სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვიკინგი (მრავალმნიშვნელოვანი).

ვიკინგებისკანდინავიელი, ნორმანი მეზღვაური მეომრების დასახელება, რომლებიც VIIIXI საუკუნეებში თავს ესხმოდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანას და აარსებდნენ კოლონიებს.[1][2]

ვიკინგების გემის მოდელი
ეს სტატია არის
სკანდინავიის სერიების ნაწილი
გეოგრაფია
ვიკინგთა ერა
პოლიტიკა
ისტორია
სხვადასხვა

ვიკინგები იყვნენ ოჯახში მეორე და მესამე ვაჟები, რომლებსაც მამის ქონება არ ეკუთვნოდათ მემკვიდრეობით და იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ სკანდინავიის ნაპირები და ზღვაში ეძებნათ ბედნიერება. ვიკინგები იყვნენ ისლანდიის და გრენლანდიის პირველი მოსახლეები, ზოგიერთი ცნობით ისინი ასევე იყვნენ კანადის და ნიუფაუნდლენდის პირველი ევროპელი მოსახლეები.

ვიკინგების ერა რედაქტირება

პერიოდი - ერთ-ერთი ყველაზე ადრეული რეიდიდან, 790-იან წლებში, ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობის ჩათვლით, რომელიც 1066 წლით თარიღდება, სკანდინავიის ისტორიაში ვიკინგების ერად არის მიჩნეული. ვიკინგები იყენებდნენ ნორვეგიისა და ბალტიის ზღვას საკუთარი ექსპანიების საწარმოებლად სამხრეთისაკენ. ნორმანებს მემკვიდრეობით ერგოთ ვიკინგებისგან ტერიტორიები, რომლებიც მათ საფრანგეთის სამხრეთით ჰქონდათ დაკავებული - ნორმანების საჰერცოგო - X საუკუნეში. გამომდინარე აქედან, ნორმანებმა გააგრძელეს ვიკინგების მიერ დაწყებული ციკლი ამ მიწაზე. მაგალითისათვის, მეფე ჰაროლდ გოდვინსონს, ანგლო-საქსების უკანასკნელ მეფეს, დანიური წარმოშობის წინაპრები ჰყავდა. თავის მხრივ, ორი ვიკინგი ინგლისის ტახტზეც კი ავიდა - სვენ I 1013-1014 წლებში და მისი შვილი კნუდ I დიდი 1016-1035 წლებში.

გეოგრაფიული თვალსაზრისით, ვიკინგების ერა არა მხოლოდ ტიპურ სკანდინავიურ ტერიტორიებს მოიცავდა (თანამედროვე - დანია, შევედი, ნორვეგია), არამედ ჩრდილო გერმანელების მიერ კონტროლირებად მიწებს, უმეტესწილად დანელაგს, რომელშიც ასევე სკანდინავიური იორკი შედიოდა, სამეფო ნორთუმბრიის ადმინისტრაციულ ცენტრს, მერსიის გარკვეულ ნაწილებს და აღმოსავლეთ ანგლიას. ვიკინგმა ნავიგატორებმა ახალი მიწებისკენ გახსნეს გზა - აღმოსავლეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით, შედეგად კი დაარსდა კოლონიები შეტლანდიაში, ორკნეი და ფარერის კუნძულები - ისლანდია, გრელანდია; ლ’ანს-ო-მედოუზი, რომელიც მცირე დასახლებაა ნიუფაუნდლენდში.

839 წელს, როდესაც შვედი ემისარები მიემგზავრებიან ბიზანტიაში, სკანდინავიელები მსახურობენ ბიზანტიის იმპერიაში, როგორც მატერიალური სარგებლით მოტივირებული მებრძოლები. მეათე საუკუნის ბოლო ხანებში, ბიზანტიაში შეიქმნა იმპერიული დანაყოფი პირადი მცველების, რომელთა დიდი ნაწილს, ტრადიციულად, სკანდინავიელები წარმოადგენდნენ, ამ დანაყოფებს ვარიაგები ეწოდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სკანდინავიელი მცველი ვარიაგებში ჰარალდ ჰარდრადა იყო, რომელმაც შემდგომ ნორვეგიის მეფე გახდა (1047-1066 წწ.).

არქეოლოგიურად დასტურდება, რომ ვიკინგებმა ბაღდადს მიაღწიეს, ისლამური იმპერიის ცენტრს. ნორვეგიელები რეგულარულად იყენებდნენ მდინარე ვოლგას სხვადასხვა გაცვლების საწარმოებლად, ცვლიდნენ: ბეწვს, ეშვებს, მონებს და ა.შ. ამ დროს მნიშვნელოვანი საპორტო პუნქტები იყო ბირკა, ჰედები, კაუპანგი, იორვიკი, სტარაია, ლადოგა, ნოვგოროდი და კიევი.

ძირითად შემთხვევაში, ნორვეგიელები მიემართებოდნენ ჩრდილოეთით და დასავლეთით - ირლანდიის, შოტლანდიის, ისლანდიის და გრელანდიის მიმართულებით; დანიელები - საფრანგეთისა, ნორმანდიისა და ინგლისასკენ, ხოლოდ შვედები აღმოსავლეთის მიმართულებით. ისლანდიური თქმულებების გადმოცემით, ძალიან ბევრი ნორვეგიელი ვიკინგები აღმოსავლეთ ევროპისკენაც მიდიოდნენ. ვიკინგების ერაში, მოდერნული ნორვეგია, შვედეთი, დანია არ არსებობდა, თუმცა ჰომოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მსგავსნი არიან, ამასთან ერთად გადაკვეთის წერტილები აღმოცენდა ენასა და კულტურაშიც. ვიკინგების ერას დასასრულს იქ არსებული ნაციებმა საკუთარი იდენტობა შეიძინეს ქრისტიანიზაციის პროცესთან ერთად. ვიკინგების ერას ფაქტობრივად მოჰყვა შუა საუკუნეები.

ვიკინგური ექსპანსია რედაქტირება

ვიკინგებმა გაცურეს ჩრდილოეთის კუნძულებისკენ, ჩრდილო ატლანტიკის ნაპირების, ჩრდილო აფრიკის, რუსეთის აღმოსავლეთის და კონსტანტინოპოლისაკენ. ისინი იკვლევდნენ, სხვადასხვა გაცვლებს აწარმოებდნენ, აარსებდნენ კოლონიებს და ომობდნენ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით. ვიკინგებმა ლეიფ ერიქსონის მეთაურობით, ერიკ წითურის მემკვიდრე, ჩრდილოეთ ამერიკას მიაღწიეს, დააარსეს დასახლებები ლ’ანს-ო-მედოუზიში, ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორი, კანადა და სხვა.

ვიკინგების კონტინენტური ექსპანსია ევროპაში ლიმიტირებული იყო. მათი სახელმწიფო შემოსაღვრული იყო ძლიერი კულტურებით. ადრე იყვნენ საქსონები, რომლებმაც ძველი საქსონია დაიპყრეს, განთავსებული ჩრდილოეთ გერმანიაში. საქსონები ძლიერი ხალხი იყო, რომელთაც ხშირად კონფლიქტური სიტუაცია ჰქონდათ ვიკინგებთან. ვიკინგები მოწმეები გახდნენ, თუ როგორ გაანადგურა საქსონები კარლოს დიდმა 30 წლიან „საქსონების ომში“ 772-804 წწ. ვიკინგებმა - მეფე გუდფრედის მეთაურობით - გაანადგურეს ქალაქი რერიკი, ბალტიის ზღვის სანაპიროს სამხრეთით 808 წელს. მათი მეთაურობა ამ მიწაზე მთელი ვიკინგების ერას გასდევს.

