მითანი

(გადამისამართდა გვერდიდან მითანის სამეფო)

მითანიხურიტების მძლავრი პოლიტიკური გაერთიანება. ჩამოყალიბდა ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებში (ძვ. წ. XVI ს.), ხოლო განადგურდა ძვ. წ. XIII საუკუნეში ასურეთის იმპერიის მიერ.

ახლო აღმოსავლეთის რუკა (დაახ. ძვ.წ. 1400), მითანის სამეფო.
ძველი მესოპოტამია
ასირიოლოგია
ქვეყნები / იმპერიები
შუმერი: ურუქიურიერიდუ
ქიშილაგაშინიფური
აქადის იმპერია: აქადი
ბაბილონიისინისუზა
ასურეთი: აშურინინევია
დურ-შარუქინინიმრუდი
ბაბილონიაქალდეა
ელამიამორიტები
ხურიტებიმითანი
კასიტებიურარტუ
ქრონოლოგია
შუმერის მეფეები
ასურეთის მეფეები
ბაბილონის მეფეები
ენა
ლურსმული დამწერლობა
შუმერული ენააქადური ენა
ელამური ენახურიტული ენა
მითოლოგია
ენუმა ელიში
გილგამეშიმარდუქი

ეჭირა ჩრდილოეთი შუამდინარეთის ვრცელი ტერიტორია, რომელიც მოიცავს ევფრატის შუა წელზე მდებარე ველის ჩრდილოეთით გადაჭიმულ ოლქებს, კერძოდ, მდინარეების – ბალიხისა და ხაბურის – ველს და ტიგროსის ზემო დინების ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა რაიონს.

სახელწოდება

რედაქტირება

ძვ. წ. III-II ათასწლეულების ძველაღმოსავლურ წერილობით წყაროებში მთელი ეს ტერიტორია უმთავრესად სუბართუს სახელით აღინიშნებოდა. სახელწოდება „სუბართუ“ ძველ ბაბილონში აღნიშნავდა ტერიტორიას, რომელიც საერთოდ ბაბილონის ჩრდილოეთით იყო, ე.ი. მთელ ჩრდილოეთ შუამდინარეთსზაგროსის მთიანეთსა და ევფრატს შორის მდებარე რაიონებს (ასურეთის ჩათვლით).

ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან ძველაღმოსავლურ (ნუზის, ხეთურ, ალალახისა და სხვ.) წყაროებში ჩნდება იმავე ტერიტორიის აღმნიშვნელი ახალი სახელწოდება — „მითანი“. დაახლოებით ამავე ხანებიდან მითანის ტერიტორიის აღსანიშნავად ეგვიპტურ წყაროებში იხმარებოდა სემიტური წარმოშობის „ნაჰარინა“ („ნაჰრინა“), რაც სიტყვასიტყვით „ორმდინარეთს“ ნიშნავს („ძველ აღთქმაში“ ეს ტერმინი შემოინახა „ნაჰარაიმ“-ის ფორმით). ასურულ წარწერებში ცნობილია „ხანიგალბათის“ სახელწოდებით.

ბუნებრივი პირობები და გეოგრაფიული გარემო

რედაქტირება

მითანის სამეფო მოიცავდა ტერიტორიას, რომლის ბუნებრივი საზღვარი დასავლეთით ზემო ევფრატი იყო, ხოლო აღმოსავლეთით — ტიგროსის ზემო დინება. ეს მდინარეები ამ ადგილებში თითქმის სრულიად უვარგისია სარწყავად, რადგან ისინი უმეტესად მთებში მოედინებიან. ევფრატი და ტიგროსი აქ ალბათ ინტენსიური ნაოსნობისათვისაც არ გამოიყენებოდა. დაბლობ ადგილებში აქა-იქ მოსარწყავად იყენებდნენ ჭის წყალს.

მითანის სამეფოს ბუნებრივი საზღვარი სამხრეთით, ალბათ, ევფრატის შუა წელზე მდებარე ველი უნდა ყოფილიყო (აქ მდებარეობდა ხანას სამეფო). ამ მხარეში ევფრატს ერთვის ორი მარცხენა შენაკადი – ბალიხი და ხაბური, რომელთა სათავეებში ხურიტულ ტომთა განსახლების ერთ-ერთი მთავარი არეალი იყო.

ჩრდილოეთის მიმართულებით მითანის ქვეყანა მოიცავდა სომხეთის ზეგანის იმ ნაწილს, რომელიც ევფრატის მარცხენა მხარეში მდებარეობს და სამხრეთისაკენ მიმართულ რკალს ქმნის.

