ტაო
ტაო, ტაონი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მესხეთის ნაწილი.
აღმოსავლურ-ქართველური სახელმწიფოს — ქართლის სამეფოს წარმოქმნის (ძვ. წ. IV-III საუკუნეები) ხანაში ტაო მისი ორგანული ნაწილი იყო. ძვ. წ. II საუკუნიდან ის სომხეთის სამეფოს შემადგენლობაში გადადის. IV—VII საუკუნეებში ტაო მამიკონიანთა ფეოდალური საგვარეულოს სამფლობელო იყო. სომხეთის სახელმწიფოს ორბიტაში ყოფნა იწვევდა სომხური კულტურის დანერგვასა და გაძლიერებას, მიგრირებული სომხური ეთნიკური ელემენტის მომძლავრებას. ქართული მოსახლეობა თანდათან კარგავდა თავის ეთნიკურ-კულტურულ სახეს. რელიგიის დაპირისპირების ვითარებაში, როდესაც სომხურმა ეკლესიამ ქალკედონის საეკლესიო კრება დაგმო და მონოფიზიტობა აღიარა, ქართულმა ეკლესიამ კი დიოფიზიტობა. ტაო დიოფიზიტობის (ქალკედონიზმის) ძლიერ ცენტრს წარმოადგენდა; VII საუკუნეში ქართული მოსახლეობა უბრუნდებოდა თავის ეთნიკურ-კულტურულ წრეს; VIII საუკუნეში აქ დამკვიდრდა ბაგრატიონთა სამეფო დინასტია. IX საუკუნის დასაწყისში აშოტ I-მა დიდმა არაბთა ლაშქრობებით და ეპიდემიებით გაპარტახებული მხარე აღადგინა და დაასახლა, ამავე დროს აქ დაიწყო ფართო სამონასტრო მშენებლობა გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით. ტაო გარდაიქცა ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ერთ-ერთ უდიდეს კერად. XVI საუკუნეში ტაო სამხრეთ საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა. 1918-1921 წლებში მისი ნაწილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1921 წლიდან კი ისევ თურქეთის საზღვრებშია.
გეოგრაფია
რედაქტირებატაო მდინარე ჭოროხის შუა დინების აუზში მდებარეობს.[1] ტაო სამი მიკრორეგიონის ერთობლიობას წარმოადგენს: ოლთისი, თორთუმი და პარხალი. ქართული ისტორიული ტრადიციის თანახმად ტაო ორ ნაწილად იყოფოდა: ამიერი და იმიერი ტაო (ანუ ქვემო და ზემო ტაო).[1] რ. ედვარდსის თანახმად კლარჯეთსა და ტაოს შორის არ არსებობდა მკვეთრი საზღვარი. სომხურ გეოგრაფიაში ცნობილი ისეთი ოქლები, როგორიც არი ნიგალი, მურღული და მრიტი ერთად ეგერის დიდ ნაწილს აყალიბებდნენ, რომელიც კლარჯეთის დასავლეთ საზღვარას წარმოადგენდა. სამხრეთ-აღმოსავლეთ ეგერი IX საუკუნემდე, გარკვეული პერიოდი, შედიოდა ტაოში და აყალიბებდა ამიერ ტაოს.[2]
ტაო ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფიაში
რედაქტირებავახუშტი ბატონიშვილის თანახმად, ტაოს, სამხრეთ საქართველოს სხვა ოლქებთან ერთად, ქართლოსის წილია და „ზემო ქართლის“ ნაწილს წარმოადგენდა.[3]
ტაო „სომხურ გეოგრაფიაში“