მოტივები რედაქტირება

ვიკინგების რეიდების მოტივები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხია ჩრდილოეთის ისტორიაში. ერთ-ერთი მიღებული თეორიის თანახმად კარლოს დიდმა „გამოიყენა ძალა „გადამთიელებზე“ და გააქრისტიანა ისინი“, აიძულებდა მონათლულიყვნენ ან მათი სიკვდილი გარდაუვალი იყო. ვიკინგებმა და სხვა გადამთიელებმა უარი თქვეს ამ ყველაფერზე და შურის ძიება სურდათ. პროფესორი რუდოლფ სემიკი ამბობს: შემთხვევითი არაა, რომ ვიკინგების აქტიურობა დაემთხვა კარლოს დიდის მეფობის პერიოდს. ქრისტიანების შეღწევა სკანდინავიაში იყო საწყის ეტაპზე სერიოზული კონფლიქტის მიზეზი მთელი საუკუნის განმავლობაში, ფაქტობრივად.

გარდა ზემოთ ხსენებულისა, არსებობს სხვა ახსნა მოტივებისა, რომ ვიკინგებმა სწორი დრო შეარჩიეს საკუთარი „ექსპედიციებისათვის“, ისარგებლეს რეგიონში სისუსტით. ამ ორგანიზებულმა ექსპანსიამ საშუალება მიცა თავისუფალი რეიდებისა და სავაჭრო ტრანზაქციების განხორციელებას. ძველი მარშრუტების უნარიანობის დაქვეითებასაც შეიძლება გამოეწვია ზევით ნახსენები. თავად სავაჭრო ხაზების დაზიანება დასავლეთ ევროპისა დანარჩენ ევრაზიასთან, მეხუთე საუკუნეში რომის დაცემით იყო გამოწვეული და შემდეგ მეშვიდე საუკუნეში ისლამის გაბატონებით. ევროპის მიმართულებით რეიდები ვიკინგების მიერ შექმნილი პერსპექტივა არ იყო, ის იქამდეც მრავალნაცადი იყო - იუტებმა ბრიტანეთი დალაშქრეს 3 საუკუნით ადრე, მიგრაციის ხანაში. საქსონებიც მსგავს გეგმას მიჰყვებოდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა, ვიკინგების რეიდი იყო პირველი ექპანსია, რომლის ჩანაწერებიც გაკეთდა და მოწმეები არსებობდნენ და ამ შემთხვევაში ისინი უფრო მრავალნი იყვნენ, ვიდრე წინა შემთხვევებში.

გლიმა რედაქტირება

გლიმა არის სკანდინავიური საბრძოლო ხელოვნება, რომელსაც ვიკინგები იყენებდნენ. სიტყვის ეტიმოლოგია უკავშირდება ძველ სკანდინავიურ ენას, რომელზეც გლიმა ნიშნავს გამოკრთომას, ნაპერწკალს.

ეს საბრძოლო ხელოვნება, როგორც თავდაცვის საშუალება, შეიცავს დარტყმებს, ჭიდაობის ელემენტებსა და იარაღის ხმარების ტექნიკებს. თავისი სიძლიერით ის არ ჩამოუვარდება მსოფლიოში გავრცელებულ სხვა საბრძოლო ხელოვნებებს. გლიმა იყო ტექნიკა, რომლითაც იწვრთნებოდნენ და მეომრებად ყალიბდებოდნენ ვიკიგნები. ის დღესაც გამოიყენება სკანდინავიაში, დანარჩენ ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.

ყველა ასაკის ქალისთვის თუ კაცისთვის გლიმას გამოყენება არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ბრძოლით. ის ასევე სპორტი და ერთ-ერთი გასართობი იყო ერთად შეკრებილი ვიკინგებისათვის. მას იმდენად დიდი ადგილი ეჭირა ამ საზოგადოებაში, რომ თორი ორთაბრძოლების ღმერთადაც კი განიხილებოდა.

გლიმაში გამოიყოფა სამი ძირითადი კატეგორია: Lausatök, Hryggspenna და Brokartök.

ლეიზატოკი იყო გლიმას სახეობა, რომელიც გამოიყენებოდა თავდაცვისა და ბრძოლისათვის. ის იყო საბაზისო ტექნიკა ვიკინგი მეომრისათვის და შეიცავდა თავდაცვის საშუალებებს შეიარაღებული მეტოქის წინააღმდეგ. იმისათვის, რომ მებრძოლს შესძლებოდა უიარაღოდ გამკლავებოდა შეიარაღებულ მოწინააღმდეგეს საჭირო იყო თავად სცოდნოდა სხვადასხვა იარაღების გამოყენება როგორებიცაა: ხმალი, ნაჯახი, შუბი, დანა... შესაბამისად, ლეიზატოკი მოიცავდა იარაღის ოსტატობასაც.

რაც შეეხება, რიგსპენასა და ბროკარტოკს, ისინი უფრო სპორტის სახეობებია, ვიდრე საბრძოლო ხელოვნება. ბროკარტოკი დღესაცაა გავრცელებული სპორტი ისლანდიასა და შვედეთში. მოწინააღმდეგეები ცდილობენ წელზე დამაგრებულ ქამარსა და ბარძაყზე მოკიდონ მეტოქეს ხელი და ტანით დასცენ ისინი მიწაზე. რიგსპენაში გამარჯვებით კი ვიკინგები თავის ფიზიკურ სიძლიერეს ავლენდნენ. ორთაბრძოლის ამ სახეობაში მოჭიდავეები წელს ზემოთ კიდებენ ერთმანეთს ხელს. წაგებულია ის, ვინც პირველი შეეხება მიწას სხეულის რომელიმე ნაწილით გარდა ტერფებისა.

ვიკინგები ცნობილები იყვნენ, როგორც ძლიერი მეომრები ხმელეთზე თუ ზღვაში. მათ ჰქონდათ გამომუშავებული უნარები, რომელთა მეშვეობითაც ახერხებდნენ სხვა ეროვნების მეომრების დამარცხებას ბრძოლებში. ვიკინგების ასეთი სიძლიერე გამოიწვია იმან, რომ სკანდინავიელი ბავშვები 6-7 წლის ასაკიდან იწყებდნენ წვრთნას გლიმაში. ეს ხელს უწყობდა მათში გამომუშავებულიყო ფიზიკური სიძლიერე, რეფლექსები, ამტანობა და ვაჟკაცობა. ყველა ის უნარი, რომელიც ხელს უწყობდა მეომარს გადარჩენილიყო ბრძოლაში. ამას გარდა, გლიმა სპორტი იყო სკანდინავიელებისათვის, ამიტომ დიდ დროს უთმობდნენ მას თავისი ცხოვრების განმავლობაში. ორთაბრძოლები, როგორც სპორტი, ძალიან პოპულარული იყო მათში. ისლანდიური კანონების კრებულში, გრაგასში ეწერა ბრძოლის წესები. ხალხურმა გადმოცემებმა თითქმის უცვლელად შემოინახა გლიმა XXI საუკუნემდე. გლიმა პირველად მოხსენიებულია VIII საუკუნეში ნორვეგიელი კარის პოეტის, ბრაგი ბოდასონის ნაწარმოებებში.