მოსახლეობა

რედაქტირება

ჩრდილოეთ შუამდინარეთი დასახლებული იყო უძველესი ხანიდან. გაურკვეველია იმ ტომთა ეთნიკური ვინაობა, რომლებიც აქ ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებამდე ცხოვრობდნენ. წერილობითი წყაროების მიხედვით, ხურიტულ ენაზე მოლაპარაკე ტომები აქ ჩნდებიან მხოლოდ III ათასწლეულის მეორე ნახევრიდან. ამის გამო უმეტესად ვარაუდობენ, რომ ხურიტული ტომები არ იყვნენ ზემო მესოპოტამიის ძველისძველი ბინადარნი, რომ ისინი აქ უნდა გადმოსახლებულიყვნენ აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიიდან (ზაგროსის მთიანეთიდან) ან ვანის ტბის ირგვლივ განლაგებული ოლქებიდან, ანდა ჩრდილოეთიდან. ზოგჯერ იმასაც ვარაუდობენ, რომ ხურიტები ზემო მესოპოტამიის, სომხეთის ზეგნისა და ჩრდილოეთ სირიის ადგილობრივი მცხოვრებნი იყვნენ.

უკვე ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრიდან იწყება ხურიული ეთნიკური ელემენტის გავრცელება ჩრდილოეთ შუამდინარეთიდან წინა აზიის სხვადასხვა ქვეყანაში. ამ დროისათვის ხურიტული ელემენტი აშკარად ჩანს სამხრეთ შუამდინარეთში. II ათასწლეულის დასაწყისიდან ხურიტები თანდათან ფეხს იკიდებენ ევფრატის დასავლეთით მდებარე ოლქებში, კერძოდ, ჩრდილოეთ სირიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში (ქიზუვათნა). ხურიტული ეთნიკური ელემენტი არსებობდა II ათასწლეულის დასაწყისის კაბადოკიაშიც, როდესაც აქ დიდი საერთაშორისო ვაჭრობა იყო გაჩაღებული. საკმაოდ ძლიერი ხურიტული ეთნიკური ელემენტი იყო ალალახის ქალაქ-სახელმწიფოსა და ხეთების სამეფოებში ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან. ამავე ხანებში ხურიტები მომძლავრებული იყვნენ ნუზიში და არაფხაში. ჩრდილოეთ სირიის მიმართულებით ხურიტულ ტომთა მოძრაობას უკავშირებენ ჰიქსოსების შეჭრას ეგვიპტეში. ეს თითქოს უნდა მომხდარიყო მას შემდეგ, რაც ხურიტებმა შეავიწროვეს დასავლურ-სემიტური (ამორეული) წარმოშობის ტომები, რომლებიც ეგვიპტის ჩრდილოეთით მდებარე ვრცელ ტერიტორიაზე ბინადრობნენ.

როგორც ჩანს, ძვ. წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარში მითანის ტერიტორიაზე შეიჭრა უმნიშვნელო არიული ეთნიკური ელემენტი, რომელმაც მითანის სამეფოს ძლიერების დროისათვის (1450-1350 წწ.) განიცადა ხურიზაცია (არიული ეთნიკური ჯგუფის კვალი შემორჩა ღვთაებათა და პირთა, კერძოდ, მეფეთა სახელებში, მეცხენეობასთან დაკავშირებულ სპეციალურ ტერმინებში). II ათასწლეულის დასასრულიდან იწყება ამორეველ ტომთა შეჭრა ხურიტების ტერიტორიაზე, რამაც გამოიწვია მათი გასემიტება. I ათასწლეულის დასაწყისში ხურიტული ელემენტი შემორჩენილი უნდა ყოფილიყო ამავე ტერიტორიაზე წარმოქმნილ გუზანას სამეფოში, რომელიც ძირითადად არამეელებით იყო დასახლებული. ვარაუდობენ, რომ სახელწოდება „მითანი“ („მაითენი“) შემორჩა ჰეროდოტეს მიერ ნახსენებ „მატიენთა“ ტომის სახელში.

წინარეისტორია

რედაქტირება

მითანის სამეფოს წარმოქმნას წინ უსწრებდა ჩრდილოეთ მესოპოტამიის ტერიტორიაზე ხურიტთა ცალკეულ პოლიტიკურ ერთეულთა ბატონობის ხანა, რომელიც თითქმის ერთ ათასწლეულს მოიცავდა. III ათასწლეულის მეორე ნახევრიდან დაწინაურდნენ ურქიშის, ნავარისა და ქარხარის სამთავროები, რომელთა მმართველები (თიშარი, არისენი) ცდილობდნენ მეზობელი რაიონების დამორჩილებას. ისინი ატარებდნენ „მეფის“ ტიტულს და ხურიუტლ და აქადურ ენებზე ადგენდნენ წარწერებს. ამავე ხანებში ჩრდილოეთ შუამდინარეთი მოექცა აქადის დინასტიის სახელმწიფოს პოლიტიკურ გავლენაში, ხოლო III ათასწლეულის დასასრულს ეს ტერიტორია განიხილებოდა როგორც ურის III დინასტიის დროინდელი სახელმწიფოს ნაწილი. ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში მთელი ეს მხარე ძლიერი ასურეთის მორჩილებაში უნდა მოქცეულიყო, მით უმეტეს, რომ კაპადოკიაში გაჩაღებული ვაჭრობა მოითხოვდა აქ გამავალ გზებზე სრულ ბატონობას.