რედაქტირებაVII საუკუნის „სომხური გეოგრაფია“ ტაოს (ტაიქს) სომხურ პროვინციად მიიჩნევს და მას 9 ოლქად ყოფს. ამ ცნობებზე დაყრდნობით, ს. ერემიანი მიიჩნევდა, რომ ტაოს ფართობი (კოლას ჩათვლით) 10179 კმ² უნდა ყოფილიყო.[4] თუმცა რ. ედვარდსის აზრით, „სომხური გეოგრაფია“ ტაოს ფართობს ზედმეტად აჭარბებს.[5] ეს ვრცელი მხარე სომხური მმართველობის ქვეშ სამ ნაწილად იყოფოდა: ტაო, ბოლხა და კოლა. მათ საერთო სახელი შესაძლოა, 591 წლის ბიზანტიურ-სპარსული ხელშეკრულების შედეგად მიიღეს.[6] როგორც რ. ჰიუსენი აღნიშნავს, უშუალოდ ტაო მოიცავდა არსეაცფორს, აზორდაცფორს, ოკალე და ჩაკის ოლქებს.[7]
ისტორია
რედაქტირებაძვ. წ. II საუკუნემდე
რედაქტირებაძვ. წ. 760-იანი წლებიდან წყაროებში აღარ ჩანს დიაოხი, თუმცა, ის შემორჩა ქართული — ტაოს, ბერძული — ტაოხის (ბერძ. Τάοχοι) და სომხური — დაიხ ან ტაიქის (სომხ. Տայք) სახით.[8] „Encyclopædia Britannica“-ს თანახმად დიაოხელები ქართველთა წინაპრები იყვნენ, კერძოდ კი ტაოში მოსახლე ტაოხების.[9] ძვ. წ. IV-III საუკუნეებში ტაო იბერიის სამეფოს ნაწილი გახდა.[10][11][1] ძველი ქართული ისტორიული ტრადიციის თანახმად, ფარნავაზ მეფის დროს ეს ტერიტორია კლარჯეთის საერისთავოს შემადგენლობაში შედიოდა.
ძვ. წ. II-ახ. წ. IV საუკუნეები
რედაქტირებასტრაბონის „გეოგრაფიის“ (XI, 14, 5) თანახმად ძვ. წ. II საუკუნის[10] დასაწყისში მოცემული ტერიტორია არტაშესიანურმა სომხეთმა იბერიისგან დაიპყრო.[11] იბერიას მხოლოდ არტაან-სამცხე-ჯავახეთი შერჩა, კლარჯეთი კი ეგრისის სამეფოს ხელში გადავიდა.[12] რ. თოფჩიშვილის თანახმად, ახ. წ. I და II საუკუნეებში ტაო კვლავ იბერიის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა.[1] შემდგომ კვლავ სომხეთმა დაიპყრო და მამიკონიანების ფეოდალურ სამფლობელოდ იქცა.[1] მამიკონიანები ზოგიერთი ისტორიკსის თანახმად ქართველური (ჭანური[5][13]) წარმომავლების უნდა იყვნენ. მამიკონიანების სომხეთის სამეფოში ინტეგრაცია და საბოლოოდ გაერთიანება, თანდათან: სამხედრო კავშირების, შერეული ქორწინებებისა და სომხეთის მონარქისგან მაღალი თანამდებობის მიღების გზით ხდებოდა.[5] ფავსტოს ბუზანდის თანახმად მამიკონიანები ტაოს IV საუკუნიდან განაგებდნენ.[14] ნ. გარსოიანის მოსაზრებით ტაო ქრისტიანობაზე სავარაუდოდ გრიგოლ განმანათლებელის დროს მოექცა.[6]
387 წელს სომხეთის გაყოფის შემდეგ, ტაო სპარსეთის მფლობელობაში მოექცა, ხოლო მისი დასავლეთ ნაწილი სპარსეთ-ბიზანტიის სასაზღვრო ზოლი გახდა.[10] ეს იყო არა მხოლოდ პოლიტიკური საზღვარი, არამედ იდეოლოგიური: ქრისტიანულ რელიგიასა და ზოროასტრიანიზმს შორის.[15] ტაო რჩებოდა სომხური სამეფოს (სასანიანთა ვასალი), ხოლო შემდეგ სპარსელი მარზპანის (გუბერნატორის) ქვეშ.[16]
V-VIII საუკუნეები
რედაქტირება428 წელს სომხეთის სამეფო დინასტიის დაცემის შემდეგ, მამიკონიანები, რომელთა უმთავრეს მეტოქეს ბაგრატიდები წარმაოდგენდნენ, უკვე დამოუკიდებლად ატარებდნენ შიდა პოლიტიკას.[17] სპარსეთ-ბიზანტიის ომის დასრულების შემდეგ, 591 წელს, ტაო იმპერატორი მავრიკიოსის მფლობელობაში მოექცა.[18] კ. თუმანოვის თანახმად ტაო უნდა გამხდარიყო ბიზანტიის პროვინცია „Armenia Profunda“ ანუ „ღრმა სომხეთი“,[19] რომელიც სამ ოლქს აერთიანებდა: ტაო, ბოლხა და კოლა. თუმცა რ. ედვარდსის თანახმად, არაფერი მოწმობს იმას, რომ ტაოს „ღრმა სომხეთი“ ეწოდა.[20]
