ამურუს სამეფო
ამურუს სამეფო — ამორიტთა სახელმწიფო ძვ. წ. XIV-XII საუკუნეებში ისტორიული სირიის რეგიონში თანამედროვე სირიისა და ლიბანის ტერიტორიაზე. სხვადასხვა დროს ის ეგვიპტის იმპერიისა და ხეთების გავლენის გვეშ იყო მოქცეული. მასზე ინფორმაცია შემონახულია ამარნას წერილებში, რაც XVIII დინასტიის ეგვიპტელი ფარაონების კორესპონდენციას წარმოადგენს.
ამურუ ეგვიპტისა და მითანის საზღვარზე მდებარეობდა. თუტმოს IV-ის მმართველობის პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით ის მხარეებმა ეგვიპტის შემადგენლობაში აღიარეს, თუმცა მასზე, ისევე როგორც მთლიან რეგიონზე, არცერთ სახელმწიფოს არ გააჩნდა ძლიერი სამხედრო კონტროლი. ეგვიპტე საკუთარ აზიურ ტერიტორიებს ვასალების მეშვეობით მართავდა, რომელთაც ფართო ავტონომია ჰქონდათ და საგარეო პოლიტიკის გატარებასაც ახერხებდნენ, კერძოდ კი საკმაოდ ხშირი იყო ეგვიპტის ვასალებს შორის სამხედრო დაპირისპირებები.
ამან განაპირობა ამენჰოტეპ III-ის მმართველობის პერიოდში ამურუს სამეფოს ჩამოყალიბება უგარითის სამხრეთითა და კადეშის აღმოსავლეთით აბდი-აშირტას მეთაურობით. მან ტერიტორიაზე კონტროლის დასამყარებლად გამოიყენა ხალხის კლასი, რომელსაც წყაროებში „აპირუს“ უწოდებენ, რაც დევნილს უნდა ნიშნავდეს. როგორც ჩანს, ისინი უბრალოდ გაღატაკებული გლეხები იყვნენ, რომელთაც ქონება დაკარგეს და დასახლებულ პუნქტებს გაერიდნენ. აბდი-აშირტამ მათი დახმარებით ჯერ ადგილობრივები დაიმორჩილა, შემდეგ კი ძლიერი ლოკალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას შეუდგა ეგვიპტის სხვა ვასალების ძლიერების ხარჯზე. ამურუს მთავარი საპორტო ქალაქი სიმირა (Sumur) პირდაპირ იმართებოდა ეგვიპტელი მოხელის მიერ, თუმცა როგორც ამარნას წერილებიდან ირკვევა, ეგვიპელ ფაამნატე (Pahamnate) მისი მიტოვება მოუხდა რის შემდეგაც ქალაქი აბდი-აშირტამ აიღო. წერილებში ასევე იკვეთება მისი დაპირისპირება სხვა ეგვიპტელ ვასალებთან, განსაკუთრებით კი ბიბლოსის მმართველ რიბ-აბდისთან, რომელიც გამუდმებით ადანაშაულებდა მას და ეგვიპტისგან დახმარებას ითხოვდა. ამის მიუხედავად, სამეფოს გაურკვეველმა პოზიციამ და მზარდმა ძლიერებამ შეუმჩნევლად არ ჩაიარა. ის ჯერ მითანელებმა დაიკავეს, შემდეგ კი ეგვიპტელებმაც გაგზავნეს ჯარი, რასაც აბდი-აშირტა შეეწირა.
ამურუს ცნობილი მეფეების სია
რედაქტირება- აბდი-აშირტა (დაახლ. 1380)
- აზირუ (ძვ. წ. 1340–1315)
- არი-ტესუპი (ძვ. წ. 1315–1313)
- დუპი-ტესუპი (ძვ. წ. 1313–1280)
- ბენტესინა (ძვ. წ. 1280–1275, პირველად)
- საპილი (ძვ. წ. 1275–1260)
- ბენტესინა (ძვ. წ. 1260–1230, მეორედ)
- საუსგამუვა (ძვ. წ. 1230–1210)