საომარი ტაქტიკები და აღჭურვილობა რედაქტირება

XI საუკუნემდე ვიკინგებს არ ჰყოლიათ კავალერია, რადგან მათი ცხენები გამოუსადეგარი იყო ბრძოლებში და მხოლოდ გადასაადგილებლად იყენებდნენ. ბრძოლები იმართებოდა, როგორც მცირერიცხოვან არმიებს შორის ოჯახების დაპირისპირებისას, ისე დიდ მასშტაბებზე ლაშქრობებისას. ვიკინგთა უდიდეს არმიებს 4000-7000 მეომარი შეადგენდა, მაგრამ მათ არ ჰყოლიათ მუდმივი ჯარი. რეიდებისა და კამპანიების შემდეგ ჯარი იშლებოდა და მებრძოლები უბრუნდებოდნენ ცხოვრების ჩვეულ წესს.

ვიკინგები არ აშენებდნენ თავდაცვით ნაგებობებს. სხვა ქვეყნებზე რეიდების მოწყობისას სკანდინავიელები სახლდებოდნენ დროებით ბანაკებში ზამთრობით. მიუხედავად ამისა,  სკანდინავიაში შემორჩენილია რამდენიმე ციხე როგორებიცაა: ფირკატი, ტელესბორგი, აგერსბორგი. სავარაუდოდ, მათში 6000-9000 კაცი სახლობდა და ჰქონდათ ადმინისტრაციული ცენტრები.

ვიკინგების ძირითადი საბრძოლო იარაღები იყო: შუბი, ხმალი და ნაჯახი. ისინი ასევე იყენებდნენ მშვილდსაც. თავისუფალი მოსახლეები იარაღს არ ატარებდნენ მხოლოდ ომში, არამედ იარაღის ტარება გამოხატავდა პიროვნების სტატუსს საზოგადოებაში და მის სიმდიდრეს ზოგ შემთხვევაში.

შუბები 2-3 მეტრის სიგრძის იყო. მისი პირი იყო სხვადასხვა ფორმის. ძლიერ შუბოსნებს შეეძლოთ ორი ხელით ერთროულად გაეტყორცნათ იარაღი ან ჰაერში დაეჭირათ მოწინააღმდეგის მიერ ნასროლი შუბი.

ხმლის ტარება მიანიშნებდა პატრონის სტატუსზე. დამზადება ძვირი ღირდა და ის მხოლოდ მაღალშემოსავლიანი ვიკიგნებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ისინი ძირითადად ორლესულებს იყენებდნენ, ტყავგადაკრული ხის ქარქაშით. თავდაპირველად ამზადებდნენ რკინისა და სუსტი ფოლადის მეშვეობით, შემდგომ კი ერთგვარი ფოლადიც გამოიყენეს. ოსტატი მჭედლები ორნამენტებსაც ურთავდნენ ხმლებს და სახელებს არქმევდნენ.

ნაჯახი კი ორგვარი იყო. მოკლე, რომელიც არის მჩატე და ფართან ერთად მოსახერხებელი იყო გაშლილ ბრძოლებში. გრძელი ნაჯახები კი შედარებით მძიმეა და ორი ხელით ეკავათ მეომრებს, რომლებიც მოწინავე რიგების უკნიდან უტევდნენ მეომრებს ძლიერი დარტყმებით.

ვიკინგების მრგვალი ფარები მზადდებოდა ხისაგან, რომელსაც ცენტრში და კიდეებზე რკინას უმაგრებდნენ. მათი დიამეტრი დაახლოებით 1 მეტრი იყო. მეომრები ხშირად ხატავდნენ საკუთარ ფარებზე მითოლოგიურ სურათებსა თუ სხვადასხვა ნიშნებს. XI საუკუნეში დაიწყეს ფრანის ფორმის ფარების გამოყენებაც, რომლებიც საშუალებას იძლეოდა მტარებელს ფეხებიც დაეფარა.

აბჯრად იყენებდნენ ჯაჭვის პერანგებს, მაგრამ მათი სიძვირის გამო ისინი მხოლოდ სარდლებს ეცვათ. მეომრები ძირითადად შემოსილნი იყვნენ ირმის ტყავით, რომელიც მსუბუქი იყო და მეტი მოძრაობის საშუალებას იძლეოდა. მათ არასდროს გამოუყენებიათ რაინდებისათვის დამახასიათებელი ფირფიტოვანი აბჯარი, მაგრამ მოგვიანებით აღმოსავლეთიდან შემოიტანეს პატარა ფირფიტებისაგან დამზადებული აბჯრები. მუზარადს მხოლოდ სარდლები ატარებდნენ.

ვიკინგებს არ ჰყოლიათ პროფესიული ჯარი, ისინი არ იბრძოდნენ რეგულარული ფორმაციებით და სამხედრო დისციპლინაც განუვითარებელი იყო. სამაგიეროდ, ყოველი მეომარი ინდივიდუალურად ძლიერი იყო, მათი ერთობის მიზეზი კი ბრძოლაში სახელის მოხვეჭა და ლიდერის ერთგულება იყო. სამხედრო დისციპლინის ნაკლებობის გამო სამხედრო წინამძღოლებს ხშირად უწევდათ ომების წარმოება ჯარის შესანარჩუნებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში მეომრები სხვა მმართველებს მიემხრობოდნენ.

ბრძოლის დაწყებამდე ახალგაზრდა ვიკინგები დგებოდნენ მოწინავე რიგებში და ადგენდნენ „ფარების კედელს“. წინა რიგი იმუხლებოდა და იცავდა საკუთარ თავს, მეორე რიგი ოდნავ იხრებოდა მუხლებში და ფარებს აწყობდნენ წინა რიგის ფარების ზემოთ, მესამე რიგი კი ზემოთ მართავდა ფარებს და ჰორიზონტალურად ალაგებდა მათ. ამით ვიკინგები ქმნიდნენ თითქმის შეუღწევად კედელს რომელიც, სრულიად იყო დაცული წინა მხრიდან. ფარებ შორის დარჩენილი თავისუფალი სივრცე კი საკმარისი იყო იმისათვის, რომ მოწინავეებს ხმლებითა და შუბებით შეეტიათ მტრისათვის. „ფარების კედლის“ შედგენამდე ისინი შუბს ისროდნენ მოწინააღმდეგისკენ, რომელსაც ოდინის უძღვნიდნენ. ამ ერთ შუბს შემდეგ ისრებისა და შუბების წვიმა მოჰყვებოდა.

იმ შემთხვევაში, თუკი ეს ტაქტიკა არ გაამართლებდა ვიკინგები ეწყობოდნენ სამკუთხა ფორმაციაში, ამ გზით ცდილობდნენ გაერღვიათ მტრის ჯარი და მოეკლათ მათი მეთაური. ვიკინგთა არმიაში ხშირად იყვნენ გამორჩეული მეომრები, რომლებიც დათვის ტყავს ატარებდნენ. მიიჩნეოდა, რომ ოდინი იცავდა მათ, ამიტომაც არ სჭირდებოდათ აბჯარი. ისინი გამორჩეული გაშმაგებით იბრძოდნენ და თავისი ცხოველური ბრძოლით აშინებდნენ მტერს.

ვიკინგების ეპოქის დასასრული რედაქტირება

ვიკინგების ერაში, სკანდინავიელი ქალები და მამაკაცები მოგზაურობდნენ ევროპის მასშტაბით, ძალიან ბევრ ადგილას დადგეს ფეხი და საკუთარი კულტურული დიასპორით დატოვეს ნაკვალევი ნიუფაუნდლენდიდან ბიზანტიის ჩათვლით. ენერგიული აქტივობები, რომელიც ხორციელდებოდა ამ ეპოქაში, იწვევდა უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს და გავლენას ახდენდა ვიკინგთა დღის წესრიგზეც კი. იმ 300 წლის განმავლობაში, რომელიც მერვე საუკუნეში დაიწყო, როდესაც აღმოცენდნენ პირველი ვიკინგი მებრძოლები, და მეთერთმეტე საუკუნემდე გასტანა, სკანდინავიურ კულტურაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოხდა.