VII საუკუნეში არაბთა შემოსევა მოასწავებდა ტრადიციულად „რომანოფილი“ მამიკონიანების დამხობას. მამიკონიანებმა საკუთარი სამფლობელობის დიდი ნაწილი და პოლიტიკური გავლენა დაკარგეს.[13] VII საუკუნის შუა პერიოდიდან 772 წლამდე, მამიკონიანები ტაოს არაბთა სახელით განაგებდნენ.[21] „Oxford Dictionary of Byzantium“-ის თანახმად მამიკონიანები ტაოს VIII საუკუნემდე მმართავდნენ.[18]
VIII საუკუნეში ტაო ორჯერ დაარბიეს არაბებმა: 735 წელს მურვან ყრუს მეთაურობით და 772 წელს, არაბთა წინააღმდეგ წარუმატებელი აჯანყების შედეგად. აჯანყების წარუმატებლობა კატასტროფულად აისახა მამიკონიანებისთვის, რის შედეგად მათ დაკარგეს ტაო (რომელიც ბაგრატიდებმა და იბერიამ დაიკავა).[22] კ. თუმანოვის თანახმად, 772 წლის შემდეგ ტაო, რომელიც მამიკონიანებს ეკუთვნოდათ, გაიყო ორ ნაწილად: იმიერ ტაო ბაგრატიდების, ხოლო ამიერ ტაო (ასისფორთან ერთად) გუარამიდების ხელში გადავიდა.[23] დაახლოებით 786-807 წლებში ამიერ ტაო და ასისფორი (იმიერ ტაო) გადავიდა ბაგრატიონთა ხელში. 813 წელს ტაო სრულად გაერთიანდა. ამ პერიოდიდან ტაო სომხური პოლიტიკური სფეროდან საბოლოოდ ქართული სფეროსში გადადის.[24]
IX-X საუკუნეები
რედაქტირებაVIII საუკუნის ბოლოს, არაბთა ლაშქრობების შედეგად განადგურდა ადგილობრივი ქართული დინასტიები და ქართლის ცენტრალური ნაწილი არაბების ხელში მოექცა. დაიშალა ქართლის საერისმთავროც და მის ნანგრევებზე დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულები წარმოიქმნა. არაბებისგან შევიწროვებული აშოტ კურაპალატი თავს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში აფარებს და აქ ტაო-კლარჯეთის სამთავროს აარსებს, ბიზანტიის იმპერატორისგან კურაპალატის ტიტულს ღებულობს და მისივე მხარდაჭერით იწყებს გავერანებული მხარის აღორძინებას.[25] აშოტ კურაპალატის მმართველობის დროიდან აქ ფართოდ გაიშალა გრიგოლ ხანძთელის მიერ წამოწყებული სამონასტრო მშენებლობა, რომელაც აშოტის მემკვიდრეების დროს კიდევ უფრო დიდ მაშტაბებს მიაღწია.[26] აშოტ მემკვიდრეობა ბაგრატიონთა რამდენიმე შტოს შორის განაწილდა. თავდაოურველად ისინი ტაო და კლარჯეთის შტოებად დაიყვნენ, ხოლო მოგვიანებით ტაოს შტოც დაიწყო ამიერ და იმერტაოს შტოებად.[26] ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონები ქართულ ტიტულებთან ერთად, ასევე ატარებდნენ ბიზანტიურ (კურაპალატი, მაგისტროსი, ანთიპატოს-პატრიკიოსი) ტიტულებსაც. 888 წლიდან ამიერ ტაოს წარმომადგენელმა, ადარნასემ აღადგინა ქართველთა სამეფო; „ქართველთა მეფის“ ტიტული ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონებს შორის ამიერიდან უპირატესი გახდა, თუმცა ბიზანტიისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად მაინც კურაპალატი რჩებოდა.[27] გურგენ II-ის გარდაცვალების შემდეგ, იმიერ ტაოს პირველი შტო გადაშენდა და მათი სამფლობელო ამიერ ტაოს შტოს წარმომადგენელმა დაიკავა. სწორედ ამ შტოს წარმომადგენელი იყო დავით III კურაპალატი.
XI საუკუნე
რედაქტირებადავით III ტაოელის გარდაცვალების შემდეგ იმპერატორი ბასილი II გაურიგდა ბაგრატ III-ს და მხარეებმა ტაოს შესახებ გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიეს. ტაოს სამხრეთი ნაწილი, ანუ იმიერ ტაო ბიზანტიის ხელში გადავიდა, ხოლო ჩრდილოეთი, ანუ ამიერ ტაო ბაგრატს დარჩა. ამის შედეგად საქართველოს პოლიტიკურმა ცენტრმა, ჩრდილოეთში გადაინაცვლა ისევე, როგორც ქართულმა წარჩინებულმა ფენამ.[28] ახლად შეერთებულ ტერიტორიებზე ბასილმა იბერიის თემის ჩამოაყალიბა. იბერიის თემის შექმნის ზუსტი თარიღი უცნობია და ის 1001-დან 1022 წლამდე მერყეობს, რა დროსაც იმპერატორმა საქართველოში ლაშქრობის შემდეგ (1014-1023) საბოლოოდ მოახერხა ტაოს კონსოლიდირება.[29] გიორგი I-ის მიერ წარმოებული წარუმატბეელი ლაშქრობის შედეგად ტაოს ორივე ნაწილი ბიზანტიის ხელში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა მონარქებმა მრავალჯერ სცადეს ტაოს დაბრუნება (1001, 1014, 1021-1022), არ არსებობს არანაირი მოწმობა იმისა, რომ ქართული მოსახლეობა თავდაპირველად შევიწროვებულიყო ახალი სამხედრო ადმინისტრაციის ქვეშ.[30] 1034 წელს ბაგრატ IV-მ დაიბრუნა ამიერ ტაოს მნიშვნელოვანი ნაწილი.[30] ურჩმა ფეოდალმა ლიპარიტ ბაღვაშმა ბიზანტიის დახმარებით ტაოს დაკავება მოახერხა, თუმცა ის მეფის ერთგულმა სულა კალმახის ერისთავმა შეიპყრო და ბაგრატს გადასცა.[31]
ბიზანტიის მმართველობის ქვეშ ტაოს რეგულარულ ბიზანტიურ გარნიზონებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც იცავდა, რისთვისაც ისინი გადასახადების გარეშე ღებულობდნენ სახელმწიფო მიწებს. დაახლ. 1053[32] წლიდან მდგომარეობა ამ მხრივ გაუარესდა. კონსტანტინე IX-მ გააუქმა „იბერიული არმია“, რომელიც 50 000[32] მეომარს ითვლიდა და სამხედრო ვალდებულების სანაცვლოდ მათ გადასახადების დაუწესა.[30] ახლმა გადასახადებმა ბიზანტიის ხელისუფლების მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. არსებობის უკანასკნელ პერიოდში იბერიის თემი მოიცავდა იმიერ ტაოს, ბასიანს და კარს.[29] 1064 წელს ალფ-არსლანმა საქართველოში ლაშქრობისას სხვა მხარეებთან ერთად მორბია ტაო ფანასკერტამდე[33]. 1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში სელჩუკებთან განცდილი მარცხის შემდეგ ბიზანტიელებმა იბერიის თემი მიატოვეს და 1072/74 წლებში ის საქართველოს სამეფოს შეუერთდა.[34] თუმცა გრიგოლ ბაკურიანის მიერ ტაოს საქართველოსთვის გადაცემამ ვერ აღკვეთა თურქთა შემოსევა.[35]
