ვიკინგების ეპოქა ეწოდება სკანდინავიური საზოგადოების მიერ ევროპის ჩრდილოეთ ნაწილისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიების გამოკვლევის პერიოდს. ვიკინგების ეპოქა[1] ახალი წელთაღრიცხვით მერვე საუკუნის შუა რიცხვებიდან დაიწყო და მეთერთმეტე საუკუნის შუა ხანებამდე გაგრძელდა, ეს ეპოქა წინ უსწრებდა გერმანულ რკინის საუკუნეს, რომელიც ა.წ 400-800 წლამდე გრძელდებოდა.

ეს სტატია არის
სკანდინავიის სერიების ნაწილი
გეოგრაფია
ვიკინგთა ერა
პოლიტიკა
ისტორია
სხვადასხვა

სკანდინავიური ქვეყნების ტერიტორიების მაშინდელ მოსახლეობას, ნორმანებს, ანუ ვიკინგებს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ძლიერი გავლენა ჰქონდათ დიდ ტერიტორიებზე, ამის გამომწვევი მიზეზები იყო მათი  გრძელვადიანი საზღვაოსნო ექსპედიციები, დაპყრობები[2] და მეკობრეობა გარემომცველ ტერიტორიებზე. მიგრაციების მეშვეობით სკანდინავიელებისთვის შესაძლებელი გახდა მიეღწიათ და დასახლებულიყვნენ ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც დღეს ისეთი ქვეყნების შემადგენლობაშია, როგორებიც არიან დანია, შვედეთი, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, უკრაინა და სხვა.

ვიკინგების ეპოქა ევროპული შუა საუკუნეების სამი პერიოდიდან ერთ-ერთია. შუა საუკუნეები სამ ნაწილად იყოფა, პირველი ნაწილი გერმანული რკინის საუკუნეა, რომლის განმავლობაშიც ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში საზოგადოება ჩამოყალიბდა და განვითარდა, ევროპული შუა საუკუნეების მეორე პერიოდში მოქცეულია ვიკინგების ეპოქა, რომლის პერიოდშიც სკანდინავიის მოსახლეობის გავლენა ძალიან გაფართოვდა და ბევრი ქვეყნის ისტორიაზე იქონია გავლენა. ვიკინგების ეპოქას მოსდევს გვიანი შუა საუკუნეები, ეპოქა, რომლის პერიოდშიც ევროპაში მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგი აღორძინდა. 

წინაპირობა

რედაქტირება
 
ვიკინგთა საზღვაო ექსპედიციები მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში.

ვიკინგების ეპოქის განმავლობაში სკანდინავიურმა საზოგადოებამ ევროპელებისათვის ბევრ უცნობ ტერიტორიაზე[3] დაიდო ბინა, ვიკინგები დასახლდნენ ისეთ ადგილებში, როგორებიცაა დღევანდელი ისლანდია, ინგლისის აღმოსავლეთ ნაწილი, ცენტრალური რუსეთი, გრენლანდია და სხვა. ამ ეპოქის რამდენიმე საუკუნის განმავლობაში გაჩნდა ძალიან ბევრი შესაძლებლობა ახალი აღმოჩენებისა და ვაჭრობისთვის, ამ შესაძლებლობებს კი ნორმანები ხელიდან არასდროს უშვებდნენ.

ვიკინგთა აქტიური ექსპედიციები მათი ცხოვრების კულტითვე იყო განპირობებული, მათ დროთა განმავლობაში გაითავისეს ერთი რამ, რომ სიმდიდრის მოხვეჭა ძალიან მარტივი იქნებოდა, თუ ისინი ევროპის მშვიდობიან მოსახლეობას დაატერორებდნენ. მერვე საუკუნის შუა ხანებიდან დაწყებულმა მოგზაურობამ ნორმანების ცხოვრების წესად აქცია ქონების ძიება, რაც მათთვის პირდაპირ კავშირში იყო ძალაუფლების ზრდასთან და დიდებასთან.

ტერიტორიების დაპყრობა ვიკინგებისთვის არ ყოფილა უბრალოდ გავლენის არეალის გაფართოება, ყოველ ახალ მიწაზე ვიკინგ მეომრებს სარგებელის ახალი შესაძლებლობა ხვდებოდათ. ევროპულმა მოსახლეობამ, რომელსაც მრავალჯერ, ყოველივე გაფრთხილების გარეშე დაესხნენ თავს, გაითავისა, რომ ჩრდილოელი მეზობლობა მას კარგს არაფერს მოუტანდა, შედეგად ევროპულ საზოგადოებაში მალევე გავრცელდა ხმა სკანდინავიელთა სისასტიკის შესახებ.