მეთერთმეტე საუკუნის ბოლოს, მაშინ როდესაც სამეფო დინასტიის ლეგიტიმაცია ხდება კათოლიკური ეკლესიის მიერ (წინარე 300 წლის მანძილზე ამ ლეგიტიმაციას ფაქტობრივი ძალა არ ჰქონდა) საგრძნობლად გაძლიერდა იქ მცხოვრები ხალხი და დაიწყო სამი სამეფოს - დანიის, შვედეთის და ნორვეგიის სამეფოთა ფორმირება. გაჩნდა ქალაქები, რომლებიც წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ცენტრებს, იყვნენ საერთონი და ეკლესიურად ლეგიტიმაცია-მოპოვებულები, ამასთან ერთად შეიქმნა საბაზრო პუნქტები, რომლებიც გერმანული და ბრიტანული მოდელების მიხედვით ფუნქციონირებდნენ და ეკონომიკური ფუნდამენტი გააჩინეს. ამ დროისათვის ისლამური ვერცხლის შემოდინება შეწყდა ერთი საუკუნით და ინგლისური ვერცხლის შემოდინებაც შეწყდა მეთერთმეტე საუკუნის შუა ხანებისათვის. ქრისტიანობამ საკუთარი ფესვები აქტიურად გაიდგა დანიასა და ნორვეგიაში სხვადასხვა ეპარქიების დაარსებით, ხოლო შვედეთში ეს პროცესი პირველ ნაბიჯებს დგამდა. უცხო საეკლესიო პირები და იქ მცხოვრები ელიტარული ხალხი ცდილობდა ქრისტიანობის ინტერესების აფიშირებას, რომელიც იწყებდა ტრანსფორმაციას და არ იყო კვლავინდებურად მისიონერულ ფაქტორზე დაყრდნობილი, ამასთან ერთად ცხოვრების სტილიც იცვლებოდა, რამაც მნიშვნელოვნად წაახალისა ეს პროცესი. 1103 წლისათვის პირველი არქიეპისკოპოსის ეპარქია დაარსდა სკანდინავიაში, ლუნდში, რომელიც შემდგომ დანიის ნაწილი გახდა.

სკანდინავიური სამეფოების ასიმილაცია ევროპიდან შემოსულ კულტურასთან, რომელზე გავლენაც ქრისტიანობისა უდიდესი იყო, გახდა იმის საფუძველი, რომ სკანდინავიელი მმართველების მენტალური ცვლილება განხორციელდა, მათ შეცვალეს საკუთარი მიზნები და ფოკუსირდნენ კარგი ურთიერთობის დამყარებაზე მეზობლებთან. ვიკინგთა შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო მონათმფლობელობა იყო. შუა საუკუნეების ეკლესია თვლიდა, რომ ქრისტიანებს არ უნდა ჰყოლოდათ ქრისტიანი მონები, თავად ევროპის ჩრდილოეთში ფართოდ იყო გავრცელებული მონათმფლობელობა კლასიკური სახით, რომელიც გულისხმობდა, რომ მონა მიჩნეულია, როგორც ადამიანის პირადი მოხმარების ნივთი და მისი ექსპლუატაცია ყოველ გზის სავსებით ლეგიტიმურია. ეს მნიშვნელოვანი ბიძგი გამოდგა რეიდისთვის, რომელიც ეფუძნებოდა ეკონომიკურ მიზნებს, მონათმფლობელობის აქტივობები გრძელდებოდა მეთერთმეტე საუკუნის ბოლომდე. ამ დროისათვის, სკანდინავიელთა მტაცებლური შეტევები შესუსტებული იყო ჩრდილოეთისა და ირლანდიის ზღვების მიმდებარე ტერიტორიებზე.

ნორვეგიის მეფეები აგრძელებდნენ საკუთარი ძალის დემონსტრაციას ბრიტანეთის ჩრდილოეთით და ირლანდიაში, რეიდები გაგრძელდა მეთორმეტე საუკუნემდე, თუმცა მათი მილიტარისტული ამბიციები ფოკუსირებული სრულად ახლებური გზისკენ იყო. 1107 წელს, სიგურდ პირველმა, გაცურა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისკენ ნორვეგიელი ჯვაროსნებითურთ, რათა ებრძოლათ ახლად შექმნილი იერუსალიმის სამეფოსათვის, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია დანიელთა და შვედთა აქტივობები ამასთან მიმართებაში - ისინი ენერგიულად იღებდნენ მონაწილეობას ბალტიის, იგივე ჩრდილოეთის ჯვაროსნულ მოძრაობაში მეთორმეტე და მეცამეტე საუკუნეებში.

კულტურა რედაქტირება

ვიკინგების კულტურაზე, საქმიანობაზე და რწმენაზე ბევრი წყარო მიგვითითებს.მიუხედავად იმისა, რომ მათ არ დაუტოვებიათ წიგნების სახით არანაირი მემკვიდრეობა, მაგრამ მათ ჰქონდათ ანბანი და საკუთარ თავს და მათ სამყაროს ე.წ. მაგიურ ქვებზე წერდნენ. მათზე არსებული ინფორმაცია ძირითადად მოდის სხვა კულტურებიდან, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ მათთან. მეოცე საუკუნიდან მოყოლებული არქეოლოგიურმა გათხრებმა უფრო სრული და დაბალანსებული სურათი წარმოგვიდგინა ვიკინგების ცხოვრებაზე. არქეოლოგიურმა გათხრებმა წარმოდგენა შეგვიქმნა მათ დასახლებებზე საქმიანობაზე, გემებზე, საბრძოლო აღჭურვილობაზე და მათ რელიგიაზე.

ლიტერატურა და ენა რედაქტირება

ინფორმაციის ძირითადი წყაროები ვიკინგების შესახებ მოდის ტექსტებიდან იმ რეგიონებიდან, სადაც ვიკინგები აქტიურები იყვნენ. ლათინური ანბანი სკანდინავიაში ქრისტიანობასთან ერთად შემოვიდა. ამის გამო ცოტაა წყაროები სკანდინავიიდან გვიანი მეთერთმეტე-ადრეული მეთორმეტე საუკუნეებამდე. სკანდინავიელები წარწერებს რუნებზე აკეთებდნენ, მაგრამ ისინი ძირითადად მოკლეა და ტრაფარეტული. ყველაზე მეტი ინფორმაცია მოიპოვება ქრისტიანული და ისლამური ქვეყნებიდან სკანდინავიის გარეთ, რომლებსაც ვიკინგების მიმართ კარგი დამოკიდებულება არ ჰქონდათ.

ეკლესიის გაძლიერებისა და სკანდინავიის და მისი კოლონიების ასიმილაციამ შექმნა შუა საუკუნეების ქრისტიანული კულტურა. ეს მოხდა მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში, რის შემდეგაც ჩრდილოეთში ბინადარი ხალხის წერილობითი წყაროებიც გაჩნდა ლათინურად ან ძველ ნორვეგიულად. ვიკინგების კოლონია ისლანდიაში მეთორმეტედან მეთოთხმეტე საუკუნის ჩანთვლით ადგილობრივ ენაზე შეიქმნა ძალიან ბევრი ნაშრომი. სწორედ აქედან გვაქვს პირველი წყაროები ვიკინგების ხანის ტრადიციებზე. რა თქმა უნდა არ შეიძლება ამ წყაროების პირდაპირ ნდობა, მაგრამ ბევრი სპეციფიკური დეტალი ნაკლებად საეჭვოა.

