გეგის ჩანჩქერის მღვიმე

მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

გეგის ჩანჩქერის მღვიმეკარსტული მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არაბიკის კირქვულ მასივზე, ზღვის დონიდან 650 მ სიმაღლეზე.[1] გამომუშავებულია ზედაიურულ კირქვებში, ჩრდილო-დასავლეთი მიმართულების ტექტონიკური ნაპრალის გასწვრივ. მღვიმის შესასვლელიდან ეშვება 50 მ სიმაღლის გეგის ჩანჩქერი. მღვიმეში გაედინება ნაკადი, რომელიც გზადაგზა აჩენს ტბებსა და სიფონებს. მღვიმურ ტალანს მეტწილად ოვალური კვეთი აქვს. მისი საშუალო სიგანე და სიმაღლე 6–7 მ-ს შეადგენს. ფსკერი სიღრმეში თანდათან მაღლდება თითქმის 100 მ-დე. შესასვლელიდან 50 მ-ის დაშორებით პირველი სიფონია, მე-100 მ-ზე — მეორე, რომლის მაქსიმალური სიღრმე 20 მ-ს აღწევს. მღვიმის გამოკვლეული ნაწილის ჯამური სიგრძეა 315 მ, საპროექტო სიგრძე 300 მ, ფართობი 2180 მ², მოცულობა 3100 მ³. გეგის ჩანჩქერი და მღვიმე მრავალრიცხოვან ტურისტს იზიდავს.[2] გეგის ჩანჩქერის მღვიმე გამოიკვლია ციმბირის სპელეოლოგიურმა ექსპედიციამ ვალერი ბობრინის ხელმძღვანელობით 1984 წელს. შემდგომში სიფონი გაიარეს კრასნოიარსკელმა სპელეოლოგებმა. სპორტული კლასიფიკაციით მღვიმე მიეკუთვნება კატეგორიას 3А.[3]

გეგის ჩანჩქერის მღვიმე
მღვიმის შესასვლელი
მღვიმის შესასვლელი
კოორდინატები: 43°26′00″ ჩ. გ. 40°26′38″ ა. გ. / 43.4333806° ჩ. გ. 40.4440194° ა. გ. / 43.4333806; 40.4440194
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გაგრის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 650 მ
სიგრძე 315 მ
მოცულობა 0,0031 მლნ. მ³
სირთულის კატეგორია
ამგებელი ქანები კირქვა
გეგის ჩანჩქერის მღვიმე — საქართველო
გეგის ჩანჩქერის მღვიმე
გეგის ჩანჩქერის მღვიმე — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
გეგის ჩანჩქერის მღვიმე
  1. Дублянский В. Н., Тинтилозов З. К. и др., Крупные карстовые полости СССР, т. 3, Киев, 1987.
  2. ზურაბ ტატაშიძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 574.
  3. Перечень классифицированных пещер, Центральный совет по туризму и экскурсиям, Москва, 1989.