დაუჯდომელი
დაუჯდომელი, აკათისტო (ბერძ. Ἀκάθιστος Ὕμνος) — საგალობელი; თავდაპირველად იყო მხოლოდ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი სამადლობელი საგალობელი. ღვთისმშობელს მიეწერება ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლის სასწაულებრივი გადარჩენა შემოსეული მტრისაგან. ამ მოვლენის აღსანიშნავად შეიქმნა საგალობელი დაუჯდომელი, რომელიც მუხლმოუდრეკლად, დაუჯდომლად, ფეხზე მდგომთ (აქედან არის სახელწოდებაც) უნდა წარმოეთქვათ.
დაუჯდომლის ტექსტი ქართულად ადრე ითარგმნა. ის მარხვანის შემადგენელი ნაწილი იყო და დიდმარხვის მეხუთე კვირის შაბათ დღეს გალობდნენ. მოგვიანებით მისი ტექსტი შეიტანეს ჟამნებში და ჟამნგულანებში. ყველაზე ადრინდელი ხელნაწერები, რომელშიც დაუჯდომლის ქართული ტექსტია დამოწმებული, არის 1052 წლით დათარიღებული სინური ხელნაწერი, ნუსხა №5 („იბაკონი წმიდისა ღმრთისმშობლისანი, რომელსაც დაუჯდომელი ეწოდების, ბერძნულად აკათისტო“) და XI საუკუნის „პარიზი-5“ („იბაკონი ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობლისანი“). დაუჯდომლის ტექსტი ქართულად პირველად XVIII საუკუნის ბოლოს დაიბეჭდა.
მოგვიანებით დაუჯდომლის ცნება გაფართოვდა და ჰიმნოგრაფიაში ერთგვარ ჟანრადაც ჩამოყალიბდა. ასე შეიქმნა ჯვრის, გაბრიელ მთავარანგელოზის, იოანე ნათლისმცემლის, წმ. ბარბარეს, აგრეთვე, სვეტიცხოვლის (ავტორი ნიკოლოზ გულაბერისძე), წმ. ნინოს და სხვა ორიგინალური დაუჯდომლები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ყაუხჩიშვილი ს., ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1963;
- Пападопуло-Керамевс А., Акафист, «Византийский временник», 1903, т. 10;
- მისივე, О настоящем положении вопроса об Акафисте, იქვე, 1910, т. 15;
- „ლოცვანი და დაუჯდომელი ღმრთისმობლისაჲ“. ახალი, შესწორებული გამოცემა მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. საეკლესიო ბიბლიოთეკა, ტ. III. თბ., 2006;
- ქავთარია მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.