აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა (აფხ. Аԥснытәи Автономтә Ареспублика) — ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში, შავი ზღვის სანაპიროზე. რეგიონის საერთაშორისო კოდია — GE-AB. იგი მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების აფხაზეთისა და სამეგრელოს (ნაწილობრივ) ტერიტორიას.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა აფხ. Аԥснытәи Автономтә Ареспублика | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
ადმ. ცენტრი | სოხუმი | ||||
შიდა დაყოფა | გალის მუნიციპალიტეტი, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, სოხუმის მუნიციპალიტეტი, გაგრის მუნიციპალიტეტი, გუდაუთის მუნიციპალიტეტი და გულრიფშის მუნიციპალიტეტი | ||||
კოორდინატები | 43°05′01″ ჩ. გ. 41°15′49″ ა. გ. / 43.083694° ჩ. გ. 41.263611° ა. გ. | ||||
მთავრობის თავმჯდომარე |
რუსლან აბაშიძე | ||||
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე |
ჯემალ გამახარია | ||||
დაარსდა | 1991 | ||||
ფართობი | 8665 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა და აფხაზური ენა | ||||
მოსახლეობა |
2 013 (1994)[1] , 2 011 (1995)[1] , 2 008 (1996)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
სატელეფონო კოდი | 44 | ||||
ოფიციალური საიტი | http://abkhazia.gov.ge/ | ||||
ისტორია
აფხაზეთის ტერიტორია 1864 წელს ანექსირებულ იქნა რუსეთის იმპერიის მიერ, რომელმაც გააუქმა აფხაზეთის სამთავრო და მას სოხუმის ოკრუგი უწოდა. 1918-1921 წლებში აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1921 წლის 4 მარტს შეიქმნა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (სსრ), რომელიც სამოკავშირეო ხელშეკრულებით დაუკავშირდა საქართველოს სსრ-ს. 1931 წელს იგი გარდაიქმნა აფხაზეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად. 1991 წლის 29 სექტემბერს ჩატარდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესის საბჭოს არჩევნები. 1992-1993 წლების კონფლიქტის შემდეგ ფაქტობრივად ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და დე ფაქტო იმართება სეპარატისტული რეჟიმის მიერ.
1994 წლის 10 მარტს საქართველოს პარლამენტმა დაითხოვა აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო.
აღნიშნული ნულოვანი ვარიანტი ქმნიდა იმის პირობებსაც, რომ აფხაზეთში ეთნოწმენდის შედეგად გამოძევებული ასიათასობით დევნილის დაბრუნების შემდეგ განისაზღვრებოდა აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი, მსოფლიოს მიერ ცნობილი, გაეროს რეზოლუციებით არაერთხელ დადასტურებული ქართული სახელმწიფოს ფარგლებში და მომზადდებოდა საფუძველი აფხაზეთში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. მიუხედავად ამისა, ყოველგვარ ლეგიტიმურობას მოკლებულმა, ეროვნული უპირატესობის ნიშნით, წინასწარი საპარლამენტო უმრავლესობის გარანტიით, მოსახლეობის უმცირესი ნაწილის მიერ 1991 წელს აფხაზეთის ასსრ უმაღლეს საბჭოში არჩეულმა გუდაუთის სეპარატისტულმა დაჯგუფებამ კვლავ უკანონოდ გააგრძელა ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს სახელით მოქმედება, უფრო მეტიც, მიიღო ე.წ. კონსტიტუცია, აირჩია პრეზიდენტი, გამოაცხადა აფხაზეთის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკად და საერთაშორისო სამართლის სუბიექტად.
აფხაზეთის ასს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იმ დეპუტატებმა, რომლებიც რეალურად გამოხატავენ აფხაზეთის მრავალეროვანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ინტერესებს, ჯერ კიდევ შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე შეაჩერეს საქმიანობა ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში გუდაუთის სეპარატისტული დაჯგუფების ანტიკონსტიტუციური საქმიანობისადმი პროტესტის ნიშნად.
1995 წლის იანვარში, 1991 წლის მოწვევის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს ქართველმა დეპუტატებმა თხოვნით მიმართეს საქართველოს პარლამენტს, რათა დაედასტურებინათ მათი კომპეტენცია და გაენახლებინათ უმღლესი საბჭოს ფუნქციონირება. საქართველოს პარლამენტს მიაჩნია, რომ აფხაზეთში არსებული ხელისუფლების ვაკუუმი სეპარატისტთა დაჯგუფებას საშუალებას აძლევს გაიხანგრძლივოს დანაშაულებრივი უზურპატორული საქმიანობა, არ დაუშვას დევნილთა დაბრუნება, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და საქართველოს იურისდიქციის ფაქტობრივი აღდგენა აფხაზეთის რეგიონში.
