ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ჩხოროწყუ.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე | ||||
ადმ. ცენტრი | ჩხოროწყუ | ||||
კოორდინატები | 42°31′20″ ჩ. გ. 42°07′45″ ა. გ. / 42.52222° ჩ. გ. 42.12917° ა. გ. | ||||
ფართობი | 619.4 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 21 400 [1] კაცი (2021) | ||||
სიმჭიდროვე | 36,0 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,70 % რუსები 0,17 % უკრაინელები 0,04 % სომხები 0,03 %[2] | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა | მართლმადიდებლები 99,05 %[3] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.chkhorotsku.gov.ge/ | ||||
| |||||
ისტორია
რედაქტირებაუძველესი ადამიანის საცხოვრისი აღმოჩენილია ყალიჩონასა და ლეწურწუმეს გამოქვაბულებში. ნაპოვნია პირწამახული ქვები, სოფელ თაიაში ნაპოვნია ტიპური ქვის ორმხრივ დამუშავებული ხელცული. მეორე ჭოღის ტერიტორიაზე ხელნაჯახი. დასახელებული ქვის იარაღები პალეოლითის და ნეოლითის ხანისაა. სოფელ ოჩხომურში მდ. ოჩხომური ქვედა მარჯვენა ტერასების ზოლში შემთხვევით აღმოჩნდა გვიან-ბრინჯაო და ადრე-რკინის ხანის კოლხური ბრინჯაოს ნაკეთობათა განძი 140-მდე ბრინჯაოს ნივთით. განძი თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისით, რომელიც გამოიკვლია სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელები ელგუჯა გოგაძე და ჯონი აფაქიძე). სოფელ ჭოღაში 1972 წელს პროფესორ დავით ხახუტაიშვილის მეთაურობით დადასტურდა ქურა-სახელოსნოს ნაშთების, რკინის იარაღების, საშენი მასალების, რკინის მადანის, ნაღვენთების და წიდების არსებობა, რომლებიც ქრონოლოგიურად ძვ. წ. VIII-IV საუკუნეებით თარიღდება.
ანტიკური ხანის კოლხეთის სამეფოს მატერიალური კულტურის ისტორიაში ერთ-ერთი ძირითადი წყარო სამარხთა ინვენტარია. აღსანიშნავია, დერგისებრი ფორმის დასაკრძალავი ურნები სოფ. ნაკიანიდან, რომლებშიც მიცვალებულის ნეშტს კრემაციის შემდეგ ინახავდნენ. ლეახალეს უბანში ადამიანის ჩონჩხთან ერთად აღმოჩნდა მდიდარი მასალა: ბრინჯაოს სამაჯურები, სეგმენტური იარაღები, ოქროსა და ვერცხლის ყელსაბამები და ბეჭდები. არქეოლოგიური გამოკვლევებით დასტურდება ადრეანტიკური ხანის ნამოსახლარი, მათ შორის აღმოჩენილია უცხოური მასალებიც, ნაჯაგუს (გარახის) ციხის ქვემოთ, მდ. ოჩხომურის მარჯვენა ნაპირზე. განსაკუთრებით მთაგორიან ადგილებში მობინადრე მოსახლეობასთან უცხოელი ვაჭრები აღწევდნენ პატარა ნავების მეშვეობით, მდინარეების ოჩხომურისა და ხობისწყლის გავლით. არქანჯელო ლამბერტი „სამეგრელოს აღწერაში“ წერს - „ტეხურას მოსდევს ხოფი (ხობისწყალი), ეს მდინარე მეტად მდიდარია ნაირნაირი თევზებით და ნავებით სავალია“. მუხურისა და თაიას ტერიტორიაზე გადმოცემით, გადიოდა ე.წ. „პომპიაში შარა“ ანუ „პომპეუსის გზა“, რომელიც დაკავშირებულია პომპეუსის ლაშქრობასთან ძვ. წთ. აღ. 65 წელს. ადვილი შესაძლებელია პომპეუსი ტეხურის ან ხობისწყლის ხეობით დასახლებულ ტერიტორიაზე გავლით მიდიოდა, მეორე ვერსიის მიხედვით პომპეუსი ეგრისის გაქცეულ მეფეს ხსენებული ბილიკით მისდევდა, ეს კი მეტყველებს, რომ ძვ. წ.-სთვის „პომპეის ბილიკი“ ადგილობრივი მოსახლეობის დამაკავშირებელი გზა ყოფილა მეზობელ დასახლებულ პუნქტებთან.
1930 წლამდე ახლანდელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ზუგდიდის მაზრაში. 1930 წელს შეიქმნა ჩხოროწყუს რაიონი. 1963-1964 წლებში შედიოდა ცხაკაიის რაიონში, 1965 წლიდან გამოიყო დღევანდელი საზღვრებით.