ძვ. წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარში ხურიტების პოლიტიკური ცხოვრების შესახებ წერილობით წყაროებში შედარებით მცირე ცნობებია დაცული. ვიცით, რომ ამ პერიოდში ხდებოდა მათი ინტენსიური განსახლება ევფრატის დასავლეთით მდებარე ტერიტორიაზე, სახელდობრ, ჩრდილოეთ სირიასა და მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში. დასავლეთ ევფრატისპირა ოლქების ერთი ნაწილი კი ხურიტების პოლიტიკურ გავლენაშიც უნდა მოხვედრილიყო. ხურიტები საკმაოდ მომრავლდნენ იამხადსა და ალალახში, რომლებიც მაშინდელ წინა აზიაში (ძვ. წ. XVIII-XVII სს.) ძლიერ სამეფოებად ითვლებოდნენ, თუმცა ამ ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში ისინი ჯერ კიდევ არ ასრულებდნენ წამყვან როლს. ისინი აქ გამოყენებული უნდა ყოფილიყვნენ როგორც დამხმარე მუშახელი, ხელოსნები ან მეომრები.

ასევე უნდა ყოფილიყო იმავე ხანის წინა აზიის სხვა ადგილებშიც, სახელდობრ ასურეთშიც, ბაბილონში, მარის სამეფოში, სადაც ხურიტული წარმოშობის სახელების მატარებელი ადამიანები სხვადასხვა საქმიანობას ეწეოდნენ. II ათასწლეულის დასაწყისში ხურიტული სამყაროს გავლენა შეიმჩნევა შემშარაში, რომელიც დოქანის ოლქში, მდ. ზემო ზაბზე მდებარეობს (აქ იპოვნეს ძვ. წ. XVIII საუკუნის დროინდელი ლურსმული ფირფიტები).

ბრძოლა ხეთებთან

რედაქტირება

ხეთების ძველი სამეფოს წარმოქმნამ შეაფერხა ხურიტების პოლიტიკური ექსპანსია დასავლეთის მიმართულებით. ამ დროიდან ხურიტები იბრძოდნენ არა მარტო ხეთების სამეფოს აღმოსავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქებში, არამედ ისინი არაერთხელ შეიჭრნენ თვით ხეთების ქვეყანაში და მიწასთან გაასწორეს ხეთების დასახლებული პუნქტები. ერთ-ერთი ასეთი დიდი შემოსევა მოხდა ხათუსილი I-ის დროს (ძვ. წ. XVII საუკუნის მეორე ნახევარი), როდესაც ხურიტებმა დალაშქრეს ხეთების თითქმის მთელი აღმოსავლეთი მხარე. ხურიტების შემოსევას გადაურჩა მხოლოდ ხათუსა, რომელიც ხათუსილიმ თავის რეზიდენციად გადააქცია.

ხურიტებს დიდი ბრძოლა გადახდათ მურსილი I-თან, რომელმაც დაამხო ხალიფას (იამხადის) სამეფო და დაანგრია ქ. ბაბილონი (ძვ. წ. 1595 წ.). მიუხედავად იმისა, რომ ისინი დამარცხდნენ მურსილისთან ბრძოლაში, მათ ახალი ძალით შეუტიეს ხათის ქვეყანას ხანთილი I-ის მეფობის დროს (ძვ. წ. XVI საუკუნის პირველი ნახევარი), როდესაც ხურიტებმა ააოხრეს ხათის ტერიტორია, ხოლო დედოფალი ხარაფსილი შვილებითურთ მოიტაცეს და ქ. სუქციაში ყველანი სიკვდილით დასაჯეს.

მართალია, ხურიტ ტომთა შემოტევებს ხეთები წარმატებით იგერიებდნენ ძველი სამეფოს ხანაში, მაგრამ ხურიტების განდევნა მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთი რაიონებიდან ხეთებმა მაინც ვერ მოახერხეს, ისევე როგორც მათ ვერ შეძლეს საკუთრივ „ხურიტთა ქვეყანაში“ ლაშქრობა.

წარმოშობა

რედაქტირება

დაახლოებით ძვ. წ. XVI საუკუნის შუა ხანებში ხურიტების პოლიტიკური ჰეგემონობა უნდა გავცელებულიყო საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე. სწორედ ამ დროისათვის წარმატებით დამთავრდა ხურიტ ტომთა კონსოლიდაციის პროცესი და ზემო მესოპოტამიაში ჩამოყალიბდა მითანის სამეფო, რომელსაც ეგვიპტის, ასურეთისა და ხეთების სამეფოების ტოლად თვლიდნენ. მითანის მმართველები, რომლებიც ძირითადად ინდოარიული წარმოშობის სახელებს ატარებდნენ, ეგვიპტის ფარაონებსაც „ძმებად“ მიიჩნევდნენ.

