პორტალი:წმინდანები/რჩეული სტატია/არქივი

დეკემბერი

რედაქტირება

ანდრია პირველწოდებული (ბერძ. Ανδρέας - ”მამაცი”, ლათ. Andreas), ქრისტიანული ტრადიციით, ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. ხსენების დღე - 29 (12.05) აპრილი, 30 (13.12) ნოემბერი.

XI საუკუნიდან ანდრია მოციქული საქართველოში ცნობილი იყო როგორც ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელი. ანდრია მოციქული ორიგენს (II-III საუკუნეები) სკვითების განმანათლებლად ჰყავს გამოყვანილი. VIII-IX საუკუნეებში ბიზანტიურ მწერლობაში ანდრია მოციქული პონტოს სამეფოს მქადაგებლად არის დასახელებული. ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ პირველი ცნობა ნიკიტა პაფლაგონიელს († 890) მოეპოვება. მის ნაშრომში ანდრიას წილხვდომილად ჩრდილოეთია აღნიშნული და თვით იგი იბერთა და სავრომატების, ტავრებისა და სკვითების განმანათლებლად იწოდება... (...სრულად)

ექვთიმე თაყაიშვილი (წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი; დ. 1863 წლის 3 იანვარი [სხვა ვერსიით 5 ივნისი], ლიხაური, ოზურგეთის მაზრა - გ. 1953 წლის 21 თებერვალი, თბილისი) - ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), პროფესორი (1918), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 3 იანვარი, ახალი სტილით - 16 იანვარი.

2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა. მის უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილას, ვაშლოვანის ქუჩის 7 ნომერში მისი მუზეუმია განთავსებული..... (...სრულად)

თებერვალი

რედაქტირება

დავით აღმაშენებელი (დ. 1073, ქუთაისი ― გ. 24 იანვარი. 1125), საქართველოს მეფე 1089-1125, გიორგი II-ის ძე, ბაგრატიონთა დინასტიიდან. ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქი, მოახერხა თურქ-სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწების საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა. ქრისტიანული კულტურის წამხალისებელი და თავად თავდადებული ქრისტიანი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული.

დავითი, გიორგი II–სა და ელენეს ერთადერთი ვაჟი, დაიბადა 1073 წელს სატახტო ქალაქ ქუთაისში. მისი უფლისწულობა მოკლე აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, მამამისი იძულებული შეიქმნა ტახტიდან გადამდგარიყო და 16 წლის ძე გაემეფებინა. ეს ფაქტი დავითის კარგ განათლებაზე და სახელმწიფო საქმეში გათვიცნობიერებულობაზე უნდა მეტყველებდეს....... (...სრულად)

დემეტრე (დიმიტრი) II, თავდადებული (დ. დაახლოებით 1259 — გ. 12 მარტი. 1289), საქართველოს მეფე 1271-89, დავით VII ულუსა და გვანცა დედოფლის ძე.

დემეტრე მონღოლების მიერ გვანცას სიკვდილით დასჯის (დაახლოებით 1262) შემდეგ იზრდებოდა ტარსაიჭ ორბელის სახლში. ტახტის მემკვიდრე გახდა 1268-იდან, როცა უფროსი ძმა გიორგი გარდაიცვალა. 1270, დავით VII-ის გარდაცვალების შემდეგ, არსებული წესის თანახმად, მეფედ დასამტკიცებლად ყაენთან წაიყვანეს ილხანთა სახელმწიფოში. ყაენმა აბაღამ დემეტრე II საქართველოს მეფედ დაამტკიცა და მეურვე-მეთვალყურედ დაუნიშნა ყაენების სამსახურში დაწინაურებული მედროვე სადუნ მანკაბერდელი, რომელიც აბაღას ვილის თანახმად, დემეტრე II-მ ათაბაგად დანიშნა. მცირეწლოვანი დემეტრეს მეფობაში ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი სადუნი იყო. როგორც ილხანთა ვასალი, დემეტრე II საქართველოს ლაშქრით მონღოლთა ყველა ლაშქრობაში მონაწილეობდა. 1277, 1280 და 1281 აბაღას მიერ ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში რამდენიმე ათასი ქართველი მეომარი დაიღუპა. ორ უკანასკნელ ლაშქრობაში საქართველოს ლაშქარს დემეტრე II მეთაურობდა... (...სრულად)

