ლუგელა
„ლუგელა“ — სამკურნალო მინერალური წყალი. საბადო მდებარეობს საქართველოს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ხობისწყლის ხეობაში, სოფელ მუხურიდან 4 კმ-ზე, 290 მ სიმაღლეზე. წყალი გამოდის ბაიოსური ასაკის ძლიერ დისლოცირებული ქანებიდან. „ლუგელა“ ბუნებრივი მედიკამენტია, წარმოადგენს კალციუმის ქლორიდის 9,5%-იან ხსნარს. ქიმიური შედგენილობა ; დებიტი 22მ3/დღე-ღამე. იხმარება სასმელად. ლუგელას პირველი ქიმიური ანალიზი აკადემიკოს რ. კუპცისის მიერ იქნა შესრულებული 1927 წელს. წარმოებს ჩამოსხმა, წელიწადში (1981) დაახლოებით 0,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ).
„ლუგელა“ ურთულესი ქიმიური შემადგენლობისაა. იგი მიეკუთვნება ქლორიდული წყლების ჯგუფს, თვითონ ქმნის მინერალური წყლების ტიპს და ჰიდროქიმიურ ლიტერატურაში „ლუგელას“ წყლების სახელწოდებითაა ცნობილი. წამყვანი ელემენტებია: კალციუმის კათიონი და ქლორის ანიონი, დამახასიათებელია ბრომის არსებობა, თანმხლები გაზია მეთანი, მცირე რაოდენობით შეიცავს: ანიონებიდან ფტორს, იოდსა და სულფატს, ხოლო კატიონებიდან ნატრიუმს, კალციუმს და მაგნიუმს. მაღალი მინერალიზაციის გამო დიდხანს ინახება, ჩამოსხმისას არ საჭიროებს ნახშირორჟანგით გაჯერებას, აღნიშნული თივსებების გამო „ლუგელას“ მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს.
სამედიცინო გამოკვლევებით დადგენილია, რომ მინერალური წყალი „ლუგელა“, მიეკუთვნება სამკურნალო–სასმელი წყლების კატეგორიას, რომელიც მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. „ლუგელას“ სამკურნალო ჩვენებებია ტუბერკულოზი, ლულოვანი ძვლების მოტეხილობა, რაქიტი, ალეგიული დაავადებები, სისხლის შედედების დაქვეითება და სხვა. ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მიერ დამუშავებულია „ლუგელას“ მინერალური წყლისაგან კბილის პასტის მიღების ტექნოლოგია. იგი დიდი წარმატებით გამოიყენება აგრეთვე მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში. წყლისაგან მიღებული მაღალი კონცენტრაციის ხსნარი, როგორც სიცივის გადამტანი აგენტი, წარმატებით გამოიყენება სამაცივრო დანადგარებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ცერცვაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 302.
- ნურმან არდია, ჭიჭიკო ჯანელიძე, სამეგრელო (გეოგრაფიული აპექტები) – თბილისი–ზუგდიდი, 1999 წ.