მითანის სამეფოს წარმოქმნის პირველსავე ხანებში, ისევე როგორც ამ სამეფოს არსებობის თითქმის მთელ მანძილზე, ჩრდილოეთ სირიის საკითხს ძირითადი ადგილი ეკავა მითანის საგარეო პოლიტიკაში. ექსპანსია ჩრდილოეთ სირიაში თავისთავად გულისხმობდა, რომ ადრე თუ გვიან მითანი აუცილებლად შეეჯახებოდა როგორც ხეთების სამეფოს, რომელიც დიდი ხანია იბრძოდა ჩრდილოეთ სირიაში ბატონობისათვის, ასევე ეგვიპტეს – სირია-პალესტინით ასევე დიდად დაინტერესებულ სახელმწიფოს. მითანის პოლიტიკის გატარებას ჩრდილოეთ სირიაში ხელს უწყობდა ის გარემოება, რომ ძვ. წ. 1500 წლისათვის ამ ორ საშიშ მეტოქეთაგან ერთ-ერთი, სახელდობრ, ხათი, დასუსტებული იყო ისე, რომ არ შეეძლო სერიოზული წინააღმდეგობა გაეწია მითანისთვის. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მითანს არ ელოდა საფრთხე, ასურეთისა და ბაბილონის მხრიდანაც, რადგან აღნიშნული პერიოდისათვის წინა აზიის ამ ორ დიდ სახელმწიფოს ძალა არ შესწევდა შეეჩერებინა მითანის დაპყრობები. უფრო მეტიც, მოგვიანო ხანებში, მითანი თვით ასურეთშიც გაბატონდა.

ეგვიპტელთა ექსპანსია

რედაქტირება

მითანმა დიდი წარმატებები მოიპოვა საგარეო პოლიტიკაში საუშშათარის (საუშსათათარის, საუშთათარის) მმართველობის ხანაში (დაახ. 1495-1470 წწ.). მითანის ეს მბრძანებელი თანამედროვე იყო ეგვიპტის ფარაონების თუტმოს III-სა და ამენჰოტეპ II-ისა. მისი მმართველობისას, მითანი კონტროლს უწევდა არა მარტო ჩრდილოეთ სირიის სამთავროებს (ხალაფს, ქარხემიშს, ალალახს), არამედ შუა სირიის ქალაქ-სახელმწიფოებსაც: ნუხაშეს, კატნასა და სხვებს.

მითანის ასეთმა წარმატებებმა ევფრატის დასავლეთ მხარეში დააჩქარა ეგვიპტის გამოჩენა ჩრდილოეთ სირიაში. ფარაონ თუტმოს III-მ, რომელმაც სირია-პალესტინაში რამდენიმეჯერ ლაშქრობის შემდეგ ეგვიპტის პოლიტიკურ გავლენაში მოაქცია მთელი სამხრეთი და შუა სირიის სამთავროები, თავისი მეფობის ბოლო წლებში ჩრდილოეთ სირიის მთავარ რაიონს – ხალაფსაც მიაღწია. სამეფო ქალაქის აღების შემდეგ თუტმოსი ქარქემიშთან შეებრძოლო მითანის რაზმებს, რომლებიც დამარცხდნენ, და მიაღწია ევფრატს. ვარაუდობენ, რომ ფარაონმა ვერ შეძლო ევფრატის მარცხენა მხარეში გალაშქრება საუშშათარის მძაფრი წინააღმდეგობის გამო. თუტმოს III-მ მითანელთა რაზმები დაამარცხა აგრეთვე მოგვიანებითაც, როდესაც მან ქადეში აიღო, ეგვიპტელებმა ხელთ იგდეს 700-მდე მითანელი მეომარი და 150-მდე ცხენი, რაც დიდად ფასობდა იმდროინდელ წინა აზიაში.

საუშშათარის ლაშქრობები

რედაქტირება

ჩრდილოეთ სირიაში მოპოვებული წარმატებების მიუხედავად ეგვიპტემ ვერ შეარყია მითანის ბატონობა. ხალაფი, ალალახი და ქარქემიში კვლავინდებურად ამ სამეფოს ვასალებად ითვლებოდნენ.

ამ დროისათვის ხურიტები ხეთების ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე რაიონშიც გააქტიურდნენ: მათი პოლიტიკური ჰეგემონობა ქიზუქათნაზეც გავრცელდა. სავარაუდებელია, რომ ისინი ხეთების აღმოსავლეთ რაიონებსაც უტევდნენ.