ვიკინგებმა საკუთად ენაზე, კულტურაზე და საქმიანობაზე ინფორმაცია ძველ ნორვეგიულ სიტყვებსა და იქ მდებარე ადგილებში დაგვიტოვეს. ზოგიერთი ასეთი სიტყვა და ადგილის დასახელება დღესაც თითქმის უცვლელად გამოიყენება. ისინი გვაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ თუ სად ცხოვრობდნენ ისინი და რა მნიშვნელობა ჰქონდა კონკრეტულ ადგილებს. ამის მაგალითებია: „ეგილსე“ (სიტყვიდან „ეიგილს“ რაც ეიგილის კუნძულს ნიშნავს), „ორმსკირკი“ (სიტყვებიდან „ორმრ კირკა“, რაც მატლის ტაძარს ნიშნავს), „მეოლს“ (მერი ნიშნავს ქვიშის დიუნას), „რავენსკარი“ (ყვავის ქვა), „ვინლანდი“ (ღვინის მიწა), „კაუპანგერი“ (სანავსადგურო ბაზარი), „ტორშავნი“ (თორის ნავსადგური), და რელიგიური ადგილი „ოდენსე“, რაც ნიშნავს ადგილს, სადაც თაყვანს სცემენ ოდინს. ყოველდღიურ სალაპარაკო ინგლისურში გამოყენებული ბევრი სიტყვა სკანდინავიურია, მაგალითად: კვირის დღეები (Thursday - თორის დღე), ღერძი, კავი, ტივი, დანა, გუთანი, ტყავი, ომბუდსმენი, ქმარი, წარმართი, ჯოჯოხეთი, ნორმანი და ქექვა - ყველა ეს სიტყვა ძველი ნორვეგიულიდან მომდინარეობს. ეს სიტყვები ვიკინგების ერაში გამოიყენებოდა და შესაძლებლობას გვაძლევს შევიცნოთ მათი ურთიერთობა ბრიტანეთის კუნძულებზე მცხოვრებ ხალხთან. შეტლანდისა და ორკნეის კუნძულებზე ძველმა ნორვეგიულმა მთლიანად შეცვალა ადგილობრივი ენები და დროთა განმავლობაში გადაიქცა ახლა არარსებულ ენად - ნორნულად. ზოგიერთი თანამედროვე სახელის ჩრდილოული წარმოშობა მხოლოდ მათი გამოკვლევის შემდეგ გამოვლინდა. მაგალითად: იორკი (ცხენის ყურე), სოუნსი (სვეინის კუნძულები), ტოქვილი (ტოკის ფერმა). ლინგვისტიკური და ეთიმოლოგიური გამოკვლევები დღემდე დიდ ინფორმაციას გვაწვდიან ვიკინგების კულტურაზე, მათ სოციალურ სტრუქტურაზე, ისტორიაზე. ასევე იმაზე, თუ როგორ იქცეოდნენ ისინი უცხო კულტურებთან რომლებსაც ხვდებოდნენ, რომლებსაც უტევდნენ, ვაჭრობდნენ თუ რომლებიც უბრალოდ ახლოს ცხოვრობდნენ. ნავარაუდებია, რომ სამხრეთ საფრანგეთის დასავლეთ სანაპიროზე არსებული დასახლებები ასევე განიცდიდნენ ვიკინგებისგან ზემოქმედებას. ისეთ ადგილების სახელებს, როგორებიცაა მაგალითად ტაილბურგი (ტრალის ციხე) შეხვდებით სამხრეთით ჩარენტეს მდინარემდე. ამჟამად გასკონია და მისი ახლომდებარე ტერიტორიები ამჟამად ვიკინგური არქეოლოგიის ადგილმდებარეობას წარმოადგენს. ძველი ნორვეგიული ენის კვალი ეტყობა ისეთ თანამედროვე ენების, როგორებიცაა: შვედური, ნორვეგიული, დანიური და ისლანდიური. როგორც ჩანს ძველმა ნორვეგიულმა გავლენა ვერ იქონია სლავურ ენებზე აღმოსავლეთ ევროპის დასახლებებში. სავარაუდოდ ამის მიზეზი ამ ენებს შორის განსხვავება ძალიან დიდი იყო და შერწყმა ამის გამო ვერ მოხდა.

რუნოვანი ქვები რედაქტირება

ვიკინგების ხანის ჩრდილოელებს წერაქ-კითხვა შეეძლოთ არასტანდარტული ანბანით სახელად რუნორი, რომელიც ბგერებზე იყო აგებული. იმის მიუხედავად, რომ წარწერები ფურცლებზე თითქმის არ შემოინახა, გვაქვს ათასობით ქვა რუნებით რომლებიც ვიკინდებამდელი პერიოდიდანაცაა. მათი უმეტესობა გარდაცვლილების მოსახსენიებლადაა, მაგრამ ყოველთვის საფლავებთან არ მდებარეობა. რუნორი XV საუკუნემდე გამოიყენებოდა ლათინურის პარალელურად.

ვიკინგების ეპოქის რუნოვანი დამწერლობის უმეტესობა ნაპოვნია შვედეთში და თარიღდება მეთერთმეტე საუკუნიდან ზევით. ყველაზე ძველი რუნოვანი ქვა ნორვეგიაში აღმოაჩინეს და ის IV საუკუნით თარიღდება, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვათ, რომ რუნოვანი დამწერლობა ვიკინგებზე ადრეც არსებობდა. ბევრ ასეთ ქვაზე ჩაწერილია ვიკინგების ექსპედიციების მონაწილეების სახელები. ასეთია კჯულას რუნოვანი ქვა, რომელიც მოგვითხრობს დასავლეთ ევროპაში გრძელ ომზე და ტურინგის რუნოვანი ქვა, რომელიც მოგვითხრობს ექსპედიციაზე აღმოსავლეთ ევროპაში. სხვებში ნახსენებია ექსპედიციებში დაღუპული მებრძოლების სახელები. მათ შორისაა 25 „ინგვარული“ რუნოვანი ქვა მალარდალენში, შვედეთში, რომლებიც აღმართულია დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე გაგზავნილ XI საუკუნის ექსპედიციაში დაღუპულთა პატივსაცემად. რუნოვანი ქვები მნიშვნელოვან წყაროებს წარმოადგენს ჩრდილოური კულტურის გამოსაკვლევად, რაც მხოლოდ ვიკინგებით არ შემოიფარგლება.

იელინგის ქვები დათარიღებულია დაახლოებით 960-985 წლებით. უფრო ძველი, მცირე ქვა აღმართა მეფე გორმ ძველმა, დანიის ბოლო წარმართმა მეფემ, დედოფალი თირეს პატივსაცემად. უფრო დიდი ქვა აღმართა მისმა შვილმა, ჰარალდ ლურჯკბილამ, რათა აღენიშნა დანიელების გაქრისტიანება. ამ ქვას სამი მხარე აქვს: პირველზე გამოსახულია ცხოველი, მეორეზე იესო ქრისტეს ჯვარცმა, ხოლო მესამე მხარეს წარწერაა: „მეფე ჰარალდრმა შეუკვეთან მონუმენტი დამზადებული გორმრის, მისი მამის, და თირვეს, მისი დედის სამახსოვროდ; ჰარალდრი, რომელმაც ხელში ჩაიგდო მთელი დანია და ნორვეგია და გააქრისტიანა დანიელები.“

სამარხები რედაქტირება

ვიკინგების არაერთი სამარხია აღმოჩენილი: სკანდინავიაში, ბრიტანეთის კუნძულებზე, ირლანდიაში, გრენლანდიაში, ისლანდიაში, ფაეროეს კუნძულებზე, გერმანიაში, ბალტიისპირეთში, რუსეთში და ა.შ. ვიკინგების დამარხვის წესები მრავალფეროვანი იყო. ისინი მიმართავდნენ როგორც დამარხვას , ასევე ყურღანებს და ე.წ. „სამარხ გემებსაც“.