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარება ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი საუფლო დღესასწაული (უძრავი), აღინიშნება 25 მარტს ძველი სტილით (7 აპრილი ახალი სტილით). სახარების (ლუკა 1,28-35) მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზს უხარებია მარიამ ღვთისმშობლისათვის, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე, ძე ღვთისა.

პატარა ქალაქ ნაზარეთში ერთი მოკრძალებული ქალწული ცხოვრობდა, სახელად მარიამი. მას უფალი წმინდა გულით უყვარდა. ერთხელ მას გამოეცხადა უფლისაგან გამოგზავნილი ანგელოზი გაბრიელი და უთხრა: ”გიხაროდეს! მომადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ დედათა შორის.” მარიამი შეკრთა, მაგრამ ანგელოზმა დაამშვიდა: ”ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან. აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე, და მის მეფობას არ ექნება დასასრული.” მაშინ მარიამი იოსებზე მხოლოდ დანიშნული იყო და გაიოცა: ”როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?” ანგელოზმა მიუგო: ”სულიწმინდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგჩრდილავს. ამიტომ წმინდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ.” მაშინ მარიამმა თქვა: ”აჰა, მხევალი ვარ უფლისა. მეყოს შენი სიტყვისამებრ.” და განეშორა მას ანგელოზი.... (...სრულად)

ამაღლება – ქრისტიანული დღესასწაული აღდგომის მეორმოცე დღეს. იმართება ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად. ღმერთების ზეცად ამაღლების მითი მრავალ რელიგიაშია ცნობილი. ქრისტიანული სწავლებით, ქრისტე მკვდრეთით აღგომის შემდეგ ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, ესაუბრებოდა მათ ღვთის სასუფეველზე და მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში "სულიწმიდის მოფენამდე". აღდგომის მეორემოცე დღეს ქრისტე მოწაფეთა თავლწინ ამაღლდა ზეცად. ამაღლების დღესასწაული IV-V საუკუნეებში საყოველთაო გახდა ქრისტიანული ეკლესიისათვის, იხსენიება ეკლესიის მამებთან (გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი და სხვა). დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ამაღლების რიტუალური წესები, რომელტაგან ზოგი იოანე დამასკელს მიეკუთვნება.

ქართულ საეკლესიო მხატვრობაში ქრისტეს ამაღლების მხატვრული კომპოზიცია კარგადაა შემონახული დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ამაღლების ეკლესიაში (X ს.) და ზემო კრიხის (ამბროლაურის რაიონი) ეკლესიაში (XI ს.). (...სრულად)

დემეტრე Iსაქართველოს მეფე 1125-1156 წწ. დავით აღმაშენებლის მემკვიდრე. მამის სიცოცხლეშივე აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. დიდგორისა და შირვანის ბრძოლებში ქართველთა ლაშქრის გამარჯვების ერთ-ერთი ორგანიზატორი. დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ იძულებული გახდა ანისი ყმადნაფიცობის პირობით თურქებისათვის დაეთმო. 1138 დემეტრე I-ის სარდლობით ქართველებმა განძა აიღეს და გამარჯვების ნიშნად ქალაქის კარი საქართველოში მოიტანეს (დაცულია გელათში).