გაძლიერებულმა მითანმა მის საშიშ მეტოქეს – ასურეთსაც – შეუტია. ერთ-ერთი ლაშქრობისას საუშშათარმა სასტიკად დაამარცხა ასურეთი, აიღო ქ. აშური და გაძარცვა. მითანელები უმდიდრესი ნადავლით დაბრუნდნენ ვაშუქანიში, სადაც საუშშათარმა ოქრო-ვერცხლით მოჭედილი ალაყაფის კარიც ჩამოიტანა. აშურში მითანმა დააყენა თავისი ნაცვალი, რომელიც აშურის საბჭოს შემადგენლობაშიც შედიოდა. ნაცვლებს (სუქქალუ) ყოველწლიურად ირჩევდნენ. ადგილობრივი მმართველის როლი დამცირებული იყო.

ამავე ხანებიდან მითანის ქვეშევრდომები ხდებიან ტიგროსის ზემო და შუა დინებებთან მდებარე სხვადასხვა რაიონებიც, მათ შორის ნინევია, ნუზი და არაფხა. ამ დროიდან მოყოლებული, ნუზი-არაფხას მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა ძირითადად ხურიუტლი იყო. ნუზი გადაიქცა ამ ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრად. მითანის გაბატონებული მდგომარეობა ევფრატის დასავლეთით არ შეცვლილა საუშშათარის მემკვიდრის ართათამა I-ის დროს (დაახ. ძვ. წ. 1470–1455). ეგვიპტე–მითანის საგარეო ურთიერთობაში ხდება გარდატეხა, რის შედეგადაც ამ ორ სახელმწიფოს შორის მშვიდობიანობა დამყარდა, ორივე მხარემ აღიარა „სტატუს კვო“ – მითანი დარჩა ჩრდილოეთ სირიის ბატონ-პატრონად, ხოლო ეგვიპტე – შუა და სამხრეთ სირიისა.

მითანი-ეგვიპტის კავშირი

რედაქტირება
 
თუშრათას წერილი ამენჰოტეპ III-ისადმი.

მითანისა და ეგვიპტის ურთიერთობაში ასეთი მკვეთრი შემობრუნება გამოწვეული იყო ხეთების კვლავ გამოჩენით ჩრდილოეთ სირიაში. ხათის მეფე თუთხალია II-მ ხალაფში ილაშქრა, გაანადგურა იგი ხოლო შემდეგ მითანიც დაამარცხა. ამის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ეგვიპტეს და მითანის გაუჩნდათ ერთი საერთო მეტოქე – ხათი, რომელიც ჩრდილოეთ სირიაში თავისი ძველი ბატონობის აღდგენას ცდილობდა, ამიტომ, ამ ორმა სახელმწიფომ ამჯობინა გაერთიანება ხეთების წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა სინამდვილეში ხათი ჯერ კიდევ არ იყო მომძლავრებული. სწორედ ამას მოჰყვა დინასტიური კავშირი ამ ორ ყოფილ მეტოქეს შორის: ართამამამ ერთ-ერთი თავისი ქალიშვილი მეუღლედ გაუგზავნა თუტმოს IV-ს.

მითანის სამეფოს შემდეგი მმართველის – შუთარნა II-ის – დროს (ეს უკანასკნელი ამენჰოტეპ III-ის თანამედროვე იყო) მითანის ბატონობა ჩრდილოეთ სირიაში არ შესუსტებულა, რადგან ხეთების ლაშქრობამ ხალაფში ვერ აღადგინა ხათის ძველი პოზიციები. ასურეთი და მისი მეზობელი რაიონები ძველებურად მითანის სამეფოს მორჩილი იყვნენ. ეგვიპტესთან კი კვლავაც გრძელდებოდა მეგობრული პოლიტიკა, რისი დადასტურებაც იყო ამენჰოტეპ III-ის მიერ შუთარნას ქალიშვილის – გილუ-ხეფას (მითანის მომავალი მეფის – თუშრათას დის) – ცოლად შერთვა, ხოლო როდესაც ეს ფარაონი ავად გახდა, მითანისაგან მან მიიღო ნინევიის ქალღმერთ იშთარის ქანდაკება, რომელსაც უნდა განეკურნა ამენჰოტეპ III. ფარაონისა და გილუ-ხეფას ქორწინების აღსანიშნავად დამზადებული იყო სპეციალური წარწერა, რომელიც იტყობინებოდა, რომ ამ ქორწინების დროს დედოფალს თან ხლებია სამასზე მეტი სეფე-ქალისაგან შემდგარი ამალა.

