ავღანეთის ისტორია

ავღანეთის ისტორია აერთიანებს ავღანეთის არსებობის პერიოდს უძველესი დროიდან დღევანდელ დღემდე. სახელწოდება „ავღანეთი“ პირველად XIV საუკუნის წყაროებში გვხვდება. ავღანეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე (1747) ტერმინი „ავღანეთი“ მხოლოდ ეთნიკურ-გეოგრაფიული მნიშვნელობით იხმარებოდა.

პრეისტორია და ძველი დრო

რედაქტირება

ავღანელ ტომთა თავდაპირველი დასახლების ადგილი არ ემთხვეოდა თანამედროვე ავღანეთის ტერიტორიას; ამ ტომებს ეკავათ მისი მხოლოდ ერთი ნაწილი — სულეიმანის მთების კალთები და მომიჯნავე რაიონები მდინარე ინდამდე. დღევანდელი ავღანეთის ტერიტორიაზე დასახლებული ხალხების ისტორია უძველესი დროიდან მჭიდროდ უკავშირდება შუა აზიის, ირანისა და ინდოეთის ისტორიას. არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა ცხადყო, რომ ავღანეთის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ ძველი ქვის ხანაში უცხოვრია (ყარა-ყამარის გამოქვაბული). ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში ავღანეთის ტერიტორიაზე გაჩნდა პირველი მონათმფლობელური სახელმწიფოები (რომელთაგან უძველესი იყო ბაქტრია), ძვ. წ. VI საუკუნის 30-იანი წლებიდან ავღანეთი აქემენიდთა სახელმწიფოში მოექცა, ძვ. წ. 330–329 წლებში იგი დაიპყრო ალექსანდრე მაკედონელმა, შემდეგ კი სელევკიდების სამფლობელოდ იქცა, დაახლოებით ძვ. წ. 250 წლიდან ავღანეთი ბერძნულ-ბაქტრიულ სამეფოში შედიოდა, I საუკუნის ბოლოდან IV საუკუნემდექუშანის სამეფოში. ამ პერიოდში განვითარდა სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა და ხელოსნობა. III საუკუნიდან ავღანეთის ნაწილი დაიპყრეს სასანიანებმა.

შუა საუკუნეები

რედაქტირება

V–VI საუკუნეების მიჯნაზე ავღანეთი დაიმორჩილეს ეფტალიტებმა, რომელთა ბატონობა VI საუკუნის 60-იან წლებამდე გაგრძელდა. VII–VIII საუკუნეებში ავღანეთის დიდი ნაწილი არაბებმა დაიპყრეს. IX საუკუნეში მას მართავდა ტაჰირიდების და საფარიდების დინასტიები, ხოლო 900 წლიდან ბუხარის სამანიდ ამირებს ემორჩილებოდა. IX–X საუკუნეები აღინიშნა მნიშვნელოვანი სამეურნეო-კულტურული აღმავლობით. VII–X საუკუნეებში ავღანეთში გავრცელდა ისლამი. სახალიფოს ხელისუფლებისა და ადგილობრივი დინასტიების წინააღმდეგ მიმართული სახალხო მოძრაობანი VII–X საუკუნეებში მიმდინარეობდა კარმატებისა და ხარიჯიტების სექტების მეთაურობით. X საუკუნის 60-იან–XII საუკუნის 30-იან წლებში ავღანეთი ემორჩილებოდა ღაზნევიდებს. ღაზნევიდთა დინასტიის მოსპობის შემდეგ ავღანეთის დიდი ნაწილი მოექცა ღურიდების სახელმწიფოს (1148–1206) შემადგენლობაში, რომლის ბირთვი იყო ჰერათის აღმოავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მთიანი მხარე ღური. ღურები, ხოლო შემდეგ ავღანები XII–XIV საუკუნეებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ავღანეთისა და ზოგიერთი მეზობელი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში. ავღანი ხალხის ეთნოგენეზის პროცესში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ ირანული ტომები. ავღანები პირველად VI საუკუნის წყაროში იხსენიებიან.

მონღოლთა შემოსევამ XIII საუკუნეში გამოიწვია საწარმოო ძალების დაქვეითება და დროებით შეაფერხა ავღანეთის საზოგადოებრივი განვითარება. მონღოლთა ბატონობის მძიმე შედეგები რამდენადმე დაძლეულ იქნა ქართების სახელმწიფოს არსებობის პერიოდში (1245–1389). XIV საუკუნის ბოლოს ავღანეთი დაიპყრო თემურლენგმა. თემურიდების მმართველობის დროს აქ განმტკიცდა ფეოდალური ურთიერთობანი, ხოლო ჰერათი მუსლიმური აღმოსავლეთის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი კერა გახდა. XVI–XVII საუკუნეებში ავღანეთის ტერიტორია სეფიანთა ირანმა და დიდმა მოგოლებმა გაინაწილეს.