ვიკინგ მეომრების სწრაფ გადაადგილებას და ეფექტურ თავდასხმებს ხელს უწყობდა მათ მიერვე აშენებული გემები, ლონგშიფები, რომლებიც დროთა განმავლობაში სკანდინავიური მითოლოგიის ნაწილად იქცნენ.

რელიგია ვიკინგების ეპოქაში

რედაქტირება

კერპთაყვანისმცემლობა

რედაქტირება
 
ოდინი, მთავარი ღვთაება სკანდინავიელთა რწმენაში.

ვიკინგების ეპოქაში გარკვეულ როლს თამაშობდა რელიგია, სკანდინავიურ მოსახლეობაში გავრცელებული იყო კერპთაყვანისმცემლობა და ძველი სკანდინავიური ღმერთები საკმაოდ დიდი პანთეონით იყო წარმოდგენილი. ღმერთების პანთეონში შედიოდა[1] რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა, მაგალითად ოდინი, რომელიც მთავარ ღვთაებადაა მიჩნეული გერმანულ მითოლოგიასა და სკანდინავიურ ღმერთთა პანთეონში. დროთა განმავლობაში სკანდინავიელთათვის ოდინის გავლენას გაუტოლდა მისი შვილის, თორის მნიშვნელობა, რომელიც მიჩნეული იყო ჭექაქუხილის ღმერთად და მოგზაურ ვიკინგთა ხელის წამმართველად. ვიკინგებში გავრცელებული იყო წარმოდგენა უზარმაზარი სანადიმო დარბაზის ვალჰალას შესახებ, ვალჰალაში ოდინის მიერ გამართულ ნადიმს მხოლოდ ის ვიკინგი მეომრები დაეწვეოდნენ, რომლებიც ბრძოლებში გმირულად დაეცემოდნენ. ვალჰალას იმქვეყნიური ყოფა ვიკინგი მეომრებისათვის კიდევ ერთი სტიმული იყო იმისათვის, რომ მათ კარგად ებრძოლათ.

ქრისტიანობა

რედაქტირება

ქრისტიანობის გავრცელება ვიკინგებში ძალიან გახანგრძლივდა, მაგრამ ვიკინგების ეპოქის დადგომისთანავე დაიწყო, სკანდინავიელთა კავშირი ევროპულ ქვეყნებთან ნელ-ნელა ნორმანების გაქრისტიანებით დასრულდა. სკანდინავიის სხვადასხვა ქვეყანაში ქრისტიანობამ სხვადასხვა დროს მიაღწია.

 
ვიკინგი ქრისტიანების მიერ აშენებული ეკლესია ნორვეგიაში.

დეტალები ქრისტიანობის გამავრცელებელ მისიონერებთან და მათ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალიან მწირია და ამის გამო თითქმის შეუძლებელია სკანდინავიის გაქრისტიანების საერთო სურათის აღდგენა, შემორჩენილია მწირე დოკუმენტაცია, მათ შორის ერთ-ერთი ნაშრომი დაკავშირებულია ქრისტიანთა წმინდან ანსგართან,[4] რომელიც 801 წელს დაიბადა, 865 წელს გარდაიცვალა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში ქრისტიანულ ეკლესიას ემსახურა. ანსგარი ჩრდილოეთ ევროპაში ქრისტიანობის გამავრცელებლად ითვლება, მისი მისიონერული მოღვაწეობის შემდეგ, სკანდინავიის გასაქრისტიანებლად ნაბიჯები ქრისტიანულმა მხარემ მოგვიანებითაც გადადგა, რაც უფრო შედეგიანი აღმოჩნდა.

ეკლესიები სკანდინავიურ მიწებზე პირველად მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა და ვიკინგების ეპოქის მიწურულს, მეთერთმეტე საუკუნის ბოლოს უკვე ბევრგან იყო აღმოცენებული საეკლესიო კერა. ნაგებობები მათ სულიერ დანიშნულებასთან ერთად ბაზას წარმოადგენდნენ, სადაც მისიონერთათვის ცხოვრება და მოღვაწეობა იქნებოდა შესაძლებელი. 