ეგვიპტე ერთგულ მეგობრად მიაჩნდა თუშრათასაც. როდესაც ამენჰოტეპ III კვლავ ავად გახდა მეფობის ბოლო წლებში, თუშრათამ (ისევე როგორც შუთარნა II-მ) მას განსაკურნავად ნინევიელი იშთარის გამოსახულება გაუგზავნა. უფრო ადრე ფარაონს გაუგზავნა თავისი ქალიშვილი თადუ-ხეფა, რომელიც ამენჰოტეპ III-ის გარდაცვალების შემდეგ ამენჰოტეპ IV-ის (ეხნატონის) მეუღლეც გახდა. ამ ხანებს განეკუთვნება თუშრათას ცნობილი წერილი ამენჰოტეპ III-სადმი, რაც ეგვიპტე-მითანის მეგობრობის ახალი დადასტურება იყო. ამ წერილიდან ვგებულობთ, რომ მითანი უკვე ჩაება ხეთების მიერ წამოწყებულ ბრძოლაში, რომელიც სირიის სამთავროების დამორჩილებისაკენ იყო მიმართული. ამდენად, მითანი იცავდა ეგვიპტის ინტერესებსაც სირიაში, სადაც ამენჰოტეპ III-ს არ შეეძლო იარაღით დაეცვა თავისი სამფლობელოები ეგვიპტის სამხედრო ძლიერების დაცემის გამო. სამაგიეროდ, თუშრათა სთხოვდა ფარაონს დახმარებოდა მას ოქროთი, რომელიც თითქოს ეგვიპტეში ისე უხვად იყო, როგორც ქვიშა.

ხათის გააქტიურება

რედაქტირება

თუშრათას (ამენჰოტეპ III-ის, ამენჰოტეპ IV – ეხნატონისა და სუფილულიუმას თანამედროვის) მმართველობის პირველ ნახევარში მითანი კვლავ რჩებოდა წინა აზიის უძლიერეს სახელმწიფოდ. ამ დროს თუშრათა წარმატებით ახორციელებდა წინაპართა საგარეო პოლიტიკას. ჩრდილოეთ სირიასთან, კერძოდ, ხალაფთან ურთიერთობა კვლავ გრძელდებოდა, განიხილებოდა რა ხალაფი მითანის ქვეშევრდომად. ასურეთი ამ პერიოდშიც მითანის ემორჩილებოდა. მცირე აზიის აღმოსავლეთ პერიფერიებზე თუშრათამ დასაწყისში წარმატებით მოიგერია ხეთები, რომლებიც საკმაოდ მომძლავრდნენ და უკვე მითანს ემუქრებოდნენ.

მალე ისინი გამოჩნდნენ ევფრატის დასავლეთით. ხათი აღემატებოდა თუშრათას სამხედრო ძლიერებას. მისი ენერგიული მმართველის – სუფილულიუმას მოქმედებამ ძველი დიდება დაუბრუნა ხეთებს. მას შემდეგ, რაც სუფილულიუმამ ევფრატი გადალახა და ისუვას ქვეყანა დაიმორჩილა, ხათის მეფე მაშინვე გაემართა ვაშუქანისაკენ, მოულოდნელად დაატყდა თავს მითანის დედაქალაქს, დაანგრია და გაძარცვა იგი. თუშრათამ ვერც მოასწრო რაიმე წინააღმდეგობის გაწევა და ბრძოლას განერიდა. ამის შემდეგ სუფილულიუმამ სირიას შეუტია. მან ზედიზედ დაიპყრო სირიის სამთავროები (ხალაფი, ალალახი, ნუხაშე, ამურუ და სხვ.) და ლიბანის მთები თავის საზღვრად გამოაცხადა.

ამ გზით სუფილულიუმამ მითანის ჩამოაშორა ყველა მისი მოკავშირე, რომლებიც ევფრატის დასავლეთ მხარეში იყვნენ. თავისი რეფორმებით გატაცებულ ეხნატონს კი არ ეცალა და არც შეეძლო წინ აღდგომოდა სუფილულიუმას, რითაც იგი დახმარებას გაუწევდა თავის ყოფილ მოკავშირეს. ამრიგად, მითანი მარტოდმარტო აღმოჩნდა საშიში მტრის – ხათის – წინაშე. ამ დროს მითანის სამეფო კარზე მზადდებოდა დიდი შეთქმულება, რომელშიც ასურეთი უნდა ყოფილიყო ჩარეული. საქმე იმით დამთავრდა, რომ თუშრათა ერთ-ერთმა მისმა შვილმა სიცოცხლეს გამოასალმა.

აღსასრული

რედაქტირება

შექმნილი მდგომარეობით უმალვე ისარგებლა ასურეთმა, რომელსაც ასურუბალიტ I მართავდა. ასურეთის ლაშქარი, ალშეს ქვეყნის რაზმებთან ერთად, მითანის ტერიტორიაზე შეიჭრა და მითანელები დაამარცხა. მითანი იძულებული გახდა ეცნო ასურეთის დამოუკიდებლობა და მისთვის დაებრუნებინა საუშშათარის დროს აშურიდან წამოღებული ოქრო-ვერცხლით მოჭედილი ალაყაფის კარიც.

