ტიპიკონი (ბერძ. Τυπικόνნიმუში, ფორმულა, დაფუძნება) — ღვთისმსახურების გარკვეული და სავალდებულო წესის შემცველი ლიტურგიკული წიგნი, რომელიც განსაზღვრავს წლის ყოველი დღის ღმრთისმსახურების შემადგენლობას, რიგსა და წესს. აგრეთვე, მასში მითითებულია დღესასწაულები, მარხვები, მსგეფსები მთელი წელიწადისათვის და ამათ გარდა, რამდენიმე წესი მონაზვნური ცხოვრებისა. თუმცა, ყველა ღმრთისმსახურებას არ განსაზღვრავს ტიპიკონი, არამედ ზოგიერთი ღმრთისმსახურების განგება სხვადასხვა საღმრთისმსახურო წიგნებში არის მოცემული. მაგალითად: ლიტურგიის განგება და წესი (მისი სამი სახესხვაობით) გადმოცემულია კონდაკში; შუაღამიანის, ჟამნებისა და სერობების – ჟამნში; საიდუმლოთა შესრულების, მიცვალებულის დამარხვის, წყლის კურთხევის, ტაძართა კურთხევის, მონაზვნად აღკვეცის – კურთხევანში. ტიპიკონის მთავარი დანიშნულება კი მდგომარეობს შემდეგში: შეაერთოს თვენი პარაკლიტონთან, ან თვენი ტრიოდიონთან მწუხრისა და ცისკრის ღმრთისმსახურებებზე. სხვა მსახურებებს ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ეხება, როდესაც დღესასწაულისა თუ მარხვის მოთხოვნით ამ მსახურებათა წესი რომელიმე ნაწილში იცვლება.

ცნობილია ორი სახის წესი: ტიპიკონი სამრევლო და სამონასტრო. საქართველოში მოქმედებდა ორნაირი სამრევლო წესი: იერუსალიმის ანუ ქრისტეს საფლავისა და კონსტანტინოპოლის წმინდა სოფიოს ტაძრის, ანუ დიდი ეკლესიისა. სამონასტრო წესებიდან აღსანიშნავია სამი: საბა წმიდისა (პალესტინაში), სტუდიტეს მონასტრისა (კონსტანტინოპოლი) და ათანასე დიდის ლავრისა (ათონის მთაზე); ტიპიკონი მღვდელთმსახურთა წიგნისა, რომელიც შეიცავს ღვთისმსახურების შესრულების წესებსა და მითითებებს, უძრავ და მოძრავ დღესასწაულთა განლაგების შესახებ, ამას ემატება დისციპლინური წესები მონაზონთათვის და სხვა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება