ანსგარი (შვედ. Ansgar, ასევე ანსკარი, ანსკარიუსი, ანსგარიუსი) (დ. 801 — გ. 3 თებერვალი, 865, ბრემენი) — წმინდანი როგორც რომაულ-კათოლიკური (ხსენების დღე 3 თებერვალი) ასევე მართლმადიდებლური ეკლესიისა (ხსენების დღე 16 თებერვალი. ბერლინისა და გერმანიის ეპარქიების ადგილობრივად პატივდებული წმინდანი) — პირველი ეპისკოპოსი ჰამბურგისა, ეპისკოპოსი ბრემენისა, ჩრდილოეთის მოციქულად წოდებული ჩრდილოეთ გერმანიაში, დანიასა და შვედეთში ქრისტიანობის გავრცელების გამო.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა პიკარდიაში 801 წლის 8 ოქტომბერს, განათლება ამენთან ახლოს კორბის სააბატოში მიიღო, 14 წლისა ბერად აღიკვეცა; 823 წელს ახლადდაფუძნებულ მონასტერ კორვეიში გადაიყვანეს, ვესტფალიაში.

როდესაც 826 წელს იუტლანდიის მეფე ჰარალდ კლაკი და მისი სახლეული ინგელჰაიმში ქრისტიანულად მოინათლნენ, იმპერატორმა ლუდოვიკ ღვთისმოშიშმა ანსგარს კარზე დარჩენა უბრძანა. ის და მისი მეგობარი ანტბერტი შეუძღვნენ ჰარალდს იუტლანდიაში და ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელება დაიწყეს, მაგრამ 827 წელს იძულებულნი გახდნენ, ხელი აეღოთ ამ საქმიანობაზე და დროულად გასცლოდნენ ამ ტერიტორიას, რადგან ჰარალდ კლაკი იუტლანდიიდან ჰორიკ I-მა განდევნა.

 
წმინდა ანსგარის ჯვარი ბირკში; შვედეთი

ანსგარმა 829 წლიდან მცირე დროით შვედეთში დაჰყო, მაგრამ უკვე 831 წლისთვის ჰამბურგის პირველ ეპისკოპოსად დაინიშნა, რომლის ტერიტორიაც იმხანად გერმანიის ჩრდილოეთს სრულიად მოიცავდა. როდესაც 845 წელს დანიელმა მეკობრე ვიკინგებმა ჰამბურგზე თავდასხმა მოაწყვეს და ქალაქი ააოხრეს, ანსგარმა გაქცევით უშველა თავს. 847 წელს ბრემენის ეპისკოპოსად დაინიშნა, საიდანაც დანიასა და შვედეთში წარმატებით ავრცელებდა ქრისტიანობას. ანსგარმა 850 წელს ჰედებიოში ეკლესია ააშენა, 20 წლით ადრე კი სკოლა დააარსა. 861 წელს შვედეთში მისიონერად წავიდა, ერთი წლის თავზე კი მეფე იუიტლანდიის მეფე ჰორიკ II დაარწმუნა, გაქრისტიანებულიყო.

მეფემ რიბეში ააგებინა ეკლესია, ანსგარმა კი იქ თავისი საუკეთესო მიოწაფე რიმბერტი დანიშნა წინამძღვრად.

ანსგარი 865 წლის 3 თებერვალს ბრემენში გარდაიცვალა. ამჟამად იქ მისი სახელობის ეკლესია მდებარეობს. კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ლიტერატურა

რედაქტირება