ბარის წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკა
ბარის წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკა (იტალ. Basilica di San Nicola) — კათოლიკური ბაზილიკა იტალიის ქალაქ ბარიში. აგებულია სპეციალურად ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ნეშტის დასასვენებლად, რომელიც 1087 წელს გადმოასვენეს ქალაქ მირიდან (ამჟამად თურქეთი).
ბარის წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკა | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°07′48″ ჩ. გ. 16°52′13″ ა. გ. / 41.13000° ჩ. გ. 16.87028° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | კათოლიციზმი |
ქვეყანა | იტალია |
ადგილმდებარეობა | ბარი, იტალია |
ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | ბარი-ბიტონტოს კათოლიკური ეკლესიის არქიდიოცეზი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | რომანული |
თარიღდება | XI საუკუნე |
ბაზილიკის ისტორია
რედაქტირება1087 წლის 22 მაისს, როდესაც წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ცხედარი გადაასვენეს ქალაქ ბარიში, ჰერცოგი როჯერ I ბორსა და არქიეპისკოპოსი ურსონი იმყოფებოდნენ რომში, პაპ ვიქტორ III-ის კორონაციაზე. ცხედარი დროებით შესანახად გადასცეს ბენედიქტელთა მონასტერში მოღვაწე აბატ ილიას. დაბრუნებისთანავე არქიეპისკოპოსი შეეცადა სიწმინდის ხელში ჩაგდებას, რამაც არეულობა გამოიწვია. აბატმა შეძლო ურსონის დარწმუნება, რომ უარი ეთქვა განზრახვაზე და მიიღო წინადადება აეშენებინა ტაძარი ცხედრის დასასვენებლად.
ტაძრის მშენებლობის ადგილად შეარჩიეს ქალაქის ცენტრალური ნაწილი. მიწა ჰერცოგმა როჯერმა საჩუქრად გადასცა ეკლესიას. 1089 წლის 1 ოქტომბერს ეკლესია აკურთხა პაპმა ურბან II-მ. წმინდანის ცხედარი ტაძრის ნეკროპოლისში დაასვენეს. აშენებიდან ძალიან მალე ბაზილიკა მნიშვნელოვანი ისტორიული ამბების შემსწრე გახდა:
- 1095 წელს პეტრე ამიენელმა სწორედ აქ იქადაგა, რასაც მოჰყვა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა.
- 1098 წელს ბაზილიკაში გაიმართა საეკლესიო კრება ურბან II-ის ხელმძღვანელობით, სადაც განიხილავდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ ეკლესიების გაერთიანების საკითხებს, რომელიც წარუმატებლად დასრულდა.
მშენებლობა გაგრძელდა 1105 წლამდე. 1156 წელს ვილჰელმ I-ის მიერ ქალაქის დაპყრობის დროს ბაზილიკა დაზიანდა და აღადგინეს 1160 წელს.
იმპერატორ ფრიდრიხ II შტაუფენის დროს კარის ეკლესია იყო, ხოლო ანჟუელთა დინასტიის პერიოდში — სასახლის ეკლესია. 1799 წლის 9 აპრილს ბაზილიკა საფრანგეთის ჯარმა გაძარცვა.
მნიშვნელოვანი სარესტავრაციიო სამუშაოები ჩაუტარდა 1928-1956 წლებში. 1951 წელს პაპმა პიუს XII-მ იგი დომინიკანელთა ორდენს გადასცა.
1969 წლიდან მართლმადიდებლებს მიეცათ ბაზილიკის საძირკველში მსახურების უფლება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბარი (სტატია მართლმადიდებლურ ენციკლოპედიაში)
- ბარის წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკა და მისი ისტორიული და მხატვრული საგანძური
- წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკის საგანძურის გამოფენა ბარიში