წმინდა ნიკოლოზი

(გადამისამართდა გვერდიდან ნიკოლოზ სასწაულმოქმედი)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „წმინდა ნიკოლოზი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. წმინდა ნიკოლოზი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

წმინდა ნიკოლოზი[] (ტრადიციის მიხედვით, დ. 15 მარტი, 2706 დეკემბერი, 343),[3][4][] — ბერძნული წარმოშობის ადრექრისტიანული პერიოდის ეპისკოპოსი ზღვისპირა ქალაქ მირადან (მცირე აზია, რომის იმპერია) (ძვ. ბერძნ. Μύρα; დღევანდელი დემრე, თურქეთი).[7][8] მის შემწეობასთან დაკავშირებული სასწაულების გამო ასევე მოიხსენიება, როგორც ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი.[] ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში ითვლება მეზღვაურების, ვაჭრების, მონანიე ქურდების, ბავშვების, ლუდის მხარშველების, მევახშეების, დაუქორწინებლებისა და მოსწავლეების მფარველ წმინდანად. მისი რეპუტაცია მორწმუნეთა შორის დროთა განმავლობაში გაიზარდა, რაც ჩვეულია ადრექრისტიანული პერიოდის წმინდანებისთვის, ხოლო მის მიერ საჩუქრების გაცემის ჩვევასთან დაკავშირებული ლეგენდები საფუძვლად დაედო სანტა კლაუსის დღევანდელ ვერსიას.

წმინდა ნიკოლოზი
Άγιος Νικόλαος

წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი. ხატი სინის (სინაის) მთის წმ. ეკატერინეს მონასტრიდან. XIII საუკუნე.
დაიბადა III საუკუნე[1]
პატარა, Lycia et Pamphylia, რომის იმპერია
გარდაიცვალა IV საუკუნე[1]
მირა, ლიკია, ძველი რომი
დასაფლავებულია ბარის წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკა
ხსენების დღე
მოღვაწეობა ადრექრისტიანული პერიოდის ეპისკოპოსი
ენა ძველი ბერძნული ენა

წმინდა ნიკოლოზის, როგორც ისტორიული ფიგურის შესახებ, ცოტა რამ არის ცნობილი. მისი ცხოვრების შესახებ ყველაზე ძველი დოკუმენტები მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგაა დაწერილი და სავარაუდოდ, ბევრ ლეგენდას შეიცავს. გადმოცემით, იგი დაიბადა ლიკიის მხარეში, ბერძნულ საპორტო ქალაქ პატარაში, მდიდარი ქრისტიანი მშობლების ოჯახში.[9]

მის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი გადმოცემის თანახმად, მან სამი გოგონა პროსტიტუციაში ჩათრევისგან გადაარჩინა იმით, რომ მათი სახლის ფანჯარაში ღამით სამჯერ ოქროთი სავსე ქისა დატოვა, რათა გოგონების მამას მათთვის მზითევის შეძენა შესძლებოდა. სხვა ადრეული გადმოცემების თანახმად, მას მიეწერება აღელვებული ზღვის დაწყნარება და სიკვდილით დასჯისგან სამი უდანაშაულო ჯარისკაცის გადარჩენა, ასევე, ახალგაზრდობაში ეგვიპტესა და პალესტინაში მოსალოცად წასვლა, რის შემდეგაც მირის ეპისკოპოსი გახდა. იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს ქრისტიანთა დევნისას იგი ციხეში ჩასვეს, საიდანაც კონსტანტინე დიდის ტახტზე ასვლის შემდეგ გათავისუფლდა.

არსებობს ნიკეის პირველი საეკლესიო კრების (325) მონაწილეთა სიის ვერსია, რომელშიც წმინდა ნიკოლოზიცაა მოხსენიებული, თუმცა, მისი სახელი არსადაა ნახსენები კრების სხვა მონაწილეთა მიერ. უფრო გვიანდელი, სავარაუდოდ, უსაფუძვლო ლეგენდების მიხედვით მას დროებით ჩამოართვეს საეპისკოპოსო პატივი და დააპატიმრეს ერეტიკოს არიანესთვის სახეში გარტყმის გამო. არსებობს კიდევ ერთი ლეგენდა იმის შესახებ, თუ როგორ აღადგინა მკვდრეთით წმინდა ნიკოლოზმა სამი ბავშვი, რომელიც შიმშილობის დროს ერთმა ყასაბმა მოკლა, დაანაწევრა და კასრში შეინახა, რათა მათი ხორცი ღორის ხორცად გაესაღებინა და გაეყიდა.

ნიკოლოზის სიკვდილიდან 200 წელიც არ იყო გასული, როცა მირაში, თეოდოსიუს II-ის ბრძანებით მისი სახელობის ეკლესია ააშენეს იმ ეკლესიის ნანგრევებზე, რომელშიც თავად მოღვაწეობდა ეპისკოპოსობის პერიოდში. მისი ნეშტიც ამ ეკლესიაში არსებულ სარკოფაგში განათავსეს.

1087 წელს მცირე აზიის ქრისტიანი მაცხოვრებლები ახალმოსულმა მუსლიმმა სელჯუკებმა დაიმორჩილეს. აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკლესიების დიდი სქიზმიდან ამ დროს ოცდაათიოდე წელი იყო გასული. იტალიელმა ვაჭრებმა ქალაქ ბარიდან ნიკოლოზის ჩონჩხის ბევრი ძვალი სარკოფაგიდან უნებართვოდ ამოიღეს და მშობლიურ ქალაქში გადაიტანეს, სადაც ისინი ამჟამადაც ინახება წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკაში. დარჩენილი ძვლები მოგვიანებით, პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, ვენეციელმა მეზღვაურებმა ვენეციის რესპუბლიკაში წაიღეს.

ბიოგრაფიული წყაროები

რედაქტირება
 
წმინდა ნიკოლოზი (უროშ პრედიჩი, 1903)

წმინდა ნიკოლოზის ცხოვრების შესახებ ისტორიული წყაროებიდან ცოტა რამის გაგება შეიძლება.[10][11] რაიმე წერილობითი წყარო, რომელიც, შესაძლოა, თავად ნიკოლოზს დაეწერა, შემორჩენილი არაა და მისი თანამედროვე არცერთი ჟამთააღმწერელი მას არ იხსენიებს.[12] ეს არაა გასაკვირი,[13] რადგანაც წმინდა ნიკოლოზი რომის ისტორიის განსაკუთრებით მღელვარე პერიოდში, დიოკლეტიანესა მმართველობის და ტეტრარქიის დროს ცხოვრობდა.[13]

გარდა ამისა, მაშინდელი ჩანაწერები პაპირუსზე ან პერგამენტზე სრულდებოდა, რომლებიც თანამედროვე ქაღალდთან შედარებით ნაკლებად გამძლეა და მათზე არსებული ტექსტები დროდადრო ხელით ახალ მასალაზე გადაწერას საჭიროებდა.[14] წმინდა ნიკოლოზზე არსებული ყველაზე ადრეული გადმოცემები მიუთითებს, რომ VI საუკუნისთვის მისი კულტი უკვე კარგად ჩამოყალიბებული იყო.[15] მისი სავარაუდო გარდაცვალებიდან 200 წლის შემდეგ იმპერატორმა თეოდოსიუს II-მ (მეფობდა 401–450 წლებში) ბრძანა მირაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია აშენება, რაც თავის მხრივ, ნიკოლოზის სახელის ადრეულ მოხსენიებას წარმოადგენს.[16] ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი გადმოგვცემს, რომ იმპერატორმა იუსტინიანე I-მა (მეფობდა 527–565 წლებში) განაახლა წმინდა ნიკოლოზის და წმინდა პრისკეს სახელობის ეკლესიები კონსტანტინოპოლში,[17][16] შესაბამისად, ეს ეკლესიები, შესაძლოა, 490 წლისთვის ყოფილიყო აშენებული.[17]

ნიკოლოზის სახელი ნიკეის კრებაზე დამსწრეთა სიაში ჩნდება სხვაგანაც. კერძოდ, ისტორიკოს თეოდორეტის მიერ 510-515 წლებში შექმნილ ნაშრომში Historiae Ecclesiasticae Tripartitae Epitome („ეკლესიის ისტორია სამ ნაწილად“), სადაც იგი მოხსენიებულია, როგორც „ნიკოლოზი ლიკიის მირადან“.[16][15] ნიკოლოზ მირელის სახით ერთადერთხელაა იგი მოხსენიებული სხვა წმინდანის, ნიკოლოზ სიონელის ბიოგრაფიაში, რომელმაც, სავარაუდოდ, სახელი სწორედ წმინდა ნიკოლოზის პატივსაცემად აირჩია.[11][18] „წმინდა ნიკოლოზ სიონელის ცხოვრება“, რომელიც ნიკოლოზ მირელის გარდაცვალებიდან დაახლოებით 250 წლის შემდეგაა დაწერილი, მოკლედ მოგვითხრობს ნიკოლოზ სიონელის მიერ წმინდა ნიკოლოზის საფლავის მოლოცვის შესახებ.[11][18][15] ჯერემი სილის აზრით, ის ფაქტი, რომ არსებობდა ნიკოლოზის საფლავი, რომლის მონახულებაც შესაძლებელი იყო, წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას, რომ იგი ნამდვილ, ისტორიულად არსებულ პიროვნებას წარმოადგენდა.[19][18]

თავის ტრაქტატში De statu animarum post mortem („სულთა მდგომარეობაზე სიკვდილის შემდეგ“, დაწერილია დაახლოებით 583 წელს) თეოლოგი ევსტრატი კონსტანტინეპოლელი ნიკოლოზ მირელის ერთ-ერთ სასწაულს მოიხმობს იმის საბუთად, რომ სულს შეუძლია სხეულისგან დამოუკიდებლად იმოქმედოს.[17] თეოლოგი წყაროდ ასახელებს დაკარგულ ნაშრომს, სახელწოდებით „წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება“. თითქმის ყველა წყარო, რომელსაც ევსტრატი ეყრდნობა, შექმნილია გვიან IV ან ადრე V საუკუნეებში, რაც მიუთითებს, რომ „წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებაც“ ამ პერიოდში უნდა ყოფილიყო დაწერილი, ანუ მისი გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ.[17] ყველაზე ადრეული ნაშრომი, რომელიც ნიკოლოზის ცხოვრებას სრულად გადმოგვცემს, არის მიქაელ არქიმანდრიტის (814–842) მიერ IX საუკუნეში, ანუ წმინდანის სავარაუდო გარდაცვალებიდან თითქმის 500 წლის შემდეგ შექმნილი „წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება“.[20]