წერილობით წყაროებზე დაყრდნობით ცნობილია, რომ დაკრძალვების უმეტესობა ზღვაზე ხდებოდა. დაკრძალვა ითვალისწინებდა დამარხვას ან კრემაციას. ამ ორს შორის არჩევანი ადგილობრივ ტრადიციებზე იყო დამოკიდებული. დღევანდელი შვედეთის ტეროტორიაზე კრემაცია იყო პრედომინანტური, დანიაში უფრო ხშირად დამარხვას მიმართავდნენ. ნორვეგიაში გამოიყენებოდა ორივე ხერხი. სამარხებში ჩაყოლებული ნივთები გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა ითვლებოდა გამოსადეგად მომავალ ცხოვრებაში, ჩვენ არ გაგვაჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მარხავდნენ ვიკინგები ბავშვებს.

გემები რედაქტირება

ვიკინგების ყველა ზომის გემები არქროლოგების მიერ საკმაოდ ბევრია აღმოჩენილი. ისინი გვაწვდიან ინფორმაციას მათი აშენების ხერხებზე. არსებობდა ვიკინგების გემების მრავალი ტიპი, რომლებიც სხვადასხვა დანიშნულებისთვის იქმნებოდა. ყველაზე კარგად ცნობილი ალბათ ე.წ. „გრძელი გემია“. გრძელი გემი ბრძოლაში და დაზვერვაშიც გამოიყენებოდა და შექმნილი იყო სისწრაფისა და მანევრირებისთვის. აფრებთან დამატებად გამოიყენებოდა ნიჩბები, რაც ნავიგაციას ქარის დამოუკიდებლადაც ხდიდა შესაძლებელს. გრძელ გემს ჰქონდა გრძელი და ვიწრო კორპუსი რათა გაეადვილებინა მებრძოლთა გადასმა მეჩეჩ წყალში. გრძელ გემებს ექსტენსიურად იყენებდნენ ლეიდანგები, სკანდინავიური დაცვითი ფლოტები. ასეთი გემები თითქმის ვიკინგების კონცეფციის სინონიმად იქცა.

ვიკინგები უნიკალურ გემებსაც აშენებდნენ მშვიდობიანი დანიშნულებებისთვის. „კნარრი“ იყო სავაჭრო გემი განკუთვნილი დიდი რაოდენობით ტვირთის გადასატანად. მას უფრო ფართო კორპუსი ჰქონდა, იყო უფრო ღრმა და გქონდა ცოტა ნიჩაბი, რომლებიც ძირითადად პორტებში მანევრირებისთვის ან მსგავსი სიტუაციებისთვის გამოიყენებოდა. ვიკინგების ერთ-ერთი ინოვაცია იყო „ბეიტასი“, გემი აღჭურვილი იალქანზე დამაგრებული ძელით, რომელიც იძლეოდა ქარის საწინააღმდეგოდ ეფექტიანი ცურვის საშუალებას. ხშირი იყო გემების პატარა ნავებით აღჭურვა, რომლებითაც ტვირთი ან ხალხი გადაადგილდებოდა გემიდან ნაპირზე.

გემები ვიკინგების კულტურის ინტეგრირებული ნაწილი იყო. ისინი უზრუნველყოფდნენ ყოველდღიურ ტრანსპორტაციას ზღვებზე, ახალის მიწების აღმოჩენას, იერიშებს, დაპყრობებს და ვაჭრობას მეზობელ კულტურებთან. მათ მნიშვნელოვანი რელიგიური დატვირთვაც ჰქონდათ. დიდი სტატუსის მქონე ხალხი ძირითადად დაკრძალული იყო გემზე ცხოველურ შესაწირთან, იარაღთან, პროვიზიასთან და სხვა ნივთებთან ერთად.

კარგად შემონახული ხუთი ვიკინგური გემის ნაწილები იქნა აღმოჩენილი როსკილდ ფიორდის გათხრებისას გვიან 1960იან წლებში. ნაპოვნი იყო როგორც გრძელი გემები, ასევე კნარრები. გემები იქ იყო განთავსებული ნავიგაციის დასაბლოკად და ამგვარად როსკილდის დასაცავად საზღვაო თავდასხმისგან. ამ გემების ნარჩენები შეგიძლიათ იხილოთ ვიკინგების გემების მუზეუმში როსკილდში.

ყოველდღიური ცხოვრება რედაქტირება

საზოგადოებრივი წყობილება რედაქტირება

ვიკინგური საზოგადოება დაყოფილი იყო სამ სოციალურ-ეკონომიკურ კლასად: მონები (thralls), კარლები და იარლები. ამის შესახებ ნათლადაა მონათხრობი ედაში „სიმღერა რიგზე“, რომელიც ასევე აღწერს, რომ სწორედ ღმერთ რიგმა - კაცობრიობის მამამ, ასევე ცნობილმა როგორც ჰეიმდალმა - შექმნა სამი კლასი. ეს სოციალური სტრუქტურა არქეოლოგებმაც დაადასტურეს.

Thralls - მონა, ან მსახური სკნადინავიურ ტერიტორიებზე ვიკინგების ხანაში. ძველ ინგლისურში მისი შესატყვისი ტერმინი - peow. ტრელები იყვნენ ყველაზე დაბალი რანგის წარმომადგენლები - მონები. მონობა არსებით მნიშვნელობას ატარებდა ვიკინგურ საზოგადოებაში როგორც ყოველდღიური საქმიანობისთვის, ისე დიდი მასშტაბის კონსტრუქციებისთვის, ვაჭრობისა და ეკონომიკისთვის. მათ იყენებდნენ როგორც მსახურებს და მუშებს ფარმებსა და  კარლებისა და იარლების დიდ ოჯახში. გარდა ამისა, ევალებოდათ ციხესიმაგრეების, ფორტიფიკაციების (სხვადასხვა სამხედრო-საინჟინრო ნაგებობა) მაგისტრალების, არხების, ბორცვების, გზების და სხვა პროექტების მშენებლობა. „სიმღერა რიგზეს“ მიხედვით მონები მიიჩნეოდნენ, როგორც საზიზღარი არსებები, რომლებსაც ზემოდან უყურებდნენ. ახალი მონები ან შთამომავლობით ჩნდებოდნენ, ან სხვა მიწებიდან მოჰყავდათ. ვიკინგები ხშირად ატყვევებდნენ ხალხს ევროპაში, თავდასხმების დროს და ტრელებად აქცევდნენ. სხვა სახელები ტრელებისთვის იყო „trael“ და „ty“.

კარლები იყვნენ თავისუფალი გლეხები. ისინი ფლობდნენ ფერმებს, მიწას და საქონელს და დაკავებულნი იყვნენ ყოველდღიური ყოფა-ცხოვრებით, მაგალითად მინდვრის დახვნა, საქონლის მოწველა, სახლების მშენებლობა. სხვა სახელები კარლებისთვის იყო „bonde“ ან უბრალოდ, თავისუფალი ხალხი.