1995 წლის 24 თებერვალს „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის მე-3 აბზაცის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა დაადგინა შემდეგი:
„1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით და საკანონმდებლო ორგანოდ – უმაღლეს საბჭოდ – ცნობილი იქნეს 1991 წელს აფხაზეთის ასსრ უმაღლეს საბჭოში არჩეული ის დეპუტატები, რომლებიც რეალურად გამოხატავენ აფხაზეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ინტერესებს და არ მონაწილეობდნენ გუდაუთის სეპარატისტულ დაჯგუფებასთან ერთად ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში (სია თან ერთვის).
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ თავისი საქმიანობა წარმართოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 1978 წლის კონსტიტუციის და იმ საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კანონმდებლობას; შექმნას აუცილებელი სამართლებრივი ბაზა, რაც უზრუნველყოფს ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სტრუქტურის ნორმალურ ფუნქციონირებას და აფხაზეთში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად სათანადო ნორმატიული ბაზის შექმნას. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს მიენიჭოს უფლებამოსილება მონაწილეობა მიიღოს აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებულ ყველა მოლაპარაკებაში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული დელეგაციის თანხმობის გარეშე ბათილად ჩაითვალოს აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელშეკრულება, შეთანხმება და განცხადება. 4. გაეროს წევრ სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ეთხოვოთ თავი შეიკავონ ყოველგვარი ურთიერთობისაგან ეთნიკურ წმენდაში – გენოციდში დამნაშავე აგრესიულ- სეპარატისტულ რეჟიმთან (გუდაუთის დაჯგუფებასთან), გარდა სამშვიდობო პროცესის მონაწილე ოფიციალური პირებისა, შუამავლებისა და დამკვირებლებისა, რომელთაც ყველა პირობა უნდა შეექმნათ სამშვიდობო მოღვაწეობისათვის კონფლიქტის მოსაწესრიგებლად.[2]“ |
1995 წლის 14 ივნისს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობის გამო, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში კოოპტაციის წესით შეყვანილ იქნენ აფხაზეთიდან არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრები.[3]
2000 წლის 8 დეკემბრის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით მიღებულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია (ძირითადი კანონი) აფხაზეთის ასსრ 1978 წლის 6 ივნისის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებითა და ახალი რედაქციით.
„აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ, ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, თვლის რა აფხაზეთის ტერიტორიასა და მის ხალხს სრულიად საქართველოს ტერიტორიისა და ხალხის განუყოფელ ნაწილად, აფხაზეთის ასსრ ძირითადი კანონის 93-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუცია მოიყვანა საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებულ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში და უწოდა მას „აფხაზეთის კონსტიტუცია“ (ძირითადი კანონი).[4]“
|
2002 წლის 10 ოქტომბერს კონსტიტუციური კანონით საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის ნაწილში განისაზღვრა აფხაზეთის სტატუსი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის“ სახით.[5]
ადმინისტრაციული დაყოფა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ადმინისტრაციულად იყოფა 7 მუნიციპალიტეტად:
რუკა | მუნიციპალიტეტები |
---|---|
აჟარის მუნიციპალიტეტი | |
გაგრის მუნიციპალიტეტი | |
გალის მუნიციპალიტეტი | |
გუდაუთის მუნიციპალიტეტი | |
გულრიფშის მუნიციპალიტეტი | |
ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი | |
სოხუმის მუნიციპალიტეტი |
1994 წელს სეპარატისტულმა ხელისუფლებამ განახორციელა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული „რეფორმა“, რის შედეგადაც ოჩამჩირისა და გალის რაიონების ტერიტორიების ნაწილის ხარჯზე შექმნა ტყვარჩელის რაიონი.
ზოგადი ცნობები
ავტონომიური რესპუბლიკის ფართობი შეადგენს 8700 კვ.კმ-ს, მოსახლეობა — დაახლოებით 100-120 ათასს. ავტონომიის დედაქალაქია ქალაქი სოხუმი. ავტონომიის ტერიტორიაზე 526 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
ადგილობრივი მმართველობა
დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებს წარმოადგენენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო (საკანონმდებლო ორგანო) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო (აღმასრულებელი ორგანო), რომლებიც 1993 წლიდან ქალაქ თბილისშია განთავსებული.
- უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეები:
- თამაზ ნადარეიშვილი 1993 – 2004;
- თემურ მჟავია 2004 – 2009;
- ელგუჯა გვაზავა 2009 - 8 აპრილი, 2019;
- ჯემალ გამახარია 8 აპრილი, 2019-დან.
- მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეები:
- თამაზ ნადარეიშვილი 1992 – 18 ივლისი 1993;
- ჟიული შარტავა 18 ივლისი 1993 – 27 სექტემბერი 1993;
- ზურაბ ერქვანია 18 ოქტომბერი 1993 – 7 ივლისი 1998;[6] (16 მარტი 2004 ეწერა)
- ლონდერ ცაავა 7 ივლისი 1998 – 30 სექტემბერი 2004
- ირაკლი ალასანია 30 სექტემბერი 2004 – 24 აპრილი 2006;
- მალხაზ აკიშბაია 24 აპრილი 2006 – 15 ივნისი 2009;
- გიორგი ბარამია 15 ივნისი 2009 – 5 აპრილი 2013;
- ვახტანგ ყოლბაია 5 აპრილი 2013 – 1 მაისი 2019;
- რუსლან აბაშიძე 1 მაისი 2019-დან
2008 წლის აგვისტოს ომამდე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ იყო გულრიფშის მუნიციპალიტეტის აჟარის სასოფლო თემის ტერიტორია (23 სოფელი), ე.წ. კოდორის ხეობა. ამ ტერიტორიაზე 1998-2004 წლებში მოქმედებდა საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მმართველობა.
- საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულები:
ამჟამად, ამ ტერიტორიებს სრულად აკონტროლებს სეპარატისტული რეჟიმი და რუსეთი.
არაოფიციალური დროშა და გერბი
არსებობს საქართველოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ შემუშავებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლიკის პროექტი. დღესდღეობით არსებული ჰერალდიკური სიმბოლიკის პროექტი ოფიციალურად არ არის მიღებული და შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას ოფიციალურად თავისი ჰერალდიკური ნიშნები არ გააჩნია.[7]
-
ჰერალდიკის საბჭოს მიერ შემუშვებული დროშის პროექტი.
-
ჰერალდიკის საბჭოს მიერ შემუშვებული გერბის პროექტი.
მოსახლეობა
მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[8] | 1959 წ. აღწ. | 1970 წ. აღწ. | 1979 წ. აღწ. | 1989 წ. აღწ. | 1991' | 2002 წ. აღწ. |
---|---|---|---|---|---|---|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა | 404 738 | 486 959 | 505 396 | 535 634 | 533 800 | 1 956 |
ქ. სოხუმი | 64 730 | 101 798 | 114 373 | 121 406 | 120 000 | — |
ქ. ტყვარჩელი | 28 440 | 25 805 | 21 805 | 21 578 | 21 200 | — |
გაგრის | 52 229 | 67 451 | 73 604 | 81 369 | 82 400 | — |
გალის | 59 619 | 73 256 | 75 538 | 79 440 | 79 600 | — |
გუდაუთის | 53 468 | 60 139 | 57 231 | 59 146 | 59 200 | — |
გულრიფშის | 51 706 | 53 519 | 57 122 | 57 500 | 1 956 | — |
ოჩამჩირის | 61 901 | 70 252 | 70 690 | 75 808 | 76 700 | — |
სოხუმის | 84 351 | 36 552 | 38 636 | 39 765 | 37 200 | — |
სეპარატისტული რეჟიმი
1992 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დამყარებულია სეპარატისტული რეჟიმი, რომელმაც 1992 წლის 23 ივლისიდან გამოაცხადა ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა. მისი დამოუკიდებლობა აღიარეს მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ორმა თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ, ე.წ. „სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკამ“ და ე.წ. „დნესტრისპირეთის რესპუბლიკამ“.[9] გარდა ამისა, 2011 წლის 31 მაისს სოხუმის სეპარატისტული მთავრობის მიერ გაკეთდა განცხადება, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ვანუატუმაც ცნო,[10][11] თუმცა ეს ინფორმაცია მოგვიანებით ვანუატუმ უარყო.[12][13] დანარჩენი სახელმწიფოები არ აღიარებენ მის დამოუკიდებლობას და იურიუდიულად განიხილავენ საქართველოს განუყოფელ ნაწილად.