მითანის სამეფო ტახტის კანონიერმა მემკვიდრემ – შათივაზამ, თუშრათას ძემ, სამეფო კარზე მომხდარი გადატრიალების დროს თავს გაქცევით უშველა და სუფილულიუმას შეეკედლა. ხათის მბრძანებელმა ეს გარემოება თავისი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენა: შათივაზას ჯერ ცოლად შერთო თავისი ქალიშვილი, ხოლო შემდეგ შათივაზა ქარხემიშის მეფეს – ფიასილის (რომელიც სუფილულიუმას შვილი იყო) გაუგზავნა, რათა ხეთებს შეერთებული ძალებით ევფრატი გადაელახათ და ვაშუქანიში შესულიყვნენ. სუფილულიუმას ჩანაფიქრი მიმართული იყო ასურუბალიტ I-ის წინააღმდეგაც, რომელიც ცდილობდა მითანი ასურელებისათვის დაემორჩილებინა, რითაც საბოლოოდ ხეთებს უმზადებდა საშიშ დარტყმას.

სუფილულიუმას გეგმა წარმატებით განხორციელდა. შათივაზამ თავი ხეთების ვასალად გამოაცხადა. მითანი გახდა ხეთების ბუფერული სახელმწიფო, რომელიც ხათის უნდა გამოეყენებინა ასურეთის იერიშების მოსაგერიებლად. მომდევნო ხანებში ასურელებმა ახალი ძალით შეუტიეს მითანის და წარმატებასაც მიაღწიეს: ხეთების გავლენა მითანიში (ანუ ხანიგალბათში, როგორც ასურულ წყაროებშია აღნიშნული) საგრძნობლად შესუსტდა.

ასურეთმა უფრო ენერგიულად შეუტია მითანის სამეფოს სალმანასარ I-ის მმართველობის ხანაში. ამ ქვეყანაში გალაშქრებულ სალმანასარს ბრძოლით შეეგება სათუარა II, რომელსაც ზურგს უმაგრებდა ხათუსილი III. ძნელად მისადგომ ადგილებში მან ალყა შემოარტყა მითანის მეფეს, რომელთანაც ერთად იბრძოდნენ ხეთებისა და ახლამუს რაზმები. სალმანასარმა იგი სასტიკად დაამარცხა. ქაშიარის მთებიდან ქარხემიშამდე გადაჭიმული ვრცელი ტერიტორია ასურეთის სახელმწიფოს შეემატა. მომდევნო ხანებში მითანის ტერიტორია დაიყო რამდენიმე წვრილ პოლიტიკურ გაერთიანებად. მათ თანდათან დაეპატრონენ სამხრეთიდან შემოჭრილი არამეული წარმოშობის ტომები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას შეერივნენ.

ხურიტები თაყვანს სცემდნენ არა მარტო საკუთარი პანთეონის ღვთაებებს, არამედ უცხო წარმოშობის, კერძოდ, ინდოარიული წარმოშობის (მითრა, ვარუნა, ინდრა, ნასატია) ღმერთებსაც. პანთეონის სათავეში იდგა ღვთაებრივი წყვილი: ქალიშხლისა და ამინდის ღვთაება თეშუფი და მისი მეუღლე ხეფათი, რომელთაც თაყვანს სცემდნენ მახლობელი აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში. მათ ძეს – შარუმას – აიგივებდნენ ხეთური ქალაქების – ნერიქისა და ციფალანდის – ქარიშხლისა და ამინდის ღვთაებასთან. შაიმეგი განასახიერებდა მზის ღვთაებას, ხოლო შაუშქა (შავუშქა) ომისა და სიყვარულის ღვთაებას.

მთვარის ღვთაებას ქუშუხი/ქუშახი (მესოპ. სინი, სუენი) ერქვა. ღმერთთა მამას ქუმარვეს (ხეთ. ქუმარბის) ეძახდნენ, ხოლო დიდ დედა-ქალღმერთს – ქუბაბას (ქუვავას). ხურიტებს ჰყავდათ მრავალი მეორეხარისხოვანი ღვთაებაც (თაშმიშუ, ფიშაიშაფხი, ხეშუე და სხვ.).

ხურიტებში გავრცელებული იყო რწმენა სხვადასხვა ფანტასტიკური არსებებისადმი (ნახევრად ფრინველებისადმი, ნახევრად ცხოველებისადმი), რომლებიც ხშირად ფრთებს ატარებდნენ. არსებობდა გველის კულტი. იგი დაკავშირებული იყო ნაყოფიერების ქალღმერთ იშხარასთან.

დასაფლავების წესები სხვადასხვანაირი იყო. მიცვალებულებს მარხავდნენ საცხოვრებელთა იატაკქვეშ ან წვავდნენ.

ხურიუტლმა რელიგიამ დიდი გავლენა იქონია მეზობელ ხალხებზე. ეს განსაკუთრებით ითქმის ხეთებზე.