ახალი დრო

რედაქტირება

უცხოელ დამპყრობთა ბატონობამ და სოციალურ წინააღმდეგობათა გაღრმავებამ XVI საუკუნის 60-იან წლებში გამოიწვია მასობრივი სახალხო მოძრაობა დიდი მოგოლებისა და ადგილობრივი ფეოდალური ზედაფენის წინააღმდეგ. მოძრაობას სათავეში ედგა როშნის რელიგიური სექტა. ამ პერიოდში გაძლიერდა ავღანელ ტომთა ურთიერთდაახლოების ტენდენცია და მომზადდა ნიადაგი მათი ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებისათვის. ავღანელებმა შექმნეს პირველი ფეოდალური სამთავრო — აქორა, რომლის მთავარი ხუშჰალ-ხან ხათაქი სათავეში ჩაუდგა სახალხო ანტიმოგოლურ აჯანყებას (1672–1675). XVIII საუკუნის დამდეგს ყველაზე ძლიერმა ავღანურმა ტომებმა — ღილზებმა და აბდალიებმა ანტიირანულ აჯანყებათა პროცესში შექმნეს ყანდაარისა (1709) და ჰერათის (1716) დამოუკიდებელი ფეოდალური სამთავროები. 1709 წლის აჯანყების დროს მოკლეს ქართლის მეფე გიორგი XI, რომელიც შაჰის მიერ ყანდაარის ბეგლარბეგად იყო დანიშნული. 1722 წელს ავღანელებმა დაამარცხეს ირანი და ბოლო მოუღეს სეფიანთა დინასტიას. ავღანურ ტომთა წინამძღოლი მაჰმუდი სეფიანთა ტახტს დაეუფლა და შაჰის ტიტული მიიღო. 1730 წელს ირანელთა სახალხო-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ დაამხო ირანში ავღანეთის ბატონობა. ავღანურ ტომთა კონსოლიდაციის პროცესი დროებით შეაფერხა ნადირ-შაჰის მიერ ავღანეთის დაპყრობამ XVIII საუკუნის 30-იან წლებში.

1747 წელს, ნადირ-შაჰის სახელმწიფოს დაშლის შემდეგ, ავღანეთში განახლდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის ბრძოლა. აბდალიების ტომის სადოზაის გვარის ბელადმა აჰმად-ხანმა ტომთა გავლენიანი თავკაცების მხარდაჭერით თავი ავღანეთის გაერთიანებული სახელმწიფოს მბრძანებლად — შაჰად გამოაცხადა. ავღანეთში გაბატონდა აბდალიების ტომის ზედაფენა, რომელმაც მიიღო სახელწოდება „დურანი“ (იხ. დურანის სახელმწიფო).

აჰმად-შაჰ დურანიმ XVIII საუკუნის 40–60-იან წლებში დაიმორჩილა ქაშმირი, ფენჯაბი, სინდი, სირჰინდი, ბელუჯისტანი, ხორასანი, ბალხი და ამუდარიის მარცხენა ნაპირის უზბეკთა წვრილი სახანოები. დაპყრობებმა ხელი შეუწყო ავღანეთში ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარებას, ხოლო ზედაფენის ხელში მიწების თავმოყრამ გააძლიერა ფეოდალური სეპარატიზმი. აღნიშნულმა პროცესმა და დაპყრობილი არაავღანური მოსახლეობის განმათავისუფლებელმა აჯანყებებმა განაპირობა ავღანეთის სახელმწიფოს დაშლა ქაბუძლის, ყანდაარის, ჰერათისა და ფეშავარის ფეოდალურ სამთავროებად (XIX საუკუნის დამდეგი).

XIX საუკუნის 20-იან წლებში ღაზნის, ჯალალაბადისა და ქაბულის მფლობელმა ამირა დოსთ მუჰამედმა დაიწყო ქვეყნის გაერთიანება, მაგრამ ეს პროცესი შეაფერხა ინგლისელთა აგრესიამ (იხ. ინგლის-ავღანეთის ომები).