იარლები ვიკინგური საზოგადოების არისტოკრატიას წარმოადგენდნენ. ისინი იყვნენ ძლევამოსილნი და ფლობდნენ დიდ ქონებასა და მამულებს, ცხენებს და უამრავ მონას. მონები მათი მსახურები იყვნენ და საშინაო საქმეების უმეტესობას ასრულებდნენ სანამ იარლები დაკავებულნი იყვნენ პოლიტიკით, მმართველობით, ნადირობით, სპორტითა და სხვა იარლებთან სტუმრობით. არქეოლოგიური გათხრების მიხედვით, როცა იარლი მოკვდებოდა და მარხავდნენ, მისი მონები ზოგჯერ მსხვერპლშეწირვის მიზნით უნდა დაეხოცათ და მასთან ერთად დაემარხათ.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი საშუალო პოზიცია არსებობდა მთლიანი სოციალური სტრუქტურისა და სჯეროდათ, რომ უნდა ყოფილიყო სოციალური არამდგრადობა. დეტალები ჯერ კიდევ გაურგვეველია, მაგრამ კლასი, როგორიც იყო hauldr, thefn, landmand, აჩვენებს მოძრაობას კარლსა და იარლს შორის.

სკანდინავიის ქვეყნებში - შვედეთში, დანიასა და ნორვეგიაში ქალები შედარებით თავისუფალი სტატუსის მატარებელნი იყვნენ. მამის მხრიდან დეიდა, დისწული და შვილიშვილი (მდედრი), ასევე მოხსენიებულნი როგორც Odalkvinna, ჰქონდათ უფლება, რომ მემკვიდრეობით მიეღოთ გარდაცვლილ მამაკაცთა საკუთრება.  მამრების არყოფნაში დაუქორწინებელ უშვილო ქალებს გარდაცვლილი მამის ან ძმისგან შეეძლოთ არა მხოლოდ საკუთრების არამედ ოჯახის პოზიციის დაკავებაც. ასეთ ქალს ეძახდნენ ბაუგრიგს (Baugrygr)  და ის ფლობდა ოჯახის უფროსის ყველა უფლებას, მაგალითად მოეთხოვა და მიეღო გადასახადები ოჯახის წევრის მკვლელობისათვის. უფლებამოსილება გრძელდებოდა გათხოვებამდე, რის შემდეგაც ძალაუფლება გადაეცემოდა ქმარს. 20 წლის შემდეგ დაუქორწინებელი ქალები, რომლებსაც ასევე მოიხსენიებენ როგორც maer ან mey, მიიჩნეოდნენ სრულწლოვნებად და ჰქონდათ უფლება საკუთარი საცხოვრებელი ადგილი აერჩიათ. გამონაკლისი მათი დამოუკიდებლობისა იყო მეუღლის არჩევა, რაც, როგორც წესი კლანის მიერ ხდებოდა. ქვრივები იმავე უფლებებს ფლობდნენ, რომლებსაც დაუქორწინებელი ქალები. დაქორწინებულს შეეძლო გაშორებოდა ქმარს და თავიდან გათხოვილიყო. ასევე ნორმალურად მიიჩნეოდა ის ფაქტი, რომ თავისუფალ ქალს თანაეცხოვრა მამაკაცთან და ჰყოლოდა მასთან შვილები ქორწინების აქტის გარეშე, თუნდაც მამაკაცი ყოფილიყო დაქორწინებული. ასეთ ქალს ეწოდებოა ფრილა (frilla). მნიშვნელობა არ ჰქონდა ბავშვი დაიბადებოდა ქორწინების შედეგად თუ მის გარეშე, ორივეს თანაბარი უფლება ჰქონდა მშობლების ქონების მემკვიდრეობით მიღებისა და არ არსებობდა „კანონიერი“ ან „უკანონო“ ბავშვის მცნება. ქალებს ასევე გააჩნდათ რელიგიური ძალაუფლება და იყვნენ მღვდლის ცოლები (gydja) ან ორაკულები (sejdkvinna). ისინი აქტიურნი იყვნენ ხელოვნებაშიც, როგორც პოეტები (skalder), რუნების ოსტატები. ვაჭრები და ექთნები. ეს უფლებები ნელ-ნელა გაქრა ქრისტიანობის შემოსვლასთან ერთად და XIII საუკუნიდან აღარ მოიხსენიება.

გარეგნობა რედაქტირება

ამ სამ კლასის ამოცნობა ადვილად შეიძლებოდა მათი გარეგნობით. იარლების ქალები და კაცები კარგად მოვლილნი იყვნენ აკურატული ვარცხნილობით და თავიანთ სიმდიდრესა და ძალაუფლებას ძვირფასი ტანისამოსის (უმეტესწილად აბრეშუმი) ტარებით გამოხატავდნენ. გარდა ამისა შემოსილნი იყვნენ ოსტატურად დამზადებული სამკაულებით, მაგალითად გულსაბნევი, ქამრის ბალთები, ყელსაბამი და სამკლავური. უმეტესობა დამზადებული იყო უნიკალური სკანდინვიური დიზაინით. ბეჭდები იშვიათად გამოიყენებოდა და საყურეები თითქმის არასდროს, რადგან ისინი მიჩნეული იყო როგორც სლავური ფენომენი. კარლების უმეტესობა მსგავსი გემოვნებისა და ჰიგიენის მატარებელი იყო.

სასოფლო მეურნეობა და სამზარეულო რედაქტირება

თქმულებები მოგვითხრობს ვიკინგების კვების რეჟიმსა და სამზარეულოზე, მაგრამ პირველი სახელდახელო მტკიცებულებები, როგორებიცაა სამზარეულოს ნაგავსაყრელი, ნარჩენები, ამტკიცებს, რომ კვება დიდ მნიშვნელობას ატარებდა ვიკინგების ხანაში. მცენარეულმა ნარჩენებმა უამრავი ინფორმაცია მოგვაწოდეს ამ საკითხთან დაკავშირებით. არქეოლოგიურ-ბოტანიკური კვლევები საკმაოდ პოპულარული გახდა ბოლო წლებში როგორც თანამშრომლობია არქეოლოგისტებსა და პალეონთო-ბოტანიკოსებს შორის. ეს ახალი მიდგომა ახალ აღმოჩენებში გვეხმარება ვიკინგების სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის დარგის კვლევაში.

სხვადასხვა ინფორმაციის შერწყმით სამზარეულოს საერთო სურათი წარმოგვიდგება უამრავი განსხვავებული ინგრედიენტით. გვხვდება ყველანაირი სახის ხორცის პროდუქტი, მათ შორის შემწვარი, შებოლილი და დაკონსერვებული ხორცი, სოსისი, მოხარშული ხორცი. ასევე მრავლად იყო ზღვის პროდუქტი, პური, შვრია, რძის პროდუქტი, ბოსტნეული, ხილი, კენკრა და თხილი. ალკოჰოლურ სასმელებში შედიოდა ლუდი, თაფლუჭი (თაფლის ალკოჰოლური სასმელი), ბიორი (bjorr) - ძლიერი ხილის ღვინო და იმპორტირებული ღვინო.

შინაური მსხვილფეხა პირუტყვი ტიპური და უნიკალური იყო ვიკინგებისათვის: ისლანდიური ცხენი, ისლანდიური საქონელი, ცხვარი, დანიური ქათამი და დანიური ბატი. ვიკინგები იორკში ძირითადად მიირთმევდნენ ძროხის და ცხვრის ხორცს, მცირე რაოდენობით ღორისა და ცხენის ხორცს. ქათმები ჰყავდათ როგორც ხორცის, ისე კვერცხისათვის. გარდა ამისა აღმოჩენილი იქნა როჭოს, გარეული იხვისა და ბატების ძვლები.