ხურიტული ლიტერატურა

რედაქტირება

მოღწეულია ხურიტული ლიტერატურის ცალკეული ფრაგმენტები. ეს არის ღვთაებათა ჰიმნები და რელიგიური ხასიათის ტექსტები, აგრეთვე ნაწყვეტები გილგამეშის საგმირო ეპოსიდან (მითი გილგამეშზე და ხუბაბაზე). რამდენიმე ხურიული მითი შემოინახა ხეთური ვერსიით (მაგალითად, მითების ციკლი ღვთაებებზე, ულიქუმიზე და ქუმარვეზე/ქუმარიბზე). ცნობილია აგრეთვე ნაწყვეტები მითიდან გველ ხედამუს შესახებ, მონადირე ქეშიზე, აპუ გმირზე და სხვ.

განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს ხეთურად ნათარგმნი მითის სიუჟეტი ულიქუმიზე და ქუმარვეზე. ეს არის პოემა-მითი ძველი და ახალი დინასტიების ღმერთთა ბრძოლის შესახებ. მსოფლიო კულტურის ისტორიაში ამ პოემას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რადგან იგი განიხილება როგორც ძველი აღმოსავლეთის ლიტერატურის დამაკავშირებელი რგოლი ბერძნულ მითოლოგიურ და პოეტურ ტრადიციებთან. ნავარაუდებია, რომ ქუმარბისა და ულიქუმის ეპიკური ციკლი კავშირშია ჰესიოდესეულ მითთან ტიფონზე, აგრეთვე ჰესიოდეს თხრობასთან ხელისუფლების გადასვლის შესახებ ურანოსიდან კრონოსზე, ხოლო შემდეგ ამ უკანასკნელიდან – ზევსზე.

დამწერლობა

რედაქტირება

ხურიტებს დამწერლობა ჯერ კიდევ ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ჰქონდათ. ამ დროს ისინი ხმარობდნენ აქადურ ლურსმულს და ტექსტებს ადგენდნენ როგორც აქადურ, ასევე ხურიტულ ენებზე. ძვ. წ. II ათასწლეულიდან კი მათ შემოიღეს აქადური ლურსმულის ის სახეობა, რომელიც ჩრდილოეთ სირიაში იყო გავრცელებული.

ხელოვნება

რედაქტირება

ხურიტული ხელოვნება საკმაოდ თავისებური და თვითმყოფადია. ამას ამტკიცებს მითანური კერამიკა, გლიპტიკა და სახვითი ხელოვნების სხვადასხვა ძეგლი. მართალია, ხურიტულმა ხელოვნებამ გავლენა მოახდინა მეზობელი ხალხების ხელოვნების სხვადასხვა დარგზე, მაგრამ ამავე დროს თვითონაც განიცადა გავლენა ზოგიერთი ძველაღმოსავლური ქვეყნისა, რომელიც ჩრდილოეთ სირიაში იყო გავრცელებული.

მითანურ გლიპტიკას ძირითადად ცილინდრული საბეჭდავებით ვიცნობთ (საკუთრივ მითანიდან, ნუზიდან, ალალახიდან). მათზე აღბეჭდილია სხვადასხვა მოტივი, რომელთაგან ზოგიერთი ბაბილონური გლიპტიკიდან არის აღებული. გვხვდება შერეული მოტივებიც, რომელთა ნაწილი ადგილობრივია. საბეჭდავებზე გამოსახულია ნადირობის სცენები, საომარი ეტლით ან იარაღით ბრძოლის ცალკეული მომენტები, ცხოველებთან შერკინების სცენები. მითანური საბეჭდავების ამ სტილის ტიპური მაგალითია საუშშათარის საბეჭდავის გამოსახულება ერთ ლურსმულ ფირფიტაზე, რომელიც ნუზიში იპოვეს.

ხურიტული სახვითი ხელოვნების სხვადასხვა ნიმუში შემორჩა ძირითადად რელიეფის სახით. ესენია ფანტასტიკურ ფრინველთა გამოსახულებები, ცხოველთა ქანდაკებები და სხვ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • გ. მელიქიშვილი, ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, თბ., 1988

რუსულენოვანი

  • Г.Г. Гиоргадзе, Хетты и хурриты по древнехеттским текстам. – «Вести. древ. ист.», 1969, №1.
  • И.М. Дьяконов, Народы древней Передней Азиич – «Переднеазиатский этнографический сборник», I, М, 1958.
  • И.М. Дьяконов, Язики древней Передней Азии, М.ь 1967.
  • Н.А. Нозадзе, Вопросы структуры хурритского глагола, Тбилиси, 1978.
  • М.Л. Хачикян, хурритский и урартский язики, Ереван, 1985.
  • Н.Б. Янковская, Из истории хурритского общества по материалам юридических документов из Аррапхи, М., 1960.
  • Н.Б. Янковская, хурритская Аррапха. – «Вест. др. ист.», 1957, №1.
  • Н.Б. Янковская, Яридические документы из Аррапхи в собраниях СССР. – «Переднеазиатский сборник», I. М., 1961.