XII-XVI საუკუნეები
რედაქტირებაისტორიკოსთა ერთი ნაწილი ტაოს საერისთავოს ჩამოყალიბებას ბაგრატ IV-ის მმართველობას უკავშირებს და მის პირველ ერისთავად ვაჩე კარიჭის-ძეს მიიჩნევენ, თუმცა ამ მოსაზრებას არ იზიარებს მ. ბახტაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ დროს ტაოს გარკვეული ნაწილი მეფის დომენი იყო, რაც ასევე არ გამორიცხავს ტაოს ტერიტორიაზე თუხარისის საერისთავოს არსებობას, რომელიც წყაროებში XI საუკუნიდა ჩნდება.[36] 1124 წელს, სელჩუკებთან წინააღმდეგ ბრძოლის დროს, დავით აღმაშენებელმა ილაშქრა იმიერ ტაოში, მაგრამ ის არ შემოერთებია. 1191 წელს, თამარ მეფის მმართველობის პერიოდში, გუზან აბულასანის ძე ტაოელი უერთდება გიორგი რუსის აჯანყებას. აჯანყებულების დამარცხების შემდეგ ტაოს პირველი ერისთავი ზაქარია ფანასკერტელი ხდება.[36] ტაოს საერისთავო XII საუკუნის 90-იანი წლებიდან XV საუკუნის 60-იან წლებამდე არსებობდა. ცნობილია ტაოს შემდეგი ერისთავები: ზაქარია ფანასკერტელი (XII-ს-ის ბოლო), თაყა ფანასკერტელი (XIII ს-ის ბოლო - XIV ს-ის დასაწყისი) ზაზა ფანასკერტელი (XV საუკუნე).[36] რუქნ-ად დინზე გამარჯვების შემდეგ ტაო სრულიად შემომტკიცდა, გათავისუფლდა ხახული, ოშკი და ბანა[37].
საქართველოში მონღოლთა გამოჩენის და ქვეყნის დასუსტების შემდეგ ტაოს დაუფლებისთვის აქტიურად იბრძვიან რუმის სასულთნოსა და ხლათის აიუბიანები. XIII საუკუნის II ნახევრიდან სამცხე-საათაბაგოს ფარგლებში შედიოდა. ყვარყვარე ციხისჯვარელის მეთაურებით ბანასთან დამარცხდა თურქმანთა უზარმაზარი ლაშქარი, მოგვიანებით ბექა მანდატურთუხუცესმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა აზატ-მოსეს ლაშქარზე[37]. განსაკუთრებით თავი იჩინა ტაოს ერისთავმა თაყა ფანასკერტელმა, რომელიც მცირერიცხოვანი ლაშქრით შეება მტერს თორთუმის ციხესთან. XIV საუკუნიდან ტაო კვლავ ერთიანი საქართველოს შემადგენლობაშია. როგორც ჩანს, ამ თაყას შვილიშვილი იყო ის თაყაც, რომლის მეომრებმა, თორთუმის ციხეში გამაგრებულებმა, მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს თემურ-ლენგის ლაშქარს (1402). XV საუკუნის II ნახევრიდან საქართველოს ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, ტაო სამცხე-საათაბაგოს სამთავროს შემადგენლობაში იყო.[38]
XVI საუკუნე და შემდგომი პერიოდი