მიუხედავად იმისა, რომ უაღრესად გვიანდელია, ითვლება, რომ მიქაელ არქიმანდრიტის „წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება“ ეყრდნობა ადრინდელ წერილობით წყაროებს და ზეპირ გადმოცემებს,[21][22] თუმცა, ამ წყაროების იდენტობა და სანდოობა გაურკვეველია.[22] კათოლიციზმის ისტორიკოსი დ. ლ. კანი და შუა საუკუნეების მკვლევარი ჩარლზ უ. ჯონსი მიიჩნევენ, რომ ეს ნაშრომი წმინდა ნიკოლოზის ცხოვრების ერთადერთი გადმოცემაა, რომელიც, სავარაუდოდ შეიცავს ისტორიულ სიმართლეს.[20] კლასიკური ანტიკურობის ჰოლანდიელი მკვლევარი, იონა ლენდერინგი აღნიშნავს, რომ მიქაელ არქიმანდრიტის „ცხოვრება“ არ შეიცავს „მოქცევის ნარატივს“, რაც იმ პერიოდში შექმნილი წმინდანთა ცხოვრების ამსახველი ნამუშევრებისთვის უჩვეულოა. ამ ფაქტზე დაყრდნობით იგი ამტკიცებს, რომ შესაძლებელია მიქაელ არქიმანდრიტი ეყრდნობოდეს წყაროს, რომელიც შეიქმნა მანამ, ვიდრე მოქცევის ნარატივები პოპულარული გახდებოდა, რაც, თავის მხრივ პოზიტიური მანიშნებელია მისი ნაშრომის სანდოობისა.[22] იგი ასევე შენიშნავს, რომ ბევრი ამბავი, რომელსაც მიაქელ არქიმანდრიტი მოგვითხრობს, საკმაოდ ჰგავს ჩვ. წ. I საუკუნის ნეოპითაგორელი ფილოსოფოსის, აპოლონიოს ტიანელის ცხოვრების დეტალებს, რომლებიც გადმოცემულია მის რვატომიან ბიოგრაფიაში სახელად „აპოლონიუს ტიანელის ცხოვრება“ (Τὰ ἐς τὸν Τυανέα Ἀπολλώνιον). ნაშრომი III საუკუნეშია შექმნილი და მისი ავტორია ბერძენი მწერალი ფილოსტრატე. ცნობილია, რომ ქრისტიანი მწერლები ხშირად ახდენდნენ ძველი, წარმართული ლეგენდების ადაპტირებას და მათ მიწერას ქრისტიან წმინდანებზე. რამდენადაც აპოლონიოსის წარმოშობის ადგილი, ტიანა, არც ისე შორსაა მირადან, ლენდერინგი ვარაუდობს, რომ მის შესახებ გავრცელებული ბევრი პოპულარული ამბავი მოგვიანებით წმინდა ნიკოლოზს მიეწერა.[22]

ცხოვრება და ლეგენდები

რედაქტირება

ოჯახი და წარმომავლობა

რედაქტირება

წმინდა ნიკოლოზის ცხოვრების სხვადასხვა გადმოცემები, ძირითადად, თანხმდება მისი წარმოშობის ძირითად დეტალებზე, თუმცა, ისტორიკოსებისთვის სადავოა, ამ დეტალების რა ნაწილი ეყრდნობა ისტორიულ ფაქტებს.[23] ტრადიციის მიხედვით, ნიკოლოზი დაიბადა მდიდარი ბერძენი ქრისტიანების ოჯახში, ლიკიის ქალაქ პატარაში, ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ საპორტო ქალაქში,[9] მცირე აზიაში, რომელიც მაშინ რომის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.[23][24][25][26][27][9] ზოგიერთი გადმოცემით, მის მშობლებს ერქვათ ეპიფანე (Ἐπιφάνιος) და იოანა (Ἰωάννα),[28] სხვების მიხედვით კი, თეოფანე (Θεοφάνης) და ნონა (Νόννα).[9] ზოგიერთი გადმოცემით, ნიკოლოზის ბიძა ქალაქ მირის ეპისკოპოსი იყო, რომელიც, ასევე, ლიკიაში მდებარეობდა და ძმისწული, რომელშიც შესაბამისი მოწოდება დაინახა, მღვდლად მანვე აკურთხა.[29]

გულმოწყალება და მოგზაურობები

რედაქტირება
 
სამი ქალწულის მზითევი (ჯენტილე და ფაბრიანო, დაახლ. 1425, ვატიკანის პინაკოთეკა, რომი)

მშობლების გარდაცვალების შემდეგ, გადმოცემის მიხედვით, ნიკოლოზმა ოჯახის სიმდიდრე გლახაკებს დაურიგა.[22][29] ყველაზე ცნობილი ამბის მიხედვით,[30] რომელიც პირველად მიქაელ არქიმანდრიტის „წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებაშია“ გადმოცემული, წმინდანმა გაიგო მორწმუნე კაცის შესახებ, რომელიც ერთ დროს მდიდარი ყოფილა, მაგრამ მთელი ქონება დაეკარგა „სატანის შურითა და მანქანებით“.[22][31] მას არ ჰქონდა საშუალება, შესაბამის სამზითვო მიეცა თავისი სამი ქალიშვილისთვის.[31][22][29][] ეს ნიშნავს, რომ ისინი გაუთხოვარი დარჩებოდნენ და სხვა სახის სამსახურის არარსებობის პირობებში, იძულებულნი გახდებოდნენ, პროსტიტუციაში ჩართულიყვნენ.[22][29][31] შეიტყო რა მათი გაჭირვების შესახებ, ნიკოლოზმა მათი დახმარება გადაწყვიტა, მაგრამ თავმდაბლობის გამო (ან კაცის ოჯახის შერცხვენისგან თავის არიდების მიზნით, რაც ქველმოქმედების ღიად მიღებას მოჰყვებოდა), მათ სახლში ღამით მივიდა და ფანჯრიდან სახლში ოქროთი სავსე ქისა შეაგდო.[22][29] მამამ დაუყოვნებლივ მოაწყო ქორწილი პირველი ქალიშვილისთვის, მისი ქორწილის შემდეგ კი ნიკოლოზმა ოქროთი სავსე მეორე ქისა დაუტოვა, კვლავ გვიან ღამით.[22][29][33]

მიქაელ არქიმანდრიტის თანახმად, მეორე ქალიშვილის ქორწინების შემდეგ მამა ორი ღამე იფხიზლა და წმინდა ნიკოლოზი ქველმოქმედების იგივე აქტის დროს გამოიჭირა, რომელიც მესამე ქალიშვილის დასახმარებლად იყო გამიზნული.[22][29][34] მამა მუხლებზე დაეცა და მადლობა გადაუხადა, თუმცა, ნიკოლოზმა მას ამ საჩუქრების შესახებ ვინმესთვის თქმა აუკრძალა.[22][29][34] ნიკოლოზის მიერ საჩუქრების საიდუმლოდ დატოვების სცენა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ქრისტიანულ მხატვრობაში და იგი ევროპის მასშტაბით ბევრ ხატსა და ფრესკაზე გვხვდება. სურათები დროისა და ადგილის მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან,[35] თუმცა, ნიკოლოზი ხშირადაა გამოსახული მოსასხამით, ხოლო გოგონები საწოლში, საღამური ტანსაცმლით. ბევრი გამოსახულება შეიცავს კვიპაროსის ხეს ან ჯვრის ფორმის გუმბათს.[35]

ამ შემთხვევის ისტორიული ჭეშმარიტება დავის საგანია.[22] ადამ ინგლიში თვლის, რომ ლეგენდაში ჭეშმარიტების მარცვალი არის, რის დასტურადაც ამბის ადრეულ წყაროებში არსებობას და იმ ფაქტს მოიხმობს, რომ მსგავსი ისტორია სხვა არცერთ ქრისტიან წმინდანთან დაკავშირებით არ გვხვდება.[36] იონა ლენდერინგი, რომელიც ასევე იზიარებს ამბის ისტორიულ ავთენტურობას, აღნიშნავს, რომ გარკვეულწილად მსგავსი ამბავი მოთხრობილია ფილოსტრატეს „აპოლონიოს ტიანელის ცხოვრებაშიც“, სადაც ის გაღარიბებულ მამას ფულს ჩუქნის, თუმცა, აქვე მიუთითებს, რომ მიქაელ არქიმანდრიტის მონათხრობი საგრძნობლად განსხვავებულია.[22] ფილოსტრატე არაფერს ამბობს გოგონების ბედზე და მის მონათხრობში აპოლონიოსის ქცევა მთლიანად მამის მიმართ სიმპათიითაა განპირობებული, მაშინ, როცა მიქაელ არქიმანდრიტი ღიად ასახელებს წმინდა ნიკოლოზის მოტივაციას, რომელსაც სურს, გოგონები პროსტიტუციაში ჩათრევისგან გადაარჩინოს.[22] ის ამტკიცებს, რომ ქალებისთვის დახმარების გაწევის სურვილი სახასიათოა მეოთხე საუკუნის ქრისტიანობისთვის იმ გამორჩეული როლის გამო, რომელსაც ქალები მაშინდელ ქრისტიანობაში ასრულებდნენ, განსხვავებით ბერძნულ-რომაული წარმართობისგან და მიქაელ არქიმანდრიტის დროინდელი, IX საუკუნის ქრისტიანობისგან, სადაც ქალების როლი და პოზიცია დრამატულად იყო დაკნინებული.[22]

კიდევ ერთი გადმოცემის მიხედვით, ნიკოლოზი წმინდა მიწას ეწვია. მგზავრობის დროს მისი გემი თითქმის განადგურდა ძლიერი ღელვისგან, თუმცა, წმინდანმა დააცხრო ტალღები. შედეგად, ნიკოლოზს ბევრ ადგილას თაყვანს სცემდნენ, როგორც მეზღვაურთა და მოგზაურთა მფარველ წმინდანს.[29]

მირის ეპისკოპოსი

რედაქტირება
 
„წმინდა ნიკოლოზის მიერ სამი უდანაშაულოს სიკვდილისგან გადარჩენა“ (1888), ავტორი ილია რეპინი

წმინდა მიწაზე ვიზიტის შემდეგ ნიკოლოზი მირაში დაბრუნდა. მირის ეპისკოპოსი, რომელიც ნიკოლოზის ბიძის შემდეგ იყო დანიშნული, ცოტა ხნით ადრე გარდაცვლილიყო[29] და ქალაქის სამღვდელოებას გადაწყვეტილი ჰქონდა, ეპისკოპოსად აერჩიათ პირველივე მღვდელი, რომელიც ეკლესიაში იმ დილით შევიდოდა. ნიკოლოზი სალოცავად ადრე მივიდა[29] და შესაბამისად, ახალ ეპისკოპოსადაც ის აირჩიეს.[23][29][37] გადმოცემით, დიოკლეტიანეს (მეფობდა 284–305 წლებში) დროს მიმდინარე ქრისტიანთა დიდი დევნის დროს იგი დააპატიმრეს და აწამეს,[38][39] თუმცა, იმპერატორ კონსტანტინე დიდის (მეფობდა 306–337 წლებში) ბრძანებით სხვა ქრისტიანებთან ერთად ციხიდან გათავისუფლდა.[15] ეს ამბავი დამაჯერებლად ჟღერს, თუმცა, მასზე ადრეულ წყაროებში საუბარი არაა და შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, სიმართლე იყოს.[40]