ვიკინგების ეპოქა მსოფლიოში

რედაქტირება

გრენლანდია

რედაქტირება

არქეოლოგიური გათხრების შედეგად[1] აღმოჩენილი არტეფაქტებით დადგინდა მჭიდრო კავშირი სკანდინავიის ტერიტორიებსა და გრენლანდიას შორის. იმის მიუხედავად, რომ აღმოჩენილი მასალა არც ისე დიდია მაინც არ გვაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანოთ ამ კავშირში.

ინგლისი ვიკინგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივად ხელმისაწვდომი ტერიტორია იყო და მერვე საუკუნის ბოლოდან ვიკინგური ეპოქის დასასრულამდე ინგლისის[1] ტერიტორიების დაპყრობა არაერთხელ მოახერხეს. ვიკინგების მხრიდან ინგლისის მოსახლეობის დატერორებას საკმაოდ ხშირად მოჰყოლია მცირე სამთავროების შექმნა.

შოტლანდია

რედაქტირება
 
ვიკინგი მეზღვაურების მოგზაურობის ამსახველი მარშრუტი, ნორვეგია-ისლანდია-გრენლანდია.

შოტლანდიასთან მდებარე კუნძულები ერთ-ერთი იყო იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც სკანდინავიურ[1] მიწებთან ყველაზე ახლოს მდებარეობდა, ვიკინგები ყველაზე მეტად სწორად ამ ადგილებში აქტიურობდნენ და მათი თარეში შოტლანდიის მიწებზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის უმძიმესი გადასატანი იყო. ყველაზე ძლიერი დარტყმა სკანდინავიელებმა სწორედ ბრიტანეთის ამ ნაწილზე მიიტანეს და შესაბამისად ეს ტერიტორიები მათთვის სხვა ტერიტორიებთან შედარებით ბევრად მალე გახდა ათვისებადი.

ისლანდია

რედაქტირება

ისლანდიური „გადასახლებების წიგნის“ მიხედვით, რომელიც მეთორმეტე[5] საუკუნეშია დაწერილი, ერთ-ერთმა ვიკინგმა ნადოდმა საკუთარი გემით გეზი ფარერის კუნძულებისკენ აიღო, მაგრამ კურსის არევის შედეგადაც ახალ, ამოუცნობ მიწას მიადგა, რომელიც დაუსახლებელი აღმოჩნდა. წიგნის მიხედვით კუნძულზე აღმოჩენის დღიდან 40 000-მდე სკანდინავიელი დასახლდა და ისლანდია თავისუფლად შეგვიძლია ჩავთვალოთ ერთადერთ ისეთ ტერიტორიად, რომელიც სკანდინავიელებმა უბრძოლველად ჩაიბარეს. ისლანდიელებს დასახლების დღიდან ოთხი საუკუნის განმავლობაში არ აურჩევიათ მთავარი ფიგურა, რომელიც ქვეყნის მართვის სადავეებს ჩაიბარებდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Forte, Angelo; Oram, Richard; Pedersen, Frederik (2005) Viking Empires. Cambridge University Press. ISBN 0-521-82992-5. 
  • Hall, Richard (2010). Viking Age archaeology. Shire Publications. ISBN 0-7478-0063-4. 
  • (2001) Zwischen Reric und Bornhöved: Die Beziehungen zwischen den Dänen und ihren slawischen Nachbarn vom 9. Bis ins 13. International Conference, Leipzig, 4–6 December 1997, Franz Steiner Verlag. ISBN 3-515-07671-9. 
  • Jones, Gwyn (1968). A History of the Vikings. Oxford University Press. OCLC 581030305. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Syrett, M. (2001). Scandinavian history of the Viking age: A select bibliography. Cambridge: University of Cambridge. Department of Anglo-Saxon, Norse and Celtic.
  2. Barrett, J. (2008). What caused the Viking Age? Antiquity, 82(317), 671-685. doi:10.1017/s0003598x00097301
  3. Winroth, A. (n.d.). The age of the Vikings.
  4. R., & Robinson, C. H. (1921). Anskar, the apostle of the North. (Croydon).
  5. Short, W. R. (2010). Icelanders in the Viking age: The people of the sagas. Jefferson, NC: McFarland &.