ზღვის პროდუქტი კვების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, ზოგ ადგილას ხორცზე უფრო მეტადაც კი. ვეშაპსა და ლომვეშაპს მიირთმევდნენ ნორვეგიაში ხოლო სელაპს თითქმის ყველგან. ხამანწკებსა და კრევეტებს დიდი რაოდენობით მიირთმევდნენ, ხოლო თევზებიდან პოპულარული იყო ვირთევზა და ორაგული.

ასევე პოპულარული იყო რძე და კეფირი, რომელსაც როგორც დასალევად ისე ინგრედიენტებისთვის იყენებდნენ, თუმცა ხშირად რძე რთული მოსაპოვებელი ხდებოდა. რძე ჰქონდათ ძროხის, თხისა და ცხვრის.

საკვებში იყენებდნენ მარილსა და სანელებელს, მაგალითად პილპილს, რომელიც იმპორტირებული იყო. ასევე მოჰყავდათ სათბურებში ან აგროვებდნენ ტყეში. სახლში მოყვანილ სანელებლებს შორის იყო კვლიავი, მდოგვი, პირშუშხა, კამა, ქინძი და გარეული ნიახური. ქონდარი, ღვია, ათასფურცელა, ტეგანი და წიწმატი ასევე გამოიყენებოდა საკვებში.

ვიკინგები აგროვებდნენ ხილსაც, კენკრასა და თხილს. ვაშლი, ქლიავი და ალუბალი ასევე კვების ნაწილი იყო, როგორც ჟოლო, გარეული მარწყვი, მაყვალი, შავი ან წითელი კენკრა, კუნელი. ტყის თხილი კვების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა და საკმაოდ დიდი რაოდენობით აღმოაჩინეს კაკლის ნაჭუჭი ქალაქ ჰედებაიში. ნაჭუჭს ღებვისთვის იყენებდნენ, ხოლო თავად ნიგოზს მიირთმევდნენ და სხვადასხვა კერძებში გამოიყენებოდა ინგრედიენტებად.

გუთნით მოხვნის გამოგონებამ და სოფლის მეურნეობაში შემოღებამ განავითარა მიწათმოქმედება სკანდინავიაში და შესაძლებელი გახადა უნაყოფო ნიადაგებზეც კი მოსავლის მოყვანა. მარცვლეულობა და ფქვილი გამოიყენებოდა ფაფების მოსამზადებლად, ზოგს ხარშავდნენ რძით, ზოგს ხილით და თაფლით ან სხვადასხვა სახის პურით. გაურკვეველია იყენებდნენ თუ არა სკანდინავიელები საფუარს პურის მომზადებისას, მაგრამ ჭურჭლისა და ღუმელის მიხედვით მეტად სავარაუდოა, რომ საფუარიც გამოიყენებოდა. სელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვიკინგებისთვის. ის გამოიყენებოდა ზეთისა და თეთრეულის დასამზადებლად. 40% იმ თეთრეულისა, რომელიც შემორჩენილია ვიკინგების ხანიდან სწორედ სელითაა დამზადებული.

ჩვეულებრივი ხალხისთვის საკვების ხარისხი ყოველთვის მაღალი არ იყო. ხშირად ხდებოდა ისე, რომ შეუძლებელი ხდებოდა ხორბლის ან ჭვავის საკმარისი რაოდენობის მოძიება, შესაბამისად უწევდათ პურის დასამზადებლად სხვა რესურსის გამოყენება. აგროსტემა (corncockle) პურს მუქ შეფერილობას აძლევდა, მაგრამ მისი თესლი მომწამლავი იყო და ხშირად ხალხი, რომელიც ამ გზით დამზადებულ პურს მიირთმევდა, ავად ხდებოდა. ასევე აღმოაჩინეს სტაფილოს და ძირთეთრას თესლები, რომლებიც სავარაუდოდ წამოვიდა თეთრი სტაფილოსა და მწარე კომბოსტოსგან.

ვიკინგები ხელოვნებასა და მასობრივ კულტურაში რედაქტირება

გერმანელი კომპოზიტორის, რიხარდ ვაგნერის ისეთი ოპერის, როგორიცაა „ნიბელუნგის ბეჭედი“ (Der Ring Des Nibelungen) ლიდერობით, ვიკინგები გახდა უამრავი გენიალური ქმნილების ინსპირაცია. მათში შედის ნოველები, რომლებიც ეფუძნება ისტორიულ ფაქტებს, მაგალითად, ფრანც გუნარ ბენგტსონის „გრძელი გემები“ (The Long Ships) (მასზე გადაიღეს 1963 წლის ფილმიც), ისტორიული ფენტეზი, როგორიცაა ფილმი „ვიკინგები“, მაიკლ კრაიტონის „სიკვდილის მხვრელები“ (Eaters of the Dead) და კომედიური ფილმი „ვიკინგი ერიკი“ (Erik the Viking). ვამპირი ერიკ ნორსმანი HBO-ს სერიალ „True Blood-ში“ ვიკინგი იყო სანამ ვამპირად გადაიქცეოდა. ვიკინგები ჩნდება ასევე დანიელ-ამერიკელი მწერალის პოლ ანდერსონის რამდენიმე წიგნში ხოლო ბრიტანელმა მკვლევარმა, ისტორიკოსმა და მწერალმა ტიმ სევერინმა გამოსცა ნოველების ტრილოგია 2005 წელს ახალგაზრდა თავგადასავლების მოყვარული ვიკინგის შესახებ, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს.

1962 წელს, ამერიკული კომიქსების მწერალი სტენ ლი და მისი ძმა, ჯექ კირბისთან ერთად, ქმნიან მერველის კომიქსის ერთ-ერთ სუპერგმირ თორს, რომელიც ეფუძნება ნორვეგიულ ღმერთს, ამავე სახელწოდებით. ეს პერსონაჟი შემდეგ 2011 წელს მარველის სტუდიის მიერ გადაღებულ ფილმ „თორში“ ჩნდება კვლავ, 2012 წელს კი „შურისმაძიებლებში“. 1960-იანი წლებიდან, ჩნდება ერთგვარი ტრენდი ენთუზიაზმით ისტორიის აღდგენასთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე ისტორიული თვალსაზრისით საკვანძო საკითხებში ბევრი უზუსტობა იყო, სერიოზულობა და ჭეშმარიტებასთან სიახლოვე დროთა განმავლობაში გაიზარდა. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ისეთი დიდი ჯგუფები არიან, როგორებიცაა - „The Vikings“ და „Regia Anglorum“, ამასთან ერთად ბევრი უფრო პატარა ჯგუფი არსებობს ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიაში. „Minnesota Vikings“ არის გუნდი, რომელიც მოღვაწეობს ამერიკული ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში, დასახელება ეფუძნება მინესოტაში მცხოვრები მრავალრიცხოვანი პოპულაციით წარმოდგენილ სკანდინავიელებს. ვიკინგური მითოლოგიის რეკონსტრუქცია მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს გვიანდელი მეოცე საუკუნის და ოცდამეერთე საუკუნის პირველ ხანებში არსებულ პოპკულტურაზე სხვადასხვა ქვეყანაში, ინსპირაციის წყარო ხდება კომიკსების, კომპიუტერული და სხვა თამაშების, მუსიკის, მათ შორის ვიკინგ მეტალის, რომელიც მძიმე მეტალის სუბკულტურად შეიძლება მივიჩნიოთ და სხვა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Viking (people), Encyclopædia Britannica.
  2. Roesdahl, pp. 9–22.