ლიტურგია
ლიტურგია — ქრისტიანობაში უმთავრესი ღვთისმსახურება, რომლის მიმართაც სადღეღამისო წრის ყველა სხვა ღვთისმსახურება მოსამზადებელს წარმოადგენს. ლიტურგია თვით იესო ქრისტეს მიერ საიდუმლო სერობაზე დადგინდა და ტიპიკონით განსაზღვრული იშვიათი გამონაკლისის გარდა ყოველ დილით აღესრულება. ლიტურგიაზე სრულდება საიდუმლო ევქარისტიისა, რომლის დროსაც სულიწმინდის მოქმედებით პური და ღვინო ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდაიქმნება, და რომლითაც მორწმუნენი ეზიარებიან. იგი სამი ნაწილისაგან შედგება: პროსკომიდია, კათაკმეველტა ლიტურგია და მართალთა ლიტურგია. წლის განმავლობაში ჩვეულებრივ სრულდება ე. წ. ლიტურგია იოანე ოქროპირისა. დიდი მარხვის კვირადღეებში, დიდ ხუთშაბათსა და დიდ შაბათს სრულდება ლიტურგია ბასილი დიდისა, რომელიც შედარებით ვრცელი სამღვდელო ლოცვებით გამოირჩევა. დიდი მარხვის ოთხშაბათ და პარასკევ დღეებში სრულდება ლიტურგია პირველშეწირული ძღვენისა. ლიტურგია მხოლოდ მღვდლის ან მღვდელთმთავრის მიერ აღესრულება ტაძარში.
ადრეულ ეკლესიაში აღესრულებოდა და იაკობის ლიტურგია, რომელიც ცნობილია თავისი მოცულობით.
საღმრთო ლიტურგია რამდენიმე სახელითაა ცნობილი. პირველი სახელწოდება ლიტურგია ბერძნულია და ნიშნავს „საერთო მსახურებას“, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ზიარების საიდუმლოში ღვთისადმი შეიწირება მსხვერპლი მთელი მორწმუნე ერისათვის, ცოდვებისათვის როგორც ცოცხალთა, ისე მკვდართა. ბერძნები წმ. საიდუმლოს ზიარებას უწოდებდნენ „ევქარისტიასაც“, ამიტომ ლიტურგია ხშირად იწოდება ევქარისტიად. მოციქულთა დროს ლიტურგიას კიდევ უწოდებდნენ „პურის განტეხას“ (საქმე, მოც. 3.46).
წირვაზე მორწმუნენი იხსენიებენ იესო ქრისტეს ცხოვრებასა და სწავლებას მაცხოვრის შობიდან მის ამაღლებამდე.
ლიტურგიის შესრულების წესი ასეთია: თავდაპირველად მზადდება მასალა და საკრალური ნივთები საიდუმლოს შესასრულებლად. შემდეგ მორწმუნენი ემზადებიან საიდუმლოსათვის, ბოლოს სრულდება თვით საიდუმლო და მორწმუნენი ეზიარებიან. ამიტომ ლიტურგია იყოფა სამ ნაწილად:
- კვეთა (პროსკომიდია)
- კათაკმეველთა ლიტურგია
- ლიტურგია მართალთა
ლიტერატურა რედაქტირება
- „გზა ტაძრისაკენ“, ბათუმი, 2009 წ.
- „მცირე საეკლესიო ენციკლოპედია“, «საქართველოს ეკლესიის 2005 წლის კალენდარი», თბ. 2004, გვ. 184