ინგლისთან გამარჯვებამ კვლავ შექმნა ავღანეთის გაერთიანების შესაძლებლობა. დოსთ მუჰამედმა სძლია მეტოქე ხანებს, აიღო ყანდაარი (1855), ჰერათი (1863), დაიმორჩილა სახანოები: ბალხი, ყუნდუზი, ანდხოი, ხულში და შექმნა ერთიანი ფეოდალური სახელმწიფო. მდინარე ინდის მარჯვენა ნაპირას მდებარე ვრცელი მიწები ინგლისელ კოლონიზატორებმა თავიანთ ინდურ სამფლობელოებს შეუერთეს. დოსთ მუჰამედმა ინგლისთან ბრძოლის ნაცვლად განაგრძო ჰინდუქუშსა და ამუდარიას შორის მდებარე ტაჯიკთა და უზბეკთა მიწების დაპყრობა.

ინგლის-რუსეთის 1873 წლის შეთანხმებით ავღანეთი „რუსეთის გავლენის სევეროს გარეთ მდებარე“ ქვეყნად გამოცხადდა და დადგინდა ავღანეთ-რუსეთის საზღვარი. ამირა შერ ალის დროს (1853–1878) ამუდარიის მარცხენა ნაპირას მდებარე მაიმანის, ბადახშანისა და სხვა სამთავროები ავღანეთის ფარგლებში მოექცა.

1878 წელს ინგლისმა ახალი ომი დაიწყო, მაგრამ ამჯერადაც ავღანელთა მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა. ამირა აბდურაჰმანმა 1880 წელს ხელი ააღებინა ინგლისს ავღანეთის ზოგიერთ კაბალურ ვალდებულებაზე, მაგრამ ცნო მისი მეურვეობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე. აბდურაჰმანის მეფობის დროს (18801901) ავღანეთმა საბოლოოდ დაიპყრო ამუდარიის მარცხენა ნაპირის მიწები. მარჯვენა ნაპირის მიწების შეერთებაში კი მას ხელი შეუშალა რუსეთმა. 1885 წლის ინგლის-რუსეთის შეთანხმებით (იხ. რუსეთ-ავღანეთის კონფლიქტი) საბოლოოდ დადგინდა ავღანეთ-რუსეთის ჩრდილოეთი საზღვარი, ხოლო 1895 წლის კომპრომისული შეთანხმებით მოხდა მათი საზღვრის დემარკაცია პამირის ზონაში.

XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე დასრულდა ავღანეთის შედარებით ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ხანგრძლივი პროცესი. აბდურაჰმანის პროგრესულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო საშინაო და საგარეო ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის და საქალაქო ცხოვრების განვითარებას, შემზადდა ერთიანი ბაზრის შექმნისა და ეროვნული სავაჭრო ბურჟუაზიული ფორმირების ნიადაგი. მიუხედავად ამისა, ავღანეთი მაინც რჩებოდა ეკონომიკურად ჩამორჩენილ ქვეყნად.

„აზიის გამოღვიძების“ (ვ. ი. ლენინი) პროცესმა და რუსეთის პირველმა ბურჟუაიულ-დემოკრატიულმა რევოლუციამ (1905–1907) მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ავღანეთზე. ასპარეზზე გამოვიდა სავაჭრო ბურჟუაზიის ინტერესების გამომხატველი მცირერიცხოვანი ინტელიგენცია. XX საუკუნის დამდეგს, ამირა ჰაბიბულას მმართველობის დროს (1901–1919), გაჩნდა საერო განათლების პირველი კერები, საფუძველი ჩაეყარა ახალგაზრდა ავღანელთა მოძრაობას, რომლის იდეური ბელადი იყო პოეტი და პუბლიცისტი მაჰმუდ თარზი.

ინგლის-რუსეთის ახალმა შეთანხმებამ 1907 წელს ავღანეთი ინგლისის გავლენის სფეროში მოექცა (იმ პირობით, რომ დაცული იქნებოდა რუსეთის სავაჭრო ინტერესები). XX საუკუნის დამდეგიდან ავღანეთში გავლენის მოპოვებას ცდილობდა გერმანია, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის წლებში ოსმალეთთან ერთად სურდა ავღანეთი რუსეთისა და ინგლისის წინააღმდეგო პლაცდარმად ექცია, მაგრამ ავღანეთმა ომის ბოლომდე დაიცვა ნეიტრალიტეტი.

უახლესი დრო

რედაქტირება

ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გავლენით დაიწყო ავღანელთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მძლავრი აღმავლობა.

ამირა ჰაბიბულას მოკვლის შემდეგ (1919) დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას სათავეში ჩაუდგა მისი უმცროსი შვილი, ახალგაზრდა ავღანელთა ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამანულა-ხანი, რომელმაც 1919 წლის 28 თებერვალს ავღანეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა. საბჭოთა რუსეთმა პირველმა ცნო ავღანეთის დამოუკიდებლობა. ამანულა-ხანმა კარგად შეაფასა საბჭოთა რუსეთის კეთილმეზობლობის მნიშვნელობა და 1919 წლის აპრილში მეგობრული წერილით ვ. ი. ლენინს ურთიერთკავშირი და მეგობრობა შესთავაზა. თავის პასუხში ვ. ი. ლენინმა აღნიშნა, რომ საბჭოთა მთავრობა მზად იყო დაუყოვნებლივ გაეცვალა ელჩები ავღანეთთან და იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება აღმოეჩინა მისთვის.