ეკონომიკა
რეგიონის ხელსაყრელი მდებარეობის გამო, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, ჩვეულებრივ პირობებში შეიძლებოდა ყოფილიყო ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული მხარე. მაგრამ კონფლიქტის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა მისი სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა. ამჟამად ფუნქციონირებს რამდენიმე მცირე საწარმო, რომლებიც ძირითადად ნედლეულის (ხე-ტყე, ქვანახშირი) რუსეთსა და თურქეთში გატანით არიან დაკავებულნი.
ღირსშესანიშნაობები
ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
აფხაზეთში კონფლიქტის პოლიტიკური შეფასება
2006 წლის ანგარიშგებაში საქართველოს პარლამენტის წინაშე ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდგომ პირველად მიეცა ობიექტური შეფასება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 1991-1992 წლებიდან მომდინარე კონფლიქტს.
სააკაშვილის ანგარიშგებაში აღნიშნულია, რომ „არავითარი ეთნიკური კონფლიქტები საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არ აქვს, არამედ მიმდინარეობს „ტერიტორიული კონფლიქტი პოსტიმპერიული ტერიტორიების დანაწილებისათვის“. სააკაშვილის ეს განცხადება სავსებით და სრულად ეთანხმება დევნილი ეროვნული ხელისუფლების მოსაზრებებს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში კონფლიქტების არსის შესახებ.
სააკაშვილის ეს სახელმწიფო პოლიტიკის დონის განცხადება ამავე დროს ამხელს 1991-1992 წლებიდან ქართველი და უცხოელი ანტიქართული, პროიმპერიული „პოლიტოლოგების“ მიერ ფართოდ დამკვიდრებულ დეზინფორმაციას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მომხდარი კონფლიქტების შესახებ - რომ თითქოს ეს იყო ეთნიკური კონფლიქტები, რომლის საფუძველი გახდა „ქართული ნაციონალიზმი და ფაშიზმი“. მხილება განსაკუთრებით ეხება პროიმპერიულ „დისიდენტ“ სახაროვს - რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის ზონების რუსეთის მიერ ანექსიას თეორიული საფუძველი ჩაუყარა ცნებისა და ტერმინის „საქართველო - მცირე იმპერია“ შემოღებითა და საერთაშორისო მასშტაბით დანერგვით.
პრეზიდენტ მ. სააკაშვილის შეფასებით „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები - ეთნოკონფლიქტები არ არის. მე ვკრძალავ ისეთი ფრაზების გამოყენებას, როგორებიცაა „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი“ ან „ქართულ-ოსური კონფლიქტი“, რადგან ეს ტერიტორიული კონფლიქტებია, რომლებიც პოსტიმპერიული სივრცის ტერიტორიების გაყოფასთანაა დაკავშირებული“... [14]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური — 2010.
- ↑ საქართველოს პარლამენტის დადგენილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს შესახებ
- ↑ საქართველოს პარლამენტის უწყებები, N27-30 (644-647), გვ. 206-207, თბ., 1995 წ. ISSN 0203-2023
- ↑ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება 2000 წლის 8 დეკემბერი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ
- ↑ დემეტრაშვილი ა., კბახიძე ი., კონსტიტუციური სამართალი, გვ. 68, თბ., 2011[მკვდარი ბმული]
- ↑ გაზ. აფხაზეთის ხმა, #28, 10 ივლისი, 1998 წელი
- ↑ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ შემუშავებული აფხაზეთის სიმბოლიკის პროექტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-25. ციტირების თარიღი: 2019-01-04.
- ↑ Georgia division
- ↑ აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ ჯუჯა-სახელმწიფომ, ტუვალუმ აღიარა. „პრესა.გე“ 23.09.2011
- ↑ სოხუმის ცნობით, ვანუატუმ აფხაზეთი აღიარა დაარქივებული 2011-11-13 საიტზე Wayback Machine. . „სივილ ჯორჯია“. 1 ივნისი, 2011.
- ↑ The Caucasus: New Allies for Breakaway Region. The New York Times. 31 მაისი, 2011. (ინგლისური)
- ↑ Natapei withdraws recognition of Abkhazia დაარქივებული 2013-09-27 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ↑ Vanuatu has no ties with Abkhazia // Vanuatu Daily Post - July 15, 2011
- ↑ http://newsgeorgia.ge/news.html?nws_id=509906[მკვდარი ბმული]