რიწა
რიწა, დიდი რიწა (აფხ. Риҵа) — ტბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარე ბზიფის აუზში, ზღვის დონიდან 884 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 1,49 კმ², აუზის ფართობი 154 კმ², მოცულობა 94 მლნ. მ³, მაქსიმალური სიღრმე 101 მ. ქვაბული წარმოიქმნა გაგრის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთიდან ჩამოქცეული კლდეზვავით, მდინარე ლაშიფსეს დაგუბების შედეგად.[2]
რიწა | |
---|---|
რიწა | |
კოორდინატები: 43°28′53″ ჩ. გ. 40°32′29″ ა. გ. / 43.48139° ჩ. გ. 40.54139° ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 884 მ |
სიგრძე | 2,5 კმ |
სიგანე | 0,27-0,87 კმ |
ფართობი | 1,49 კმ² |
მოცულობა | 0,094 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 63 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 101 მ |
გამჭვირვალობა | 1-10 მ |
აუზის ფართობი | 154 კმ² |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
რიწის ტბის დონეების რეჟიმი განისაზღვრება მისი შენაკადების რეჟიმით. ერთვის 6 მდინარე, რომელთა შორის უდიდესია ლაშიფსე. ტბიდან გაედინება მდინარე იუფშარა. უდიდესი დონე მაისშია, უმცირესი — თებერვალში. სექტემბერში დონის მეორეული მინიმუმია, ოქტომბერში მეორეული მაქსიმუმი. დონეების წლიური რყევის საშუალო ამპლიტუდა 166 სმ-ია, მაქსიმალური 234 სმ, მინიმალური 108 სმ. წყლის ტემპერატურა თებერვალში — 3,8 °C, აგვისტოში — 17,8 °C. საშუალო წლიური ნალექი დაახლოებით 2000–2200 მმ-ია. ზამთარი დროგამოშვებით თოვლიანია.[2]
რიწის ტბის წყალი მეტად მტკნარია (66 მგ/ლ). გაზაფხულზე მომწვანო ფერისაა, ზამთარში — მოცისფრო-მოლურჯო. მდიდარია ფიტოპლანქტონით. თევზებიდან იცის მხოლოდ კალმახი. რიწა უღრმესი ტბაა ამიერკავკასიაში. მის გარშემო მთების სიმაღლე მერყეობს 2200-3500 მ შორის. ტბის გარშემო წიწვოვან ნაძვთა მრავალი ნაირსახეობა ხარობს, ზოგი მათგანის სიმაღლე 70 მეტრს აღწევს.
1946 წელს შეიქმნა რიწის დაცული ტერიტორია (16,289 ჰა) ტბისა და მისი შემოგარენის ბუნების დასაცავად. ზღვიდან ამომავალი სატრანსპორტო გზა 1936 წელს დაიგო. ტბა მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა იყო საბჭოთა პერიოდში და მის დასათვალიერებლად დღეში 1000-მდე ტურისტი ამოდიოდა.
იოსებ სტალინს ტბის მიდამოებში საზაფხულო აგარაკი ჰქონდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საქართველოს გეოინფორმაციის ცენტრი დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 141.
- ↑ 2.0 2.1 აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 401.