1919 წლის მაისში ინგლისმა მესამე აგრესიული ომი წამოეწყო ავღანეთის წინააღმდეგ. პუშტუს ტომების აქტიური დახმარებითა და საბჭოთა რუსეთის მორალურ-პოლიტიკური მხარდაჭერით ავღანელმა ხალხმა ამჯერადაც უკუაგდო ისინი. 1919 წლის 8 აგვისტოს რავალპინდში ხელმოწერილი (პრელიმინარული) ხელშეკრულებით ინგლისმა ცნო ავღანეთის დამოუკიდებლობა.

1921 წლის 28 თებერვალს ქაბულში ხელმოწერილ იქნა ავღანეთ-საბჭოთა რუსეთის მეგობრობის ხელშეკრულება, რომელსაც საფუძვლად დაედო სრული თანასწორუფლებიანობისა და შინაგან საქმეებში ჩაურევლობის პრინციპები. ხელშეკრულებამ ხელი შეუწყო ავღანეთის საერთაშორისო პრესტიჟის ამაღლებას. 1921 წლის ნოემბერში ინგლისი იძულებული გახდა საბოლოო ზავი დაედო და დიპლომსტიური ურთიერთობა დაემყარებინა ავღანეთთან.

1919–1928 წლებში ავღანეთში გატარდა პროგრესული რეფორმები, მოხდა სახელმწიფო აპარატის რეორგანიზაცია, ავღანეთი დაიყო ადმინისტრაციულ ერთეულებად, შეიზღუდა ტომების ზედაფენის უფლებები. 1921 წელს მიიღეს კანონი მრეწველობის განვითარების შესახებ, 1923 წელს — კანონი მიწაზე შეუზღუდველი კერძო საკუთრების და მისი თავისუფლად ყიდვა-გაყიდვის უფლების შესახებ. შეიქმნა სავაჭრო-სააქციო საზოგადოებები. ნატურალური გადასახადი ფულადით შეიცვალა. შემოიღეს სისხლისაა და სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობა, აიკრძალა მონებით ვაჭრობა და სხვ.; 1923 წელს მიღებულ იქნა ავღანეთის პირველი კონსტიტუცია.

რეფორმებს არ გამოუწვევია ძირეული ცვლილებები სოციალურ ურთიერთობაში. აგრარული საკითხი გადაუჭრელი დარჩა. ტაჯიკი, უზბეკი და ჰაზარი მშრომელები კვლავ განიცდიდნენ ფეოდალურ და ეროვნულ ჩაგვრას. რეფორმებით მასების უკმაყოფილება თაავის სასარგებლოდ გამოიყენა ფეოდალურმა რეაქციამ (ხანები, სამღვდელოების ზედა ფენა) და ინგლისური იმპერიალიზმის დახმარებით ამბოხება მოაწყო.

1928 წლის შემოდგომაზე მთავრობის საწინააღმდეგო აჯანყების შედეგად „ახალგაზრდა ავღანელთა“ მთავრობა დაემხო; მოკლე ხნით ძალაუფლება ხელთ იგდო რეაქციონერმა ბაჩაი საკაომ, მაგრამ ავღანელთა ეროვნულმა ძალებმა, ამანულა-ხანის ყოფილი სამხედრო მინისტრის ნადირ-ხანის მეთაურობით 1929 წლის შემოდგომაზე დაამხეს რეაქციული ხელისუფლება და მეფედ ნადირხანი გამოაცხადეს.

ახალმა მთავრობამ განახორციელა ზოგიერთი რეფორმა; სავაჭრო კაპიტალის წარმომადგენლები სახელმწიფო მმართველობაში დაუშვეს, ამავე დროს ზოგიერთი პრივილეგია დაუბრუნდა ხანებსა და სამღვდელოებას. აღნიშნული საშინაო ღონისძიებები აისახა 1931 წლის კონსტიტუციაში, რომელიც 1923 წლის კონსტიტუციასთან შედარებით კონსერვატიული იყო.

