეითი ჯარი გამოირჩეოდა ავსტრიის არმიიდან თავისი უნიფორმით. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი იყო ფესი, რომელსაც საველე და საპარადო ფორმები ჰქონდა. ფესი იყო შინდისფერი, შავი ფუნჯით. ფუნჯს დახურვისას უკან იქცევდნენ.

უნიფორმა იყო ღია ლურჯი ფერის. შარვლები აღმოსავლური სტილის, ფართო მოდელის იყვნენ.

1908 წელს შემოიღეს საველე, ნაცრისფერი ფორმები და ნაცრისფერი ფესი, თუმცა ძველი ფორმა საპარადოდ შენარჩუნებული იქნა.

ომის დროს საველე ნაცრისფერი ფორმა კონტრასტულად გამოიყურებოდა გარემოს მიმართ, ამიტომ მიიღეს ახალი, საველე ხაკისფერი ფორმები. ეკონომიური მიზეზების გამო შარვლები საერთო–საჯარისო დაარიგეს. მოგვიანებით კი მომარაგების პრობლემების გამო, პოლკის ჯარისკაცებს ეცვათ როგორც ნაცრისფერი, ასევე ხაკისფერი ფორმები და ზოგჯერ საპარადო, ღია ლურჯი.[3]

თავისი არსებობის უმეტესი ხნის მანძილზე ბოსნიელი ქვეითები შეიარაღებული იყვნენ ავსტრიული სტანდარტული მანლიხერის M1890 შაშხანებით.

მემკვიდრეობა

რედაქტირება
 
ლებრინგ-სანქტ-მარგარეტენის სამხედრო სასაფლაო

1895 წელს ედუარდ ვაგნერმა დაწერა ჰიმნი "ბოსნიელები მოდიან" (გერმ. Die Bosniaken Kommen)საიმპერატორო–სამეფო ბოსნიელი ჯარისკაცების პატივსაცემად.

მეორე პოლკის მრავალი ჯარისკაცი დაიღუპა 1916 და 1917 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ იტალიაში ბრძოლების დროს. მათი საერთო საფლავი პატარა სოფელ ლებრინგ-სანქტ-მარგარეტენში მდებარეობს, გრაცთან ახლოს. გრაცში (რომლის გარნიზონში შედიოდა ბოსნიური მეორე პოლკი) არის მემორიალური დაფა და "მეორე ბოსნიურის ქუჩა" (გერმ. Zweierbosniakengasse). გორიციის ჩრდილოეთით მდებარე უღელტეხილს, რომლებსაც ბოსნიელები იცავდნენ, "ბოსნიელების უღელტეხილი" (იტალ. Passo del Bosniaco) ეწოდა. ბოსნიელი ჯარისკაცების ძეგლი დგას რომბონის მთაზე, სლოვენიაში.
1929 წლიდან ვენის არმიის ისტორიის მუზეუმში არის ბოსნიელ ვეტერანთა მემორიალური დაფა.