ერთ-ერთი ამბავი წმინდა ნიკოლოზის შესახებ, რომელიც ადრეულ წყაროებშიცაა მოხსენიებული, არის მის მიერ სამი უდანაშაულო კაცის გადარჩენა სიკვდილით დასჯისგან.[32][41] მიქაელ არქიმანდრიტის მიხედვით, გუბერნატორმა ევსტათიუსმა სამ უდანაშაულო კაცს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ის იყო, სასჯელი უნდა აღესრულებინათ, რომ ნიკოლოზი გამოჩნდა, ჯალათს მახვილი დააშვებინა, სამივე სიკვდილმისჯილი ბორკილებიდან გაათავისუფლა და გაბრაზებით გაკიცხა მოსამართლე, რომელმაც განაჩენის სანაცვლოდ ქრთამი აიღო.[41] იონა ლენდერინგის თანახმად, ეს ამბავი პირდაპირი პარალელია ფილოსტრატეს „აპოლონიოს ტიანელის ცხოვრებაში“ მოთხრობილ ამბავთან, სადაც აპოლონიოსმა ძარცვაში ბრალდებული უდანაშაულო კაცის სიკვდილით დასჯა აღკვეთა.[22] მიქაელ არქიმანდრიტი სხვა ისტორიასაც გადმოგვცემს, რომლის მიხედვითაც კონსულმა აბლაბიუსმა სამი ცნობილი გენერლის სიკვდილით დასჯისთვის ქრთამი აიღო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უდანაშაულონი იყვნენ.[42] წმინდა ნიკოლოზი იმპერატორ კონსტანტინეს და აბლაბიუსს სიზმრებში გამოეცხადა, კონსტანტინეს სიმართლე გააგებინა, ხოლო აბლაბიუსს ჯოჯოხეთით დაემუქრა, რის შემდეგაც შეშინებულმა კონსულმა გენერლები გაათავისუფლა.[42]

ამ ისტორიის უფრო გვიანდელი ვერსიები მეტად კომპლექსურია და მათში ზემოხსენებული ორი შემთხვევა გაერთიანებულია ხოლმე. ერთი ვერსიით, იმპერატორმა კონსტანტინემ ფრიგიაში აჯანყების ჩასახშობად სამი წარჩინებული გენერალი: ურსოსი, ნეპოტიანოსი და ჰერპილიონი გაგზავნა, რომლებსაც ძლიერი შტორმის გამო მირაში გაჩერება მოუხდათ.[32] ნავსადგურში მყოფი გენერლებისგან მალულად ქალაქში მყოფმა მათმა ჯარისკაცებმა ადგილობრივი ვაჭრების ძარცვა, მაროდიორობა და ქონების განადგურება დაიწყეს. ნიკოლოზმა გენერლებს ამ უწესობის აღკვეთა მოსთხოვა და ისინი ასეც მოიქცნენ.[43] ჯარისკაცების გემებზე დაბრუნებისთანავე ნიკოლოზმა შეიტყო, რომ სამი უდანაშაულო კაცი სიკვდილით უნდა დასჯილიყო, რისთვის ხელის შეშლაშიც მას გენერლები დაეხმარნენ. ეუსტათიუსმა ცხენით გაქცევა სცადა, თუმცა, ნიკოლოზმა მისი ცხენი შეაჩერა და გუბერნატორი მექრთამეობის გამო გაკიცხა.[44] გუბერნატორმა, იმპერატორთან დასმენის შიშით, შეინანა თავისი საქციელი.[45] ამის შემდეგ გენერლებმა აჯანყებაც ჩაახშეს და კონსტანტინემ მათ კიდევ უფრო მაღალი მდგომარეობა უბოძა.[45] მიუხედავად ამისა, გენერლების მტრებმა კონსულ აბლაბიუსს შეაგონეს, რომ მათ აჯანყება არათუ ჩაეხშოთ, არამედ თავიანთი ჯარისკაცებისთვისაც მოეწოდებინათ, მას შეერთებოდნენ. ამის შემდეგ, გენერლების მტრებმა აბლაბიუსი მოქრთამეს და მან გენერლები დააპატიმრა. სწორედ ამის შემდეგ მოხდა ნიკოლოზის სიზმრისეული გამოცხადებები და გენერლები გათავისუფლდნენ.[46]

ნიკეის კრება

რედაქტირება
 
გვიანი შუასაუკუნეების ბერძნული მართლმადიდებლური ფრესკის ფრაგმენტი, რომელზეც გამოსახულია ნიკოლოზის მიერ არიანესთვის ხელის გარტყმა, ცნობილი გადმოცემა, რომლის ისტორიული სიმართლე სადავოა.[47][22]

გადმოცემის მიხედვით, 325 წელს ნიკოლოზი ნიკეის პირველ საეკლესიო კრებას ესწრებოდა,[15][22][48] სადაც იგი არიანელობის თავგამოდებული მოწინააღმდეგე და ტრინიტარიანიზმის მტკიცე დამცველი იყო,[49] ასევე, ერთ-ერთი იმ ეპისკოპოსთაგან, რომელმაც ნიკეის მრწამსს ხელი მოაწერა.[50] ნიკეის კრებაზე ნიკოლოზის ყოფნის ადრეული წყაროა თეოდორე ლექტორის მიერ შედგენილი დამსწრეთა სია, რომელშიც იგი 151-ე ნომრადაა შეყვანილი.[15][16] მიუხედავად ამისა, მას არსად იხსენიებს ათანასე ალექსანდრიელი, ტრინიტარიანიზმის უპირველესი დამცველი კრებაზე, რომელიც იმ პერიოდის ყველა მნიშვნელოვან ეპისკოპოსს პირადად იცნობდა[51] და არც ისტორიკოსი ევსებიუსი, რომლის კრებაზე ყოფნაც დადასტურებულია.[12] ადამ ინგლიში შენიშნავს, რომ ნიკეის კრების დამსწრეთა სიები ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისგან: არსებობს მოკლე სიები, რომლებშიც 200-მდე სახელია, ხოლო გრძელ სიებში დამსწრეთა რიცხვი 300-ს აღწევს. წმინდა ნიკოლოზის სახელი მხოლოდ გრძელ სიებშია და არსად მოკლე სიებში.[36] ასეთი სიების რაოდენობა სამია, რომლებიდანაც ყველაზე სწორად თეოდორე ლექტორის სია ითვლება. იონა ლენდერინგის მიხედვით, არსებობს ორი შესაძლო ახსნა:

  1. ნიკოლოზი არ ესწრებოდა ნიკეის კრებას, მაგრამ ადრეული პერიოდის გადამწერებმა, რომლებსაც მისი არყოფნის ფაქტი უცნაურად მოეჩვენათ, იგი სიებში დაამატეს.[22] ბევრი მკვლევარი ამ ვერსიას იზიარებს.[52][47]
  2. ნიკოლოზი ესწრებოდა ნიკეის კრებას, თუმცა, ადრეული პერიოდის რომელიმე გადამწერმა მისი სიიდან ამოღება გადაწყვიტა, რათა მისი კრებაზე ყოფნა არავის დაემახსოვრებინა.[22]

გვიანდელი ლეგენდა, რომელიც პირველად XIV საუკუნეში, ანუ ნიკოლოზის გარდაცვალებიდან 1000-ზე მეტი წლის შემდეგ ჩნდება, გადმოგვცემს, რომ ნიკეის კრების დროს ნიკოლოზმა მოთმინება დაკარგა და „ერთ-ერთ არიანელს“ სილა გააწნა. ამის გამო კონსტანტინემ ნიკოლოზს მიტრა და ომოფორი (შესაბამისად, საეპისკოპოსო პატივი) ჩამოართვა.[47] სტივენ გრეიდანუსის დასკვნით, ამბავი იმდენად გვიანდელია, რომ „არავითარი ისტორიული ღირებულება არ გააჩნია“.[47] მეორეს მხრივ, იონა ლენდერინგი ამბის ისტორიული სიმართლის ვერსიას იზიარებს და ამტკცებს, რომ რამდენადაც ინციდენტი სამარცხვინოა და ნიკოლოზის რეპუტაციას ცუდად ასახავს, რთული ასახსნელია, რატომ უნდა გამოეგონებინათ ის გვიანდელ ჰაგიოგრაფებს.[22] ლეგენდის გვიანდელი ვერსიები მას კიდევ ერთ დეტალს ჰმატებენ და ხსენებულ ერეტიკოსად თავად არიანე გამოჰყავთ.[47][53] გვიანდელ ვერსიებშივე ნიკოლოზს აპატიმრებენ,[47][53] მაგრამ საკანში მას ქრისტე და ღვთისმშობელი ეცხადებიან.[47][53] ნიკოლოზი მათ ეუბნება, რომ „მათი სიყვარულის გამოა“ დაპატიმრებული, რის შემდეგაც ისინი ციხიდან ათავისუფლებენ და საეპისკოპოსო პატივსაც აღუდგენენ.[47][53] ნიკოლოზის მიერ არიანესთვის ხელის გარტყმის სცენა მართლმადიდებლურ ხატწერაში გავრცელებულია.[47] წმინდა ნიკოლოზის ნიკეაში ყოფნის ამსახველი სცენები ბარიში, Basilica di San Nicola-ს 1660-იანი წლებით დათარიღებულ მხატვრობაშიც გვხვდება.[52]

სხვა ლეგენდები

რედაქტირება
 
წმინდა ნიკოლოზის მიერ სამი დაჩეხილი ბავშვის გაცოცხლება. ილუსტრაცია ანა ბრეტონელის დიდი ჟამნიდან (შეიქმნა 1503-1508 წლებში)

არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც საშინელი შიმშილობის პერიოდში ბოროტმა ყასაბმა სამი პატარა ბავშვი თავის სახლში შეიტყუა, დახოცა ისინი და მათი სხეულის ნაწილები კასრებში შეინახა, რათა ხალხისთვის ლორის ნაცვლად შეესაღებინა.[29][54] ნიკოლოზმა, რომელიც მშიერებზე საზრუნავად იმ ადგილებს სტუმრობდა, ყასბის ტყუილები შეიცნო და სამივე ბავშვი მკვდრეთით აღადგინა.[29][55] იონა ლენდერინგის მოსაზრებით, ამ გადმოცემას „არავითარი ისტორიული ღირებულება არ გააჩნია“.[40] ადამ ინგლიში კი შენიშნავს, რომ სამი ბავშვის გაცოცხლების ამბავი წმინდა ნიკოლოზის ბიოგრაფიას გვიან შუა საუკუნეებში დაემატა და იგი არცერთ ადრინდელ წყაროში არ გვხვდება.[36] მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდაში მოთხრობილი ამბავი უცნაური და შემაძრწუნებელია თანამედროვე აუდიტორიისთვის, იგი ძლიერ პოპულარული იყო გვიან შუა საუკუნეებში, განსაკუთრებით, უბრალო ხალხში.[55][29][40] იგი გამოსახულია მოზაიკურ ფანჯრებზე, ხის გრავიურებზე, ტილოებზე და ფრესკებზე. გამოსახულებები იმდენად გავრცელებული იყო, რომ მოგვიანებით მთლიანი ამბის ნაცვლად დაიწყეს უბრალოდ წმინდა ნიკოლოზის გამოსახვა სამ შიშველ ბავშვთან და ხის კასრთან ერთად.[55]