ნადირ-შაჰის მთავრობა სსრკ-თან თანა_მშრომლობის პოლიტიკას დაადგა: 1930–1931 წლებში შუა აზიიდან ავღანეთში შეხიზნული ბასმაჩების ბანდები გაანადგურა და გააფართოვა სსრკ-თან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირი. 1931 წლის 24 ივნისს დაიდო სსრ კავშირ-ავღანეთის ნეიტრალიტეტისა და ურთიერთთავდაუსხმელობის ხელშეკრულება.

1933 წლის ახალი მთავრობის პოლიტიკით უკმაყოფილო ელემენტებმა (ახალგაზრდა ავღანელთა ბანაკიდან) მოკლეს ნადირშაჰი; ტახტი დაიკავა მისმა შვილმა მუჰამედ ზაჰირ-შაჰმა (1933–1973). ამ ცვლილებას ავღანეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე გავლენა არ მოუხდენია. განმტკიცდა სავაჭრო კაპიტალის კონცენტრაცია. ეკონომიკურ საქმიანობაში სახელმწიფოს ჩარევისა და სსრ კავშირთან ხელსაყრელი ვაჭრობის მეოხებით ავღანეთმა ძირითადად თავიდან აიცდინა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის უარყოფითი გავლენა და გარკვეულ წარმატებას მიაღწია კულურულ. სარბიელზეც.

მეორე მსოფლიო ომის წინა წლებში ავღანეთმა დასავლური სახელმწიფოების ძლიერი პოლიტიკური ზემოქმედება განიცადა, ამას თან ახლდა უცხოური მონოპოლიების აქტიურობის ზრდა. 1937 წელს ინგლისმა დროდებით მოახერხა ჩაეთრია ავღანეთი საადაბადის პაქტში. ავღანეთის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ ფაშისტური გერმანია და იტალია. 1938 წელს გერმანიამ 27 მილიონი მარკა კრედიტი მისცა ავღანეთს იარაღისა და აღჭურვილობის შესაძენად.

მეორე მსოფლიო ომში ავღანეთს მონაწილეობა არ მიუღია; ომის დაწყებისთანავე ნეიტრალიტეტი გამოაცხადა (1939 წლის 7 სექტემბერი), მაგრამ გერმანია-იტალიის აგენტურა ცდილობდა იგი ანტისაბჭოთა პროვოკაციებისა და ინდოეთში ინგლისის ინტერესების საწინააღმდეგო პლაცდარმად გადაექცია. სსრ კავშირისა (1941 წლის 11 ოქტომბერი) და ინგლისის (1941 წლის 9 ოქტომბერი) დემარშის შემდეგ ავღანეთის მთავრობამ თავისი ქვეყნიდან გააძევა ყველა გერმანელი და იტალიელი აგენტი.

მეორე მსოფლიო ომის დასასრულისათვის ავღანეთი რჩებოდა ფეოდალური გადმონაშთების მქონე სუსტად განვითარებულ ქვეყნად. სოფლის მეურნეობაში ჩაბმული იყო მოსახლეობის 90%. მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარებამ, ავღანელ მსხვილ ვაჭართა მონოპოლიური გაერთიანებების — შირქეთების საქმიანობის გაფართოებამ და ფეოდალური ექსპლუატაციის გაძლიერებამ გააუარესა გლეხობის ძირითადი მასის — მომთაბარეთა, ნახევრად მომთაბარეთა, მუშებისა და ხელოსანთა მდგომარეობა. 1947 წელს მთავრობამ ნაწილობრივ შეკვეცა საგარეო ვაჭრობაში, შირქეთების მონოპოლიური უფლებები, ხოლო დიდ ქალაქებს თვითმმართველობის უფლებები მიანიჭა, მაგრამ არსებული სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობანი ხელუხლებელი დარჩა.

აშშ-ისა და ინგლისის იმპერიალისტებმა ისარგებლეს ავღანეთის ეკონომიკის სისუსტით და ხელთ იგდეს კრაველით ვაჭრობის მონოპოლია. 1950 წლიდან ავღანეთის ეკონომიკაში აქტიურად შეიჭრა დასავლეთ გერმანიის კაპიტალი. ეკონომიკური სიძნელეები და სოციალური ურთიერთობანი ავღანეთში წარმოშობდა ოპოზიციურ საზოგადოების მიმდინარეობებს, რომლებიც იბრძოდნენ სახელმწიფო სისტემის დემოკრატიზაციისათვის, კოლონიალიზმის დასათრგუნად. მოძრაობა „გაღვიძებული ახალგაზრდობის“ (შეიქმნა 1947 წელს) საფუძველზე 1950–1951 წლებში ჩამოყალიბდა პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც გამოსცეს პირველი არაოფიციციალური გაზეთები და წამოაყენეს ბურჟუაზიულ-დემოკრატიული ხასიათის მოთხოვნები.

