გეგის ჩანჩქერი
გეგის ჩანჩქერი — ჩანჩქერი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ბზიფის სასასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე. მდებარეობს არაბიკას კარსტული მასივის სამხრეთ-აღმოსავლური სექტორზე, მდინარე გეგას (მდინარე ბზიფის მარჯვენა შენაკადი) აუზში, ზღვის დონიდან 650 მეტრზე. წყლის ვარდნილის სიმაღლე 70 მ.[1]
გეგის ჩანჩქერი | |
კოორდინატები: 43°26′06″ ჩ. გ. 40°26′34″ ა. გ. / 43.43500° ჩ. გ. 40.44278° ა. გ. | |
---|---|
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 70 მ |
მდინარე | გეგა |
მანძილი თბილისიდან 530 კმ. სოხუმიდან 85 კმ, გაგრიდან 50 კმ. თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილიდან გზა გამოიყოფა სოფელ ბზიფთან და მიემართება რიწის ტბის გზატკეცილისკენ, რიწის ტბის გზატკეცილიდან, მდინარე გეგის შესართავიდან მანძილი ჩანჩქერამდე 5 კმ-ია.
გეგის ჩანჩქერი წარმოადგენს 70 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერს, რომელიც თავისი დინების ერთ-ერთ მონაკვეთში ხვდება კარსტულ ნაპრალში, მიწისქვეშა დერეფნების გავლის შემდეგ გადმოჩქეფს მღვიმიდან და უერთდება მდინარე გეგას მარცხნიდან, მდინარე გეგის შესართავიდან 6 კმ. მანძილზე. გეგის ჩანჩქერის წყალი გამოდის ზედაიურული კირქვის ჰორიზონტალური ნაპრალიდან სამ ნაკადად, რომელთა ერთობლივი დებიტი მერყეობს 0,5-დან 2,5 კუბური მეტრი/წამში ფარგლებში. აქ წყალი ძალიან ცივია, ამიტომაც მიმდებარე ტერიტორიაზე, თითქმის ზაფხულის ბოლომდეა თოვლი შენარჩუნებული.
მდინარე გეგა წარმოადგენს მდინარე ბზიფის მარჯვენა შენაკადს, რომლის სიგრძე 26 კმ-ია. სათავე აქვს გაგრის ქედის ჩრდილოეთ ნაწილის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2400 მეტრ სიმაღლეზე. მთავარი შენაკადებია აგეფსთა და იუფშარა (ორივე მარცხენა). საზრდოობს ძირითადად თოვლისა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარში. საშუალო მრავალწლიური ხარჯი 27 მ3/წმ.
ფილმში „შერლოკ ჰოლმზისა და დოქტორ ვატსონის თავგადასავალი“ სცენა პროფესორ მორიარტრისა და ჰოლმზის ბრძოლა რაიხენბახის ჩანჩქერთან ამ ადგილასაა გადაღებული.[2]
გეგას ჩანჩქერი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ზაფხულობით დიდი რაოდენობით ხალხი მოდის მის სანახავად და მის ძირში დასასვენებლად, მიდამო შემოსილია კოლხური ტყით. ჩანჩქერის ძირში არის მოხერხებული მოედანი ავტომანქანების გასაჩერებლად. გეგას ჩანჩქერთან მისვლა შეიძლება რიწის ტბისკენ მიმავალი გზიდან ავტომობილით.
გეგას ჩანჩქერთან ახლოს, მდინარე გეგას მარჯვენა ფერდობზე მდებარეობს გეგის მღვიმე, სადაც მოსალოდნელია არქეოლოგიური მასალის აღმოჩენა. გამოკვლეულია ზურაბ ტატაშიძის მიერ 1964 წელს; მღვიმე გეგის ჩანჩქერთან ერთად საუკეთესო სპელეოტურისტულ ობიექტს წარმოადგენს.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგი დვალაშვილი, „საქართველოს ბუნების 100 საოცრება“, თბილისი, 2017.
- წიქარიშვილი კ., გონგაძე მ., საქართველოს ბუნებრივი საოცრებები. საყმაწვილო ენციკლოპედია, წიგნი მეცხრე. თბ., საბავშვო გამომცემლობა „დილა“, 2008, გვ. 101.
- ხარაძე კ., საქართველოს ბუნების ძეგლები. თბ., 2014, გვ. 377
- ყიფიანი შ., საქართველოს კარსტი (გეომორფოლოგიური დახასიათების ცდა), თბ., 1974, გვ. 9
- Тинтилозов З. К., Карстовые пещеры Грузии (морфологиченский анализ), Тб., 1976
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კობა ხარაძე. საქართველოს ბუნების ფენომენები. თბილისი, გვ. 377. წ. 2014.
- ↑ Интернет-памятник фильму «Приключения Шерлока Холмса и Доктора Ватсона»