ინგლიშის მოსაზრებით, ხალხმა, რომელსაც არ სმენოდა აღნიშნული ლეგენდა ან დავიწყებული ჰქონდა ის, აღნიშნული გამოსახულებების განსხვავებულად ინტერპრეტირება დაიწყეს. ბავშვებთან ერთად გამოსახვის გამო ბევრმა იგი ბავშვების მფარველ წმინდანად მიიჩნია, ხოლო კასრთან ერთად გამოსახვის გამო – ლუდის მხარშავთა მფარველ წმინდანად.[56]

კიდევ ერთი ამბავი მოგვითხრობს დიდ შიმშილობაზე, რომელიც ქალაქ მირაში 311-312 წლებში ჩამოვარდა. ამ დროს, გადმოცემის თანახმად, მირის პორტში იმყოფებოდა გემი, რომელიც იმპერატორ კონსტანტინესთვის გასაგზავნი ხორბლით იყო დატვირთული. ნიკოლოზმა მეზღვაურებს ხორბლის ნაწილის ჩამოცლა და ქალაქისთვის დასახმარებლად მისი გამოყენება სთხოვა. მეზღვაურები თავდაპირველად უარზე იყვნენ, რადგან ხორბალი იმპერატორისთვის წონით უნდა ჩაებარებინათ, თუმცა, ნიკოლოზის დაპირების შემდეგ, რომ მათ ხორბალს რაოდენობაში არაფერი დააკლდებოდა, დათანხმდნენ, იგი ქალაქის მოსახლეობისთვის ეწილადებინათ. დედაქალაქში დაბრუნების შემდეგ მათ აღმოაჩინეს, რომ ხორბალს არაფერი აკლდა, მიუხედავად იმისა, რომ მირაში დატოვებული ხორბალი ქალაქს ორი წლის განმავლობაში ეყო საჭმელად და დასათესადაც კი დარჩათ.[57]

რელიკვიები

რედაქტირება
 
IV საუკუნის ეკლესიის ნანგრევები კუნძულ გემილეზე, რომელშიც, მკვლევართა აზრით, წმინდა ნიკოლოზი თავდაპირველად დაკრძალეს.[58]

ტრადიციულად, ითვლებოდა, რომ წმინდა ნიკოლოზის ნეშტის თავდაპირველი განსასვენებელი მის მშობლიურ ქალაქში, მირაში მდებარეობდა, სადაც მოგვიანებით ინახებოდა მასთან დაკავშირებული რელიკვიებიც,[40][58] თუმცა, ზოგიერთი ბოლოდროინდელი არქეოლოგიური სამხილი მიუთითებს, რომ წმინდა ნიკოლოზი თავდაპირველად, შესაძლოა, თურქეთის პატარა კუნძულ გემილეს უმაღლეს წერტილში, კლდეში ნაკვეთ ეკლესიაში დაეკრძალათ, ქალაქ პატარადან – მისი დაბადების ადგილიდან 30 კილომეტრის მოშორებით. ნიკოლოზის სახელი მიწერილია შენობის ნანგრევებზე. ძველად კუნძული ცნობილი იყო, როგორც „წმინდა ნიკოლოზის კუნძული“[58] და დღეს თურქულ ენაზე ეწოდება თურქ. Gemiler Adasi – „ნავების კუნძული“, რაც მინიშნებაა წმინდა ნიკოლოზზე, როგორც ტრადიციულად, ზღვაოსნობის და მეზღვაურთა მფარველ წმინდანზე.[58]

კლდეში ნაკვეთი ეკლესია IV საუკუნეში აშენდა, ნიკოლოზის გარდაცვალების პერიოდში[58] და იმ პერიოდის წმინდანთა განსასვენებლებისთვის ტიპური დიზაინი აქვს. ასევე, წმინდა ნიკოლოზი ერთადერთი მნიშვნელოვანი წმინდანია, რომელიც თურქეთის ამ რეგიონს უკავშირდება. ეკლესია, რომელშიც, მკვლევართა აზრით, წმინდანი უნდა ყოფილიყო დაკრძალული, დიდი სალიტანიო გზის დასავლეთ ბოლოში მდებარეობს.[58]

 
გახსნილი სარკოფაგის ფოტო დემრეს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიიდან, სადაც ინახებოდა წმინდანის ძვლები 1087 წლამდე, როცა ისინი ბარიში გადაიტანეს.[59]

VII საუკუნის შუა წლებში გემილე მოწყვლადი იყო არაბული გემების შეტევების მიმართ, რის გამოც, როგორც ჩანს, ნიკოლოზის ნეშტი კუნძულიდან ქალაქ მირაში გადაიტანეს, სადაც იგი თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილის განმავლობაში ეპისკოპოსად მსახურობდა. მირა გემილედან აღმოსავლეთით, დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს და ზღვიდან მეტად მოშორებულია, რის გამოც უფრო დაცული იქნებოდა არაბთა თავდასხმებისგან.[58]

გადმოცემის თანახმად, მირაში დაცული წმინდა ნიკოლოზის ნაწილები ყოველ წელს გამოყოფდა სურნელოვან სითხეს, რომელსაც, ქრისტიანთა რწმენით, სასწაულებრივი ძალა ჰქონდა.[60] იმ პერიოდში ფართოდ იყო ცნობილი, რომ ნიკოლოზის მთლიანი ნეშტი მირაში, ერთ სარკოფაგში ინახებოდა, რის გამოც წმინდა ნაწილების გამყალბებლებს არ შეეძლოთ ეთქვათ, რომ წმინდა ნიკოლოზის ნაწილებს ფლობდნენ.[61]

2000 წელს ქალაქ დემრეს რუსეთის მთავრობისგან გადაეცა რუსი მოქანდაკის, გრეგორი პოტოცკის მიერ დამზადებული ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც წმინდა ნიკოლოზის შუა საუკუნეების ეკლესიის წინ, მოედანზე, გამოსაჩენ ადგილას განათავსეს. 2005 წელს ქალაქის მერმა, სულეიმან თოფჩუმ ქანდაკება წითელსამოსიანი სანტა კლაუსის პლასტმასის ქანდაკებით ჩაანაცვლა, რათა მისი ვინაობა ტურისტებისთვის უფრო გასაგები ყოფილიყო. ამას რუსეთის მთავრობის პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც ბრინჯაოს ქანდაკება უკან დააბრუნეს (ამჯერად, პიედესტალის გარეშე და ეკლესიასთან უფრო ახლო კუთხეში).[62]

2009 წლის 28 დეკემბერს თურქეთის მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებდა, იტალიის მთავრობისგან ოფიციალურად მოეთხოვა წმინდა ნიკოლოზის ნეშტის უკან დაბრუნება.[63][64]

თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, ნიკოლოზს თავად სურდა, მისივე საეპისკოპოსო ქალაქში დაეკრძალათ და რომ მისი ნეშტი უკანონოდ იყო წაღებული სამშობლოდან. 2017 წელს არქეოლოგიურმა კვლევამ დემრეს წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ქვეშ ძველი ეკლესიის არსებობა დაადასტურა, რომლის შემდგომმა კვლევამ უნდა გამოარკვიოს, კვლავ ინახება თუ არა ადგილზე ნიკოლოზის ცხედრის ნაწილები.[65]

 
წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკა ბარიში, სადაც მისი ნაწილების უმეტესობა ინახება[66]

1071 წელს, მანასკერტის ბრძოლის შედეგად ბიზანტიის იმპერიამ დროებით დაკარგა კონტროლი მცირე აზიაზე და აქ მცხოვრები ქრისტიანები დამპყრობელი სელჯუკების მმართველობის ქვეშ აღმოჩნდნენ.[59][67] ცოტა ხნით ადრე, კერძოდ, 1054 წელს, რომის იმპერიამ ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია (სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებთან ერთად) სქიზმაში მყოფად გამოაცხადა. რეგიონებში განუწყვეტელი საომარი მოქმედებების გამო ადგილობრივი ქრისტიანები შიშობდნენ, რომ წმინდა ნიკოლოზის საფლავთან მისვლა მალე შეუძლებელი გახდებოდა.[59]

მირის ბერძენი ქრისტიანი მოსახლეობისთვის ბიზანტიის მფარველობის დაკარგვის და ზოგადი დაბნეულობის ფონზე, 1087 წლის გაზაფხულზე იტალიელმა მეზღვაურებმა აპულიის რეგიონის ქალაქ ბარიდან ადგილობრივი ბერების წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელთ იგდეს მირის ეკლესიაში დაკრძალული წმინდა ნიკოლოზის სხეულის ნაწილები.[59][68][69][70]

 
წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებული პროცესია, ბარი

ადამ ინგლიში რელიკვიების მირადან წამოღების ფაქტს „წმინდა ძარცვას“ უწოდებს და შენიშნავს, რომ ქურდებს არა მხოლოდ ადგილობრივების მხრიდან დაჭერის და დევნის, არამედ თავად წმინდანის რისხვისაც ეშინოდათ.[71] ბარიში დაბრუნების შემდეგ, რაც 1087 წლის 9 მაისს მოხდა, ისინი ნეშტზე ზრუნავდნენ.[59][40] ორი წლის შემდეგ პაპმა ურბან II-მ ქალაქში ახალი ეკლესია – წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკა აკურთხა და მისი საკურთხევლის ქვეშ არსებულ სამარხში ნიკოლოზის ნაწილები თავისი ხელით განათავსა.[40] წმინდა ნიკოლოზის ნაწილების მირადან წამოღება და ბარიში ჩატანა რამდენიმე წყაროშია აღწერილი, მათ შორის, ორდერიკ ვიტალისის ქრონიკებშიც და მკვლევართა უმეტესობა მის ისტორიულ ჭეშმარიტებაში დარწმუნებულია,[72][40] ასევე, 9 მაისი ტრადიციულად აღინიშნებოდა, როგორც წმინდა ნიკოლოზის „გადასვენების“ დღე.[40] აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიები და თავად თურქები წმინდანის ნაწილების მირადან წაღებას ყოველთვის ქურდობად მიიჩნევდნენ,[59][73] თუმცა, ბარის მოსახლეობის აზრით, ეს არა ქურდობა, არამედ წმინდანის ნეშტის გადარჩენა იყო თურქი დამპყრობლებისგან.[59][74] ბარის ბაზილიკის ჭერზე აღბეჭდილი ლეგენდის თანახმად, წმინდა ნიკოლოზი ერთხელ ბარის სტუმრობდა და იწინასწარმეტყველა, რომ მისი ძვლები ერთ დღესაც ამ ქალაქში იქნებოდა დაკრძალული.[73]

ნიკოლოზის ნაწილების ბარიში გადასვენებამდე მისი კულტი დასავლეთ ევროპაში ცნობილი, მაგრამ არცთუ პოპულარული იყო.[40] 1096 წლის შემოდგომაზე ნორმანი და ფრანკი ჯარისკაცები ბარიში, პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის სამზადისში შეიკრიბნენ. როგორც წესი, ჯვაროსნები მებრძოლ წმინდანებს ანიჭებდნენ უპირატესობას, თუმცა, წმინდა ნიკოლოზის ნაწილები ერთადერთი იყო, რომელიც ფიზიკურად იყო ქალაქში.[75] გარდა ამისა, ნიკოლოზის, როგორც მოგზაურთა და მეზღვაურთა მფარველი წმინდანის სტატუსმა დადებითი გავლენა იქონია მის პოპულარობაზე ჯვაროსანთა შორის, რომლებმაც წმინდანის კულტი მთელს ევროპაში გაავრცელეს.[76]

ნიკოლოზის ნეშტმა „მირონის“ გამოყოფა ბარიში ჩამოტანის შემდეგაც გააგრძელა, რაც დიდად სასიხარულო იყო მისი ახალი მფლობელებისთვის. საუკუნეთა განმავლობაში მირონით სავსე ფლაკონები მთელს მსოფლიოში მიჰქონდათ და მისი შეძენა ბაზილიკაში ახლაც შესაძლებელია. ყოველი წლის 6 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზის საფლავიდან ბაზილიკის მღვდელმსახურები ფლაკონს მირონით ავსებენ. სითხეს ბაზილიკის სარდაფში არსებული სარკოფაგიდან აგროვებენ და იგი ახლომდებარე მაღაზიაშიც იყიდება. იგი ნელა გადმოდის სამარხიდან (გაურკვეველია, სამარხში განთავსებული სხეულიდან თუ თავად მარმარილოს კედლიდან). ბარი საპორტო ქალაქია და თავად სამარხი ზღვის დონეზე დაბლაა, რის გამოც სითხის წარმოშობის რამდენიმე ბუნებრივი ახსნა არსებობს, მათ შორის, შესაძლებლობა, რომ სამარხიდან კაპილარული გზით ზღვის წყალი ჟონავს.