გეოგრაფია
რედაქტირებაჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფართობია – 619,4 კმ². აღმოსავლეთით ესაზღვრება მარტვილის, დასავლეთით წალენჯიხის, სამხრეთ-დასავლეთით ზუგდიდის, ჩრდილოეთით მესტიის და ლენტეხის, სამხრეთით სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტები.
რელიეფი
რედაქტირებაჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ტერიტორია გორაკ-ბორცვიანია, ვრცელდება ზღვის დონიდან 200 მეტრიდან 3000 მეტრ სიმაღლემდე. რელიეფი მრავალფეროვანია. ტერიტორიის სამხრეთი ნახევარი კოლხეთის ბარის ფარგლებშია (100-150 მ-ზე), წარმოადგენს სუსტად დანაწევრებულ ვაკესა და მთისწინეთს. ვაკე აგებულია მეოთხეული (რიყნარი, ქვიშები, თიხები) და მესამეული (ოლიგოცენური და ნეოგენური) დანალექი წყებებით — თიხებით, ქვიშაქვებით, კირქვებით, კონგლომერატებით, მერგელებით. მთისწინეთის ზონა ძირითადად აგებულია ცარცული კირქვებით, მერგელებით, ქვიშაქვებით.
ჩრდილოეთ ნახევარში მთაგორიანი რელიეფია. ჩრდილოეთით აღმართულია ეგრისის ქედი, რომლის სამხრეთი კალთა აგებულია შუაიურული პორფირიტებით და მათი ფუფებით, ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებით, ფიქლებით, ქვიშაქვებით, თხემური ნაწილი — ქვედაიურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით, კირქვებით. იგი დანაწევრებულია მდინარე ხობისწყლისა და მისი შენაკადების ღრმა ეროზიული ხეობებით. მუნიციპალიტეტის უმაღლესი ადგილია მთა ომაჭირხოლე (3166 მ). მუნიციპალიტეტში ვრცელდება მიგარიის კირქვული მასივი, სადაც მრავალი მღვიმეა წარმოდგენილი. აღსანიშნავია გარახის, ნაზოდელავოს, სავეკუოს, ყალიჩონის კლასტოკარსტული მღვიმეები და კარსტული მღვიმე შურუბუმუ (მყუდრო ადგილი). მღვიმეები გამოყენებულია ტურისტული თვალისაზრისით.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდიდარია სხვადასხვა სახის სასარგებლო წიაღისეულით. სოფელ მუხურში დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი დოლომიტის, კირქვისა და ანდეზიტ-ბაზალტის საბადო. ნიადაგის მოსაკირიანებლად გამოიყენება სოფელ თაიას აგრომადნები, ე.წ. ტკილი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოიპოვება საშენი ინერტული მასალები (ქვიშა, ღორღი, ფლეთილი სამშენებლო ქვა). ლუგელას ხეობაში მდებარეობს „ლუგელას“ მინერალური წყლის გამოსასვლელი ადგილი, მინერალური წყალი გამოიყენება სამკურნალო დანიშნულებით.
ჰავა
რედაქტირებაჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. ბარში იცის რბილი ზამთარი და ხანგრძლივი ცხელი ზაფხული ნალექების მაქსიმუმით შემოდგომა-ზამთარში, მთისიწნეთში – ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული, დაბალმთიან ზონაში – ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული, საშუალმთიან ზონაში იცის შედარებით ხანგრძლივი ცივი ზამთარი და გრილი მოკლე ზაფხული. ეგრისის ქედის მაღალმთიან ზონაში ნამდვილ ზაფხულს მოკლებული მკაცრი ჰავაა. ბარში იანვრის საშუალო ტემპერატურა 3,5 °C საშუალმთიან ზონაში –4 °C, შესაბამისად, ივლისის საშუალო ტემპერატურა 23-12 °C, ბარში წელიწადში საშუალოდ 1400-1600 მმ ნალექი მოდის. იგი სიმაღლის მიხედვით მატულობს და 2600 მმ-ს აღწევს.
შიგა წყლები
რედაქტირებამდინარეთა ქსელი ხშირია. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას მთელ სიგრძეზე კვეთს მდინარე ხობისწყლის ზემო და ნაწილობრივ შუა დინება. ხობისწყალი სათავეს იღებს ეგრისის ქედზე, მიედინება კოლხეთის დაბლობზე, ერთვის შავ ზღვას. სიგრძე 150 კმ. გამოიყენება სარწყავად. მდინარის ნაპირებზე გაშენებულია ქალაქი ჩხოროწყუ. მისი ყველაზე დიდი შენაკადია ოჩხომური, რომელიც ჩამოედინება ეგრისის ქედის სამხრეთ კალთიდან. სიგრძე 47 კმ.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მდინარეები საზრდოობენ წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. საშუალომთიან ზონაში წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, მაღალმთიან ზონაში – გაზაფხულ-ზაფხულში, წყალმოვარდნები მთელი წლის განმავლობაში.