საყურადღებოა დემეტრე I-ის პოეტური შემოქმედება. ჩვენამდე მოაღწია მისმა რამდენიმე იამბიკომ. განსაკუთრებით გამოირჩევა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი იამბიკოები. დემეტრე I-ის თხზულებათა პოეტური სახეები ქრისტიანულ სიმბოლიკაზეა დაფუძნებული, ზოგ მათგანს რითმაც ეტყობა. მისი „შენ ხარ ვენახი“ დღესაც ცოცხალი საეკლესიო საგალობელია. (...სრულად)

ლუარსაბ II (დ. 1592 — გ. 1622), ქართლის მეფე 1606-15 წლებში. 14 წლისა მეფედ დაამტკიცა თბილისში მყოფმა შაჰ აბას I-მა უეცრად გარდაცვლილი გიორგი X-ის ნაცვლად. ლუარსაბ II-ს ირან-ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლა ევალებოდა. თავი გამოიჩინა ტაშისკარის ბრძოლაში (1609). 1610 ლუარსაბ II ირანში ესტუმრა შაჰს, რომელმაც ამ ვიზიტის შედეგად მას დაუბრუნა თბილისის ციხე (ამ ციხეში ადრე ოსმალები, 1606-იდან კი ყიზილბაშები იდგნენ). 1611 ბოლოს ლუარსაბ II-მ ცოლად შეირთო გიორგი სააკაძის და, რომელსაც დიდ თავადთა მოთხოვნით მალე გაეყარა, ამას მოჰყვა შეთქმულება სააკაძის წინააღმდეგ. ლუარსაბ II-ს ცოლი აღარ შეურთავს, თუმცა ქართლის სამეფო ტახტს პირდაპირი მემკვიდრე არ ჰყავდა. 1614 დასაწყისში, შაჰ აბას I-ის შემოსევის დროს, ლუარსაბ II იმერეთში გადავიდა და სხვა ქართველ მეფეებთან ერთად ოსმალეთს სთხოვა დახმარება ირანის წინააღმდეგ. 1614 ოქტომბერში ლუარსაბ II შადიმან ბარათაშვილის მეცადინეობით ქართლში დაბრუნდა და შაჰთან მივიდა, რათა ქართლი აოხრებისაგან ეხსნა. ლუარსაბ II შაჰის ბრძანებით შირაზის ციხეში საბლით მოაშთვეს. იგი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. (...სრულად)

ილია ჭავჭავაძე (დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი — გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური), დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1861—1907 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი. დაიბადა გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას გარდაეცვალა დედა — მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას — მამა. დაობლებული ილიასა და მისი და-ძმების მოვლა-პატრონობა მამიდამ — მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა. მთელი თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით ჭავჭავაძე დიადი მიზნის განხორციელებას — ქართველი ხალხის კონსოლიდაციას, ეროვნული თვითშეგნების გამოცოცხლებასა და ამაღლებას, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ემსახურებოდა. ჭავჭავაძე იყო XIX საუკუნის II ნახევრის საქართველოს უდიდესი ეროვნული მოღვაწე, ქართველი ერის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი. უწინარეს ყოვლისა, ამაშია მისი ეპოქალური დამსახურება საქართველოს წინაშე. 1907 წელს რუსეთის პირველ დუმაში (სახელმწიფო საბჭო) სამსახურის შემდეგ, ილიამ გადაწყვიტა საქართველოს დაბრუნებულიყო. ამავე წლის 28 აგვისტოს თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და ოლღას წიწამურთან ექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ... (...სრულად)

სექტემბერი

რედაქტირება

შუშანიკი (სომხ. Շուշանիկ, დ. დაახლ. 440 — გ. 475), ქართლის პიტიახშის ვარსქენის მეუღლე (V საუკუნის II ნახევარი), სომეხთა ქართველი მხედართმთავრის ვარდან მამიკონიანის ასული.

