სარწმუნოების სიმბოლო

სარწმუნოების სიმბოლო, მრწამსიქრისტიანობაში მოკლე, მაგრამ ზუსტი სიტყვით გადმოცემული სწავლება რწმენის უმთავრესი დებულებების შესახებ. აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიები სარგებლობენ ნიკეის პირველ და კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებების დროს შემუშავებული ტექსტით, ამიტომაც ის „ნიკეა–კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლოდაც“ მოიხსენიება. დასავლეთის კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიები იყენებენ ე.წ. მოციქულთა სარწმუნოების სიმბოლოს. სარწმუნოების სიმბოლოს მიზანია ჩამოატყალიბოს სამების წევრთა თანასწორობის და თანაარსებობის კონცეფცია. ქართულ ენაში ეს სიმბოლო ცნობილია „მრწამსის“ სახელწოდებით.

ცნობილია სარწმუნოების სიმბოლოს ერთი რედაქცია, რომელიც იწოდებოდა ნინევიელთა სახელწოდებით. მასში საგანგებოდ იყო ყურადღება გამახვილებული ძე ღმერთის (ქრისტეს) თანასწორობის II თანატოლობის მოძღვრების შესახებ — მამა ღმერთთან.

ისტორიულად საწრმუნოების სიმბოლო კათაკმეველთა ანუ ახალმოქცეულთა მოსამზადებლად წარმოიშვა, რომლებიც ეკლესიის წევრობის, ნათლისღების საიდუმლოსათვის ემზადებოდნენ. იგი ყოველ მოსანათლს უნდა წაეკითხა და ამით თავისი რწმენა გამოეხატა. წევრებს, ანუ სიმბოლოს შემადგენელ ნაწილებს, ორგვარი მნიშვნელობა ჰქონდათ: ერთი მხრივ, გამოცხადების ჭეშმარიტებაზე მიუთითებდნენ, რომელიც მორწმუნეებს სარწმუნოების დოგმატად უნდა მიეღოთ, ხოლო მეორე მხრივ, იმ ერესებისაგან იცავდნენ, რომლის წინააღმდეგაც იყვნენ მიმართულნი.

„სიმბოლო“ ბერძნული სიტვაა და ქართულად ნიშნავ იმას, რაც „აერთიანებს, კრებს, აკავშირებს“. კერძოდ, სარწმუნოების სიმბოლო ყველა იმ ჭეშმარიტებას „შეიცავს“, რომლებიც, როგორც ეს ეკლესიამ იცის და სწამს, ქრისტეში ადამიანის ცხოვრების სრულყოფისათვის, ცოდვისა და სულიერი დაღუპვისაგან მისი გადარჩენისათვის აუცილებელია.

პირველ სამ საუკუნეში იერუსალიმის, ალექსანდრიის, კესარიის, ანტიოქიის, რომისა და აკვილიის ყველა მნიშვნელოვან ადგილობრივ ეკლესიას ნათლისღებისათვის სარწმუნოების საკუთარი სიმბოლო ჰქონდა. იყვნენ რა სულით ერთმანეთის მსგავსნი, როგორც ერთი და განუყოფელი სარწმუნოების გამომხატველნი, ერთმანეთისგან სიტყვათა წყობით განსხვავდებოდნენ; თითოეულს მხოლოდ ის თავისებურება ახასიათებდა, რომელიც ამა თუ იმ ცდომილების უარყოფას უკავშირდებოდა და იმ ადგილებში იყო გავრცელებული, სადაც ესა თუ ის სიმბოლო გამოიყენებოდა. ამჟამად ამ სიმბოლოთაგან შედარებით ცნობილი და ავტორიტეტული III ს-ის სწავლული ეპისკოპოსის წმ. გრიგოლ საკვირველმოქმედის სიმბოლოა, რომელშიც ყოვლადწმიდა სამების სამივე პირის საკუთარ თვისებებსა და მათ სრულ თანასწორობაზე სწავლებაა გადმოცემული.

რთი სარწმუნოებრივი განსაზღვრების შედგენის საერთო საეკლესიო აუცილებლობა წარმოიშვა IV ს-ის დასაწყისში არიანელობასთან ბრძოლის პირობებში. ეს ამოცანა ნიკეის მსოფლიო კრებაზე (325) გადაწყდა, რომელმაც საკუთარი ოროსი - დოგმატური ხასიათის ეპისტოლე - გამოსცა. ამ ოროსში, რომელიც კესარიის ან იერუსალიმის ეკლესიების ძველი სანათლავი სიმბოლოები. საფუძველზე შედგა, ძისა და მამის ერთარსობის ფორმულირება შევიდა.

სარწმუნოების სიმბოლო, რომლითაც მართლმადიდებლური ეკლესია დღეს სარგებლობს, თავიდან „ნიკეის“ მრწამსის ერთ-ერთი გამოხატულება იყო (ნიკეის მრწამსის ამ გადმოცემის სპეციფიკურ დამუშავებაში მდგომარეობდა), რომელიც ანტიოქიურ-იერუსალიმური სანათლავი სიმბოლოების საფუძველზე 370 წლის შემდეგ შედგა. ხოლო ლიტურგიკული სიმბოლო მამებმა კონსტანტინეპოლის (მეფექალაქის) II მსოფლიო კრებაზე (381) დააზუსტეს და მიიღეს. ამგვარად, მის სახელწოდებად ნიკეა-კონსტანტინეპოლის სარწმუნოების სიმბოლო განმტკიცდა.