ნიადაგები
რედაქტირებამრავალფეროვანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებული ნიადაგები. გაბატონებულია წითელმიწები და ყვითელმიწები, ნეშომპალა-კარბონატული და ალუვიური ნიადაგები, მცირე რაოდენობით არის გაეწრებული ნიადაგები. წითელმიწებსა და ყვითელმიწა ნიადაგებზე გავრცელებულია ჩაისა და თხილის კულტურა. ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე წარმოდგენილია მარცვლეული და პარკოსანი კულტურები, ძირითადად სიმინდი, სოიო, ლობიო და სხვა. დიდი ფართობი უკავია მთის ტყისა და მთის მდელოს ნიადაგების ნაირსახეობებს: ტყის ყომრალ და კორდიან-კარბონატულ, საშუალო და მცირე სისქის ტყის ყომრალ, ტყის ზედა სარტყლის გაეწრებულ ტყის ყომრალ, მთის მდელოს კორდიან და კორდიან-ტორფიან და მთის მდელოს პრიმიტულ, მცირე სისქის კორდიან-ტორფიან ნიადაგებს.
ფლორა და ფაუნა
რედაქტირებამცენარეთა საფარისათვის დამახასიათებელია ვერტიკალური სარტყლიანობა. აღსანიშნავია ბზისა და წაბლის კორომების ფართო გავრცელება, დიდი ფართობი უკავია წიფლის ტყეს, მდინარე ხობისწყლის ზემო წელში ფართოდ არის წარმოდგენილი წიწვოვანი მცენარეები და ალპური ზონა, დამახასიათებელია ენდემური მცენარეების ფართო გავრცელება.
ტყეში ბინადრობს დათვი, მგელი, ფოცხვერი, გვხვდება გარეული ღორი, ტურა, მელა და სხვა. მდ. ხობისწყალში ძირითადად ბინადრობს კალმახი.
ადგილობრივი თვითმმართველობა
რედაქტირებაადმინისტრაციული ერთეულები
რედაქტირებამუნიციპალიტეტში შედის 1 ქალაქი და 30 სოფელი.
- ქალაქი — 1: ჩხოროწყუ;
- თემი — 10: ახუთი, კირცხი, ლესიჭინე, ლეწურწუმე, მუხური, ნაკიანი, ნაფიჩხოვო, ქვედა ჩხოროწყუ, ჭოღა, ხაბუმე;
- სოფელი — 2: ზუმი, თაია.
საკრებულო
რედაქტირებაპარტია | 2017[4] | 2021[5] | ამჟამინდელი საკრებულო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | 19 | 12 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაციონალური მოძრაობა | 4 | 7 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საქართველოსთვის | 1[ა] | 6 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლელო | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დამოუკიდებელი | 1[ბ] | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შენების მოძრაობა | 2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპული საქართველო | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პატრიოტთა ალიანსი | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სულ | 28 | 27 |
დემოგრაფია
რედაქტირებარაიონი/მუნიციპალიტეტი[8] | 1959 წ. აღწ. | 1970 წ. აღწ. | 1979 წ. აღწ. | 1989 წ. აღწ. | 2002 წ. აღწ. | 2014 წ. აღწ. | 2018' |
---|---|---|---|---|---|---|---|
ჩხოროწყუს | 27 647 | 30 784 | 31 404 | 29 840 | 30 124 | 22 309 | 21 900 |
ეთნიკური შემადგენლობა 2014 წლისათვის:
- ქართველები - 99,70 %;
- რუსები - 0,17 %;
- უკრაინელები - 0,04 %;
- სომხები - 0,03 %.
ტრანსპორტი
რედაქტირებამუნიციპალიტეტში სარკინიგზო ხაზი არ არის. უახლოესი რკინიგზის სადგურია ქ. ზუგდიდის და სენაკის რკინიგზის სადგურები (36-37 კმ.). მუნიციპალიტეტზე გადის სენაკი-ჩხოროწყუ-ზუგდიდის საავტომობილო გზა. ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძეა - 280 კმ.
ფოტოგალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- მარგველანი, გ., ნეიძე, ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 178-179.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაშენიშვნები
რედაქტირება- ↑ გამოეყო ქართულ ოცნებას.[6]
- ↑ ჯონი ჯალაღონია - გამოეყო პარტიას „საქართველოსთვის“.[7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ georgia-religion 2014
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017 გვ. 90-91. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-12[მკვდარი ბმული]
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021 გვ. 110-112. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-12[მკვდარი ბმული]
- ↑ ქართული ოცნება ჩხოროწყუს საკრებულოს წევრმა დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა (2021-08-04). ციტირების თარიღი: 2024-06-18
- ↑ ჩხოროწყუს საკრებულოს წევრი გახარიას პარტიას ტოვებს (2021-12-27). ციტირების თარიღი: 2024-06-18
- ↑ Georgia division