როდესაც საქართველოში ირანის პოლიტიკის გამტარებელმა ვარსქენმა უარყო ქრისტიანობა და ცეცხლთაყვანისმცემლობა მიიღო, შუშანიკი გაემიჯნა ქმარს. ვარსქენმა ის საპყრობილეში ჩასვა და ულმობლად სტანჯა დ გვემა იგი. შუშანიკი დიდი სულიერი მხნეობით გაუმკლავდა განსაცდელს და სახელი გაითქვა მთელს ქართლში. შუშანიკი გარდაიცვალა ციხეში ტანჯვის მეშვიდე წელს. შუშანიკისა და ვარსქენის დამოკიდებულებამ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა მიიღო. ქრისტიანობისა და სამშობლოს თავისუფლებისათვის წამებული შუშანიკი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. შუშანიკის ღვაწლი და ცხოვრება აღწერა იაკობ ცურტაველმა (ხუცესმა).

ქართულმა მართლმადიდებლურმა, სომხურ-გრიგორიანულმა და რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა წმინდანად შერაცხეს და ხსენების დღე 17 ოქტომბერი (ქართული და სომხური ეკლესია) და 10 სექტემბერი (რუსული ეკლესია) დააწესეს... (...სრულად)

ოქტომბერი

რედაქტირება

მირიან IIIქართლის წმინდანი მეფე IV საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინესა (306-337) და სომეხთა მეფის თრდატის (287-330) თანამედროვე. მეფობის დასაწყისში ირანელებთან ერთად იბრძოდა რომაელების წინააღმდეგ. აგრეთვე ებრძოდა თრდატს სომხეთის მოსაზღვრე ქართლის სამხრეთი რაიონების შემოსაერთებლად. მირიან III-ის დროს, 337 წლის ახლო ხანაში, ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა. მირიან III უნდა იყოს IV საუკუნის რომაელი ისტორიკოსის ამიანე მარცელინუსის თხზულებებში მოხსენიებული იბერთა (ქართლის) მეფე მერიბანი, რომელსაც რომაელებმა როგორც თავიანთ მოკავშირეს, უხვი საჩუქრები გაუგზავნეს, რომ ირანელებს არ მიმხრობოდა.

„მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ცნობით, იგი ქართლის მეფე ლევის ძეა. „ქართლის ცხოვრება“ კი მას მიიჩნევს პირველი სასანიანი შაჰის შვილად, რომელიც ერისთავებმა მოიყვნეს უძეოდ გარდაცვლილი მეფე ასფაგურის ასულის ქმრად. ეს ცნობა შეიძლება შეთხზული იყოს პირველი ქრისტიანი მეფე მირიან III-ისთვის ღირსეული წინაპრების გამოძებნის მიზნით... (...სრულად)

ნოემბერი

რედაქტირება

წმინდა გიორგიკაპადოკიელი დიდებული, რომის იმპერიის მსახური, რომელიც ქრისტიან დიდმოწამედ შერაცხეს. მართლმადიდებელი ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი. უკვდავყოფილ იქნა გიორგისა და დრაკონის ნაამბობით და ამჟამად რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ინგლისის, ეთიოპიის, საქართველოს და ქალაქ მოსკოვის მფარველი წმინდანია.

გადმოცემის თანახმად წმინდა გიორგი დაიბადა კაბადოკიაში, III საუკუნის მეორე ნახევარში. იგი იყო დიდებული ოჯახის შვილი. მის მამას გერონტიოსი, დედას კი – პოლიხნორია ერქვა. დედამ წმინდა გიორგის შეასწავლა საღმრთო წიგნები და ჭეშმარიტი სარწმუნოება.

წმინდა მოწამე დიოკლეტიანე მეფის დროს ტრივონთა მეთაური იყო. დეოკლიტიანემ და მაგნენტიოსმა კერპთმსახურება ააღორძინეს და გასცეს ბრძანება ქრისტიანთა დევნილებისა და იმ მორწმუნეთა დაწინაურების შესახებ, რომელნიც უარყოფდნენ ახალ რელიგიას. ხოლო ვინც შეეწინააღმდეგებოდა მეფის განაჩენს, საზარელი სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. ... (...სრულად)