1966 წელს, ბაზილიკის ქვეშ არსებული საძვალის ნაწილი მართლმადიდებლურ ეგვტერად გამოცხადდა და კანკელითაც გამოიყო 1965 წლის დეკლარაციის მიღების აღსანიშნავად, რომლის ძალითაც კათოლიკურმა და მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა 1054 წელს, დიდი სქიზმის დროს ერთმანეთის მიმართ გამოცხადებული ანათემები ძალადაკარგულად გამოაცხადეს.[77]

2017 წლის მაისში, პაპ ფრანცისკეს და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ კირილს შორის მოლაპარაკებების შედეგად წმინდა ნიკოლოზის ნეშტის ნაწილი მოსკოვში დროებით გაიგზავნა. აღნიშნული რელიკვიები გამოფენილი იყო მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში, ხოლო შემდეგ სანქტ-პეტერბურგში, რის შემდეგაც კვლავ ბარიში დააბრუნეს.[78] წმინდანის ერთ-ერთ ნეკნზე თვალის შესავლებად მოსკოვში მილიონზე მეტი ადამიანი იდგა რიგში.[79]

 
ვენეციაში მდებარე ეკლესია San Nicolò al Lido, ადგილობრივების რწმენით, 500-ზე მეტ ძვლის ფრაგმენტს ინახავს ნიკოლოზის ნეშტიდან.[80][66] სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურეს, რომ აღნიშნული ფრაგმენტები ანატომიურ თანხვედრაშია ბარიში, წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკაში დაცულ ძვლებთან.[80][71]

იტალიელმა მეზღვაურებმა ბარიში მხოლოდ დიდი ზომის ძვლები წაიღეს, ხოლო პატარა ფრაგმენტები ადგილზე დატოვეს.[81] ჩონჩხის ამ დარჩენილი ფრაგმენტების ქონის სურვილი ვენეციამ გამოთქვა. 1044 წელს მათ წმინდანის სახელზე ეკლესია და მონასტერიც ჰქონდათ აშენებული, კერძოდ, კუნძულ ლიდოს ჩრდილოეთ ბოლოში.[82] ერთადერთი ქრონიკის თანახმად, რომელიც ამ მონასტრის უცნობ ბერს ეკუთვნის, 1100 წელს ვენეციურმა ფლოტმა, რომელიც ეპისკოპოს ანრის თანხლებით პირველ ჯვაროსნულ ომში მონაწილეობისთვის პალესტინისკენ მიცურავდა, გზად მირას ჩაუარა. ეპისკოპოსის დაჟინებული მოთხოვნით, გემი მირაში დაბრუნდა და ღუზა ჩაუშვა.[83] ვენეციელებმა წმინდა ნიკოლოზის დარჩენილი ძვლები (სხვა მირელი ეპისკოპოსების ძვლებთან ერთად) წამოიღეს ადგილობრივი ეკლესიიდან, რომელსაც მხოლოდ ოთხი მართლმადიდებელი ბერი იცავდა, ვენეციაში ჩაიტანეს და ლიდოს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში დააბინავეს.[84] ამ მონათხრობს დამაჯერებლობა შესძინა ორმა სამეცნიერო კვლევამ ბარიში და ვენეციაში, რომელთაც დაადასტურეს, რომ ორივე ადგილას, სავარაუდოდ, ერთი და იგივე ადამიანის ძვლებია დაცული.[85][86][80] არსებობს ლეგენდა, რომ ყოველ ჯერზე, როცა ვენეციაში დაცულ წმინდა ნიკოლოზის ძვლებს შეაწუხებენ, ვინმე მოკვდება. ძვლები ბოლოს 1992 წლის ივლისში გამოიკვლიეს.[72]

სხვა ადგილები

რედაქტირება
 
წმინდა ნიკოლოზის საფლავი თომასტაუნთან ახლოს, ირლანდია

იმის გამო, რომ ნიკოლოზის ჩონჩხი მირაში დიდხანს იყო დავანებული, ბარიში ჩამოტანის შემდეგ მის ნაწილებზე მოთხოვნა გაიზარდა. მალევე დაიწყო მცირე ზომის ძვლების გავრცელება დასავლეთ ევროპაში.[87] მეზღვაურებმა, რომლებმაც ნეშტი ბარიში ჩამოიტანეს, ერთი კბილი და სარკოფაგის ნატეხები ნორმან რაინდს, უილიამ პანტულფს აჩუქეს. პანტულფმა ეს რელიკვიები საკუთარ სამშობლოში, ნორმანდიის ქალაქ ნორონში წაიღო, სადაც ისინი 1092 წლის ივნისში წმინდა პეტრეს სახელობის ადგილობრივ ეკლესიაში განათავსეს.[81] 1096 წელს აპულიის ჰერცოგმა წმინდა ნიკოლოზის რამდენიმე ძვალი ფლანდრიის გრაფს გადასცა, რომელმაც ისინი ვატენის სააბატოში, საპატიო ადგილას მოათავსა.[81] ლეგენდის მიხედვით, 1101 წელს წმინდა ნიკოლოზი ბარიში სტუმრად მყოფ ერთ ფრანგ გადამწერს გამოეცხადა და უთხრა, რომ მისი ერთი ძვალი საკუთარ მშობლიურ ქალაქში, სენ-ნიკოლა-დე-პორში წაეღო, რომელიც ნანსის პრეფექტურის ახლოს მდებარეობს. გადამწერმა თითის ძვალი წაიღო და პორში წმინდა ნიკოლოზის სახელზე სამლოცველოც ააშენეს.[88] ამის შემდეგ ქალაქი წმინდანის თაყვანისმცემლებისთვის მნიშვნელოვან საკულტო ცენტრად იქცა და XV საუკუნისთვის ძველი სამლოცველოს ადგილზე დიდი ბაზილიკაც აშენდა.[88] თავად ქალაქის სახელი, სენ-ნიკოლა-დე-პორი ნიკოლოზის სახელს უკავშირდება.[40]

ბარის სამღვდელოება დროდადრო გასცემდა ნიკოლოზის ძვლების ნაწილებს, რითაც სტრატეგიულად ცდილობდა მისი კულტის გავრცელებას და ქალაქის პრესტიჟის გაზრდას. ბევრი ასეთი ძვალი თავდაპირველად კონსტანტინოპოლში ინახებოდა,[88] მაგრამ მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს ქალაქის დაცემის (1204) შემდეგ ნაწილები ევროპის მასშტაბით მიმოიფანტა. ხელი, რომელიც ადგილობრივთა მტკიცებით, ნიკოლოზს ეკუთვნოდა, ინახებოდა რომში მდებარე ეკლესიაში, სახელად San Nicola in Carcere („წმინდა ნიკოლოზი საკანში“),[88] რომელიც ძველი მუნიციპალური საპყრობილის ადგილასაა აშენებული. მალევე გაჩნდა ლეგენდები, რომ ამ ციხეში ოდესღაც თავად ნიკოლოზიც იყო დაპატიმრებული.[89] ეკლესიაში ხშირად მიდიოდნენ დედები საპყრობილეში მყოფი შვილებისთვის სალოცავად, ხოლო მონანიე დამნაშავეებს შესაწირავები მიჰქონდათ.[89] ამის შედეგად, კიდევ უფრო გავრცელდა ნიკოლოზის, როგორც პატიმართა და უდანაშაულოდ ბრალდებულთა მფარველი წმინდანის სტატუსი.[89] საჩვენებელი თითი, რომელიც, გადმოცემით წმინდა ნიკოლოზს ეკუთვნოდა, ინახებოდა რომის ახლოს, ოსტიის გზაზე მდებარე სამლოცველოში. კიდევ ერთი თითი ინახებოდა ლიგურიის პროვინციის ქალაქ ვენტიმილიაში.[88] დღეს ევროპაში, რუსეთში და აშშ-ში მდებარე ბევრი ეკლესია აცხადებს, რომ მათ მფლობელობაში წმინდა ნიკოლოზის ძვლის რაიმე ფრაგმენტია, როგორიცაა კბილი ან თითის ძვალი.[90][66]

ირლანდიაში გავრცელებულია ლეგენდა, რომ XII საუკუნეში მირადან წმინდა ნიკოლოზის ნაწილები ირლანდიური წარმოშობის ნორმანმა ჯვაროსანმა რაინდებმაც მოიპარეს და დამარხეს თომასტაუნში, კილკენის საგრაფოში. ამ ადგილას ძველი ქვის ფილაც დევს.[91] ირლანდიელი მკვლევარის და ანტიკვარიატის სპეციალისტის, ჯონ ჰანტის მიხედვით, საფლავი, სინამდვილეში, ადგილობრივ მღვდელს ეკუთვნის ჯერპოინტის სააბატოდან.[92]

სამეცნიერო ანალიზი

რედაქტირება
 
წმინდა ნიკოლოზი, XVIII საუკუნის I მეოთხედის რუსული ხატი, კიჟის მონასტერი, კარელია