შემდგომ სარწმუნოების ეს სიმბოლო აღმოსავლეთისა და დასავლეთის ყველა ეკლესიაში გავრცელდა. ეფესოს საეკლესიო კრებამ თავისი მეშვიდე კანონით აკრძალა ახალი სიმბოლოების შექმნა.[1]

სარწმუნოების სიმბოლოს ტექსტი

რედაქტირება

საეკლესიო ტრადიციით, ტექსტის უკეთ გასაგებად და განსამარტავად, მიღებულია მისი დაყოფა თორმეტ წევრად. ტექსტი სწორედ ამგვარი დაყოფითაა მოცემული:[2]

აღსანიშნავია, რომ მანამდე არსებულ სიმბოლოებს საფუძვლად ედო პატარა მრწამსის სახელწოდებით ცნობილი სიმბოლო, რომელიც 12 მუხლისაგან შედგებოდა და ქრისტეს თორმეტი მოციქულის მიერ იყო თვითოეულად თქმული:

1. პეტრესაგან:
 
„მრწამს ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი, ცათა და ქვეყანისა.“
(ბოლო რედაქცია: მრწამს ერთი ღმერთი, მამაჲ, ყოვლისა-მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთაჲ)
2. იაკობ დიდისაგან:
 
„და უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ძე მისი მხოლოდ შობილი.“
(ბოლო რედაქცია: და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არაქმნილი, თანაარსი მამისაჲ, რომლისაგან ყოველი შეიქმნა)
3. იოანესაგან:
 
„რომელი სულისა მიერ წმიდისა მუცლად ღებითა მარიამისაგან ქალწულისა იშვა.“
(ბოლო რედაქცია: რომელი ჩუენთვის, კაცთათჳს და ჩუენისა ცხოვრებისათჳს გარდამოჴდა ზეცით, და ჴორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა)
4. ანდრიასაგან:
 
„პონტოელ პილატეს ზე ივნო, ჯვარს ეცვა, მოკვდა და დაეფლა.“
(ბოლო რედაქცია: და ჯუარს-ეცვა ჩუენთჳს პონტოელისა პილატეს ზე და ივნო, და დაეფლა)
5. ფილიპესაგან:
 
„ჯოჯოხეთად შთახდა და აღდგა მესამესა დღესა მკვდრეთით.“
(ბოლო რედაქცია: და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა)
6. თომასაგან:
 
„ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისა.“
(ბოლო რედაქცია: და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა)
7. ბართლომესაგან:
 
„მომავალ არს განსჯად ცხოველთა და მკვდართა.“
(ბოლო რედაქცია: და კუალად მომავალ არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ)
8. მათესაგან:
 
„წმიდაი და კათოლიკე ეკლესია.“
(ბოლო რედაქცია: და სული წმიდაჲ, უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ. ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია)
9. იაკობ მცირე:
 
„და ზიარება წმიდათა თანა.“
10. სიმეონისაგან:
 
„მოტევება ცოდვათა.“
(ბოლო რედაქცია: აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა)
11. იუდა თადეოზისაგან:
 
„აღდგომა ხორცითა.“
(ბოლო რედაქცია: მოველი აღდგომასა მკუდრეთით)
12. მატათასაგან:
 
„ცხოვრება საუკუნო ამინ.“
(ბოლო რედაქცია: და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ)

ტექსტი სრულად

რედაქტირება
  1. „მრწამს ერთი ღმერთი, მამაჲ, ყოვლისა-მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთაჲ
  2. და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არაქმნილი, თანაარსი მამისაჲ, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
  3. რომელი ჩუენთვის, კაცთათჳს და ჩუენისა ცხოვრებისათჳს გარდამოჴდა ზეცით, და ჴორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა. -
  4. და ჯუარს-ეცვა ჩუენთჳს პონტოელისა პილატეს ზე და ივნო, და დაეფლა.
  5. და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.
  6. და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.
  7. და კუალად მომავალ არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
  8. და სული წმიდაჲ, უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ.
  9. ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.
  10. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.
  11. მოველი აღდგომასა მკუდრეთით.
  12. და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.“[3]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ალექსიძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 111.
  • „საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1976 წლისა“, გვ. 103-104
  1. / ПРАВИЛА СВЯТОГО ВСЕЛЕНСКОГО ТРЕТЬЕГО СОБОРА, ЕФЕССКОГО. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-14. ციტირების თარიღი: 2011-12-31.
  2. ვრცელი მართლმადიდებლური კატეხიზმო, წმინდა მღვდელთმთვარი ფილარეტი, თბილისი, 2010
  3. წმინდა მამათა და კრებათა დოგმატური სიმბოლოები