ბალხი, ვაზირაბადი (დარი. بلخ, პუშტუ بلخ, ბალხ) — ქალაქი ავღანეთში, ამავე დასახელების პროვინციაში. მდებარეობს მდინარე ბალხის მარჯვენა ნაპირზე. 77 ათ. მცხოვრები (2006).[1]

ქალაქი
ბალხი
ქვეყანა ავღანეთის დროშა ავღანეთი
პროვინცია ბალხის პროვინცია
კოორდინატები 36°45′29″ ჩ. გ. 66°53′56″ ა. გ. / 36.75806° ჩ. გ. 66.89889° ა. გ. / 36.75806; 66.89889
ცენტრის სიმაღლე 365 მეტრი
ოფიციალური ენა დარი
მოსახლეობა 77 000 (2006)
ბალხი — ავღანეთი
ბალხი

დღევანდელ ქალაქთან ახლოს მდებარეობს ისტორიული ქალაქი ბაქტრა (ბერძ. Βάκτρα) — ბაქტრიის დედაქალაქი. წარმოიქმნა ძვ. წ. I ათასწლეულის 1-ლ ნახევარში, როდესაც ბაქტრია აქემენიანთა იმპერიაში შედიოდა, შემდეგ კი — ალექსანდრე მაკედონელისაში. ძვ. წ. III–II საუკუნეში ბერძნულ-ბაქტრიული სამეფოს დედაქალაქი იყო, მოგვიანებით — ქუშანის. გადმოცემით, ზოროასტრიზმის გავრცელების თავდაპირველი ცენტრი, უფრო გვიან — ბუდიზმის მსხვილი ცენტრი შუა აზიაში. ახ. წ. VIII საუკუნეში ქალაქი არაბებმა დაანგრიეს, შემდეგ აბასიდების დროს აღდგა და სამანიდების დროს მოიხვეჭა „ქალაქების დედის“ სახელი, როგორც ისტორიული ოლქის — ხორასნის — ცენტრი. თამაშობდა საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრის როლს, აქ გადიოდა აღმოსავლეთიდან ესპანეთისკენ მიმავალი საქონელი, აქედან სანაოსნო გზებით უკავშირდებოდნენ ბულგარეთს, ნოვგოროდსა და ვიკინგთა მიწებს, ხოლო კავკასიის გავლით — შავიზღვისპირა ქალაქებს. XI–XII საუკუნეებში შედიოდა ღაზნევიდების, სელჩუკების, ღურიდების სახელმწიფოთა შემადგენლობაში. 1220 წელს ჩინგიზ-ყაენმა გაანადგურა. აღდგა XIV საუკუნეში. მონღოლთა შემოსევების შემდეგ ამუდარიის სამხრეთით მდებარე ოლქს მთავარი ქალაქის მიხედვით ბალხი ეწოდა. 1850 წელს ბალხი ავღანეთს შეუერთდა.

არქიტექტურა

რედაქტირება

XV–XVI საუკუნეებს განეკუთვნება რიგი არქიტექტურული ძეგლები: ბალა-ხისარის ციხესიმაგრის ნანგრევები, ქალაქის კედელი, მეჩეთები, მედრესე, აბანო; ხოჯა აბუ ნასრ სპარსის მეჩეთ-მავზოლეუმი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Дьяконов М. М. Сложение классового общества в Северной Бактрии // Советская археология. 1954. [Т.] 19;
  • Бартольд В. В. Соч. М., 1963. Т. 1: Туркестан в эпоху монгольского нашествия;
  • БАКТРА // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 680.