როგორც წესი, რიტუალური და სამომლოცველო მნიშვნელობიდან გამომდინარე, წმინდანების ნეშტის ნაწილები ბევრ სხვადასხვა ქვეყანაშია მიმოფანტული. წმინდა ნიკოლოზი ამ მხრივ გამონაკლისია, რადგან მისი ძვლების უმრავლესობა ერთ ადგილას, ბარიში ინახება. მიუხედავად ე.წ. მირონდენის სასწაულისა, რომელიც, თითქოსდა, დღესაც გრძელდება, ბარის ეპარქიის ხელმძღვანელობამ დაუშვა ძვლების ერთი სამეცნიერო კვლევა.[93] 1950-იანი წლების მიწურულს, როცა საძვალეს აუცილებელი სარემონტო სამუშაოები უტარდებოდა, ძვლები 1089 წლის შემდეგ პირველად გარეთ გამოიტანეს. პაპის კომისიამ ბარის უნივერსიტეტის ადამიანის ანატომიის პროფესორს, ლუიჯი მარტინოს ნება დართო, გამოეკვლია ძვლები კომისიის ზედამხედველობის ქვეშ.[39] მარტინომ ათასობით კვლევა ჩაატარა, შეადგინა დეტალური სამეცნიერო ნახაზები, გადაიღო ფოტოები და რენტგენის სურათები.[39] კვლევებმა დაადგინა, რომ ადამიანი, რომელსაც ძვლები ეკუთვნოდა, სიკვდილის მომენტში 70 წელს იყო გადაცილებული და გამხდარი აღნაგობის იყო. აწუხებდა მწვავე ქრონიკული ართრიტი ხერხემლისა და მენჯის არეში.[39]

2004 წელს მანჩესტერის უნივერსიტეტში მკვლევარებმა კეროლინ უილკინსონმა და ფრაკო ინტრონამ მარტინოს კვლევებზე დაყრდნობით წმინდანის სახე აღადგინეს.[39] მონაცემთა ანალიზმა გამოავლინა, რომ ისტორიული წმინდა ნიკოლოზი 168 სანტიმეტრის სიმაღლისა იყო; ცხვირი გატეხილი და ნაწილობრივ შეხორცებული ჰქონდა, რაც ადასტურებს, რომ აღნიშნული ტრავმა სიცოცხლეშივე მიადგა.[94][95] გატეხილი ცხვირი თანხვედრაშია ჰაგიოგრაფიულ გადმოცემებთან მისი ცემისა და წამების შესახებ დიოკლეტიანეს დროს.[39] დოქტორი უილკინსონის და მანჩესტერის უნივერსიტეტის გუნდის მიერ შესრულებული სახის რეკონსტრუქცია აჩვენეს BBC2-ის სატელევიზიო პროგრამაში „სანტას ნამდვილი სახე“ (The Real Face of Santa).[94][95] 2014 წელს ლივერპულის ჯონ მორსის უნივერსიტეტის სახის ლაბორატორიამ (Face Lab) ნიკოლოზის სახის რეკონსტრუქციის განახლებული ვერსია წარმოადგინა.[39]

2017 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის ორმა მკვლევარმა, პროფესორმა ტომ ჰაიემმა და დოქტორმა ჯორჯ კაზანმა მოახდინეს რადიონახშირბადული დათარიღება მენჯის ფრაგმენტისა, რომელიც, გადმოცემით წმინდა ნიკოლოზს ეკუთვნოდა. ფრაგმენტი საფრანგეთში, ლიონში მდებარე ეკლესიიდან იყო წამოღებული,[80][96][66] ტესტირების მომენტში კი მამა დენის ო'ნილის, ილინოისში მდებარე წმინდა მართა ბეთანიელის სახელობის ეკლესიის მღვდლის საკუთრებაში იყო.[80][96][66] დათარიღების შედეგად დადგინდა, რომ მენჯის ფრაგმენტი ჩვ. წ. IV საუკუნისაა (დაახლოებით ამ დროს უნდა გარდაცვლილიყო წმინდა ნიკოლოზიც) და არ წარმოადგენს შუა საუკუნეებში დამზადებულ ნაყალბევს.[80][96][66] ძვალი ერთ-ერთი უძველესი ნიმუში იყო მათგან, რაც ოქსფორდის გუნდს ჰქონდა გამოკვლეული.

პროფესორი ჰაიემის თანახმად, მათ მიერ გამოკვლეული ნაწილების უმეტესობა ზედმეტად ახალია იმისთვის, რომ რეალურად ეკუთვნოდეს იმ წმინდანს, რომელსაც მიეწერება, თუმცა, „ძვლის ეს ფრაგმენტი, მათგან განსხვავებით, იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ჩვენ, შესაძლოა, სწორედ წმინდა ნიკოლოზის ნეშტს ვუყურებთ“.[80] დოქტორი კაზანის აზრით, შესაძლებელია, რომ მენჯის ეს ნაწილი ეკუთვნოდეს იმავე პიროვნებას, რომლის ძვლებიც ბარიში და ვენეციაშია შენახული,[80][96][66] რადგანაც ძვალი, რომელიც მათ გასინჯეს აღებულია მარცხენა ბოქვენიდან, ხოლო ბარიში არსებული ერთადერთი მენჯის ძვალი მარცხენა თეძოს ზედა ნაწილს ეკუთვნის,[80] თუმცა, დნმ-ის ტესტირების გარეშე ამის საბოლოოდ დადგენა შეუძლებელია.[96][66]

თაყვანისცემა და დღესასწაულები

რედაქტირება
 
წმინდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი, კუოპიო, ფინეთი

საბერძნეთსა და იტალიაში წმინდა ნიკოლოზის კულტი პოპულარულია მეზღვაურებში, მეთევზეებში და ზოგადად, საზღვაო-სანაოსნო საქმეში. ამის შედეგად, დროთა განმავლობაში იგი ბევრი საპორტო ქალაქის მფარველი წმინდანი გახდა. საუკუნეთა განმავლობაში ბერძნულ ფოლკლორში იგი „ზღვების მბრძანებლად“ მიიჩნეოდა და თანამედროვე ბერძენი მკვლევარები მას ხშირად ახასიათებენ, როგორც პოსეიდონის ქრისტიანიზებულ ვერსიას. თანამედროვე საბერძნეთში იგი უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წმინდანია და 6 დეკემბერი ბევრ ქალაქში აღინიშნება, როგორც მფარველი წმინდანის ხსენების დღე. ასევე, ითვლება მთლიანად საბერძნეთის და განსაკუთრებით, საბერძნეთის საზღვაო ძალების მფარველ წმინდანად.[97]

აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებში წმინდა ნიკოლოზი მოიხსენიება ყოველ ხუთშაბათს (თორმეტ მოციქულთან ერთად) და მასთან დაკავშირებული საგალობლები ამ დღესთან დაკავშირებულ ლიტურგიკულ მსახურებაში, რვახმათა წიგნში მოიპოვება. მირადან ბარიში მისი ნეშტის გადატანიდან მალევე ამ დაიწერა ჰაგიოგრაფიული ნაშრომი მისი ცხოვრების შესახებ რუსულ ენაზე, სადაც ამ გადატანის ამბავიცაა მოთხრობილი. ნაშრომის ავტორი, სავარაუდოდ, მოვლენათა თანამედროვე იყო.[98]

წმინდა ნიკოლოზის სახელზე არსებობს დაუჯდომელი და სხვა სახის კანონიკური ლოცვები, რომლებიც ხშირად იკითხება შემწეობის მომლოდინე მორწმუნეთა მიერ. იგი მოიხსენიება კვეთის დროს მართლმადიდებლურ ლიტურგიაში, ასევე, ღამისთევის დროს. მართლმადიდებლურ ტაძრებში, როგორც წესი, არის მისი ხატი, მიუხედავად იმისა, თუ ვის სახელზეა აშენებული ეკლესია. კოპტური მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნიკოლოზის გარდაცვალების დღეს კოიაკის თვის 10 (ეთიოპიური კალენდრის მიხედვით, ტაჰსასის 10) რიცხვში აღნიშნავს, რომელიც იულიუსის კალენდრით 6, ხოლო გრიგორიანული კალენდრით 19 დეკემბერს ემთხვევა.[99][100]

 
წმინდა ნიკოლოზი XIV საუკუნის ინგლისური ჟამნიდან

არსებობს ბევრი გადმოცემა, რომელიც წმინდა ნიკოლოზის მიერ საჩუქრების საიდუმლოდ გაცემის ჩვევას უკავშირდება, როგორიცაა მონეტების ჩაყრა გარეთ დატოვებულ ფეხსაცმელებში. ამის გამო, 6 დეკემბერს ფეხსაცმელების გარეთ დატოვების ტრადიცია ბევრ ქვეყანაში არსებობს. იქ, სადაც ჯერ კიდევ იულიუსის კალენდარი მოქმედებს, აღნიშნული დღესასწაული ცამეტი დღით გვიან აღინიშნება.[101]

მონაკოში არსებული ღვთისმშობლის სახელობის კათედრალი 1874 წელს, 1252 წელს აგებული ძველი ეკლესიის ადგილზე ააშენეს, რომელიც წმინდა ნიკოლოზის სახელობისა იყო. ყოველი წლის 6 დეკემბერს ამ კათედრალში ბავშვებისთვის მესა იმართება.

გვიანი შუა საუკუნეების ინგლისში წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს იმართებოდა „ეპისკოპოსი ბიჭუნას“ დღესასწაული, რომლის დროსაც ახალგაზრდები მღვდლებისა და ეპისკოპოსების როლს თამაშობდნენ და უფროსებისთვის ბრძანებების მიცემა შეეძლოთ. დღესაც, დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ბევრ ქვეყანაში წმინდა ნიკოლოზის დღესთან დაკავშირებით არსებობს მოწყალების გაცემის ტრადიციები. შუა საუკუნეებში ქრისტიანი მონაზვნები გაჭირვებულთა სახლებთან საკვებითა და ტანსაცმლით სავსე კალათებს ანონიმურად ტოვებდნენ, რამაც საფუძველი ჩაუყარა აღნიშნულ ტრადიციებს.[102] სხვა წყაროს თანახმად, ისტორიული ნიდერლანდების მცხოვრები ყოფილი მეზღვაურები (რომლებიც, იმ პერიოდში, პრაქტიკულად მამრობითი სქესის მთელ მოსახლეობას წარმოადგენდნენ) ნავსადგურებში იკრიბებოდნენ და წმინდანის პატივსაცემად გამართულ საეკლესიო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. სახლებში დაბრუნებისას გზად შეივლიდნენ სპეციალურად მოწყობილ „ნიკოლოზის ბაზრებში“, სადაც ყიდულობდნენ ძნელად საშოვნ ნივთებს, საჩუქრებს საყვარელი ადამიანებისთვის და ბავშვებისთვის. ყველა საჩუქარი ადრესატს შობას გადაეცემოდა, გარდა ბავშვებისა, რომლებსაც საჩუქრებს იმავე დღეს აჩუქებდნენ. ამ ტრადიციამ და ლეგენდამ წმინდანის მიერ სამი ბავშვის გაცოცხლების შესახებ ნიკოლოზი ბავშვების, ხოლო მოგვიანებით, ასევე, მოსწავლეების მფარველ წმინდანად აქცია.[103] წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს საჩუქრების დატოვების ტრადიცია ბევრ ქრისტიანულ ქვეყანაშია პოპულარული, რასაც უკავშირდება ბავშვების მიერ დერეფნებში ფეხსაცმელების დატოვება, რათა მათში წმინდა ნიკოლოზმა საჩუქრები დატოვოს.[104]