1946 წელს ავღანეთი გაეროს წევრი გახდა. ომის შემდგომ წლებში ხელმოწერილ იქნა ავღანეთ-სსრ კავშირის შეთანხმება სახელმწიფო საზღვრის შესახებ, რომლის მიხედვითაც ახალი საზღვარი ამუდარიისა და ფანჯის ფარვატერის შუა დაწესდა, 1950 წელს ავღანეთმა მეგობრობის ხელშეკრულება დადო ინდოეთთან და სცნო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, 1955 წლის აპრილში მონაწილეობა მიიღო აზიისა და აფრიკის ქვეყნების სოლიდარობის ბანდუნგის კონფერენციის მუშაობაში.

ამ პერიოდში გამწვავდა ავღანეთ-პაკისტანის ურთიერთობა. პუშტუს (ავღანელთა) ტომებით დასახლებული პუშტუნისტანის ვრცელი ტერიტორია, „დიურანდის ხაზის“ (იხ. დიურანდის მისია) შესაბამისად, პაკისტანის ფარგლებში მოექცა. პუშტუს ტომებმა ბრძოლა გააჩაღეს უსამართლო გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ავღანეთის მთავრობამ არ ცნო პუშტუნისტანი, რამაც გაამწვავა მისი ურთიერთობა პაკისტანთან. პაკისტანის მთავრობამ აკრძალა ავღანეთის საქონლის ტრანზიტი თავის ტერიტორიაზე, მაგრამ ავღანეთის ეკონომიკურ ბლოკადაში მოქცევის განზრახვა ჩაშალა სსრკ-ავღანეთის 1955 წლის ივლისის შეთანხმებამ სსრკ ტერიტორიით ავღანეთის საქონლის ტრანზიტის შესახებ.

1953–1963 წლებში მუჰამედ დაუდის მთავრობამ განახორციელა პროგრესული ღონისძიებანი: გამოაცხადა „მართული ეკონომიკის“ პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო კაპიტალისტური ხასიათის ღონისძიებათა გატარებას. შეიქმნა სახელმწიფო ორგანიზაციები და შერეული სააქციო საზოგადოებები საგარეო ვაჭრობის სფეროში, დაწესდა სახელმწიფო კონტროლი სამრეწველო საწარმოებსა და საბანკო საქმიანობაზე და სხვ.; ეკონომიკის განვითარების I და II ხუთწლიანი გეგმა 1956/1957–1960/1961 და 1962/1963–1966/1967 მიზნად ისახავდა საწარმოო ძალების განვითარების დაჩქარებას. ავღანეთის ეკონომიკის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა 50–60-იან წლებში სსრკ და სხვა სოციალისტურ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელოვნად გაფართოებამ. სსრკ მონაწილეობით ავღანეთში აიგო მრავალი საწარმო და ობიექტი. 1972 წელს ავღანეთმა შეასრულა III ხუთწლიანი გეგმა (1967–1972) და შეუდგა IV ხუთწლიანი გეგმის რეალიზაციას.

ქვეყნის განვითარებას ართულებდა და აფერხებდა ფეოდალურ-კლერიკალური რეაქციის წინააღმდეგობა, აგრარული საკითხის მოუგვარებლობა, გლეხობის ექსპლუატაციის ნახევრად ფეოდალური ფორმების არსებობა, წარსულის ჯერ კიდევ დიდი გავლენა იდეოლოგიის, სამართლისა და ყოფის სფეროში. ახლის დამკვიდრებას ხელს უშლიდნენ აგრეთვე ფეოდალთა და მსხვილი ბურჟუაზიის წარმომადგენლები.

1972 წელს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. მუშებისა და სტუდენტების გაფიცვები, სახელმწიფო მოხელეთა დემონსტრაციები მიმართული იყო ფასების ზრდის, სპეკულაციის, კორუფციის წინააღმდეგ; ისინი მოითხოვდნენ ხელფასის მომატებას, სოციალურ-ეკონომიკურ რეფორმების გატარებას, კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური პარტიებისა და პროფკავშირების შექმნის კანონის განხორციელებას.

1973 წლის 17 ივლისს ავღანეთის ახალგაზრდა ოფიცერთა ჯგუფმა გენერალ მუჰამედ დაუდის ხელმძღვანელობით მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება — დაამხო მონარქია და გამოაცხადა რესპუბლიკა. ახალ რესპუბლიკურ მთავრობას, როგორც სახელმწიფოს მეთაური და პრემიერ-მინისტრი, სათავეში ჩაუდგა მუჰამედ დაუდი. რესპუბლიკად გამოცხადებას მხარი დაუჭირა პროგრესულმა ინტელიგენციამ, მოწინავე მოხელეებმა და მოსახლეობის ფართო ფენებმა. სსრკ პირველმა ცნო ახალი რესპუბლიკური მთავრობა.