რედაქტირებაXVI საუკუნის 50-იან წლებში სამცხე-საათაბაგოს დასავლეთის მხარეები, მათ შორის ტაო, ოსმალეთმა დაიპყრო.[38] ოსმალებმა ტაო სულთან სულეიმანის (1520-1566) დროს დაიპყრეს და ახალ ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყვეს: თორთუმი, მამრავანი, ოლთისი — სანჯაყებად, ხახული კი ნაჰიედ აქციეს. ოსმალებმა ყარს-არზრუმისა და ნაწილობრივ იმიერ ტაოს ქართული მოსახლეობა სომეხთა საპატრიარქოს დაუმორჩილეს[39]. 1878 წელს ტაოს ოლთისის ნაწილი რუსეთის იმპერიამ დაიკავა და ის ყარსის ოლქში შეიყვანა.[40] 1918-1921 წლებში მისი ნაწილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1921 წლიდან კი ისევ თურქეთის საზღვრებშია. დღესდღეობით ქართული მეტყველება (ტაოური დიალექტი) შემორჩენილია მხოლოდ პარხლისწყლის ხეობის ზოგ სოფლებში.
საეკლესიო იურისდიქცია
რედაქტირებატაოში ორი ეპარქია იყო: ბანელისა და იშხნის საეპისკოპოსოების.[41]
ლიტერატურა
რედაქტირება- ინგოროყვა პ. გიორგი მერჩულე, თბ., 1954;
- მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ნაწ. 1—2, თბ., 1977—80;
- მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 658.
- თოფჩიშვილი, Როლანდ (2017). ისტორიულ-ეთნოგრაფიული სამხრეთი საქართველო და ქართველები თურქეთში. უნივერსალი. ISBN 978-9941-22-974-9.
- Edwards, Robert W. (1988). „The Vale of Kola: A Final Preliminary Report on the Marchlands of Northeast Turkey“. Dumbarton Oaks Papers. 42: 119–141. doi:10.2307/1291592. ISSN 0070-7546.
- Edwards, Robert W. (1985). „Medieval Architecture in the Oltu-Penek Valley: A Preliminary Report on the Marchlands of Northeast Turkey“. Dumbarton Oaks Papers. 39: 15–37. doi:10.2307/1291514. ISSN 0070-7546.
- Anania Shirakatsʻi, active (1992). The geography of Ananias of Širak : Ašxarhacʻoycʻ, the long and the short recensions, of Khoren, activeth century Moses, Robert H. Hewsen, Wiesbaden: Reichert. ISBN 3-88226-485-3. OCLC 27774661.
- Garsoian, Nina (1991). „TAYK'/TAO“. In Kazhdan, Alexander (ed.). Oxford Dictionary of Byzantium. Oxford and New York: Oxford University Press. ISBN 0-19-504652-8.
- TOUMANOFF, CYRIL (1959). „INTRODUCTION TO CHRISTIAN CAUCASIAN HISTORY The Formative Centuries (IVth-VIIIth)“. Traditio. 15: 1–106. ISSN 0362-1529.
- Toumanoff, Cyrille (1963). Studies in Christian Caucasian history (English). Washington: Georgetown University Press. OCLC 398120.
- Sagona, A. G. (2004). Archaeology at the north-east Anatolian frontier, I. : an historical geography and a field survey of the Bayburt Province, Claudia Sagona, Louvain [Belgium]: Peeters Press. ISBN 90-429-1390-8. OCLC 57178449.
- (2018) ტაო-კლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა, მ. სურგულაძე, თბილისი: "ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი". ISBN 978-9941-9564-0-9. OCLC 1193259798.
- ბახტაძე, მიხეილ (2004). ინსტიტუტი საქართველოში.pdf ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში, თსუ. თბილისი.
- ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. „საერთაშორისო კონფერენცია ტაო-კლარჯეთი II, მოხსენებათა თეზისები, ბათუმი 2012// 2nd International Conference Tao-Klarjeti, Abstracts of Papers, Batumi 2012“. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - (2013) ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი. თბილისი : ბაკურ სულაკაური. ISBN 978-9941-15-896-4.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 თოფჩიშვილი 2017, p. 90.
- ↑ Edwards, Robert W. (1986). „The Fortifications of Artvin: A Second Preliminary Report on the Marchlands of Northeast Turkey“. Dumbarton Oaks Papers. 40: 181. doi:10.2307/1291536. ISSN 0070-7546.
- ↑ ტაო-კლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა 2018, p. 11.
- ↑ Еремян С. Т. Армения согласно «Географии» 7-го века, Ереван, 1963 (на армянском — Երեմյան Ս.Տ., Հայաստանը ըստ «Աշխարհացոյց»-ի, Երևան, 1963).
- ↑ 5.0 5.1 5.2 Edwards 1988, p. 134.
- ↑ 6.0 6.1 Pʻawstos Buzandatsʻi, Nina G. Garsoïan (1989). The epic histories attributed to Pʻawstos Buzand (Buzandaran patmutʻiwnkʻ). Cambridge: Harvard University by Harvard University Press. ISBN 0-674-25865-7. OCLC 22544415.
- ↑ Edwards 1988, p. 204.
- ↑ Sagona 2004, p. 36.
- ↑ Georgia // Encyclopædia Britannica
- ↑ 10.0 10.1 10.2 Hewsen 1992, p. 207.
- ↑ 11.0 11.1 Toumanoff 1959, p. 101.
- ↑ ტაო-კლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა 2018, p. 12.
- ↑ 13.0 13.1 Toumanoff 1963, p. 77.
- ↑ Edwards 1985, p. 16.
- ↑ Sagona 2004, p. 92.
- ↑ Toumanoff 1963, p. 131.
- ↑ (2008) The Cambridge history of the Byzantine Empire c. 500-1492, Jonathan Shepard, Cambridge, UK: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-83231-1. OCLC 221147316.
- ↑ 18.0 18.1 The Oxford Dictionary of Byzantium 1991, p. 2018.
- ↑ Hewsen 1992, p. 19.
- ↑ Edwards 1988, p. 133.
- ↑ Edwards 1985, p. 34.
- ↑ Redgate, A. E. (2000). The Armenians. Oxford: Blackwell, გვ. 176. ISBN 0-631-22037-2. OCLC 48166013.
- ↑ Toumanoff 1963, p. 455-456.
- ↑ Hewsen 1992, p. 200.
- ↑ ტაო-კლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა 2018, p. 15.
- ↑ 26.0 26.1 ტაო-კლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა 2018, p. 16.
- ↑ ტაო-კლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა 2018, p. 17.
- ↑ Edwards 1988, p. 126.
- ↑ 29.0 29.1 The Oxford Dictionary of Byzantium 1991, p. 971.
- ↑ 30.0 30.1 30.2 Edwards 1988, p. 139.
- ↑ ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი 282, p. 2013.
- ↑ 32.0 32.1 Treadgold, Warren T. (1995). Byzantium and its army, 284-1081. Stanford, Calif.: Stanford University Press, გვ. 80. ISBN 0-8047-2420-2. OCLC 31519719.
- ↑ ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი 252, p. 2013.
- ↑ Stephen H. Rapp 1997, p. 551.
- ↑ Edwards 1988, p. 140.
- ↑ 36.0 36.1 36.2 ბახტაძე 2004, p. 179-182.
- ↑ 37.0 37.1 ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი & 91, p. 2013.
- ↑ 38.0 38.1 თოფჩიშვილი 2017, p. 91.
- ↑ ლომსაძე, შოთა (1979). გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიიდან. თბილისი : მეცნიერება, გვ. 27.
- ↑ თოფჩიშვილი 2017, p. 96.
- ↑ თოფჩიშვილი 2017, p. 65.