სანტა კლაუსი წარმოიშვა ნიდერლანდებში გავრცელებული წმინდა ნიკოლოზთან (Sinterklaas). ახალი ამსტერდამის კოლონიის დაარსებისას ჰოლანდიელებმა აღნიშნული ტრადიციები და ნიკოლოზთან დაკავშირებული ლეგენდები ამერიკაში ჩაიტანეს.[105] ჰოვარდ ჰეიგმენი, ნიუ-ბრუნსუიკის თეოლოგიური სემინარიიდან, ამტკიცებს, რომ ზინტერკლაასის ტრადიციები ჰადსონის ხეობის ადრეულ დასახლებებშიც არსებობდა, თუმცა XIX საუკუნისთვის დავიწყებას მიეცა.[106] სენტ-ნიკოლასის პარკი, რომელიც სენტ-ნიკოლასის ავენიუს და 127-ე ქუჩის კვეთაზე მდებარეობს, ჰოლანდიელი ფერმერების ძველი ნამოსახლარების ადგილასაა მოწყობილი და წმინდა ნიკოლოზის სახელს ატარებს.[107]

ნიკოლოზი აღნიშნულია ლუთერანული და ანგლიკანური ეკლესიების კალენდარშიც და მისი ხსენების დღე აქაც 6 დეკემბერია.[108][109][110]

წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებული საეკლესიო დღესასწაულები[111]

რედაქტირება
  • 1 აპრილი – მირადან ბარისკენ ნეშტის გამგზავრების დაწყება, 1087
  • 9 მაისი – მირადან ბარიში ნეშტის გადასვენება, 1087
  • 10 მაისი – ნეშტის გავლა ზაკინთოსის კუნძულზე 1087 წელს, ბარისკენ მიმავალ გზაზე
  • 20 მაისი – ნეშტის ბარიში ჩასვლა
  • 29 ივლისი – დაბადების დღე
  • 6 დეკემბერი – გარდაცვალება

იკონოგრაფია

რედაქტირება
 
წმინდა ნიკოლოზის ქანდაკება, რომელიც ამჟამად დემრეში, ეკლესიასთანაა განთავსებული
 
წმინდა ნიკოლოზი, ვაჭრების მფარველი წმინდანი. დიონისე ხატმწერის ფრესკა ფერაპონტოვის მონასტრიდან

წმინდა ნიკოლოზი პოპულარული საგანია მართლმადიდებლურ ხატწერაში, განსაკუთრებით, რუსეთის და სერბეთის ეკლესიებში. ის გამოისახება, როგორც მართლმადიდებელი ეპისკოპოსი, შემოსილი ომოფორით და სახარებით ხელში. ზოგჯერ მის თავს მოსავს მართლმადიდებლური მიტრა, ხოლო სხვაგან თავშიშველია. იკონოგრაფიულად იგი გამოისახება, როგორც ასაკოვანი მამაკაცი მოკლე, სრული თეთრი წვერით და გამელოტებული თავით. იმ სასწაულთან დაკავშირებით, რომელიც, გადმოცემის თანახმად, ნიკეის კრების შემდეგ მოხდა, მის მარცხენა მხართან ზოგჯერ გამოისახება ქრისტე სახარებით ხელში, ხოლო მარჯვენა მხართან ღვთისმშობელი, ომოფორით ხელში. მეზღვაურების მფარველობის გამო, ზოგჯერ გამოისახება ნავში, ზღვაში გადავარდნილი მეზღვაურების გადარჩენის პროცესში.[112]

ბარიში არსებული წმინდა ნიკოლოზის გამოსახულებებში იგი მუქი კანითაა გამოსახული, სავარაუდოდ, მისი უცხოური წარმომავლობის აღსანიშნავად.[113] მისი უცხოობის აღნიშვნის მიზანი შეიძლება ბარის რეპუტაციის ზრდა ყოფილიყო იმით, რომ ქალაქმა შორეულ ქვეყანაში დაბადებული წმინდანის მფარველობა მოიპოვა.[113] კათოლიკურ ხატწერაში წმინდა ნიკოლოზი გამოისახება, როგორც ეპისკოპოსი შესაბამისი ინსიგნიებით: შესამოსლით, მიტრითა და კვერთხით. სამ ქალიშვილთან დაკავშირებული ეპიზოდის აღსანიშნავად ხშირად მის ხელში გამოსახავენ სამ ქისას, სამ მონეტას ან სამ ოქროს ბურთულას. ხატებზე ზოგჯერ გამოსახულია გემები, ბავშვები ან სამი ფიგურა, რომელიც ხის კასრიდან ამოდიან (ბავშვები, რომლებიც მან, ლეგენდის მიხედვით, მკვდრეთით აღადგინა).[114]

უცნაურია, მაგრამ ზოგიერთ ხატზე წმინდანის ხელში გამოსახული სამი ოქროს ბურთულა ზოგ ადგილას გაგებულ იქნა, როგორც ფორთოხალი ან რაიმე სხვა ხილი. ისტორიულ ნიდერლანდებში და ჩრდილოეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში ფორთოხალი ესპანეთს უკავშირდებოდა, რის გამოც გაჩნდა რწმენა, რომ წმინდანი ესპანეთში ცხოვრობდა, ზამთრობით ნიდერლანდებს სტუმრობდა და მოჰქონდა ფორთოხლები და სხვა „ზამთრის“ ხილი.[114]

 
წმინდა ნიკოლოზის დიდი (184 სმ სიმაღლის) ხატი ლიპნოს ეკლესიიდან, 1294

1948 წელს ბენჯამინ ბრიტენმა დაწერა კანტატა Saint Nicolas („წმინდა ნიკოლოზი“) ერიკ კროზიერის ტექსტზე, რომელიც დრამატიზებულად აღწერს წმინდანის ლეგენდარულ ცხოვრებას. ნიკოლოზის პარტიას ტენორი ასრულებს, ხოლო მას თანხლებას უწევს შერეული გუნდი, ბიჭუნები, სიმებიანი საკრავები, ორი ფორტეპიანო, ორგანი და დასარტყამი ინსტრუმენტები.[115]

ლიტერატურა

რედაქტირება

დამატებითი ლიტერატურა

რედაქტირება
  • (2010) The Island of St. Nicholas. Excavation and Research of Gemiler Island Area, Lycia, Turkey. Osaka: Osaka University Press. 
  • Wheeler, Joe L.; Rosenthal, Jim (2006) St. Nicholas: A Closer Look at Christmas. Nashville, TN: Nelson Reference & Electronic. ISBN 9781418504076. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

შენიშვნები

რედაქტირება
  1. ბერძ. Ἅγιος Νικόλαος, Hágios Nikólaos; ლათ. Sanctus Nicolaus
  2. დაბადების თარიღი და გარდაცვალების წელი დავის საგანია,[5] თუმცა, 6 დეკემბერი ტრადიციულად მიიჩნევა მისი გარდაცვალების დღედ.[5] როგორც ჯერემი სილი აღნიშნავს, „წმინდანები, ვამპირების მსგავსად, ჩვეულებრივი მოკვდავებისგან განსხვავებულ თარიღებს აღნიშნავენ: მათი გარდაცვალების და არა დაბადების დღეს“.[6]
  3. Νικόλαος ὁ Θαυματουργός, Nikólaos ho Thaumaturgós
  4. ჯო ლ. უილერი და იონა ლენდერინგი აღნიშნავენ, რომ წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებული ლეგენდები სავსეა სამეულებით, რაც მისი, როგორც წმინდა სამების კონცეფციის თავგამოდებული დამცველის რეპუტაციით უნდა იყოს გამოწვეული.[32][22]
  1. 1.0 1.1 Большая российская энциклопедияМосква: Большая российская энциклопедия, 2004.
  2. Serbia. Saint Nicholas Center. ციტირების თარიღი: 4 April 2012
  3. Who is St. Nicholas?. St. Nicholas Center. ციტირების თარიღი: 7 December 2010
  4. St. Nicholas. Orthodox America. ციტირების თარიღი: 7 December 2010
  5. 5.0 5.1 Seal 2005, p. 2.
  6. Seal 2005, pp. 2–3.
  7. Lloyd, John; Mitchinson, John (December 2008) The book of general ignorance, Noticeably stouter, Faber and Faber, გვ. 318. ISBN 978-0-571-24692-2. 
  8. Cunningham, Lawrence (2005). A brief history of saints. Wiley-Blackwell, გვ. 33. ISBN 978-1-4051-1402-8. „The fourth-century Saint Nikolaos of Myra, Greek Anatolia (in present-day Turkey) spread to Europe through the port city of Bari in southern Italy... Devotion to the saint in the Low countries became blended with Nordic folktales, transforming this early Greek Orthodox Bishop into that Christmas icon, Santa Claus.“ 
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 Collins, Ace (2009). Stories Behind Men of Faith. Zondervan, გვ. 121. ISBN 9780310564560. „Nicholas was born in the Greek city of Patara around 270 AD. The son of a businessman named Theophanes and his wife, Nonna, the child's earliest years were spent in Myra… As a port on the Mediterranean Sea, in the middle of the sea lanes that linked Egypt, Greece and Rome, Myra was a destination for traders, fishermen, and merchant sailors. Spawned by the spirit of both the city’s Greek heritage and the ruling Roman government, cultural endeavours such as art, drama, and music were mainstays of everyday life.“ 
  10. Wheeler 2010, pp. vii–x.
  11. 11.0 11.1 11.2 Seal 2005, pp. 14–15.
  12. 12.0 12.1 Seal 2005, p. 14.
  13. 13.0 13.1 Wheeler 2010, pp. vii–viii.
  14. Wheeler 2010, p. viii.
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 15.5 Blacker, Burgess & Ogden 2013, p. 250.
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 Wheeler 2010, p. ix.
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 Blacker, Burgess & Ogden 2013, p. 251.
  18. 18.0 18.1 18.2 Wheeler 2010, p. x.
  19. Seal 2005, p. 15.
  20. 20.0 20.1 Wheeler 2010, p. xi.
  21. Introduction to Michael the Archimandrite's Life of Saint Nicholas დაარქივებული 3 July 2018 საიტზე Wayback Machine.
  22. 22.00 22.01 22.02 22.03 22.04 22.05 22.06 22.07 22.08 22.09 22.10 22.11 22.12 22.13 22.14 22.15 22.16 22.17 22.18 22.19 22.20 22.21 22.22 Lendering 2006, p. Nicholas of Myra.
  23. 23.0 23.1 23.2 Blacker, Burgess & Ogden 2013, p. 249.
  24. Domenico, Roy Palmer (2002). The regions of Italy: a reference guide to history and culture. Greenwood Publishing Group, გვ. 21. ISBN 0-313-30733-4. „Saint Nicholas (Bishop of Myra) replaced Sabino as the patron saint of the city… A Greek from what is now Turkey, he lived in the early fourth century.“ 
  25. Burman, Edward (1991). Emperor to emperor: Italy before the Renaissance. Constable, გვ. 126. ISBN 0-09-469490-7. „For although he is the patron saint of Russia, and the model for a northern invention such as Santa Claus, Nicholas of Myra was a Greek.“ 
  26. (2004) Greek Immigrants. Infobase Publishing, გვ. 24. ISBN 9780816056897. „The original Santa Claus, Saint Nicholas, was a Greek born in Asia Minor (now modern Turkey) in the fourth century. He was very religious from an early age and devoted his life to Christianity.“ 
  27. Lanzi, Gioia (2004). Saints and their symbols: recognizing saints in art and in popular images. Liturgical Press, გვ. 111. ISBN 0-8146-2970-9. „Nicholas was born around 270 AD in Patara on the coast of what is now western Turkey.“ 
  28. Lanzi, Gioia (2004). Saints and their symbols: recognizing saints in art and in popular images. Liturgical Press, გვ. 111. ISBN 0-8146-2970-9. „Nicholas was born around 270 AD in Patara on the coast of what is now western Turkey; his parents were Epiphanius and Joanna.“ 
  29. 29.00 29.01 29.02 29.03 29.04 29.05 29.06 29.07 29.08 29.09 29.10 29.11 29.12 29.13 29.14 Ferguson 1976, p. 136.
  30. Bennett, William J. (2009). The True Saint Nicholas: Why He Matters to Christmas. Howard Books, გვ. 14–17. ISBN 978-1-4165-6746-2. 
  31. 31.0 31.1 31.2 Michael the Archimandrite, Life of Saint Nicholas დაარქივებული 3 July 2018 საიტზე Wayback Machine. Chapters 10–11
  32. 32.0 32.1 32.2 Wheeler 2010, p. 38.
  33. Michael the Archimandrite, Life of Saint Nicholas დაარქივებული 3 July 2018 საიტზე Wayback Machine. (Chapters 12–18)
  34. 34.0 34.1 Michael the Archimandrite, Life of Saint Nicholas დაარქივებული 3 July 2018 საიტზე Wayback Machine. (Chapters 16–18)
  35. 35.0 35.1 Seal 2005, p. 1.
  36. 36.0 36.1 36.2 English & Crumm 2012.
  37. Faber, Paul (2006). Sinterklaas overseas: the adventures of a globetrotting saint. KIT Publishers, გვ. 7. ISBN 9789068324372. „The historical figure that served as model for the Dutch Sinterklaas was born around 270 AD in the port of Patara in the Greek province of Lycia in Asia Minor (present-day Turkey). His Greek name Nikolaos means something along the lines of "victor of the people".“ 
  38. Blacker, Burgess & Ogden 2013, pp. 249–250.
  39. 39.0 39.1 39.2 39.3 39.4 39.5 39.6 Wilkinson 2018, p. 163.
  40. 40.00 40.01 40.02 40.03 40.04 40.05 40.06 40.07 40.08 40.09 Lendering 2006, p. Medieval Saint.
  41. 41.0 41.1 Michael the Archimandrite, Life of Saint Nicholas დაარქივებული 3 July 2018 საიტზე Wayback Machine. (Chapter 31)
  42. 42.0 42.1 Michael the Archimandrite, Life of Saint Nicholas დაარქივებული 3 July 2018 საიტზე Wayback Machine. (Chapter 33)
  43. Wheeler 2010, pp. 38–39.
  44. Wheeler 2010, pp. 39–40.
  45. 45.0 45.1 Wheeler 2010, p. 40.
  46. Wheeler 2010, pp. 40–41.
  47. 47.0 47.1 47.2 47.3 47.4 47.5 47.6 47.7 47.8 Greydanus 2016.
  48. Wheeler & Rosenthal, "St Nicholas: A Closer Look at Christmas", (Chapter 1), Nelson Reference & Electronic, 2005
  49. Federer, William J. (2002). There Really Is a Santa Claus – History of St. Nicholas & Christmas Holiday Traditions. Amerisearch, Inc., გვ. 26. ISBN 978-0965355742. 
  50. Davis, Leo Donald (1990). The First Seven Ecumenical Councils (325–787) Their History and Theology. Liturgical Press, გვ. 58. ISBN 0-8146-5616-1. 
  51. Wheeler 2010, p. xii.
  52. 52.0 52.1 Seal 2005, p. 93.
  53. 53.0 53.1 53.2 53.3 Wheeler 2010, p. 35.
  54. St. Nicholas Center: Saint Nicolas. ციტირების თარიღი: 22 December 2009
  55. 55.0 55.1 55.2 English 2016, p. 132.
  56. English 2016, pp. 132–133.
  57. Le Saux, Françoise Hazel Marie (2005). A companion to Wace. D.S. Brewer. ISBN 978-1-84384-043-5. 
  58. 58.0 58.1 58.2 58.3 58.4 58.5 58.6 Keys 1993.
  59. 59.0 59.1 59.2 59.3 59.4 59.5 59.6 Jones 1978, pp. 176–193.
  60. De Ceglia, Francesco Paolo: "The science of Santa Claus : discussions on the Manna of Nicholas of Myra in the modern age". In Nuncius – 27 (2012) 2, pp. 241–269.
  61. Seal 2005, pp. 135–136.
  62. Saint Nicholas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 25 August 2016
  63. „Turks want Santa's bones returned“. BBC News. 28 December 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 January 2010. ციტირების თარიღი: 23 May 2010.
  64. Santa Claus's bones must be brought back to Turkey from Italy (28 December 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 12 December 2013
  65. Tomb of St Nicholas may have been discovered in Turkey. ir.ishtimes.com (4 October 2017). ციტირების თარიღი: 7 October 2017
  66. 66.0 66.1 66.2 66.3 66.4 66.5 66.6 66.7 Cullen 2017.
  67. Seal 2005, p. 101.
  68. Ott, Michael (1907). „Nicholas of Myra“. The Catholic Encyclopedia. 11. New York: Robert Appleton Company.
  69. Butler, Albin (1860). Lives of the Saints. 
  70. Wheeler, Joe L.; Rosenthal, Jim (2005) „Chapter 1“, St. Nicholas: A Closer Look at Christmas. Thomas Nelson. ISBN 9781418504076. 
  71. 71.0 71.1 Medrano 2017.
  72. 72.0 72.1 Seal 2005, p. 131.
  73. 73.0 73.1 Seal 2005, pp. 93–94.
  74. Seal 2005, pp. 100–102.
  75. Seal 2005, pp. 114–115.
  76. Seal 2005, pp. 114–116.
  77. Seal 2005, p. 117.
  78. "Major relics of St Nicholas visit Russia", Vatican Radio, May 21, 2017. ციტირების თარიღი: 6 December 2017
  79. „Filipov, David. "Why more than a million Russians have lined up to see a piece of the rib of Saint Nicholas", The Washington Post, June 29, 2017“. The Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 December 2017. ციტირების თარიღი: 6 December 2017.
  80. 80.0 80.1 80.2 80.3 80.4 80.5 80.6 80.7 80.8 University of Oxford 2017.
  81. 81.0 81.1 81.2 Seal 2005, p. 136.
  82. Seal 2005, pp. 125–127.
  83. Seal 2005, p. 127.
  84. Seal 2005, pp. 127–136.
  85. Ci sono ossa di san Nicola anche a Venezia? it. Europe – Near East Center. ციტირების თარიღი: 2 March 2017
  86. Ma le ossa sono tutte a Bari? it. Europe – Near East Center. ციტირების თარიღი: 2 March 2017
  87. Seal 2005, pp. 135–137.
  88. 88.0 88.1 88.2 88.3 88.4 Seal 2005, p. 137.
  89. 89.0 89.1 89.2 English 2016, p. 133.
  90. Relics of St. Nicholas – Where are They?. Saint Nicholas Center. ციტირების თარიღი: 11 February 2014
  91. Heritage Conservation Plan: Newtown Jerpoint County Kilkenny. An Chomhairle Oidhreachta/The Heritage Council (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 2 March 2017
  92. Hunt 1974.
  93. Anatomical Examination of the Bari Relics. Saint Nicholas Center. ციტირების თარიღი: 6 December 2013
  94. 94.0 94.1 The Real Face of St. Nicholas. St Nicholas Center. ციტირების თარიღი: 15 December 2016
  95. 95.0 95.1 „The Real Face of Santa“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 November 2014. ციტირების თარიღი: 12 November 2014. (navigate to 4th of 4 pictures)
  96. 96.0 96.1 96.2 96.3 96.4 Coughlan 2017.
  97. Greece. St. Nicholas Center. ციტირების თარიღი: 12 December 2013
  98. Feasts and Saints, Commemorated on May 9. Orthodox Church in America. ციტირების თარიღი: 4 April 2012
  99. St. Nicholas the Wonderworker. Synaxarium (Lives of Saints). Coptic Orthodox Church Network. ციტირების თარიღი: 13 December 2013
  100. Commemorations for Kiahk 10. Coptic Orthodox Church Network. ციტირების თარიღი: 13 December 2013
  101. Carus, Louise (1 October 2002). The Real St. Nicholas. Quest Books, გვ. 2. ISBN 9780835608138. „In Myra, the traditional St. Nicholas Feast Day is still celebrated on 6 December which many believe to be the anniversary of St Nicholas's death. This day is honored throughout Western Christendom, in lands comprising both Catholic and Protestant communities (in the Eastern Orthodox Church, the Saint's feast date is 19 December). On 5 December, the eve of St Nicholas Day, some American boys and girls put their shoes outside their bedroom door and leave a small gift in hopes that Saint Nicholas soon will be there.“ 
  102. DeeAnn, Mandryk (15 September 2013) Canadian Christmas Traditions: Festive Recipes and Stories From Coast to Coast (en). James Lorimer & Company, გვ. 237. ISBN 978-1-4594-0560-8. 
  103. McKnight, George H. (1917) St. Nicholas: His Legend and His Role in the Christmas Celebration and Other Popular Customs. New York: Putnam's, გვ. 37–52. ISBN 978-1115125055. 
  104. Sandford, John (3 April 2013) Encyclopedia of Contemporary German Culture (English). Routledge. ISBN 978-1-136-81610-9. 
  105. Joe Wheeler & Jim Rosenthal, "St. Nicholas A Closer Look at Christmas", (Chapter 8), Nelson Reference & Electronic, 2005.
  106. Theology Overview Hageman, Howard G., 1979. "Review of Saint Nicholas of Myra, Bari, and Manhattan: Biography of a Legend", Theology Today, Princeton. Princeton Theological Seminary. vol. 36, issue 3 დაარქივებული 7 December 2008 საიტზე Wayback Machine.
  107. "St. Nicholas Park", New York City Department of Parks & Recreation. ციტირების თარიღი: 6 December 2017
  108. Celebrating St. Nicholas Day at Home. Evangelical Lutheran Church in America (3 December 2020). ციტირების თარიღი: 22 December 2022
  109. The Calendar en. ციტირების თარიღი: 27 March 2021
  110. (2019-12-17) Lesser Feasts and Fasts 2018 (en). Church Publishing, Inc.. ISBN 978-1-64065-235-4. 
  111. НИКОЛАЙ МИРЛИКИЙСКИЙ - Древо ru. ციტირების თარიღი: 2022-07-16
  112. Wheeler, Rosenthal, "St Nicholas: A Closer Look at Christmas", p. 96, Nelson Reference & Electronic, 2005.
  113. 113.0 113.1 Seal 2005, p. 111.
  114. 114.0 114.1 St. Nicholas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 25 August 2016
  115. Saint Nicolas / Op. 42. Cantata for tenor solo, chorus (SATB), semi-chorus (SA), four boy singers and string orchestra, piano duet, percussion and organ. Britten-Pears Foundation (1948). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 5 December 2018