რესპუბლიკურმა მთავრობამ შეიმუშავა სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნების ახალი პროგრამა, რომლის შესაბამისად სერიოზული ყურადღება მიექცევა ავღანეთის ეკონომიკის განვითარების ტემპების დაჩქარებას, სახელმწიფო სექტორის ხვედრითი წილის გადიდებას, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დარგის დემოკრატიზაციას, განათლების სისტემის ძირეულ გარდაქმნას, მუშათა კანონმდებლობის შემოღებას.

საგარეო პოლიტიკის სფეროში რესპუბლიკური მთავრობა განაგრძობდა პოზიტიური ნეიტრალიტეტის პოლიტიკას, მხარს უჭერდა სახელმწიფოთა მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპების დამკვიდრებას, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, სსრკ-თან ტრადიციული მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებას.

1959 შეიქმნა სსრ კავშირ-ავღანეთის მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საზოგადოება, 1960 წელს ავღანეთში დაარსდა ავღანეთ-სსრ კავშირის მეგობრობის საზოგადოება. 1965 წელს გააგრძელეს სსრ კავშირ-ავღანეთის 1931 წლის ხელშეკრულების მოქმედების ვადა.

1978 წლის საურის (აპრილის) რევოლუციის შედეგად ავღანეთი გამოცხადდა დემოკრატიულ რესპუბლიკად. სახელმწიფოს მეთაური გახდა ნურ მუჰამედ თარაქი, ხოლო რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარე — ჰაფიზულა ამინი. მთავრობამ დაიწყო რადიკალური რეფორმების გატარება. კერძოდ, სეკულარიზაცია, რამაც ტრადიციულ ავღანურ საზოგადოებაში გამოიწვია მასობრივი სახალხო პროტესტი. ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი. მალე მმართველი სახალხო–დემოკრატიული კომუნისტური პარტია ორ ნაწილად გაიყო, რომლებმაც დაიწყეს ბრძოლა ხელისუფლებისათვის. ნურ მუჰამედ თარაქი მოკლეს, ხოლო სახელმწიფოს მეთაური გახდა ჰაფიზულა ამინი. საბჭოთა კავშირში ამინს არასაიმედო პარტნიორად თვლიდნენ, რომელსაც შეეძლო ნებისმიერ დროს გადასულიყო დასავლეთის მხარეს. ამიტომ საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოეშორებინა ამინი და მიიღო გადაწყვეტილება საბჭოთა ჯარების ავღანეთში შეყვანით „დახმარებოდა“ ავღანეთის კომუნისტურ პარტიას – გამკლავებოდა ამბოხებულებს. შედეგად, სსრკ ჩაერია ავღანეთის სამოქალაქო ომში (იხ. ავღანეთის ომი (1979-1989)). ამინის მკვლელობის შემდეგ საბჭოთა სპეცნაწილების მიერ პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების შემდეგ, რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დაიკავა ბაბრაქ ქარმალმა.

საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ იბრძოდნენ ავღანელი მოჯაჰიდები, რომლებსაც ფინანსური და შეიარაღების თვალსაზრისით, დახმარებას უწევდნენ აშშ, ჩინეთი და მსოფლიოს სხვა ქვეყნები. ავღანეთში გამოჩნდა სარაკეტო გადამტანი კომპლექსები – „სტინგერები“, რამაც დიდი დახმარება გაუწია ადგილობრივ მოჯაჰედებს. განუწყვეტელმა წინააღმდეგობამ საბჭოთა კავშირი აიძულა გამოეყვანა თავისი ჯარები ავღანეთიდან. 1986 წელს ბაბრაქ ქარმალი შეცვალა მუჰამედ ნაჯიბულამ. 1989 წელს საბჭოთა ჯარები გაიყვანეს ავღანეთიდან. ამის შემდეგ ნაჯიბულა კიდევ სამი წელი რჩებოდა ხელისუფლებაში.

1989 წელს საბჭოთა ჯარების გასვლის შემდეგ სამოქალაქო ომი არ დასრულებულა, პირიქით — უფრო გამძაფრდა. 1998 წლიდან ქაბულს და ქვეყნის უდიდეს ნაწილს თალიბები აკონტროლებდნენ. ქვეყნის ჩრდილოეთში საველე ჯგუფების მეთაურებმა დააარსეს ე. წ. „ჩრდილოეთის ალიანსი“. 1992 წლის აპრილში ამბოხებულები შევიდნენ ქალაქ ქაბულში და ავღანეთის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. აჰმად შაჰ მასუდსა და გულბედინ ჰექმათიარს შორის ატეხილი ხელისუფლებისათის ბრძოლის დროს დედაქალაქი ქაბული გადაიწვა და დაინგრა. ავღანეთის კულტურულ ძეგლთა დიდი ნაწილი განადგურდა.

ამ დროიდან ქვეყნის სამხრეთში ძალებს იკრებდა მოძრაობა თალიბანი, რომლის დიდი ნაწილი იყვნენ ეროვნებით პუშტუნები და თავი გამოაცხადეს პუშტუნი ხალხის ინტერესების დამცველებად. მათი მიზანი იყო ავღანეთში რადიკალური ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

1996 წლისათვის მათ კონტროლს დაექვემდებარა ქვეყნის დიდი ნაწილი. ქაბულის აღების შემდეგ, სექტემბერში, მუჰამედ ნაჯიბულა იქნა დახვრეტილი, ხოლო ჩრდილოეთის ალიანსი განდევნილ იქნა ქვეყნის ცალკეულ ჩრდილოეთის პროვინციებში. თალიბების მმართველობა ხასიათდებოდა სხვა რელიგიების მიმართ შეუწყნარებლობით (მაგ: თალიბებმა გაანადგურეს ბამიანის ბუდები). 1980-იანი წლების ბოლოს ავღანეთში გაიზარდა ნარკოტიკების წარმოება, მაგრამ მოგვიანებით, სხვა ქვეყნების ზეწოლით შემცირდა.

2001 წელს ოპერაცია „შეუზღუდავი თავისუფლების“ ფარგლებში ავღანეთის ე. წ. „ჩრდილოეთის ალიანსის“ ოპოზიციურმა ძალებმა აშშ-სა და მისი მოკავშირეების სამხედრო მხარდაჭერით დაამხეს თალიბანის რეჟიმი. მაგრამ თალიბანი საბოლოოდ არ განადგურებულა. მათი ძირითადი ძალები ვაზირისტანის მთებში დაბანაკდნენ, დანარჩენები გადავიდნენ პარტიზანულ ბრძოლებზე.

თალიბების განადგურების შემდეგ წარმოიქმნა თანამედროვე ავღანეთის რესპუბლიკა. 2001 წლის დეკემბერში ბონის კონფერენციაზე ავღანეთის პოლიტიკური მოღვაწე ჰამიდ ქარზაის დაევალა ავღანეთის გარდამავალი ადმინისტრაციის ფორმირება. 2001 წლის ბოლოს შეიქმნა დროებითი მთავრობა. 2002 წელს იგი აირჩიეს ქვეყნის დროებით პრეზიდენტად. 2004 წელს მიიღეს ახალი კონსტიტუცია და ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა ჰამიდ ქარზაიმ. იგი აირჩიეს 2009 წელსაც ამავე პოსტზე.

მიუხედავად ამისა, ქვეყანაში დღესაც მიმდინარეობს სამოქალაქო ომი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Маркс К., Хронологические выписки Индии (664–1858 гг.), М., 1947;
  • Энгельс Ф., Афганистан, Маркс К. и Энгельс Ф., Соч., 2 изд., т. 14;
  • მისივე, Перспективы англо-персидской войны, იქვე, т. 12;
  • Ленин В. И., Тетради по империализму, Полн. собр. соч., 5 изд., т. 28, с. 489— 494, 708—710;
  • დონაძე ვ., აზიისა და აფრიკის ქვეყნების უახლესი ისტორია, ნაწ. 1, თბ., 1968;
  • დონაძე ვ., მენთეშაშვილი ა., ცინცაძე ი.. | აზიისა და აფრიკის ქვეყნების უახლესი ისტორია, ნაწ. 2, თბ., 1970;
  • შარაშენიძე ზ., ოქტომბრის რევოლუცია და ავღანეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა, კრ.: ოქტომბრის რევოლუცია და მახლობელი და შუა აღმოსავლეთის ქვეყნები, თბ., 1967;
  • Ахрамович Р. Т., Афганистан в 1961—1966 гг., М., 1967;
  • მისივე, Афганистан после второй мировой войны, М., 1961;
  • Ежов Г. П. , Наш сосед Афганистан. М., 1965;
  • Массон В. М., Ромодин В. А, История Афганистана, т. 1—2. М., 1964–65;
  • Ниалло А., Классики марксизма-ленинизма об Афганистане, «Известия АНУ зб. ССР, 1949, No 6;
  • Рейснер И. М., Развитие феодализма и образо вание государства у афганцев, М., 1954;